ღმერთი

ღმერთი

воскресенье, 29 октября 2017 г.

იჩქარეთ ღვთის მსახურება. ვიდრე თქვენ გგონიათ, იმაზე გვიანია.

   მამა სერაფიმე როუზის სახელი მართლმადიდე-ბელი სამყაროსთვის კარგად არის ცნობილი. მისი წიგნების ზეგავლენით ადამიანები მკვეთრად ცვლიან თავიანთ ცხოვრებას - პირველ ყოვლისა, ისინი ხედავენ სარწმუნოების მხურვალე სიყვარულს, რომლის გულისთვისაც მან უარყო ეს სოფელი და მრავალი მწუხარება დაითმინა. მამა სერაფიმე ცხოვრობდა, იღვწოდა და მოკვდა, რათა მისი თანამედროვენი ცოტათი მაინც განათლებულიყვნენ ჭეშმარიტი მართლმადიდებლობის ნათლით. ახლა მსოფლიოს მრავალ კუთხეში მისთვის აღუვლენენ ღმერთს სიყვარულით გამთბარ ლოცვებს; მას პატივს სცემენ ამერიკაში, ავსტრალიაში, დასავლეთ ევროპაში, რუსეთში...

მამა სერაფიმეს ცხოვრება თავისთავად უკვე საოცრებაა. მისი გარემო ასეთ ინტენსიურ სულიერ ცხოვრებას ვერაფრით განაპირობებდა - იუჯინ როუზი დაიბადა ჩვეულებრივ პროტესტანტულ ოჯახში, კალიფორნიის შტატის საკურორტო ქალაქ სან დიეგოში. დედა, ესთერ ჰოლბეკი, ნორვეგიელი იყო; მამა - ნახევრად ფრანგი და ნახევრად დანიელი ფრენკ როუზი ოჯახს ბეისბოლის მინდვრების მოვლით არჩენდა.

ბავშვობაში იუჯინი პროტესტანტულ სკოლაში ბიბლიის გაკვეთილებს ესწრებოდა, თორმეტი წლისა მეთოდისტურ ეკლესიაში მოინათლა. სკოლაში მათემატიკა და ბიოლოგია იტაცებდა. ჯერ კიდევ მაშინ ინტენსიურად არ იღებდა გარშემო მყოფი ახალგაზრდობის იდეალებს. იუჯინის თანატოლები მანქანებით დასეირნობდნენ, დისკოთეკებსა და წვეულებებზე დადიოდნენ, ის კი ცდილობდა, პასუხი ეპოვა კითხვებზე: რა არის ცხოვრების აზრი და რა ადგილი აქვს განკუთვნილი მას ამ ცხოვრებაში, ვინ არის, საიდან მოვიდა და სად წავა? იუჯინი თითქოს მიუსაფარი იყო თანატოლთა შორის. "არა ამის სოფლისაგანი", - ასე უწოდა ერთ-ერთმა ნაცნობმა ქალიშვილმა მამა სერაფიმეს ჯერ კიდევ ერისკაცობაში. ეს სახელი ზუსტად გადმოსცემს ამ საოცარი მოღვაწის ბუნებას.

1952 წელს როუზმა კალიფორნიის ერთ-ერთ უძველეს უნივერსიტეტში, პომონაში განაგრძო სწავლა. სიმპათიურ, მორცხვსა და მოკრძალებულ ჭაბუკს სულში საგანთა ბუნების შეცნობის დაუოკებელი წყურვილი კლავდა. არ აკმაყოფილებდა მშრალი, პრაქტიკული პროტესტანტიზმი. დაიწყო ხანგრძლივი, დაძაბული ძიების პერიოდი. იგი გაიტაცა ნიცშემ, რომელმაც შექმნა ახალი - "ზეკაცის", "ანტიქრისტეს" რელიგია.

მაგრამ მისი მეამბოხე სულისათვის ეს ცოტა გახლდათ. მოგვიანებით წერდა: "მინდოდა მეპოვა წარუვალი, ყოველდღიურ საზრუნავს მიღმა მდებარე სამყარო - იმ საზრუნავს მიღმა, სულს რომ არ ასვენებს და თავის შემდეგ მარტოოდენ ხრწნისა და ლპობის სუნს ტოვებს". დასავლური ფილოსოფია ჩიხი აღმოჩნდა და აღმოსავლეთს მიმართა: ძენ-ბუდიზმის შესწავლას შეუდგა.

