ღმერთი

ღმერთი

четверг, 27 июня 2013 г.

ყოველგვარ ავაზაკობაზე მეტიც - მრუშობა.

..მრუშობა არის არათავისუფალი კაცის დაცემა არათავისუფალ ქალთან, ანუ, როდესაც კანონიერი ცოლის ქმარი ეცემა კანონიერი ქმრის ცოლთან. მრუშობის ცოდვაა ისიც, როდესაც ერთ–ერთი მხარე თავისუფალია, მეორე კი – ქორწინებაში მყოფი.



მრუშობა სხვისი და საკუთარი სარეცლის შეგინებაა. თუ არც ერთი მხარე არ არის თავისუფალი, მაშინ ორივე ერთდროულად ბილწავს სხვისა და საკუთარ სარეცელს, სჯულიერი ქორწინების კავშირს არღვევს და კანონის ფარგლებს სცდება, ამიტომაც მრუშობის ცოდვა კიდევ უფრო მკაცრად განიკითხება, ვიდრე სიძვისა.



ასეთი კავშირი დიდი და მძიმე ცოდვაა, რომელიც სიძვის მთელ არაწმიდებას შეიცავს და სჯულიერ ქორწინებასაც შეაგინებს, რითაც განარისხებს შემოქმედსა და სჯულისმდებელს – ღმერთს. მემრუშე განაცალკევებს იმას, რაც ღმერთმა შეაერთა, ორად ყოფს ერთ ხორცს და ცოლ–ქმრობის საიდუმლოს შეურაცყოფს. ამიტომაა მრუშობის ცოდვა ორჯერ უფრო მეტი ცოდვა, ვიდრე სიძვა, ხოლო მემრუშე – მსიძავზე უფრო დიდი ცოდვილი. სიძვა მხოლოდ ორ ადამიანს შეაგინებს, მრუშობა კი ოთხს სწვდება: ორს შეაგინებს, დანარჩენ ორს კი შეურაცყოფს. ამიტომ წმ. ბასილი დიდი მსიძავს შვიდი წლით განაყენებს ზიარებისგან, ხოლო მემრუშეს თხუთმეტით. წმ. იაოანე ოქროპირი მრუშობას ავაზაკობაზე დიდ ცოდვად მიიჩნევს: ,,ყოველ კაცს ღმერთმა ცოლი მისცა და კანონები დაუდო მის ბუნებას იმით, რომ ერთთან ქორწინება დაუდგინა. ამიტომ სხვასთან კავშირი ავაზაკობაა და მევახშეობაა, და ყოველგვარ ავაზაკობაზე მეტიც, რადგან ჩვენ ქონების დაკარგვას ნაკლებად განვიცდით, ვიდრე ქორწინების დარღვევას“ (საუბარი თესალონიკელთა მიმართ 4,6 ეპისტოლეზე). მრუშობას ძველ აღთქმაში არავითარი მიტევება არ ჰქონდა და ვერავითარი მსხვერპლით ვერ განიწმინდებოდა: ლევიტელთა წიგნში, სადაც აღწერილია, თუ რომელი ცოდვა რა გამოსასყიდით გამოისყიდება, მრუშობა არ იხსენიება, მისი აღხოცა და განწმენდა მხოლოდ სიკვდილით დასჯას შეეძლო ( ლევიტ. 20, 10; მეორე სჯული, 22).



მრუშობას, თუნდაც ის არასოდეს გამომჟღავნდეს, თან სდევს მუდმივი სინდისის ქენჯნა: შინაგანი ხმა ჩასძახის, ამხილებს და სასოწარკვეთილებაში აგდებს. ხოლო თუკი ეს ცოდვა გამოაშკარავდა დიდი სირცხვილი და სახელის გატეხა ელის, ამას დავუმატოთ შეურაცყოფილი ქმრის მძვინვარება, საკუთარი ცოლის მრისხანება და მართლმსაჯულების მსჯავრი.



მრუშობის ცოდვა ყოველთვის, ყველა ქვეყანაში, სასტიკად ისჯებოდა: რომლის იმპერატორ ოპილიუსის ბრძანებით მემრუშეებს ერთმანეთს აბამდნენ და ცეცხლში ყრიდნენ, ტიბერიუსს, დომიციანუსს, სევერუსსა და ავრელიუსს ასეთი სასჯელი ჰქონდათ: ორ ხის კენწეროს ხრიდნენ, ზედ დამნაშავეს აკრავდნენ ფეხებით და მერე ხელს უშვებდნენ, ასე რომ სხეული ნაწილებად იშლებოდა. რომის სხვა იმპერატორთა კანონები ქმარს ნებას რთავდა მოეკლა ცოლიც და მისი საყვარელიც, თუკი მათ დანაშაულის ადგილას წაასწრებდა. ძველი საბერძნეთის ერთ–ერთმა მეფემ, სენედიოსმა გამოსცა კანონი – ცულით მოეკვეთათ თავები მრუშობის ადგილას შეპყრობილთათვის.



საქსონელები მემრუშე ქალს აიძულებდნენ თავი ჩამოეხრჩო, გვამს კი წვავდნენ და მის საყვარელს ამ კოცონის თავზე კიდებდნენ. ეგვიპტეში მემრუშე კაცს რკინის ხელკეტით სცემდნენ, ისე, რომ ათას დარტყმას აყენებდნენ, ქალს კი ცხვირს აჭრიდნენ. კუმანები მოღალატე ქალს შიშველს სვამდნენ ვირზე და ცემა–ცემით მთელ ქალაქს მოატარებდნენ. ბრაზილიელები ასეთ ცოლებს კლავდნენ ან მონებად ყიდდნენ, ზოგიერთ ქვეყანაში მოღალატე ქალებს ცხვირს და ყურებს აჭრიდნენ, მამაკაცებს კი სასქესო ორგანოებს. სხვაგან კიდევ სხვა სასჯელებს იგონებდნენ.



დღეს კი, თუმცა ქრისტიანებს შორის ეს ცოდვა ძალიანაა გავრცელებული, მაგრამ სიკვდილით არ ისჯება, საერთოდ, ნაკელბად განიკითხება, მას ალბათ თვით მართლმსაჯული ღმერთი განსჯის საშინელ სამლჯავროზე. მაგრამ დავფიქრდეთ, რისთვის გვატყდება თავს ამდენი უბედურება? ცოდვებისათვის მოგვიზღავს ღმერთი, ჩვენ კი არ გვინდა ჩევნი დანაშაულის დანახვა და შენანება.



არქიმანდრიტი ლაზარე (აბაშიძე)

qadageba.ge

Комментариев нет:

Отправить комментарий