ღმერთი

ღმერთი

четверг, 27 июня 2013 г.

პატივმოყვარეობა.


ამპარტავანი პატივისცემას ეძიებს მათგან, ვისაც იგი არაფრად მიაჩნია.

ამპარტავანი თავის პატივისმცემელთ არაფრად მიიჩნევს, მისთვის მიგებულ პატივს კი დიდად აფასებს.

ვინც პატივმოყვარეობით არ არის შეპყრობილი, იგი არ ჩავარდება ღვთისმებრძოლ, უგუნურ ამპარტავნებაში.

თავი აარიდე პატივმოყვარეობას და მომავალ ცხოვრებაში განდიდდები.

პატივმოყვარეობა ამპარტავანს კაცთა წინაშე მშვიდად წარმოაჩენს.

პატივმოყვარეობა წყალქვეშა ქვაა, თუ მას წამოედები, ტვირთს დაღუპავ.

დავთანხმდები, მრავალი ბარბაროსის მონა ვიყო, ვიდრე მხოლოდ პატივმოყვარეობისა.

მნიშვნელოვანია, როგორნი ვართ ღვთის თვალში და არა ის, რას ფიქრობს ხალხი ჩვენზე.

თუ გსურს, რომ უფალი გიცნობდეს, შეძლებისდაგვარად ადამიანთათვის უცნობად დარჩი.

პატივმოყვარე მოსაგრე უფასო მუშაკია; იგი შრომობს, მაგრამ სასყიდელს ვერ მიიღებს.

რასაც ჩრჩილი ვერ შეჭამს და ქურდი ვერ მოიპარავს, იმას პატივმოყვარეობა მიიტაცებს.

პატივმოყვარეობა პატივცემულებს აამაყებს, დამცირებულებს კი - ავმეხსიერებად აქცევს.

როდესაც გაიგებ, რომ მეგობარი აუგად გახსენებს, მაშინ მის მიმართ სიყვარული გამოამჟღავნე.

პატივმოყვარის თავშეკავება იგივეა, რაც ღუმელში - ცეცხლი; ერთიც და მეორეც ჰაერში იფანტება.

საყვარელო, ნუ დაჰფარავ საკუთარ ნაკლს იმ მიზეზით, რომ მისი წარმოჩენით მოყვასს დააბრკოლებ.

დიდი საქმეა, თუ სულს კაცობრივ ქებას განარიდებ, მაგრამ ამაზე დიდი ეშმაკეული ქების განრიდებაა.

ჭიანჭველა მარცვლის დამწიფებას ელის, ხოლო პატივმოყვარეობა ელის, რომ მონაზვნის სიმდიდრე მიიტაცოს.

ჭიანჭველას უხარია როცა იპოვის და მოიპარავს, ხოლო პატივმოყვარეობას დაღუპვა და გაფანტვა ახარებს.

როგორც ნაყოფი ნესტიან ადგილას მალე ფუჭდება, ასევე კვდება პატივმოყვარეობით აღსრულებული სათნოება.

პატივმოყვარე მოღვაწე ორმხრივ ავნებს საკუთარ თავს, რადგან ხორცსაც იტანჯავს და ვერც ჯილდოს მიიღებს.

სუფრასთან ჯდომისას, პატიცმოყვარება ჩააგონებთ, რომ იმარხულონ და მათზე უმცირესნი უმოწყალოდ ამხილონ.

ელვის ბრწყინვალება მეხის ჩამოვარდნას მოასწავებს, ამპარტავნებისა კი - პატივმოყვარეობის გამოჩენას.

თუ ადამიანი მიაგებს, მაშინ უფალი არ მიაგებს; ხოლო თუ ადამიანი არ მიაგებს, მაშინ ღმერთი აღასრულებს ამას.

გახვრეტილ ტომარაში მისი შიგთავსი ვერ შეინახება; ასევე პატივმოყვარეობაც ნთქავს სათნოებათა სასყიდელს.

როგორც ვენახს შემოხვეული სურო მოაშთობს მის ნაყოფს, ასევე პატივმოყვარეობა ანადგურებს მოსაგრის შრომას.

პატივმოყვარე სულთან კვლავ ბრუნდებიან ვნებები, რომლებიც მან ოდესღაც დაძლია და საკუთარი თავიდან განდევნა.

მწუხარების საზღაურად ადამიანისთვის გამზადებულია კეთილი, პატივმოყვარეობისა და განცხრომისათვის - ბოროტი.

ამბობენ, პატივმოყვარეობა შინაური მტერია, რომელიც შეთქმულია გარეშე მტრებთან.

ის უღებს მათ ფანჯრებს და კარს, ისინი კი იპარებიან შიგნით და ძარცვავენ იქაურობას.

ვინ იცის? შესაძლოა, ის დანაღვლიანებაც, თქვენ რომ შეგემთხვათ და ლოცვად დადგომისთანავე მიგატოვათ, მტრის ხრიკია, მას სურს როგორმე სიამაყე ჩაგითესოთ აზრებში: "ი, როგორი მლოცველი ვარ!" ლოცვის შემდეგ ეშმაკები გაიფანტნენ. გაიხსენეთ: თუ ამას მოსდევს პატივმოყვარული აზრები, იცოდეთ, ასე მტერს თქვენი ქედმაღლობაში შეყვანა სურს.

მეორე სახე თავისმოყვარეობისა მდგომარეობს მას შინა, რომ კაცს უყვარს პატივი, თავის განსხვავება, თავის გამოჩენა საზოგადოებაში; უყვარს, როდესაც მისი სახელი განთქმული არის, მის სიტყვას გავლენა აქვს. რა უნდა ვსთქვათ ესრეთსა თავისმოყვარეობასა ზედა? ის, რომელ ზნეობითი მნიშვნელობა ესრეთის პატივისმოყვარეობისა დამოკიდებული არის მას ზედა, თუ რისთვის უყვარს კაცს პატივი და რა საქმისათვის ხმარობს პატივსა. პატივმოყვარეობა, თავის გამოჩენა სარწმუნოებაში, შეიქმნება სასარგებლო და კანონიერი, პირველად მაშინ, როდესაც კაცი პატივსა ეძიებს და მიიღებს პატიოსნითა საშუალებითა; მეორედ მაშინ, როდესაც იგი პატივსა ხმარობს არა მხოლოდ თავისათვის, არამედ უფრო ქვეყნის სასარგებლოდ.

