ღვთის კაცებს არ უყვართ კაცთა შორის განდიდება.
ისეც ხდება, რომ ზოგიერთი დიდებისათვის იმდაბლებს თავს.
ვაი, იმ ადამიანს, ვისი სახელიც საქმეებზე წარჩინებულია.
მართალი ადამიანი არ მედიდურობს, თუ ადამიანები განადიდებენ.
სახელი, ცხოვრებას უნდა შეესაბამებოდეს, ცხოვრება კი
- სახელს უნდა ამშვენებდეს.
ის კი არ არის დიდებული, ვისაც ეს სოფელი ადიდებს, არამედ
ის - ვისაც ღმერთი განადიდებს.
ღვთის ყოველგვარი საჩუქარი ჩვენთვის საზიანო ხდება,
როდესაც მისგან არა ღვთის, არამედ - ჩვენს საკუთარ დიდებას ვეძიებთ.
ყველაზე ადვილია, საკუთარი თავი მოატყუო და ამაო დიდებით
აღტაცებულმა დიდ ვინმედ მიიჩნიო იგი, სინამდვილეში კი - არაფერს წარმოადგენდე.
ნუ გაგიკვირდება, თუ დაინახავ, რომ ადამიანმა მიწაზე
დიდ წარმატებებს მიაღწია; არამედ გაგიკვირდეს იმისი, ვინც მიწიერი დიდება მოიძულა.
ეძიე დიდება არა ადამიანებისგან შენს მიმართ, არამედ
ერთი უფლის მიმართ, შენი თავისთვის კი - მხოლოდ ერთი ღმერთისგან და არა - ადამიანებისგან.
დიდების მოყვარული კაცი თვითონ ვერ ამჩნევს, რომ გულში
მარად გუნდრუკს უკმევს თავის თავს. წმინდა მამა იოანე კიბისაღმწერელი პატივმოყვარე
ქრისტიანს კერპთაყვანისმცემელს უწოდებს.
ერთიდაიგივე წამლის დადებით ყველა წყლულს ვერ განკურნავ,
ამიტომ სხვა წამალია საჭირო მაშინ, როცა ჩვენ თვითონ მოვიხვეჭთ დიდებას და სხვა მაშინ,
როდესაც ჩვენი მცდელობის გარეშე მოდის ის ჩვენთან.
ადამიანები გაქებენ სილამაზის გამო, მაგრამ შენი ჭეშმარიტი
სილამაზე იფარება გარეგნობით, როგორც ზამთარში იფარება თოვლის ქვეშ ფუნა. შენი სილამაზე
მარადიული ვერ იქნება, ისევე როგორც თოვლი არ არის მარადიული.
ყველაზე ხშირად დიდება ბედნიერებაზე იყიდება, სიამოვნება
- ჯანმრთელობაზე, დიდებულთა მოწყალება - დამოუკიდებლობაზე, ფული - სინდისზე. სიმდიდრეს
სიმშვიდეს ვწირავთ, პატიოსნებას - სიმდიდრეს, და ისევ სიმშვიდეს - პატიოსნებას.
უშედეგოა ადამიანური დიდება, თუკი მას შინაგანად მკაცრი
სინდისი ამხელს! რა ერგება ციებ-ცხელების სენით შეპყრობილ ადამიანს, რომელიც სპილოს
ძვლისგან გაკეთებულ სარეცელზე განისვენებს მაშინ, როცა შინაგანი ცხელება არ ქრება?
სულის უდიდესი და უკურნებელი სნეულება და წარწყმედა
ესაა უღმერთობა და დიდებისმოყვარეობა, რადგან ბოროტების მოსურვება ნაკლებობაა სიკეთისა,
ხოლო სიკეთე ესაა უშურველად აღსრულება ყველა იმ კარგი საქმისა, რაც ესათნოება ყოველთა
ღმერთს.
თუკი ამპარტავან ადამიანებს სურთ, მიიტაცონ ეს დიდება,
რომელიც მხოლოდდამხოლოდ ღმერთს ეკუთვნის, ეს კადნიერება და თავხედობაა, რაც უფლის დიდბულებას
შეუაცხყოფს. და ვაი მას, ვინც ამქვეყნად ეძიებს დიდებას და ვისაც წუთისოფელი დიდებულად
თვლის. ეს დიდება – ფუჭი და ამაოა.
