ღმერთი

ღმერთი

четверг, 23 ноября 2017 г.

იგავი ხორბალსა და ღვარძლზე.


 ხორბალი

და


ღვარძლი


„ცათა სასუფეველი იმ კაცს ჰგავს, რომელმაც თავის ყანაში კეთილი თესლი დათესა. როცა ყველას ეძინა, მოვიდა ამ კაცის მტერი, ჩათესა ღვარძლი ხორბალს შორის და წავიდა. ჯეჯილი რომ აღმოცენდა და ნაყოფი გამოიღო, მაშინ გამოჩნდა ღვარძლიც. მივიდნენ მონები კაცთან და უთხრეს: ბატონო, განა კეთილი თესლი არ დათესე შენს ყანაში? საიდან გაჩნდა ღვარძლი? კაცმა მიუგო: ეს მტერმა გააკეთა. მონებმა უთხრეს: გნებავს, მივიდეთ და ყანა გავმარგლოთ? მაგრამ მან უთხრა: არა, ვაითუ გამარგვლისას ღვარძლთან ერთად ხორბალიც ამოგლიჯოთ. აცადეთ, ორივე ერთად მკამდე გაიზარდოს, და მკის დროს ვეტყვი მომკელებს: ჯერ ღვარძლი შეკარით ძნებად, რომ დაიწვას, ხოლო ხორბალი ჩემს ბეღელში შეკრიბეთ“.
მათე 13, 24-30

ნუ იქნები ღვარძლიანი –  იყავი მადლიანი
ღვარძლი სარეველა ბალახია, სწრაფად მრავლდება და ღრმად იდგამს ფესვებს ყანაში. ეშმაკიც ასეა: კაცის გულში თუ შეაღწია, ღვარძლივით თესავს ბოროტ სურვილებს. ამიტომ ვამბობთ ხოლმე გაბოროტებულ კაცზე, ღვარძლიანია, ღვარძლიანი გული აქვსო.
ქრისტეს მოწაფეებმა უფალ იესოს სთხოვეს: განგვიმარტე, რას ნიშნავს ეს იგავიო. უფალმა მათ განუმარტა:
კეთილი თესლი ვინც დათესა, არის ძე კაცისა, ესე იგი, თვითონ იესო ქრისტე. ყანა მთელი ქვეყანაა, მსოფლიოა. კეთილი თესლი სასუფევლის ძენი არიან, სასუფევლის ძენში უფალი თავის მოწაფეებს გულისხმობდა. ღვარძლი, – განაგრძო უფალმა, – უკეთურის ძენი არიან. მტერი, რომელმაც ეს ღვარძლი ჩათესა, ეშმაკია. მკა არის წუთისოფლის დასასრული, მომკელები კი ჩემი ანგელოზები არიანო.
ხედავ, როგორი სურათი დაიხატა: ღმერთმა შექმნა სამყარო, ბუნება, ბუნების ქმნილებანი და მათი გვირგვინი – ადამიანი. ყველაფერი, რასაც შენ გარშემო ხედავ, ღმერთმა სიკეთისა და სიყვარულისთვის მოგვცა. ასე დათესა მან კეთილი თესლი ამ ქვეყანაზე. მაგრამ ადამიანებს სიფხიზლე მოაკლდათ. სიყვარულიც შეუმცირდათ და ბოლოს ღრმა ძილსაც მიეცნენ – სულიერად მოდუნდნენ. ეშმაკმაც დრო იხელთა, მიეპარა, შეუმჩნევლად შეაღწია კაცთა გულებში და იქ ღვარძლივით ჩათესა ბოროტება.
საიდან გაჩნდა ღვარძლი? – ეკითხებიან მონები ყანის პატრონს: ეს მონები ზეციური ანგელოზები არიან. მათ უკვირთ: როგორ შეიძლება, კეითლგონიერმა ადამიანმა სიკეთე მოიკლოს და ბოროტება მიიღოს?! უფალი იგავში ამბობს, რომ ეს ბოროტება ეშმაკის ნახელავია. შეშფოთებული ანგელოზები ეშურებიან, დაგვეხმარონ და ნებას ითხოვენ უფლისგან: წავალთ, გავმარგლავთ, ღვარძლივით ამოვძირკვავთ ბოროტსო.
მაგრამ უფალი იესო გასაოცარ სულგრძელობას იჩენს ჩვენ მიმართ, მოთმინებით გველოდება: ვაცადოთო, –  ეუბნება ანგელოზებს, – იქნებ, თვითონვე ამოძირკვონ და მოიშორონ ცოდვა; სანამ სამყაროს აღსასრული არ დამდგარა, ძალას ნუ ვიხმართ, ვაითუ, ძალმომრეობით ბოროტებას ახალი ბოროტება მიემატოს და კეთილიც დაზიანდესო. ბოროტებასთან ბრძოლაში საუკეთესო იარაღი სიყვარული და მოთმინებაა.
იგავის განმარტების შემდეგ უფალი იესო მეორედ მოსვლის, ქვეყნის აღსასრულის სურათსაც ხატავს: როცა უკვე სხვა გზა აღარ დარჩება ბოროტებისა და ცოდვის ამოსაკვეთად, ის თვითონ მოვა თავის წმიდა ანგელოზებთან ერთად. უფლის ბრძანებით, ისინი ყველა ცოდვილს ღვარძლის ძნებივით შეკრებენ და ცეცხლოვან ჯოჯოხეთში ჩაყრიან. მართლები კი მზესავით გაბრწყინდებიანო, – გვანუგეშებს უფალი, – მათ ზეციერი მამის სამკვიდრებელში, ცათა სასუფეველში ელით მარადიული სამყოფელიო.

ახლა თავად განსაჯე, რომელი სჯობია – ღვარძლიანი იყო თუ მადლიანი?


tbiliselebi.ge

Комментариев нет:

Отправить комментарий