ღმერთი

ღმერთი

пятница, 9 июня 2017 г.

კარგად დააკვირდით, სინათლე, რომელიც თქვენშია, სიბნელე ხომ არ არის

კარგად დააკვირდით, სინათლე, რომელიც თქვენშია, სიბნელე ხომ არ არის

დაბნელებულ გონებაზე უფრო დიდი ბოროტება ცრუ სიმართლით დაბრმავებული გონებაა

ანზადა გვასწავლის: «ეჭვი უკუნი ღამეაო». იგულისხმება ცუდი ეჭვი, შეურიგებელი წინააღმდეგობა, რომელიც ადამიანის სულში წარმოიშობა. მას მოჰყვება აბსურდიზმი, ნიჰილიზმი, რომლის არსიც ნიცშემ ასე გადმოსცა: «რას ნიშნავს ნიჰილიზმი? — იმას, რომ უმაღლესი ფასეულობები კარგავენ თავიანთ ღრებულებას. მიზანი არ არსებობს, არ არსებობს პასუხი კითხვაზე: «რატომ?» ყველაფერი საეჭვო და უაზრო ხდება: აზრიცა და ცხოვრებაც. ადამიანი ღმერთისგან აღარ ღებულობს პასუხს, ამიტომ ბევრი კითხვა უპასუხოდ რჩება. იგი იმედწართმეული და გზააბნეულია. არ იცის: სად არის, ვინ არის, რა ეძებოს, სად ეძებოს… აბსურდულ სამყაროში კი არც სიმართლე არსებობს და არც ტყუილი, არც უდანაშაულო და არც დამნაშავე, რადგანაც საზოგადოდ აღიარებული ორიენტირები დაკარგულია. სერაფიმ როუზი წერს: «აბსურდიზმი თავისი არსით ჩვენს სულებში ჯოჯოხეთის შემოჭრას ნიშნავს».


ეჭვის დადებით და უარყოფით მხარეებსა და მის გამოვლინებებზე ლიტერატურაში გვესაუბრება ამერიკული აკადემიის ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი, მედიაველისტიკის დოქტორი ლევან გიგინეიშვილი.

— შინაგან ძიებას, ეჭვს ადამიანი ზოგჯერ ჭეშმარიტებამდე მიჰყავს…

— საზოგადოებაში ისეთი შეხედულებებიც არსებობს, რომლებიც თრგუნავს პიროვნებას, ბოროტებისკენ უბიძგებს მას.

არტურ კესტლერის ნაწარმოებში «წყვდიადი შუადღისას» ასეთი ამბავია მოთხრობილი: ერთ-ერთი პერსონაჟი მარქსისტულ-რევოლუციურ წრეში მოხვდება. აქ ყველა მოვლენას შესაბამისი იდეოლოგიური თვალთახედვით აღიქვამენ. ეს ადამიანი ეჭვს შეიტანს ამ იდეოლოგიის სისწორეში და საბოლოოდ განთავისუფლდება კიდეც მისი მარწუხებისაგან. მას ჭეშმარიტებით აღძრული ეჭვი შეიპყრობს და უკვე აღარ აკმაყოფილებს თავსმოხვეული შეხედულებები, პროტესტის გრძნობა უჩნდება და ამ გრძნობას გასაქანს აძლევს.

ჯორჯ ორუელის რომანში «1984» სიუჟეტი ასე ვითარდება: ტოტალიტარული რეჟიმია. ყველაფერს მმართველი პარტია განსაზღვრავს. ყველგან ვიდეოკამერაა დაყენებული და თითოეული ადამიანის მოქმედებას აკონტროლებენ. ემოციები და მიმიკებიც კი ამ კამერას უნდა მიუსადაგონ. საგნებსა და მოვლენებს მცდარი, საპირისპირო სახელები ჰქვია: ომს მშვიდობას ეძახიან, სიყვარულს — სიძულვილს… ცნებითი აღრევა ხდება. ერთ-ერთ გმირს ეჭვი უჩნდება. იგი ობიექტურ სიმართლეს ეძებს. ეს სახიფათო სიმართლეა. ძალაუფლების სტრუქტურები თრგუნავენ ეჭვს, რომელმაც შესაძლოა მათ იდეოლოგიას საყრდენი გამოაცალოს. ორუელის მოთხრობაში ამ სისტემის მოწინააღმდეგეს წიხლავენ. ტანჯვის ისეთ საშინელ ფორმას მოიგონებენ, რომ ამ ადამიანს სულიერად გატეხენ და დაიმორჩილებენ. ფაქტობრივად, კლავენ — ოღონდ ფიზიკურად კი არა, სულიერად. მას პერსპექტივას უკლავენ და ისიც თავისი მრწამსის შესაბამისად ვეღარ ცხოვრობს…

