ღმერთი

ღმერთი

четверг, 20 июня 2013 г.

ხალხური ლექსები.

**
წუთისოფელი ასეა, -
ღამე დღეს უთენებია,
რაც მტრობას დაუქცევია -
სიყვარულს უშენებია.

* * *

წუთისოფლის სტუმრები ვართ,
ჩვენ რო წავალთ, სხვა დარჩება,
რასაც ვაამებთ ურთიერთს,
იმის მეტი რა შაგვრჩება?
სამი ადლი ტილოს მეტი,
სამარეში რა ჩაგვყვება?


***
ვაჟო, ეგ შენი ქებაო
არა ვთქვა, არ იქნებაო,
პურის ჭამაზე მარდი ხარ,
საქმეზე წელი გწყდებაო.

***

კარგი ვარ, იმას ნუ იტყვი,
თავს ნუ დაუწყებ ქებასა,
კარგი ჩვენც მოგვეწონება,
ცუდი, არც თავის დედასა.

* * *

დავწვები, დამეძინება,
პირჯვარი დამწერება,
ცხრა ხატი, ცხრა ანგელოზი
სულ თავთით დამესვენება.
ჯვარი მწყალობს ჯვარცმულის,
ჯვარი პატიოსანი,
მწყალობს წმინდა გიორგი,
ვერას მიზამს მაცდური.

***

მგელმა თქვა: ქორწილს ვაპირებ,
ღვინო ჩავასხი ნასეტყვი,
წავალ, მეცხვარეს ცხვარსა ვთხოვ,
ციკანს მომცემს თუ ცხვარს მეტყვის.
არ მომცემს? ძალად წავართმევ,
თუ იტირებს და ბანს ვეტყვი!)))

***

ათასად კაცი დაფასდა,
ათიათასად ზრდილობა.
თუ კაცი თვითონ არ არის,
რას არგებს გვარიშვილობა.

* * *

არ გათეთრდება ყორანი,
რაც უნდა ხეხო ქვიშითა.
მტერნი არ შეგვიბრალებენ
ტირილითა და ვიშითა.

* * *

ეკლის ადგილზე ამოსვლა
ეკლისა არის წესია
მოხუცი მომკის იმასვე,
რაც სიყრმით დაუთესია.

* * *

ტიალო, წუთისოფელო,

ნახვას არ გვაცლი მზისასა!

ჩვენც ისე დავიხოცებით,

როგორცა ვხედავთ სხვისასა,

რა ბევრი ჩამოუშლია

ამ სატიალე მიწასა!

კაცნი ვართ, მაინც ვილხინოთ,

გულს ნუ ვახარებთ მტრისასა.



******


სოფელს რა მხარეც უნახე,

სუყველა მხარე ჭრელია,

ძმაცა ვცან და ძმობილიცა,

ფეხქვეშ მიწისა მთხრელია,

სადაც მოკეთე მეგონა,

სულ ყველა ჩემი მტერია;

ეს ამისთანა სიცოცხლე,

აბა, რა სანატრელია,

ნუ დაენდობი სოფელსა,

სოფელი ჭრელი გველია.



*****

ნეტავ არ ჩაედებოდეს

ფოლადის გული სხეულსა,

მალე მოჰკლავდა სიკვდილი,

არ დასტანჯავდა სნეულსა.

მადლია ცივი სამარე,

დაასვენებდა ეულსა,

დაეშვებოდა პირიდან

ამ წუთისოფელს წყეულსა.

ათასნაირად მტანჯველსა,

სიტკბო-სიმწარით რეულსა,

ფლიდია წუთისოფელი,

დაუგმავ ყველა გრძნეულსა.

მიწაა ჩვენი მფარველი,

დედას ვადარებთ ხვეულსა,

გულ-მკერდში ჩაკონებულსა,

შვილზე ხელ გადახვეულსა,

სუყველას გულში ჩაიკრავს:

უვარგისსა და რჩეულსა,

უალერსოს და უღონოს,

მკერში სისხლ გამოლეულსა.

თუ საიქიო არ უჯობს

ამ წუთისოფელს წყეულსა,

ერთს მაინც ვისმე ნახავდით

იქიდან გამოქცეულსა.


******

თხას უთხრეს: მგელი მამკვდარა!
თხამ ნავარდი ქნა, გაიქცა.
- თხაო, ნუ გაგხარებია,
განა სამგლეთი დაიქცა.
იმას რომ დარჩა ლეკვები,
ისინიც მგლებად მაიქცა.



****


ვაჟკაცსა უნდა უყვარდეს
სამშობლო, თავის ერია,
არ შედრკეს, თუნდაც ბუზივით
ეხვიოს თავზე მტერია!

არ გადიწყვიტოს იმედი,
არ შეიცვალოს ფერია,
თორემ დაგმობს და დასწყევლის
მოძმე და მთელი ერია!



*****

კიდევაც დაიზრდებიან
ალგეთს ლეკვები მგლისანი;
ისე არ ამოწყდებიან -
ჯავრი შესჭამონ მტრისანი.
თქვენი ჯერია, ბიჭებო,
ხელი დაიდოთ ხმალზედა,
თორემ ყორნები ძღებიან
წინაპართ ნაომარზედა.
ვაჟკაცნი, მთაში ნაზარდნი,
ომშიაც კი ნახვენ ლხინსა,
მტერსა მტრულად დახვდებიან,
მოკეთეს მოსჭამენ ჭირსა.







1 комментарий: