ღმერთი

ღმერთი

вторник, 25 июня 2013 г.

იმის შესახებ, რომ ცოდვას უბედურება მოაქვს.

მამა პაისი მთაწმინდელი


- შეწამლე ხეები მუხლუხოებისაგან დასაცავად?
- შევწამლე, წმიდაო მამაო.
- ამდენი მონაზონი ხართ და რაღაც მუხლუხოების დახოცვა ვერ შეძელით!
როდესაც ოკუპაციის დროს მინდვრებს კალია დაეცა, აქ ქალკედიკში [1] ვატოპედის მონასტრიდან ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სარტყელი მოაბრძანეს [2] და კალია, როგორც ღრუბელი, ისე დაინთქა ზღვაში. ხოლო ეპირში, მახსოვს, ის თოვლივით ფარავდა მინდვრებს. ჩვენ მინდვრებში გავედით, ზეწრებით ვაგროვებდით კალიას და გაგვქონდა. რა საშინელი შიმშილობა იყო მაშინ, ნუ იკითხავთ! კალიის შემდეგ მარცვლეული გამოსწორდა, მაგრამ ძალიან სუსტი იყო.

კალიის შემოსევა, ომი, გვალვა, ავადმყოფობა - ეს უბედურებაა. და საქმე იმაში კი არა, რომ ღმერთს სურს, ამგვარად აღზარდოს ადამიანი. არა, ეს უბედურება ადამიანის ღვთისგან გაშორებას მოჰყვა. ყველაფერს ის იწვევს, რომ ადამიანი შორდება ღმერთს და მოდის რისხვა ღვთისა - იმისათვის, რომ ადამიანმა გაიხსენოს ღმერთი და დახმარება სთხოვოს მას. არა ისე, თითქოს ღმერთმა მოაწყო ეს ყოველივე და ინება, რომ ადამიანს ესა თუ ის უბედურება დამართოდა. არა... მაგრამ ღმერთი, როდესაც ხედავს, თუ სადამდე მივიდა ადამიანის ბოროტება და იცის, რომ ისინი არ შეიცვლებიან, უშვებს, რომ უბედურება მოხდეს - მოხდეს მათივე გამოფხიზლებისთვის. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ღმერთი თვითონ აწყობს ყოველივე ამას.

ისუ ნავეს [3] ღმერთმა უბრძანა, არ მოესრა წარმართი მოდგმა - ფილისტიმელებისა, იმიტომ, რომ, როცა ებრაელები ივიწყებდნენ ღმერთს, ფილისტიმელებს მათთვის უბედურება მოჰქონდათ. როდესაც ებრაელები ღმერთს განეშორებოდნენ, ეშმაკი თავის უფლებებს აცხადებდა, აღძრავდა თავის „საძმოს“ - ფილისტიმელებს და ისინი ებრაელებს ბრძოლას უცხადებდნენ. ისინი იტაცებდნენ ებრაელ ყრმებს და ქვით სრავდნენ მათ, რათა გაენადგურებინათ ერი. მაგრამ, როდესაც მტერი თავს დაესხმოდა უდანაშაულო ებრაელებს, მაშინ მათ მხარეს თვით ღმერთი იბრძოდა. ღმერთი ისრაელის მტერს მუსრავდა ქვის სეტყვით [4] და ანადგურებდა მათ, რადგან ამ დროს ებრაელებს უფლება ჰქონდათ, ღვთის შემწეობა მიეღოთ.

რამდენი მცნება მისცა ღმერთმა სოლომონის ტაძრის შესახებ! და მაინც რამდენგზის დაიწვა და განადგურდა ეს ტაძარი! როდესაც ისარელი ერი განეშორებოდა ღმერთს, წინასწარმეტყველები უხმობდნენ ადამიანებს და მოუწოდებდნენ, რომ გონს მოსულიყვნენ. მაგრამ მათი ძალისხმევა ამაო იყო, როგორც - კედელს შეყრილი ცერცვი. ადამიანები ამ აზრით იმშვიდებდნენ თავს: „როცა სოლომონმა ტაძარი ააგო, ღმერთმა მრავალი კურთხევა გამოგვიგზავნა და თქვა, რომ ამ ადგილიდან იკურთხება და განათლდება ყოველი ადამიანი [5], ესე იგი, ყოველივე ეს უვნებელი დარჩება - ჩვენი კედლები და ჩვენი ტაძარიც, ასეთი აღთქმა მოგვცა ღმერთმა“. დიახ, ღმერთმა მოგვცა ეს აღთქმა, მაგრამ - იმ შემთხვევაში, თუ თვით ისრაელი იცხოვრებდა სწორად. ღმერთმა მადლი მიანიჭა სოლომონის ტაძარს, მაგრამ, როდესაც ებრაელები მცნებათა აღსრულებას შეწყვეტდნენ, ტაძარს ცეცხლი ანადგურებდა. ხოლო სინანულის შემდეგ ისრაელი ხელახლა აგებდა მას. მაგალითად, მეფე სედეკიას დროს, როდესაც ისინი განეშორნენ ღმერთს, მოვიდა ნაბუქოდონოსორი, ტაძარი გადაწვა, დაარღვია იერუსალიმის კედელი, ხოლო შებორკილი ებრაელები ბაბილონის ტყვეობაში [6] წაიყვანა. რა თქმა უნდა, უდანაშაულონიც დაატყვევეს. მაგრამ ამ ადამიანებს არაფერი ვნებიათ. ვისაც დიდი დანაშაული ჰქონდა, მან გამოისყიდა. ხოლო ვისი დანაშაულიც არც ისე დიდი იყო, შესაბამისი სასყიდელი მიიღო. როდესაც ვინმე ღვთის რისხვას დაიმსახურებს და უდანაშაულონიც მასთან ერთად მიეცემიან სატანჯველს, ამ უდანაშაულოს დიდი ჯილდო ელის, ხოლო დამნაშავე მაინც დაისჯება მისი დატანჯვისათვის, რადგან უდანაშაულო ადამიანები ცათა სასუფეველს უტანჯველადაც დაიმკვიდრებენ და მით უფრო მაშინ, როცა დიდი ტანჯვის ატანა უწევთ.

ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ მორწმუნე, მცნებების დამცველი ადამიანები ღვთის მადლს მიიღებენ და ღმერთი, „აუცილებელი თანმიმდევრულობით“, ეხმარება მათ მძიმე წლებში. მე შევიტყვე, რომ ამერიკაში ახალი ავადმყოფობა [7] გაჩნდა, ბევრი, ვინც გარყვნილი ან ბუნებისსაწინააღმდეგო ცხოვრების წესით ცხოვრობს, ავადდება და კვდება. ეხლა გავიგე, რომ ეს სნეულება ჩვენშიც გამოვლინდა. ხედავთ?! ღმერთი კი არ ანადგურებს ადამიანებს, ადამიანები თვითონ ანადგურებენ საკუთარ მოდგმას, საკუთარ თავს. ანუ ღმერთი კი არ სჯის მათ, არამედ საკუთარი ცოდვილი ცხოვრებით თვითონვე ქმნიან თავის სასჯელს. აშკარაა, რომ აღმოიფხვრებიან ის ადამიანები, ვის ცხოვრებასაც აზრი არა აქვს.


- წმიდაო მამაო, რატომ ვერ პოულობენ კიბოს წამალს. ღმერთი არ უშვებს ამას, თუ ადამიანები თვითონ არ ითხოვენ ღვთის შეწევნას?


- ცუდი ის არის, რომ კიბოს წამალი კიდეც რომ მოიძებნოს, რაიმე სხვა ავადმყოფობა გამოჩნდება. პირველად იყო ტუბერკულოზი - იპოვეს მისი წამალი და გამოჩნდა კიბო. თუ ღმერთი შეეწევათ კიბოს დამარცხებაში, კიდევ სხვა რაიმე იქნება. ამ ახალ დაავადებათა გაჩენის მიზეზი თვით ადამიანები იქნებიან და ამას დასასრული არ ექნება.


რასაც ღმერთი უშვებს, ყველაფერი კაცთმოყვარულია


- რატომ უშვებს ღმერთი ამდენ უბედურებას?

- ამას ბევრი მიზეზი შეიძლება ჰქონდეს. ერთ შემთხვევაში ღმერთი უბედურ შემთხვევას უშვებს იმისთვის, რომ მისგან რაიმე უკეთესი გამოვიდეს, მეორე შემთხვევაში - „პედაგოგიური“ მიზნით. ერთი იღებს სასყიდელს, მეორეს - მიეზღვება ცოდვებისათვის - არაფერი იკარგება. იცით, რომ ყველაფერი, რასაც ღმერთი უშვებს - მისი კაცთმოყვარების გამო ხდება, თვით ადამიანების სიკვდილიც კი?! ღმერთი ხომ „გულმტკივნეულია“. გახსოვთ, რამდენი წინასწარმეტყველი გაწყვიტა ილიამ? [8] - ბაალის სამასი ქურუმი. მან უთხრა მათ: „თქვენ ილოცეთ და მეც ვილოცებ. ვისი ცეცხლიც თავისით აინთება, მისი ღმერთია ჭეშმარიტი“. მაშინ ბაალის ქურუმებმა ყვირილი დაიწყეს: „ისმინე ჩვენი, ღმერთო ჩვენო ბაალ, ისმინე ჩვენი“. - პასუხი კი არ მიუღიათ. „თქვენი ღმერთი დაკავებულია და თქვენი არ ესმის, აბა, უფრო ხმამაღლა იყვირეთ“. - უთხრა ილიამ. ისინი კიდევ უფრო ხმამაღლა ყვიროდნენ და თავიანთი ჩვეულების მიხედვით დანებით იჭრიდნენ სხეულებს, რომ ტკივილისგან უფრო ხმამაღლა ეყვირათ და ბაალს ესმინა მათი ბოლოს და ბოლოს, როცა ვერაფერს მიაღწიეს, ილია წინასწარმეტყველმა უთხრა: „დაასველეთ ჩემი შეშა“... შემდეგ კვლავ თქვა: „გაიმეორეთ“ - შეშა და მსხვერპლი წყლით დაასველეს, შემდეგ - კვლავ და კვლავ! იმდენი დაასხეს, რომ შეშაც დასველდა და წყალი სამსხვერპლოს გარშემო გადმოიღვარა. როგორც კი ილია წინასწარმეტყველმა ილოცა, ციდან გადმოვიდა ცეცხლი და დაწვა ყველაფერი, რაც სამსხვერპლოზე იყო შესაწირად - თვით სამსხვერპლოსთან ერთად. „შეიპყარით ქურუმები! - უბრძანა წინასწარმეტყველმა ხალხს - იმიტომ, რომ ისინი კერპთმსახურებით აცდუნებენ ადამიანებს“. და ამიტომ მან დახოცა ყველა ეს ცრუწინასწარმეტყველი.

ბევრი ამბობს: „მომიტევეთ, მაგრამ როგორ დახოცა ილია წინასწარმეტყველმა ამდენი ადამიანი?“ ღმერთი სასტიკი არ არის. ის არც წინასწარმეტყველს ჰქონდა. მაგრამ კერპის ქურუმებმა იმ დროში უკვე მთელი ხალხი აცდუნეს. იქამდე მივიდა, რომ წინასწარმეტყველი იძულებული გახდა, გამოეცხადებინა - მარტო დავრჩიო. წარმოიდგინეთ! მაგრამ გარდა ამისა ქურუმები საკუთარი ჭრილობების გამო მეტნი გაწყდნენ, ვიდრე ილიას მახვილით, რომელმაც მხოლოდ მათ ტანჯვას მოუღო ბოლო. მათ ტკივილს ამძაფრებდა თვითტანჯვა. ხედავ: ყველაფერი, რასაც ღმერთი უშვებს კაცთმოყვარულია, მაშინ, როცა ის ჭრილობები, საკუთარ თავს რომ მიაყენეს, მტანჯველი იყო მათთვის.


- წმიდაო მამაო, რატომ იყო, რომ ძველ აღთქმაში სასჯელი ასე დაუყოვნებლივ მოდიოდა?


- ძველი აღთქმის ადამიანებისათვის გასაგები იყო ასეთი ენა, ასეთი კანონები. ღმერთი მაშინაც ისეთი იყო, როგორიც ეხლაა, მაგრამ ძველი აღთქმის სჯული იმ დროის ადამიანებისათვის იყო, იმიტომ, რომ სხვაგვარად მათ არ ესმოდათ. ძველი აღთქმის სჯული მკაცრად და სახარებისგან მოწყვეტილად ნუ მოგეჩვენებათ. იმ ეპოქისთვის ის სჯული იყო კეთილისმოქმედი. სჯული კი არ იყო მკაცრი, მკაცრი იყო თვით ის თაობები. თანამედროვე ადამიანებს, რა თქმა უნდა, კიდევ უფრო მეტი სისასტიკის ჩადენა შეუძლიათ, მაგრამ დღეს მათ, უკიდურეს შემთხვევაში, ამის მიხვედრა მაინც აქვთ. ჩვენს დროში საკმარისია ერთი კანდელის შერხევა და ადამიანები თრთიან, მაგრამ იმ დროში რას არ აკეთებდა ღმერთი! შეხედეთ: მან ცხრა წყლულით მოწყლა ფარაონი, რომ ისრაელი ეგვიპტიდან გამოეყვანა, ამოაშრო ზღვის უფსკრული, რომ მათ გადაელახათ იგი. დღისით ღრუბელს აძლევდა, რომ მზეს არ შეეწვა ისინი, ხოლო ღამით - ცეცხლის სვეტს, რომ გზა ეჩვენებინა მათთვის. ისინი კი ბოლოს იქამდე მივიდნენ, რომ ოქროს ხბოს გაკეთება ითხოვეს და როგორც ღმერთს, „თაყვანი“ სცეს მას [9]. თანამედროვე ადამიანები არავითარ შემთხვევაში არ იტყოდნენ, რომ რომელიღაც ხბოს შეუძლია, ისინი აღთქმულ მიწაზე მიიყვანოს.


დღეს ღმერთი ბოლო ადგილზეა.


სახიერი ღმერთი თავის მდიდარ კურთხევას გვაძლევს. ნუ გამოვიჩენთ უმადურობას და ნუ განვარისხებთ მას. რადგან „მიიწევის რისხვა ღმრთისა ნაშობთა მათ ზედა ურჩებისათა“ [10]. ნუ ვიქნებით ჩვენც ასეთი შვილები. ჩვენი დროის ადამიანებს არც ომი განუცდიათ და არც შიმშილი. „და ღმერთიც არ გვჭირდება ჩვენ“ - ამბობენ ისინი. მათ ყველაფერი აქვთ და ამიტომ არაფერს აფასებენ. თუმცა, თუ ძნელი დრო დადგება, შიმშილობა ან რაიმე ამდაგვარი და საჭმელად არაფერი ექნებათ, მაშინ, როგორც წესია, ისე გაიგებენ პურის და უბრალო ნახარშის ფასს, ყველაფრის ფასს, რაც მათ მოაკლდებათ. თუ ღმერთს არ ვადიდებთ, ის რაიმე განსაცდელს უშვებს ჩვენზე, რათა დავაფასოთ ის, რაც გვაქვს. თუ ვაფასებთ იმას, რაც გვაქვს, ღმერთი არანაირ ბოროტებას არ მოგვივლენს.

ძველ დროში, როცა ყველა ეს კეთილმოწყობა არ იყო, როცა მეცნიერებას ჯერ კიდევ არ ჰქონდა ასეთი დიდი ნაბიჯები გადადგმული, ადამიანებისთვის აუცილებელი იყო, რომ ყველა უმნიშვნელო სიძნელისას ღმერთისთვის მიემართათ და ღმერთიც შეეწეოდა მათ. დღეს კი მეცნიერებამ დიდ წარმატებებს მიაღწია და ღმერთმა ბოლო ადგილზე გადაინაცვლა. დღეს ადამიანები უღმერთო ცხოვრებას მისდევენ, ხან რას გეგმავენ, ხან - რას, იმედი აქვთ ხან სახანძრო დაცვის, ხან - ჭაბურღილის, მეხუთის, მეათის, მაგრამ რის გაკეთება შეუძლიათ ადამიანებს უღმერთოდ? მხოლოდ ღვთის რისხვას დაიტეხენ თავზე. ხედავ როგორაა: როცა წვიმა არ მოდის, ადამიანები კი არ ამბობენ: „ღმერთს ვევედროთ“, არამედ იტყვიან: ჭისთვის ჭაბურღილები გავაკეთოთ. ცუდი ისაა, რომ ამ ტექნიკური საშუალებების პირობებში ასე ფიქრობენ არა მარტო ურწმუნოები, არამედ - მორწმუნეებიც.