ტოტალიტარულ რეჟიმებს და ამ რეჟიმის გამტარებელ ადამიანებს ეჭვის ეშინიათ. არქიფო სეთური («დათა თუთაშხია») თავისუფალ აზრს ებრძვის, გულუბრყვილო ბავშვებივით მართავს ადამიანებს. მაგრამ გულუბრყვილობა ხომ იმას სულაც არ ნიშნავს, უმეცარი იყო, არ განსაჯო და არ გამოიძიო, რა არის ჭეშმარიტი სიკეთე და რა — ბოროტება. ეს არ არის ქრისტიანობა. მაცხოვარი ამბობს: «იყავით უმანკონი, ვითარცა მტრედნი და გონიერნი, ვითარცა გველნი». თვით სახარება მოგვიწოდებს, გვქონდეს ჭეშმარიტებით აღძრული ეჭვი. მაცხოვარი მოწაფეებს აფრთხილებს: კარგად დააკვირდით, სინათლე, რომელიც თქვენშია, სიბნელე ხომ არ არისო — ის შეხედულებები, რომლებიც ნათელი გგონიათ, შესაძლოა, ბნელი აღმოჩნდესო. ერთი ფილოსოფოსი ამბობს: დაბნელებულ გონებაზე უფრო დიდი ბოროტება ცრუ სიმართლით დაბრმავებული გონებააო. წმინდა წერილიც ხომ გვასწავლის: «გზანი უგუნურთანი მართლიად ჩანედ წინაშე მათსა» (იგავი 12,15). ბიბლია მოგვიწოდებს, ღრმად ჩავიხედოთ საკუთარ სულში და გამოვიძიოთ: რისა გვწამს, როგორ გვწამს, რა აზრები გვამოძრავებს, რამდენად გულწრფელია ჩვენი რწმენა ან ხომ არ ვაწებებთ სარწმუნოებას მისი ბუნებისთვის უცხო ელემენტებს, რასაც მცდარი გზით მივყავართ…

აკაკი წერს: «უმეცრებისთვის ამაოდ-მორწმუნეობა სარწმუნოებისა და სჯულის ცალია, მაგრამ უფრო სახელდახელო და ამიტომაც აღმსარებელიც მეტი ჰყავსო» («ბოდვა»).

— ჭეშმარიტებით აღძრული ეჭვი ცრუ შეხედულებებისგან განთავისუფლებაში ეხმარება ადამიანს. ზოგჯერ ეს დიდ მსხვერპლს მოითხოვს…