კოლეჯში იუჯინმა გაიცნო ქალიშვილი, სახელად ელისონი, რომელთანაც ბევრი რამ ჰქონდა საერთო და მას ერთადერთს ანდობდა თავის აზრებს. მისი რჩევით წაიკითხა დოსტოევსკის "ძმები კარამაზოვები". ამ წიგნმა პირველად დაანახა მას მართლმადიდებლური სამყარო. მოეწონა დოსტოევსკი - იგი იმავე კითხვებს სვამდა, რასაც ნიცშე და არანაკლებ დამაჯერებლად პასუხობდა, ოღონდ სულ სხვა - მართლმადიდებლობის პოზიციიდან.

მას სულიერ შიმშილს ვერაფერი უკლავდა - ვერც მეცნიერება, ვერც ნიცშეს "ზეკაცი" და ვერც ძენ-ბუდიზმის უპიროვნო "მე". ქრისტე უკვე შეეხო მის სულს და ახლა მხოლოდ ქრისტიანობის წიაღში შეძლებდა სულის მშვიდობის მოპოვებას.

1956 წელს როუზმა დაამთავრა პომონის კოლეჯის კურსი და სან-ფრანცისკოში, აღმოსავლეთმცოდნეობის აკადემიაში შევიდა. შეისწავლა აღმოსავლური რელიგიები - ინდუიზმი, ბუდიზმი, იუდაიზმი, სუფიზმი და ა.შ. სან-ფრანცისკოშივე მოხვდა იგი პირველად მართლმადიდებლურ ტაძარში - ეს იყო ვნების პარასკევს. აი, რას წერდა როუზი მოგვიანებით: "როდესაც პირველად გადავაბიჯე მართლმადიდებლური ტაძრის ზღურბლს, რაღაც ისეთი ვიგრძენი, რაც არც ერთ ბუდისტურ ანდა დასავლურ ტაძარში არ განმიცდია, თითქოს გული მეუბნებოდა, ეს შენი სახლია და შენი ძიებაც დასრულდაო. მიკვირდა და ვერ გამეგო, რას ნიშნავდა ეს. ღვთისმსახურება უცხო ენაზე მიმდინარეობდა. ამ პირველ განცდას ვერ ვივიწყებდი და ხშირად დავდიოდი ტაძარში, თანაც ენას ვსწავლობდი და ვკითხულობდი წიგნებს მართლმადიდებლობის შესახებ. ერთხელაც გონება გამინათდა: ჭეშმარიტება შეუძლებელია აბსტრაქტული იდეა იყოს, იგი ალბათ რაღაც პიროვნულია - მეტიც, პიროვნება და მისი შეცნობა გონებით კი არა, გულით ხდება. ასე მივედი ქრისტემდე".

აკადემიაში მან წელიწადნახევარი გაატარა, მერე კი ბერკლიში, კალიფორნიის უნივერსიტეტში შევიდა, რათა აღმოსავლური ენების მაგისტრის ხარისხი მიეღო, თან თვითონაც ასწავლიდა ენებს სტუდენტებს. ამას გარდა, სერიოზულად მოჰკიდა ხელი რუსული ენის შესწავლას. 1961 წელს დაამთავრა დისერტაციაზე მუშაობა, მას ბრწყინვალე კარიერას უწინასწარმეტყველებდნენ, მაგრამ ახალგაზრდას მეცნიერებამ უკვე გაუცრუა იმედი - იგრძნო, რომ აკადემიური სამყარო ვერაფერს მისცემდა: ჭეშმარიტებას იგი გამოკვლევებით ცვლიდა, რომლებიც მიზნად მხოლოდ ადამიანის რიგიანი ხელფასით უზრუნველყოფას ისახავდა. იუჯინმა გადაწყვიტა, მთელი დრო წიგნზე მუშაობისთვის დაეთმო, რომელსაც უწოდა: "სასუფეველი კაცთა და სასუფეველი ღვთისა". ეს წიგნი თანამედროვე ადამიანის სულიერი მდგომარეობის კვლევას ეძღვნებოდა. ავტორს სურდა დაენახვებინა ადამიანებისთვის, რომ ქრისტეს გარეშე სულის ცხონება შეუძლებელია.

