ღმერთი

ღმერთი

пятница, 28 июня 2013 г.

ბედისწერის შესახებ.

ბედისწერის ბრმა რწმენა ნაცვლად ცოცხალი ღმერთის რწმენისა, მძიმე ცოდვაა, ბედისწერის რწმენა არ უნდა ჰქონდეს ქრისტიანებს, რომელთაც იციან ღვთის ყოვლადსახიერი და ყოვლადბრძნული განგებულების შესახებ. მართლმადიდებლური სწავლებით, ღმერთი თითოეულ ადამიანს განუსაზღვრავს ბედს მის აქაურ, დროებით და მომავალ, სამუდამო ცხოვრებაში არა უპირობოდ, არამედ წინასწარჭვრეტის საფუძველზე, რამეთუ მან იცის თუ როგორ განლევს ამქვეყნიურ ცხოვრების გზას ადამიანი. ამ სწავლების საწინააღმდეგოდ, მრავალთა შორის გავრცელებულია გაუკუღმართებული აზრი ბედისწერის შესახებ. ბევრი დარწმუნებულია, რომ ბედისწერით ყოველი ადამიანისთვის განსაზღვრულია არა თუ ცხოვრების ყოველი დეტალი, არამედ მისი ნებისმიერი საქციელი, და რადგან განსაზღვრულია, რაც უნდა ეცადოს ადამიანი, მაინც ვერაფერს შეცვლის, ხშირად გვესმის გამოთქმები - "რაც გიწერია ვერ აცდები", "ბედის ბორბალი", "ბედი მდევარი", "საბედისწერო ნაბიჯი" და სხვა.
წარმართებს ჰყავდათ ბედის ღვთაება, რომელსაც სხვა ღმერთებზეც კი შეეძლო გავლენის მოხდენა. მაჰმადიანებთან ალაჰი თვითონ განაგებს ადამიანის ბედს, ზოგს ბოროტებას უგზავნის, ზოგს სიკეთეს.
სამწუხაროდ, ეს დამახინჯებული წარმოდგენა ცრუმორწმუნე ქრისტიანებმა ჭეშმარიტ ღმერთს მიაწერეს. ასე, რომ ზოგიერთები უმძიმეს ცოდვებსაც კი ამართლებენ, აბრალებენ რა ღვთის მიერ მონიჭებულ ბედს. რა თქმა უნდა ღვთის ნების გარეშე თმის ღერიც არ ჩამოგვივარდება. ღმერთი ყოველთვის მოქმედებს სიბრძნით, მართლმსაჯულებით და მოწყალებით. ამასთან მის ქმედებაში იგი არ ზღუდავს ადამიანის თავისუფალ ნებას. ჩვენ გვეძლევა არჩევანის უფლება: სიცოცხლისა და სიკვდილის, კურთხევისა და წყევის. ადამიანი სრულიად თავისუფალია თავის არჩევანში. მართალია, ხშირად ვხედავთ შეუსაბამობას, კეთილმსახური და პატიოსანი ადამიანები იტანჯებიან, ვერ აღწევენ წარმატებას, მაშინ, როცა მლიქვნელნი და უკეთურნი კარგად ცხოვრობენ და წარემატებიან. ხომ არ მოქმედებს ღმერთი ამ შემთხვევაში ბრმა ბედისწერასავით, რომლისთვისაც სულერთია ღირსეული და უღირსი? მიწიერ ცხოვრებაში ბევრი რამ ჩვენთვის გაუგებარია ღმერთის ადამიანისადმი დამოკიდებულებაში, მაგრამ ის რაც გაუგებარია აქ, გასაგები გახდება მარადიულ ცხოვრებაში. ერთი ნათელია, ბოროტი და უღირსი ადამიანების ბედნიერება და წარმატება მყიფეა. დაუსჯელი არავინ დარჩება თუ ამ ცხოვრებაში არა, მარადიულში მაინც მოეკითხებათ საქმეების შესაბამისად.
მსგავსად ამისა, კეთილმსახური ადამიანები მიიღებენ ჯილდოს, თუ ამ ქვეყნად არა, მაშინ - მომავალში, რაც უფრო მეტ განსაცდელს დაითმენენ უდრტვინველად, რომელთაც ღმერთი მიუვლენს მათ ღვთის რწმენასა და სიყვარულში განსამტკიცებლად.
ფატალისტები* მზად არიან დაადანაშაულონ ღმერთი იმაში, რომ მას შეჰყავს ადამიანი ცოდვაში, მსგავსად მუჰამედის ალაჰისა. მაგრამ ეს ღვთის გმობაა, თუკი წმ. მართალი სვიმეონ ღვთის მიმრქმელი ამბობს იესო ქრისტეს შესახებ: "აჰა ესერა ჰსდგეს დაცემად და აღდგინებად მრავალთა ისრაილსა შორის... " ეს არ ნიშნავს იმას, რომ უშუალოდ ქრისტე იქნება დამნაშავე ებრაელების წარწყმედისა და დაღუპვისა. წმ. სვიმეონის სიტყვები გაფრთხილებაა, თუ ებრაელები არ ირწმუნებენ იესო ქრისტეს _ დაიღუპებიანო.
წარმართების შეხედულებით ბედისწერა ულმობელია და გარდაუვალია, რაც არ შეიძლება ითქვას წინასწარმჭვრეტი მრავალმოწყალე ღმერთის შესახებ. მას შეიძლება შეევედრო, უჩვენო შენი სინანული და გადარჩე. რისი ნათელი მაგალითია ამბავი ნინევიის შესახებ. ნინევია ასურეთის სატახტო ქალაქი იყო. სადაც გამრავლდა ცოდვა და უშჯულოება. ღმერთმა იონა წინასწარმეტყველი მიავლინა ქადაგებად. ქალაქს 40 დღის შემდეგ ელოდა სასტიკი სასჯელი. ნინევიელები შეშინდნენ, მიიქცნენ ღვთისადმი ორმოცი დღე ლოცვით და მარხვით. ღმერთმა შეიწყნარა მათი სინანული და ნინევია გადაარჩინა. შეიძლება კი ეს მომხდარიყო ღვთის განგებულება რომ ჰგავდეს ულმობელ ბედისწერას? არაფერია საერთო ღმერთსა და უსახურ ბედისწერას შორის. ღვთის ხელშია ჩვენი ცხოვრება, მაგრამ იგი ყოველთვის მზადაა გვიბოძოს კეთილი ხვედრი. ჩვენზე, ჩვენს ნებაზეა დამოკიდებული ღვთის კეთილგანწ­ყობისა და კურთხევის დამსახურება.


მასალა თარგმნა და მოამზადა მარინე ლომთათიძემ.


*ფატალიზმი - ბედის გარდაუვალობის მისტიკური რწმენა, რწმენა იმისა, რომ თითქოს სამყაროში ყველაფერი წინასწარაა განსაზღვრული იდუმალი ძალის მიერ, ბედისწერით.
*ფატალისტი - ფატალიზმით შეპყრობილი ცრუმორწმუნე ადამიანი.


http://xareba.net/221-bedistseris-shesakheb.html




Комментариев нет:

Отправить комментарий