ღმერთი

ღმერთი

пятница, 9 июня 2017 г.

ბაგრატიონები.

საქართველოს სამეფო დინასტიები.

II.

ბაგრატიონები.

ერთიანი  საქართველოს აღზევება და დიდება განუყოფელია ბაგრატიონთაგან. ათასწლეულზე მეტი ხნის განმავლობაში ბაგრატიონთა სახელოვანი გვარი ერთგულად ემსახურებოდა ქართველთ. მამიდან შვილზე გადადიოდა არა მხოლოდ სამეფო ტახტი და ბრწყინვალე გვირგვინი, არამედ შემართება და თავდადება საქართველოს ერთიანობისათვის საბრძოლველად... რადგან მტერი ოდითგან მრავლად ჰყავდა ჩვენს ქვეყანას.
ბაგრატიონთა გვარის წარმომადგენლები ამიერკავკასიაში, ისტორიულ სარბიელზე ძველი წელთაღრიცხვის მეორე საუკუნიდან გამოჩენილან და დამკვიდრებისთანავე ყველგან დაწინაურებული პოზიცია მოუპოვებიათ.

საქართველოს პოლიტიკურ სარბიელზე განსაკუთრებით აქტიურად ბაგრატიონები მეექვსე საუკუნის 50-იან წლებიდან ჩანან. ეს ის დროა როცა ქართლში დაიწყო პოლიტიკური მოძრაობა ქვეყანაში დამოუკიდებელი სახელმწიფოებრივი წყობის აღდგენისათვის, რომელიც ირანელებმა გააუქმეს(ამ პერიოდში ათი წლით ადრე).

ქართლში დაწყებულ აჯანყებას ბაგრატიონი გუარამი მეთაურობდა და პირველ ერისმთავრადაც იგი აირჩიეს.,,ეს არს ერისთავი ქართლისა და მამა ბაგრატიონთა და ესე ქართლისა ბაგრატონიანი შვილის შვილთანი და ნათესავნი არიან მის გუარამისნი''.

წარმოშობით ბაგრატიონები საქართველოს უკიდურესი სამხრეთ-დასავლეთი ოლქიდან - სპერიდან არიან, სადაც უძველესი დროიდანვე მოსახლეობდნენ ქართული ტომები. ამჟამად ეს ოლქი თურქეთში მდებარეობს ისპირის სახელწოდებით. საქრთველოში თავიდანვე გაჩნდა ვერსია  ბაგრატიონთა ბიბლიური წარმომავლობის შესახებ. ეს აზრი ყველაზე თანმიმდევრულად გატარებულია ბაგრატიონთა მემატიანის, სუმბატ დავითის ძის თხზულებაში ,,ცხოვრება და უწყება ბაგრატიონთა''. ბაგრატიონთა განსაკუთრებულ დაწინაურებას და მათ ღვთიურ წარმომავლობას მეათე საუკუნის ბიზანტიელი იმპერატორი და ამავე დროს ისტორიკოსი კონსტანტინე პორფიროგენეტიც(ძოწითშობილი) ადასტურებს.

ბაგრატიონთა ხელმწიფობის კანონიერებისა და დასაბუთებული პრეტენზიების გამოვლინებაა ის, რომ რიგი ისტორიული წყაროებისა მათ წარმომავლობას საქართველოს მეფეთა პირველ დინასტიას, - ფარნავაზიანებს უკავშირებს გენეტიკურად. ეს კიდევ უფრო ასაბუთებს მათი მმართველობის ლეგიტიმურობას. ამ ვერსიით, ქართლის პირველი ერისთავი, გუარამ პირველი კურაპალატი ვახტანაგ გორგასლის შთამომავალია ქალიშვილის ხაზით: ,, ქართლის ცხოვრების''  გვიანდელი ვერსიების მიხედვით, გუარამ კურაპალატი დედით ფარნავაზია და მამით ბაგრატიონი.

საერთოდ, ბაგრატიონთა მმართველობა რამდენიმე ეტაპად შეიძლება დაიყოს: მეექვსე საუკუნის მეორე ნახევრიდან და მეშვიდე საუკუნის დასაწყისში ერისმთავრების ტიტულით განაგებენ ქვეყანას. კიდევ უფრო დაწინაურდნენ ბაგრატიონები მერვე საუკუნის მეორე ნახევრიდან. სწორედ ამ გვარის წარმომადგენელი იყო ქართლის ბოლო ერისმთავარი აშოტ დიდი კურაპალატი. იგი ტოვებს არაბებისაგან გაუსაძლის მდგომარეობაში მყოფ ქართლს და გადადის საგვარეულო მამულში, კლარჯეთში, არტანუჯში, სადაც ფაქტობრივად საფუძველს უყრის დიდ და ძლიერ , საქრთველოს სამხრეთის პოლიტიკურ გაერთიანებას, რომელსაც პრეტენზია უჩნდება გასწიოს პირველობა და თავის გარშემო შემოიკრიბოს საქართველოს მიწა-წყალი.