— ვაჟა-ფშაველას პოემები სულ ამაზეა აგებული. «ალუდა ქეთელაურში» რელიგიურ განწყობილებას ეწებება ის, რაც სულაც არ არის რელიგიური. რა კავშირი აქვს ხელის მოჭრას სარწმუნოებასთან? მაგრამ ეს მენტალიტეტი ამ ხალხში ისეა გამჯდარი, მტერს მარჯვენას თუ არ მოსჭრი, ღვთიური კანონის დამრღვევად შეგრაცხავენ. ალუდა ამ საზოგადოების წევრია, მაგრამ მას თანდათან უჩნდება და უღვივდება ეჭვი და ამ ეჭვს საზოგადოებასთან ტრაგიკულ დაპირისპირებამდე მიჰყავს. «სტუმარ-მასპინძელში» აღაზა ხევსურს დაიტირებს. გამუდმებით აწამებს ეჭვი — იქნებ არასწორად ვიქცევიო? იგი თემის შეხედულებებს უპირისპირდება. თითქოს ბუნებაც კი უჯანყდება. მაგრამ მაინც მიჰყვება თავის ეჭვს, გულისთქმას და სრულიად ახალ სამყაროს, ახალ რეალობას ბადებს. ეს ეჭვი სწორედ ჭეშმარიტებით აღძრული ეჭვია. ჭეშმარიტება მეტად სუბიექტურია იმ გაგებით, რომ ადამიანმა თვითონვე უნდა აღმოაჩინოს პირადი ძიებით, დაფიქრებით, შინაგანი მუშაობით. სწორედ ამ შემთხვევაში გახდება ის პირადად მისი და არა გარედან თავსმოხვეული. ილიას სიტყვებით, მართალი ის კი არ არის, ვინც სიმართლეს ამბობს, არამედ ის, ვინც იმას ამბობს, რაც სწამს, რომ სიმართლეაო. ცხადია, ეს იმას არ გულისხმობს, რომ ჭეშმარიტება ფარდობითია, არამედ იმას, რომ აბსოლუტიც, ობიექტურიც პიროვნებამ თვითონ უნდა აღმოაჩინოს. ეს ადამიანები შინაგანად სწვდებიან ისეთ რამეს, რაც ობიექტურია და რაც საზოგადოებას ჯერ არ შეუცნია.

არსებობს ეჭვი, რომელიც საზოგადოების დიალექტიკურ განვითარებას უწყობს ხელს, ახალ ზნეობრივ-ინტელექტუალურ პერსპექტივებს აღმოაჩენინებს მას. გიორგი ლეონიძის «მარიტა» გავიხსენოთ. საზოგადოების წევრები ადამიანში სილამაზისკენ, ახალ-ახალი პერსპექტივისკენ სწრაფვას თრგუნავენ. სახარებაში წერია: «არა შთაისხის ღვინოი ახალი თხიერსა ძველსა». ჭეშმარიტება ფართო ცნებაა, მდუღარე ღვინოს ჰგავს და განუწყვეტელ განვითარებას მოითხოვს. ვინც ჭეშმარიტების ძახილს გრძნობს, საზოგადოების ძველი სტრუქტურებისა თუ შეხედულებების მოწინააღმდეგე ხდება, რაც ხშირად მისთვის ტრაგიკულად მთავრდება. კაცობრიობის ცხოვრებაში მუდამ ასე იყო და ასე იქნება. მაგრამ თუ ადამიანი ჭეშმარიტების ძახილს არ გაჰყვა, სილამაზეს დაკარგავს. სილამაზე კი ღვთიური კატეგორიაა, რომელსაც ადამიანი ავითარებს. ეკლესიაც ხომ განვითარების სულ ახალ-ახალი ფორმებისკენ გვიხმობს.

— ასკეტი მამების თხზულებებში საგანგებო ადგილი ეთმობა ბოროტ ზრახვებთან, მათ შორის — მკრეხელურ აზრებთან, ბრძოლის საკითხს. ილიას განდეგილს ასეთი ფრაზა წამოსცდება: «ხსნა ყველგან არის, მაგრამ გზა ხსნისა ასეთი მერგო მე უბედურსა…» იგი არჩეულ გზაში დაეჭვდება…

— აქ საკითხი ასე ისმის: რამდენად შეიძლებოდა ამ ეჭვს გამოეწვია განდეგილის დაცემა? სოფლიდან წამოსვლისას ბერისთვის ეს ქვეყანა მხოლოდ ბოროტების სამკვიდრებელია, «სად კვლა, წარწყმედა და ღალატია, სადაც ძმა ხარობს სისხლსა ძმისასა», საიდანაც ვერავინ დაიხსნის თავს… მერე კი უცებ გამოტყდება, რომ თურმე ცდებოდა და «ხსნა ყველგან არის». განდეგილს მსოფლმხედველობრივი პრობლემა აქვს. მისი წუთისოფლიდან წასვლის მოტივი იმთავითვე მცდარი გახლდათ. შემდეგ კი მასში ეჭვი გაჩნდა — მოიქცა კი სწორად, როცა სოფელი ამ არასწორი მოტივით დატოვა? მწყემსმა ქალმა ბერის ღრმა მსოფლმხედველობრივი პრობლემა ლაკმუსივით გამოავლინა.

