ღმერთი

ღმერთი

понедельник, 24 июня 2013 г.

უკვდავებამისჯილნი.

მამა იუსტინე (პოპოვიჩი).

უკვდავებამისჯილნი.

ადამიანებმა ღმერთს სიკვდილი მიუსაჯეს, ღმერთმა კი თავისი აღდგომით მათ უკვდავება მიუსაჯა. გვემის სანაცვლოდ მათ მიტევებით უპასუხა, შეურაცხყოფის სანაცვლოდ - ლოცვა-კურთხევით, სიკვდილის სანაცვლოდ - უკვდავებით. ადამიანებს არასდროს გამოუხატავთ ღმერთისადმი ისეთი სიძულვილი, როგორიც მაშინ, როცა ის ჯვარზე გააკრეს, და ღმერთს არასდროს გამოუხატავს ადამიანებისადმი ისეთი სიყვარული, როგორც მაშინ, როცა ის აღსდგა. ადამიანებს უნდოდათ, რომ ღმერთი მოკვდავად ექციათ, მაგრამ ღმერთმა თავისი აღდგომით ადამიანები უკვდავებად აქცია. აღარ სუფევს სიკვდილი. უკვდავებით შეიმოსა ადამიანი და მთელი მისი სამყარო.ღმერთკაცის აღდგომით ადამიანური ბუნება სამუდამოდ დაადგა უკვდავების გზას და თვით სიკვდილისთვისაც საშიში გახდა. რამეთუ ქრისტეს აღდგომამდე სიკვდილი ადამიანთათვის საშიში იყო, ხოლო ქრისტეს აღდგომის შემდეგ ადამიანი გახდა საშიში სიკვდილისათვის. თუკი ადამიანი ცხოვრობს მკვდრეთით აღმდგარი ღმერთკაცის რწმენით, მაშინ ის სიკვდილზე მაღლა დგას და მისთვის მიუწვდომელია; სიკვდილი მის ფერხთითაა დაცემული. სიკვდილო, სად არის შენი ნესტარი? ჯოჯოხეთო, სადაა შენი გამარჯვება? და როცა ქრისტიანი ადამიანი კვდება, ის მხოლოდ სხეულს ტოვებს, როგორც სამოსელს, რომლითაც კვლავ შეიმოსება საშინელი განკითხვის დღეს.ღმერთკაცის აღდგომამდე სიკვდილი იყო ადამიანის მეორე თვისება; სიცოცხლე კი პირველი, ადამიანი ისე მიეჩვია სიკვდილს, როგორც რაღაც ბუნებრივს. მაგრამ უფალმა თავისი აღდგომით ყველაფერი შეცვალა: უკვდავება იქცა ადამიანის მეორე თვისებად, ის ადამიანისთვის ბუნებრივი გახდა, ხოლო სიკვდილი - არაბუნებრივი. როგორც ქრისტეს აღდგომამდე ადამიანისთვის ბუნებრივი იყო მოკვდავად ყოფნა, ასევე ქრისტეს აღდგომის შემდეგ ადამიანისთვის ბუნებრივად იქცა უკვდავად ყოფნა.ცოდვით ადამიანი მოკვდავი და წარმავალი გახდა; ღმერთკაცის აღდგომის შემდეგ ის ხდება უკვდავი და მარდიული. ეს არის ქრისტეს აღდგომის ძალა, ეს არის ძლევამოსილება და ეს არის ყოვლისშემძლეობა. ამის გარეშე არ იარსებებდა ქრისტიანობა. ეს არის უდიდესი სასწაული ყველა სასწაულთა შორის. მისგან იწყება და მასთან მიდის ყველა სხვა დანარჩენი სასწაული. მისგან იწყება რწმენაც, სიყვარულიც, იმედიც, ლოცვაცა და ღვთის სიყვარულიც. ნახეთ: მოწაფეები, რომლებიც იესოს გაექცნენ, როცა ის მოკვდა, მას უბრუნდებიან, რადგან ის აღდგა. ნახეთ, ასისთავმა ქრისტე ღმერთის ძედ აღიარა, როცა მკვდრეთით აღდგომა