პირველობისთვის პრეტენზიას მტკიცე დასაბუთება სჭირდებოდა და ამიტომაც ლიტერატურაში შემოდის თეორია ბაგრატიონთა ღვთიური წარმომავლობის შესახებ. ეს აზრია გატარებული ცნობილი ჰაგიოგრაფის გიორგი მერჩულის  თხზულებაში (,,ცხოვრება გრიგოლ ხანძთელისა''), რომელიც ტაო-კლარჯეთში გრიგოლ ხანძთელის სამონასტრო მოღვაწეობას ასახავს: ,,დავით წინასწარმეტყველისა და უფლისა მიერ ცხებულისა შვილად წოდებულო ხელმწიფეო , მეფობაი და სათნოებანიცა მისნი დაგიმკვიდრენ ქრისტემან ღმერთმან''.

იდეა, ბაგრატიონთა ღვთიური წარმოშობის შესახებ, აქტუალური იყო მრავალი ათასწლეულის მანძილზე, - მთელი მათი ხელმწიფობის დროს. ბაგრატიონთა დავითიან-სოლომონიან წარმომავლობაზე მიუთითებს დავით აღმაშენებლის ისტორიკოსიც, რომელიც თავისი თხზულების მთავარ გმირს ებრაელთა მეფის, დავითის სამოცდამეთვრამეტე შთამომავლად მიიჩნევს: ,,ბნელსა უკუნს შინა იწყო აღმოცისკრებად მზემან ყოველთა მეფობათაგან... თვით სამოცდამეთვრამეტემან შვილმან ამის დავითისამ, დავით''.

ბაგრატიონების ,, ქართველთა კურაპალატობისა და მეფობის'' პერიოდი ორ საუკუნეზე მეტხანს გაგრძელდა. ამდროინდელი ტაო-კლარჯეთის, ანუ ქართველთა სამეფოს ბაგრატიონები ორ ძირითად შტოდ იყოფოდნენ - ტაოელ და კლარჯ ბაგრატიონებად. ქართველთა მეფობის პატივი პირველად ტაოელი ბაგრატიონებიდან ადარნასე მეორემ მიიღო, სავარაუდოდ 888 წელს. სამეფო სახლის ორივე შტომ მრავალი ღირსეული მოღვაწე შესძინა ქვეყანას. ამათგან გამორჩეულად ორნი _ მამობილი დავით მესამე დიდი კურაპალატია და მისი შვილობილი ბაგრატ მესამე. გონიერი მოაზროვნის, ქართლის ერისთავის იოანე მარუშისძის წინადადებით და დავით კურაპალატის ხელდასხმით ბაგრატ მესამე  _ ტაოს, კლარჯეთის, აფხაზეთის(დასავლეთ საქართველო) ტახტის მემკვიდრე -  გ ა მ ო ც ხ ა დ დ ა   გ ა ე რ თ ი ა ნ ე ბ ი ს   გ ზ ა ზ ე   მ დ გ ა რ ი   ს ა ქ ა რ თ ვ ე ლ ო ს  მ ე ფ ე დ.

ერთიანი საქართველოს შექმნისკენ დიდი ნაბიჯი გადაიდგა ბაგრატ მეოთხის დროს, მეთერთმეტე საუკუნეში. თუმცა, წინააღმდეგობა ბევრი შეხვდა ქვეყნის გარეთაც და მის შიგნითაც. ერთ ფაქტზე უნდა გავამახვილოთ ყურადღება, რომელიც ნიშანდობლივია საქართველოს ისტორიისა და მასში ბაგრატიონთა განუზომელი როლისთვისაც.