და ისინი ნელ-ნელა იწყებენ ღვთის ძალის დავიწყებას. საბედნიეროდ ღმერთი გვიწყნარებს ჩვენ. მაგრამ ადამიანებს ისიც კი არ ესმით, რომ ღმერთი ფიქრობს მათზე.

მოხდა, რომ ჩემთან მოვიდა რამდენიმე ადამიანი და ასეთი ლაპარაკი წამოიწყეს: „ჩვენ არ გვჭირღება ღმერთი: ჩვენ არტეზიული ჭები გვაქვს“. და ეს იმ დროს, როდესაც საჭიროა, როგორც არასდროს, ვთხოვოთ ღმერთს, რომ მან ორმაგი სასწაული აღასრულოს, რადგან ადამიანებმა საკუთარი ხელით უკვე თვით ბუნება დაამახინჯეს. ერთხელ ღრუბლებს ვაკვირდებოდი - ქარი მათ აქეთ-იქით აბორიალებდა, ისინი ხან ერთ ადგილას იკრიბებოდნენ, ხან სხვაგან გადაფრინდებოდნენ - ხან ზემოთ აიჭრებოდნენ, ხან ქვემოთ ჩამოვარდებოდნენ... ქარი ამოვარდება და საწვიმარი ღრუბლების გაფანტვას იწყებს. ხოლო ადამიანები იმის მაგივრად რომ თქვან: „ეხლა ღმერთმა ორმაგი სასწაული უნდა აღასრულოს, რომ ღრუბლები არ გაიფანტნენ“, ამბობენ: „ჩვენ არ გვჭირდება ღმერთი“. საბედნიეროდ, ღმერთი არ ეკიდება ჩვენს სიტყვებს. როგორც რაღაც სერიოზულს, თორემ ეს ასე ტკბილად არ ჩაგვივლიდა.

წყლის ძებნაში ადამიანები 100-150 მეტრის სიღრმეზე ჭრიან არტეზიულ ჭებს, მაგრამ წყალს ვერ პოულობენ. ქალაქ ნავპლიონში [11] 170 მ. სიღრმის ჭაბურღილი გაჭრეს და მტკნარი წყლის მაგიერ ზღვის წყალამდე დავიდნენ. სხვები შეეცადნენ მდინარე ელენოსი [12] ათენში შეეყვანათ. ამისთვის საჭირო გახდა10 წლის შრომა და უდიდესი ხარჯები, მაგრამ ბოლოს სულ ერთია, ეს წყალიც გათავდება. ადამიანები არ ამბობენ: „ვცოდე“. ცოტა ხნის წინ, გვალვა რომ იყო [13], ერთ ყრუ სოფელში ვიღაც პოლიტიკოსი მოვიდა და მოსახლეობას უთხრა, რომ მათ სოფელში დადგამენ სისტემას კანალიზაციის გასაწმენდად, რათა სასმელი წყალი ჰქონოდათ. მართლაც ამ ამბავს მოეკიდნენ, როგორც - ძალიან მნიშვნელოვანს! ასეთი აზრის უბრალო დაშვებაც კი მიუღებელია! შეხედთ, სადამდე დადიან ადამიანები - სვამენ - უკაცრავად ამ სიტყვაზე - საკუთარ შარდს! თუკი რაიმე ამის მსგავსი ხდება რომელიმე დიდ ქალაქში, სადაც ადამიანები ასცდნენ ჭეშმარიტების გზას, ეს კიდევ გასაგებია, ამაში არის რაღაც გამართლება, რადგან ქალაქში ერული სულით არიან გატაცებულნი. მაგრამ, როცა ყრუ სოფელში, როგორც გამოსავალს, ისე სთავაზობენ საკუთარი შარდის გაწმენდას და დალევას და ისინი, იმის მაგიერ, რომ თვალი ღმერთს მიაპყრონ, თქვან ერთადერთი სიტყვა: „შევცოდე“ და მიიღონ წყალი მისგან, უპირატესობას ანიჭებენ ამგვარ გამონაგონს - ეს საშინელებაა!

წმიდა მთის ერთ-ერთ მონასტერში ასეთი რამ მოიფიქრეს - დაერგოთ ნაძვები და ქაღალდის წარმოებისთვის მიეყიდათ. და ღმერთმა დასაჯა ისინი - მთელი ნარგავი ნაძვები გახმა. და რა, ჩემო ძმაო, წმიდა მთა ხელსაწმენდისა და ტუალეტის ქაღალდის სავაჭროდ უნდა იქცეს? ხვდებით, რა ხდება? და აი - იშრომეს, დარგეს ხეები, და ყველაფერი, რაც დარგეს - გახმა. ღვთის რისხვაა!..

- წმიდაო მამაო, შეიგნეს მათ საკუთარი შეცდომა?