იხილა. ნახეთ, ყველა პირველი ქრისტიანი ქრისტიანი გახდა იმიტომ, რომ უფალი იესო აღსდგა, იმიტომ, რომ სიკვდილი დაამარცხა. ეს არის ის, რაც არ გააჩნია არცერთ სარწმუნოებას, ეს არის ის, რაც უფალ იესოს აყენებს ყველა „ღმერთებზე“ და ყველა ხალხებზე მაღლა; ეს არის ის, რაც ყველაზე სარწმუნო სახით გვიჩვენებს და გვიმტკიცებს, რომ იესო ქრისტე არის ერთადერთი ჭეშმარიტი ღმერთი და უფალი მთელ სამყაროში.ადამიანები ქრისტეს აღდგომის წყალობით, მისი სიკვდილზე გამარჯვების წყალობით ხდებოდნენ, ხდებიან და გახდებიან ქრისტიანები.მთელი ქრისტიანობის ისტორია სხვა არაფერია, თუ არა ერთადერთი სასწაულის ისტორია, კერძოდ კი - ქრისტეს სასწაულებრივი აღდგომის ისტორია, რომელიც დღითიდღე, წელიწადიდან წელიწადამდე, საუკუნიდან საუკუნემდე განუწყვეტლივ აღესრულება ყოველი ქრისტიანის გულში საშინელი სამსჯავროს დადგომამდე.ადამიანი ჭეშმარიტად იბადება არა მაშინ, როცა მას დედა შობს, არამედ მაშინ, როცა იწამებს მკვდრეთით აღმდგარ ქრისტეს, რამეთუ ის მაშინ დაიბადება საუკუნო ცხოვრებისათვის, დედა კი მას შობს სიკვდილისათვის, სამარისათვის. ქრისტეს აღდგომა არის თითოეული ჩვენთაგანის დედა, ყველა ქრისტიანის დედა, უკვდავთა დედა. აღდგომის რწმენით ადამიანი ხელახლა იბადება, მარადისობისთვის იბადება. ეს შეუძლებელია! - აღნიშნავს სკეპტიკოსი. შენ კი ყური უგდე, რას ამბობს აღმდგარი ღმერთკაცი: მორწმუნისათვის ყველაფერი შესაძლებელია! ხოლო სწამს მას, ვინც მთელი გულით, მთელი სულით, მთელი არსებით ცხოვრობს აღმდგარი უფლის იესოს სახარების მიხედვით.რწმენა, აღმდგარი უფლის იესოს რწმენა, არის ჩვენი გამარჯვება, რომლითაც ვამარცხებთ სიკვდილს. სიკვდილო, სად არის შენი ნესტარი? ხოლო სიკვდილის ნესტარია ცოდვა. ღმერთმა დააჩლუნგა სიკვდილის ნესტარი? სიკვდილი გველია, ხოლო ცოდვა მისი ნესტარი. ცოდვის შედეგად სიკვდილის შხამივით იღვრება ადამიანის სულსა და სხეულში. რაც უფრო მეტი ცოდვა აქვს ადამიანს, მით უფრო მეტია მასში ნესტარი, რომლის საშუალებითაც სიკვდილს თავისი საწამლავი შეჰყავს ადამიანში.როცა კრაზანა გესლავს ადამიანს, იგი ყოველნარად ცდილობს, რომ ნესტარი ამოიძროს. ხოლო, როცა ადამიანი ცოდვით დაიგესლება, როგორ უნდა მოიქცეს? რწმენითა და ლოცვით უნდა მოუხმოს აღმდგარ უფალ იესოს, რათა მან ამოიღოს მისი სულიდან სიკვდილის ნესტარი, ის კი უდიდესი მოწყალებით აღასრულებს ამას, რამეთუ ის აღსავსეა სიყვარულითა და წყალობით. როცა ბევრი კრაზანა შემოესევა ადამიანის სხეულს და დაჩხვლეტენ მას თავიანთი ნესტრებით, სხეული იწამლება და კვდება; იგივე ემართება ადამიანის