.. მეტად გაუჭირდა ბაგრატ მეოთხეს მძლავრი დიდებულისა და გამოჩენილი სარდლის, კლდეკარის ერისთავის ლიპარიტ ბაღვაშის ძლევა. ორჯერ პირიქითაც მოხდა , _ თვითონ აღმოჩნდა ძლეული. მეტიც, საშუამავლოდ ჩასული ბაგრატი სეპარატისტი დიდებულის  ,,დამცველმა'' ბერძნებმა კონსტანტინეპოლში სამი წლით შეაყოვნეს. ამ ხნის განმავლობაში საქართველოს დე ფაქტო მეფე ლიპარიტ ბაღვაში იყო. ბაღვაშს რეალურ მეფობამდე თითქმის აღარაფერი აკლდა, მაგრამ იმდენად დიდი იყო ბაგრატიონების ავტორიტეტი, მათი ბიბლიური წარმომავლობისადმი რიდი, რომ ლიპარიტმა, წინააზიის გამოჩენილმა სარდალმა, ვერ გაბედა სამეფო ტახტის ხელყოფა... დროებითი მორიგების პირობით ლიპარიტ ბაღვაშმა ცნო ბაგრატ მეოთხე მეფედ და პატრონად, ხოლო ლიპარიტი მთელი მესხეთის მთავარი გახდა.

მსგავსი მდგომარეობა შეიქმნა მეჩვიდმეტე საუკუნის პირველ მეოთხედში, როდესაც მთელ წინააზიასა და მახლობელ აღმოსავლეთში განთქმული სარდალი, გიორგი სააკაძე შესამჩნევად გამოირჩეოდა იმავე პერიოდის ქართლის მეფეთაგან და დროდადრო რეალურ ძალაუფლებასაც ფლობდა. მაგრამ ერთი წუთითაც არ გაუხედავს დიდ სარდალს ტახტისკენ. უნებურად ასოცირდება ანალოგიები მსოფლიო ისტორიიდან. თუნდაც ჩვენი მეზობელი, დიდი სახელმწიფოებრივი ტრადიციების მქონე ბიზანტიის იმპერია გავიხსენოთ, სადაც გამოჩენილ სარდლებსა და დიდგვაროვნებზე რომ არაფერი ვთქვათ, _ უბრალო მწყემსი იმპერატორი ხდებოდა , ხოლო ცირკის მსახიობი _ იმპერიის დედოფალი...

გამორჩეული იყო საქართველოს ისტორიაში მეთორმეტე საუკუნე. ყოფნა-არყოფნის ზღვარზე იდგა საქართველო მეთერთმეტე საუკუნის ბოლოს თურქთა მოძალების გამო. მაგრამ აი, გამოჩნდა თექვსმეტი წლის ჭაბუკი, ყველაზე აღმატებული მეფე მთელი ჩვენი ისტორიის მანძილზე და ქვეყანა, რომელიც სულთმობრძავი ჩაიბარა, სამ ათეულზე ცოტა მეტი ხნის შემდგომ წინააზიის უძლიერეს სახელმწიფოდ აქცია.


დავით აღმაშენებელმა ჯვაროსნებთან  კოორდინაციას მიაღწია და არაერთი დამარცხება აგემა თურქებს. ჯერ შემოიკრიბა სრულიად საქართველოს მიწა-წყალი და შემდგომ კავკასიის შემოკრება-გაერთიანებას შეუდგა. დიდგორის ბრძოლაც გადაიხადა - ,,ძლევაი საკვირველი'', - ყველაზე სახელოვანი და ძლევამოსილი ბრძოლა ქვეყნის მთელი ისტორიის მანძილზე. ოთხასი წლის განმავლობაში მაჰმადიანთა ხელში მყოფი თბილისიც გაანთავისუფლა დავით აღმაშენებელმა და დედაქალაქობაც აღუდგინა. ეკლესია-მონასტრებითა და კულტურის კერებით დაიფარა საქართველო.


ეს ტენდენცია განსაკუთრებით თამარის მეფობისას გაძლიერდა, როცა ყვაოდა მეცნიერული აზრი და ფილოსოფია, ლიტერატურა და ხელოვნება... სწორედ ამ ეპოქის გვირგვინია შოთა რუსთაველის ,,ვეფხისტყაოსანი''... განცვიფრებას ვერ მალავდნენ ჩვენი მეზობლები. განსაკუთრებით მაჰმადიანი სასულთნოები. ქალის ასეთი აღზევება-მეფობა, თანაც ასეთი სახელოვანი, მხოლოდ საქართველოსნაირ ქვეყანაში შეიძლება მომხდარიყო. ღირსეულთა შორის ღირსეული აღმოჩნდა ბაგრატიონთა გვარში მეფეთ მეფე თამარი, რომელიც მამამ, დიდი დავით აღმაშენებლის შვილიშვილმა გიორგი მესამემ თავის სიცოცხლეშივე აიყვანა სამეფო ტახტზე 1184 წელს.

