„იმას, ვისი გონებაც არ შეესაბამება მისსავე ასაკს, თავისი ასაკის მთელი უბედურება ატყდება თავზე“. ვოლტერის ამ სენტენციის მოხმობით იწყებს მსჯელობას ცნობილი გერმანელი ფილოსოფოსი არტურ შოპენჰაუერი თავისი ცნობილი წიგნის, „ცხოვრებისეული სიბრძნის აფორიზმების“, ბოლო თავს: „ასაკობრივი სხვაობისათვის“. მრავალ მნიშვნელოვან საკითხთან ერთად იგი იმასაც განიხილავს, თუ როგორ იცვლება ადამიანის ზრდასთან ერთად მისის დამოკიდებულება საკუთარ თავსა, გარემოსა თუ სამყაროსთან. „მთელი სიცოცხლის განმავლობაში ჩვენ მხოლოდ აწმყოს ვფლობთ და მეტს არაფერს“, _ წერს იგი. მისი აზრით, განსხვავება ცხოვრების დასაწყისსა და ბოლოში ისაა, რომ დასაწყისში ადამიანი ხედავს ხანგრძლივ მომავალს, ბოლოს კი _ უკან მიტოვებულ ხანგრძლივ წარსულს. აწმყოს აღქმის რაობას კი განაპირობებს ადამიანის ტემპერამენტი და არა ხასიათი. იგი ორ არსებით საკითხზე ამახვილებს ყურადღებას. ესენია:
- შემეცნება;
- ნების გამოვლენა.
ცხოვრების პირველ მეოთხედში სწორედ შემეცნება განაპირობებს იმ ბედნიერებას, რომელიც შემდგომ „დაკარგულ სამოთხედ“ განიცდება. ბავშვის გონება ხარბად აკვირდება მისთვის სრულიად უცნობ ცხოვრებას, სადაც „ყველაფერი სიახლის ხასხასა ფერებით ბზინავს“. „სწორედ ამის შედეგია ის სერიოზული, ჭკვიანური მზერა, რომელსაც ესოდენ ზუსტად გადმოგვცემს რაფაელი თავის ანგელოზებსა და, განსაკუთრებით, „სიქსტის მადონაში“. მისი აზრით, ბავშვობის წლები ყველაზე პოეტურია ადამიანის ცხოვრებაში, რადგან პოეზიის თუ, ზოგადად, სხვა ხელოვნების არსი ისაა, რომ თითოეული მოცემული საგნიდან გამოიტანოს მისი „პლატონური იდეა“. ეს იმას ნიშნავს, რომ ბავშვი მთლიანობაში აღიქვამს ყოველივეს. ყველა სახესა თუ საგანში ბავშვი ჭვრეტს „მარადისობის ერთგვარ ხატებას“ (სპინოზა). სწორედ ამით ხსნის იგი იმ გამაოგნებელ განსხვავებულ შთაბეჭდილებას, რომელსაც ერთი და იგივე საგანი იწვევს ბავშვობასა თუ მოწიფულობაში ხილვისას.
შოპენჰაუერის აზრით, ბავშვობაშივე ეყრება მტკიცე საფუძველი მსოფლმხედველობას, რომელიც შემდგომ კი ვითარდება, მაგრამ არსებითად უცვლელი რჩება. აღზრდა ადამიანს თავს ახვევს ცნებებს, მაგრამ ცოდნის არსებითი ელემენტები ცნებებით არ ეძლევა ადამიანს. ყოველგვარი შემეცნების საფუძველი სამყაროს თვალსაჩინო აღქმისა და წვდომის უნარია. აქ ფილოსოფოსი აღზრდასთან დაკავშირებით საკმაოდ პესიმისტურ აზრსაც გამოთქვამს: „თვით პესტალოცის პედაგოგიურ ხელოვნებასაც კი არ შეუძლია მოაზროვნე ადამიანად აქციოს ის, ვინც ბრიყვად დაიბადა. ბრიყვად დაბადებული ბრიყვადვე მოკვდება“ (პესტალოცი მე-19 საუკუნის ცნობილი შვეიცარიელი პედაგოგი იყო).