სულს, როცა მრავალრიცხოვანი ცოდვები დაჩხვლეტენ მას თავიანთი ნესტრებით. ის იწამლება და კვდება სიკვდილით აღდგომის გარეშე. საკუთარ ცოდვაზე გამარჯვებით, ქრისტეს წყალობით ადამიანი ამარცხებს სიკვდილს. თუკი შენ იცოცხლე ერთ დღეს ისე, რომ არცერთი ცოდვა არ დაგიმარცხებია, იცოდე, რომ შენ გახდი მოკვდავი. თუკი დაამარცხებ შენს ერთ, ორ, სამ ცოდვას, ხედავ, რომ შენ ახალგაზრდავდები ისეთი ახალგაზრდობით, რომელიც არ ბერდება, ახალგაზრდავდები უკვდავებითა და მარადიულობით. ნურასოდეს ნუ დაივიწყებ: ირწმუნო აღმდგარი უფალი ქრისტე ნიშნავს იმას, რომ დაუცხრომელად ებრძოლო ცოდვას, ბოროტებას, სიკვდილს. თუკი ადამიანი ებრძვის ცოდვებსა და ვნებებს, ეს ამტკიცებს, რომ მას ჭეშმარიტად სწამს მკვდრეთით აღმდგარი უფალი; თუკი ის ებრძვის მათ, ის იბრძვის მარადიული ცხოვრებისათვის. თუკი არ იბრძვის, მისი რწმენა ფუჭია. თუკი ადამიანის რწმენა არ არის უკვდავებისა და მარადისობისათვის ბრძოლა, მაშინ მითხარით, რაღაა ის? თუკი ქრისტესადმი რწმენით ჩვენ არ მოვიპოვებთ აღდგომასა და საუკუნო ცხოვრებას, მაშინ რისთვისღა გვინდა ჩვენ ის? თუკი ქრისტე არ აღმდგარა, მაშინ ცოდვა არ დამარცხებულა, სიკვდილი არ დამარცხებულა და თუკი არც სიკვდილი და არც ცოდვა არ არის დამარცხებული, მაშინ რატომღა უნდა ვირწმუნოთ ქრისტე? ის, ვინც აღმდგარი ქრისტესადმი რწმენით ებრძვის თავის თითოეულ ცოდვას, განუწყვეტლივ განმტკიცდება იმ გრძნობით, რომ უფალი ჭეშმარიტად აღსდგა, იგი ჭეშმარიტად დააჩლუნგებს ცოდვის ნესტარს, ჭეშმარიტად დაამარცხებს სიკვდილს ბრძოლის ყველა ველზე.ცოდვა ადამიანში თანდათანობით აკნინებს სულიერებას, სიკვდილისაკენ ეწევა მას, უკვდავს მოკვდავად აქცევს, წარუვალს - წარმავალად. რაც უფრო მეტია ცოდვა, მით უფრო მოკვდავია ადამიანი. თუკი ადამიანს თავისი თავი არ მიაჩნია უკვდავად, იცოდე, რომ ჩაფლულია ცოდვებში, ბილწ აზრებში, უზნეო შეგრძნებებში. ქრისტიანობა არის მოწოდება, ებრძოლოს სიკვდილს უკანასკნელ ამოსუნთქვამდე, ებრძოლო მას საბოლოო გამარჯვებამდე. ყოველგვარი სიბილწე დამარცხებაა.არ უნდა გაგვიკვირდეს, რომ ხორციელად ქრისტიანიც კვდება. ეს იმიტომ, რომ ხორციელი სიკვდილი არის თესვა. ითესება მოკვდავი სხეული, ამბობს პავლე მოციქული, ის იზრდება, გაიზრდება და გამოიზრდება უკვდავი სხეული. სხეული იშლება, როგორც დათესილი მარცვალი, რათა სულიწმინდამ გააცოცხლოს და სრულყოს. უფალმა იესომ რომ სხეული არ აღადგინოს, მაშინ რა სარგებლობა უნდა მოუტანოს ღმერთმა მას? მაშინ ის არ აცხოვნებდა ადამიანს მთლიანად. თუკი სხეული არ აღდგება, მაშინ რატომღა განკაცდა მაცხოვარი, რატომ შეისხა ხორცი, თუკი არაფერს უწილადებდა მას თავისი ღვთაებრიობიდან?