საქმითი ღვაწლის მოწინააღმდეგე ეშმაკებში სამი არის
წინამდგომი, რომლებსაც კვალში მოჰყვება უცხოთესლთა (ეშმაკთა) მთელი ბანაკი. ეს სამნი
პირველები დგანან ბრძოლაში და სულებს უწმინდური გულისზრახვების გზით უხმობენ ბოროტებისკენ.
ამათგან ერთნი განიკუთვნებენ ნაყროვანების სურვილებს, მეორენი ვერცხლისმოყვარეობას
შთაგვაგონებენ, მესამენი კი კაცობრივი დიდებისაკენ გვიხმობენ ჩვენ. მაშ, დაეშურე განწმენდილ
ლოცვას, იპყარ მრისხანება, შეიყვარე მრთელცნობიერება, დაიოკე მუცელი, ნუ მისცემ შენს
სტომაქს პურს სიმაძრედ და წყლის ნაკლებობით გვემე იგი. მღვიძარებდე ლოცვის ჟამს და
ავმეხსიერება შორს განდევნე შენგან. სულიწმინდის სიტყვები ნუ მოგაკლდება შენ და წერილთა
კარზე რეკდე სათნოების ხელებით. სწორედ მაშინ ამობრწყინდება შენში უვნებობა გულისა
და ლოცვის ჟამს იხილავ შენს გონებას ვარსკვლავისებრ ელვარეს.
რასა იქმ, შენ, ჰოი პატივის და ჩინების მოყვარეო კაცო,
როდესაც გარდახვალ იმ საუკუნეში? გული შენი იყო მიჩვეული მხოლოდ ჩინებსა და ორდენებსა;
რაც გიყვარდა, ის აქ დაგრჩა და რისაც მიჩვეული არა ხარ, იქ დაგხვდება. რას იქმ შენ
მაშინ განშიშვლებული და მოკლებული ყოვლითა შენითა ნუგეშითა?
,,უფლისგან კურთხეული
მორჩილება.
ერთი ბერი სენაკიდან
არ გამოდიოდა, მაგრამ მისი სახელი ყველგან ცნობილი და მოკრძალებით პატივსაცემი იყო.
ერთხელ სულიწმიდამ მას აუწყა:
-ერთი მართალი
მამის სხეული და სული ერთმანეთისგან გაყრის პირასაა; წადი და სანამ გარდაიცვლებოდეს,
განკურნე.
ბერი დაფიქრდა.
-თუ დღისით
გავალ, ხალხი მოგროვდება; შესაძლოა, განდიდებაც დამიწყონ, ეს კი ჩემი გულისთვის მძიმე
იქნება; მაშ ასე, გვიან საღამოს, ყველასგან ჩუმად წავალ.
როდესაც
შებინდდა, ღვთის კაცი სენაკიდან გამოვიდა... მაგრამ უეცრად მის წინ უფლის ორი ანგელოზი
გამოცხადდა ლამპრებით, რათა მისთვის გზა გაენათებინათ. მართალი მოსაგრის დიდების სანახავად
მთელი ქალაქი გამოვიდა. ამრიგად, რამდენადაც ის დიდებას გაურბოდა, იმდენად დიდება კვალში
მისდევდა და აღსრულდა წმიდა წერილის სიტყვები: "რომელმან დაიმდაბლოს თავი თვისი,
ამაღლდეს" (ლუკა 14, 11)’’
ეშმაკი, რომელმაც თავისი ზეციური ალაგი ამპარტავნების
გამო დაკარგა, ნიადაგ ცდილობს ღვთისადმი გულით მიდრეკილნი იმავე გზით გადაიბიროს, რა
გზითაც თვითონ დაეცა, ე.ი. ამპარტავნებითა და დიდებისმოყვარეობით.