სასწაულზე იმედის დამყარებაც მისი სულიერი სისუსტის ნიშანია. მაცხოვარი გვაფრთხილებს: «ნათესავი ცოდვილი და მემრუშე ეძიებს სასწაულსო…» წმინდა მამებიც გვმოძღვრავენ: «თუ სასწაული მოგევლინება, უნდა მიხვდე, რომ ღმერთი შენი ურწმუნოების გამო გამხელსო». განდეგილი ამ სასწაულს თავის ღირსებად, თავისი ძალისხმევით მოპოვებულად მიიჩნევს, თავის სიწმინდეს გარეგნული ნიშნით ამოწმებს. ეს სულიერი ხიბლის მდგომარეობაა. მწყემსი ქალის მოვლინებამ გამოამჟღავნა მასში ეჭვი, რომელსაც მწირი თავის თავსაც უმალავდა. სამწუხაროდ, ბერმა თავისი სავალალო სულიერი მდგომარეობა ვერ შეიცნო, ეს ეჭვი მისთვის მეტისმეტად მტკივნეული აღმოჩნდა. მისი კერპი დაიმსხვრა. ამის გადატანა კი ვეღარ შეძლო და სასოწარკვეთილებით დაიღუპა.

ცხოვრებაში ისეთი რამ შეგვემთხვევა ხოლმე, რაც სულმა ჭრილობასავით უნდა გადაიტანოს, სანაცვლოდ კი ახალი პერსპექტივა გაეხსნება. განდეგილმა ეს ვერ შეძლო.

— ნათქვამია, იმედგაცრუება თავის მოტყუებას სჯობსო. იყვნენ ადამიანები, რომელთაც ეჭვი შეიტანეს იმ ღირებულებებში, ადრე რომ სწამდათ, გაუცრუვდათ «ცრუ სასოება» და მათთვის ეს გარკვეულწილად იმ ჭეშმარიტების ძიების სტიმული აღმოჩნდა, რომლისთვისაც უცხოა იმედგაცრუება. ჰაგიოგრაფია მართლმადიდებლობაზე მოქცეული უცხოელი წმინდანების ამბავს მოგვითხრობს…

— აბო თბილელმა ისლამის ყოვლისმომცველ ტრადიციაში შეიტანა ეჭვი. საგულისხმოა, რომ დამპყრობელი და გამარჯვებული არაბული სახელმწიფოს წარმომადგენელმა დაპყრობილი ქვეყნის სარწმუნოება მიიღო, თანაც — სიკვდილის შიშის ფასად. ესეც ჭეშმარიტებით აღძრული ეჭვია, რომელსაც გაჰყვა აბო და ქრისტიანობის, ახალი ჭეშმარიტების აღიარებამდე მივიდა. ეს სულის სიცოცხლეა. თუმცა ყველა როდი ბედავს, ამ ეჭვს მიჰყვეს; ურჩევნია, ჩაკლას იგი და საზოგადოებისთვის მისაღები შეხედულებების გამზიარებლად დარჩეს. უმრავლესობა ასეც იქცევა. ადამიანი, რომელიც საზოგადოებრივ აზრს უკრიტიკოდ იღებს, ვერასოდეს ამაღლდება სიცოცხლის იმ დონემდე, რომელსაც თავიანთი პირადი შეგნებით, პირადი არჩევანით, გონიერი გადაწყვეტილებით მიაღწიეს აბომ, აღაზამ, ალუდამ… ისინი სხვა სიცოცხლით ცოცხლობენ. ეს ის სიცოცხლეა, რომელიც არაფერში გაიცვლება.