ქარი ადამიანის კვალს შლის, პატივმოყვარეობა კი მოწყალებისა.

პატივმოყვარეობა კეთილ, ადამიანურ საქმეებსაც ამაოს ხდის.

ამპარტავნების დასაწყისი - პატივმოყვარეობის დასაწყისია.


საკუთარ სიბრძნეზე მეოცნებე გონება უწყლო ღრუბელია, რომელიც პატივმოყვარეობისა და ამპარტავნების ქარს მიაქვს.

პატივმოყვარე ცხოვრების წესითა და ხორცით მონაზონთა შორის იმყოფება, ხოლო გონებითა და საქმით ერისკაცთა შორისაა.

ვნახე მტირალნი, რომელთაც სხვები აგინებდნენ და ამიტომ განრისხდნენ და როგორც სავაჭროში - ვნებით ვნება შეიძინეს.

დიდია ის კაცი, ვინც სიხარულით მიიღებს გინებას, ხოლო წმინდა და პატიოსანია იგი, ვინც ქებას თავს უვნებლად გაარიდებს.

ვისაც ეს სენი არ შეხვედრია, ძალიან ახლოა ცხონებასთან, ხოლო მისით შეპყრობილი წმიდათა დიდებისგან მეტად დაშორებულია.

პატივმოყვარის მიერ აღსრულებული სათნოება "შემუსვრილი მსხვერპლია" (ლევ. 22, 22) და ღვთის სამსხვერპლოზე შეწირული არ იქნება.

რასაც არ უნდა ფიქრობდნენ და ამბობდნენ ადამიანები ჩვენს შესახებ, სინამდვილეში ისეთნი ვართ, როგორებსაც ღმერთი გვხედავს.

ნეტარია, ვინც ისე არ განაგებს თავის ცხოვრებასა და საქმეებს, თითქოსდა მხოლოდ ადამიანთაგან და მიწაზე უნდა მიიღოს სანაცვლო!

ვინც ამქვეყნიურ პატივს ეძიებს, ვერ ეღირსება ზეციურ პატივს.

დააკვირდი და ნახავ, რომ უკეთური პატივმოყვარეობა საფლავის კარამდე შესამოსლებით შემკული მოგყვება ყველგან, ყოველგვარ საქმეში.

პატივის და მთავრობის მოყვარება ღრმად არის დანერგული ბუნებასა შინა კაცისასა.
თითქმის ყოველი ხორციელი კაცი ცდილობს, რომ რითიმე განასხვავოს და აღამაღლოს თავი თვისი მოყვასთა შორის, მიიზიდოს ყურადღება კაცთა, მოიპოვოს გავლენა და მთავრობა საზოგადოებასა შინა. იესო ქრისტემან, იცოდა რა ესრეთი კაცის თვისება, არ მოითხოვა და არ დადვა სჯულად, რომელ სრულიად მოისპოს და განქარდეს ეს თვისება კაცის ბუნებისა, არამედ მისცა მას სხვა მიმართულება, განსხვავებული სასხით გვაჩვენა ჩვენ ძიება პატივისა და მთავრობისა: „რომელსა უნდეს დიდ–ყოფა თქვენ შორის, იყოს ყოველთა მსახურ; და რომელსა უნდეს პირველ ყოფა თქვენ შორის, იყოს ყოველთა მონა“

ეშმაკი, ვისშიც პატივმოყვარეობას მოხდენილი ტანისამოსით ვერ აღძრავს, ცდილობს მოუვლელი, შეუხედავი, უბრალო სამოსით აცდუნოს იგი; ვინც ვერ აიძულა თავი აემაღლებიან ცოდნითა და მჭევრმეტყველებით, დუმილით ჩააგდო ცოდვაში; ვინც აშკარად მარხულობს, ბოროტი მას ამქვეყნიური დიდებით აცდუნებს; ხოლო, ვინც გაურბის სახელს და ფარულად ცდილობს მარხვის შენახვას, სწორედ ამ კრძალვას უდებს ხაფანგად. ის, ვინც შეურაცხყოფს წუთისოფლის დიდებას და ძმათა თვალწინ ხანგრძლივ ლოცვას ერიდება, განმარტოებული სიმდაბლით ეძლევა პატივმოყვარეობას.

„რომელსა უნდეს დიდ–ყოფა თქვენ შორის, იყოს ყოველთა მსახურ; და რომელსა უნდეს პირველ ყოფა თქვენ შორის, იყოს ყოველთა მონა“. სასუფეველსა შინა ღვთისასა, ყოველთა უდიდესი და უპირველესი ის იქმნება, რომელიც ყოველთა უმეტესად სამსახურსა და სარგებლობასა მისცემს მოყვასთა თვისთა, და არა ის, რომელსა ყოველნი კაცნი ემონებიან და ემსახურებიან. აჰა გზა, რომელი გვაჩვენა ჩვენ მაცხოვარმან დასაკმაყოფილებლად ბუნებითგანვე თანშობილისა პატივისა და მთავრობის მოყვარებისა, რომელსაც გრძნობს კაცი თავის გულში. ამ სახით პატივის ძიება დიაღ სანატრელი და სასარგებლო იქმნება ყოვლისა საზოგადოებისათვის.

თუ ღვთისგან მომდინარე დიდების გამოცნობა გსურს, ამგვარად იცან: როდესაც შენ იმ დიდებას მავნებლად ჩათვლი, ყოველ ღონეს იხმარ, რომ მას გაექცე და სადაც წახვალ, შენს ვინაობას დამალავ; ეშმაკეული დიდება კი იმით უნდა გამოიცნო, რომ ამ დროს გსურს, ადამიანებმა შენი სათნოებები დაინახონ.

