ღმერთი

ღმერთი

воскресенье, 5 ноября 2017 г.

ერთხელ ერთ ბრძენს ჰკითხეს, რომელი თვალები ხედავენო უკეთესად:

შავი თუ ნაცრისფერი, კაცის თუ ქალის, ადამიანის თუ პირუტყვის? მან უპასუხა: ყველაზე უკეთ შურიანი ადამიანის თვალები ხედავენ. ისინი ხედავენ ყველაფერს: ახლოს ყველაზე უმცირესს, და იმასაც, რაც შორსაა; მხოლოდ ერთს ვერ ხედავენ – კარგს, და თუ დაინახავენ, ცრემლით აივსებიან და შეეცდებიან, ვერ იხილონ, თითქოს თავისით უნებურად იხუჭებიან. როგორც გინდა დაიმალე, ჩაიკეტე, განეშორე, შენს საცხოვრებელში დადუმდი, გაიქეცი განმარტოებაში, უდაბნოში – შურიანის თვალები იქაც დაგეწევიან და დაინახავენ, რას აკეთებ. შურიანს თითქოს ერთგვარი სამზერი მილები აქვს, რომელთა საშუალებითაც ძალიან შორს ხედავს. სად იპოვი ისეთ კაცს, თუნდაც ყველაზე კეთილისმყოფელსა და წმინდას, რაიმე ბიწი რომ არ ჰქონდეს? მხოლოდ ღმერთია უცოდველი და უბიწო. „გამკიცხველი ეხება არა მარტო მრავალს, არამედ საუკეთესოებსაც, რადგან მხოლოდ ღმერთია სრულიად უდანაშაულო და ვნებებისთვის მიუწვდომელი“, ამბობს ღვთისმეტყველი. მაგრამ შურიანის თვალები ადამიანებში უმცირეს მანკიერებებსაც ამჩნევენ, ისეთებსაც კი, რომლებიც მათში არასოდეს ყოფილა.

დასასრულს გავიხსენოთ მოციქულ პავლეს სწავლება: „ნუმცა ვართ მზუაობარ, ურთიერთარს მაბრალობელ, ურთიერთარს მოშურნე“ (გალატ 5,26). ნუ ვიქნებით მზვაობრები; თითოეულმა მხოლოდ საკუთარი ვიცოდეთ; ნუ განვიკითხავთ ერთმანეთს, ნუ შეგვშურდება ერთმანეთის. თუკი თქვენ ერთმანეთს ჭამთ, გაფრთხილდით, ყველანი არ დაიღუპოთ – „უკუეთუ ურთიერთარს იკბინებოდით და შეიჭამებოდით, იხილეთ, ნუუკუე ურთიერთარს განილინეთ“ (გალატ. 5,15). ეს წინასწარმეტყველება ჩვენზე აღსრულდა (მქადაგებელი თავის სამშობლოს, საბერძნეთს გულისხმობს). თქვენ იცით, როგორ დაიღუპა ჩვენი ხალხის დიდებულება და სამეფოს დიდება, მიხედეთ მის ისტორიას. ვერც სპარსეთის ძალები, ვერც აგარიანთა მახვილი ვერ მოუტანდა ამ სამეფოს ბოროტებას, მის მოქალაქეებს უკეთური შური რომ არ ჰქონოდათ. როცა ოჯახში, საზოგადოებაში, ქალაქში ან სახელმწიფოში დამკვიდრდება შური და ადამიანები იწყებენ ერთმანეთის სიბოროტით გამწარებას, მაშინ დასამარცხებლად აღარაა საჭირო არანაირი უცხო მტერი. „როცა ჩვენ შურით ერთმანეთის წინააღმდეგ ამხედრებას ვიწყებთ, მაშინ ჩვენს დასაღუპად ეშმაკიც აღარაა საჭირო“, ამბობს ოქროპირი.

ღვთის გულისათვის, რომელიც გვწამს და რომელიც არის ღმერთი მშვიდობისა და მამა მოწყალებისა, სახარების გულისათვის, რომელიც სიყვარულის აღთქმაა, ეკლესიის გულისათვის, რომელიც თანხმობისა და ერთობის ადგილი უნდა იყოს, არ უნდა დავუშვათ ჩვენში შურის მცირედი გამოვლინებაც კი! ნუ მივცემთ მტრებს სიხარულის მიზეზს. ფილისტიმელებმა დაამარცხეს ისრაიტელები, იმავე დღეს მოკვდა საული შვილებთან ერთად. ისრაიტელებს არასოდეს ჰქონიათ უფრო დიდი დანაკარგი. დავითმა გაიგონა თავისი ხალხის ამ განსაცდელის შესახებ და თავის მხლებლებს ასე მიმართა: „ნუ მიუთხრობთ მაგას გეთად, ნუცა ახარებთ შესავალთა ასკალონისათა“ (2 მეფ. 1,20), რომ მტრებმა არ გაიგონ ჩვენი გასაჭირი და არ გაიხარონ. „რაჲთა არა უხაროდის ასულთა მათ უცხოთესლთასა“ (იქვე). ძმებო და მახლობლებო ქრისტიანებო! სხვების უბედურებებს, ტანჯვას, დანაშაულებსა და ცოდვებს ნუ გამოვააშკარავებთ განკითხვისათვის, ერთმანეთის გაღიზიანებით, ერთმანეთის შურით, რომ არ ხარობდნენ უცხოტომელნი, ჩვენი ხილული და უხილავი მტრები. დუმილი, თანაგრძნობა, მეგობრული გრძნობა! ხოლო გამკიცხველი შური, გამაღიზიანებელი შური, მოყვასის განმკითხველი შური – გაძევებული უნდა იქნას ქრისტიანთა გარემოდან! ვისაც ასეთი ვნება დაეუფლება, ის ღირსი არაა ადამიანად იწოდებოდეს, მით უმეტეს ვერ იწოდება ქრისტიანად.

მღვდელმთავარი ილია მინიატისი

 martlmadidebloba.ge




Комментариев нет:

Отправить комментарий