ღმერთი

ღმერთი

понедельник, 23 октября 2017 г.

დიდზე დიდი ცოდვა – სიამაყე, “სულის კიბო” -კლაივ ლუისი

არსებობს მანკიერება, რომელიც ერთნაირად ყველა ადამიანს სჭირს, თუმცა ყველას სძულს ის სხვა ადამიანში და ძნელად თუ ამჩნევს ვინმე (ქრისტიანის გარდა) მას საკუთარ თავში. ხშირად მსმენია როგორ აღიარებენ ადამიანები, რომ ცუდი ხასიათი აქვთ, მშიშრები არიან და სხვ., მაგრამ არ მახსენდება არაქრისტიანს ამ მანკიერებაში დაედანაშაულებინოს თავი. სამაგიეროდ იშვიათად შემხვედრიან ურწმუნოები, რომლებიც დადებითად იყვნენ განწყობილი ამ მანკიერების მიმართ სხვებში. არ არსებობს მანკი, რომელიც ასე გვზარავდეს სხვებში და ასე ვერ ვამჩნევდეთ საკუთარ თავში და რაც უფრო დიდი დოზით გვაქვს ის თავად, მით უფრო ვერ ვიტანთ მის გამოვლინებას გარშემომყოფებში.

როდესაც უბიწოებაზე ვსაუბრობდით, მე გაგაფრთხილეთ, რომ ქრისტიანულ ზნეობაში ის უმთავრესი არ იყო. ახლა სწორედ ამ უმთავრესს მივადექით. მე სიამაყეზე ანუ თვითკმაყოფილებაზე ვლაპარაკობ, მის საპირისპირო თვისებას ქრისტიანები თავმდაბლობას უწოდებენ. ქრისტიანული მოძღვრების მიხედვით სიამაყე ყველაზე საშინელი მანკიერებაა, თავაშვებულობა, მემთვრალეობა და სიხარბე მასთან შედარებით წვრილმანებია. სწორედ სიამაყის გამო იქცა ეშმაკი იმად, რაც არის. გულზვიადობას მივყავართ ყველა სხვა მანკიერებისაკენ. ეს სულის იმგვარი მდგომარეობაა, რომელიც სრულიად მიუღებელია ღვთისთვის.

შესაძლოა გეგონოთ, რომ ვაზვიადებ, მაგრამ მოდით, ერთად დავფიქრდეთ. რამდენიმე წამის წინ ვთქვი: რაც უფრო ამპარტავანია ადამიანი მით უფრო სძულს ეს თვისება სხვებში. თუ საკუთარი გულზვიადობის გაზომვა გსურთ, საკუთარ თავს დაუსვით კითხვა : რამდენად მაღიზიანებს, როცა მამცირებენ, არ მამჩნევენ, ჩემს საქმეში ერევიან, დიდკაცურად მეპყრობიან, ან ჩემი თანდასწრებით ტრაბახობენ? საქმე ის გახლავთ, რომ ერთი ადამიანის სიამაყე მეორე ადამიანისას კრიჭაში უდგას და სწორედ ამიტომ, მინდა რომ წვეულებაზე ყველაზე შესამჩნევად გამოვიყურებოდე და ვბრაზობ, როცა ყურადღებას სხვა იქცევს.

