ღმერთი

ღმერთი

воскресенье, 25 марта 2018 г.

სინდისის ცნების განმარტებისათვის.II ნაწილი

Conscientia mille testes (Quintilianus, Inst.orat.,7,3,4).
 სინდისი ათასი მოწმეა (კვინტ.,მჭევრ.სწავლ. 7,3,4).

სინდისის იდეალისტურ გაგებას უკვე კანტის და გოეთეს ეპოქის შემდეგ მოჰყვა ისეთი შეხედულებები, რომლებმაც ეჭვქვეშ დააყენეს მისი ღვთაებრივი წარმოშობა. გაჩნდა სინდისის ნატურალისტური და სოციოლოგისტური თეორიები. მათ სინდისი ან მხოლოდ ნეგატიურად გაიგეს ლტოლვებთან კავშირში, ან აღზრდის და სოციალიზაციის პროდუქტად გამოაცხადეს. მაგალითად, ჰერბერტ სპენსერს სინდისი საზოგადოებრივი წესრიგის გათავისებად მიაჩნდა. ამ მხრივ განსაკუთრებით აღსანიშნავია შოპენჰაუერის, ნიცშეს და ფროიდის როლი. ისინი, მართალია, ბოლომდე არ უარყოფდნენ სინდისის როგორც შინაგანი ხმის გამაფრთხილებელ და მიმთითებელ როლს და იმას, რომ მის წინააღმდეგ წასვლამ შეიძლება მძაფრი შინაგანი კონფლიქტები გამოიწვიოს ადამიანში, მაგრამ სინდისის წარმოშობასა და ფუნქციონირებაზე მათ წინამორბედებისგან სრულიად განსხვავებული შეხედულებები ჰქონდათ.
შოპენჰაუერმა სინდისს აბსოლუტურობის სტატუსი მოუხსნა, ნიცშემ მის წინააღმდეგ პირდაპირ გაილაშქრა, ფროიდმა კი ის ფსიქოლოგიური და სოციალურ–კულტურული განვითარების პროდუქტად გამოაცხადა.

 ოპენჰაუერი მიიჩნევს, რომ სინდისი, რომელიც ადამიანებს ერთობ შთამბეჭდავი რამ ჰგონიათ, სინამდვილეში შედგება შემდეგი „ინგრედიენტებისაგან“: დაახლოებით 1/5 ადამიანური შიში, 1/5 ცრურწმენა, 1/5 აკვიატება, 1/5 პატივმოყვარეობა და 1/5 ჩვეულება“ და დასძენს, რომ ზოგადად, ყველა რელიგიური ადამიანი სინდისს უწოდებს საკუთარი რელიგიის დოგმებსა და წესებს (შოპენჰაუერი 1976: 584–585). მისთვის სინდისი აღარ არის ღვთაებრივი ხმა და იგი ყოფით რეალობად იქცა. სამაგიეროდ, მასთან ღვთაებრივი ხმა ჩაანაცვლა ე. წ. თანალმობამ, რომელიც არ არის დამოკიდებული არც რელიგიურ დოგმებზე, არც მითებზე, ან აღზრდა–განათლებაზე. იგი პირველქმნილია. მყარად ზის ადამიანის ბუნებაში და ყველგან, ყველასთან, ყოველთვის ერთნაირად ვლინდება (იქვე,606). თანალმობის შოპენჰაუერისეული აღწერა ძალიან ჰგავს მის წინამორბედთა მიერ სინდისის დახასიათებას.

 აქ ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ჩვეულებრივ, სინდისის ტრადიციული გაგება ქრისტიანული ეთიკის ფარგლებს არ სცილდება, მაშინ როცა თანალმობა ქრისტიანობაშიც გვხვდება, მაგრამ ძირითადად იგი მაინც ბუდიზმისათვისაა დამახასიათებელი. როგორც ჩანს, ამ საკითხში ქრისტიანულ დასავლეთს ბუდისტურმა აღმოსავლეთმა სძლია შოპენჰაუერში.

ნიცშემ სინდისის ფსიქოანალიზური გაგება შემოგვთავაზა. იგი სინდისს განიხილავს ნეგატიური ასპექტით, როგორც მტანჯველ მეხსიერებას და ბრალის ცნობიერებას და ამბობს: „ სინდისის ქენჯნა მძიმე ავადმყოფობაა, რომელიც ადამიანს შეეყარა ყველა ცვლილებათა შორის იმ უდიდესი წნეხის ქვეშ, რომელიც მას ოდესმე განუცდია – იმ ცვლილებისა, რომლის შედეგად ის საბოლოდ მოექცა საზოგადოების არტახებში“ (ნიცშე1985:211). ნიცშე უწოდებს სინდისის ქენჯნას ბნელ საქმეს, ბრალის ცნობიერებას, რომელმაც ამაყი, თავისუფალი და დამოუკიდებელი პიროვნება იმ შეშლილ და მოსაწყენ ცხოველურ არსებად აქცია, რომელსაც ჰქვია ადამიანი და რომელიც კიდევ ერთხელაა გასათავისუფლებელი (იქვე, 228).

 სინდისის ქენჯნის წარმოშობა, ნიცშეს მიხედვით, განაპირობა შემდეგმა მიზეზებმა:
1. ადამიანებს დააკარგვინეს ჯანსაღი ინსტინქტები;
2. მათ თავს მოახვიეს საზოგადოებრივი ორგანიზაცია და ზნე–ჩვეულებათა არტახები;
3. მათ წაართვეს ძველი წინამძღოლები – ქვეცნობიერი უტყუარობით მარეგულირებელი და წარმმართველი ლტოლვები;
4. ისინი დაიყვანეს აზროვნებამდე, დასკვნამდე, აღრიცხვამდე, მიზეზების და შედეგების კომბინირებამდე;
5. როცა ეს უბედურები თავიანთი ცნობიერების – მათი ამ ყველაზე საწყალი და მიზანს აცდენილი ორგანოს ამარა დატოვეს, მაშინ დაისადგურა დედამიწაზე უბადრუკობის და უსიამოვნების მანამდე გაუგონარმა განცდამ;
6. ადამიანები დაემსგავსნენ წყლის ცხოველებს, რომლებიც ეს–ეს არის ხმელეთზე გადავიდნენ და მთელი ძალით იწვნიეს ამ მკვეთრი ცვლილების შედეგები;
7. ამ დღეში მყოფ ადამიანებს ბოლომდე მაინც არ დაუკარგავთ ძველი ინსტინქტები, რომლებიც ზოგჯერ თავიანთ მოთხოვნებს აყენებდნენ, თუმცა ძნელად და იშვიათად თუ ხდებოდა მათი დაკმაყოფილება, რადგან, ძირითადად, ეს ინსტინქტები უკვე სხვა, ახალ და თავისებურ დაკმაყოფილებას ეძებდნენ;
8. ყველა ინსტინქტი, რომელიც გარეთ არ გამოდის, შიგნით მიიქცევა და ეს არის ის, რასაც ადამიანის შიგნით შესვლა ჰქვია. ასე ყალიბდება, ნიცშეს აზრით, ის, რასაც მოგვიანებით მის „სამშვინველს“ უწოდებენ და რომელიც მაშინ ჩნდება, როცა ფერხდება ადამიანის გარედან განმუხტვა.

 სახელმწიფო გამალებით იცავდა თავს ძველი ინსტიქტებისაგან; შედეგად მივიღეთ ის, რომ ველური, თავისუფალი, მოხეტიალე ადამიანის ყველა ძველი ინსტინქტი ამუშავდა თავად ადამიანის წინააღმდეგ. ხოლო სინდისის ქენჯნის პირველწყაროდ სწორედ ამ ინსტინქტების (მტრობა, სისასტიკე, დევნა, თავდასხმა, ცვლილებები, ნგრევის ჟინი) მფლობელის წინააღმდეგ მოქცევა გახდა. „ ადამიანმა, რომელმაც გარეშე მტრების და წინააღმდეგობათა არ არსებობის გამო საკუთარი თავი მოამწყვდია ზნე–ჩვეულებათა მძიმე ბორკილებში, რომელიც სულწასული გლეჯდა, დევნიდა, ღრღნიდა, ქანცავდა, ტანჯავდა საკუთარ თავს, თავისი საკნის გისოსებზე ხეთქებით დაფლეთილმა ამ მხეცმა, რომლის მორჯულებაც განუზრახავთ, ამ დაუკმაყოფილებელმა და უდაბნოს მონატრებით გათანგულმა .... ყეყეჩმა, ამ სევდიანმა და სასოწარკვეთილმა ტუსაღმა, გამოიგონა სინდისის ქენჯნა. და მასთან ერთად შემოვიდა უდიდესი და უსაშინელესი ავადმყოფობა, რომლისგანაც კაცობრიობა დღესაც არ არის განკურნებული – ადამიანის დაავადება ადამიანით, როგორც ასეთით, როგორც შედეგი ცხოველური წარსულიდან ძალადობრივი მოწყვეტისა “ (იქვე, 230). და ეს სწორედ ის ნიცშე იყო, რომელიც წუხდა, რომ ეპოქას აღარ ჰყავდა დიდი მორალისტები, ნიცშესაგან „ ზნეობის საოცრებებად მონათლულები“.

 ნიცშე, არსებითად, სინდისის ქენჯნის ძალაუფლებას ებრძოდა, ვინაიდან მიაჩნდა, რომ სწორედ მონათა მორალის გავლენით გახდა ადამიანი პატარა, სუსტი და უღიმღამო არსება. კათოლიკურმა ეკლესიამ ნიცშეს ბრძოლას დასავლურ– ქრისტიანული მორალის წინააღმდეგ იმით უპასუხა, რომ მისი ნაწერები დიდი ხნით აკრძალულ წიგნთა სიაში შეიტანა. ნიცშეს ზეკაცი, მართალია, სინდისს მთლად არ არის მოკლებული, მაგრამ მას უკვე არ აწუხებს სინდისის ქენჯნა. ის არის ავტონომიური და სუვერენული ადამიანი ე. წ. ბატონთა მორალით, ავთენტური სინდისით, რომელიც უკვე აღარ არის ობიექტური ინსტანცია, როგორიც ის წინა ეპოქებისათვის იყო. ნიცშეს მიერ გათავისუფლებული ადამიანი, ფაქტობრივად, სინდისისგანაც თავისუფალია.

