ღმერთი

ღმერთი

среда, 7 июня 2017 г.

ფარნავაზიანები.

საქართველოს სამეფო დინასტიები.

ფარნავაზიანები და ბაგრატიონები.

I.

ფარნავაზიანები.

მსოფლიო ისტორიაში მრავალი სამეფო დინასტია არსებობდა (ზოგიერთი ახლაც არსებობს).
სხვადასხვა იყო მათი ზეობის დრო და ხანგრძლივობა. თანმიმდევრობით, მემკვიდრეობით ადიოდნენ სამეფო ტახტზე ერთი და იმავე გვარის მეფეები. სამეფო გვარებს შორისაც არის გამორჩეული დინასტიები, ამა თუ იმ ხალხის სახეს რომ განსაზღვრავენ.
უზარმაზარი კვალი დატოვეს მსოფლიო ისტორიაში ვალუებმა და ბურბონებმა, ტიუდორებმა და სტიუარტებმა, ჰაბსბურგებმა და რომანოვებმა... ამ საოცარ გალერეაში გამორჩეული ადგილი უკავიათ ქართულ სამეფო დინასტიებს - ფარნავაზიანებსა და ბაგრატიონებს.წარმოგიდგენთ საქართველოს სამეფო დინასტიებს.

ფარნავაზიანთა დინასტიის დამფუძნებელი, მომავალი მეფე ფარნავაზი, მხოლოდ სამი წლისა იყო , როდესაც ქართლში შემოვიდა აზონ(აზო), დახოცა მცხეთის მამასახლი სამარა და მისი ძმა(ფარნავაზის მამა, რომლის სახელი წყაროებში არ მოიხსენიება), ხელში ჩაიგდო ძალაუფლება და თავი მეფედ გამოაცხადა. ვინ იყო აზო? ქართლის პირველი ქართველი მეფე თუ ბერძენი დამპყრობი? ორივე ვერსიას ,,ქართლის ცხოვრება'' გვთავაზობს.

ლეონტი მროველის ,,მეფეთა ცხოვრების'' მიხედვით, ალექსანდრე მაკედონელმა დაიპყო ქართლი და აქ მმართველად დატოვა თავის სარდალი აზო, რომელმაც შემდგომ კოლხეთიც დაიმორჩილა და 24 წელი განაგებდა საქართველოს. ,,მოქცევაი ქართლისაის'' უცნობი ავტორი კი წერს, რომ აზო იყო ქართლიდან, ანუ ირანის მიერ დაპყრობილი სამხრეთ საქართველოს ერთერთი ტომის შვილი.

... ფარნავაზს შურისძიებისა და ქვეყნის პატრონობისთვის ამზადებდნენ. ეს დროც დადგა. მთას შეფარებული ჭაბუკი ფარნავაზი დაუკავშირდა დასავლეთ საქართველოს ერისთავს ქუჯის, ჩრდილოკავკაისელ და წინააზიელ მომხრეებს, დაამარცხა აზო და გახდა გაერთიანებული ქართლისა და ეგრისის, ამიერი და იმიერი საქართველოს მეფე და შემდგომში სახელოვანი დინასტიის დამაარსებელი.
უზარმაზარი კვალი დატოვა ფარნავაზმა საქართველოს ისტორიაში. მან შემოიკრიბა ქართული ტომებით დასახლებული მიწა-წყალი და სახელმწიფო ჩამოაყალიბა. ქვეყანა რვა საერისთავოდ დაყო. ქართლის მთაზე აღმართა უზენაესი ღვთაება არმაზი, რომელიც გახლდათ არა ტომის თუ თემის სალოცავი, არამედ ერთიანი სახელმწიფოს სიმბოლო.

ფარნავაზმა განავრცო ენა ქართული ,,...და არღარა იზრახებოდა სხუა ენა ქართლსა შინა, თვინიერ ქართულისა და ამან შექმნა მწიგნობრობა ქართული''.

,,ქართლის ცხოვრების'' მიხედვით, 27 წლისა ავიდა ფარნავაზი სამეფო ტახტზე. 65 წელი იმეფა და 92 წლის ასაკში მიიცვალა. მეფობის სავარაუდო პერიოდია ძვ.წ. აღ-ით 302-237 წლები.