სიამაყეს თან ახლავს მეტოქეობის სურვილი. იგი მხოლოდ მაშინ წყნარდება, როცა მეტი აქვს, ვიდრე მეზობელს. ჩვენ ვამბობთ, რომ ადამიანები ამაყობენ სილამაზით, სიმდიდრით, ჭკუა–გონებით, თუმცა ეს მთლად ასე არ არის, ისინი იმით ამაყობენ, რომ სხვებზე ლამაზები, მდიდრები და ჭკვიანები არიან. ყველა რომ ერთნაირად ლამაზი ან მდიდარი ყოფილიყო საამაყო არაფერი იქნებოდა, სწორედ შედარებაა ის, რაც სიამაყეს აღძრავს ჩვენში. სასიამოვნოა იმის ცოდნა, რომ სხვებზე უკეთესი ხარ. იქ ,სადაც ვერავის გაეჯიბრები არც სიამაყე არსებობს. მეტოქეობის სურვილი სიამაყეს ორგანულად ახასიათებს, მაშინ როცა სხვა მანკიერებაზე ამას ვერ იტყვი. სქესობრივმა ლტოლვამ შეიძლება ორ მამაკაცს შორის მეტოქეობა წარმოშვას, თუ მათ ერთი და იგივე ქალი მოსწონთ, მაგრამ ეს შემთხევითობაა, ხომ შეიძლება სხვადასხა ქალი მოსწონებოდათ; მაშინ როცა ამაყი მამაკაცი იმიტომ კი არ გართმევთ სატრფოს, რომ შეყვარებულია, არამედ იმის გამო, რომ თავისი უპირატესობა დაგიმტკიცოთ. სიხარბემაც შეიძლება გვიბიძგოს მეტოქეობისკენ თუკი რაღაც გვაკლია, მაგრამ ამაყი კაცი, თუნდაც თავზე საყრელი ჰქონდეს ყველაფერი, მხოლოდ იმიტომ შეეცდება მეტის შეძენას, რომ ძალაუფლება განიმტკიცოს. თითქმის ყველა ბოროტება, რომელსაც ადამიანები სიხარბესა და ეგოიზმს მიაწერენ სიამაყის ნაყოფია.

ავიღოთ თუნდაც ფული, ადამიანები სულ უფრო მეტის გამომუშავებას იმიტომ კი არ ცდილობენ, რომ კარგი მანქანა ან აგარაკი იყიდონ, არამედ იმიტომ რომ თავის ძალაუფლებას გაუსვან ხაზი, რომ სხვაზე მეტად იგრძნონ თავი. აი, თუნდაც რატომ თესავს ლამაზი ქალიშვილი უბედურებას ახალ – ახალი თაყვანისმცემლების მიზიდვით? არა იმიტომ რომ ავხორცია, რადგან ასეთები, როგრც წესი, ცივები არიან, არამედ მას ამისკენ სიამაყე უბიძგებს. სიამაყე მეტოქეობის სურვილით არის გაჯერებული და სულ უფრო მეტის მიღწევას ვცდილობთ. მეც ეს მანკიერება მჭირს და სანამ ვინმეს ჩემზე მეტი ჭკუა, სიმდიდრე და ძალაუფლება ექნება ჩემს მტრად დავსახავ.
ქრისტიანობა მართალია, როდესაც ამბობს, რომ სწორედ სიამაყე იწვევდა უბედურებებს ხალხებისა და ოჯახების ცხოვრებაში. სხვა შემთხევაში მანკიერებებმა შესაძლოა ადამიანები გააერთიანონ კიდეც, მაგ; ისინი, ვინც სვამს ან უბიწოებასთან მწყრალად არის ადვილად პოულობენ მეგობრებს. სიამაყე კი მტრობას წარმოშობს, რადგან ის თვითონ არის მტრობა, არამარტო ადამიანებს , არამედ ადამიანებს და ღმერთს შორისაც.
ღმერთი ყველა თვალსაზრისით ჩვენზე მაღლა დგას, სანამ ამას არ გავაცნობიერებთ, ვერც მას შეიცნობთ. ანუ ვერ გაიცნობთ ღმერთს, თუ სიამაყეს არ უკუაგდებთ. ამაყი ადამიანი ყველას ზემოდან უყურებს და როგორ შენიშნავს მას, ვინც მასზე მაღლა დგას?!
აქ ერთი საშინელი კითხვა ჩნდება, როგორ ხდება, რომ ამაყი ადამიანები თავს ღვთისმოსავებად მიიჩნევენ? ვფიქრობ ისინი წარმოსახვით ღმერთს ეთაყვანებიან და თეორიულად აღიარებენ, რომ თვითონ არარაობანი არიან ამ ღმერთის წინაშე, თუმცა გამუდმებით ელანდებათ, რომ ღმერთი მათ საქციელს უწონებს და სხვებზე კარგ ადამიანად მიიჩნევს. ისინი თავის “ღმერთს” მოჩვენებითი თავმდაბლობთ პასუხობენ, ადამიანებს კი ქედმაღლურად უყურებნ. ალბათ, მათზეც ამბობდა იესო, რომ მისი სახელით მოიმოქმდებდნენ სასწაულებს და იქადაგებდნენ, მაგრამ აღსასრულის ჟამს გაიგებდნენ, რომ უფალი არ იცნობს მათ. ამ მახეში ნებისმიერი ჩვენგანი შეიძლება გაებას. საბედნიეროდ არსებობს საკუთარი თავის შემოწმების საშუალება, როდესაც მოგვეჩვენება რომ სხვაზე უკეთესები ვართ, უნდა ვიცოდეთ, რომ ეს ეშმაკისგან მოდის და არა ღმერთისგან. დარწმუნებული იყავით, რომ ღმერთი თქვენთან მაშინ არის, როცა თითქმის არ გახსოვთ საკუთარი თავი ან უმნიშვნელოდ გეჩვენებათ.

