ღმერთი

ღმერთი

среда, 14 июня 2017 г.

ტერენტი გრანელი

ტერენტი გრანელი  ტერენტი სამსონის ძე გრანელი (ნამდვილი გვარი კვირკველია; დ. 25 ნოემბერი, 1897, ახლანდელი ქ. წალენჯიხა — გ. 10 ოქტომბერი, 1934, თბილისი) — ქართველი პოეტი.

დაიბადა 1897 წლის 25 ნოემბერს (ძვ. სტ.) წალენჯიხაში, ღარიბი გლეხის სამსონ კვირკველიას ოჯახში. დედა ხუთი წლისას გარდაეცვალა. სამსონმა ცოლად შეირთო დარია მებონიას ქალი, რომელიც მეტად სათნო დედინაცვალი გამოდგა. ტერენტის ორი და ჰყავდა - მაშო და ზოზია. დედინაცვალს განსაკუთრებით ტერენტი ჰყვარებია. მორწმუნე დარიას ხშირად დაჰყავდა პატარა ტერენტი წალენჯიხის მაცხოვრის ეკლესიაში, კვირის წირვებზე. ამ თბილი დედაშვილური დამოკიდებულების ნიშნად პოეტმა სონეტი უძღვნა დედინაცვალს. მიუხედავად მატერიალური ხელმოკლეობისა, მშობლებმა შვიდი წლის ტერენტი წალენჯიხის სოფლის სასწავლებელში მიაბარეს. სკოლაში „მოწაფეთა მეფეს“ ეძახდნენ. წიგნების სიყვარული ტერენტის გაუღვივა ზუგდიდის მაზრაში საყოველთაოდ ცნობილმა მწიგნობარმა იაკობ შანავამ. პირველად მის ბიბლიოთეკაში ეზიარა მომავალი პოეტი კლასიკური ლიტერატურის შედევრებს. ტერენტი სწავლასთან ერთად საოჯახო საქმიანობაშიც სიბეჯითეს იჩენდა: სკოლიდან მობრუნებული გვიან ღამემდე იჯდა მამის სახელოსნოში და წაღებს კერავდა.

უბედურმა შემთხვევამ (ოჯახს სახლი დაეწვა) ტერენტი მეექვსე კლასიდან მოსწყვიტა სწავლას. მიუხედავად ამისა, იგი უფრო მეტი მონდომებით ეწაფება შანავას ბიბლიოთეკის წიგნებს. ცხოვრების სიმკაცრის გამო გულჩათხრობილი და სევდიანი გახდა. სინამდვილე, რომელშიც ტერენტი გრანელს უხდებოდა პირველი ნაბიჯების გადადგმა, წინააღმდეგობებით იყო სავსე. ამ პერიოდში გაიტაცა იგი ეროვნული თავისუფლების იდეამ.

1918 წლიდან ცხოვრობდა თბილისში, მუშაობდა რკინიგზაზე, გაზეთების რედაქციებში. სწავლობდა შალვა ნუცუბიძის მიერ თბილისის უნივერსიტეტთან დაარსებულ კურსებზე, რომელიც ცნობილი იყო „ნუცუბიძის კურსების“ სახელით. ეს სასწავლებელი, რომელიც სრული გიმნაზიის უფლებებით მოქმედებდა, ტერენტი გრანელმა დაამთავრა 1920 წელს. თბილისშივე დაიწყო ლიტერატურული მოღვაწეობა (1917–1918). გრანელის ლექსები ხასიათდება სევდითა და მისტიციზმით (კრებულები: „სამგლოვიარო ხაზები“, 1921; „სულიდან საფლავები“, 1922; „Memento mori“, 1924; „ტერენტი გრანელი“, 1926), რის გამოც მწერლობაზე იდეოლოგიური ზეწოლის შედეგად დიდხანს ყურადღება არ ექცეოდა. 1926 წელს ტერენტი გრანელმა ლექსების უკანასკნელი წიგნი გამოსცა. ტერენტი გრანელს 1926 წლიდან თითქმის არც ერთი გაზეთი არ უბეჭდავდა ლექსებს მასზე დაიწყეს ზეწოლა პროლეტარმა პოეტებმა და მთელმა სისტემამ. 80–იანი წლებიდან ამ უთვალსაჩინოესი ლირიკოსის შემოქმედება ღირსეულად დაფასდა. გამოიცა მისი ლექსების სრული კრებულები. 1927 წელს თბილისში გამოიცა ერთჯერადი გაზეთი „ტერენტი გრანელი“. ტერენტი გრანელი 1930 წელს მოათავსეს სურამის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში, საიდანაც იგი გამოიქცა და თბილისში „არამიანცის“ სავაადმყოფოში გარდაიცვალა, დამარხეს პეტრე-პავლეს სასაფლაოზე, ხოლო შემდგომ 1987 წელს გადაასვენეს დიდუბის პანთეონში.

