ღმერთი

ღმერთი

среда, 3 мая 2017 г.

«მორწმუნე თომა»

morwmune-toma


ბავშვობაში გამიგონია გამოთქმა: „ურწმუნო თომა“, ასე ამბობდნენ ხოლმე საყვედურით ვინმეზე, ვისაც არ სჯერა საკმაოდ სარწმუნო ამბების. ასეთი ლექსიც კი არსებობდა პიონერ თომაზე, რომელსაც არავისი სჯეროდა, მათი ჩათვლით, ვინც მოსალოდნელი საფრთხის შესახებ აფრთხილებდა, შედეგად კი ის ნიანგმა შეჭამა.  ასრომ თომა იყო  ურწმუნოების სიმბოლო.
მაშინ იმ მოციქულის შესახებ არაფერი ვიცოდი, რომლის სახელის გამოც წარმოიქმნა ეს გამოთქმა, მაგრამ როცა უკეთ გავიგე, მივხვდი, რომ ის წარმოადგენს რაღაც სულ სხვას.
სახარებისეულ თხრობაში საკმარისად არის ხალხი, რომელიც გამოხატავს ურწმუნოებას და ითხოვს მტკიცებულებებს. უფალი უარს ეუბნება მათ. თომა ითხოვს მტკიცებულებებს და იღებს კიდეც მათ, რატომ?
იმიტომ, რომ  ურწმუნოება არსებობს მრავალი სახის. ხდება ისე, რომ ადამიანი ვერ ბედავს მისთვის სასიხარულო ამბის დაჯერებას –  რადგან მეტისმეტად კარგია, იმისათვის, რომ ის სიმართლე იყოს: „ჰო, რა თქმა უნდა, შესანიშნავი იქნებოდა: მოსიყვარულე ღმერთი, რომელიც მზადაა გაპატიოს, დაგამშვიდოს და მარადიული სიცოცხლე მოგანიჭოს, მაგრამ ყველაფერი ეს დამამშვიდებელი ფანტაზიებია, სინამდვილეში კი – დაბნეულობა, უაზრობა, ტკივილი და სიკვდილია“.
არსებობს სხვა სახის ურწმუნოებაც – როცა სასიხარულო ამბავი არც კი გვეჩვენება სასიხარულოდ და ადამიანი დაიჟინებს, როგორც სოლოვიოვის „ანტიქრისტეში“:  „არ აღმდგარა! არ აღმდგარა! გაიხრწნა, გაიხრწნა გაიხრწნა მიწაში!“. ამბავი იმის შესახებ, რომ იესო არის უფალი და მხსნელი, მას მეტისმეტად არაკომფორტულად, არასასიამოვნოდ და ძალიან გულდასაწყვეტად ეჩვენება და მას არ უნდა, რომ ეს სიმართლე იყოს. ასეთი ადამიანი,  როგორც სახარებისეული ფარისევლები, ითხოვს ნიშანს სწორედ იმიტომ, რომ ის არ მიიღოს. ის არ აპირებს დაჯერებას არც ერთ შემთხვევაში.
თომას ურწმუნოება – სწორედ პირველი ტიპისაა. თომა პესიმისტურად გამოიყურება. უბედურების, დამანგრეველი ამბების მაშინვე და გამოუძიებლად  სჯერა, სასიხარულოსი – არა.  როცა უფალი საუბრობს იმის შესახებ, რომ მას მოკლავენ, მოციქულები თხოვენ  მის მარჯვნივ და მარცხნივ დასხდომის ნებართვას მის დიდებაში – თითქოს საერთოდ არ ესმით რაზეა საუბარი.
და მოწაფეთაგან, რამდენადაც ეს ტექსტში შეგვიძლია დავინახოთ, მხოლოდ ორს პირდაპირი მნიშვნელობით და სრულად სჯერა მისი სიტყვების.  იუდას, რომელიც ეძებს თავისთვის შესაძლებლობას, რომ დატოვოს ეს სახიფათო (და განწირული) ჯგუფი და ამასთან გაიუმჯობესოს თავისი ფინანსური საქმეები და თომა, რომელიც გარკვეული დროის შემდეგ ამბობს :  „წავიდეთ და მოვკდეთ მასთან ერთად“. (იოანე 11:16)
ის მაშინვე იჯერებს სიკვდილს – და ეჭვი ეპარება აღდგომაში, მაგრამ ის არ მიდის და არ ღალატობს. ის მზად არის წავიდეს და მოკვდეს იესოსთან ერთად. ის არ მოელის გამარჯვებას, დიდებას, საერთოდ არაფერს კარგს. უბრალოდ რაკი უფალს ელის სიკვდილი, საჭიროდ მიაჩნია წავიდეს და მოკვდეს მასთან ერთად. ესეც რწმენაა – მაგრამ არა სასიხარულო დარწმუნებულობა გამარჯვებაში, არამედ მზაობა შეინარჩუნოს ერთგულება და მისდიოს უფალ იესოს ყველგან, ნებისმიერ ადგილას, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ნათლად ხედავს წინ სიკვდილს.
კ.ს ლუისის ნარნიას ქრონიკების ერთ-ერთ ზღაპარში: „ ვერცხლის სავარძელი“,  ლუჟეხმური პასუხობს ჯადოქარს, რომელიც არის მიწისქვეშა სამყაროს მმართველი:
„იქნებ სიმართლეცაა ყველაფერი, რაც აქ თქვით. არ გამიკვირდება. პირადად მე იმათ რიცხვში ვარ, ვინც ყოველთვის მზადაა უარესისთვის. ასე, რომ არ დავიწყებ თქვენთან კამათს, მაგრამ ერთი რამე  მაინც უნდა გითხრათ. ვთქვათ მართლაც ვნახეთ სიზმარში ან გამოვიგონეთ ხეები, ბალახი, მზე, მთვარე და ვარსკვლავები და თვით ასლანიც (ლომი) კი. დავუშვათ.
ამ შემთხვევაში ვალდებული ვარ განვაცხადო, რომ ჩვენი გამოგონილი საგნები გაცილებით მნიშვნელოვანია ნამდვილზე. წარმოვიდგინოთ, რომ ეს  ბნელი ხვრელი – თქვენი სამეფო – არის სწორედ ერთადერთი სამყარო.
ასეთ შემთხვევაში ის დაუჯერებლად უბადრუკია! სასაცილოა. და თუ დავფიქრდებით, გამოდის  ძალიან სახალისო რამ. ჩვენ იქნებ ბავშვებიც კი ვართ, რომლებმაც მოიფიქრეს რაღაც თამაში, მაგრამ გამოდის, რომ თამაშის დროს გამოვიგონეთ სამყარო, რომელიც ყველაფრით სჯობს თქვენსას, არსებულს. ამიტომაც მე ამ გამოგონილი სამყაროს მომხრე ვარ. ასლანის მომხრე ვარ, მაშინაც კი თუ ნამდვილი ასლანი არ არსებობს. მე ვეცდები ვიცხოვრო როგორც ნარნიელმა, მაშინაც კი თუ არ არსებობს არავითარი ნარნია. ასე, რომ გმადლობთ ვახშმისათვის, მაგრამ თუ ეს ორი ჯენტლმენი და პატარა ქალბატონი მზად არიან, ჩვენ დაუყოვნებლივ დავტოვებთ თქვენს სამეფო კარს და ვიხეტიალებთ სიბნელეში, რათა ვიპოვოთ მიწის ზევით ასასვლელი. სწორედ ამას მივუძღვნით სიცოცხლეს.  და მაშინაც კი, თუ ის არც ისე ხანგრძლივი იქნება, დანაკარგი დიდი არ არის, თუ სამყარო – ისეთი მოსაწყენი  ადგილია, როგორც თქვენ აღწერეთ“.