რაოდენ საშინელია, რომ ყველაზე მახინჯ მანკიერებას თქვენი სულიერი ცხოვრებს შუაგულში შეჭრის უნარი შესწვს. სხვა ნაკლებ საშიში მანკიერებანი , იმ ეშმაკისგან მოდიან ჩვენს ცხოველურ ბუნებაზე რომ ზემოქმედებს, ეს კი ჯოჯოხეთური გზებით გვიახლოვდება. ის სულიერი ხასიათის მოვლენაა და სწორედ ამიტომ მოქმედებს გონივრულად და მომაკვდინებლად. ამ მიზეზის გამოა, რომ სიამაყეს შეუძლია სხვა მანკიერებები გამოასწოროს, მაგ. იმოქმედო ბავშვის პატივმოყვარეობაზე, რათა უკეთ ისწავლოს, ბევრი ადამიანი უარს ამბობს ცუდ ჩვევებზე, რადგან ეს მის ღირსებას არ შეჰფერის, ისინი საკუთარ თავში სიამაყის გაღვიძებით იმარჯვებენ, ეშმაკი კი ამ დროს სიცილით კვდება… მას ძალიანაც აწყობს, რომ მამაცი და მტკიცე გახდეთ, ოღონდ სიამაყის დიქტატურის ქვეშ. სწორედ ასევე მას არაფერი საწინააღმდეგო არ ექნებოდა თუ ციებ–ცხელებისგან განიკურნებოდით, კიბოთი კი დაგაავადებდათ. სიამაყე ხომ სულის კიბოა, ის ნთქავს სიყვარულს, სიხარულს და თვით ჯანსაღი აზროვნების უნარსაც კი.

სანამ საუბარს დავასრულებდე, მინდა რამდენიმე რჩევა მოგცეთ მსგავსი შეცდომების თავიდან ასარიდებლად :

1. თუ სიამოვნებას განიცდით , როდესაც გაქებენ, ეს არ ნიშნავს რომ ამაყი ხართ. ბავშვი , რომელიც კარგი სწავლისთვის შეაქეს; ქალი, რომლის სილამაზითაც აღფრთოვანებულია შეყვარებული, ერთგული მსახური, რომელსაც უფალი ეუბნება – ” კარგი, კეთილო მონავ!”, გახარებული არიან და ეს სავსებით კანონზომიერია. ისინი არ არიან თვითკმაყოფილნი, არამედ სიამოვნებთ, რომ სხვისი გახარება შეძლეს.
პრობლემა იქ იწყება, როდესაც საკუთარი თავის დაჯერებას ვიწყებთ, რომ ძალიან კარგები ვართ და რაც მეტად გვაქებენ ,მით ნაკლებად გვსიამოვნებს, არამედ საკუთარი თავით ვტკბებით. ამ სიტუაციაში უნდა ჩავთვალოთ, რომ ფსკერზე დავშვით, რადგან , როგორც წესი, ის სიამაყე (მსუბუქი პატივმოყვარეობა) რაც ზედაპირზე ტივტივებს ნაკლებ საშიშია ხოლმე. პატივმოყავრე ადამიანს სწყურია ქება, აბლოდისმეტები, კომპლიმენტები. ეს ნაკლია, მაგრამ ის იმაზე მიუთითებს, რომ ჯერ კიდევ არ დაგიწყიათ საკუთარი თავის გაღმერთება და ცდილობთ მოაწონოთ თავი გარშემომყოფებს, რაც იმას ნიშნავს რომ მათ აღიქვამთ და მათი აზრი ჯერ კიდევ გაინტერესებთ. შავი, დემონური სიამაყე მხოლოდ მაშინ გვიპყრობს, როცა გარშემომყოფბს ვეღარ აღვიქვამთ, უბრალოდ ისინი ჩვენთვის “ბრბოს” ნაწილნი ხდებიან, რომელთა აზრიც არ გავინტერესებს და მიგვაჩნია, რომ ჩვენი განსაკუთრებულობის , ნიჭის და მოხერხებულობის გამო ვფლობთ ყველაფერს რაც გვაქვს. აქ შეიძლება სიამაყე პატივმოყვარეობას დაუპირისპირდეს კიდეც. როგორც ზემოთ ვთქვი, ეშმაკს უყვარს წვრილ– წვრილი უარყოფითი თვისებებისგან განკურნება, მათი მსხვილი მანკიერებით შეცვლის მიზნით. ასე რომ პატივმოყვარეობისგან განსათავისუფლებლად სიამაყეს არ უნდა მოვუხმოთ.
2. გაგვიგია, რომ ადამიანები ამბობენ : “ვამაყობ შვილით, მამით, ოჯახით…”, აქ საგულისხმოა რა არის ჩვენთვის სიტყვა “სიამაყე”, თუ ის აღფრთოვანებას და სიყვარულს გამოხატავს, მაშინ ის ცოდვა არ არის, მაგრამ თუ ადამიანი თავს განსაკუთრებულ პერსონად მიიჩნევს რომელიმე ოჯახის თუ გვარის კუთვნილების გამო ეს უკვე პრობლემაა. საკუთარი თავის გაფეშიტებას სჯობს ვინმე გვიყვარდეს, თუმცა აქაც ზომიერებაა საჭირო, რადგან შეუძლებელია სრული განკურნება თუ ღმერთზე მეტად გვიყვარს ვინმე, ან რამე.