wikipedia.org


სამშობლოს

რაღაც მინდა სიცოცხლეზე მეტი,
უფსკრულია და შენ მარტო ჰკივი.
მე მაფიქრებს საქართველოს ბედი,
მე განვიცდი ჩემ სამშობლოს ტკივილს.

როგორც ოხვრა შორეული გედის,
ანდა როგორც მარმარილო ცივი,-
მე მაფიქრებს საქართველოს ბედი,
მე განვიცდი ჩემ სამშობლოს ტკივილს.

ვგრძნობ მსოფლიოს და უსაზღვროს ვეტრფი,
შენ გაიგებ ჩემს ამნაირ ტირილს.
მე მაფიქრებს საქართველოს ბედი,
მე განვიცდი ჩემ სამშობლოს ტკივილს.

რაღაც მინდა სიცოცხლეზე მეტი,
უფსკრულია და შენ მარტო ჰკივი.
მე მაფიქრებს საქართველოს ბედი,
მე განვიცდი ჩემ სამშობლოს ტკივილს.


ვედრება

დავალ ქვეყანაზე, როგორც შერისხული,
შენი ზვარაკია, ღმერთო, ჩემი სული.

დავალ ქვეყანაზე, როგორც ბნედიანი,
ღმერთო! მაპატიე უქმად ხეტიალი.

დავალ ქვეყანაზე, როგორც გაძარცული,
ღმერთო! დააჩქარე ჩემი აღსასრული.



ხომ მაღელვებს მე ასე ..

ხომ მაღელვებს მე ასე
თეთრი ფიქრის თარეში.
სხვა პოეტი ვერ დასწერს
ლექს ოთახის გარეშე.

და ზეციდან  ეს ღმერთი,
და გულიდან ეგ სისხლი.
და ვარ თითქმის ყოველთვის
განწყობილი ლექსისთვის.

მიწა, ცა უმაღლესი, 
ხომ პოეტის გულია.
და მგონია მე ლექსი
ყველგან გაბნეულია.

გული შენთვის გავწირე,
ირგვლივ ვხედავ რაღაცებს.
წუხელ ლექსი დავწერე,
დღეს გადამაქვს ქაღალდზე.


ჩვენ შორის ისევ გაიხსნა ხიდი ..

ჩვენ შორის ისევ გაიხსნა ხიდი,
თითქოს ქვეყანა ჩემი მტერია.
ვწევარ და მესმის ბავშვის ძახიღი,
მწევარ და მესმის სადღაც მღერიან.

უკვე გათავდა შენი გოდება,
შენ გინდა სხვა გზა,  მაინც რომელი?!
რატომ არ ვიცი, რა მელოდება,
რატომ არ ვიცი, ხვალ რა მომელის.



მე ხომ ასე ვარ, მე ხომ ვეწამე ..

მე ხომ ასე ვარ, მე ხომ ვეწამე,
ჩემი ფიქრები მაღლა დადიან.
გადავიტანე კიდევ ეს ღამე
და ახლა უკვე განთიადია.

ქარია ჩემი ცხოვრების ღერძი,
კარგია ლოცვა ასეთ ღამის წინ.
ისევ საშინელ გრიგალებს ვებრძვი,
ისევ საშინელ დრამას განვიცდი.


MARGUERITE

შენ მიდიოდი ნისლიან გზაზე
და კანკალებდა რტოები ვაზის.
გველივით გდევდა ცრემლების ზღვაზე,
მკვდარი დღეების ცისფერი ხაზი.

ეს იყო დარდი, სულის დაღალვა
და სისხლიანი ბედი ქრისტესი.
ცოდვილ დასავით მიგაჩნდა ალბათ,
სიჩუმე თეთრი და უწმინდესი.

გესმოდა ზარის ხმა უდაბნოდან
და გაწვალებდა თოვლი და ქარი.
ძველი დღეები შენ წინ ჩნდებოდა,

როგორც ლანდები ლურჯი სიზმარის.


წყარო: www.gpoets.com



Комментариев нет:

Отправить комментарий