— თომა მოციქულს მეცნიერების მფარველად მიიჩნევენ, რაც სწორედ მის ეჭვთანაა დაკავშირებული…

— თომა მოციქულს ქრისტეს აღდგომაში ეჭვი შეეპარა. სანამ მაცხოვრის ჭრილობებში ხელი არ ჩაყო, ვერც ირწმუნა. თუმცა თომას ეჭვს გამართლებაც აქვს: ვის მიანდო შენი ცხოვრება, ხუმრობა საქმე როდია — ეს სერიოზული ცხოვრებისეული გადაწყვეტილებაა.

უამრავი მეცნიერული აღმოჩენა ეჭვის დამსახურებაა. გალილეო გალილეი დააეჭვა პტოლემეოსისა და არისტოტელეს შეხედულებებმა სამყაროს შესახებ და მართალიც გამოდგა — მან ახალი სამყარო აღმოაჩინა.

ცხადია, არსებობს ნიჰილიზმამდე მიმყვანი ავადმყოფური ეჭვიც. ფსალმუნშიც ხომ წერია: «თქვა უგუნურმან გულსა შინა თვისსა: არა არს ღმერთი. განირყვნეს და ბილწ იქმნეს იგინი უსჯულოებითა, არა ვინ არს, რომელმანცა ჰქმნა სიტკბოება» (ფს. 13,1). სწორედ ასეთი ეჭვის შედეგებს აღწერს დოსტოევსკი აბსურდიზმის თეორიამ გამოძახილი პოვა ივან კარამაზოვის სასოწარკვეთილ შეძახილში: «თუკი ღმერთი (უკვდავება) არ არის, მაშინ ყველაფერი ნებადართულია». ეს უპასუხისმგებლო ეჭვია — მცდელობა, გაამართლო ცოდვა, ვნებებისადმი მიდრეკილება. თუ კაცი ბოლოს მაინც არარად უნდა იქცეს, მაშინ ხომ სულერთია, როგორ ატარებს ცხოვრებას?

— ბოროტის მიერ აღძრული ეჭვი ადამიანის სულს ეუფლება და აშფოთებს. «მარქვი, რა უყავ, სად წარიღე სულის მშვიდობა, რისთვის მომიკალ ყმაწვილის ბრმა სარწმუნოება?» — ნიკოლოზ ბარათაშვილის ფორიაქი და სულის ამონაკვნესი გამოძახილია იმ დაუნდობელი ბრძოლისა, რომელსაც მას დემონური ძალები უმართავენ…

— ბარათაშვილი დაეჭვებული პოეტია. მის სულიერ ცხოვრებას სასოწარკვეთილების აჩრდილი, დეპრესია ახლავს: «არღარა აქვს მას ნდობა ამა სოფლის; ეშინიან, იკრძალვის, არღა იცის, ვის აუწყოს დაფარული მან გრძნობა, ეფიქრება ხელმეორედ მას ნდობა». შემოქმედი ცხოვრების აზრს კარგავს. მის სულს ღმერთი აღარ ჰყავს.

ლექსში «სულო ბოროტო» ურწმუნოების ტრაგიკული განცდა საოცარი გულწრფელობითაა გადმოცემული: «მას აქეთ არის, დავუკარგე სიმშვიდე სულსა, და ვერც ღელვანი ვნებათანი მიკლვენ წყურვილსა». დაკარგულ სულიერ სიმშვიდეს არ უჩანს საშველი, რადგან აღარ არის მარადისობის ურყევი რწმენა, ისეთი, როგორიც ჰაგიოგრაფიის ან რუსთველის გმირებს აქვთ, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ყოველგვარი ლოგიკის მიღმა, პოეტი ბედს მაინც არ ურიგდება და იბრძვის, რაც ასე მძაფრად არის ასახული «მერანში». ეს ლექსი «შავ ბედთან» ბრძოლაა, მაგრამ ბრძოლაა საკუთარი, ადამიანური ძალებით. დავით გურამიშვილი კი, როგორც არ უნდა გაუჭირდეს, შემწედ ყოველთვის უფალს უხმობს. ამიტომაც ზეცის გახსნა იოლია მისთვის.


სტატიის ავტორი: ლელა ჩხარტიშვილი
faith.ge






Комментариев нет:

Отправить комментарий