მთელი მეცამეტე და ნაწილობრივ მეთოთხმეტე საუკუნეც მონღოლებისა და მისი ჯურის დამპყრობლების  წინააღმდეგ უხდებოდათ იმდროინდელ ბაგრატიონებს ბრძოლა. იყო კიდევ ერთი გამონათება - გიორგი მეხუთე ბრწყინვალე, რომელმაც შეუძლებელი შეძლო - მონღოლთა უღელიც მოიშორა და ქვეყანაც ოქროს ხანის სიმაღლემდე აიყვანა. ცოტა უფრო ადრე იყო სამშობლოსათვის ზვარაკად შეწირული დემეტრე თავდადებული, რომელიც ქართულმა ეკლესიამ მრავალი ბაგრატიონის დარად წმინდანად შერაცხა.

საერთოდ კი წმინდანად შერაცხული ბაგრატიონები კიდევ ერთი, დიდი თემაა და ამავდროულად შარავანდედია უპირველესი ქართული გვარისა. წმინდანად შერაცხული დიდი ბაგრატიონების გმირთა გალერეა ტაო-კლარჯეთის ხელმწიფით - აშოტ კურაპალატით (780-826)იწყება. მას მოჰყვება ჰერეთის დედოფალი დინარა, რომელმაც მეათე საუკუნეში, ჰერეთში, საქართველოს აღმოსავლეთის ციხე-გოდოლში აღადგინა მამა-პაპათა სარწმუნოება - მართლმადიდებლობა. წმინდანთა სიას რა თქმა უნდა, ამშვენებენ დავით აღმაშენებელი(1089-1125) და თამარ მეფე(1184-1213), დემეტრე მეორე თავდადებული (1270-1289), ქართლის ორი მეფე, ორი ლუარსაბი - ლუარსაბ პირველი (1527-1556) და ლუარსაბ მეორე (1606-1615). ამ დიდებულ ჩამონათვალს ასრულებს კახეთის დედოფალი და სახალხო გმირი ქეთევანი - რომელიც 1624 წელს შორეულ ირანში, შირაზში სპარსი ბრბოსა და ევროპელი მისიონერების თანდასწრებით არაადამიანურად აწამეს ქრისტეს რჯულისთვის თავდადებული.

მეთუთხმეტე საუკუნე ცუდად დასრულდა საქართველოსთვის. 1490 წელს ამდენი ტანჯვითა და წვალებით შეკოწიწებული და გაერთიანებული სახელმწიფო დაიშალა სამ სამეფოდ, სამ სამთავროდ. აქედან სამივე სამეფოში - ქართლშიც, კახეთშიც და იმერეთშიც სამეფო ტახტებს ბაგრატიონები ფლობდნენ და სამ შტოსვე დაედო სათავე სამომავლოდ. ქართლის ბაგრატიონთა ფუძემდებლად კონსტანტინე მეორე დემტრეს ძე გვევლინება, კახეთის ბაგრატიონთა სამეფო შტოს მამამთავარი , ერთიანი საქართველოს ბოლო მეფე და კახეთის პირველი ხელმწიფე გიორგი მერვეა, ხოლო იმერეთის ბაგრატიონების შტოს საწყისი ალექსანდრე პირველი დიდის ძმიშვილი - ბაგრატია. 

მეთექვსმეტე საუკუნის დასაწყისში, 1512 წელს ქართლის სამეფო სახლს მუხრანბატონების შტო გამოეყო, რომლის ფუძემდებელი გახდა ქართლის მეფე  დავით მეათის უმცროსი ძმა - ბაგრატ ბატონიშვილი. ამიერიდან ცალ-ცალკე ვითარდება სამივე სამეფო, ძირითადად ცალ-ცალკე უხდება მომძლავრებული ირანის, ძლევამოსილი ოსმალეთისა და სხვა მეზობელი სახანოებისა თუ სასულთნოების წინააღმდეგ ბრძოლა.

უმძიმესი იყო მეჩვიდმეტე საუკუნის დასაწყისი. ეს არის ხანა ყიზილბაშური, შაჰ-აბას პირველისა ირანის არნახული გაძლიერებისა და უმძიმესი აგრესიისა ქართლის და განსაკუთრებით კახეთის წინააღმდეგ - ასი ათასი გაწყვეტილი და ორასი ათასი ფერეიდნის პროვინციაში გადასახლებული ქართველი, წმინდანად შერაცხული ქეთევანი და ლუარსაბ პირველი, გმირული მარტყოფი, მარაბდა და ძმათა ომი ბაზალეთში...