- ოჰ, საქმეც მაგაშია, რომ არა! ამის შემდეგ მათ გერმანიიდან საბურღავი მოწყობილობა ჩამოიტანეს, რომ წყალი ზღვის სიღრმიდან ამოექაჩათ. შედეგად ის წყალიც გაქრა, - რაც ადრე იყო. ხედავთ, სადამდე შეიძლება მივიდეს ვაჭრული დამოკიდებულება საქმესთან, თუკი სულიერი სიფაქიზე დაიკარგა?! ამიტომაც მონაზვნობიდან ნელ-ნელა ქრება ღვთისმოსაობა. არ ესმით, რომ თუ წვიმა არ იქნა, ვერაფერი უშველის, ის წყალიც გაქრება, რაც წყალსატევებშია დარჩენილი. ადამიანები მხოლოდ ლოგიკას იყენებენ, ღმერთი კი უკანასკნელ ადგილს გადაიყვანეს.

ძველ აღთქმაში ასეთი შემთხვევაა აღწერილი [14]: ასურელების მიერ სამარიის ალყის დროს ქალაქში წყალიც კი გათავდა. დაიწყო საშინელი უბედურება, შიმშილი, იხოცებოდა პირუტყვი, დედები იქამდე მივიდნენ, რომ საკუთარ შვილებს ჭამდნენ. წინასწარმეტყველი ელისე მმართველ მეფესთან - იორამთან მივიდა და უთხრა: „ცხოველები დაეცნენ, ადამიანები შიმშილისაგან იხოცებიან, მაგრამ ღმერთი შეგვეწევა“. მმართველი ყველაფერს ლოგიკის თვალსაზრისით უყურებდა: „როგორ დაგვეხმარება, ციდან გამოგვიგზავნის?“ - ჰკითხა მან. „ხვალ ღმერთი დახმარებას გამოგვიგზავნის, - უპასუხა მას წინასწარმეტყველმა - მაგრამ შენ ამით ვერ გაიხარებ“. და მართლაც: მეორე დღეს ღმერთის ნებით საშინელი პანიკა დაეუფლა მტრის რიგებს. ასურელებს მოესმათ ცხენის ფლოქვების თქარათქური, ეტლების წკრიალი, ყურებში ჟღრიალი ედგათ და მათ ეგონათ, რომ ისრაელის დასახმარებლად ეგვიპტელები მოდიოდნენ. ისინი გაიქცნენ და ყველაფერი, რაც ქონდათ - კარვები, სურსათი, იარაღი - კედლებთან დატოვეს. და როდესაც მათ თავის მამულს მიაღწიეს, ეშმაკმა ისეთი საშინელი აურზაური მოუწყო, რომ ას სამოცდაათიათასმა ადამიანმა ერთმანეთი გადათელა. ამასობაში ოთხმა კეთროვანმა, რომლებიც სამარიის კარიბჭესთან ისხდნენ, ერთმანეთს უთხრეს: „ხომ არ შევიდეთ მტრის ბანაკში, იქნებ რაიმე საჭმელი ვიპოვოთ, ასე თუ ისე, მაინც ხომ ვკვდებით!“ მივიდნენ ერთ კარავთან - არავინაა, მეორესთან - არავინაა! მტრის ჭაჭანება არ არის. შეაგროვეს პროდუქტები, მთელი ტომრებით ნივთები. შემდეგ ქალაქში დაბრუნდნენ და ებრაელებს უთხრეს, რომ მტერმა ალყა მოხსნა. ებრაელებმა იფიქრეს, რომ აქ რაღაც ეშმაკობა იყო - „მტერი დაიმალა, რომ ჭიშკარი გავაღოთ და ქალაქში ამგვარად შემოაღწიონ“. - ამბობდნენ ისინი. მაშინ ერთმა მხედართმთავარმა განაგრძო: „ჩვენ ხუთი ცხენი დაგვრჩა, იქნებ მხედრები გაგვეგზავნა და გაგვეგო, რაშია საქმე“. მეომრები ყველა თავისი მიმართულებით წავიღნენ და დაბრუნებულებმა აცნობეს: „მტერი შეშინებული მირბოდა და გზად ტოვებდა ყველაფერს“. მაშინ მთელი ხალხი ჭიშკრისკენ გაიქცა, რათა გარეთ გასულიყვნენ და მტრის ბანაკიდან საჭმელი და ნივთები აეღოთ. თვით მმართველი ჭიშკართან იმყოფებოდა და წესრიგის დამყარებას ცდილობდა. და, აი, ჭიშკართან მომწყდარმა ტალღამ გადათელა იგი. ყველაფერი ისე მოხდა, როგორც ელისე წინასწარმეტყველმა აუწყა: მმართველმა იხილა ღვთის შეწევნა, მაგრამ ვერ გაიხარა ამით. ხედავთ, როგორ მიუჩინა ღმერთმა ყველაფერს თავისი ადგილი?!


რათა შეიწყალოს უფალმა ქვეყანა და მოსცეს მას წვიმა.

რა ბრძნულად არის ღვთის მიერ მოწყობილი ყველაფერი! დნება თოვლი, ივსებიან სათავეები. მაგრამ ახლა [15] არც თოვლია და არც წვიმა. რა მოყვება ყოველივე ამას? რას დალევენ ადამიანები? დაე, შეიწყალოს უფალმა ქვეყნიერება, მოწყალე იქნას ჩვენ ზედა და მოგვცეს წვიმა. რადგან თუ გვალვა გაგრძელდა, ნელ-ნელა ფოთლებიც კი გახმებიან ხეებზე. ზეთისხილზე მწვანე ნაყოფს კი არა, - მწვანე ფოთოლსაც ვეღარ დაინახავ. რაც არ უნდა დათესოს ადამიანმა, თუ მაღლიდან უფლის მიერ წმინდა წყლით არ მოირწყო, ყველანაირი ნარგავი გახმება. წვიმა - ეს წმინდა წყალია.