თვითგანდიდება იმდენად დახვეწილი და საძაგელი სახეობაა
სულიერი სიამაყისა, რომ ცდილობს თან ახლდეს ყოველ კეთილ საქმეს. ყური უგდეთ, რას ამბობს
ამის შესახებ წმინდა მამა იოანე კიბისაღმწერელი და შეინანეთ უფლის წინაშე, თუ მის სიტყვებში
საკუთარ თავს შეიცნობთ: „როცა ვმარხულობ, ხოტბას ვასხამ ჩემს თავს, როდესაც მსურს სხვებისგან
დავფარო ჩემი მარხვა და ამიტომ ვჭამ სახსნილოს, მაშინ კეთილგონიერებით ვპატივმოყვარეობ.
როცა მოხდენილი სამოსით ვიმოსები, ვმარცხდები პატივმოყვარეობით, ხოლო როდესაც ძველმანებს
ვიცვამ, ასევე თვითგანდიდება მიპყრობს. სიტყვას ვიტყვი – პატივმოყვარეობის კლანჭებში
ვექცევი, უთქმელობას ვარჩევ, ისევ მისი ტყვე ვარ. საითაც არ უნდა შევბრუნდე, მისი ეკლები
მუდამ ჩემსკენ არის მოქცეული“ (სათნოებათა კიბე 22.5).
ამქვეყნიური დიდება ისეთი ნაყოფია, რომელიც ადამიანს
კი არ კვებავს, არამედ წამლავს. ღმერთმა შექმნა მთელი სამყარო და თავისი უსაზღვრო მადლის
მეშვეობით ადამიანებს მიანიჭა იგი, რათა ისინი ადიდებდნენ შემოქმედს, რომელმაც მთელი
დიდება და პატივი თავისთვის დაიტოვა, როგორც ანგელოზებმა ბრძანეს: ,,დიდებაი მაღალთა
შინა ღმერთსა, და ქუეყანასა ზედა მშვიდობაი, და კაცთა შორის სათნოებაი" (ლკ.
2, 14). და თუ კი ამპარტავან ადამიანებს სურთ, მიიტაცონ ეს დიდება, რომელიც მხოლოდდამხოლოდ
ღმერთს ეკუთვნის, ეს კადნიერება და თავხედობაა, რაც უფლის დიდებულებას შეურაცხყოფს.
და ვაი მას, ვინც ამქვეყნად ეძიებს დიდებას და ვისაც წუთისოფელი დიდებულად თვლის. ეს
დიდება - ფუჭი და ამაოა.
შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი;
შეიძულე დიდება და იქნები დიდებული;
შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი;
შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას;
შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას.
ჩაწვდი,ძმაო ჩემო, თუ რა ყოფილა ადამიანური დიდებანი?
ახლა კი იმას დაუფიქრდი, რას წარმოადგენს ის, ვინც მას ეძიებს. თუ წინასწარმეტყველს
ჰკითხავ, ის გიპასუხებს, რომ ყოველი ადამიანი - უბრალოც და ისიც, ვინც ყველა მეფეზე
ძლევამოსილია - თითქმის არც არაფერია, იგი სისუსტითა და უძლურებით, სიბრიყვითა და უბედურებით
აღსავსე. ყველაფერი ამაოა და ყოველნი ნაშობნი ადამიანთაგანნი - ამბობს დავით წინასწარმეტყველი.
და შენც, ძმაო,სწორედ ასეთი ხარ უფლის წინაშე და თუ ამასთან ერთად, ამპარტავანიც ხარ,
მაშინ არარაობაზე უარესი ყოფილხარ, ვინაიდან იპარავ დიდებას, რომელიც მხოლოდ უფალს
ეკუთვნის, როგორც ნეტარი ავგუსტინე ამბობს: ,,ყოველივე სიკეთე - შენია, უფალო; შენია
- დიდება. და ის, ვინც სარგებლობს შენი კეთილი ძღვენით, მაგრამ დიდებას ეძიებს არა
შენთვის, არამედ თავისთვის - ქურდი და ავაზაკია, ეშმაკს ემსგავსება, რომელმაც შენი
დიდების მიტაცება მოისურვა". ნუთუ არ გსურს, დამდაბლდე? განა ვერ ხედავ, რომ გულით
ჭუჭყსა და არარაობას ატარებ, რაც უფლის ყოვლისშემძლეობას ვერ შეედრება? თუ ამპარტავანი
ხარ, დაისჯები, როგორც ღვთის დიდების მიმტაცებელი, მან ხომ თავად თქვა ასეთი სიტყვები:
,,მე ვარ უფალი, ეს არის ჩემი სახელი; ჩემს დიდებას არ მივცემ სხვას და ჩემს ქებას
- გამოქანდაკებულ კერპებს"(ესაია 42,8).