ამ პერიოდში როუზი თავის სარჩენად მუშაობდა ჭურჭლის მრეცხავად და დამლაგებლად, მეეზოვედ.

1961 წელს როუზს მძიმე ავადმყოფობა აღმოაჩნდა, რომელიც ექიმებმა უკურნებლად ცნეს. ავადმყოფს საშინელი ტკივილი ჰქონდა მუცლის არეში, მაგრამ ტკივილზე მეტად ის აწუხებდა, რომ იმსოფლად ისე მიდიოდა, თავისი არსებობის გამართლება ვერ მოასწრო. ერთხელ წიგნის მაღაზიაში შევიდა, სადაც ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატი ეკიდა. როუზმა მხურვალედ შესთხოვა შეწევნა. ღვთისმშობელმა შეისმინა მისი ლოცვა და როუზი ყველასთვის მოულოდნელად სიკვდილს გადაურჩა - ეს მართლაც სასწაულებრივი განკურნება იყო.

მალე ერთმა მეგობარმა იუჯინს სტუმარი მიუყვანა - რუსი ემიგრანტი გლებ პოდმოშჩენსკი, მართლმადიდებელი ქრისტიანი, რომელთანაც როუზს ბევრი რამ აღმოაჩნდა საერთო. გლებმა მასპინძელს სლაიდებზე ამერიკის წმინდა ადგილები უჩვენა. როუზი გაოგნებული უყურებდა სლაიდებს - არც იცოდა, თუ მის მახლობლად ასეთი მდიდარი ასკეტური ტრადიცია არსებობდა. გლები ნათელმხილველი მამის, ადრიანეს სულიერი შვილი იყო, რომლის ხელშიც სული დალია უკანასკნელმა ოპტელმა მამამ, ნექტარიოსმა. გლებმა უამბო როუზს რუს ახალმოწამეებზე, მოუყვა, რომ მამამისი ჩეკისტება გადაასახლეს. დიდხანს ეძება, მაგრამ ვერ მიაგნო, ბევრჯერ იყო სასოწარკვეთილების პირას, მერე ამერიკაში ჩამოვიდა და ნუგეში მართლმადიდებლობაში პოვა.

თავის მხრივ, გლებიც არანაკლებ გაოცებული დარჩა: კედელზე მან ხატები დაინახა, იქვე ნიკოლოზ II-ის ფოტოსურათი ეკიდა. 1961 წელი იყო. მაშინ გლების ნაცნობ რუს ემიგრანტთაგან ბევრს ეთაკილებოდა მეფე მოწამეზე ლაპარაკი, ამ ამერიკელ ჭაბუკს კი მისი სურათი ხატებთან ერთად ეკიდა.

- მართლმადიდებელი ხარ? - ჰკითხა გლებმა.

- არა, მაგრამ მინდა გავხდე.

აქედან დაიწყო გლებისა და იუჯინის დიდი მეგობრობა, მეტიც, სულიერი ძმობა. 1962 წლის 12/25 თებერვალს, წმინდა ევგენი ალქსანდრიელის ხსენების დღეს, როუზი მართლმადიდებელი ეკლესიის წევრი გახდა. იგი წერდა: "მეორედ ვიშვი ქრისტეს მიერ. ამიერიდან მისი მონა ვარ. ამაზე დიდი სიხარული არასოდეს განმიცდია".

1962 წელს სან-ფრანცისკოში ჩავიდა მთავარეპისკოპოსი იოანე (მაქსიმოვიჩი), რომელიც განსაკუთრებული პატივისცემითა და სიყვარულით სარგებლობდა მორწმუნეთა შორის. მისი გამოჩენისთანავე ადგილობრივი მართლმადიდებელი მრევლის ცხოვრება გამოცოცხლდა. იუჯინი ყოველდღე დადიოდა ეკლესიაში და ესწრებოდა ღვთისმსახურებას. მღვდელმთავარმა შენიშნა კუთხეში მდგომი მოკრძალებული ყმაწვილი და კლიროსზე კითხვა შესთავაზა. მალე როუზი იოანეს ერთგული მოწაფე გახდა. მოძღვრის კურთხევით მან თეოლოგიური სკოლის სამწლიანი კურსი გაიარა, ამავე დროს წერდა სტატიებს მართლმადიდებლური ბიულეტენისათვის "მართლმადიდებელი მოამბე".

