ღმერთი

ღმერთი

пятница, 22 февраля 2019 г.

უნდა გვიყვარდეს თუ არა საკუთარი თავი?!


უცნაურია, მაგრამ თვითუარყოფა, როგორც წესი, ქრისტიანული ეთიკის განუყოფელი ნაწილი ჰგონიათ. არისტოტელე ადამიანს საკუთარი პიროვნების სიყვარულს როცა ასწავლის, ჩვენ ვგრძნობთ, რომ მისი წვდომა ქრისტიანულ სიმაღლეებს ვერ უახლოვდება. უფრო რთულადაა საქმე, როდესაც ფრანცისკო სალელი თავისი ნაწარმოების სპეციალურ თავში მკაცრი გრძნობების გამოხატვას საკუთარი პიროვნების მიმართაც კი გვიკრძალავს და გვირჩევს მხოლოდ „მშვიდობიანი და მშვენიერებით აღვსილი სულისკვეთებით“ დავკმაყოფილდეთ.

იულიანა ნორიჩსკაია მშვიდობას და სიყვარულს არა მხოლოდ სხვისადმი, საკუთარი თავის მიმართაც ქადაგებს, მაგრამ არც ეს თვალსაზრისი გახლავთ ქრისტიანული სულისკვეთება. ბოლოს, მივაქციოთ ყურადღება, რას გვასწავლის მაცხოვარი: გვიყვარდეს მოყვასი, როგორც საკუთარი პიროვნება და წარმოვიდგინოთ, რა საშინელება იქნება, თუ ჩვენი თავი არ გვეყვარება. ამასთან, ახალ აღთქმაში ვკითხულობთ: „ვისაც თავისი სული უყვარს, დაკარგავს მას; და ვისაც თავისი სული სძულს ამქვეყნად, საუკუნო სიცოცხლისათვის შეინახავს მას” (იოან. 12:25), ანუ ადამიანს თავისი თავი უნდა უყვარდეს, მაგრამ არა ამქვეყნიური დროებითი ცხოვრებისათვის (ლუკა 14:26).

ჩვენ არ გვსურს მივჩქმალოთ გაჩენილი წინააღმდეგობა და განვმარტავთ: გარკვეულ მომენტამდე საკუთარი თავის სიყვარული კარგია, ხოლო იმის იქით – ცუდი. აქ საქმე სიყვარულის ხარისხით არ არის განპირობებული. შედეგების გათვალისწინებით, არსებობს, ერთი შეხედვით, საკუთარი პიროვნების სიყვარულის უარყოფის სრულიად ურთიერთსაწინააღმდეგო ორი სახე.

პერსი ბიშ შელი როდესაც ამტკიცებს: „საკუთარი პიროვნების სიძულვილი მრისხანების წყაროა“, ხოლო მეორე, უფრო გვიანდელი პოეტი გმობს იმ ადამიანებს, რომლებსაც „მოყვასი ისე ეთაკილებათ, როგორც საკუთარი თავი“. ერთიცა და მეორეც, არცთუ იშვიათ, მაგრამ, ერთმნიშვნელოვნად, არაქრისტიანულ გამოვლინებას უპირისპირდება, რადგან თუ ადამიანს თავისი ეგოისტური გრძნობები ცხოველს ამსგავსებს, მასში სიძულვილი იმძლავრებს და ბოლოს, ეს ბოღმა მას ნამდვილ დემონად გადააქცევს; ან კიდევ, როდესაც პიროვნება, ღმერთის მადლით, თავის უწმინდურებას თვალნათლივ ხედავს და საუბედუროდ, არ იჩენს ღვთისადმი მორჩილებას, მას ადამიანებზე და მათ შორის, საკუთარ თავზეც „დაბალი შეხედულება“ უყალიბდება, აქედან კი მასში ცინიზმი, სისასტიკე ან ერთდროულად, ერთიცა და მეორეც, იბადება. ამ საშიშროებისგან ის ქრისტიანებიც კი არ არიან დაზღვეულნი, რომლებიც ადამიანს შესაბამისად ვერ აფასებენ. ასეთები, როგორც სხვათა, ისე საკუთარ ტანჯვას აზვიადებენ.