ფარნავაზის შემდგომ მისი ძე საურმაგი გამეფდა. როგორც მკვლევარი ვახტანგ გოილაძე წერს,  ,,მეფეთა ცხოვრების'' ცნობათა სათანადო ანალიზით, ნათლად ჩანს, რომ ფარნავაზიდან მოკიდებული, ახ.წ.აღ-ით 537 წლამდე, სანამ ჩვენში ირანელებმა მეფობა გააუქმეს, ქართლში მხოლოდ ფარნავაზიანთა დინასტიის წარმომადგენლები მეფობენ.

ბევრი ციხე-სიმაგრე და გოდოლ-ბურჯი განასრულა საურმაგმა მამისაგან დაწყებული, ბევრიც თვითონ ააგო.იმთავითვე მრავალი მტერი ჰყავდა ქართველთა მოდგმას, საზღვრებს გარეთაც და შიგნითაც.ბევრმა ზეპურმა არ ისურვა საურმაგის ხელმწიფობა. საურამაგმა თავის მომხრეებს დედულეთიდან, დურძუკეთიდან დაახმარა მეომარნი და მოჯანყევი სასტიკად გაანადგურა.

საურმაგის მემკვიდრე მირიან პირველი, ანუ მირვანი,რომელმაც ,,ქართლის ცხოვრების'' მიხედვით ქართლში ძვ.წ. აღ-ის მეორე საუკუნის დასაწყისში დაამკვიდრა ქალღმერთ აინანას კულტი. ერთ-ერთი ვერსიით,ძვ.წ. აღ-ით 189-155 წლებში მოღვაწეობდა მირვანი. ყოფილა ,,ტანითა სრული, შუენიერი,ძლიერი, მხნე და ქუელი''. მირიან პირველის ძალიხმევა მიმართული იყო ქვეყნის ჩრდილოეთითაც და სამხრეთითაც. სამხრეთის საზღვარი მან, სანამ არსებობდა სელევკიდების სირიული სახელმწიფო, საიმედოდ იყო დაცული. ფარნავაზი და მისი პირველი მემკვიდრენიც კეთილმეზობლობდნენ ამ ელინისტურ სახელმწიფოსთან. მაგრამ მას შემდეგ, რაც უძველესმა რომმა დაამარცხა სელევკიდების ქვეყანა და მის ნანგრევებზე წარმოქმილი სომხეთის სამეფოები გაძლიერდნენ, ქართლს პრობლემები შეექმნა.

სწორედ მეორე საუკუნის პირველ ნახევარში მიიტაცეს დიდმა და მცირე არმენიამ ჭოროხის ხეობა და ტაო-არტაანი, ქვემო ქართლი და ქიზიყ-კამბეჩოვანი. მოგვიანებით, ეს ფაქტი სომხეთის რადიკალური წრეების მხრიდან აბსურდამდე მისული, უსაფუძვლო ტერიტორიული ამბიციების მიზეზი გახდა.

ქართლს პრობლემები შეექმნა ჩრდილოეთიდანაც, საიდანაც ერთდროს მოკავშირე დურძუკნი, - ჩრდილოკავკასიელი მთიელები შემოიჭრნენ. მაგრამ მირიანმა, რომელიც თავად იბრძოდა ხმალდახმალ, ,,ვითარცა ჯიქი, ვეფხვი სიმხნევითა და ლომი ზახილითა'', ერთგული ერისთავების მხარდაჭერით ალაგმა მოქიშპენი და საიმედოდ ჩარაზა დარიალი. ,,მოქცევაი ქართლისაი'' აღწერს , თუ როგორ აღმართა მირიან პირველმა ქაღმერთ დანინას კერპი.

მემატიანე ლეონტი მროველი ქართლის ანუ იბერიის მეოთხე მეფეს, ფარნაჯომს(რომელიც სავარაუდოდ ძვ.წ. აღ-ით მეორე საუკუნის 70-იან წლებში მეფობდა)გამოარჩევს იმით, რომ მან საისტორიო ტრადიციისამებრ დიდი მცხეთის სევსამორას ნაწილში აღმართა ზადენის წარმართული კერპი,ხოლო კახეთში _ ნეკრესისა.