 ფროიდისთვისაც სინდისში არაფერია ღვთაებრივი და მეტაფიზიკური. სინდისს ის აღზრდის პროდუქტად განიხილავს. სინდისის სახით არც ღმერთი ლაპარაკობს და  არც ბუნების კანონი, არამედ მხოლოდ ადამიანის ზე–მე, რომელიც ადრეული ბავშვობის ბოლოს ყალიბდება მშობლების, ძირითადად, მამის მითითებების და აკრძალვების გათავისებით. ასე ხდება ბავშვის არაცნობიერიდან მომდინარე ლტოლვების საზოგადოების მოთხოვნებთან მისადაგება. სინდისის ჩამოყალიბების წინაპირობა ფროიდისთვის არის სიყვარულის დაკარგვის შიში, ანუ, როგორც ის თავად უწოდებს, სოციალური შიში (ფროიდი 1960:395), რაც ბავშვს აიძულებს დაემორჩილოს მშობლებს, მოგვიანებით კი– საზოგადოებას და მის ინსტიტუტებს. ფროიდის აზრით, ასე ითვისებს ყოველი ადამიანი მორალურ პრინციპებს, რომელთა კონტროლი და დაცვა სინდისის ამოცანაა. ე. წ. ლტოლვების რეზერვუარი გამუდმებით ცდილობს მათ დაკმაყოფილებას და ხშირად ამას ადამიანი მიჰყავს ისეთ მოქმედებამდე, რომელიც ზე–მეს პრინციპებს ეწინააღმდეგება და ბრალისცნობიერებას თუ სინდისის ქენჯნას იწვევს. ისევე როგორც ნიცშესთვის, ფროიდისთვისაც სინდისი ბრალის ცნობიერებასთან არის დაკავშირებული. ბრალის ცნობიერება კი, მნიშვნელოვანწილად, შიშით საზრდოობს. მას ფროიდი პირდაპირ სინდისის შიშსაც უწოდებს (იქვე, 79). სინდისი აქ უკვე აღარ არის ავტონომიური ზნეობრივი ინსტანცია ადამიანში და ის გაგებულია, როგორც ლტოლვებსა და ზე–მეს შორის კონფლიქტის გაცნობიერება.

ფროიდი ერთ–ერთ ლექციაში ეხება კანტის ზემოთ მოყვანილ გამონათქვამს. ვარსკვლავიერი ცის და მორალური კანონის შესახებ და ამბობს: „ კანტის ცნობილი გამონათქვამის კვალობაზე, რომელმაც ჩვენი სინდისი ვარსკვლავიერ ცას შეადარა, მორწმუნე ადამიანი შეიძლება ცდუნებას აჰყვეს და ორივე მათგანი შემოქმედის დიდებულ ქმნილებებად მიიჩნიოს. ვარსკვლავები, რასაკვირველია, დიდებული ქმნილებებია, ხოლო რაც შეეხება სინდისს, აქ ღმერთი უფრო ნაკლებად და დაუდევრად გაისარჯა, ვინაიდან ადამიანთა აბსოლუტურმა უმრავლესობამ ის მხოლოდ მოკრძალებული დოზით, ან ისეთი ხარისხით მიიღო, რომ ამაზე ლაპარაკიც არ ღირს. ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ უარვყოფთ ფსიქოლოგიური ჭეშმარიტების იმ ნაწილს, რომელსაც შეიცავს მტკიცება, რომ სინდისი ღვთაებრივი წარმოშობისაა, მაგრამ ეს დებულება ახსნას ითხოვს. თუკი სინდისი ჩვენში არსებული რამაა, ეს თავიდანვე არ ყოფილა ასე, სექსუალური ცხოვრების საპირისპიროდ, რომელიც თავიდანვე იყო ჩადებული ადამიანის ცხოვრებაში. პატარა ბავშვი, როგორც ცნობილია, ამორალურია და მას არ გააჩნია არავითარი შინაგანი მუხრუჭები სიამოვნებისადმი ლტოლვის შესაკავებლად. გვიანდელი ზე–მეს როლს თავდაპირველად მშობლების ავტორიტეტი ასრულებს. მშობლების გავლენა ბავშვზე ემყარება მათი მხრიდან სიყვარულის გამოხატვას და დასჯის მუქარას, რაც შიშს იწვევს ბავშვში. ეს რეალური შიში უფრო გვიანდელი სინდისის შიშის წინამორბედია: სანამ ის ბატონობს, ზედმეტია ზე–მეზე და სინდისზე საუბარი. მხოლოდ შემდეგ იქმნება მეორადი სიტუაცია, როდესაც გარეგნული თავშეკავება შიგნით გადადის და,როდესაც მშობლების ინსტანციის ნაცვლად ჩნდება ზე–მე. ძალზე საყურადღებო გამოცდილებაა, რომ თითქოსდა ღმერთის მიერ მონიჭებული და ასე ღრმად ჩანერგილი მორალი ვლინდება, როგორც პერიოდული ფენომენი. ვინაიდან რამდენიმე თვის გავლის შემდეგ მთელი ეს მორალური მოჩვენება ქრება, ზე–მესეული კრიტიკა დუმს, მე რეაბილიტირებულია და მომდევნო შეტევამდე კვლავ სარგებლობს ადამიანის ყველა უფლებით (იქვე, 67).

 ასე გაგებული სინდისი რომ ბოროტსა და კეთილს შორის განსხვავებას ვერ დაიტევს, ეს თავისთავად ცხადია. ნიცშეს და ფროიდს ეს ამოცანა სინდისისთვის არც დაუსახავთ. ადამიანი გმირად ჩაითვლება, თუ ბოროტმოქმედად – ეს მხოლოდ საზოგადოების იმ კანონებსა და ნორმებზე იქნება დამოკიდებული, რომლებსაც მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში საზომად გამოიყენებენ. სინდისის კომპეტენცია ეს უკვე აღარ არის.

 კარლ გუსტავ იუნგი სინდისს ეხება 1958 წელს გამოქვეყნებულ სტატიაში და გვთავაზობს სინდისის ახსნას ფსიქოლოგიური თვალსაზრისით (მიმოხილვისათვის იხ. იუნგი 1991: 475–495). ის სინდისის აქტის განხორციელებისას დიდ მნიშვნელობას ანიჭებს თანდაყოლილ არქაულ წარმოდგენებსა და ქცევის ფორმებს ანუ ე.წ. არქეტიპებს. ფროიდი და მისი სკოლა, როგორც ცნობილია, უარყოფდა ამგვარი არქეტიპების არსებობას, ვინაიდან მათი დაშვება ფაქტობრივად მემკვიდრეობით მიღებული წარმოდგენების დაშვებას ნიშნავდა, რაც ფროიდისთვის აბსურდის ტოლფასი იყო. იუნგი კი, განსაკუთრებით სიზმრების ანალიზის მისეული პრაქტიკიდან, იცნობდა უამრავ მაგალითს, რომლებიც, მისი აზრით, აშკარად მიუთითებენ თანდაყოლილი ინსტინქტური ქცევის ფორმების და არქაული ლატენტური წარმონაქმნების არსებობაზე ადამიანის ფსიქიკაში, რომლებიც მისი ინდივიდუალური ცხოვრებიდან არ მომდინარეობენ. ხოლო, რაც შეეხება, სინდისის ფროიდისეულ გაგებას როგორც ზე–მესი, იუნგის აზრით, ესაა იგივე ზნე–ჩვეულებათა კოდექსი, რომლის სხვადასხვა ასპექტი ზოგიერთ შემთხვევაში პიროვნულ არაცნობიერშია ჩაძირული, თუმცა შესაძლებელია კოლექტიური არაცნობიერიდან იღებდეს დასაბამს.

 სინდისი იუნგისთვის წარმოადგენს ერთგვარ ფსიქიკურ რეაქციას, რომელიც თავს იჩენს მაშინ, როდესაც ცნობიერება ტოვებს კონვენციურის, მიღებულის ჩარჩოებს, ზნე–ჩვეულებების სფეროს, ან მათ გვახსენებს. ამიტომ სინდისი, უპირველეს ყოვლისა, არის ფსიქიკური რეაქცია ზნეობრივი კოდექსიდან ნამდვილ, ან სავარაუდო გადახრაზე და, როგორც წესი, ნიშნავს უჩვეულოს, არმიღებულს და ამიტომ „უზნეოს“ წინაშე შიშს. შედეგად ვიღებთ ე.წ. სინდისის ქენჯნას. რამდენადაც ასეთი ქცევა ინსტინქტურად ხდება და საუკეთესო შემთხვევაში მხოლოდ ნაწილობრივაა გაცნობიერებული, ამდენად ის, იუნგის მიხედვით, თუმცა მორალურად ჩაითვლება, მაგრამ ეთიკური ვერ იქნება. ამ ბოლო კვალიფიკაციას ასეთი ქცევა მხოლოდ იმ შემთხვევაში დაიმსახურებდა, გაცნობიერებული და ინდივიდუალობიდან მომდინარე რომ ყოფილიყო. ეს კი მაშინ მოხდებოდა, თუკი იქნებოდა პრინციპული დაეჭვება ორ შესაძლებელ მორალურ ქცევას შორის, ანუ თუ გვექნებოდა მოვალეობებს შორის კონფლიქტი. ამ დროს ზნე–ჩვეულებათა კოდექსი ვერაფრით გვეხმარება. აქ მხოლოდ ეთოსის ძალა თუ გვიშველის, რომელიც მთლიანი ადამიანის გამოხატულებაა და საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს. ეთოსი იუნგისთვის არის განსაკუთრებული შემთხვევა ცნობიერი და არაცნობიერი ფაქტორების დაპირისპირების და თანამშრომლობისა.