მხოლოდ ბავშვი ისრუტავს და ისისხლისხორცებს ყოველივეს, რასაც ხედავს, ამიტომაც ასე წარუშლელად აღიბეჭდება მეხსიერებაში ბავშვობის შთაბეჭდილებები. მისთვის სამყარო ობიექტურად არსებული, მომხიბლავი და დაუსრულებელი ბედნიერების მომნიჭებელია. მოგვიანებით კი ჩნდება ნამდვილი ცხოვრების შემეცნების წყურვილი, რასაც ილუზიების მსხვრევა მოჰყვება: „შეიძლება ითქვას, რომ ბავშვობაში ცხოვრება ერთგვარ დეკორაციად წარმოგვიდგება, რომელსაც შორიდან ვხედავთ, სიბერეში კი ეს იგივე დეკორაციაა, მხოლოდ ახლოდან დანახული“. „ცხოვრებას ჯერ პოეზიით შევიცნობთ და შემდეგ მისი ნამდვილი სახით“.
შოპენჰაუერის აზრით, ბავშვობის ბედნიერებას ისიც განაპირობებს, რომ ისინი ერთმანეთს ჰარმონიულად ეხამებიან, ჰგვანან, მაგრამ სიჭაბუკეში ურთიერთგანსხავება და დაშორიშორება იზრდება და სულ უფრო მეტი მანძილი ყოფს ადამიანებს ერთმანეთისგან იმ წრის რადიუსებივით, გამუდმებით რომ ფართოვდება. თანდათან კი ჩნდება უბედურების შიში, რომელიც ბედნიერების დაუოკებელ წყურვილს გადაფარავს, ამის დასტურად შოპენჰაუერს პირადი მაგალითი მოჰყავს: „სიჭაბუკეში კარზე რომ მომიკაკუნებდა ვინმე, გახარებული ვამბობდი; „მადლობა ღმერთს“, მაგრამ გავიდნენ წლები, ახლა იგივე ვითარება ჩემში შიშს თუღა იწვევს და მე ვამბობ: „აი, ისიც“.
შოპენჰაუერი ყურადღებას ამახვილებს ადამიანის მარტოსულობაზე და აღიშნავს: „სიჭაბუკეში ადამიანს ჰგონია, რომ ყველამ მიატოვა, ხანშიშესული კი ფიქრობს, რომ თვითონ გაექცა ყველას. პირველი, ძალზე უსიამოვნო განცდა, კაცთა ვერცნობისგან იღებს დასაბამს. მეორე, სასიამოვნო კი, მათი ცნობისაგან“. „ადამიანს სძულს ან უყვარს მარტოობა, ესე იგი, თავისი თავის ამარა ყოფნა, იმისდა კვალად, თუ რამდენად ფასეულია მისი შინაგანი სამყარო“.
მისი აზრით, „ცხოვრება შეიძლება ტილოს მოქარგულ ნაჭერს შევადაროთ, რომლის წაღმა პირსაც ადამიანი თავისი ცხოვრების პირველ ნახევარში ხედავს, უკუღმა პირს კი _ მეორეში. მართალია, ეს უკანასკნელი არც ისე მშვენიერია, მაგრამ გაცილებით მეტს კი გვასწავლის, რადგანაც მასზე შეიძლება თვალი გავადევნოთ, როგორ ეწვნიან ძაფები ერთმანეთს“. მისი აზრთ, სიჭაბუკეში თვით დროც კი გაცილებით უფრო ზანტად მიიზლაზნება. ამიტომაც სიცოცხლის პირველი მეოთხედი არა მარტო ყველაზე ბედნიერი, არამედ ყველაზე გრძელი პერიოდიც, გაცილებით უფრო მეტ მოსაგონარს გვიტოვებს. სიცოცხლის შემოდგომაზე კი დღეები უფრო მოკლე, მაგრამ, ამასთან, უფრო მშვიდი და ნათელია. გალაკტიონი ამავე აზრს ასე გამოთქვამდა:
„ოჰ, როგორ მიდის ახალგაზრდობა –
დაუნდობელი სურვილი ლომის!