3. არ უნდა ვიფიქროთ, რომ ღმერთი სიამაყეს იმიტომ გვიკრძალავს, რომ თავს შეურაცხყოფილად გრძნობს, ან ჩვენგან თავმდაბლობას იმიტომ მოითხოვს, რომ თავის სიდიადეს გაუსვას ხაზი, თითქოს თავად იყოს სიამაყით დაავადებული. ღმერთს საკუთარი ღირსება ნაკლებად აღელვებს, უბრალოდ სურს რომ შევიცნოთ იგი. მას უნდა, რომ საკუთარი თავი გვიბოძოს და თუ ჩვენ მას მართლაც მივუახლოვდებით გავთავისუფლდებით საკუთარ ღისებებზე შეთხზული მითებისგან , რომელიც სიხარულის უნარს გვართმევდა. ის მორჩილებისკნ იმიტომ მოგვიწოდებს, რომ სურს ცხოვრება გაგვიადვილოს, შემოგვაძარცვოს მახინჯი ტანსაცმელი, რომლითაც ვიკაზმებით და ვიბღინძებით. მეც მინდა, რომ მორჩილი და თავმდაბალი ვიყო და ამისთვის რომ მიმეღწია უფრო მეტს გიამბობდით, იმ სილაღეზე, რომელსაც მოგვანიჭებდა ამ სამასკარადო კოსტიუმის გახდა, თავისი ყალბი “მე – თი” და პრეტენზიებით.

4. არ იფიქროთ, რომ ნამდვილი მორჩილება სიგლახაკესა და სიბეჩავეს ნიშნავს. ნამდვილად მორჩილი ადამიანი მხიარული და ლაღია, გონიერი და აინტერესებს, რასაც ეუბნებით. თუ ის არ მოგეწონებათ, მხოლოდ იმიტომ რომ შური გაგკენწლავთ. რანაირად ახერხებს ასე მსუბუქად და მხიარულად აღიქვას ცხოვრება? ის საერთოდ არ ფიქრობს თავის მორჩილებაზე… ის საერთოდ არ ფიქრობს საკუთარ თავზე…
ვისაც სურს იყოს მორჩილი, შემიძლია, რომ პირველი ნაბიჯი ვუკარნახო : შეიგნეთ, რომ ამაყი ხართ! ამ ნაბიჯის გარეშე ვერაფერს გააწყობთ და თუ ფიქრობთ, რომ ამაყი არ ხართ, მაშინ დანამდვილებით ამაყი ყოფილხართ…


კლაივ ლუისი



Комментариев нет:

Отправить комментарий