ღმერთი

ღმერთი

понедельник, 24 июня 2013 г.

ეკუმენიზმი ფარულად ანგრევს მართლმადიდებლობას.

 არქიმანდრიტი იუსტინე პოპოვიჩი დაიბადა სამხრეთ სერბიაში 1884 წლის 25 მარტს. პირველი მსოფლიო ომის დროს იგი ბერად აღიკვეცა და ეწოდა იუსტინე. თეოლოგიური განათლება მან აღმოსავლეთ ევროპაში მიიღო, ხოლო 1926 წელს დოქტორის ხარისხი მიენიჭა.

მამა იუსტინეს შთაგონების წყარო იყო ბერძენ და ბიზანტიელ მამათა თხზულებანი, რომელთაც დღენიადაგ კითხულობდა და სწავლობდა. მის ნაშრომთა შორის, პირველყოვლისა აღნიშვნის ღირსია "პიროვნებისა და ცოდნის პრობლემა მაკარი მეგვიპტელთან" და "წმიდა ისააკ ასურის გნოსეოლოგია". მამა იუსტინეს კაპიტალური ნაშრომი გახლდათ "წმინდა მოძღვართა ცხოვრების" თორმეტტომეული - თანამედროვე, ადაპტირებული, მაგრამ უაღრესად ტრადიციული თეოლოგიური თხზულება კლასიკური სვინაქსარის შესახებ. მამა იუსტინესათვის "წმიდა მოძღვართა ცხოვრება" არ ყოფილა შუა საუკუნეების ჩარჩოებში გამოკეტილი სასიამოვნოდ საკითხავი ლიტერატურა, რომელიც სემინარიის გაკვეთილებისათვის გამოდგებოდა. ეს მისთვის, როგორც თვითონ ამბობდა, იყო "საქმე მოციქულთას" გაგრძელება, "გამოყენებითი დოგმატიკა", მართლმადიდებლური მორალი საქმეში". გარდა ამისა, აღსანიშნავია იოანეს ეპისტოლეს, მათესა და იოანეს სახარებების მისეული კომენტარები.


წმინდა წერილის, ღვთისმეტყველებისა და ფილოსოფიის უაღრესად ღრმა ცოდნა, ფართო ერუდიცია, კულტურა მის არსებაში სიწმიდესთან იყო შერწყმული. მისი ერთადერთი საზრუნავი გახლდათ ასკეტური ცხოვრება, მოძღვრება, სულიერი და ხორციელი სისპეტაკე და განმარტოება ღვთისთვის.

1945წლიდან მამა იუსტინე ერთი მონასტრიდან მეორეში გადადიოდა, ამავე დროს კი სოფელ ჩელიეში მთავარანგლოზთა მონასტრის წინამძღვრის მოვალეობას ასრულებდა. იქ მის ირგვლივ შეიკრიბა სულიერ მოღვაწეთა ჯგუფი - განსწავლული და ასკეტი ბერები, რომლებმაც დოქტორის ხარისხი ათენში მიიღეს. ბევრი მათგანი ახლა სერბული მართლმადიდებელი ეკლესიის ამაგდარი ეპისკოპოსია.

მამა იუსტინეს ეკუთვნის მონუმენტური ნაშრომი "მართლმადიდებელი ეკლესიის დოგმატიკა"(სამტომეული). იგი სრულიად თავისუფალია იმ ნაკლისაგან, რომელსაც ცნობილი ღვთისმეტყველი პანავოტის ნელასი "სეკულარული დასავლეთის ტყვეობას" უწოდებდა (იგულისხმება ძლიერი პროტესტანტული და კათოლიკური გავლენები თეოლოგიაში, რომელიც მართლმადიდებელ ღვთისმეტყველთა გონებაში დასავლეთში განათლებამიღებული სტუდენტების მეშვეობით შეიჭრა). "დოგმატიკა" მაცხოვრის სიმფონიაა, მისი შესხმა, მისი ღვთიურ-კაცობრივი ბუნების სადიდებელი.

მამა იუსტინეს სიტყვები, რომლებშიც ჭეშმარიტი მართლმორწმუნისა და ბერის სახარებისეული და სულიერი სითამამე ვლინდებოდა, წინასწარმეტყველური აღმოჩნდა. ის გმობდა ეკლესიის დამონებას კომუნისტური დიქტატურისა და ეკუმენიზმის მიერ.