ადამიანს თავისი პიროვნება შეიძლება იმის გამო უყვარდეს, რომ მან საკუთარ თავში და ზოგადად, ადამიანში ღმერთის ქმნილება დაინახა და თუ თვალსაზრისი ასეთია, როგორებიც უნდა იყვნენ ეს ქმნილებანი, მათ მიმართ პიროვნებას სიყვარულის და გულმოწყალების გრძნობა უძლიერდება. სხვა შემთხვევაა, როდესაც ვინმემ შეიძლება საკუთარი თავი სამყაროს ცენტრადაც წარმოიდგინოს და სხვისი სარგებელი თავის სარგებელს ანაცვალოს. არა მხოლოდ უნდა შევიჯავროთ, არამედ საბოლოოდ უნდა ამოვძირკვოთ ეს მეორე, ეგრეთ წოდებული, თვითმოყვარეობა. ქრისტიანი ამ გრძნობის წინააღმდეგ დღენიადაგ უნდა იბრძოდეს. ქრისტიანს სამყაროში, როგორც ბიბლიურ ნოეს, ყოველი არსება უნდა უყვარდეს, ყოველ პიროვნულ „მე“-ზე ზრუნავდეს, თუმცა „მე“-ში ცოდვაც არ უნდა ხიბლავდეს.

საკუთარ თავში გაჩენილი ანგარების გრძნობის წინააღმდეგ ბრძოლა ქრისტიანს მოყვასის სიყვარულს ასწავლის. იმედი მაქვს, როდესაც მოყვასს ისევე შევიყვარებთ, როგორც საკუთარ პიროვნებას, ადვილად მივხვდებით, რა არის საკუთარი თავის ჭეშმარიტი სიყვარული და ამის შემდეგ, ჩვენში შენიღბულად მოკალათებულ მიკერძოებულობას მოწყალების გრძნობა ჩაანაცვლებს. ამ შეგრძნებების საპირისპიროდ თავმოძულე არაქრისტიანის შესახებ უნდა ითქვას: მას სძულს ყოველი „მე“ და ყოველივე იმას, რასაც ადამიანები ღვთის ქმნილებას უწოდებენ, კატეგორიულად ვერ ეგუება. დადებითად ის მხოლოდ ერთს – საკუთარ „მე“-ს აფასებს და მას შესაბამის პატივსაც მიაგებს და, როდესაც რწმუნდება, რომ ეს „ძვირფასი ინდივიდი“ სიბინძურით არის აღვსილი, მისი სიამაყეც ილახება.

სწორედ ამიტომ, რისხვას დასაწყისში სწორედ თავის ინდივიდუალურ „მე“-ს დაატეხს, ხოლო შემდეგ, რეალურად თუ თავის გრძნობებში, ყველა დანარჩენს მიწასთან ასწორებს. ბოლოს, ამ ბრძოლაში ის მაინც ღრმად თავმოყვარე რჩება, თუმცა მისი თავმოყვარეობა უკვე შიგნიდან გარეთ გამოხეთქავს და მისი არგუმენტიც მარტივია: „თუ მე არა, სხვა რატომ?“ ეს იგივეა, რასაც ტაციტუსთან ცენტურიონი ამბობს: „უფრო მკაცრად, რადგან მე ბევრი მაქვს გადატანილი“.

ბოლოს, უნდა ითქვას, რომ უგუნური ასკეტიზმი სულს ამახინჯებს, გონივრულ „მე“-ს გვავიწყებს. ჭეშმარიტება კი ისაა, რომ უსიყვარულობაზე უმჯობესი საკუთარი პიროვნების სიყვარულია; საკუთარი პიროვნების სიყვარული მოყვასის სიყვარულის საწინდარია.

კლაივ ლუისი