ღმერთი

ღმერთი

суббота, 5 января 2013 г.

კალანდა.

კალანდა.


კალანდა 13 იანვარს ღამე დგება ახალი სტილით, ძველი სტილით, კი იგი 31 დეკემბერია, იცოცხლეთ პოპულარულია გურიაში კალანდა, თუმცა გაცილებით მეტი ხიბლი მას ძველად ჰქონია.

აი, რა მიამბო ერთმა ასაკოვანმა ზემო აკეთელმა კაცმა.

„გვესტუმრებოდა ბატონი კალანდა და გათოვდებოდა მარა რა გათოვდებოდა, დეიფარებოდა მიწა, სახლი, ხეი, ხულა, ნალიე, საღორე, ყორიფელი. ღორის გამოთრევას თუ მოვასწრებდით საღორიდან და დავკლავდით, მერე ეიფსებოდა ყორიფელი თოვლით, ახლა ყველა სიკეთესთან ერთად თოვლიც აღარ მოდის. მაიც ხელფასი ხომ არაა ნეტაი? თუ არ მუშაობ არ მუა, მასე თუა ახლა არავინ არ მუშაობს ამ ჩვენი სოფლის რწმუნებულის გარდა. კი მარა, მაგისას რეიზა არ მევიდა თოვლი, შევესეოდით ყველაი და დავახვეტიებდით, სახლს, მეტი რაღა გვაქვს საქმე, ხოდა მაგაზე გამახსენდა, დილიდან საღამომდე ვხვეტავდით სახლის სახურავებს, დღეი რომ დავხვეტავდით მეორე დღემდე იმხელას გათოვდებოდა, სახლი იწყებდა წკიპინს, გაკავდებოდა გზაი, გავთოლავდით მარტო მეზობლისას გადასასვლელ ალაგემდე გზას, ხან იგი გადმევიდოდა ჩემსას, ხან მე გადევიდოდი იმისას და მივუჯდებოდით ბუხარს, მივიდგამდით დოქით ადესას, გავაწყობდით სტოლს ცხელ-ცხელი ხაჭაპურებით, მოხარშული დედალით, ქაფქაფა ღომით, მოვძახებდით ორიდელას, კაი ჩახვეულ კრიმანჭულს. ვიცეკვებდით და ვიხუნტრუცებდით დილამდე.