იუნგის აზრით, მშვიდი, სუფთა სინდისი გვაქვს მაშინ, როდესაც გადაწყვეტილება, ან მოქმედება ზნე–ჩვეულებების შესაბამისია. ხოლო როცა გადაწყვეტილება ან მოქმედება ზნე–ჩვეულებათა საწინააღმდეგოა, ის განიცდება როგორც „უზნეო“ და გვაქვს სინდისის ქენჯნა. სინდისის ასეთ ფორმას, რომელიც ზნე– ჩვეულებებს ეყრდნობა, იუნგი უწოდებს სინდისის „მორალურ“ ფორმას (ლათ. mores– ზნე, ჩვეულება) და მას განასხვავებს სინდისის ეთიკური ფორმისგან, რომელიც მაშინ იჩენს თავს, როდესაც ორი, მორალურად მიჩნეული და ამდენად „მოვალეობად“ გაგებული გადაწყვეტილება ან ქცევა წინააღმდეგობაში მოდის ერთმანეთთან. ასეთი  შემთხვევა, როგორც წესი, ზნე–ჩვეულებების კოდექსში არ არის გათვალისწინებული და უფრო ინდივიდუალურ ხასიათს ატარებს. ამ დროს აუცილებელია ისეთი გადაწყვეტილების მიღება, რომელიც არ არის მორალური ზნე–ჩვეულებების გაგებით და, შესაბამისად, გადაწყვეტილება ტრადიციული ზნე–ჩვეულებათა კოდექსიდან კი არ მომდინარეობს, არამედ პიროვნების, ინდივიდუალობის არაცნობიერი სიღრმეებიდან. თუმცა მოვალეობათა შორის ასეთი კოლიზიები ზოგჯერ წყდება ზნე– ჩვეულებების შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღებით, ანუ ერთ–ერთის დათრგუნვის გზით, მაგრამ ეს ყოველთვის ვერ ხერხდება. როდესაც, იუნგის სიტყვებით, არსებობს „საკმარისი სინდისიერება“ მაშინ კონფლიქტს არ გაურბიან და თანმხვედრი არქეტიპის წყალობით ხერხდება მისი შემოქმედებითი გადაწყვეტა, რომელსაც აქვს ისეთი მაიძულებელი ავტორიტეტი, რომ მას სამართლიანად შეიძლება ეწოდოს „ღვთის ხმა (იუნგი 1991: 494).

 ამგვარი გადაწყვეტა პიროვნების სიღრმისეულ საფუძვლებიდან და მისი მთლიანობიდან მოდის და ცნობიერსაც მოიცავს და არაცნობიერსაც. იუნგისთვის ის ინდივიდუალურ მე–ზე ძლიერია. აქვე უნდა ითქვას, რომ იუნგი არ აზუსტებს, თუ როგორია თანმხვედრი არქეტიპის ჩართვის პრინციპი ეთიკური სინდისის აქტის განხორციელებაში და საბოლოოდ მაინც ბუნდოვანი რჩება არქეტიპების მნიშვნელობა და საჭიროება სინდისის ფენომენის გასაგებად.

 იუნგი ორი სახის სინდისს განასხვავებს – მორალურს და ეთიკურს. პირველ ემყარება ზნე–ჩვეულებათა გათვალისწინებას და მათგან მომდინარე გაფრთხილებას, მეორე კი მოვალეობათა კოლიზიას და მის გადაწყვეტას მესამე თვალსაზრისის მოძებნით. ეთიკური სინდისი ტრადიციულ ზნე–ჩვეულებით მორალზე ძლიერია და მისი მხრიდან წინააღმდეგობის შემთხვევაში მას ძალუძს ამ უკანასკნელის დაძლევა. ეთიკური სინდისის იმპერატიული ძალა იუნგთან ცნობიერების და ინდივიდუალური მე–ს ძალასაც აღემატება, მაგრამ ეს უკვე აღარ არის ნამდვილი „ხმა ღვთისა“, როგორც ის წინა ეპოქებს ესმოდათ, არამედ ეს ხმა მხოლოდ სუბიექტური, ფსიქოლოგიური მნიშვნელობისაა და მომდინარეობს არა ფიხტესეული უმაღლესი ცნობიერებიდან, არამედ მისი წყარო, უპირატესად, არაცნობიერშია საძიებელი.

 საინტერესოა ერიხ ფრომის შეხედულებები სინდისზე. თუმცა მთლიანობაში ის ფსიქოანალიზურ მიდგომას ემყარება, მაგრამ სინდისის ზოგიერთი ასპექტი მას განსხვავებულად აქვს დანახული. ფრომი ხშირად ახსენებს სინდისის ხმას. ის განასხვავებს ავტორიტარულ და ჰუმანისტურ სინდისს. მისი აზრით, ავტორიტარული სინდისი არის შიგნით გადასული ხმა გარეგანი ავტორიტეტისა – მშობლების, ან სახელმწიფოს, ან სხვა რამისა, რაც მოცემულ კულტურაში ავტორიტეტადაა მიჩნეული. სინდისი ქცევის უფრო ქმედითი რეგულატორია, ვიდრე გარეგანი ავტორიტეტების წინაშე ყოველგვარი შიში, ვინაიდან ავტორიტეტს შეიძლება გაექცე, საკუთარ თავს კი ვერ გაექცევი. ავტორიტარული სინდისი შეესატყვისება იმას, რაც ფროიდმა აღწერა როგორც ზე–მე (დაწვრ. იხ. ფრომი 1954 : 158).

 ჰუმანისტური სინდისი არ არის ავტორიტეტის ხმა, რომელიც შიგნითაა გადატანილი, რომელსაც ვცდილობთ, თავი მოვაწონოთ და რომლის უკმაყოფილებისიც გვეშინია. ის ჩვენი საკუთარი ხმაა, რომელიც ყველა ადამიანში ლაპარაკობს და რომელიც არ არის დამოკიდებული გარეგნულ სასჯელსა და წახალისებაზე. ჰუმანისტური სინდისი განსჯის იმის შესახებ, ვფუნქციონირებთ თუ არა ჩვენ, როგორც ადამიანები; ის ჩვენ გვაუწყებს საკუთარ თავზე, კერძოდ იმაზე, წარმატებულები ვართ, თუ წარუმატებელნი ცხოვრების ხელოვნებაში. ის, მართალია, ცოდნაა, მაგრამ გრძნობებსაც შეიცავს, ვინაიდან მთლიანად პიროვნების რეაქციაა და არა მარტო ჩვენი ინტელექტის. ჰუმანისტური სინდისი „ჩვენი ჭეშმარიტი მეს ხმაა, რომელიც მოგვიწოდებს, ვიცხოვროთ ნაყოფიერად, სრულად და ჰარმონიულად განვვითარდეთ. ის არის ჩვენი მთლიანობის გუშაგი... მას სამართლიანად შეგვიძლია ვუწოდოთ ჩვენზე მზრუნველობის მოსიყვარულე ხმა ( იქვე, 173).

 ფრომის აზრით, თუ ავტორიტარული სინდისი იფარგლება ადამიანის მორჩილებით, მისი თავდადებით, მოვალეობით ან საზოგადოებრივი შეგუებით, ჰუმანისტური სინდისის მიზანია ადამიანის პროდუქტიულობა და ბედნიერება, ვინაიდან ბედნიერება პროდუქტულობის შედეგია. ფრომი აღნიშნავს, რომ იგი ავტორიტარულ და ჰუმანისტურ სინდისს ცალ–ცალკე მხოლოდ იმიტომ განიხილავს, რომ აჩვენოს მათი დამახასიათებელი ნიშნები, მაგრამ სინამდვილეში ისინი ცალ– ცალკე კი არ არიან, არამედ ერთი და იმავე პიროვნების შიგნით თანაარსებობენ. ფრომი ასევე საუბრობს ბიოფილურ სინდისზე, რომლის მიზანია ცხოვრების სიყვარული. ბიოფილური სინდისი ცხოვრებით და სიხარულითაა ნასაზრდოები, ის უფრო სიცოცხლეზე ფიქრობს, ვიდრე სიკვდილზე. ბიოფილური მორალის ნიმუში ფრომისთვის არის სპინოზას ეთიკაში გამოთქმული აზრი: „ თავისუფალი ადამიანი ყველაზე ნაკლებად სიკვდილზე ფიქრობს; მისი სიბრძნე სიკვდილზე ფიქრი კი არა, სიცოცხლეზე ფიქრია“ (ფრომი 1979:44). ბიოფილური სინდისი, როგორც მისი დახასიათებიდან ჩანს, გარკვეულწილად, ენათესავება ჰუმანისტურ სინდისს, უფრო მეტიც, შეიძლება მისი იდენტურიც კი იყოს. რაც შეეხება სინდისის წარმოშობას, ფრომი ამბობს, რომ სინდისის განვითარება იოდიპოსის კომპლექსის შედეგია (ფრომი1980:52). აქ, რა თმა უნდა, ავტორიტარული სინდისი იგულისხმება. ხოლო ჰუმანისტური სინდისის წარმოშობაზე ფრომი არაფერს გვეუბნება.

 მარტინ ჰაიდეგერი გვთავაზობს სინდისის ონტოლოგიურ ანალიზს, რომელიც, მისი აზრით, წინ უნდა უსწრებდეს სინდისის განცდის ფსიქოლოგიურ აღწერას და მის ბიოლოგიურ ახსნას, რაც ჰაიდეგერისთვის მის გაუქმებას უდრის. ასევე ემიჯნება ჰაიდეგერი სინდისის თეოლოგიურ ინტერპრეტაციას და ღმერთის არსებობის არგუმენტად, ან ე. წ. ღვთაებრივი ცნობიერების გამომხატველად, მის გამოცხადებას(ჰაიდეგერი1986:269).