ეს უწმინდურნი გვარწმუნებენ, რომ დავიჩემოთ და მივითვისოთ ის სათნოებები, რომლებიც არ მოგვიხვეჭია და გვახსენებენ სახარების სიტყვებს: "ეგრეთ ბრწყინავდნენ ნათელნი თქვენი წინაშე კაცთა, რათა იხილონ საქმენი თქვენნი კეთილნი და ადიდებდენ მამას თქვენსა ზეცათასა" (მათ. 5,16)

მზე ყველაფერს უშურველად ანათებს და ყოველგვარ საქმეში პატივმოყვარეობა იმყოფება; როდესაც ვმარხულობ, ჩევს გონებას ქედმაღლობა იპყრობს, ხოლო, როდესაც გავიხსნილებ, მხოლოდ იმიტომ, რომ მარხვა სხვათა თვალთაგან დავფარო, ჩემი გონება კვლავ მაღლდება, რადგან თავს ბრძნად მივიჩნევ; როდესაც ახალ შესამოსელს ვიმოსავ, პატივმოყვარეობა მამარცხებს, მაგრამ ძველის შემოსვისასაც იგივე მძლევს; როდესაც ვდუმვარ, თავს ვიმაღლებ და როდესაც ვსაუბრობ იგივე მემართება; სადაც არ უნდა გადავაგდო ეს ბოროტი ეკალი, მისი წვერი ყველგან სულის განსაგმირად შემართული იქნება.

ლოცვაზე დგომისას პატივმოყვარეობა უმაქნისებს მოშურნედ აქცევს, უხმოებს კეთილხმოვნებად, მძინარეებს - ფხიზლებად. უპირატესისაგან წიგნის კითხვის პატივს ითხოვენ, ფსალმუნის წინასწარ აღებასა და იპაკოს თქმას, მლიქვნელობით მოძღვარსა და მამას უწოდებენ მას, ვიდრე ერისკაცები წავიდოდნენ.

თუ მათ თხოვნას უპირატესი პატივს სცემს, ამპარტავნობენ, ხოლო თუ უარს მიიღებენ, ბოროტად ახსოვთ ეს ამბავი ყოველთვის.

 ერისკაცების წასვლის შემდეგ პატივმოყვარეობის ეშმაკი მათ გულებში ურჩობას ნერგავს და ყველას მიმართ მრისხანებასა და შურს ამჟღავნებენ.

"ვინ-მე უკუე იცის კაცმან კაცისაი, გარნა სულმანვე კაცისამან" (1 კორ. 2,11). ამგვარად, უნდა რცხვენოდეს ყველას, ვინც პირში აქებს ადამიანებს.

ხშირად ღმერთი მისთვის საყვარელ ადამიანებს პატივმოყვარეობის ვნებისაგან კაცთაგან შეურაცხყოფისა და გინების მიღებით განკურნავს.

როდესაც ეპისკოპოსობის ან წინამძღვრობის სურვილს ნერგავს, იგი არ უნდა მიიღო, რადგან ხორცის სავაჭროდან ძაღლის გაგდება ძალიან ძნელია.

ხშირად პატივმოყვარეობას პატივისცემის მაგიერ შეურაცხყოფა მოაქვს, რადგან, მრისხანეს თავისი მოწაფეებისათვის უდიდესი ბოროტება მოაქვს.

ვინ არ დასცინებს და უფრო მეტად - ვინ არ იგლოვებს პატივმოყვარე მოღვაწეს, რადგან ლოცვაზე დგომისას ხან იცინის, ხან კი ყველას დასანახად ტირის.

ვისაც პატივმოყვარეობა არ იპყრობს, მას ვერ დაამარცხებს უგუნური ამპარტავნება, რომელიც ღმერთის მტერი და მოძულეა.

ქრისტიანობაში პატივმოყვარე კერპმსახურია, რადგან მას ჰგონია, რომ ღმერთი სწამს, სინამდვილეში პატივის მიღება ღვთისაგან კი არა, კაცთაგან სურს.

მოწყალების მეშვეობით ადამიანთა პატივისცემის ყიდვა ნიშნავს ყიდვას ძალიან ძვირად - ზეცის ფასად, რომელიც შენთვის მოწყალების ჯილდო უნდა ყოფილიყო.

გულით უბრალონი არც ისე ხშირად იწამლებიან ამ შხამით; რადგან პატივმოყვარეობა ანადგურებს უბრალოებას და ზაკვითა და ორგულობით სავსე ცხოვრება მოაქვს.

ყველა, ვისაც თავის გამოჩენა სურს, პატივმოყვარეა, მის მარხვას ჯილდო არ მოყვება, ლოცვას - სარგებელი, რადგან ორივეს ადამიანებისაგან საქებრად აღასრულებს.

მოყვასისათვის მოწყალების გაღებისას მოიშორე პატივმოყვარეობა და ამპარტავანი ფიქრები. შენ ღატაკებს ეხმარები. ეს, უდავოდ, ბრწყინვალე გამოვლინებაა შენი მოყვასისადმი სიყვარულისა; რა უნდა აქ პატივმოყვარეობას? შენ ღარიბებს ეხმარები, მაგრამ მათ შენსას როდი აძლევ, არამედ - ღვთისას, რამეთუ არა მხოლოდ ის, რაც შენს საკუთრებად მიგაჩნია, არამედ თვით შენც სულითა და ხორცით ღვთის ქმნილება ხარ. რა გაქვს საამპარტავნო?

ის ძალიან ადვილად შეერწყმის კაცთა ბუნებას და ბევრ საბრალოს მისი საშუალებით ამარცხებს; ვნახე ეშმაკი, რომელმაც თავისი მეგობარი ეშმაკი დაამწუხრა და განსდევნა: ძმები ერთმანეთს განურისხდნენ, როდესაც ჩხუბობდნენ, სტუმრები ეწვივნენ, მათ წამსვე მიატოვეს ჩხუბი, ოღონდ ღვთისათვის კი არა - პატივმოყვარეობისათვის; მრისხანებისაგან გამოვიდნენ და პატივმოყვარეობას მიეცნენ, რადგან ორივეს ერთად მონობა ამ საბრალოებს არ შეეძლოთ.

