ღმერთი

ღმერთი

пятница, 16 июня 2017 г.

ნიჰილიზმიდან - ანარქიამდე.

  "ჩვენს დროში იმდენად გავრცელდა და ფეხი მოიკიდა ნიჰილიზმმა, იმდენად ღრმად და საფუძვლიანად შეიჭრა თანამედროვე ადამიანის გულსა და გონებაში, რომ აღარ არსებობს აღარანაირი "ფრონტი", სადაც შესაძლებელი იქნებოდა მისი დამარცხება" 

მღვდელმონაზონი სერაფიმე როუზი 


   ნიჰილიზმი - თანამედროვე ეპოქის რევოლუციის ძირისძირია. ნიჰილიზმი არის რწმენა იმისა, რომ არ არსებობს აბსოლუტური ჭეშმარიტება, არ არსებობს წმიდა ეკლესია, არ არსებობს ჭეშმარიტი ღმერთი.

   ნიჰილისტურ აზროვნებას ერთი ძირითადი მიზანი აქვს - განცხადებული ჭეშმარიტებისადმი რწმენის ნგრევა და "ახალი წესრიგისთვის" მომზადება, სადაც ძველი შეხედულებების კვალიც კი არ იქნება და ადამიანი ერთადერთი ღმერთი გახდება.
   მამა სერაფიმე ოთხი ტიპის ნიჰილიზმს გამოჰყოფს: პირველი, ლიბერალიზმის სტადია - პასიური, ნაკლებად გამოკვეთილი ნიჰილიზმი - საუკეთესო შუალედური ნიადაგი შემდგომი სტადიებისთვის. აქ ძველი წესრიგისადმი გარკვეული რწმენა შენარჩუნებულია, მაგრამ არა იმ მნიშვნელობით და ძალით, ერთ დროს რომ ჰქონდა. მამა სერაფიმე წერდა: „ლიბერალის მიერ აღიარებული ღმერთი პიროვნება კი არ არის, არამედ იდეაა... მას არ აინტერესებს ადამიანი, არ ძალუძს სამყაროში მოქმედება (მარტოოდენ მიწიერი „ოპტიმიზმის" შთაგონება შეუძლია). ბევრად სუსტია იმ ადამიანთან შედარებითაც კი, თავად რომ გამოიგონა".

   ნიჰილისტური დიალექტიკის მეორე სტადია არის „რეალიზმი". ამ ტერმინში მამა სერაფიმე ნატურალიზმისა და პოზიტივიზმის სხვადასხვა ფორმას გულისხმობდა. რეალიზმი, არის ყველაზე "მკაფიოდ" განმარტებული ტერმინით ყველაფრის გამარტივება, ყველაფრისა, რაც ადამიანს ამაღლებულად მიაჩნდა, ეს არის გონებისა და სულის დაყვანა გაცილებით დაბალ, ანუ „საწყის" საფეხურამდე: მატერიამდე, შეგრძნებამდე, ფიზიკურამდე.

   თუ, ლიბერალი გულგრილია აბსოლუტური ჭეშმარიტების მიმართ, რაც მიწიერზე მეტისმეტი მიჯაჭვულობის შედეგია, რეალისტის შემთხვევაში ჭეშმარიტების მიმართ გულგრილობა მტრობაში გადადის, ხოლო მიწიერისადმი უბრალო მიჯაჭვულობა - ფანატიკურ ერთგულებაში.

   ნიჰილიზმის მესამე სტადიას მამა სერაფიმე - ვიტალიზმს უწოდებს, ანუ იდეას, მატერიალური რეალობის გარდა ყველაფრის დახშობის მცდელობის შესახებ. ეს არის პროტესტი ადამიანის ბუნებრივი, დაუგეგმავი და არასისტემური მოთხოვნილებების სახელით, „მიწიერი ბედნიერებისთვის" ბრძოლა. „მიწიერი ბედნიერებისთვის" ბრძოლა თანამედროვე საზოგადოებაში მრავალი ფორმით ვლინდება: „ახალი აზრისა" და „პოზიტიური აზროვნების" სახესხვაობების შექმნით; „აღმოსავლური სიბრძნის" ყალბი ფორმების გამოყენებით, რომელთაც თითქოს „ძალებისა" და „სულების" გამოხმობა შეუძლიათ; „აბსურდული" დანაშაულის ჭარბი რაოდენობით, რომელთაც წარსული ეპოქის დანაშაულთაგან განსხვავებით, ყოველგვარი „პრაქტიკული" საბაბის გარეშე სჩადიან და დანაშაულის ჩადენის მიზეზად - მოწყენილობას, აფორიაქებასა და გულისწყრომას ასახელებენ.