შემდგომი , მეხუთე მეფე არშაკ პირველია, ერთერთი ვერსიით, არსოკი, რომელიც მეფობდა დაახლოვებით ძვ.წ.აღ-ით მეორე საუკუნის პირველ ნახევარში. აქედან მოყოლებული, ,,ქართლის ცხოვრებაში'' წყვეტილია - არშაკის მერე თითქმის მთელი საუკუნე არავინაა მოხსენებული. საუკუნის გამოტოვებით მომდევნო მეფედ დასახელებულია არტაგი. ლეონტი მროველი კი არტაგს არშაკის ძედ და მეექვსე მეფედ მოიხსენებს, რომელიც ენერგიულად იბრძვის სპარსეთში გაბატონებული პართიული დინასტიის აგრესიის წინააღმდგე.

ბერძნულ წყაროებში, კერძოდ დონ კასიოსის მატიანეში ეს მეფე არტოკია. არტაგის(არტოკის)მეფობის ჟამს შემოიჭრა ძველი რომის გამორჩეული სარდალი გნეუს პომპეუსი(65 წელია ძვ. წ. აღ-ით). პომპეუსმა დაამარცხა ყველა ჩვენი მეზობელი - პონტოს სამეფოდან დაწყებული სომხეთითა და კავკასიის ალბანეთით დამთავრებული. ამიტომ არტაგის წინააღმდეგობა გაუბედავი და პასიური იყო. მცხეთაში მჯდომმა არტაგმა მიატოვა არმაზციხე, გადავიდა მტკვრის მარცხენა მხარეს და ხიდი დაწვა, შემდეგ მტკვარზე გადასულ პომპეუსს პარტიზანულად შეებრძოლა. საბოლოოდ, არტაგი არაგვის ხეობაში დამარცხდა და თავი რომაელთა მეგობრად  და მოკავშირედ აღიარა. გამარჯვებულმა პომპეუსმა გადალახა ლიხის ქედი და ძირულა-რიონის ხეობით გააგრძელა გზა. დაიმორჩილა ადგილობრივი მოსახლეობა  და მიადგა ფაზისს. მან დასავლეთ საქართველოს ტერიტორია სამართავად გადასცა ვინმე არისტარქე კოლხელს.

მეშვიდე ფარნავაზიანი ფარნავაზ მეორეა, ანუ ბარტომი(ძვ.წ.აღ-ით პირველი საუკუნის მიწურული). მისი მეფობის დროს რომაელთა მეორე დიდი ლაშქრობა გაიმართა ქართლში. ეგვიპტეში მყოფი მარკუს ანტონიუსი დაუსხლტა უმშვენიერესი კლეოპატრას  ტრფიალს და პართიისკენ გამოილაშქრა. თავისი ლეგიონების ერთი ნაწილი სწორუპოვარი მხედართმთავრის პუბლიუს კანიდიუს კრასუსის მეთაურობით იბერიაში გამოალაშქრა ძვ.წ. აღ-ით 36 წელს. ფარნავაზ-ბარტომი, რომელიც ცნობილი იყო იმით, რომ ,,უმატა ზღუდეთა მცხეთისათა და ყოველთა სიმაგრეთა ქართლისათა'', კრასუსმა აიძულა, თავი რომაელთა მოკავშირედ გამოეცხადებინა. უფრო მეტიც, ქართლის მეფე იძულებული გახდა კრასუსის ლაშქართან ერთად ალბანეთის მეფის ზობერის წინაღმდეგ ბრძოლაში მიეღო მონაწილეობა.

ძვ.წ. აღ-ით პირველი საუკუნის მიწურულს ორი ფარნავაზიანი მეფე ასრულებს ათასწლეულს - მირიან მეორე და არშაკ მეორე. მირიანმა მცირე ხანს იმეფა და სახელი მცხეთა-ქალაქის მშენებლობით გაითქვა. არშაკ მეორე კი, რომელიც ქართლის მეცხრე მეფე იყო(,,მოქცევაი ქართლისა'' კი მას მეათე მეფედ , არსუკად ასახელებს), გააძლიერებს და ხელახლა ააშენებს ნეკრესსა და უფლისციხეს.

