ღმერთი

ღმერთი

вторник, 24 октября 2017 г.

ქალმა, რომელსაც უთხრეს, რომ ვერასოდეს გაივლიდა ფეხზე, ვერ გააჩენდა შვილს და ვერ დახატავდა, შეუძლებელი შეძლო...


პაკისტანელი ქალი, მუნიბა მაზარის ცხოვრება ძალიან მძიმე იყო. როგორც მის ქვეყანაში მცხოვრები ქალების უმეტესობა, კონსერვატიულ ოჯახში ცხოვრობდა, სადაც კარგი შვილი მშობლებს არასოდეს ეუბნება სიტყვას "არა". როდესაც მუნიბა 18 წლის გახდა, მამამ მისი გათხოვება მოისურვა. გოგონამ კი უპასუხა, რომ თუ ეს მამას გააბედნიერებდა, თანახმა იყო, დაქორწინებულიყო.

წყვილის თანაცხოვრება ბედნიერი არ აღმოჩნდა. ერთ დღესაც, მგზავრობისას, ქმარს საჭესთან ჩაეძინა და მანქანა თხრილში გადავარდა. მუნიბამ სხეულის მრავლობითი დაზიანება მიიღო, მოტეხილი ჰქონდა იდაყვის ძვალი, ლავიწი, მაჯა... ყველაზე მნიშვნელოვანი დაზიანება კი ხერხემალზე ჰქონდა. მუნიბას ქმარი უვნებლად გადარჩა.

"საავადმყოფოში 3 თვე გავატარე, სასოწარკვეთის ზღვარზე ვიყავი... ერთ დღესაც ჩემთან ექიმი მოვიდა და მითხრა: "გავიგე, გინდოდა, ხელოვანი გამოსულიყავი, შენ კი დიასახლისი დადექი. ცუდი ამბავი მაქვს შენთვის - ვეღარასოდეს დახატავ."

მეორე დღეს ექიმი კვლავ მოვიდა ჩემთან და მითხრა, რომ ხერხემალი ისე იყო დაზიანებული, სიარულს ვეღარ შევძლებდი. ღრმად ჩავისუნთქე და გავიფიქრე, "არაუშავს", - ყვება მაზარი. მოგვიანებით შეიტყო, რომ ხერხემლის დაზიანების გამო დედა ვეღარ გახდებოდა.

"ძალიან მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში აღმოვჩნდი, მიჭირდა თეთრი კედლების და ხალათების ყურება მუდმივად, მოვითხოვე, მოეტანათ საღებავები და ტილოები, დახატვა მომინდა. პირველი ნახატები საავადმყოფოში შევქმენი, ეს არაჩვეულებრივი თერაპია იყო. ნახატებით ჩემს ამბავს ვყვებოდი," - ამბობს მუნიბა.



მან გადაწყვიტა, საკუთარი თავისთვის ეცხოვრა და ყველა შიში დაეთრგუნა, რაც აწუხებდა.

"ყველაზე მეტად ქმართან დაშორების მეშინოდა. მივხვდი, რომ ეს მხოლოდ შიში იყო და სხვა არაფერი. გავთავისუფლდი, ემოციურად გავძლიერდი. როდესაც შევიტყე, რომ ის სხვა ქალზე ქორწინდებოდა, მივწერე, რომ ძალიან მიხაროდა მისი ბედნიერება და ყველაფერ საუკეთესოს ვუსურვებდი.

მეორე, რისიც ყველაზე მეტად მეშინოდა, იყო ის, რომ კიდევ ერთხელ დედა ვეღარ გავხდებოდი. შემდეგ კი მივხვდი, რომ დედამიწაზე უამრავი ბავშვია, რომელსაც სჭირდება დედა, შევწყვიტე ტირილი და დავუკავშირდი ობოლთა თავშესაფრებს, სხვადასხვა ორგანიზაციას. 2 წლის შემდეგ დამირეკეს და მითხრეს, რომ ჩვილი ბიჭი ჰყავდათ გასაშვილებელი. როდესაც მის წამოსაყვანად მივედი, ბავშვი მხოლოდ 2 დღის იყო, ახლა კი 6 წლისაა.



იმისთვის, რომ ეტლით საზოგადოებაში თავის დამკვიდრება არ გამჭირვებოდა, ვეცადე, საჯაროდ ბევრჯერ გამოვჩენილიყავი. დავიწყე ხატვა, გავხდი ტელეწამყვანი, გაერო-ს კეთილი ნების ელჩი პაკისტანში, ახლა კი ქალებისა და ბავშვების უფლებების დასაცავად ვიბრძვი. 2015 წელს "ბიბისის" მიერ შედგენილ 100 ქალს შორის მოვხვდი.

ასე რომ, როდესაც საკუთარ თავს იღებთ ისეთს, როგორიც ხართ, შემდეგ სამყაროც გამჩნევთ და გიღებთ. ყველაფერი თქვენიდან იწყება.

ჩვენ წინასწარ ვგეგმავთ ყველაფერს, ვალაგებთ გეგმებს, როდესაც გეგმის მიხედვით ვერ მივდივართ, იმედგაცრუებულები ვრჩებით და ვნებდებით.

არასოდეს მინდოდა, ეტლზე ვყოფილიყავი მიჯაჭვული, როდესაც ცხოვრება გვაძლევს ლიმონს, უნდა გავაკეთოთ ლიმონათი. ნორმალურია, თუ გვეშინია, თუ ვტირით, მაგრამ დანებება არ არის გამოსავალი," - ამბობს მუნიბა მაზარი.


ambebi.ge

Комментариев нет:

Отправить комментарий