რა კვებავს ადამიანის თვითგანდიდებას? კაცობრივი ლიქნი.
ზოგჯერ, როცა პირში გვაქებენ, ყასიდად დავიმორცხვებთ ხოლმე, მაგრამ როგორ უნდა ჩვენს
პატივმოყვარეობას, რომ ზურგს უკანაც ფიქრობდნენ ჩვენზე კარგად. ამის ნიადაგზე ამოიზრდება
კიდევ ერთი ვნება – პირფერობა, ფარისევლობა, ანუ ისეთი ადამიანის როლის თამაში, როგორიც
სინამდვილეში არა ხარ, მაგალითად როცა ანგარების მიზნით, სხვის დასანახად აკეთებ კეთილ
საქმეს. ასეთი საქმე უსარგებლოა და უფლის რისხვასაც იმსახურებს. ვაი თქვენდა, მწიგნობარნო
და ფარისეველნო. შეიძლება შეიმოსო ძაძებით, ოფლი ღვარო მეტანიებით, მთელი ქონება დაარიგო
და ყოველივე ეს სხვის დასანახად, ქება–დიდების მოსახვეჭად აღასრულო, რათა მით განიცადო
თვითტკბობა, მაგრამ ამით სული ვერანაირ სარგებლობას ვერ მიიღებს. თვით უმცირესი შესაწირავიც
კი გაეცი დაფარულად. თქვი თუნდაც მოკლე ლოცვა, ოღონდ არა სხვის დასანახად, თუნდაც ერთი
ცრემლი სინანულისა, ოღონდ არა სხვის დასანახად გადმოდენილი, აღემატება პირფერობით ჩადენილ
ქველმოქმედებასა და ღვაწლს.
თუ ღვთისგან მომდინარე დიდების გამოცნობა გსურს, ამგვარად
იცან: როდესაც შენ იმ დიდებას მავნებლად ჩათვლი, ყოველ ღონეს იხმარ, რომ მას გაექცე
და სადაც წახვალ, შენს ვინაობას დამალავ; ეშმაკეული დიდება კი იმით უნდა გამოიცნო,
რომ ამ დროს გსურს, ადამიანებმა შენი სათნოებები დაინახონ.
თავდაპირველად უნდა განიკურნოს ჩვენი გონება ისე, რომ
აღარ გვსურდეს ყოყლოჩინობა, ამის შემდეგ კი ყველა დანარჩენი განიკურნება. გონება იმით
იკურნება, რომ ადამიანი აღარ ფიქრობს, თითქოს ის რაღაცას წარმოადგენდეს უფლისა და წმიდანთა
წინაშე. ამქვეყნიური დიდება ისეთი ნაყოფია, რომელიც ადამიანს კი არ კვებავს, არამედ
– წამლავს.
ამქვეყნიური დიდება ამაოა იმიტომაც, რომ ის ვერასდროს
შეედრება ზეციურ დიდებას. მთელი ეს ხრწნადი სამყარო ისეთივე არარაობაა, როგორც ერთი
წამი მარადიულობასთან შედარებით. მისი დიდება ამაოა, ვინაიდან მსწრაფლწარმავალია. მთელი
ჩვენი ცხოვრება მარადიულობასთან შედარებით - უფრო მცირეა, ვიდრე გულისცემა, თვალის
დახამხამება - წამზე უმცირესიც კი.
ადამიანები გაქებენ შენი კეთილშOბილების გამო, თუმცაღა
ეს სიტყვები არ მოგემართება შენ, არამედ - შენს წინაპრებს. პატივს გცემენ იმისათვის,
რომ მდიდარი ხარ, მაგრამ უფალმა იცის, თუ რამდენი უსამართლობით მოიხვეჭე ეს სიმდიდრე
და როგორ გიშლის იგი ხელს ხეცისკენ სავალ გზაზე. ,,იესო ჰრქუა მოწაფეთა მისთა: ამენ
გეტყვი თქუენ, რამეთუ მდიდარი ძნიად შევიდეს სასუფეველსა ცათასა"(მთ 19,23).