 სინდისის ონტოლოგიური ანალიზი გვიჩვენებს, რომ ის არის ძახილი. სინდისის ძახილი გამოიხმობს ადამიანის თავისთავადობას უპიროვნობაში დაკარგულობიდან. ადამიანის არსებობა სინდისში საკუთარ თავს უხმობს. იგი მომხმობელიც თავადაა და მოხმობილიც. სინდისი ვლინდება, როგორც ზრუნვის ძახილი. სინდისი თავისთავად კი არა, თავისთავადობიდან მოდის. ამდენად, მორალის ფესვები საძიებელია არსებობის მიზნის ონტოლოგიურ ხასიათში. ჰაიდეგერი სპეციფიკურ ადამიანურს ტრანსცენდენტურ არსებებში (ღმერთი ან აბსოლუტური ღირებულებები) კი არ ეძებს, არამედ ცდილობს თავად ადამიანის არსებობაში იპოვოს ხელშესახები ფენომენი, რომელიც მას საკუთრივ ადამიანური ყოფიერებისკენ მოუწოდებს. სწორედ ეს ფენომენია, მისი აზრით, სინდისი. ხოლო ის, რასაც სინდისის ძახილი აცხადებს, არის ადამიანური არსებობის ბრალეულობა. აქ ფაქტობრივი ბრალი კი არ იგულისხმება, არამედ თავად ადამიანური ყოფიერების არსებითი მდგომარეობა. კერძოდ, ის, რომ ადამიანი ანტინომიური არსებაა: ერთი მხრივ, მან თავად უნდა შექმნას თავისი სპეციფიკური ყოფიერება და, მეორე მხრივ, ის უკვე დგას ყოფიერებაში საკუთარი ძალისხმევის გარეშე, რის გამოც მას არ შეუძლია საკუთარი თავის ბოლომდე დაძლევა და ამიტომ უჩნდება ბრალეულობის ცნობიერება (სტეგმიულერი 1978: 171–172).

 ჰაიდეგერმა სინდისს, თუმც ღმერთზე აპელირების გარეშე, მაგრამ მაინც, დაუბრუნა ძველი შარავანდედი, როგორც საკუთრივ ადამიანური ყოფიერების უმნიშვნელოვანეს შემომქმედს და მისთვის სინდისი პრაქტიკულად ადამიანობის სინონიმი გახდა.

 სინდისის გაგებაში თავისი წვლილი უდევს თანამედროვე ფსიქოლოგიასაც. XX საუკუნეში განვითარების ფსიქოლოგიამ დაიწყო მორალური მსჯელობის უნარის და მისი განვითარების ემპირიული შესწავლა, რაც, განსაკუთრებით, შვეიცარიელი ფსიქოლოგის ჟან პიაჟეს სახელს უკავშირდება. მოგვიანებით, კოგნიტური განვითარების პიაჟესეულ მოდელზე დაყრდნობით, ამერიკელმა ფსიქოლოგმა ლორენს კოლბერგმა გამოყო მორალური ქცევის საფეხურები (დაწვრ. იხ. კოლბერგი 1996). ამ საფეხურებს, კოლბერგის აზრით, გადის ყველა ადამიანი, მიუხედავად იმისა, თუ რა კულტურულ გარემოშია ის აღზრდილი, და ამასთან, გადის ერთი და იმავე თანმიმდევრობით, რომელიმე საფეხურის გამოტოვების გარეშე. კოლბერგი თავის თეორიას უწოდებს კოგნიტური განვითარების თეორიას და ამით ხაზს უსვამს, რომ ეს ეხება მხოლოდ მორალური საკითხების გააზრებას, მათზე მსჯელობას და არა – მორალური განვითარების აფექტურ და ქცევით კომპონენტებს. ვინაიდან, მისი აზრით, მორალური მსჯელობა კოგნიტურ განვითარებას ეფუძნება. სხვა სიტყვებით, მისთვის მორალური მსჯელობის და მორალური ქცევის აუცილებელი წინაპირობა ლოგიკური აზროვნებაა. თუმცა, ცოდნა აუცილებლობით არ გადადის ქცევაში. პიაჟეს მსგავსად, კოლბერგთანაც მორალური ცნობიერების განვითარების საფეხურები შეესატყვისება ადამიანის იმ კოგნიტური პროცესების განვითარების საფეხურებს, რომელთა საფუძველზეც ის მორალური კონფლიქტებისა და საერთოდ, მორალური საკითხების შესახებ მსჯელობს.
მორალური ცნობიერების ერთი საფეხურიდან მეორეში გადასასვლელად ადამიანმა შემდეგ სამ სფეროში უნდა გააკეთოს პროგრესი:

ü უნდა გაფართოვდეს მისი სოციალური პერსპექტივა ეგოცენტრულიდან სხვა ადამიანებისა და ადამიანთა ჯგუფების მოთხოვნათა რეალიზებამდე;

ü მორალური თვითშეგნება უნდა გაძლიერდეს და ადამიანმა უნდა ისწავლოს მორალური ნორმების შემოწმება და დასაბუთება;

ü საკუთარი მოქმედების წესების დასაბუთების უნარი უნდა გაუმჯობესდეს, ანუ, ეგოცენტრულმა, სიამოვნება–უსიამოვნებაზე დაფუძნებულმა დასაბუთებებმა თანდათანობით ადგილი უნდა დაუთმოს უფრო აბსტრაქტულ, პოსტკონვენციური ნორმებისათვის დამახასიათებელ დასაბუთებებს.

 ამ საფეხურების შესაბამისად, კოლბერგი გამოყოფს მორალური მსჯელობის სამ ძირითად საფეხურს, რომელთაც აქვთ ქვესაფეხურებიც (თითოს ორ–ორი). ჩვენ მათ მოკლედ დავახასიათებთ:

1. პრეკონვენციური დონე ძირითადად დამახასიათებელია 9 წლამდე ასაკის ბავშვებისათვის, ზოგიერთი მოზარდისთვის და მრავალი ახალგაზრდა და ზრდასრული დამნაშავისათვის. ამ საფეხურზე ბავშვი პირველად იგებს, რომ საკუთარის გარდა, სხვების მოსაზრებებიც არსებობს. პირველი ქვესაფეხურია დასჯაზე და მორჩილებაზე ორიენტაცია, მეორე კი, როგორც კოლბერგი უწოდებს, – ინსტრუმენტულ–შეფარდებითი ორიენტაცია, რაც იმას გულისხმობს, რომ ადამიანები სხვებს ისევე ექცევიან, როგორც სხვები მათ;

2. კონვენციური დონე მოიცავს ახალგაზრდების და ზრდასრულების უდიდეს ნაწილს. პირველი ქვესაფეხურია ე. წ. ინტერპერსონალური თანხმობა ანუ კარგი ბიჭი/მშვენიერი გოგო- ორიენტაცია, რაც ნიშნავს, რომ სხვათა მორალური მოლოდინები აღიარებულია და მათი იგნორირება ბრალის განცდას იწვევს. მეორე ქვესაფეხურს წარმოადგენს კანონსა და წესრიგზე ორიენტაცია;

3. პოსტკონვენციურ დონეს აღწევს 20 წელს გადაცილებულ ზრდასრულთა მხოლოდ მცირე ნაწილი. პირველი ქვესაფეხურია საზოგადოებრივ ხელშეკრულებაზე ორიენტაცია, როდესაც ზნეობრივი ნორმების გადასინჯვა ხდება და მხოლოდ ისეთები ნარჩუნდება, რომლებიც კარგადაა დასაბუთებული. მიიღება საყოველთაო სამართლიანობისა და სარგებლის უზრუნველყოფაზე მიმართული ნორმები. ამ დონეს, კოლბერგის მიხედვით, აღწევს ადამიანთა დაახლოებით მეოთხედი. მეორე ქვესაფეხურია უნივერსალურ ეთიკურ პრინციპებზე ორიენტაცია. ამ საფეხურს, კოლბერგის თანახმად, აღწევს ადამიანთა 5 %–ზე ნაკლები. აქ ორიენტაცია ხდება ადამიანთა შორის ურთიერთპატივისცემაზე და მორალის შესახებ გონებისეულ თვალსაზრისზე. ამ საფეხურზე სწორი მოქმედება თავად ადამიანის მიერ არჩეული უნივერსალური ეთიკური პრინციპების თანხმიერია. ასეთი პრინციპების მაგალითად კოლბერგს მოჰყავს კანტის კატეგორიული იმპერატივი და პრაქტიკული ეთიკის ოქროს წესი. კოლბერგმა მოგვიანებით გამოთქვა ვარაუდი უფრო მაღალი – მე– 7 საფეხურის არსებობის შესახებ, რაც მორალური მსჯელობების ტრანსცენდენტალურ დაფუძნებას გულისხმობდა, მაგრამ ეს საფეხური მას სისტემატურად არ შეუსწავლია.

 კოლბერგის თეორია იმით არის საინტერესო, რომ აქ ავტორი ცდილობს ემპირიული კვლევისთვის ძალზე ძნელად მისაწვდომი სფეროს –ადამიანური ზნეობის ემპირიულ შესწავლას. კოლბერგმა მიზნად დაისახა, აღეწერა ადამიანის მორალური განვითარების საფეხურები, თუმცა მას საყვედურობდნენ ხოლმე, რომ ხშირად იცვლიდა აზრს და მის თეორიასა და ემპირიულ მონაცემებს შორის ყოველთვის არ იყო სრული შესაბამისობა; რომ მორალი მხოლოდ მორალურ მსჯელობებზე არ დაიყვანება და ხასიათის თვისებების გამომუშავებასაც გულისხმობს. კოლბერგის ერთ–ერთი კრიტიკოსია კეროლ გოლიგანი, რომელმაც ტიპურად მამაკაცური სამართლიანობის მორალის გვერდით ქალური ზრუნვის მორალის გამოყოფის საჭიროებაზე მიუთითა. გოლიგანი კოლბერგს საყვედურობდა, რომ ის ცდებისათვის მხოლოდ მამაკაცებს იყენებდა. კოლბერგის აზრით, მორალური განვითარების უმაღლეს დონეს მხოლოდ ადამიანთა 5 % აღწევს.