როდესაც ერისკაცები სტუმრობენ მონასტერს, მათ წინ პატივმოყვარეობის ეშმაკი უსწრებს, რათა უგუნური მონაზვნები დაარწმუნოს, რომ გამოვიდნენ და მიეგებნენ მათ.
ისინი ფეხებში უვარდებიან მათ, სიმდაბლეს ჩემულობენ და ამპარტავნებით არიან სავსენი. მათ წინაშე მშვიდი სახით წარმოჩინდებიან, ხოლო გონებაში კი მხოლოდ იმას ფიქრობენ, რომ მათგან რაიმე ნივთიერი მიიღონ; ბატონებს უწოდებენ მათ, და არწმუნებენ, რომ ღვთის მერე თქვენ ხართო ჩვენი მაცოცხლებლები.

ადამიანები პატივს მოგაგებენ ლამაზი ტანისამოსის გამო, მაგრამ ეს პატივი შენ სულაც არ მოგემართება, არამედ იმ აბრეშუმის ჭიებს, რომელთა ძაფებითაც ის შეიკერა. რაც არ უნდა ლამაზად იცვამდე, მაინც ვერ გამოიყურები ფარშევანგივით ლამაზად - ოქროსფერი და ჭრელი ბუმბულით; ვერასდროს იქნები მინდვრის ჭრელ ყვავილებსა და შროშანზე ლამაზი. ,,ხოლო გეტყვი თქვენ, რამეთუ არცაღა სოლომონ ყოველსა მას დიდებასა მისსა შეიმოსა, ვითარცა ერთი ამათგანი"(მთ. 6, 29). - ამბობს უფალი.

როდესაც ისეთ საქმეს აღვასრულებთ, რაც ამპარტავნებას მოგვიტანს, მაშინ ჩვენი გლოვა და ლოცვისას ღვთის წინაშე მარტოდ წარდგომა გავიხსენოთ და ამ საშუალებით აუცილებლად გავანადგურებთუსირცხვილო პატივმოყვარეობას; თუ მხოლოდ ჭეშმარიტი ლოცვის აღვლენაზე ვზრუნავთ, მაგრამ თუ ამგვარ განცდას ვერ მოვიპოვებთ, მაშინ ის სირცხვილი გავიხსენოთ, რომელიც პატივმოყვარეობას მოსდევს, რადგან ვინც "აღიმაღლოს თავი თვისი", ის დამდაბლდება, როგორც აქ, ისე - მომავალ საუკუნეში.

დავფიქრდეთ, რამდენად უმადური, მძიმე და ამაოა მხოლოდ საჩვენებლად ცხოვრება, როგორც იქცევიან მრავალნი, როგორც ზნეობრივ, ისე - საზოგადოებრივ და შინაურ ყოფაში. მხოლოდ წარმოაჩენენ, გამოფენენ, ხმამაღლა გაიძახიან, ყოველგვარ უმნიშვნელო საქმეს ახმოვანებენ, როგორც ჯერ კიდევ დაუდებელი კვერცხის გამო კაკანებს ქათამი. მაგრამ ქათმის კაკანს საფუძველი მაინც აქვს: ის დებს კვერცხს, რომელიც მართლაც დადო და ის არსებობს; პატივმოყვარეობა კი არარსებულს აღამაღლებს ანდა მასზე ღაღადით სპობს ნამოღვაწარს.

უფალმა გვიბრძანა საგულდაგულოდ დავფაროთ კეთილი საქმეები ადამიანთა თვალთაგან. თვით მოყვასის სიყვარულიც კი მსვერპლად შევწიროთ ღმერთს. თუ რომელიმე თქვენგანი სხვის დასანახად ირჯება, მაშინ ამ კეთილ საქმეს პატივმოყვარეობის იარაღად აქცევს და მკრეხელივით მოიწევს თავზე უფლის რისხვას, რამეთუ საქმე, რომელსაც კაცი უფლის სიყვარულით და მის სადიდებლად უნდა აღასრულებდეს, აღესრულება თვითგანიდების მიზნით, რაც შეურაცხყოფს უფალს; გამოდის, რომ უფლის სამსახურს ვამჯობინეთ კაცის გულის მოგება, ხოლო ამქვეყნიური დიდება – უფლის დიდებას.

როდესაც ცოტა ხნით უდაბნოში დავეყუდებით და სიმშვიდეში ვართ, მტერი ჩაგვაგონებს, რომ სოფლად მივიდეთ, რათა დაღუპული სულები გადავარჩინოთ და ვაცხოვნოთ ისინი.

დაიფარე შენი გული პატივმოყვარე ზრახვებისგან ისევე, როგორც ქონებას იცავ ქურდებისგან, ტანსაცმელს - ჩრჩილისგან, ვენახს კი - მტაცებელი ცხოველებისა და ფრინველებისგან.

თუ ვინმემ საქებარი და უხვი მოწყალება გაიღო, მაგრამ ეს გააკეთა იმის სურვილით, რომ ქველმოქმედის დიდება მოეპოვებინა, მას მოწყალება საკუთარი პატივმოყვარეობისათვის გაუცია.

გახსოვდეს, ქრისტიანო, რომ ბეთლემის გამოქვაბული და ბაგა, სადაც იშვა და მიწვენილ იქნა მაცხოვარი ჩვენი, შენი პატივმოყვარეობისა და ძალაუფლებისმოყვარეობის საფლავი უნდა იყოს.

თუ გსურს, რომ უფალმა შენი ცოდვები დაფაროს, ნუ გამოფენ ადამიანთა წინაშე სათნოებებს, თუ რაიმე გაგაჩნია; რამეთუ როგორც ვექცევით ჩვენს სათნოებებს, ასევე ექცევა უფალი ჩვენს ცოდვებს.