და ყოველივე როგორ ნაზდება,
როცა ახლოა მზე შემოდგომის“ („ცამეტი წლის ხარ“).
შოპენჰაუერის აზრით, სიჭაბუკე ვნებათაღელვის დროა, სიბერე კი _ სიმშვიდისა. ბავშვი ხარბად ეპოტინება ყველაფერს, რაც ესოდენ მშვენიერი და ფერადოვანი ეჩვენება, ყველაფერი უჩვეულო ძალით აღაგზნებს, რადგანაც მისი აღმქმნელობა ახალია და ცინცხალი. იგივე ითქმის სიჭაბუკეზედაც, მხოლოდ მისი ცნობისწადილი კიდევ უფრო ძლიერია და მძაფრი. მასაც ასევე აღაგზნებს ეს ჭრელი სამყრო თავისი მრავალფეროვანი ფორმებითურთ და მისი წარმოსახვა აქედან გაცილებით მეტსა ქმნს, ვიდრემ სინამდვილემ შეიძლება მისცეს. ისიც ხარბად მიელტვის რაღაც ბუნდოვანს და გაურკვეველს, მოსვენებას რომ არ აძლევს მას, რომლის გარეშეც არ არსებობს ბედნიერება. სიბერეში კი ადამიანი თავისუფლდება ილუზიების, ქიმერებისა და ცრურწმეების ტყვეობისაგან. ადამიანი მხოლოდ ხანდაზმულობისას იმსჭვალება ჰორაცისეული „ნურაფერი განგაცვიფრებს“, ესე იგი, უშუალო, გულწრფელი და მტკიცე რწმენით, რომლის თანახმადაც ამქვეყნად ყველაფერი უბადრუკი, უაზრო, უშინარსო და ეკლესიასტეული „ამაოება ამაოთაა“.
„ჩვენი ცხოვრების პირველი ორმოცი წელი ტექსტია, მომდევნო 30 წელი კი ამ ტექსტის კომენტარი. რაც საშუალებას გვაძლევს ჩავწვდეთ მის ჭეშმარიტ აზრსა თუ თანმიმდევრობას“. სიცოცხლის დასასრული კი მასკარადის დასასრულს მოგვაგონებს, როცა ყველა იხსნის ნიღაბს.
ადამიანს სიჭაბუკეში განვლილი ცხოვრება იმიტომაც ეჩვენება მოკლე, რომ „მეხსიერებიდან ამოიშლება ყოველივე უსიამოვნო, უმნიშვნელო და უბადრუკი“. მოუქნელი გონება ხოლოდ იმას იმახსოვრებს, რასაც გამუდმებით იმეორებს. გონებას არ სჩვევია, „გამუდმებით ცოხნოს უსიამოვნება“, თუმცა, „ძალზე ცოტაა იმნაირი უბედურება, რომელშიც ჩვენ თვითონ არანაირი ბრალი არ მიგვიძღვოდეს“.
ფილოსოფოსის აზრით, ჭაბუკმა უნდა დაზოგოს თავისი ძალა, ეს ეხება როგორც ფიზიკურ, ასევე, სულიერ ენერგიებს, გონებრივ შრომაში რომ ვლინდება. ბევრი ნორჩი გენიოსი, ვუნდერკინდი, უფრო გვიან არც კი განსხვავდება დანარჩენ მოკვდავთაგან.