დილას ისევ სახლი იყო დასახვეტი, გევიდოდით სახურავზე, გევიხვითქებოდით ოფლში, ჩამევიდოდით იქიდან და დავაპურებდით აბღავლებულ ძროხას, აკრიახებულ ქათმებს, აყმუვლებულ ძაღლს, აჭიხვინებულ ცხენებს, გზას გავიკვლევდით წისქვილისკენ, ჭიდან ამევიღებდით წყალს, დავაპურებდით ატირებულ ბაღნებს, მივუალერსებდით აკაკანებულ ქალებს და მერე ისევ სუფრას მივუსხდებოდით და ასე გადიოდა დრო. კალანდა ღამეს კი წმინდა ბასილი მობრძანდებოდა ყველაისას. ოჯახის უფროსი ღამის 12 საათამდე გევიდოდა გარეთ ხონჩით, როგორც კი 12 შესრულდებოდა, დეიძახებდა კართან, წმინდა ბასილი მობრძანდებაო, რა მოაქვსო, შესძახებდნენ შიგნიდან ბაღნები.
— მშვიდობა, ღვთის წყალობა და ყორიფელი კაი. ადესაი, ჯანჯუხა, ხაჭაპური, კაფენტები — ჩამოთვლიდა იმ ხორაგს, რაც ხონჩაზე ელაგა და კალანდაც დადგებოდა.
ახლა საღადაა მასთე, თოვლი ხომ არ მევიდა და არ მევიდა, ვიღას ახსოვს წმინდა ბასილი?! თოვლის ბაბუა ჩამევიდა ლაპლანდიიდანო იძახიან და რა უნდა მომიტანოს მე ლაპლანდიელმა აგერ ლანჩხუთელს, არ უქნია აფერი სიკეთე, თუმცა ჩვენამდე არც იგი ლაპლანდიელი მოსულა, რომც მოსულიყო რას გევიგებდით იმის ბჟუტურს, ჩვენ აგერ ჩვენი გამგებელი რას ლაპარაკობს იმას ვერ ვიგებთ. მარა რაცხაფერ ვართ… ყველა ტელევიზორთან კია მიმჟდარი, ყველას დუუბჩენია პირი და უყურებს ამდენ მაიმუნობას. მუა კალანდა და ატყდება ერთი ბათქა-ბუთქი, ომი დეიწყოო გეგონება, თვარა არ გვეშინია, რუსი არ წამოგვეპაროს უცფათ, რა შეუშლის ხელს? ხოდა რავარც ბათქა-ბუთქი ატყდება, მივალ სხვენზე. ბაღნებს ვუჩივი, დევიმალოთ-მეთქინ. ბაღნები კტებიან სიცილით. უწკაპუნებენ ტელეფონებს. თურმე, ასე ულოცავენ ერთმანეთს, საღადაა ძველებური კრიმანჭული და ოროდელა. აგერ, ილარიონის ბიჭი რომაა, ჩემი მეზობელი, მაგას მუსიკალური ცენტრი ჰქონია შინ, რას ქვია არ ვიცი, მარა მთელი სოფელი კალანდას ილარიონისას მივა, იმისთანა ამბავი იქნება იქინე, სოფლის ბოლოში გეიგონებ მუზიკის ღრიალს.

ჩაიწერა მაია კუკულაძემ; www.lanplus.com.ge
******************

შობა
გურულებს დღესასწაულებზე სხვადასხვა რიტუალი ქონდათ, საშობაო რიტუალი რომელიც დღემდეა შემორჩენილი მუცლის სალოცავებისა და საშობაო ღვეძლების დაცხობაა. ღვეზლებს ადრე კეცებზე აცხობდნენ ,, ... მუცლის სალოცავი პატარ-პატარა კოკრებია ყველით გატენილი და შუაზე ერთი გამხმარი კვერცხია დატანებული, ყველა ერთი ზომისა და ღირსებისაა. ღირსება ყველისა და კვერცხის მეტნაკლებობაშია და თითოეულ სულზე თითო ცხვება. ღვეზელი სამკუთხედია, ამასაც სათითაოდ აცხობენ, მაგრამ ის არაა ერთი ზომის. აცხობენ საუფროსოს და საუმცროსოს, ზოგს თითო 4-5 კვერცხს ,,მიურთავდნენ”, განსაკუთრების გამოაცხობდნენ აგრეთვე სასტუმრო და მეალილოეს საჩუქარ ღვეზელს.” - აპოლონ წულაძე (,,ეთნოგრაფიული გურია”).