რომელი ამქვეყნიური მონაპოვარი შეიძლება გახდეს ჩვენი
სამუდამო საკუთრება? მხოლოდ ცხონება. ვინც მიწიერ ცხოვრებას სიმდიდრის მოხვეჭაში ატარებს,
ამსოფლით განსვლის ჟამს მიატოვებს ეს სიმდიდრე. ვინც სახელისა და დიდების მოხვეჭას
ესწრაფვის, დაუნდობელი სიკვდილი უეჭველად მოსტაცებს ერთსაც და მეორესაც. ხოლო ვინც
წარმავალ ცხოვრებას ცხონების მოპოვებას დაუთმობს, ის იმსოფლად გაიყოლებს მას და აქ
მოპოვებული საგანძური ზეცაში დაუმკვიდრებს სამუდამო ნუგეშინისცემას.
მესამედ (უდაბნოში გამოცდისას), ეშმაკმან იფიქრა, იქმნება
იესო ქრისტეს გულში იყოს დიდების და პატივის მოყვარება. აღიყვანა იგი მთასა მაღალსა,
უჩვენა მას ყოველნი სოფელნი და დიდება მათი და ჰრქვა მას: ესე ყოველი მოგცე შენ, უკეთუ
დავარდე და თაყვანი მცე მე. აჰა, ძმანო, უსაშინელესი მანქანება სულიერისა მტერისა ჩვენისა.
ყოველთვის, როდესაც იგი გააჩენს ჩვენს გულში რომელსამე ცოდვის სურვილს, წინაპირველად
შეაგონებს კაცსა, ვითომც იგი იმ ცოდვისაგან მიიღებს დიდებასა და ბედნიერებასა. მაგალითებრ,
ანგაარი კაცი ოდესაც იღებს ქრთამს, ფიქრობს, ბედნიერი და დიდი კაცი შევიქმნებიო.
ამქვეყნიური დიდება იმათთვისაც ამაოა, ვინც მას მოგაგებს.
ეს იმიტომ, რომ მათ არ იციან, რომ შინაგანად შენ ცოდვილი ხარ. მათთვის ცნობილია მხოლოდ
შენი გარეგნული იერსახე. სხვა რა დიდების მიგება შეუძლიათ შენთვის, გარდა იმისა, რომელიც
გამშვენებულ საფლავს მიესადაგება, რომელიც გარედან თავს იწონებს წარწერებითა და ეპიტაფიებით,
შიგნიდან კი სავსეა სიმყრალითა და ხრწნილებით, როგორც თავად უფალმა ბრძანა: ,,ვაი თქუენდა,
მწიგნობარნო და ფარისეველნო ორგულნო, რამეთუ მიმსგავსებულ ხართ საფლავთა განგოზილთა,
რომელნი ჩანედ გარეშე შუენიერ, ხოლო შინაგან სავსე არიედ ძუალებითა მკუდართაითა და
ყოვლითა არაწმიდებითა".(მთ. 23, 27).
ქრისტიანის გულში ერთად ვერ იქნება ქრისტე და ამპარტავნება.
როცა ერთია, მაშინ შეუძლებელია, იყოს მეორე, და – პირიქით. სწორედ ამიტომ ეუბნებოდა
უფალი ფარისევლებს, რომ როდესაც ისინი ერთმანეთისგან ადამიანურ დიდებას ეძიებენ, ვერ
გახდებიან ღირსნი იმისა, რომ ირწმუნონ უფალი: "ვითარ უკუე ხელ-გეწიფების თქუენ
რწმუნებად, რამეთუ დიდებასა ურთიერთას მიიღებთ და დიდებასა მხოლოისა ღმრთისასა არა
ეძიებთ" (ინ. 5, 44). ამ სიტყვებიდან ჩანს, რომ როგორც კი ადამიანის სულში შევა
დიდებისმოყვარება, მაშინვე გაქრება რწმენა. რაოდენ საშინელია, რომ ადამიანი მუდამ დაიტანჯება
იმის გამო, რომ მოიძულა ღვთის სჯული და მის მაგივრად დროებითი დიდება შეიყვარა.
Комментариев нет:
Отправить комментарий