მამა იუსტინეს მიხედვით, ქრისტიანობის არსი, მთლიანობა და სიმდიდრე განკაცებული, მკვდრეთით აღმდგარი და ზეცად ამაღლებული იესო ქრისტეა, რომელიც სულიწმიდის გარდამოსვლის შემდეგ გახდა თავი თავისივე ეკლესიისა.


XX საუკუნის საცდური

ოციანი წლებიდან მამა იუსტინე გმობდა თანამედროვე იდეოლოგიური ნაკადების ძირითად მიმართულებებს, ასევე იდეოლოგიურ გადახვევებს ეკლესიის მნიშვნელობიდან, მიზნიდან და ღვთიურკაცობრივი, სამოციქულო მეთოდებიდან. ერესები, ერთი მხრივ, იმის იგნორირებას ახდენს, რომ ჩვენი მაცხოვარი ჭეშმარიტი ღმერთია, ხოლო მეორე მხრივ უარყოფს, რომ მან, ამასთანავე, ხორცი შეისხა და რეალურ ადამიანად იშვა. მამა იუსტინე მიიჩნევს, რომ ჰუმანიზმი (მიმდინარეობა, რომელმაც გამოაცხადა პიროვნების ღვთისაგან თავისუფალი განვითარების პრინციპი) კაცობრიობის ფუნდამენტური პრობლემაა. დამოუკიდებელი ადამიანის სახელით კაცი იშორებს ღმერთს და რჩება მარტოდმარტო, თავისთვის, მოწყენილი, მარტოსული. მთელ ევროპულ ჰუმანისტურ ფილოსოფიაში მამა იუსტინე ხედავდა არიანელობის აღდგენას. მისი თქმით, დასავლურ კულტურას თავს დასტრიალებს ნეოარიანელობა, რომლის არსებითი ნიშანია მაცხოვრის უბრალო კაცად ("გმირად", "წინასწარმეტყველად") მიჩნევა და ადამიანის გადაქცევა ყველაფრის საზომად.მამა იუსტინესავე თქმით, ამ კონცეფციის მეტაფიზიკური ძირი სატანიზმია, ფსიქოლოგიური საფუძველი - გნოსეოლოგიური (შემეცნებითი) ინდივიდუალიზმი, ხოლო მორალური - ეგოიზმი. მამა იუსტინე აქ ხედავს პროტაგორას სოფისტური (ულოგიკო ფილოოსოფიის) პრინციპის (ადამიანი არის საზომი ყველაფრისა") გამარჯვებას ონტოლოგიურ ( ყოფიერების) პრინციპზე: "ქრისტე, ღმერთკაცი არის საზომი ყველაფრისა" (წმინდა მაქსიმე აღმსარებელი). არქიმანდრიტი წერს: "არიანელობა დღეს მოდაშია და უფრო მეტადაა გავრცელებული, ვიდრე ოდესმე. მან სულით ხორცამდე წალეკა თანამედროვე ევროპა. თვალს თუ გადაავლებთ ევროპულ კულტურას, მის სიღრმეებში დაინახავთ არიანელობას - ყველაფერი შემოიფარგლება კაცით და მხოლოდ კაცით.

პროტაგორას პრინციპის მიმდევარი ადამიანი ვითარდება კერპთაყვანისმცემლობაში, პოლითეიზმში(მრავალღმერთიანობაში) ან გნოსტიციზმში. ჰუმანისტი იშორებს ღვთის სახეს, თავის თავს კი ეშმაკისა და ცოდვის სახედ აქცევს. ჩვენს ისტორიაში ჰუმანისტური "დაცემები" სამი მთავარი მაგალითით არის ილუსტრირებული, ესენი გახლავთ იუდა,არიოზი, და პაპი. არიანელობა კვლავ ცოცხლობს და დასავლეთის "ჰუმანისტურ ქრისტიანობაში" ორი მიმართულებით ვითარდება; ერთია პაპის შეუცდომლობა, ხოლო მეორე - ეკუმენიზმი.

"ყველანაირი ევროპული ჰუმანიზმი რენესანსამდეც და მის შემდეგაც ერთს ცდილობს - დაუპირისპიროს ღმერთ-კაცის, იესო ქრისტეს, რწმენა ადამიანის რწმენას, ღვთიური სახარება - ადამიანურ "სახარებას", ღმერთ-კაცისეული ფილოსოფია - ადამიანურ ფილოსოფიას, ღმერთ-კაცისეული კულტურა - ადამიანურ კულტურას, მოკლედ, დაუპირისპიროს ღმერთ-კაცისეული ცხოვრება ადამისეულ ცხოვრებას".