სასოწარკვეთილების ეშმაკს ბოროტების სიმრავლე ამხიარულებს, ხოლო პატივმოყვარეობის ეშმაკს - სათნოებათა სიმრავლე.პირველის ასული წყლულთა სიმრავლეა, ხოლო მეორესი - შრომის სიმრავლე.

არსებობს ასეთი მატლი, რომელიც გაზრდის შემდეგ ფრთებს გამოისხამს და მაღლად აფრინდება; ხოლო როდესაც პატივმოყვარეობა უმაღლეს საზომს მიაღწევს, იგი ყოველგვარი ბოროტების საწყისი ხდება.

თუკი პატივმოყვარების უდიდესი გამოვლინებაა თავის წარმოჩენა მაშინაც კი, როცა მაყურებელი არავინაა, სიმდაბლე იმით განისაზღვრება, რომ ერის სიმრავლეშიც კი არ სურდეს კაცს თავის გამოჩენა.

როდესაც მოწყალებას გულმოწყალების გამო კი არ გაიღებ, არამედ საკუთარი თავის წარმოსაჩენად, მაშინ იგი არა მხოლოდ მოწყალება არ არის, არამედ - საწყენიცაა, რადგან ამით სახალხოდ დასცინი ძმას.

პატივმოყვარეობა და სიამაყე ბადებს ფუფუნებისაკენ სწრაფვას, იმის სურვილს, რომ რამენაირად გამოირჩეოდე ირგვლივ მყოფთაგან. თითქოს ყველაფერი გაქვს ყოველდღიური ცხოვრების მოსაწყობად, მაგრამ ეს გეცოტავება, რადგან გსურს ნაცნობ–მეგობრებისა და ნათესავების წინაშე გამოფინო ნაირგვარი უსარგებლო ფუფუნების საგნები.

პატივმოყვარეობას ყოველთვის უნდა ერიდო, განსაკუთრებით კი მოწყალების გაღების დროს. ამ ავადმყოფობით მოწყლული მოწყალება მოწყალების საქმე კი აღარ არის, არამედ თავმომწონება და გულქვაობა.

დამდაბლებით, ცხოვრების ქურაში გატარებით, ამპარტავნებისა და პატივმოყვარეობის ცოდვისგან გვკურნავს მაცხოვარი და გვეხმარება, რომ თავმდაბლობა, შინაგანი სიმშვიდე და წონასწორობა მოვიპოვოთ.

მოყვასს სხვა ვერაფრით ვარგებთ იმდენს, რამდენსაც - სიმდაბლით, კეთილიქცევითა და ტკბილი სიტყვით; რადგან ამით სხვებსაც სიმდაბლის მაგალითად ვექცევით და ამაზე დიდ სარგებელს ვერაფრით მოვუტანთ.

ერთიდაიგივე წამლის დადებით ყველა წყლულს ვერ განკურნავ, ამიტომ სხვა წამალია საჭირო მაშინ, როცა ჩვენ თვითონ მოვიხვეჭთ დიდებას და სხვა მაშინ, როდესაც ჩვენი მცდელობის გარეშე მოდის ის ჩვენთან.

სხვაგვარი საქმე აქვს ეთიოპიელს და სხვაგვარი - თეთრს. ამგვარადვე სხვადასხვაგვარია პატივმოყვარეობა მათი, ვინც ძმათა შორის მონასტერში ცხოვრობს და ვინც მათი, ვინც უდაბნოში დაყუდებაში იმყოფება.

გეშინოდეს და თავი აარიდე არა მხოლოდ სიამაყეს, არამედ - ყველაფერს, რასაც მასთან მიჰყავხარ; განსაკუთრებით - პატივმოყვარეობას, როგორც - ამპარტავნების წინამორბედ ნაკლს - ზნეობრივი დაცემის კიბეზე.

ნუ იქნები თვითონ მლიქვნელი და ნურც სხვას მისცემ საშუალებას, თავი დაიმციროს შენს წინაშე და გეპირფერებოდეს: პირველი ცბიერი და ვერაგი ადამიანის თვისებაა, უკანასკნელი კი - პატივმოყვარე და ამპარტავანისა.

სიმდაბლეს წარმოაჩენს არა იგი, ვინც თავს იმდაბლებს, რადგან საკუთარი თავი ყველამ უნდა იტვირთოს, არამედ ის წარმოაჩენს სიმდაბლეს, ვისაც სხვები აგინებენ, თავად მოითმენს და მათ მიმართ სიყვარულს არ დაკარგავს.

ადამიანები გაქებენ სილამაზის გამო, მაგრამ შენი ჭეშმარიტი სილამაზე იფარება გარეგნობით, როგორც ზამთარში იფარება თოვლის ქვეშ ფუნა. შენი სილამაზე მარადიული ვერ იქნება, ისევე როგორც თოვლი არ არის მარადიული.

როდესაც მაქებრები - და ალბათ უფრო სწორი იქნება, თუ ვიტყვით - მაცდურნი ქებას გვიწყებენ, გულის სიღრმეში ჩვენი ცოდვები და ჩვენს მიერ ქმნილი მრავალი უსჯულოება გავიხსენოთ და საკუთარი უღირსება ამგვარად შევიცნოთ.

რა შეიძლება იყოს უფრო ბრმა პატივმოყვარეობაზე, რომელიც უმეტესად ბრმავდება, რაც მეტად ემსახურებიან? ასეთი თვისება მხეცებსაც კი არ აქვთ, პირიქით, როდესაც უვლიან, ისინი უფრო რბილნი არიან. პატივმოყვარეობა კი სრულიად სხვაგვარად იქცევა: საძაგელი მშვენიერებად წარმოდგება და თავისი თაყვანისმცემლების წინააღმდეგაა მიმართული.

საკუთარი კეთილი საქმეების გამამჟღავნებელი ჰგავს მიწის ზედაპირზე მთესველს: მოფრინდებიან ზეციური ჩიტები და აკენკავენ მარცვლებს. თავისი ცხოვრების დამფარავი კი ხნულში მთესველს ჰგავს: იგი უხვ მოსავალს მოიწევს.

