– ორი დღე ვეძებდი სულიერ ძმებთან ერთად. მერე მივაგენით დანგრეულს, მიტოვებულს… ორი-სამი ხატი ვიპოვეთ ცეცხლის კვალი ეტყობოდა. პატარა სამლოცველოს ხის კარი ჰქონდა, ისიც დამწვარი. დანაგვიანებულიც იყო აქაურობა… გულს შემომეყარა და იმის შემდეგ აღარ წავსულვარ. როცა პატრონი ტოვებს ამ ადგილს, წყალიც ქრება. მიუხედავად იმისა, რომ აქაურობის დალაგება დავიწყე, წყალი არ ჩანდა. მერე ორმო შევნიშნე, სადაც დამტვრეული კრამიტები ეყარა. რამდენიმე თვის მუშაობის შემდეგ, კრამიტზე წყლის წვეთი დავინახე. გავასუფთავე, შევხედე საიდან მოდიოდა წყალი. შემდეგ, უკვე ამ ორმოში წყალი დაგროვდა. მომლოცველების რიცხვმა რომ იმატა, სხვა რეზერვუარებიც გავაკეთე. არ ვიცი, რით დავიმსახურე უფლისგან ამხელა მადლი, რომ ამ სიბერეში აქ მომიყვანა. თურმე, უფალს აქ კაცი სჭირდებოდა…
– როგორც ვიცი, ბევრი სასწაულის მომსწრე ხართ…
– აქ ისეთი ხალხი მოდის, ექიმები იმედს რომ ვეღარ აძლევენ. მოდიან უშვილოები, რომლებსაც წლებია შვილი არ ჰყავთ და უჩნდებათ მათ შვილები. ყველა ბავშვს ნინოს შვილობილს ვეძახი. უკვე 200-ზე მეტი ბავშვია დაბადებული, რაც ვიცი და ბევრი არც ვიცი. ამას წინათ, ციმბირიდან ჩამოვიდა პეტროსიანი გარიკა, შვილი არ ჰყავდათ და მეორე წელსვე შეეძინათ. 27 აგვისტოს იყვნენ ჩამოსულები და რადგან 28-ში მარიამობაა, მარიამი დაარქვეს. ისინი გრიგორიანები იყვნენ, მაგრამ დედა ღვთისმშობლისთვის რა აზრი აქვს, ის ყველა აქ მოსულ მორწმუნეს ეხმარება. მერე კიდევ იყო გარიკა ჩამოსული მადლობის სათქმელად. ჩამოდიან რუსეთიდან, უკრაინიდან, მოლდოვიდან. ერთი წყვილი ქალაქ რიგიდან ჩამოფრინდა. მამაკაცი უსინათლო იყო და ტაქსიში დარჩა, ქალიც შეშინდა ამ გზაზე ჩამოსვლისას და უკან გაბრუნდა. მერე ტაქსის ძღოლი ჩამოვიდა, ასეთი ამბავია და იქნებ მე მითხრათ როგორ მოვიქცეო. გავატანე წყალი. წლის თავზე გოგონა შეეძინათ. მერე წერილიც მოსწერეს ტაქსის მძღოლს, ჩამოსვლა ვეღარ მოახერხეს. ტაქსის მძღოლმა მე ამომიტანა ეს მადლობის წერილი.
– ბერი გაბრიელი აქ ლოცულობდა ხოლმე… ჯერ ეს ყველაფერი დაფარულია ხალხისთვის. ალბათ, ესეც უფლის ნებაა. მოვა დრო, როცა გაცხადდება ამ ადგილის შესახებ…
– როგორც ვიცი, სნეულებისგან ბევრი მორწმუნე განკურნებულა…
– სიმსივნისგანაც განკურნებულან, დიაბეტიანები, 600-მდე რომ უწევდათ შაქარი, აქ მოსვლის შემდეგ ექიმთან რომ მისულან, სისხლში შაქარი აღარ აღმოაჩნდათ.
სულხან ბიძიასთან რამდენიმე საათი დავყეთ. დრო უცებ გაფრინდა. მან წმ. ნინოს მთელი ცხოვრება მოგვიყვა. ბევრი რამ ვიცოდით, ბევრი რამ ვისწავლეთ. იგი ყოველთვის კერიაშია. მომლოცველები რომ მივლენ, ხომ სჭირდებათ მასპინძელი. მან გვაჩვენა რვეული, სადაც აღწერა აქვს გაკეთებული რამდენ უშვილოს შეეძინა შვილი. ბავშვების სახელები ზეპირად იცის და მათ ნინოს შვილობილებს ეძახის. ასევე, გული სწყდება ზოგიერთ წყვილზე, რომლებსაც შეეძინათ შვილები, მაგრამ მის რვეულში ვერ მოხვდა მათი სახელები, რადგან იქ აღარ მისულან.
პატარა ტაძრის პატარა ეზო „სიმშვიდის სავანეა”… რბილი ნიავი ქრის… ჩიტები ჭიკჭიკებენ… ფისო მზეზე კოტრიალობს, ძაღლიც დასეირნობს აქეთ-იქით. სხვათა შორის, ეს ძაღლი მომლოცველებს ბილიკზე გზას უკვალავს ხოლმე. თუ ვინმეს სნეულებას გაიგებთ, მიასწავლეთ ეს ადგილი. სულხანი ბიძიას კი ჰყავს ერთი ტაქსისტი მეგობარი, რომელსაც საავადმყოფოსკენ მიმავალი მგზავრი თუ ჩაუჯდა, ამ ადგილს ასწავლის… ჩვენც ვასწავლოთ ერთმანეთს, რომ მეტი სნეული განიკურნოს, მეტი პატარა გაჩნდეს და კიდევ უფრო ბევრი სასწაულის მომსწრენი გავხდეთ.
კერია, სადაც სულხანი ბიძია ცხოვრობს.
ხედი წმ. ნინოს სალოცავიდან
evpatori.ge
Комментариев нет:
Отправить комментарий