ახალი წელთააღრიცხვა დაიწყო ფარნავაზიანთა დინასტიის მეათე წამრმომადგენელის, მირდატ პირველის, იმავე ადერკის მეფობით. ეს ის დროა , როდესაც პალესტინაში ამბები უმნიშვნელოვანესი დატრიალდა  - მაცხოვრის დაბადება, მისი სასწაულებრივი მოღვაწეობა და ჯვარცმა. სწორედ ჯვარცმის თვითმხილველები იყვნენ ქართველი მოღვაწენი ელიოზ მცხეთელი და ლონგინოზ კარსნელი. მათ ჩამოიტანეს პალესტინიდან უდიდესი სიწმინდე _ ქრისტეს კვართი.

ადერკის მეფობისას იქადაგეს საქართველოში მოციქულებმა ანდრია პირველწოდებულმა და სვიმონ კანანელმა, რომელნიც თავის წილხვედრ ქვეყანაში მაცხოვრის მოძღვრების გასავრცელებლად გამოგზავნა მარიამ ღვთისმშობელმა.

პირველი საუკუნის 40-60 -იან წლებში ქართლში ხელმწიფობს ფარსმან პირველი, რომელიც აქტიურად ჩაება პართია-რომის პაექრობაში სომხეთის ტახტისათვის, სადაც ჯერ თავისი ძმა მირდატი(მითრიდატე) დასვა , ხოლო შემდგომ _ თავისი ძე რადამისტი.
უცნაური ეპოქა  იყო პირველი საუკუნე. წყვილ-წყვილად მეფობდნენ ქართლში, ერთნი მტკვრის მარცხენა სანაპიროს _ ცენტრით მცხეთა, მეორენი მტკვრის მარჯვენა სანაპიროს _ ცენტრით არმაზი. ერთად განაგებდნენ ბარტომ და ქართამ, ფარსმან და კაოს, აზორკ და არმაზელ, ამაზასპ და დეროკ...

მეორე საუკუნის 30-50-იან წლებში ქართლში მეფობს ერთ-ერთი დიდი მეფე ფარნავაზიანთა მოდგმისა ფარსმან  მეორე, რომელიც ,,ქველის'' ზედწოდებითაა ცნობილი. ფარსმან ქველი იბრძოდა ქართლის ჰეგემონიის დასამყარებლად ამიერკავკასიაში, რასაც მოჰყვა ურთიერთობების გამწვავება რომის იმპერატორ ადრიანესთან. ფარსმან მეორემ მეორე საუკუნის 40-იან წლებში ალანთა დახმარებით გაილაშქრა რომის აღმოსავლეთ პროვინციებზე. რომის მომდევნო იმპერატორი იძულებული გახდა კეთილი ურთიერთობა დაემყარებინა იბერიასთან.მან რომში მიიწვია ფარსმან მეორე, მისი ოჯახის წევრები და ამალა. ამ სტუმრობის აღსანიშნავად თვით რომში სპეციალური დაფა დაიდგა წარწერით და ცხენზე ამხედრებული ფარსმან ქველის ძეგლიც აღიმართა. სამწუხაროდ, ფარსმან ქველი მოღალატურად მოწამლეს.

შემდგომ მეფობდნენ მისი ვაჟი ადამი , ფარსმან მესამე და ხსეფარუნგი (მეორე-მესამე საუკუნის მიჯნაზე), ხოლო მესამე საუკუნის შუა ხანებში ამ უკანასკნელის ძე - ამაზასპი.ამაზასპის ბრძოლის ველზე დაცემის შემდეგ ტახტზე აიყვანეს მის დისშვილი რევი, რომელსაც შთამომავლობამ ,,მართალი'' უწოდა. რევ მართალს ზედიზედ მოჰყვა ხუთი ფარნავაზიანი მეფე: ვაჩე, ბაკური,მირდატ მესამე, ასფარუგ(ასფგური) და რევ მეორე - ,,მოქცევაი ქართლისაის'' მიხედვით - ფარნავაზიანი ლევი. ამავე მატიანის მიხედვით მისი შვილი იყო მეფე მირიანი, - ქართველთა პირველი ქრისტიანი მეფე და სრულიად ქართლის გამაქრისტიანებელი. თუმცა , სხვაგვარ ინფორმაციას გვაწვდის ,,მირიანის ცხოვრება'', სადაც ნათქვამია, რომ ასფაგურის გარდაცვალებით ,,... დაესრულეს მეფენი ქართლისანი ფარანავაზიანი''  და ქართველ ერისთავებს ირანის შაჰისათვის უთხოვიათ ,,ძე მისი მეფედ'' და მანაც თავის ძეს ,,რომელსაც ერქვა სპარსულად მიჰრამ, ხოლო ქართულად მირიანი'', შერთო ასფაგურის ასული აბუშერა. მეცნიერული გამოკვლევებით, დადასტურებულია რომ ,,ეს ინფორმაცია გვიანდელი შენათხზია''... ასე რომ , ასფაგურის გარდაცვალებით , მართალია ქართლში ფარნავაზიანთა ძირითადი შტო შეწყდა, სამაგიეროდ, ტახტზე ავიდა ფარნავაზიანთა სახლის მეორე, არმაზული შტოს წარმომადგენელი - მირიან რევის ძე.