წყენათა მიტევების სათნოებას ორი ვნება აბრკოლებს – პატივმოყვარეობა და გემოთმოყვარეობა. ამიტომ თავდაპირველად ამ ვნებათაგან უნდა გავთავისუფლდეთ.

ბევრჯერ პატივმოყვარეობა გვამარცხებს, მაგრამ შემდეგ მივუბრუნდებით და თვითონ უფრო მარჯვედ დავძლევთ მას. მიხილავს ადამიანები, რომელთაც სულიერი ღვაწლი პატივმოყვარეობით დაიწყეს, და თუმცა დასაწყისი ასეთი უნაყოფო იყო, დასასრული კეთილი და სასიქადულო გამოვიდა, რადგანაც ამ მოღვაწეებმა პატივმოყვარე აზრები სიმდაბლით შეცვალეს.

ვინც გვაქებს, ეშმაკების მსახური და ამპარტავნების წინამძღვარია. იგი ანადგურებს ლმობიერებას, ღუპავს სათნოებებს, ჭეშმარიტ გზას აგვაცდენს. "შენმა მეგზურებმა დაგაბნიეს და გზაკვალი აგირიეს" (ეს. 3,12) - ამბობს წინასწარმეტყველი.

ვინც ბუნებრივი თვისებების გამო პატივმოყვარეობაშია, ვთქვათ განათლების, ხელმარჯვეობის, კარგი კითხვის, შორსმჭვრეტელობის, საამო ხმისა და სახის, ან აგებულების ან რაიმე მსგავსის გამო, იგი ბუნებაზე აღმატებულ სიკეთეს ვერასოდეს მიიღებს, რადგან, ვისაც მცირეოდენი ურწმუნოებაში აგდებს, იგი დიდის მიმართ ურწმუნო და პატივმოყვარე იქნება.

საყვარელო, ეშმაკის ამპარტავნებას ნუ შეიწყნარებ, რომელიც გეუბნება, შენი სათნოებანი ყველას დასანახად აღასრულე, რათა არგო მათო; რადგანაც "რაი სარგებელ ეყოს კაცსა", რომელმაც "სოფელი ყოველი შეიძინოს და სული თვისი იზღვიოს" (მათ. 16, 26)?!

პატივმოყვარეობა თავისი არსით ბუნების გადასხვაფერებაა, კეთილი წესის გარყვნა, საკუთარ ბრალისაგან გაქცევა, თავისი ბუნებით ის ნაღვაწის დამღუპველია, სულიერ საუნჯეთა მძარცველი, ურწმუნოების ნაშობი და ამპარტავნების წინამორბედი. ისაა ნავსადგურში დაღუპვის მომტანი და კალოზე - ჭიანჭველა, რადგან მცირეა, მაგრამ შეუძლია, ყოველგვარი ნაშრომი და ნაყოფი გააფუჭოს.

ხშირად თუ რაიმე სათნოება გაგვაჩნია, ღმერთი გვიმალავს მას, რათა სიმდაბლე შევიძინოთ; რადგან, ვინც გვაქებს და უფრო მეტად - ვინც ქებით გვაცდუნებს, ჩვენს სიმდიდრეზე გვიხელს თვალს, ხოლო ეს სიმდიდრე დანახვისთანავე იღუპება და უჩინარდება.

არსებობს უფლის სიტყვა, რომელიც წერილშია ნათქვამი: "ჩემს პატივმგებელს პატივს მივაგებ!" (1 მეფ. 2,30); და არსებობს სიტყვები, რომლებიც ეშმაკის მზაკვრობიდან მოდის, რადგან ნათქვამია: "ვაი თქვენდა, რამეთუ კეთილსა გეტყოდიან თქვენ კაცნი" (ლუკ. 6.26)

ცუდმეიდიდობას უნდა ვებრძოლოთ დუმილით, უბრალოებით ადამიანებთან ურთიერთობაში, ჩაცმულობისა თუ კვების მხრივ. იოანე ოქროპირი თავისი უბრალოების გამო აქებდა ერთ დიდგვაროვან ქალს, ოლიმპიადას - იგი არც მისი უზარმაზარი შესაძლებლობის შესაფერის ძვირფას ტანსაცმელს ატარებდა და არც მეტისმეტად ღარიბულად გამოიყურებოდა. ეცვა უბრალოდ, სხვებისგან არაფრით გამოირჩეოდა.

საყვარელნო, ვისაც ზეციური სიკეთის მიმართ აქვს სწრაფვა, ზეციურ დიდებას იხილავს, რადგან ვისაც მისი დიდების გემო უგემია, ყოველგვარ ქვეყნიურ დიდებას შეურაცხყოფს; მიკვირს: პირველი თუ არ განუცდია ვინმეს, მან მეორის უარყოფა როგორ შეძლო?

ვინც თავისი შრომის საფასურად ღვთისგან საჩუქარს ითხოვს, მას უნაყოფო და სუსტი საძირკველი ჩაუყრია. ხოლო, ვისაც საკუთარი თავი ჭირისა და მრავალი შრომისათვის გადაუდვია, იგი მოულოდნელად და წინასწარი უწყების გარეშე დიდ სიმდიდრეს მიიღებს.

ხშირად პატივმოყვარენი ისეთ რამეს ითხოვენ ღვთისგან, რისი მიღებაც მართლაც სიკეთის მომტანია, ამიტომ უფალი წინ უსწრებს და მანამდე აძლევს მათ, ვიდრე ითხოვდნენ, რათა ის ლოცვით არ მოიპოვონ და მათი პატივმოყვარეობა კიდევ უფრო არ გაძლიერდეს.

ამ ცოდვას ბერები ადარებენ ხახვს, რადგან ხახვის ერთი ფენის ქვემოთ მეორე ფენაა, მეორის ქვემოთ მესამე. იმისთვის, რომ განგიკურნოთ თავი, ყველა ამგვარი ფენა უნდა ჩამოვიშოროთ.