 ნიცშეს და ფროიდის შემდეგ თითქოს შეირყა სინდისის პოზიციები, ვინაიდან მან დაკარგა ის აბსოლუტურობა და სიმაღლე, რასაც ჯერ კიდევ ინარჩუნებდა XIX საუკუნის მეორე ნახევრამდე. ეს, რასაკვირველია, მათი ბრალი არ იყო. სინდისის ასეთი გაგება ეპოქამ მოიტანა და ისინიც ეპოქის შვილები იყვნენ. თუმცა, მეორე მხრივ, მათაც დიდი გავლენა მოახდინეს საკუთარი შეხედულებებით თავიანთ და მომდევნო ეპოქებზე. საკუთარ სინდისზე აპელირებამ უკვე დაკარგა ის უტყუარობა და დამაჯერებლობა, როგორიც მას პავლესთან, ლუთერთან, ან თუნდაც ფიხტესთან ჰქონდა. სინდისის მოწმედ მოხმობა თვითნებური გახდა და მეტად აღარ იყო ადამიანის შინაგანი ბირთვის გამოხატულება, რომელიც მხოლოდ სხვა ადამიანებისა და სამყაროს წინაშე პასუხისმგებლობას ემყარება. მე–19 საუკუნემ მრავლად მოგვცა მაგალითი იმისა, თუ როგორ უხმობდნენ მოწმედ სინდისს მკვლელები და მათი მსხვერპლი, თავისუფლების მტრები და მისი მედროშეები; სინდისი მორჩილების მიზეზიც ყოფილა და დაუმორჩილებლობისაც; სინდისს იშველიებდნენ მოწმედ მხდალებიც და მამაცებიც, მორჩილი მასებიც და პიროვნებებიც, სამშობლოს დამცველი ჯარისკაცებიც და დამპყრობლებიც; სინდისს ფარად იყენებდნენ ბოროტმოქმედები, წინააღმდეგობის მოძრაობის მებრძოლები და თავისუფლების გმირები; სინდისს უხმობდნენ და უხმობენ თანამედროვე ტოტალიტარიზმის ტირანებიც და დისიდენტებიც; მილიონობით ადამიანს უსწრაფებდნენ სიცოცხლეს და თავისუფლებას ფეხქვეშ თელავდნენ გენერლები და დიქტატორები და ამას კარგად ათავსებდნენ თავიანთ სინდისთან. გაჩნდნენ სინდისის მიზეზით სამხედრო სამსახურის, თუ ომში მონაწილეობის უარმყოფელნი, სინდისის პატიმრები და სინდისის გამო წამებულნი; თითქოს, გლობალისტებიც მართლები არიან თავიანთი სინდისის წინაშე და ანტიგლობალისტებიც. თანამედროვე ინდივიდუალისტურ ეპოქაში სინდისს ყველა თვითნებურად იყენებს. მან თითქოს საბოლოოდ დაკარგა პირვანდელი ობიექტურობა.

 ლუთერისთვის წარმოუდგენელი იყო ადამიანი სინდისის გარეშე. მისთვის სინდისის დაკარგვა ადამიანობის დაკარგვას უდრიდა. თანამედროვე ადამიანი კარგად იცნობს სინდისის გაჩუმების და სინდისის ჩახშობის უამრავ ფაქტს. ეს მისი ყოველდღიური გამოცდილებაა. ამიტომ ადამიანის და ადამიანობის სინდისის საზომით განსჯა სრულიად უცხო გახდა დღევანდელობისთვის. დღეს სინდისი, ერთი მხრივ, უფრო და უფრო კარგავს მნიშვნელობას, მეორე მხრივ კი სწორედ დღეს, როდესაც მთლიანად ადამიანზე და მის გადაწყვეტილებებზე ხდება დამოკიდებული ცივილიზაციის ბედი, ის სულ უფრო მეტად საჭირო ხდება. მხოლოდ მას შეუძლია მოიქცეს უპასუხისმგებლოდ, ვისაც პასუხისმგებლობა აკისრია ( შდრ. იონასი 1980:176). კანტის ცნობილი შეგონება – შენ ძალგიძს, რამეთუ შენ გმართებს – იონასმა შეაბრუნა თანამედროვე და მომავალი ეპოქებისათვის: შენ გმართებს, რამეთუ შენ იქმ, რამეთუ შენ ძალგიძს, ანუ შენი უდიდესი უნარი უკვე მოქმედებს“. აქ უნარის მოქმედების ქვეშ იონასი გულისხმობს სამყაროში ჩვენი მოქმედების შედეგებს, რომლებიც ჩვენი პასუხისმგებლობის აუცილებლობას განაპირობებენ. როდესაც ამ შედეგებით კითხვის ნიშნის ქვეშ დგება საერთოდ ყოფიერების შესაძლებლობა, ყველაფერი უკან იხევს, წინ პასუხისმგებლობა მოდის და უპირველეს ამოცანადაც იქცევა. იონასი არ გამორიცხავს, რომ მომავალში, შესაძლოა, კვლავ პლატონის გზა აირჩიოს კაცობრიობამ და პასუხგაუცემელი რჩება შეკითხვა: პლატონის გზა უფრო მეტად ხომ არ შეესაბამება ყოფიერების ჭეშმარიტებას, ვიდრე ჩვენი? “ ( იქვე, 230–231).

 სინდისზე საუბარი მხოლოდ მაშინაა გამართლებული, თუ ადამიანს პასუხისმგებლობის მატარებელ არსებად ვიაზრებთ, ანუ თუ ვაღიარებთ მის თავისუფლებას - მიიღოს ზნეობრივი გადაწყვეტილებები. თავისუფლების და პასუხისმგებლობის გარეშე ძნელია სინდისზე საუბარი. ასე გაგებული სინდისი თავისუფალი პიროვნების განუყოფელი ატრიბუტი, მისი უმნიშვნელოვანესი საყრდენია. თუ ადამიანს პასუხისმგებლობას და თავისუფლებას ჩამოვაცილებთ და მხოლოდ ბიოლოგიურად, ფსიქიკურად, ან სოციალურად დეტერმინირებულ და მანიპულირებად არსებად წარმოვადგენთ, მაშინ სინდისი დიდი ილუზია იქნება და მასზე საუბარი – მხოლოდ ფარისევლობა, როგორც ეს ნიცშეს მიაჩნდა. სწორედ ამას გულისხმობს გერმანელი ფილოსოფოსი გეორგ ფიხტი როდესაც ამბობს: „ ადამიანს სინდისი აქვს არა როგორც ბუნებრივი ნიჭი, არამედ როგორც ღვთის წყალობა და თუ ის ამ წყალობას ზურგს შეაქცევს, მაშინ გონებით დაჯილდოებული არსებიდან მივიღებთ თანამედროვე ანთროპოლოგიის ინტელექტუალურ ცხოველს; მისი სინდისი გადაიქცევა ეგოისტური ინტერესების იმ ნიღბად, რომელსაც, უსასრულო თვით ილუზიის შემდეგ, ფსიქოანალიზის და სოციოლოგიის წყალობით, ბოლოსდაბოლოს გავშიფრავთ; და მაშინ ჩვენი თავისუფლება გადაიქცევა ჩვენი განმსაზღვრელი საზოგადოებრივი სტრუქტურების უბრალო რეფლექსად“ (ფიხტი 1969:168).

 ლუთერისთვის სინდისის თავისუფლება რელიგიურ გრძნობასთან იყო დაკავშირებული. როდესაც დღეს სინდისის თავისუფლებაზე ლაპარაკობენ, გულისხმობენ დამოუკიდებელი ინდივიდუუმის თავისუფლებას, რომელიც ყოველგვარ კონფესიურ კუთვნილებაზე მაღლა დგას და რომელიც დემოკრატიული საზოგადოების საფუძველია. თავდაპირველად რეფორმაციის წიაღში გაჩენილმა და რელიგიური შინაარსით დატვირთულმა სინდისის თავისუფლების ცნებამ დიდი ხანია დაკარგა ეს რელიგიური შინაარსი. სინდისის თავისუფლება გადაიქცა სამართლებრივ და პოლიტიკურ ტერმინად და ადამიანის საყოველთაო უფლებად. ამიტომაც არ არის შემთხვევითი, რომ მე–20 საუკუნის უმნიშვნელოვანესი სამართლებრივ დოკუმენტში, ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციაში, როგორც ვნახეთ, სამჯერაა ნახსენები სიტყვა სინდისი. რელიგიური კუთვნილებისგან დამოუკიდებელი სინდისის თავისუფლებას ემყარება ყოველი ადამიანის უფლება –საჯაროდ დაიცვას თავისი აზრები და შეხედულებები.


წინამდებარე თავში შევეცადე, წარმომედგინა ყველა ის ძირითადი შეხედულება, რომელიც კაცობრიობის განვითარებაში დაფიქსირებულა ანტიკურობიდან დღემდე სინდისის ცნების განმარტების თვალსაზრისით. როგორც ჩვენი მიმოხილვიდან ჩანს, რამდენჯერმე შეიცვალა მისადმი დამოკიდებულება ღვთიურიდან – ყოფითამდე, კეთილ საქმეთა დამკვირვებლიდან – ბოროტ საქმეთა დამკვირვებლამდე, აღზრდის პროდუქტიდან – ყეყეჩის მოგონილამდე, მფარველი სულიდან - მტანჯველ მეხსიერებამდე, სირცხვილიდან – ღვთის წყალობამდე და ა. შ.

 ამავე თავში მოკლედაა მიმოხილული თანამედროვე ფსიქოლოგიაში მიმდინარე კვლევები, რომლებიც ცდილობენ ემპირიულად შეისწავლონ მორალური მსჯელობისა და მორალური ქცევის განვითარების საფეხურები ადამიანში. აღნიშნული თეორიების საფუძველზე მომდევნო თავებში ვცდილობ, ლიტერატურული ჟანრების მიხედვით შევისწავლო სინდისის ფენომენის დამუშავების ხარისხი ძველბერძნულ მწერლობაში. ხოლო პირველ თავში მეცნიერულ მოსაზრებათა ანალიზის საფუძველზე გამოკვეთილი თეორიული კვლევის ეს ზოგადი სურათი საშუალებას მომცემს, თვალსაჩინო გავხადო სინდისის ფენომენის ინტერპრეტაციის კანონზომიერებანი სხვადასხვა ჟანრებში. ვფიქრობთ, ამით თავიდან ავიცილებთ შემდგომში, ყველა ცალკეულ შემთხვევაში, თეორიული საფუძვლის კვლევისა და ანალიზის აუცილებლობას


სინდისის ცნების განმარტებისათვის. Iთავი.


 შორენა ბარბაქაძე 
 სინდისის ფენომენი ძველბერძნულ ლიტერატურაში 



სინდისის ცნების განმარტებისათვის.I ნაწილი

Conscientia mille testes  (Quintilianus, Inst.orat.,7,3,4).
 სინდისი ათასი მოწმეა (კვინტ.,მჭევრ.სწავლ. 7,3,4).