1965 წელს გამოვიდა ჟურნალი "მართლმადიდებლური სიტყვა". მასში ქვეყნდებოდა მართლმადიდებლურ თზულებათა თარგმანები. იუჯინმა და მისმა სულიერმა ძმამ - გლებმა გახსნეს მაღაზია "მართლმადიდებლური წიგნები და ხატები". მოკლე ხანში ეს პატარა მაღაზია მართლმადიდებლობის ცენტრად იქცა ამერიკაში - მისი მეშვეობით ბევრი ამერიკელი მოექცა ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე. ამ მაღაზიას მეუფე იოანემ "ვალაამის ანარეკლი" უწოდა. იუჯინი და გლები შეცბნენ, რომ მათი უპრეტენზიო მაღაზია მეუფემ რუსეთის ასეთ დიდ და სახელგანთქმულ მონასტერს შეადარა, მაგრამ იმასაც მიხვდნენ, რომ იგი მომავალს გულისხმობდა. მართლაც, სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე მთავარეპისკოპოსმა იოანემ მოინახულა ძმები, ყურადღებით შეხედა მამა სერაფიმეს და უთხრა: "ვფიქრობ, კალიფორნიაში მისიონერული მონასტერი იქნება".

იუჯინი და გლები სულ უფრო ხშირად ფიქრობდნენ ბერობაზე. მათ სურდათ საკუთარი გამოცდილებით გაეგოთ ის, რაც აქამდე წიგნებში წაეკითხათ: შინაგანი ლოცვა, განმარტოება, მდუმარება.

1967 წელს ჩრდილოეთ კალიფორნიის პატარა ქალაქ პლატინის მახლობლად მშვენიერი სამონასტრო ადგილი შეათვალიერეს და შეიძინეს. 1969 წელს, ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულზე, იუჯინი და გლები პლატინაში დასახლდნენ. სახლს გარშემო დიდი ტყე ეკრა, ძმებს არავითარი პირობები არ გააჩნდათ, წყალზეც კი ორი მილის სიშორეზე დადიოდნენ. იუჯინი წერდა: "ყველა ვითომდა მოუწყობლობა სინამდვილეში უპირატესობა გამოდგა, რომელთა ერთობლიობა მღვიძარე სულიერ ცხოვრებაში წარმატებას უწყობდა ხელს. ბუნების წიაღში ცხოვრება, განსაკუთრებით ზამთარი, რწმენას აძლიერებს და ადამიანს მოთმინებას აძლევს, ხშირი და უხვი თოვა კი ასწავლის, დიდად არ დაეყრდნოს საკუთარ თავს. მთლიანობაში გვექმნება წარმოდგენა (თუმცა კი ერთობ მიახლოებითი), თუ რა პირობებში ცხოვრობდნენ პირველი ქრისტიანი მოღვაწეები".

ბერად აღკვეცისას იუჯინს სერაფიმე უწოდეს - სერაფიმე საროველის სახელი. "რა ბედნიერი ვარ, რომ მოვკვდი სოფლისათვის", - წერდა იგი. მონასტერში გატარებული ყოველი დღე მამა სერაფიმეს დიდ სიხარულს ჰგვრიდა და მთელი გულით მადლობდა ღმერთს ამ საოცარი წყალობისთვის. მონასტერს იგი უწოდებდა "სამოთხეს დედამიწაზე". მამა სერაფიმემ თვითონ ააშენა სენაკი მთის ფერდობზე და "ოპტა" უწოდა. იგი ძალიან უბრალო იყო ადამიანებთან ურთიერთობაში, არასოდეს კარგავდა დროს ამაო საუბრებში და იშვიათად გამოთქვამდა საკუთარ აზრს რაიმე საკითხებზე. ყოველდღე კითხულობდა წმინდა მამათა ნაწერებს და ცდილობდა, მათი რჩევის მიხედვით ეცხოვრა. საათობით მუშაობდა თავის უბრალო სენაკში, ხშირად - სანთლის შუქზე. მან მიზნად დაისახა, რამდენადაც შეეძლო, ადამიანებისთვის ჭეშმარიტი ქრისტიანობის ნათელი დაენახვებინა. მუშაობისას არც თავს ზოგავდა და სხვებსაც აფრთხილებდა: "იჩქარეთ ღვთის მსახურება. ვიდრე თქვენ გგონიათ, იმაზე გვიანიაო". მართლმადიდებლური სამყაროსათვის უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა მამა სერაფიმე როუზის ორიგინალურ ნაწერებს. მას ეკუთვნის ორი ძირითადი ნაშრომი "მართლმადიდებლობა და მომავლის რელიგია" და "სული სიკვდილის შემდეგ".