მირიანის მომდევნო ფარნავაზიანი მეფეები არიან რევი, ბაქარი(ბაკური), მირდატი, ვარაზ-ბაქარი,(ანუ ვარაზ-ბაკური), ფარსმანი,მირდატი, არჩილი,კვლავ მირდატი და ვახტანგ გორგასალი.ბაკურ მირიანის ძემ, რომელიც მეოთხე საუკუნის 40-60-იან წლებში მეფობდა, ,, მოაქცივნა უმრავლესნი კავკასიანნი, რომელნი ვერ მოექცივნეს მამასა მისსა''. ბაკური ქართლის ტახტზე მისმა ძემ, მირდატმა შეცვალა, რომელსაც მემკვიდრე ვარაზ-ბაკური მოჰყვა. ვარაზ-ბაკურს სპარსთა ერისთავმა მის მიერ აშენებული ტფილისის ციხესიამგრე გადასცა. ფაქტობრივად, ეს გახლდათ თბილისის პირველი ხსენება - ვახტანგ გორგასლამდე! ფარსმან ვარაზ-ბაკურის ძე იყო ,,კაცი მორწმუნე და მხედარი შემმაერთებელი, რომელმან განამრავლა ჯუარნი და განაახლა ეკლესიები ყოველსა ქართლსა შინა და აღაშენა ეკლესია ბოლნისისა''. მან ბიზანტიელების დახმარებით ხარკი შეუწყვიტა ირანელებს. ერთი ხანობა ბიზანტიაში ცხოვრობდა, დიდი პატივითაც იყო გარემოსილი და ჯარის სარდლობაც ეპყრა, მაგრამ იმპერატორ არკადიუსის  მეუღლესთან, მაცდურ ევდოკიასთან მისი რომანი გამჟღავნებულა... იძულებული გამხდარა კონსტანტინეპოლი დაეტოვებიანა და სასწრაფოდ სამშობლოში გამომგზავრებულა. ფარსმანის ხანმოკლე მეფობის შემდეგ ტახტი მისმა ძმამ, მირდატმა დაიკავა, თანაცმცირე ხნით. მირდატს ასე მოიხსენიებენ:,,კაცი ქველი, მხედარი შემმაერთებელი, მოშიში ღმრთისა, ლაღი და ამპარტავანი, მინდობილი მხედრობასა თვისსა''.

პოპულარული ყოფილა ფარნავაზიან მეფეების სახელი მირდატი(მითრიდატე). აკადემიკოსი გიორგი მელიქიშვილი ერთი ვერსიით ექვს მირდატს აღნუსხავს, ხოლო მეორეთი _ შვიდს.