,,კალანდა,“– ახალი წელი გურიაში
მაშინ როდესაც მსოფლიო ზეიმობს ახალ წელს წელიწადში ერთხელ, მართმადიდებელი ქრისტიანები მას ორჯერ ავღნიშნავთ– ძველი და ახალი სტილით, რადგანაც ჩვენ ვიყენებთ ძველ და ახალ კალენდარს, მართმადიდებლები აღნიშნავენ ახალ წელს 1 და 14 იანვარს. 14 იანვარის აღნიშვნა საქართველოს სხვადასხვა მხარეში სხვადასხვა ტრადიციებით ხდება სხვადასხვა რიტუალითა და სახელწოდებით, რაც საუკუნეების განმავლობაში ტრადიციათ იქცა. გურულები ახალ წელს, იგივე ,,კალანდას,“ როგორც მას ისინი ეძახიან აღნიშნავენ ჩიჩილაკის მორთვით, ხის თეფშზე აწყობენ ხაჭაპურს, ღორის თავს, ტკბილეულსა და ღვინოს და სვამენ ბედნიერებისა და კეთილდღეობის სადღეგრძელოს. გურულების შობა – კალანდის ამბავი კი ასე დადგენილა.... რაცა რ უნდა მშრალი იყოს ზამთარი, ძველით ახალ წელს მაინც გათოვდებაო, ამბობენ გურიაში და მართლებიც არიან– 13 იანვრის ღამეს ყოველთვის თოვს, დგება ნამდვილი ახალი წელი კალანდა...ვიდრე კალანდობის ღამე შემოვა, წინასწარ საცეცხლედ ცხემლას არჩევენ და 13 იანვარს ბუხარში შეუძახებენ. სანამ 12 საათზე თოფების გამაყრუებელი ბათქაბუთქი არ ამტყდარა, სოფელში მხოლოდ ძაღლების ყეფა, შეშის ტკაცუნი ისმის.... მთებს ჩახუტებულ პატარა გურიაში კალანდა ჩიჩილაკთან ერთად შემოდის. . . .,,კალანდა“ ლათინური სიტყვაა და ნიშნავს ახალი წლის პირველ დღეს და ფრაზები: საკალანდო პური და ღვინო,“ ,,საკალანდო ღორი,“ ,,ღორის ყბა, “ კალანდის დღესაასწაულს უკავშირდება.

ჩიჩილაკი.

კალანდის მთავარი ატრიბუტია ,,ჩიჩილაკი,“ კალანდობის ,,მზის“ სხივები-ჩიჩილაკის ბურბუშელაა (საერთოდ კი დღეს სიმბოლურად წმინდა ბასილის წვერადაა მიჩნეული), თავად ჩიჩილაკი კი მზე. ზოგჯერ გურიაში 2 მეტრიან ჩიჩილაკებსაც თლიდნენ და ჯვრით ამკობდნენ, ხოლო ძირში სუროს უფენდნენ (გურულებმა ისიც იციან, რომ სურო ოლიმპის ერთმა ღმერთმა დიონისეს გადააფარა, რათა მტრების ცეცხლში არ დამწვარიყო). ჩიჩილაკზე შემოხვეული სურო სიმბოლურად სინედლესა და სიცოცხლეს უბედებდა ოჯახს.

,,საკალანდო ღორი“ სპეციალურ ადგილზეა მოთავსებული და მას კარგად კვებავენ, თან ,,სუქ, სუქ, სუქ“– ს ეძახიან რაც იმისის გარანტიაა, რომ საკალანდო სუფრა ძალიან გემრიელი და მსუყე იქნება.

,,კუჩხა“ კალანდის მეორე დღეა, უძველესი ტრადიციის მიხედვით ირჩევენ ,,ფეხადს“ ანუ ადამინს რომელიც პირველი შეადგამს ფეხს ოჯახში შუაღამის შემდეგ, რომელსაც მოაქვს საჩუქარი, და ისვრის თოფს ან ანთებს ბუხარს და ა.შ რათა ბედნიეერბა დაუბედოს ოჯახს.

,,ღორის ხუთშაბათი,“ აგრეთვე კალანდის შემდეგ მოდის. ძველად ანთებდნენ სანთელს, მაგიდაზე შემწვარი ღორის ხორცს შემოუწყობდნენ დარჩენილ ღვინოსა და ხაჭაპურს. გურულები წმინდა ბასილს შესთხოვდნენ ბედენიერებასა და სიუხვეს. ამგვარად, თუ კალანდას გურიაში გაატარებთ ახალი წლის გურული ტრადიციული სუფრა გარანტირებული გექნებათ. გურული აუცილებლად თქვენთან ერთად იმღერებს პოლიფონიურ სიმღერებს.
******************


Комментариев нет:

Отправить комментарий