ადრეულ ეპოქებში ადამიანებს ნაკლებად ჰქონდათ საშუალება, მონაწილეობა მიეღოთსაზოგადოებრივ პროცესებში. ყველაფერი იმართებოდა ზემოდან (ღმერთთასამყაროდან) და ღვთაებრივი წესრიგის გამოხატულებად ითვლებოდა.თანდათანობით სულ უფრო მეტ ადამიანს უჩნდებოდა მმართველობის პროცესში ჩართვის სურვილი. მალე ინდივიდუალიზაციის პროცესი ისეთ უკიდურესობამდე მივიდა, რომ გაჩნდა გარკვეული ხიფათები კაცობრიობის განვითარებაში. გაჩნდა ამ ხიფათების მარეგულირებელი სინდისის ცნებაც. ეს მოხდებოდა გაცილებით უფრო ადრე, ვიდრე სინდისის ცნება წერილობით (დოკუმენტურსა თუ მხატვრულ) ძეგლებში დაფიქსირდებოდა. მისი ჩამოყალიბება ხანგრძლივი პროცესი იქნებოდა, რადგან, სავარაუდოდ, თავდაპირველად, სინდისს, სირცხვილს, სამართლიანობას და კიდევ ბევრ მორალურ ცნებას ერთი სიტყვით გამოხატავდნენ, მაგრამ თავად ეს ერთი სიტყვა ხშირად იცვლებოდა. მაგალითად, სინდისის ცნების გაჩენამდე ძველი კულტურები სიტყვა „გულს“ იყენებდნენ იქ, სადაც სიტყვა „სინდისის“ ადგილი იყო – გული კაცს საყვედურობს და ბრალს დებს, მაგალითად, ეგვიპტურ ტექსტებში.

 ძველ აღთქმაში ხშირადაა საუბარი შინაგან გაორებაზე ადამიანის გულში, გულის წუხილსა და მღელვარებაზე. უფრო ადრეულ ქართულ თარგმანში გვხვდება გულის ქენჯნა , ხოლო შედარებით გვიანდელში – სინდისმა ჩაანაცვლა იგი. თუმცა ძველ აღთქმაში არც გულია ადამიანის მსაჯული და არც სინდისი; ეს ღმერთია, რომელიც ადამიანის გულს ესაუბრება. რა თქმა უნდა, უკვე უძველეს დროში იქნებოდა დანაშაულის, ცოდვის და სხვა ვნებების გამომხატველი სიტყვებიც, მაგრამ მათი არსი გარედან იყო განსაზღვრული და არა შიგნიდან. მაგალითად, ადამიანს აფრთხილებდნენ, იცავდნენ, სჯიდნენ ღმერთები. დანაშაულის ჩადენისას ღვთაებრივი არსებები იძიებდნენ მასზე შურს. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ადამიანი მაშინ ჯერ კიდევ არ იყო შინაგანად თავისუფალი და მისი აზრით, ყველაფერი ზემოდან, ღმერთიდან მოდიოდა.

 გეომეტრიული რენესანსის ეპოქის ბერძენისათვის უცხო იყო პიროვნული სინდისის იმდაგვარი განცდა, როგორც ეს თანამედროვე ადამიანისთვისაა დამახასიათებელი. ის საზოგადოებრივი მორალით ხელმძღვანელობდა, რისი წარმოდგენაც თანამედროვე ადამიანისათვის საკმაოდ ძნელია.

 სინდისის ცნობიერება და სინდისის ცნება ისტორიულად გაჩნდა იქ და მაშინ, სადაც და როდესაც კაცობრიობის ცნობიერება ამისთვის მომწიფებული იყო. ეს ისტორიული მომენტი შემოგვინახა ბერძნულმა მწერლობამ (დაწვრ. იხ. მომდევნო თავებში).

 სინდისის რთულ ფენომენს სხვადასხვაგვარად ეძახიან და წარმოადგენენ. მას ავტორები მოიხსენიებენ ხან „ღვთაების ხმად ჩემში”, ხან „ღმერთის ინტერპრეტატორად”, ხან „შინაგანი მსაჯულად”, ან „უმაღლესი მსაჯულად”, ან კიდევ „ჩემში არსებულ ღვთიური ნების ორგანოდ”. საინტერესოა, რომ ყველა ამ დახასიათებაში კარგადაა მინიშნებული სინდისის ერთი არსებითი რამ – ის, როგორც წესი, ყოველთვის ჩემშია, მაგრამ, მიუხედავად ამისა, სწორედ ის სჯის ჩემს საქციელს რაღაც ისეთი კრიტერიუმებით, რომლებიც აღარ არის მხოლოდ ჩემი. სინდისი ჩემი ზე-მეა, რომელიც ქცევის სწორ გზას მაჩვენებს, იწონებს, ან გმობს ჩემს საქციელს, ამ გმობისას კი სინდისის ქენჯნით მსჯის. სინდისი, ერთის მხრივ, შინაგანი სამსჯავროა, მეორეს მხრივ კი, ბიძგს აძლევს თვითშემეცნებას და ცოდვათა აღიარებას (ჰიბელი 1953:37).

 სიტყვა სინდისი, რაც უნდა გასაკვირი იყოს, არ გვხვდება პლატონთან, თუმცა მისი დიალოგების მთავარი ფიგურა ეპოქის „მოარულ სინდისად“ წოდებული სოკრატესი იყო ( შდრ. ვილემოვიც–მოლენდორფი 1948:77). ამ დროისთვის ბერძნულენაში აუცილებლად იქნებოდა მისი გამომხატველი რაიმე ტერმინი, რადგან მიღებული იყო ისეთი გამოთქმები, როგორიცაა: „მე ეს ვიცი ჩემთან “ ანუ „ მე ამას ვაცნობიერებ ჩემში“, რომელსაც ბერძნები მაშინ იყენებდნენ, როდესაც სურდათ გამოეხატათ, რომ კარგად აცნობიერებდნენ თავიანთ მნიშვნელობას, ან სისუსტეს,შეცდომას, ან სირცხვილს და ა. შ. ( იქვე, 124). სოკრატესის დაიმონიონი ძალიან ჰგავს სინდისის ხმას, მაგრამ არ უნდა იყოს მთლად მისი იდენტური. ამაზე მიუთითებს სიტყვის ეტიმოლოგიაც, რომელიც დაკავშირებული უნდა იყოს სიტყვასთან ევდემონია (ბერძნ. ნეტარება, ბედნიერება). მისი გამაფრთხილებელი ხმა ესმის სოკრატესს მხოლოდ მაშინ, როდესაც მან, შესაძლოა, დაკარგოს ეს ევდემონია. ამასთან, დაიმონიონი გმირს ეუბნება არა იმას, რა უნდა გააკეთოს, არამედ იმას, რა არ უნდა გააკეთოს.

 სიტყვას synesis არისტოტელე იყენებს „ნიკომაქეს ეთიკაში“ დიანოეტიკური სათნოებების დახასიათებისას და მას ათავსებს სიბრძნესა (Sophia) და განსჯას (phronesis) შორის. synesis მხოლოდ სჯის, მაშინ როდესაც phronesis გვიბრძანებს, თუ რა უნდა გავაკეთოთ და რა – არა (არისტ. ნიკომ. ეთიკ., 6,1143a). საინტერესოა, რომ არისტოტელე “ნიკომაქეს ეთიკაში” ასევე იყენებს სიტყვას სინანული (VII,1150a 22, 1150b 49), რომელიც სინდისის ქენჯნის აუცილებელი თანმხლები განცდაა.

სიტყვა syneidesis გამოიყენეს ასევე დემოსთენემ, მენანდრემ, მოგვიანებით ფილონ ალექსანდრიელმა, აპოლონიუს ტიანელმა და ის ამავე ფორმით გვხვდება პავლეს ეპისტოლეებშიც. აღსანიშნავია, რომ სიტყვა synesis-syneidesis იონიური წარმოშობისაა. ეს არც არის გასაკვირი, ვინაიდან სწორედ იონიელთა ტომმა მისცა დასაბამი ანტიკურ დრამას და ფილოსოფიას – დასავლური კულტურის და ცნობიერების ამ ორ უმნიშვნელოვანეს წყაროსა და საფუძველს. როგორც გვიანმა ელინისტურმა სიტყვამ, მან რომაულ სამყაროშიც შეაღწია და გადაიქცა ლათინურconscientia–დ. იგი ამ ფორმით გვხვდება ციცერონთან, სალუსტიუსთან, სენეკასთან და ვერგილიუსთან. ლათინურიდანი conscientia მოგვიანებით გადავიდა სხვა ევროპულ ენებში. ბერძნული თავსართი συν (ლათ. con ) ნიშნავს „ვინმესთან, რამესთან ერთად“.სიტყვაში conscientia ეს თავსართი მიანიშნებს მაღალ არსებაზე ადამიანში, რომელმაც „მასთან ერთად იცის“.

 არც ძველ ებრაულს და არც არამეულს არ ჰქონდათ სინდისის აღმნიშვნელი სიტყვა. ფრიდრიხ ცუკერის მიხედვით, „როგორც ელინისტური ცნება – არა მარტო როგორც ელინისტური სიტყვა – შედის syneidesis გვიან ელინისტური ეპოქის ებრაულ და ახალი აღთქმის რელიგიებში“ (ცუკერი1928). სეპტუაგინტა მას ძალზე იშვიათად იყენებს, ახალ აღთქმაში მას არ იცნობენ არც სახარებები და არც აპოკალიფსი;მოციქულთა საქმეში და არა პავლესეულ ეპისტოლეებში ის უფრო მოარული ელინისტური ფორმით გამოიყენება, მაშინ როდესაც პავლე syneidesis –ს რელიგიურ სიღრმეს ანიჭებს, თუმცა მას არ განიხილავს მხოლოდ ქრისტიანთა კუთვნილებად“ (ცუკერი 1928:9–17). ასე რომ, ახალი აღთქმის ავტორებიდან უპირველესად პავლე იყენებს სიტყვას „სინდისი“.

