ღმერთი

ღმერთი

суббота, 22 июня 2013 г.

ბედნიერება.

ღმერთს წვალებისათვის კი არ შეუქმნია კაცი, არამედ ბედნიერებისა და სიხარულისათვის. ჭეშმარიტი ბედნიერება ადამიანს შემთხვევით და უმიზეზოდ არ მიენიჭება. იგი თითქმის ყოველთვის დიდი შრომისა და მოღვაწეობის შედეგია. მხოლოდ გარეგანი წარმატება და ნივთიერი სიკეთე ბედნიერებას არ წარმოადგენს. ჭეშმარიტი გზა, რომლითაც კაცს ამქვეყნად შესაძლო ბედნიერების მოპოვება ძალუძს, მაცხოვრის სიტყვებშია ნაჩვენები: ხოლო თქვენ ეძიებდით პირველად სასუფეველსა ღმრთისასა და სიმართლესა მისსა და ესე ყოველი შეგეძინოს თქვენ (მთ.6, 33). – ე. ი. უწინარეს ყოვლისა, ეცადეთ, რომ ღმრთის სასუფეველი თქვენს სულებში დაარსდეს, ღმრთის სიმართლე შეიცნოთ და შეიყვაროთ იგი, და მაშინ ყოველივე დანარჩენი – მშვიდობა, სიხარული და ამქვეყნიური საჭიროებანი: საჭმელი, სასმელი, ტანისამოსი და სხვ. – თავისთავად მოგენიჭებათ. ბედნიერება მშვიდი, მხიარული და მხნე სულის მდგომარეობაა და მისი განცდა მხოლოდ წმინდა სინდისის მქონე კაცს შეუძლია. თუ სული და გული კაცისა აღშფოთებული, აღელვებული და მოუსვენარია, ურიცხვი სიმდიდრეცა და პატივიც რომ ჰქონდეს, ბედნიერი მაინც ვერ იქნება; წინააღმდეგ შემთხვევაში, როცა კაცი დამშვიდებული და დაწყნარებულია, როცა იგი თავისი მდგომარეობით კმაყოფილია და მადლობელია ღმრთისა, თუგინდ ღარიბიც იყოს და მრავალი რამეც აკლდეს, იგი ყველა მდიდარ კაცზე უფრო ბედნიერი იქნება. კაცი მხნე, შრომისმოყვარე და წმინდა სინდისის მქონე, რომელიც, ამასთანავე, ბევრს კი არ ეძიებს, არამედ მცირედითაც კმაყოფილია – უთუოდ ბედნიერი იქნება, რამდენადაც ეს ამ წუთისოფელში შესაძლოა კაცისათვის; ხოლო კაცი ხარბი, გაუმაძღარი და ავი სინდისის მქონე, ბედნიერებას ვერასოდეს ვერ შეემთხვევა, ვინაიდან სადაც მშვიდობა არ არის, იქ არც ბედნიერებაა.

წმიდა გაბრიელ ეპისკოპოსი.

Комментариев нет:

Отправить комментарий