ღმერთი

ღმერთი

пятница, 11 января 2013 г.

ენათა ოჯახები.ანბანი.

ენათა ოჯახები.
დედამიწაზე გავრცელებულ ენებს აჯგუფებენ ე. წ. ენათა ოჯახებად მათი ისტორიული ნათესაობის მიხედვით: ენები, რომლებიც ერთი საერთო წინარე ენიდან არიან წარმოქმნილნი, ერთ ოჯახში არიან გაერთიანებულნი. ენათა ოჯახები თავის მხრივ იყოფიან ჯგუფებად და ქვეჯგუფებად და ამგვარად იქმნება ენათა ხისებრი სტრუქტურა. ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ ენათა კლასიფიკაციის შესახებ ერთი აზრი არ არსებობს, ამიტომ ნებისმიერი სტრუქტურა გარკვეულ პირობითობას გულისხმობს.

ქვემოთ მოტანილი კლასიფიკაცია ცოტა კონსერვატიულია, ვინაიდან იგი ასახავს ენათა დაყოფას ისეთ ოჯახებად, რომელთა ნათესაობა დიდი ხნის დამტკიცებულია. ამასთან ერთად, ზოგიერთი ოჯახები გაერთიანებულია გეოგრაფიული პრინციპით, მაგალითად „ინდიელთა ენები“, რომელიც ფაქტობრივად ოჯახების გაერთიანებაა. ასევე პირობითია „კავკასიური ენების“ ოჯახი, ვინაიდან საბოლოოდ არაა გარკვეული ჩრდილოკავკასიური (აფხაზურ-ადიღური, ნახურ-დაღესტნური) და სამხრეთკავკასიური (ქართველური) ენების გენეტიკური ნათესაობა.

http://ka.wikipedia.org/wiki/ენათა_ოჯახები

ანბანი.

ანბანი (შედგენილია პირველი "ან" და მეორე "ბან" ასოების სახელწოდებათაგან, როგორც ლათინური alphabetum ბერძნ. alpha და beta–სგან), ერთობლიობა ასოებისა, ან რაიმე სხვა სიმბოლოებისა, რომელთაგან თითოეული ცალკეულ ფონემას, ამა თუ იმ ენის შემადგენელ ბგერით ერთეულს, წარმოადგენს. ანბანის გამოყენებით შესაძლებელია ენაში შემავალი ყოველი სიტყვის ჩაწერა. ანბანის ასოებს, როგორც წესი გააჩნიათ დასახელება და კანონიკური თანადობა. დღესდღეობით მთელ მსოფლიოში გამოყენებულდამწერლობის სისტემებს შორის ანბანი დამწერლობის ყველაზე გავრცელებული ფორმაა. მხოლოდ რამდენიმე, დღესდღეობით შემორჩენილი დამწერლობა არ იყენებს ანბანს, მათ შორის ჩინური და იაპონური.

პირველი ანბანი დაახლოებით 3500 წლის წინ შეიქმნა იმ ხალხთა მიერ, რომლებიც ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე სახლობდნენ და სემიტური ენების წარმომადგენელ ენაზე ლაპარაკობდნენ. პირველი ჩვენამდე მოღწეული ანბანი ფინიკიელებმა შექმნეს. ჩვენს წელთაღრიცხვამდე 3000 წლის წინ ფინიკიური ანბანი ორი მიმართულებით გავრცელდა: აღმოსავლეთით – სხვა სემიტური ტომების წარმომადგენელ ხალხებში (არაბული და ებრაული ანბანი) და დასავლეთით – ძველ საბერძნეთში. ძველი ბერძნული ანბანი საფუძვლად დაედო ეტრუსკულ, ლათინურ, გოთურ, სლავურ ანბანებს.

დღესდღეობით მთელ მსოფლიოში დაახლოებით 50 ანბანია გავრცელებული. ისინი განსხვავდებიან გრაფიკული იერ–სახით, ისტორიული წარმომავლობით და იდეალური ანბანისაგან დაშორების ხარისხით. ანბანური დამწერლობა მით უფრო იდეალურად ითვლება, რამდენადაც თითოეული ასო (გრაფემა) ზუსტად შეესატყვისება ფონემას. ამ მხრივ არსებულ ანბანთა შორის, შეიძლება ითქვას, რომ ქართული სრულყოფილი ანბანია. აქ თითოეული ფონემა სათანადო გრაფემით აღინიშნება. ქართულ ანბანში არ არის შემთხვევა, რომ რამდენიმე ნიშანი ერთ ფონემას გადმოსცემდეს, ერთი და იგივე გრაფემა სხვადასხვა ადგილას სხვადასხვა ფონემას აღნიშნავდეს, ან კიდევ – გამოყენებული იყოს ფონემათა ჯგუფის აღსანიშნავად (როგორც ამას ადგილი აქვს სხვა ენებში, მაგალითად ფრანგულში, გერმანულში, ინგლისურში).

ასოების რაოდენობა ანბანში საშუალოდ 20–დან 30–მდე მერყეობს. ძველ ფინიკიურ კონსონანტურ ანბანში 22 ასო იყო. ძველ ბერძნულში 24, ქართულ ანბანში კი – 33 ასოა, მათ შორის 28 თანხმოვანი და 5 ხმოვანი. ჰავაის კუნძულებზე გავრცელებულ ანბანში მაგალითად 12 ასოა, რომელიც დღესდღეობით ყველაზე ნაკლებასოიან ანბანს წარმოადგენს, სინჰალურ ანბანი კი, რომელსაც კუნძულ შრი–ლანკას მაცხოვრებლები იყენებენ, 50–ზე მეტ ასოს შეიცავს.




http://ka.wikipedia.org/wiki/ანბანი

Комментариев нет:

Отправить комментарий