ადამიანები გაქებენ შენი კეთილშOბილების გამო, თუმცაღა ეს სიტყვები არ მოგემართება შენ, არამედ - შენს წინაპრებს. პატივს გცემენ იმისათვის, რომ მდიდარი ხარ, მაგრამ უფალმა იცის, თუ რამდენი უსამართლობით მოიხვეჭე ეს სიმდიდრე და როგორ გიშლის იგი ხელს ხეცისკენ სავალ გზაზე. ,,იესო ჰრქუა მოწაფეთა მისთა: ამენ გეტყვი თქუენ, რამეთუ მდიდარი ძნიად შევიდეს სასუფეველსა ცათასა"(მთ 19,23).

ამპარტავნების სათავე პატივმოყვარეობაშია, ეგოიზმში, საკუთარი უპირატესობის დამკვიდრებაში. ამპარტავნებით შეპყრობილი ადამიანი მთელ ქვეყანას თავისი სურვილების დაკმაყოფილების ასპარეზად თვლის, ბუნების ძალნი, მის სამსახურში მყოფად წარმოუდგენია. ასეთი ადამიანისათვის სხვა პიროვნებას არავითარი ღირებულება არა აქვს, მოყვასი და მახლობელი მისთვის იმდენად არსებობს, რამდენადაც მას სჭირდება.

ბევრმა ადამიანმა შემუსრა და დაადნო ხორცი, რათა დაეძლია ვნებები და სასწაულმოქმედების მადლი და წინასწარმეტყველების ძალა მიეღო; სიმდაბლე კი ვერ შეიძინა. ვერ მიხვდნენ ეს უბადრუკნი, რომ შრომა კი არა, უმეტესად სიმდაბლეა ყოველივე ამის დედა.

კაცთმოთნეობის სურვილი ადამიანს პატივმოყვარეობაში აგდებს. ხოლო, როდესაც ის მრავლდება - ამპარტავნებაში. შემინდე ძმაო და ილოცე ჩვენთვის.

პატივმოყვარეობა მაშინაც კი დამღუპველია, როდესაც იგი ჯერ კიდევ ადამიანის სულშია დაფარული - როგორც ლპობა და მატლი ნაყოფის შიგნით. იგი კიდევ უფრო მეტად დამღუპველია, როდესაც გამომჟღავნდება იმ ადამიანის თავის ქებით, რომელიც ცნობილია თავისი კეთილი საქმეებით.

ვისაც გამოუცდელობით სურს, შეიცნოს მუდმივი მოუსვენრობა, მისთვის მხოლოს საჭიროა ამპარტავანი იყოს და მაშინ იგი საკუთარი მხრებით ატარებს ნამდვილ ჯოჯოხეთს - მტანჯველ მისწრაფებას ადამიანთა პატივისცემის გამყინავი გრძნობისადმი, რომელსაც ვერასოდეს მიაღწევს.

თავმდაბლობა სათნოებათა მარილია, როგორც მარილი აძლევს გემოს საკვებს, ასევე თავმდაბლობა ანიჭებს სათნოებებს სრულყოფილებას. მარილის გარეშე საკვები ადვილად ფუჭდება, ასევე თავმდაბლობის გარეშე სათნოება ადვილად დნება ამპარტავნებით, პატივმოყვარეობით, მოუთმენლობით და კვდება.

არის სიამაყის კიდევ ერთი დახვეწილი ფორმა, რომელიც დიდად სახიფათოა ჩვენი სულისათვის. ეს არის პატივმოყვარეობა. პატივმოყვარეობა იმდენად რყვნის ჩვენს საქმიანობას, რომ უფლის დიდების ნაცვლად საკუთარი თავის განდიდებაზე გადავდივართ. პატივმოყვარეობა მოითხოვს ქებას და დიდებას ადამიანთაგან.

შევამჩნიე ეშმაკეული პატივმოყვარეობის ასეთი მზაკვრობა: მან ერთ ძმას გულში ბოროტი ზრახვები ჩაუნერგა, მერე წავიდა და მეორე ძმას აუწყა ამის შესახებ, რაც პირველში დანერგა. შემდეგ ეს მეორე ძმა პირველს მიუგზავნა, რათა მისი გულისთქმები ეთქვა და როგორც დაფარულის მცნობელი, პატივმოყვარეობას შეეპყრო.

სათნოების მოსაგრეობაში წარმატებულთათვის პატივმოყვარეობა და ამპარტავნება იგივეა, რაც სანაპიროსთან ახლოს მყოფი წყალქვეშა ქვები, რომლებიც ხანგრძლივი ცურვის შემდეგ უკიდურეს სასიკვდილო საფრთხეს უქმნიან მათ, ვინც გადაურჩნენ გემის ჩაძირვას მანკიერებათა ტალღებსა და არაწმიდა აზრთა ქარიშხალში.