ერთმა სამწუხარო მოვლენიმა იჩინა თავი: ჯერ მეთექვსმეტე საუკუნეში ცალკეული ფაქტების, მეჩვიდმეტე საუკუნიდან კი ტენდენციის სახით - ქართლ-კახეთში სამეფო ტახტზე მხოლოდ გამაჰმადიანების შემდეგ ადიოდნენ. ასე გაჩნდნენ შაჰნავაზები, ნაზარალიხანები, იმამყულიხანები და ა.შ. მხოლოდ დიდი მცდელობის, წინაარმდეგობებისა და აჯანყებების მეოხებით შეძლეს მამა-შვილმა,თეიმურაზ მეორემ და ერეკლე მეორემ ქრისტიანული წესით დაეკავებინათ ქართლისა და კახეთის ტახტი 1744 წელს.

თანხმობითა და გონიერებით მართავდა მამა-შვილი ორივე სამეფოს - ფაქტობრივად ერთიანს. იცავდნენ ქვეყანას შინაური და გარეშე მტრისაგან. საიმედო მფარველის ძიებაში აღმოხდა სული რუსეთში თეიმურაზ მეორეს 1762 წელს. ამიერიდან ერეკლე მეორე უძღვებოდა ქართლ-კახეთს. ევროპამდე მიაღწია სახელმა ,,ბრძენი აღმოსავლეთისამ''. მაინც რუსეთისკენ მიაპყრო თვალი სიცოცხლისა და მეფობის მიწურულს ერეკლემ. მფარველობა-ქვეშევრდომის ტრაქტატი დაიდო ციხესიმაგრე გეორგიევსკში 1783 წელს. დიდად შეაშფოთა ისლამური სამყარო რუსეთის ჩექმის გამოჩენამ კავკასიონის სამხრეთით. არ გაჭრა სამხრეთელი მეზობლების მუქარამ  და რჩევამ. არ შეიცვალა პოზიცია ერეკლემ და ბოლოს, კრწანისის ტრაგედიამ გადაწყვიტა ბაგრატიონთა და საქართველოს  ბედი 1795 წელს - აღა მაჰმად-ხანის ურდოებმა წელში გატეხეს საქართველო...

1798 წელს, ერეკლე მეორის გარდაცვალების შემდგომ მისმა ვაჟმა, უიღბლო და უღონო მეფემ, გიორგი მეთორმეტემ დაიკავა ქართლ-კახეთის ტახტი.მის მემკვიდრეს დავითს კი მეფობა უკვე აღარ ეწერა. რუსებმა იგი გამგებლად გამოაცხადეს, ისიც დროებით: 1801 წლის 12 სექტემბრის მანიფესტით გააუქმეს ქართლ-კახეთის სამეფო და რუსეთს შეუერთეს. მცირე ხნით კიდევ ინარჩუნებდნენ ბაგრატოვანნი ტახტს იმერეთის სამეფოში, მაგრამ 1810 წლიდან სოლომონ მეორეც იძულებული გახდა დაეტოვებინა თავისი ქვეყანა და თურქეთში განელია სიცოცხლის ბოლო წლები.

ამრიგად, მეთვრამეტე საუკუნის გასრულებას თან გაჰყვა საქართველოს სამეფო ტახტი და შესაბამისად, საქართველოს დამოუკიდებელი სახელმწიფო... წარსულის საკუთრება გახდა სახელოვანი და უპირველესი გვარის - ბაგრატოვანთა მრავალსაუკუნოვანი ზეობა საქართველოს სამეფო ტახტზე. საქართველო რუსეთის იმპერიის რიგით ქვეშევრდომად იქცა...

ბაგრატიონებმა გარდა იმისა, რომ მრავალი გამორჩეული მეფე მისცეს ქვეყანას, არაერთ სფეროში ისახელეს თავი. უპირველესად იყვნენ შესანიშნავი პოლიტიკური მოღვაწენი, დიპლომატები და სარდლები. განუზომელია მათი ღვაწლი იურისპრუდენციასა და საკანონმდებლო სამართალში, პოეზიაში, ისტორიოგრაფიაში... ასევე მედიცინის, გეოგრაფიის, კარტოგრაფიის, ქიმიისა და ასტრონომიის განვითარებაში.

ფარნავაზიანთა და ბაგრდატიონთა სამეფო გვარის გენეალოგია ისტორიული წყაროების მიხედვით მიმოიხილა ისტორიის მეცნიერებათა კანდიდატმა ნოდარ შოშიტაშვილმა.


(ზოგი თარიღი მეცნიერებს შორის საკამათოა. უძველეს ხანაში  ფარნავაზიანთა დინასტიაში ზოგიერთის მეფობაც ლეგენდარული და ჰიპოთეზურია.)

(2005 წლის მაისი. კვირის პალიტრა.)

Комментариев нет:

Отправить комментарий