საბრალო ადამიანები! რა უნდა ქნან მათ წყლის უკმარისობის შემთხვევაში, როცა მის სიუხვეს არიან მიჩვეულნი? ღმერთი წყალს ცოდვების გამო არ მისცემს. ან უბრალოდ ადამიანურად რომ განვასჯოთ: როგორ იკმარებს წყალი, როცა მას ასე განუსჯელად ხარჯავენ? წარმომიდგენია, რა ხდება ქალაქებში! მხოლოდ ერთი ჩასაშვები ბაკისთვის ტუალეტში ხომ მთელი კასრი წყალია საჭირო. ქალაქები მიკრობებითაა სავსე, იწყება ქოლერა. ადამიანები დაიხოცებიან და დაუმარხავნი დარჩებიან. ხოლო გვამებს რაიმე ფხვნილით დაფარავენ დეზინფექციისათვის. ჩვენდა საბედნიეროდ ღმერთს ჯერ კიდევ არ მიუტოვებია ქვეყნიერება და ფიქრობს მასზე.

ჩვენ აპოკალისფურ დროში ვცხოვრობთ. რას წარმოადგენს, თქვენი აზრით, გვალვა, უწვიმობა, რომელიც ყოველწლიურად გვტანჯავს? განა წარსულში ამის მსგავსი გვალვები იყო? აი, აქ, ქალქედიკში ამოშრა მდინარე, დაიღუპა თევზი, მთელ ოლქში სიმყრალე მოედო. სალონიკშიც მწვავედ დგას წყლის პრობლემა, მარათონის ტბაში [16] წყლის დონემ ძლიერ დაიწია და უკვე მშრალი კუნძულები გამოჩნდა. პინეოსშიც [17] დავარდა წყლის დონე. ევროსში [18] ადრე ცოტა წყალი მაინც იყო, მაგრამ დინების ზემოთ ბულგარელებმა კაშხალით გადაფარეს და ისიც არაფერს იძლევა. რაღაც აურზაური რომ ატყდეს, ტანკებს მდინარე გასვლაზე არ გაუჭირდებათ. კვიპროსზეც, თუ წელსაც არ იქნა წვიმა, წყლის პრობლემა სერიოზულად დადგება. და განა მხოლოდ ეს? კიდევ რამდენი რამ არის!.. ხეები - ზოგი ხმება, ზოგი ავად არის... ადამიანები ავადმყოფობენ და კვდებიან. თუ ადამიანები არ შეინანებენ, რა წვიმა მოვა? განა ღმერთი მოგვცემს მას? იცით, როგორ იცვლება ყველაფერი, თუ ღმერთს მიენდე?! ღმერთის მეკავშირედ ყოლა სახუმარო საქმე არ არის. ღმერთისთვის რთული ვითარება არ არსებობს. მისთვის ძნელი არ არის ნებისმიერ სიტუაციაში გამოსავალი მოძებნოს. ღმერთისთვის ყველაფერი უბრალოდაა. ის უფრო მეტ ძალას არ ხარჯავს ზებუნებრივისთვის და ნაკლებს - ბუნებრივისთვის. ერთი და იმავე ძალით ცვლის ყველაფერს. მთავარია, ადამიანი მიენდოს მას - აი, რა არის უმთავრესი.

გილოციათ იმისათვის, რომ გაწვიმდეს? თუ ეს საკითხი თქვენ არ გაწუხებთ?! დღეს ადამიანებს სწორედ ის დრო უდგათ, რომ მიწა მოხნან და თესვა დაიწყონ. მიწები კარგა ხნის დათესილი უნდა იყოს, მაგრამ ჯერ ხვნაც ვერ მოუხერხებიათ [19]. ეს უწვიმობა ღვთის მიერ მოვლენილი განსაცდელია. ხოლო ასეთი განსაცდელის დროს ლოცვა არის სწორედ მონაზვნის საქმე. არ ვმალავ, რომ უკმაყოფილო ვარ თქვენით: გასულ წელს, როდესაც გვალვის გამო ადამიანები იძულებულები გახდნენ მარცვალი თივად გაეთიბათ, თქვენ არ განძრეულხართ ლოცვასთან დაკავშირებით. რატომ?! იმიტომ, რომ თვითონ თქვენ ბოსტანს რეზინის მილით რწყავთ. ეს ბოლო შემთხვევა იყოს. - შემდეგში თქვენ უნდა გაითავისოთ ადამიანების ტკივილი! როდესაც შეიტყობთ, თუ რა ხდება, აუცილებლად ლოცვა აღასრულეთ. მეც მომწერეთ, თუ რა ხდება. თქვენ გამოცდების ჩაბარება მოგიწევთ. თუ ჩააბარეთ - ანუ თუ წვიმა მოვა, მაშინ ლოცვაში ჩემს თანამშრომლებად გაქცევთ. და ყველაფერს, რაც საღვთო განგებულებით მოგვეცემა, თქვენთან გავიყოფ.

როცა წვიმისათვის ვლოცულობ და ცაზე თუნდაც ერთი პატარა ღრუბლის გამოჩენას შევამჩნევ, ღმერთს ვადიდებ, რომ ის გამომიგზავნა - თუნდაც წვიმა არ წამოვიდეს. ხოლო საკუთარ თავს ვსაყვედურობ, რომ ჩემში მრავლადაა სულიერი ღრუბლები - ღვთის ღრუბელს რომ განდევნის. თუ ჩვენ ღვთის მოწყალებას სიმდაბლით ვითხოვთ, ღმერთი შეგვეწევა. გვალვის დროს თავმდაბალი ადამიანის ლოცვა საწვიმარ ღრუბლებს მოკრებს, იმისთვისაც ვილოცოთ, რომ ღვთის მიერ გამოგზავნილ წვიმას სულიერი ზემოქმედაბაც ჰქონდეს, რომ მან ჩააქროს ის სულიერი ხანძარი, რომელიც ეშმაკის გაბოროტების გამო მძვინვარებს ერში და ადამიანების სულებს ფერფლავს.