მხოლოდ მაცხოვარია შეუცდომელი

პაპის შეუცდომლობის დოგმატით "ყველა ევროპელმა ჰუმანისტმა მიიღო თავისი იდეალი და კერპი. კაცი გამოცხადდა უზენაეს, უნივერსალურ ღვთაებად, პაპი-შეუცდომელ ადამიანად, რომელმაც უარყო ეკლესიის ერთადერთი თავის, მაცხოვრის, შეუცდომლობის ერთადერთობა:

ჩვენი ღმერთ-კაცის იესო ქრისტეს გარეშე ვერანაირი ადამიანი ვერ იარსებებს. მის გარეშე შეიძლება იყოს მხოლოდ ქვე-ადამიანი, ნახევრად ადამიანი ან ანტი-ადამიანი. ეს იმიტომ, რომ მხოლოდ მის ღვთიურ-კაცებრივ პიროვნებაში ვპოულობთ იმას, რაც ღმერთმა განუმზადა ყველა ადამიანს -გახდეს მისი შვილი ღვთის ნათელსა და სიწმინდეში.

მხოლოდ მართლმადიდებლობა ფლობს ცოდნას უქმნელ ენერგიებზე, რაც ადამიანს საშუალებას აძლევს, გახდეს წმინდანი და სიცოცხლეშივე ღმერთი იხილოს, მის ნათელსა და ბრწყინვალებაში. კავშირი შემოქმედსა და მის შექმნილს შორის ამ უქმნელი ენერგიების საშუალებით ხორციელდება (ეს არის პალამიზი - ტრადიციული მართლმადიდებლური თეორის ღვთის შემეცნების შესახებ). ასე რომ, ღმერთი სრულიად ისადგურებს ჩვენს ცხოვრებაში. მართლმადიდებელ მორწმუნეს არასოდეს დასჭირდება თავისი რწმენის გასამართლებლად "Vicarius Christ" (ქრისტეს მოადგილე) ან სხვა ერეტიკული გამოგონება. პაპის შეუცდომლობის გამოცხადება სანქციას აძლევს ღვთის გარეშე მყოფი ადამიანების პატივმოყვრულ სურვილს, მხოლოდ თავისით მიაღწიონ და შეიცნონ ღმერთი. ჰუმანიზმის სამფლობელოში ღმერთი ზეცაშია განდევნილი, ხოლო მის ადგილზე დგას "vicarius Christ". ამ დოგმაში განცხადებულია იმ ადამიანის თვითკმაყოფილება, რომელსაც არ სჭირდება ღმერთ-კაცი, რადგან "Vicarius Christ" მას მთლიანად ენაცვლება" არქიმანდრიტ იუსტინეს თქმით, "Vicarius Christ" ერთი კი არა, მრავალია და ისინი სხვადასხვა სამოსით იმოსებიან. "მრავალ პაპში" მამა იუსტინე გულისხმობს ვატიკანსა და პროტესტანტობას. ცნობილი გამოთქმის თანახმად ხომ " ვატიკანელი პაპი და მისი ინსტიტუტი წარმოადგენენ პირველ პროტესტანტობას".

ეკუმენიზმი პანერესია


პაპის შეუცდომლობის აბსოლუტურად მიუღებელი დოგმატიდან გამომდინარეობს ისეთი შედეგები, როგორებიცაა ანთროპოცენტრული (ადამიანის გამაღმერთებელი) ჰუმანიზმი, სულიერი რელატივიზმი (სიმართლისადმი გულგრილობა), იდეოლოგიური შემწყნარებლობა, გულგრილობა მსოფლიო კრებების გადაწყვეტილებების მიმართ. ეს ყველაფერი კი ფარული სახეა ეკუმენიზმისა, რომელსაც ახასიათებს სიძულვილი ყველაფრისადმი, რაც უცვლელია და სამუდამოდ დადგენილი წმინდა მამათა მიერ.

რომის კათოლიციზმისაგან განსხვავებით, ეკუმენიზმს არ უცდია, აშკარად დაენგრია მართლმადიდებლობა; ის ყოველთვის ცდილობდა, გაემრათლებინა, შეფარდებითი გაეხადა, შეესუსტებინა რწმენის ჭეშმარიტება.

