მრავალ-მრავალ ახალ წელს .
ნაძვის ხეზე ჩიტი ჯდება,
ოქროს ნისკარტს მაღლა სწევს,
საქართველოს სადიდებლად
მრავალ, მრავალ ახალ წელს!
ჩემი გული სიხარულით,
რა თქმა უნდა, ახლაც ძგერს,
მშვიდობა და სიყვარული,
მრავალ, მრავალ ახალ წელს!
მორის ფოცხიშვილი
ნაძვის ხის სიმღერა .
მოვა, როცა მთა და ბარი
თეთრ ნაბადში გაეხვევა.
პატარების საოცნებო
საახალწლო ნაძვის ხე ვარ!
ჩამოვიყვან თოვლის პაპას,
მხარზე ხურჯინგადაკიდულს,
ჩამოვიტან ნამცხვარს, ქადას,
ჩურჩხელას და შაქარყინულს.
მალხაზებო, მანანებო,
ვარსკვლავების სადარებო,
მოდით ჩემთან, საჩუქრები
დაგირიგოთ, პატარებო! -
სიმღერებით ცა მთოვარი
გაათბეთ და გაადარეთ,
ეს ახალი წელიწადიც
ბედნიერად გაატარეთ!
ნოდარ დუმბაძე
ნაძვის ხეო .
ნაძვის ხეო, ნაძვის ხეო,
ლამაზო და მშვენიერო,
როგორ მინდა შენს გარშემო
ვიცეკვო და დავიმღერო!
თბილ ოთახში მოგიწვიეთ,
გაერთო და ჩვენც გაგვართო.
ყინვასა და სიცივეში
რა გინდოდა ტყეში მარტო?
ხედავ, სახე გაგიბრწყინდა,
დაგვიმშვენე ბავშვებს მხარი,
ახალი წლის სტუმარი ხარ,
ჩვენი ზამთრის მეგობარი.
ნაძვის ხეო, ნაძვის ხეო,
ლამაზო და მშვენიერო,
როგორ მინდა შენს გარშემო
ვიცეკვო და დავიმღერო!
იოსებ გრიშაშვილი.
.................................................................................................
ნაძვის ხეო .
ნაძვის ხეო,
ნატვრის ხეო,
გული ლხენით აგვივსეო.
ნუ დაგვღალე,
თოვლის ბაბუ,
საჩუქრები გვაღირსეო.
გივი ჭიჭინაძე
...................................
თოვლის ბაბუა .
გადმოლახა ზღვები და
გადმოლახა მთები -
მოდის თოვლის ბაბუა
დათოვლილი მხრებით,
დათოვლილი წარბებით,
დათოვლილი თმებით.
მოჰყავს დათუნიები
მოაქვს საჩუქრები.
გარეთ ცივი ქარია,
ათოვს მთებს და ველებს.
ალბათ სცივა ბაბუას -
ვინ გაუთბობს ხელებს?
როცა მოვა, ვიცეკვებთ
და გულს გავიხარებთ,
გაზაფხულის მოსვლამდე
არ გავუშვებთ გარეთ.
რაც ძველია, ძველია,
ძველია და მიდის.
დღეს ახალი წელია,
ზეიმია დიდი.
დაფიფქული წარბებით,
დათრთვილული ქუდით
თოვლისპაპა მოვიდა
თოვლი მოაქვს გუდით.
აბა, ჩქარა, ბავშვებო,
გავანძრიოთ ხელი,
თორემ დაგვიძველდება
ეს ახალი წელი.
მორის ფოცხიშვილი
Комментариев нет:
Отправить комментарий