გამეხარდა, როდესაც მოვისმინე, ზოგიერთები რომ ამბობდნენ: „უღირსები ვართ, მაგრამ ღმერთმა კვლავ შეგვიწყალა: ცოტაოდენი წვიმა და თოვლი მოგვცა“. თუ ჩვენ ასეთი თავმდაბლური აზრები გვექნება, ღმერთი უფრო მეტს მოგვცემს. ყოველ შემთხვევაში, საკუთარი უღირსების აღიარება - ეს უკვე სინანულია. საბედნიეროდ, ცოტაოდენი საფუარი კიდევაა დარჩენილი. ევედრეთ ღმერთს, რომ მან სახრახნისი აიღოს და ადამიანების თავებზე ხრახნები გაამაგროს. ვხედავ, რომ ბევრი, ვისაც მაღალი მოვალეობა აკისრია, სასიკეთოდაა განწყობილი, მათ ესმით, თუ საით მივდივართ.


შევთხოვოთ ღმერთს, რომ ქვეყანას სინანული მისცეს.


ჩვენ რომ ღვთის უსაზღვრო მოთმინებას ვაცნობიერებდეთ! ნოეს კიდობნის აშენებას 100 წელი დასჭირდა [20]. როგორ ფიქრობთ, ღმერთს არ შეეძლო, უცებ აეგო რაღაც კიდობანი? რა თქმა უნდა, შეეძლო, მაგრამ მან ნოე 100 წელი სატანჯველად იმიტომ დატოვა, რომ დანარჩენებსაც გაეგოთ, რა ელოდათ და შეენანებინათ. „შეხედეთ, - ეუბნებოდა ნოე ხალხს, - წარღვნა იქნება, შეინანეთ!“ მაგრამ მას სასაცილოდ იგდებდნენ. „რა ყუთს აშენებს ნეტა!“ - ირონიულად იღიმებოდნენ ნოეს თანამედროვენი და თავისას აგრძელებდნენ. ეხლაც შეუძლია ღმერთს, ორ წუთში შეაბრუნოს ქვეყნიერება და ყოველივე შეცვალოს, ისე რომ ყველა მორწმუნე და „სუპერმორწმუნე“ გახდეს. როგორ?! აი, როგორ: თუ ის მიწისძვრას აღძრავს და ნელ-ნელა გამაძლიერებელ რეგულატორს „რიხტერის შკალის 5 ბალიდან“ „6“-ზე, შემდეგ კი ,,7“-ზე გადაატრიალებს, „8“-ზე ცათამბჯენები მთვრალებივით აბარბაცდებიან და ერთმანეთის მიყოლებით დაიქცევიან. „მეათეზე“ ყველა იტყვის: „ვცოდეთ, გევედრები, გვიშველე!“ შეიძლება ადამიანებმა, უკლებლივ ყველამ, ბერობის აღთქმაც კი დადონ. მაგრამ საკმარისია, მიწისძვრა დასრულდეს, რომ ადამიანები, შეიძლება ცოტა ისევ ქანაობდნენ, მაგრამ რაკი ფეხზე დგომას შეძლებენ, ხელახლა ბარებში და დისკოთეკებზე გაიქცევიან! იმიტომ, რომ ადამიანების ასეთი დამოკიდებულებით ღმერთთან, ჭეშმარიტი სინანული არ მოვა, ისინი სინანულის სიტყვებს ზერელედ იტყვიან, მხოლოდ იმისთვის, რომ უბედურებას გადაურჩნენ.

- წმიდაო მამაო, თუკი სადმე, სტიქიური უბედურება მოხდება, როგორც ღვთის რისხვა, ხოლო მართალი ადამიანები შეწყალებას ითხოვენ ღმერთისგან, მაშინ ღმერთი თუ შეისმენს მათ ლოცვას?

- იცი, აქ რაშია საქმე?! ადამიანებს სინანული არა აქვთ და ამიტომ ღმერთი მართალთა ლოცვას არ ისმენს? თუ ღმერთს განვარისხებთ და ჩვენს დანაშაულს შევიგნებთ, ეს სულ სხვა საქმეა - ღმერთი შეგვიწყალებს ჩვენ, მაგრამ თუ ადამიანი ვერ გრძნობს, რომ ღმერთს არისხებს და თავისას უკრავს, მაშინ როგორღა შეისმენს ღმერთი მართალთა ლოცვას? იმისათვის, რომ ღმერთმა ადამიანს რაღაც დანაშაული შეუნდოს, მან უნდა გააცნობიეროს თავისი დანაშაული. და ამის გარდა, თუ ცოდვას სულიერი ადამიანები აღასრულებენ, მდგომარეობის შემამსუბუქებლად ეს არ მიიღება. „ცოდვათა ჩვენთათვის და ერისა უმეცრებისათვის“...