1977 წელს მამა სერაფიმეს მღვდლად დაასხეს ხელი.

შემდგომი ხუთი წლის მანძილზე მამა სერაფიმემ მონათლა და მართლმადიდებელ სარწმუნოებას აზიარა ასზე მეტი კაცი. მალე მონასტერში მორჩილებიც გამოჩნდნენ. მამა სერაფიმემ ძმების სულიერი მოძღვრობა იკისრა.

რაც უფრო მეტ სულიერ გამოცდილებას იძენდა, მით უფრო ნათლად ხედავდა, თუ რა უშლის ხელს თანამედროვე ქრისტიანს სულიწმინდის მადლის მოხვეჭაში. იგი ხშირად ურჩევდა ახალმოქცეულ ამერიკელებს - არ დამორჩილებოდნენ ტელევიზიისა და როკ-მუსიკის "ლამაზი" სამყაროს ცდუნებებს. ამხელდა ამერიკული ცხოვრების წესს, რომელიც ადამიანს ღმერთს ავიწყებს და ხელს უშლის სერიოზულ სულიერ საკითხებზე დაფიქრებაში.

1982 წლის აგვისტოში მამა სერაფიმეს მუცლის არეში ძლიერი ტკივილი დაეწყო. იგი სენაკში ჩაიკეტა და დიდხანს ლოცულობდა - არ უნდოდა ვინმე შეეწუხებინა თავისი ავადმყოფობით. ოპერაცია გაუკეთეს, მაგრამ ავადმყოფის გადარჩენა შეუძლებელი გახდა. 20 აგვისტოს (2 სექტემბერს), 48 წლის ასაკში, მამა სერაფიმე აღესრულა. ცხედარი მონასტერში გადაასვენეს, სადაც სამი დღის მანძილზე უამრავი ხალხი მოდიოდა მოძღვართან გამოსამშვიდობებლად. მიცვალებულს სახეზე მშვიდი, ნეტარი ღიმილი ეფინა. დაკრძალვის დღეს ეკლესია დასწრების მსურველებს ვერ იტევდა. იქ მყოფთ ორმაგი განცდა ეუფლებოდათ: უდიდესი დანაკარგით გამოწვეული მწუხარება და ზეციური მეოხის გაჩენის სიხარული.

მამა სერაფიმე ნიჰილიზმისა და მატერიალიზმის იმავე ატმოსფეროში იზრდებოდა, რომელშიც ჩვენს თანამედროვეთა უმეტესობა ცხოვრობს, და მაინც, მან შეძლო დასხლტომოდა ათასგვარ საცდურს და არა მარტო თვითონ იპოვა მართლმადიდებლობის ძვირფასი მარგალიტი, არამედ სხვებსაც დაანახვა ჭეშმარიტება. მამა სერაფიმე იყო და არის ხიდი, რომელიც თანამედროვე ადამიანს მართლმადიდებლობის სულიერ მემკვიდრეობასთან აკავშირებს.

დღეს, როდესაც მრავალი ქრისტიანი არც გრილია და არც თბილი თავისი სარწმუნოების მიმართ, როდესაც უმეტესობამ დაკარგა იდეალი, რომლისთვისაც ღირს მიწიერი ბედნიერების დათმობა, როდესაც სადაცაა დადგება ანტიქრისტიანული ეფემერული ერთიანობის დრო, მამა სერაფიმეს ნაანდერძევი სიტყვები ჭეშმარიტების ცეცხლოვან მახვილად იქცა: "ვეზიარე ქრისტიანობას და ჩემივე ნებით ჯვარს ვაცვი საკუთარი აზრები, მაგრამ ჯვარი, რომელიც ვიტვირთე, მხოლოდ სიხარულს მანიჭებს. მე ყველაფერი შევიძინე და არაფერი დამიკარგავს".

წიგნიდან: "მართლმადიდებლობა და მომავლის რელიგია"

karibche.ambebi.ge

Комментариев нет:

Отправить комментарий