   აღნიშნული ეტაპების განხილვის შემდეგ მამა სერაფიმე ასკვნიდა: "სამყაროს დაქანცულობის უტყუარი ნიშანია ბოლო ას წელიწადში განვითარებული ვიტალიზმი... იგი შედეგია არა "სინორჩის", "სიცოცხლისა" და "უშუალობისა", რასაც ესოდენი მონდომებით ეძიებენ მისი მიმდევრები, არამედ შედეგია ხრწნისა და ურწმუნოებისა, რაც მათთვის ესოდენ საძულველი მომაკვდავი ცივილიზაციის ბოლო ფაზაა".

   მეოთხე, გადამწყვეტი სტადია - ნგრევის ნიჰილიზმია. მამა სერაფიმე წერდა: „და აი ვაწყდებით „წმინდა წყლის" ნიჰილიზმს, ღვთის ქმნილებასა და ცივილიზაციის მიმართ გამძვინვარებას, რომელიც მანამდე არ დაცხრება, სანამ აბსოლუტურ ნგრევას არ მოიტანს". სწორედ ამ სულისკვეთებით ხელთ იგდო ლენინმა სასტიკი ძალაუფლება და დაიწყო ევროპაში და რუსეთში სრულიად უპრინციპო პოლიტიკის გატარების პირველი ექსპერიმენტი. ამ სულისკვეთებით ეგზალტირებულმა ჰიტლერმა ერთხელ თქვა: "ჩვენ შეიძლება გაგვანადგურონ, მაგრამ თუ გაგვანადგურებენ, ცეცხლში გახვეულ სამყაროსაც თან გავიყოლიებთ".

   ამრიგად, ნიჰილიზმის პროგრამაში ყველაზე მნიშვნელოვანი და მკაფიოდ გამოკვეთილი პუნქტი არის ძველი წესრიგის, ქრისტიანული ჭესმარიტებით ნასაზრდოები ნიადაგის რღვევა, სწორედ აქ შემოდის თამაშში ნიჰილიზმის მთავარი „სათნოება" - ძალადობა.

   მამა სერაფიმე აღნიშნავდა, რომ ძველი წესრიგის ნგრევა და ახალი დედამიწის მოწყობა მარტოოდენ მზადება იყო გაცილებით მნიშვნელოვანი და ავბედითი საქმისათვის - „ადამიანის გარდაქმნისთვის", „ახალი ადამიანის" შექმნით, ვისთვისაც უცხოა იმედიცა და სასოწარკვეთილებაც და მხოლოდ ამასოფლიურს უფრთხილდება.

   ნიჰილიზმის ეპოქა სრულდება და იგი თავის დასახულ მიზანს და მისგან გამომდინარე შედეგებს უკვე ამჟღავნებს. ნიჰილიზმის პირველი შედეგი გახლავთ კონცეფცია „ახალი ეპოქის" შესახებ. ეპოქა, რომელიც მალე დაიწყება, უბრალოდ ყველაზე ბოლო, ან თუნდაც ყველაზე დიდი კი არ არის ეპოქათა სერიაში, არამედ მთელი ახალი დროების საზეიმო გახსნაა და ყოველივე იმის წინააღმდეგაა მიმართული, რაც აქამდე ყოფილა.

   ნიჰილისტური აზროვნების მეორე შედეგი არის ადამიანის გარდაქმნა არა მხოლოდ „ახალ ადამიანად", არამედ ღმერთად. „ყველა ღმერთი მკვდარია, - ამბობს ნიცშე,- ახლა ჩვენ ზეადამიანი გვინდა".

   ნიჰილიზმის საბოლოო შედეგი არის კონცეფცია სრულიად ახალი სახის წესრიგის შესახებ, წესრიგისა, რომელსაც მისი ყველაზე გულმოდგინე დამცველები უყოყმანოდ უწოდებენ "ანარქიას". იმ დროს, როდესაც ნიჰილიზმი გახლავთ ჭეშმარიტების საკითხი, ანარქია გვევლინება წესრიგის საკითხად, ანუ ის, თუ რა სახის წესრიგია შესაძლებელი ჭეშმარიტების გარეშე... ნიჰილიზმი საშუალებაა, ხოლო ანარქია - მიზანი.

   საბოლოოდ მამა სერაფიმეს სიტყვებით დავასრულებთ: "ნიჰილიზმი (და ანარქია) დამარცხებულია მანამ, სანამ თუნდაც ერთ ადამიანში ცოცხლობს ჭესმარიტი ქრისტიანობა".

მღვდელმონაზონი სერაფიმე (როუზი)

Xareba.net 

Комментариев нет:

Отправить комментарий