 ფრიდრიხ ჰიბელის აზრით, ეს განპირობებული უნდა ყოფილიყო იმით, რომ პავლეს ელინისტური განათლება ჰქონდა მიღებული და მან ეს ცნება მაშინ საყოველთაოდ გავრცელებული გვიან ელინისტური ბერძნული ენიდან (კოინე) და ბერძნული ლიტერატურიდან აიღო, თუმცა, მისივე აზრით, ამ ფაქტს უფრო ღრმა, შინაგანი მიზეზიც უნდა ჰქონოდა, რაზეც ქვემოთ გვექნება საუბარი. ციცერონი სინდისს (conscientia) ფურიებთან (ანუ ერინიებთან) აიგივებდა (კანონების შესახებ). გვიანდელ ანტიკურობაში სინდისი ესმოდათ, როგორც ღმერთის ხმა ადამიანში, ან როგორც ღმერთის ინტერპრეტატორი და მას, ძირითადად, საბრალდებო ფუნქციას მიაწერდნენ (ჰონეკერი2002:129).

 გვიანდელ სტოაში სინდისი გაგებული იყო, როგორც ერთგვარი გუშაგი ადამიანში, რომელიც მას ზნეობრივი და ინტელექტუალური საქმეებისკენ უბიძგებს. ის იყო ღმერთი ადამიანში. სენეკა 28–ე წერილში ლუცილიუსისადმი ასე მიანიშნებს სინდისზე: „ რამდენადაც შეძლებ, დაუსაბუთე საკუთარ თავს, დაკითხე ის, ჯერ გახდი ბრალმდებელი, შემდეგ მსაჯული, ბოლოს კი დამცველი. ზოგჯერ შეაწუხე საკუთარი თავი“. 41–ე წერილშიც სინდისია ნაგულისხმევი: „ არც ხელების ცად აპყრობაა საჭირო და არც ტაძრის გუშაგისთვის ხვეწნა, რომ მიგვიშვას ღმერთებთან სასაუბროდ, რათა მათ უკეთ მოგვისმინონ. ღმერთი შენს ახლოსაა, ის შენთანაა, ის შენშია. ასე გეტყვი ლუცილიუს: წმინდა სული მკვიდრობს ჩვენში (sacer intra nos spiritus sedet), ჩვენს კეთილ და ბოროტ საქმეთა დამკვირვებელი და გუშაგი. პავლეს მსგავსად, სენეკაც განასხვავებს წმინდა, კეთილ სინდისსა და არაწმინდა, ბოროტ სინდისს (სენეკ.წერ.ლუც.43.5).

 ეპიქტეტოსი, როგორც მას ნიცშე უწოდებს, „ანტიკური ზნეობის ერთ–ერთი უდიდესი საოცრება“, შემდეგნაირად აღწერს სინდისს: „ ზევსმა ყოველ ადამიანს მიუჩინა გუშაგი (έπίτροπον), კერძოდ, მფარველი სული (δαίμονα ) და მას დააკისრა თვალმოუხუჭავად დააკვირდეს ადამიანს და არ მოატყუებინოს თავი ... ასე რომ, კარიც რომ დაახშოთ და შიგნითაც ჩააბნელოთ, ნუ იფიქრებთ და იტყვით, რომ მარტონი ხართ. თქვენ მარტონი არ ხართ, არამედ ღმერთია შიგნით და თქვენი მფარველი სული“ (ეპიქტ.დის.,I,14).

ფილონ ალექსანდრიელი (ძვ.წ.13–ახ.წ.54), ებრაული ელინიზმის თვალსაჩინო წარმომადგენელი, იყო პირველი ფილოსოფოსი, ვინც გააერთიანა სინდისის ძველი აღთქმისეული და ელინისტური გაგება. მისთვის სინდისი, ერთი მხრივ, შინაგანი სამსჯავროა (როგორც მოგვიანებით კანტისთვის), მეორე მხრივ კი, იგი ბიძგს აძლევს თვითშემეცნებას და ცოდვათა აღიარებას. ფილონისთვის სინდისის ამოცანა ღმერთის ინტერპრეტირება და ადამიანის გაფრთხილებაა ( ფილ.ალექს. დეკ.86–87; ასევე შდრ. ჰონეკერი2002:129).

 სიტყვა სინდისი ახალ აღთქმაში დაახლოებით 31–ჯერაა ნახსენები (სხვადასხვა ბერძნულ ხელნაწერებში). ის ყველაზე ხშირად პავლეს ეპისტოლეებში გვხვდება. პეტრეს პირველ ეპისტოლეში სიტყვა სინდისი სამჯერაა ნახსენები (2,19; 3,16 და 21). მოციქულთა საქმეში, რომელიც პავლეს მოწაფის – ლუკა მახარებლის დაწერილია, სინდისი ორჯერ გვხვდება და ორივეჯერ თავად პავლეს პირითაა თქმული (საქმე მოციქულთა 23, 1 და 24, 16). ჰიბელის აზრით, პეტრე მოციქულის მიერ სიტყვა სინდისის ხსენება პავლესთან მისი თანამშრომლობის ანარეკლი უნდა იყოს. ამას გარდა, იოანეს სახარების ზოგიერთ ბერძნულ ხელნაწერში ერთ ადგილასაა ეს სიტყვა ნახსენები(8,9).

 პავლე სინდისს (συνείδησις) ახსენებს შემდეგ ეპისტოლეებში: რომაელთა – ძმაო, მთელი ძალ–ღონით ეცადე, წმინდად დაიცვა სინდისი აზრითაც, სიტყვითაც და საქმითაც, დაე, მუდამ უმწიკვლო იყოს იგი და არასოდეს გამხელდეს და გქეჯნიდეს. თუ ასე მოიქცევი, სინდისი, როგორც შინაგან, ასევე გარეგნულ ქმედებებში გაძლიერდება, ყველაფრის ბატონ–პატრონად იქცევა და შენს ცხოვრებას კეთილად წარმართავს. სუფთა სინდისი კი შენს ცხოვრებასაც უმწიკვლობას შესძენს. სინდისი ადამიანებში ღვთის მიერ აღბეჭდილი კანონია, მათი გზის ჯეროვნად წარსამართად და მანათობლად (რომ. 2.15). სინდისი უმწიკვლოდ დაიცავი ოთხი მიმართულებით: ღმერთთან, საკუთარ თავთან, მოყვასთან და შენს ხელთ არსებულ ნებისმიერ საგანთან ურთიერთობაში. შენ ეს ყველაფერი ხელგეწიფება. შეგახსენებ უმთავრესს: ღმერთთან ურთიერთობისას გახსოვდეს ღმერთი და მისი თანდასწრებით იარებოდე. გაიცნობიერე, რომ ღვთის ძალი გიცავს, გატარებს და იმ დასასრულისკენ მიჰყავხარ, რისთვისაც ყოფიერება მოგანიჭა. თავი და ყოველივე საკუთარი ღვთისმსახურებას და მისი სახელის დიდებას მიუძღვენი. მასში იცხოვრე, მას მიენდე და მიანდე შენი ხვედრი - დროებითიც და მარადიულიც.

 საკუთარ თავთან ურთიერთობისას - სამართლიანი იყავი და შენი ბუნების ყოველ ნაწილს კუთვნილი მიაგე. სულმა, რომელიც ზეციურ და მარადიულ ღმერთს ეძიებს, დაე, იმეფოს სამშვინველსა და სხეულზე, რომელთა დანიშნულებაც დროებითი ცხოვრების უზრუნველყოფაა. საშვინველი სულის შეგონებებსა და გონებას დაემორჩილოს; თაყვანი სცეს ღვთაებრივ ჭეშმარიტებას და მისით გაინათოს თავისი სამყარო - ნება ღვთის მცნებებს დაუქვემდებაროს და საკუთარი ვნებებისკენ გადახრის უფლება არ მისცეს; გული განსწავლოს, რათა მან მხოლოდ ღვთაებრივი საგნები დაიგემოვნოს, ისინი აღიბეჭდოს და მათს გამოხატვას ემსახუროს. ასე წარმართოს ყოფითი და საზოგადოებრივი საქმეები. სხეულსაც საჭიროებისამებრ მიაგე და ზომიერების დაცვა მკაცრად აიძულე. გახსოვდეს, ხორცისთვის ზრუნვას ნუ აქცევ ავხორცობად.თუ ასე მოიქცევი, საკუთარ თავს კეთილად მართავ და მისი ჭეშმარიტი სათნომყოფელი იქნები(რომ. 13,14); მოყვასთან ურთიერთობისას - ყველა ღვთის ხატებად მიიღე, სიკეთე უსურვე და შეძლებისამებრ კეთილი უყავი. ყველას წინაშე დამდაბლდი, მხიარულთან იმხიარულე და მწუხარესთან დამწუხრდი. ნურავის განიკითხავ და დაამცირებ, ნურც ფიქრით, ნურც გრძნობით. ვინც რჩევას და დამოძღვრას გთხოვს, ნუ დაუფარავ ჭეშმარიტებას, რაც იცი, მაგრამ ძალად მასწავლებელი ნუ იქნები. ყველასთან სიმშვიდე და თანხმობა დაიცავი. მზად იყავი, ნებისმიერი მსხვერპლის გასაღებად და ყოველნაირად ერიდე ვინმეს ცდუნებას. ებრაელთა – საგნების მიმართ - პატივით მოეპყარი ყველაფერს, როგორც ღვთის შექმნილს, რომელთაც უფალი გაძლევს. გაუფრთხილდი და ღვთის სადიდებლად გამოიყენე, დაკმაყოფილდი მათით და ჰმადლობდე უზენაესს. ნურაფერს მიეჯაჭვები, ყველაფერი მიიღე, როგორც გარეგნული ხერხი და საშუალება, რათა თავისუფლად განაგო ისინი და კეთილი წამოწყებისას არ დაბრკოლდე. ნუ განისვენებ მათით. საკუთარი ნივთებით თავს ნუ მოიწონებ, სხვისა კი ნუ შეგშურდება. ნუ იძუნწებ და მფლანგველი ნუ იქნები. ამ ყველაფრის შესრულება თითქმის ყოველ ნაბიჯზე უწევს ნებისმიერს, ოღონდ სხვადასხვაგვარად. თუ სიკეთით იცხოვრებ, წმიდა პავლე მოციქულივით სინდისიც წრფელი გექნება (ებრ.13,18). ამის შესახებ კიდევ რამდენიმე რჩევას მოგცემ. რაც შეიძლება მკაცრად გაარჩიე საკუთარი საქმეები. ჩაუღრმავდი მათ მიმდინარეობას და შემდეგ შეუბრალებლად განსაჯე საკუთარი თავი. რაც უფრო ღრმად ჩაწვდები შენში არსებულს, შენიდან მომდინარეს, მოიკვეთ არასწორს და სიმართლეში განმტკიც-დები, მით უფრო სწრაფად განიწმინდება სინდისი. ჭა რაც ღრმაა, მით წმინდა წყალი დგას მასში. როდესაც სინდისი ჭეშმარიტსა და მცდარს შეიცნობს, მოინდომებს, მუდმივად პირველის თანახმად იმოქმედო, მეორეს შემთხვევაში კი დაგქეჯნის და გაგასამართლებს. მაგრამ ვიდრე ასეთი უნარის მფლობელი გახდება, ანუ ვიდრე მოიხვეჭს ჩვევას, რათა კეთილისა და ბოროტის გარჩევა შესძლოს და ამით საკუთარ თვალთახედვას შეიძენს, მანამდე სინდისი სხვა სულიერ ძალებზე, განსაკუთრებით კი, განსჯაზეა დამოკიდებული. განსჯა კი, ვიდრე გული ვნებებისგან განიწმინდება, ხშირად მოისყიდება ხოლმე ამ უკანასკნელთა მიერ და უამრავი ბოდიშით ცდილობს ფონს გასვლას. ეს სინდისს აბნელებს და აბნევს, რის შედეგადაც ის ხანდახან შავს თეთრად მიიჩნევს. ამიტომ ვიდრე ჯერ ისევ ვნებებს ებრძვი, საკუთარი თავის გამოძიებისას შენი საქმენი ღვთის სიტყვის წინაშე განიხილე და მათი ხარისხისა და ღირსების დასადგენად მისით იხელმძღვანელე. ამასთანა-ვე ნუ დაიზარებ, ნურც დაირცხვენ და სულიერ მოძღვარს მიმართე (ებრ.5,14). სათნო ცხოვრებისა და ცხონების მოშურნენი ასედაც იქცევიან. ყოველნაირად ცდილობენ, არ შესცოდონ და სინდისი არ დაიმძიმონ. მიუხედავად ამისა, ხანდახან მაინც შემოგვეპარება არასწორი ფიქრი, გრძნობა, სიტყვა თუ ქმედება და შესამჩნევად თუ შეუმჩნევლად აბინძურებს სინდისს. ისე რომ, დღის ბოლოს სინდისი შარაზე მიმავალ მგზავრს ემსგავსება, მტვრით რომ ევსება თვალები, ცხვირი, პირი, თმა და მთელი სახე მტვრით ეფარება. ამიტომ ცხონების მოსურნემ საღამოს საკუთარი სინდისი უნდა გამოიძიოს და გაარკვიოს, შესცოდა თუ არა აზრით, სიტყვით ან საქმით და, მონანიებით განიწმინდოს. ანუ ისევე მოიქცეს, როგორც მტვრიანი მოგზაური, რომელიც იბანს. მოშურნე კი სინანულით, გულშემუსვრილებითა და ცრემლებით განიწმინდება.