მეორე მხრივ კი, განსაკუთრებით - ვატიკანის II კრების შემდგე, შეინიშნება ვატიკანის სტრაგტეგიების გამრავალფეროვნება მართლმადიდებლობის ნგრევისა და პროზელიტიზმის მიზნით. რომის კათოლიკეები დღეს შთაგონებულნი არიან ეკუმენურ-მასონური სტრატეგიით, პირდაპირ არ შეუტიონ მართლმადიდებლობას. ისინი თავს მართლმადიდებლური ტრადიციის დიდ თაყვანისმცემლებად და დამცველებად აცხადებენ და უყვართ იმის თქმა, რომ ჩვენს შორის მხოლოდ კულტურული განსხვავებაა და რომ ცდილობენ, ისარგებლონ ჩვენი წმინდა ტრადიციის საუნჯით, რეალურად კი ჩანს ბატონობის სურვილი და დიდი პატივმოყვარეობა. აშკარაა, რომ არ შეიძლება, გვერდიგვერდ არსებობდეს, ერთი მხრივ, ჩვენი ტრადიციებით აღფრთოვანება ზრუნვა ჩვენზე, როგორც "ძმებზე რწმენაში" და მეორემხრივ, უნიატიზმის ( კათოლიკური და მართლმადიდებლური ეკლესიების გაერთიანება რომის პაპის მეთაურობით და მართლმადიდებლური მრწამსის კათოლიკურით ჩანაცვლებით) მტკივნეული მოვლენა. მამა იუსტინე ამბობდა: " ნებისმიერი მოკლება, ნებისმიერი დამახინჯება, ნებისმიერი გამარტივება, ნებისმიერი ანთროპორფიზაცია (ღვთის წარმოდგენა ადამიანის სახის მქონედ) ანგრევს ქრისტიანობას, აცლის მას მარილს, ხდის მიწიერს, აქცევს მარტივ ჰუმანისტურ რელიგიად, ჰუმანისტურ ფილოსოფიად, ჰუმანისტურ ორგანიზაციად".

მამა იუსტინეს აზრით, ეკუმენიზმი პანერესია, რადგან ის გადაამუშავებს და შეითავსებს ყველა მანამდე არსებულ ერესს.

ერთობლივი ლოცვის პრაქტიკა აფიქრებინებს არამართმადიდებლებს, რომ მათაც ეკუთვნის რაღაც წილი ჭეშმარიტებაში ან, სულაც, სრული ჭეშმარიტება

მამა იუსტინე ააშკარავებდა საშიშროებას რომელსაც შეიცავდა ეკუმენური მოძრაობა და ეკლესიათა მსოფლიო საბჭოში დარჩენა. ის აკრიტიკებდა ეკუმენური შეხედულებების პოლიტიკურ და მიწიერ ხასიათს, იმ უმნიშვნელო საკითხებს რომლებიც იქ განიხილებოდა და ძალიან შორს იდგა ნამდვილი მართმადიდებლური კრებების სულისკვეთებისგან. ერთი წმინდა კათოლიკე და სამოციქულო ეკლესიის ნამდვილი კრება ყოველთვის ეფუძნება მართმადიდებლური კრების ძირეულ აღმსარებლობას, ეკუმენური შეკრება კი ყოველთვის იხრება ჭეშმარიტი აღმსარებლობიდან ეკუმენური იდეოლოგიის ცენტრში არ არის ქალკედონური დოგმატი ანუ არ არის ქრისტეს ღვთიურ-კაცებრივი ბუნება."თუ მართმადიდებელი ეკლესიის თანამედროვე პრობლემები არ გადაწყდება ქრისტეს ღვთიურ-კაცებრივ ბუნებაში, ღვთიურ-კაცებრივი პრინციპების საფუძველზე, ეს ვერასოდეს იქნება მართმადიდებლური გადაწყვეტილება,რომელიც დამყარებულია ღვთის ნებაზე. ეს პრინციპები კი მიგვიყვანს კატასტროფამდე, სქიზმამდე, ერესამდე, ადამიანურ შეცდომებამდე, ნიჰილიზმამდე და ანარქიამდე.