თომა მოციქული ყოველთვის მზად არის უარესისთვის: ქრისტე არ აღმდგარა, მენელსაცხებლე დედები ბოდავენ, – მოციქულებიც მათთან ერთად,  მაგრამ ის არ ღალატობს და არ მიდის. თომა – და ეს ძალიან მნიშვნელოვანია რომ აღვნიშნოთ – რჩება მოწაფეებთან ერთად. ამიტომ მისი ურწმუნოება – სულ სხვა სახისაა, ვიდრე ფარისევლების ურწმუნოება.
და ქრისტე პასუხობს თომას ეჭვებს – ის ეცხადება პირადად მას და თომა დაუყოვნებლივ წამოიძახებს „ უფალი ჩემი და ღმერთი ჩემი!“
ზოგჯერ ადამიანები ამბობენ: „მე არ მაქვს რწმენა“, გულისხმობენ რა ამაში დაახლოებით იმას, რომ მათ არ აქვთ სასიხარულო განცდა ღვთის მათთან მყოფობისა, საზეიმო რწმენა იმისა, რომ ქრისტე ჭეშმარიტად აღდგა… ისინი საერთოდ ადვილად ვარდებიან პესიმიზმში. მაგრამ თომას მაგალითი გვიჩვენებს, რომ იქ, სადაც ადამიანი აკეთებს არჩევანს, ქრისტესთან იყოს, მას მისდიოს, დარჩეს მის მოწაფეებთან ერთად, მაშინაც კი თუ არანაირი რწმენა არ არის – ქრისტე თვითონ მოდის, რათა მისცეს  მას ეს რწმენა. და ასეთი ადამიანების ნეტარება განსაკუთრებით დიდია, როცა ისინი გადაწყვეტენ ირწმუნონ, მაშინ როცა ვერ ხედავენ.
სერგეი ხუდიევი
თარგმნა: ლამარა რურუამ

http://kenozisi.ge


Комментариев нет:

Отправить комментарий