ამას მოსდევდა არჩილის მეფობა მეხუთე საუკუნის  პირველ მეოთხედში. ევროპულ ცივილიზაციას ნაზიარებმა და ბერძნული ორიენტაციის  არჩილმა ,,მოსრა და განასხა ყოველი ცეცხლის მსახურნი საზღვართაგან ქართლისათა. მოირთო ძალი საბერძნეთით და .. იწყო ბრძოლა სპარსთა'', გვაუწყებს ისტორიკოსი ჯუანშერი.მომდევნო მეფეა კიდევ ერთი მირდატი(რიგით მეშვიდე) - მამა დიდი ვახტანგ გორგასლისა. მირდატს ცოლად ჰყავდა საგდუხტი, ასული ქართლ-ალბანეთის მარზპანის - ბარზაბოდისა. ცეცხლთაყვანისმცემელ საგდუხტს მოჰგვარეს,,კაცნი სჯულის მეცნიერნი'' და ,,უთარგმნეს სახარება უფლისა ჩვენის იესო ქრისტესი''. მან სულ მალე დაუტევა ცეცხლის მსახურება, ნათელ-იღო და იქმნა მორწმუნე. დედოფალმა აღაშენა სიონი სამშვილდის. სწორედ ასეთი ღვთისნიერი და ღვთისმოსავი  დედოფლის აღზრდილი იყო ფარანავაზიანთა მოდგმის უდიდესი გვირგვინოსანი ვახტანგ გორგასალი, რომელმაც გააერთიანა აღმოსავლეთი და დასავლეთი საქართველო, მოუპოვა ქართულ ეკლესიას ავტოკეფალია და დააწესა კათალიკოსობა. ახლებურად მოაწყო ქვეყანაც და ეკლესიაც. ააგო სვეტიცხოვლის ბაზილიკა, უჯარმის ჭერემის, ხორნაბუჯისა და არტანუჯის ციხეები, გაამაგრა დარიალის კარი, დაიწყო თბილისის როგორც დედაქალაქის მშენებლობა, გორგასლიან-დავითიანი დროშით ებრძოდა სპარსელებს და ყველა ცეცხლთაყვანისმცემლებს და ... მუხანათურად მოკლული სვეტიცხოველმა მიიბარა.

რამდენიმე ვერსიაა ვახტანგის შემდგომი ფარნავაზიანების შესახებ. ერთი ვერსიის მიხედვით ვახტანგის შთამომავალია დაჩი, ხოლო ბოლო მეფე ფარნავაზიანთა - გურგენი. ამ უკანასკნელის ოჯახით ბიზანტიაში გადასვლით(523 წელს) ქართლში მეფობა უქმდება.მაგრამ ბოლო გამოკვლევებმა აჩვენა, რომ გურგენი ,,დასავლეთ ქართლის'' ერისთავთა მთავარი ყოფილა.
მკვლევართა აზრით და ქართული წყაროებით, დედაქალაქის თბილისში გადმომტან დაჩის სამეფო ტახტზე მოჰყვებიან ბაკური, ფარსმანი, ,,ფარსმან სხვაი''(ძამანარძე) და კვლავ ბაკური.

მეექვსე საუკუნის 30-იან წლებისათვის კავკასიაში მეფობა მხოლოდ ქართლშიღა იყო შემორჩენილი. სპარსელებმა 428 წელს გააუქმეს მეფობა სომხეთში, კავკასიის ალბანეთში - საბოლოოდ 461 წელს. ქართლიღა რჩებოდა და სწორედ სასანიანთა ირანის უძლიერესი შაჰის, ხოსრო პირველი ანუ შირვანის საბოლოო შეტევის ობიექტი ქართლი და მისი მეფე ფარსმანი ანუ ძამანარძე გახლდათ. ხოლო მისი მემკვიდრის, ბაკურ ქართლის მეფის დროს ირანელებმა საერთოდ გააუქმეს მეფობა ქართლში. ფარნავაზიანთა შთამომავლებმა კახეთის მთიანეთს შეაფარეს თავი და ამ კუთხეში დამკვიდრდნენ. ეს ამბავი 537 წელს უნდა მომხდარიყო. ეს იყო მეტად სამწუხარო ფაქტი და უფრო სამწუხარო ის იყო, რომ ამ საქმის გადაწყვეტაც ქართველ დიდებულთა და ერისთავთა გარეშე არ მომხდარა, რის სანაცვლოდაც მამულების მემკვიდრეობით გადაცემის უფლება მიიღეს , თუმცა , საბედნიეროდ, ეს დროებითი მოვლენა იყო. მალე ქართული სახელმწიფოებრიობა კვლავ აღდგა, ვითარცა ფენიქსი.

...
მეორე ნაწილი.

ბაგრატიონები.

Комментариев нет:

Отправить комментарий