შოპენჰაუერი არ იზიარებს იმას, რომ ადამიანთა ბედი პლანეტებზე წერია. მისი აზრით, „ადამიანთა უბადრუკ სუბიექტურობას, რის შედეგადაც მათ ყველაფერი თავიანთ თავზე დაჰყავთ და ნებისმიერი იდეიდან პირდაპირი გზით უბრუნდებიან საკუთარ თავს, შესანიშნავად ადასტურებს ასტროლოგია, ადამიანის უბადრუკ მეს რომ უსადაგებს უზარმაზარ კოსმიურ სხეულთა მოძრაობას, შესაბამისად, ამქვეყნიურ განხეთქილებებსა და უწმინდურებას კომეტების გამოჩენას უკავშირებს“, მაგრამ, ფილოსოფოსის აზრით, ზეციური სხეულები გვიჩვენებენ „ადამიანის გზას საერთოდ“. ყველა ასაკს ესა თუ ის პლანეტა შეესაბამება და, ამრიგად, მთელი ცხოვრების განმავლობაში ერთიმეორის მიყოლებით ყველა პლანეტა ახდენს გავლენას.
ათი წლის ასაკში ჩვენს ცხოვრებას განაგებს მერკური. ამ პლანეტის მსგავსად, ადამიანიც ძალიან სწრაფად და თავისუფლად მოძრაობს ძალიან ვიწრო წრეზე. თვით უმნიშვნელო წვრილმანებიც კი აშფოთებს, მაგრამ ბევრ რამეს ადვილად სწავლობს და ითვისებს. ოცი წლის ასაკიდან ვენერას გავლენა იწყება. ჭაბუკს მთლიანად ეუფლება სიყვარული და ქალის ხატება. 30 წლიდან მარსის გავლენის ქვეშ ვექცევით. ადამიანი ფიცხი, მამაცი, შეუპოვარი და ამპარტავანი ხდება. ორმოცი წლიდან ერთდროულად ოთხი ასტეროიდი ახდენს გავლენას: ცერერა, ვესტა, პალადა, იუნონა. ამ დროს ცხოვრების ასპარეზი ფართოვდება. მათი გავლენით ადამიანი ემსახურება იმას, რაც სასარგებლოა. საკუთარ სახლ-კარზე ზრუნავს, სწავლობს იმას, რაც მართებულია (აქ იუმორით იმასაც შენიშნავს ფილოსოფოსი, რომ ახლად აღმოჩენილ პლანეტოიდებს ანგარიშს არ უწევს, რადგან ისინი მის მსჯელობას არ ეთანხმებიან).
ცხოვრების 50 წლიდან იუპიტერი იწყებს მბრძანებლობას. ამ დროისთვის ადამიანს უკვე აქვს ცოდნა, გამოცდილება, ავტორიტეტი, ამიტომ მას აღარ სურს სხვას ემორჩილებოდეს. დარწმუნებულია თავის ძალებში, რომ შეუძლია სხვები მართოს და განაგოს საქმეები. 60 წლიდან სატურნის გავლენა შემოიჭრება, თავს იჩენს სიზანტე, სიმძიმე, ინერტულობა. 70 წლიდან იწყება ურანოსის გავლენა და ადამიანი უახლოვდება დროს, ცისკენ რომ უნდა გაეშუროს. 80 წლიდან კი დგება ჟამი ნეპტუნისა, რომელსაც ეროსსაც ეძახიან. ასე უერთდება დასაწყისი დასასრულს. „ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლივობას კი უპანიშადები სავსებით სამართლიანად განსაზღვრავენ 100 წლით“. იდუმალი კავშირით ერწყმის ეროსი სიკვდილს. მიწისქვეშეთის საუფლო არა მარტო „წამრთმევად“, არამედ „მომცემადაც“ წარმოჩნდება. ასე რომ, „სიკვდილი სიცოცხლის შემოქმედად გვევლინება“. და ეს ისეთი საიდუმლოა, რომელსაც ადამიანი ვერასოდეს ჩასწვდება.
mastsavlebeli.ge
Комментариев нет:
Отправить комментарий