მამა იუსტინე შეუპოვრად გამოდიოდა არა მართლმადიდებლებთან ერთობლივი ლოცვის წინააღმდეგ. სამოცდაათიანი წლების დასაწყისიდან ის განგაშის ზარებს რეკდა ამ მიუღებელი პრაქტიკის წინააღმდეგ, რომელიც ამახინჯებს რწმენის ჭეშმარიტებასა და და მის ეკლესიასტურ ხასიათს. ერთობლივი ლოცვის პრაქტიკა აფიქრებინებს არა მართლმადიდებლებს, რომ მათაც ეკუთვნით რაღაც წილი ჭეშმარიტებაში ან, სულაც, სრული ჭეშმარიტება.

ჯეშმარიტი ერთობა მაშინ მიიღწევა, როცა ყველა, ვინც გამოეყო ეკლესიის ერთიან სხეულს დაუბრუნდება წმინდა სამოციქულო ეკლესიას

მამა იუსტინე გვთავაზობს უტყუარ გამოსავალს. ეს არის ჭეშმარიტ მართლმორწმუნეთა თავმდაბლობა, რომელიც პირადი ცხოვრების განცდასა და დოგმატურ სიმტკიცეს ემყარება. ორივე ეს პირობა მხოლოდ მაშინ იქცევა მძიმე როცა ხდება მაცხოვრის პიროვნების, მისი ღვთიურ-კაცებრივი ბუნების. როგორც უმაღლესი ფასეულობის, საბოლოო და ერთადერთი კრიტერიუმის, უპირობო მიღება. ჭეშმარიტი ერთობა მაშინ მიიღწევა, როცა ყველა, ვინც გამოეყო ეკლესიის ერთიან სხეულს,დაუბრუნდება ერთ წმინდა კათოლიკე სამოციქულო ეკლესიას.

მამა იუსტინეს სიტყვებით რომ ვსთქვათ, "სინანულია ნებისმიერი ჰუმანიზმის ნებისმიერი ცოდვისაგან განკურნების წამალი. ჩვენ გვჭირდება არა იესო ქრისტეს მორგება ამ ქვეყნიურ სულთან, არამედ, პირიქით, ამქვეყნიური სულის მისადაგება ქრისტეს ღვთიურ კაცებრივ მარადისობასთან.

შვიდი მსოფლიო კრების ყველა წმინდა მამას ეკლესიის ყველა პრობლემა ქრისტოლოგიურ პრობლემამდე დაჰყავდა და გადაწყვეტას იესო ქრისტეს ღვთიურ კაცებრივ ბუნებაში ხედავდა. ქრისტოლოგიური პრობლემა ყველა სხვა პრობლემას მოიცავს."

მამა იუსტინეს აზრით, აუცილებელია გაერთიანება იესო ქრისტეში, ღმერთსა და კაცში. ეს ერთობა წარმოადგენს ერთადერთ გამოსავალს დასავლური კონფესიების აქსიოლოგიური ჩიხიდან, რომელიც რომის კათოლიციზმსაც მოიცავს. გაერთიანება ქრისტეში რეალური ხდება მხოლოდ მართლმადიდებლურ ეკლესიაში. მხოლოდ მართმადიდებელი ეკლესიაა ქრისტეს ჭეშმარიტი, ასკეტური და მისტიკური სხეული. მართლმადიდებელი ეკლესია აღიარებს, რომ მაცხოვარი არის ჭეშმარიტი ღმერთი და სრული კაცი. ის ფლობს პრაქტიკულ საშუალებებსაც მასთან გასაერთიანებლად; წმინდა საიდუმლოებებსა და ასკეტურ სათნოებებს.

ადამიანი, რომელიც გულწრფელად ეძებს სიცოცხლის აზრსა და ნათელს, ყოველთვის იპოვის სულიერ სიხარულს, სულიერ ძალასა და ფართო ჰორიზონტს წმინდა და მისტიკურ მართლმადიდებელ ეკლესიაში,-ამბობს მამა იუსტინე.


ციტატები მოყვანილია მამა იუსტინე პოპოვიჩის თეოლოგიური სტატიების კრებულიდან, რომელიც გამოქვეყნებულია რუმინულად, სახელწოდებით"კაცი და ღმერთ-კაცი:

მასალა თარგმნილია ინგლისურიდან

ბერი ანდრეა გეორგესკუ

წყარო: ჟურნალი "კარიბჭე"(#4.მაისი, 2004)

Комментариев нет:

Отправить комментарий