ცუდმედიდობა რომ დავძლიოთ, კეთილი საქმეები ფარულად უნდა ვაკეთოთ. ერთ ეპიზოდს გავიხსენებ მამათა ცხოვრებიდან. ერთმა მონაზონმა გადაწყვიტა, ეგვიპტეში, ეგრეთ წოდბული "მარილიანი ტბების" მიდამოებში მცხოვრებ ბერებს სწვეოდა. ქრისტესმიერმა ძმებმა იგი სიხარულით მიიღეს, მიართვეს ყველაფერი საუკეთესო, რაც ჰქონდათ, ფეხები დაბანეს და მანამ, ვიდრე მათთან იყო, ემსახურებოდნენ და დასვენების ყოველგვარ პირობას უქმნიდნენ. მოგზაურს არ უნახავს იქ არც ფსალმუნთა გალობა, არც ხანგრძლივი ლოცვა - ყოველივე ის, რასაც ელოდა. ამის გამო გულის სიღრმეში დრტვინვა დაიწყო და დაბრკოლდა. რამდენი დრო დავკარგე და როგორ დავშვერი, აქ რომ მოვსულიყავი, - ფიქრობდა იგი, - სულის სარგო კი ვერაფერი ვპოვე. გამოეთხოვა მონაზვნებს და უკან გამობრუნდა. ღმერთის ნებით, გზა, სადაც მას უნდა გაევლო, უდაბნოს წვრილი მტვრის ისეთი ნისლით დაიბურა, რომ მწირმა სიარული ვეღარ შეძლო. დიდხანს იცადა და ბოლოს ისევ ბერებთან დაბრუნდა. სენაკის კართან შეჩერდა, ფსალმუნთა გალობა ისმოდა. გადაწყვიტა, არ შეეჩერებინა ძმები, დაეცადა, ვიდრე გალობას მორჩებოდნენ, მაგრამ ფსალმუნება არ წყდებოდა, დიდხანს, დიდხანს გაგრძელდა. ვეღარ მოითმინა და დააკაკუნა. ბერებმა კარი რომ გაუღეს მწირმა წყალი მოითხოვა. მაგიდიდან წყლიანი სურა აიღო, როგორც კი მოსვა, გაოცდა - წყალი მარილიანი იყო. მოგზაური ფეხებში ჩაუვარდა სკიტეს იღუმენს და უთხრა: მამაო, ვერ გამიგია - რა ხდება აქ. თქვენთან რომ ვიყავი, თითქმის არ ლოცულობდით, გემრიელი წყალი და ღვინო დამალევინეთ, თქვენ თვითონ კი თურმე რას სვამთ! იღუმენმა უთხრა: შვილო ჩემო, ასეთი წესი გვაქვს - არვის ვუმხელთ, როგორ ვცხოვრობთ და ვლოცულობთ. მიგიღეთ, როგორც მგზავრი, პატივი გეცით; ჩვენ თვითონ საერთოდ მარილიან წყალს ვსვამთ - მარტო საკვებით კი არ ვმარხულობთ, წყალსაც ისე ცოტას ვსვამთ, რომ ყოველ ყლუპს ვითვლით... ასე რომ, მოგზაურმა მართლაც დიდი სარგებელი ჰპოვა სულისთვის.

მაშინაც კი, როცა ცოდვილს ვუწოდებთ ჩვენს თავს და სინამდვილეშიც ასე ვფიქრობთ, ეს გრძნობა მაინც მეტად შორსაა თავმდაბლობისაგან, რადგანაც, ღირსი მამის იოანე კიბისაღმწერლის თქმით: „გული მაშინ გამოიცდება, როდესაც სხვანი შეურაცხგყოფენ“. რომელი თქვენგანი დაიდებს გულზე ხელს და იტყვის, რომ სიხარულით მიიღო ლანძღვა–გინება და შეურაცხყოფა? რის გამო ვკარგავთ სულიერ სიმშვიდეს, წონასწორობას, ვვარდებით სასოწარკვეთილებაში და ისეთ მოშლილობამდე მივდივართ, რომ ავადაც კი ვხდებით? იმიტომ, რომ წმიდა თეოფანე განმანათლებლის სიტყვით რომ ვთქვათ, ჩვენი ამპარტავნება თითის დაკარებისთანავე გაჰკივის – „ტყავს მაძრობენ“–ო. ამიტომაც ვართ ასე წყენიები. კარგად რომ დავაკვირდეთ, მივხვდებით, რომ ჩვენი ამგვარი ბუტიაობა პატივმოყვარეობისაგან მომდინარეობს. აი, თურმე სად ყოფილა ბოროტების ფესვი. ჩვენ, პატივმოყვარენი ვართ, გვიყვარს მხოლოდ ქება, უკიდურეს შემთხვევაში კი უსიტყვო აღიარება ჩვენი მოჩვენებითი ღირსებებისა და მცირე შენიშვნასაც კი ვერ ვიტანთ თვით სულიერი მოძღვრისგანაც.

ზოგიერთი თვლის, რომ პატივმოყვარეობა და ამპარტავნება ერთმანეთისგან განსხვავდება, ამიტომ უმთავრეს ვნებათა შორის გრიგოლ ღვთისმეტყველი რვას ასახელებს: რადგან პირველ ვნებად ნაყროვანებას თვლის, მეორედ - სიძვას, მესამედ - ვერცხლისმოყვარეობას, მეოთხედ - მრისხანებას, მეხუთედ მოწყინებას, მეექვსედ - მწუხარებას, მეშვიდედ - პატივმოყვარეობას, და მერვედ - ამპარტავნებას; ხოლო სხვები შვიდ ვნებას მოთვლიან, რადგან პატივმოყვარეობას და ამპარტავნებას ერთად თვლიან და მე მათ მეტად ვუჭერ მხარს, რადგან არ არსებობს კაცი, რომელმაც სძლია პატივმოყვარეობას და ამპარტავნების მიერ იძლია, რადგან მათ შორის ისეთივე განსხვავებაა, როგორც ყმაწვილსა და მამაკასც, ან ხორბალსა და ფქვილს შორის, რადგან პირველნი მათთაგან დასაწყისს წარმოადგენენ, ხოლო მეორენი - დასასრულს. ახლა კი თანმიმდევრულად, მოკლედ ვთქვათ ყოველგვარი ვნების დასაწყისის და დასასრულის პატივმოყვარეობის შესახებ, რადგან ვინც მის შესახებ გრძლად და ფართოდ საუბრობს, იმ კაცს ემსგავსება ქარის აწონვა რომ სურს.

ვინც თავს აღიმაღლებს ბუნებრივი ნიჭებით, ანუ - გონებამახვილობით, მიხვედრილობით, მჭევრმეტყველებით, სწრაფი მოსაზრებულობით და სხვა მონაცემებით, რომელიც ღვაწლის გარეშე აქვს მიღებული, ის ვერასოდეს მიიღებს ზეგარდმო მადლს, რამეთუ მცირეში არამართებული - მრავალშიც არამართებული და პატივმოყვარე იქნება.

Комментариев нет:

Отправить комментарий