თუკი ქრისტე არ აღმდგარა, მაშინ რატომღა უნდა ვიწამოთ ის? გულახდილად რომ გითხრათ, მე არასდროს ვიწამებდი ქრისტეს, რომელიც არ აღმდგარა და ამით სიკვდილი არ დაუმარცხებია. ჩვენი უდიდესი მტერი დაამარცხა და უკვდავება მოგვანიჭა. ამის გარეშე ჩვენი სამყარო იქნებოდა ხმაურიანი გამოფენა უსაძაგლეს უაზრობათა. მხოლოდ მისი დიდი აღდგომით გაგვათავისუფლა უფალმა უგუნურებისა და სასოწარკვეთილებისაგან, რამეთუ არც ზეცაში და არც ცის ქვეშ არ არსებობს უფრო დიდი უგუნურება, ვიდრე ეს სამყარო აღდგომის გარეშე და მთელ სამყაროში არ არსებობს იმ ადამიანზე უფრო უბედური არსება, რომელსაც არ სწამს მკვდრეთით აღდგომა. უმჯობესი იყო ასეთი ადამიანისთვის, რომ საერთოდ არ დაბადებულიყო...ჩვენს ადამიანურ წუთისოფელში სიკვდილი არის უდიდესი ტანჯვა და უმძვინვარესი საშინელება. ამ ტანჯვისა და საშინელებისაგან განთავისუფლება არის ხსნა. მხოლოდ და მხოლოდ სიკვდილზე გამარჯვებულმა - აღმდგარმა ღმერთკაცმა - მომადლა კაცთა მოდგმას ასეთი ხსნა. მან თავისი აღდგომით გვამცნო ხსნის ყველა საიდუმლო. ხსნა ნიშნავს იმას, რომ შენი სხეულითა და შენი სულით მოიპოვო უკვდავება და საუკუნო ცხოვრება. როგორ შეიძლება ამისი მიღწევა? სხვა არაფრით, თუ არა ღმერთკაცური ცხოვრებით, ახალი ცხოვრებით. ჩვენთვის, ქრისტიანებისათვის, ცხოვრება მიწაზე - ესაა სკოლა, სადაც ვსწავლობთ, თუ როგორ უნდა უზრუნველვყოთ ჩვენთვის აღდგომა და მარადიული სიცოცხლე. სხვა სარგებელი არა გვაქვს რა ამ ცხოვრებისაგან, თუ არა ის, რომ მისით უნდა მოვიპოვოთ მარადიული სიცოცხლე. მაგრამ იმისათვის, რომ აღვდგეთ ქრისტე ღმერთთან ერთად, ჯერ უნდა დავიმარხოთ მასთან ერთად, მისი ცხოვრებით უნდა ვიცხოვროთ. თუ ჩვენ ამას შევძლებთ, მაშინ შევძლებთ გრიგოლ ღვთისმეტყველთან ერთად აღდგომაზე ამის თქმას: „გუშინ მე გაკრული ვიყავი მასთან ერთად, დღეს ვცოცხლდები მასთან ერთად. გუშინ დავიმარხე მასთან ერთად, დღეს აღვსდგები მასთან ერთად“.სულ ოთხ სიტყვაშია გაცხადებული ქრისტეს ოთხი სახარება: აი, ეს სიტყვები: ქრისტე აღსდგა! ჭეშმარიტად აღსდგა! მთელი წმინდა წერილისა და ოთხი სახარების თითოეული სიტყვა არის მთელი ხილული და უხილავი ღვთაებრივი სამყაროს არსი, და როდესაც ყველა ადამიანური გრძნობა და აზრი იღვრება სააღდგომო მილოცვის ქუხილში: ქრისტე აღსდგა! მაშინ უკვდავებით გამოწვეული სიხარული შეძრავს ყველა არსებას და უდიდესი საზეიმო ხმით გაისმის საპასუხო ქუხილი - ჭეშმარიტად აღსდგა!

orthodoxy.ge

Комментариев нет:

Отправить комментарий