[21] ნათქვამია ერთ-ერთ ლოცვაში. თუ საბრალო ერის ადამიანების დანაშაული „უმეცრებაა“, სულიერი ადამიანების დანაშაული უკვე „ცოდვაა“. ამიტომ თუ დანაშაულს სულიერი ადამიანები აღასრულებენ, ეს სახუმარო სულაც არ არის. დანაშაული მდგომარეობის გამო შეიძლება, მხოლოდ ერის ადამიანებს შეუმსუბუქდეთ. წელს [22], როცა მიძინების მარხვაში წმინდა მთაზე ხანძარი გაჩნდა, რაღაც საშინელება ხდებოდა. საუკეთესო მეხანძრეები მოგროვდნენ ათონზე, მაგრამ ვერავინ ვერაფრის გაკეთება ვერ შეძლო, ისღა დარჩენოდათ, ეცქირათ, როგორ ბურბურებდა ცეცხლი. სახანძრო დაცვის ვერტმფრენები, როგორც ჩანს, მხოლოდ აძლიერებდნენ და უბერავდნენ სანძარს. ერთი მონასტერი საგანგებო ხანძარსაწინააღმდეგო სარტყლებით შემოღობეს, რომ ცეცხლს შიგნით არ გაევლო, მაგრამ ცეცხლმა ამ სარტყლების გავლით შეაღწია სწორედ იქ, სადაც არავინ ელოდა - არქონდარიკში. წმიდა მთა 15 დღის განმავლობაში იწვოდა და15 აგვისტოს [23] ხანძარი თავისით ჩაქრა.ზოგიერთი ამბობდა: „ღვთისმშობელმა რად არ ჩააქრო ცეცხლი?“ ანუ ჩვენ უკვე იქამდე მივედით, რომ ღვთის სახელის გმობა დავიწყეთ. მაგრამ როცა ექვსი დღის მერე ისევ დაიწყო ხანძარი და ამჯერად უკვე წმიდა მთის სულ სხვა მხარეში - სწრაფად წამოვიდა წვიმა და ყველაფერი ჩააქრო. ერთი ხანძარი ჩაქრა, მეორე - არა. ნუთუ გაუგებარია, რატომ ხდება ასე?!

ზოგიერთი ადამიანი, მოქმედი სულიერი კანონები რომ არ იცის, დიდი ტკივილით ლოცულობს, მაგრამ მათი ვედრება შესმენილი არ არის იმიტომ, რომ მომხდარი უბედურება ღვთის რისხვადაა მოვლენილი. სხვები კი საერთოდ არ ლოცულობენ უბედურების ჟამს, იმიტომ, რომ ესმით, რაოდენ სამართლიანია ღვთის რისხვა, ადამიანების გამოსაფხიზლებლად რომ მოდის. დაე, მეტად განგვანათლოს ღმერთმა ჩვენ - მონაზვნები, რადგანაც უმრავლეს შემთხვევაში ჩვენ სულელი ქალწულები [24] ვართ. ხოლო ჩვენი ჭურჭელი წყლითაა სავსე, მხოლოდ ფითილია ცოტაოდენი ზეთით გაჟღენთილი. ერის ადამიანები კი ელიან, რომ ჩვენ გავუნათებთ გზას და ისინი არსად წაიბორძიკებენ.

ვევედროთ ღმერთს, რომ მოსცეს მან ქვეყანას სინანული და ჩვენ მის სამართლიან რისხვას გადავურჩეთ. ღვთის რისხვას, რომელიც ჩვენზედ მოწევნულა, სხვანაირად ვერ გავექცევით, თუ არა - სინანულით და მისი მცნებების დაცვით.

[1] - ნახევარკუნძული და ადმინისტრაციული ერთეული სამხრეთ-აღმოსავლეთ საბერძნეთში. ქალქედიკის ერთ-ერთ უკიდურეს მხარეს მდებარეობს ათონის წმიდა მთა.
[2] - ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სარტყელი - ერთ-ერთი უდიდესი სიწმიდე, ინახება ათონის წმიდა მთაზე - ვატოპედის მონასტერში.
[3] - ისუ. 13,1-2 და მსაჯ. 3,1-4.
[4] - ისუ. 10,11.
[5] - 3 მეფ. 9,1-9.
[6] - შეად. 4 მეფ. 24 და შემდეგ.
[7] - შიდსი, რომელიც 1984 წლის ნოემბერში გამოვლინდა.
[8] - შეად. 3 მეფ. 18,17-40.
[9] - შეად. გამოსვლ. 32,1-6.
[10] - ეფ. 5,6.
[11] - ნავპლიონი - ქალაქი-პორტი პელოპონესში (ჩრდილო საბერძნეთი).
[12] - ელენოსი - მდინარე ცენტრალურ საბერძნეთში.
[13] - ეს მოხდა 1990 წ. ნოემბერში.
[14] - 4 მეფ. 7. [15] - 1990 წელი, ძლიერი გვალვა.
[16] - ტბა ჩრდილო-დასავლეთ საბერძნეთში, ათენის წყლით მომარაგების წყარო.
[17] - მდინარე თესალიაში.
[18] - მდინარე სამხრ. საბერძნეთში, ბულგარეთში უწოდებენ მარიცას.
[19] - იმის გამო, რომ ნიადაგი მეტად მშრალია.
[20] - დაბ. შეს. 5,32...
[21] - ლოცვა დიდ შესვლაზე, იოანე ოქროპირის ლიტრუგიაზე.
[22] - ამბობს 1990 წ. ნოემბერში.
[23] - ძვ. სტილით მიძინების დღესასწაული.
[24] - შეად. მთ. 25,1-13.

http://www.orthodoxy.ge/tserilebi/paisi/1-1-6.htm

Комментариев нет:

Отправить комментарий