 ყველაფერი უნდა გამოვიძიოთ: კეთილიც და ბოროტიც, მართალიც და ტყუილიც. დაუკვირდი მას, რაც არსით ჭეშმარიტია, რამდენად ჭეშმარიტია განზრახვისა და გულისწადილის მიხედვით, სწორია თუ არა აღსრულებისას. კარგად განიხილე, თავის გამოსაჩენად, კაცთმოთნეობის, ან თავისმოყვარების გამო ხომ არ ჩაგიდენია. იყო კი ამის საჭიროება, ან ხომ არ იოცნებე და იტრაბახე, ღვთისთვის დიდების აღვლენა კი დაგავიწყდა. მართალი საქმე ჭეშარიტად მართალია, თუ ის ღვთის ნებისადმი მორჩილებით და უფლის სადიდებლად კეთდება - სრულითავგანწირვითა და თავდავიწყებით. როდესაც არასწორ რაიმეს აღმოაჩენ, ამის გამომწვევი შინაგანი თუ გარეგანი მიზეზები განიხილე. გაიაზრე, როგორ სჯობდა მოქცეულიყავი, რათა არ შეგეცოდა და რატომ არ მოიქეცი ასე. შემდეგ კი საკუთარი თავის გარდა სხვა არავინ და არაფერი განსაჯო. გონივრულად განსაზღვრე, როგორ უნდა მოიქცე მომავალში, რათა ასეთ, ან მსგავს ვითარებაში აღარ შესცოდო. საკუთარ თავს დაუკანონე ეს და თვითშეღავათისა და კაცთმოთნეობის გარეშე იმოქმედე, რომ შენი გულის წიაღი უწმინდურებით არ გაანოყიერო.

 კორინთელთა – როდესაც გამოძიებას დაასრულებ, მადლობა შესწირე ღმერთს წესიერი საქმისთვის და ნურაფერს მიითვისებ. ჭეშმარიტად ღმერთია, რომელიც შეიქმს თქვენში ნდომასაც და ქმედებასაც (კორ. 2,13). მის გარეშე არ შეგვიძლია სიკეთის ქმნა. უფლისადმი მადლობის აღვლენის შემდეგ დაივიწყე, რაც გაგიკეთებია, რათა წმიდა პავლე მოციქულის მსგავსად, დიდი გულმოდგინებით ვესწრაფოდეთ წინას ყოველივე უკეთური მოინანიე ღვთის წინაშე, შეაჩვენე საკუთარი თავი, რომ შენს ტრაპეზზე არასოდეს სწირავ უფალს წმინდა პურს, რომ ყველაფერი ნაგვიანი და ბზიანია. მტკიცედ გადაწყვიტე საკუთარი თავისთვის თვალყურის დევნება მეორე დღეს, რათა რაიმე უკეთური არ შემოგეპაროს, არა მარტო საქმითა და სიტყვით, ფიქრითა და გრძნობითაც.

 ვინც ყოველივეს ყურად იღებს, ანუ გამოიძიებს სინდისს და თავის ქმედებებს, ამას მთელი დღის განმავლობაში აკეთებს. ასე რომ, საღამოს სინდისის გამოძიება მხოლოდ დღისით მოქმედებულის განმეორებით შესწორება და შევსებაა. ასეთი ქმედება საუკეთესო და ბუნებრივია, სინდისისგან უკეთურებას ვერ დაფარავ, თუ რაიმე უჯეროს შეამჩნევს, მაშინვე შეშფოთდება, განა ბუნებრივი არ იქნება, თუ თვითგანსჯით, გულშემუსვრილებითა და გამოსწორების გადაწყვეტილებით მაშინვე დავამშვიდებთ სინდისს. რატომ გადავდოთ ეს საღამომდე? (კორ. 3,13).

 არის კიდევ ადგილები, სადაც ეპისტოლეებში syneidesis-ის მონათესავე სიტყვები გამოიყენება. თუმცა, არის თუ არა ბოლო ოთხი ეპისტოლეს(განსაკუთრებით ებრაელთა ეპისტოლეს) ავტორი თავად პავლე მოციქული, პროტესტანტულ თეოლოგიაში სადავოდ ითვლება, მაგრამ ამას ჩვენი ნაშრომისათვის არსებითი მნიშვნელობა არცა აქვს. ყველა შემთხვევაში ნათელია, რომ ახალ აღთქმაში სწორედ პავლე მოციქულია სინდისის მაცნე. აღსანიშნავია, რომ თავად იესო ქრისტე ამ სიტყვას არც ერთხელ არ ახსენებს სახარებებში.

 სინდისის პავლესეული ცნების გაგებისთვის საკვანძოა რომაელთა ეპისტოლეს მე–2, 14–16, სადაც პავლე სინდისს ახსენებს იქ, სადაც მას სურს მიუთითოს იმაზე, რომ ადამიანმა საკუთარ თავში უნდა ჰპოვოს ქრისტე. აქვე ის ერთმანეთს ადარებს დასავლელ (ბერძენ და რომაელ) და აღმოსავლელ (ებრაელ) ადამიანებს: „ ვინაიდან, როცა წარმართნი, რომელთაც რჯული არ გააჩნიათ, ბუნებით რჯულისმიერს აკეთებენ, თუმცა რჯული არა აქვთ, თავიანთი თავის რჯული არიან. ისინი აჩვენებენ, რომ რჯულის საქმე გულებში უწერიათ, რასაც მოწმობს მათი სინდისი და აზრები, ხან ბრალს რომ სდებენ ერთიმეორეს და ხან ამართლებენ – იმ დღეს, როცა ჩემი სახარების მიხედვით ღმერთი განიკითხავს ადამიანთა დაფარულ ფიქრებს იესო ქრისტეთი (ახალი აღთქმა და ფსალმუნები: 330). აქ პავლე ერთმანეთისგან განასხვავებს კანონს, რომელიც ებრაელებს ჰქონდათ და სინდისს, რომელსაც წარმართებს მიაწერს და ამბობს, რომ ისინი თავადვე არიან საკუთარი თავის კანონი და სინდისი.

 პავლე სინდისის სხვადასხვა ასპექტებს უსვამს ხაზს. ის ლაპარაკობს, სუფთა, სრულყოფილ, სუსტ, ბოროტ და ა.შ. სინდისზე, ტიმოთეს მიმართ პირველ ეპისტოლეში (1,5) კი პავლე „კეთილ სინდისზე“ საუბრობს და აღნიშნავს: „ხოლო მცნების მიზანია წმიდა გულით, კეთილი სინდისითა და უპირფერო რწმენით სიყვარული.“ პავლესთვის სინდისი თვითცნობიერების გამოხატულებაა ადამიანის სამშვინველში და ის, მისივე სიტყვებით, იმდროინდელ დასავლეთში – ბერძნებსა და რომაელებში – ჩაისახა, რომელთა შორისაც ქადაგებდა უპირატესად პავლე ქრისტიანობას. თუ აღმოსავლეთში ქრისტესეული ჭეშმარიტებანი ღვთაებრივი გამოცხადების სახით იყო გარედან მიღებული, დასავლეთში ისინი განიცდებოდა ადამიანის სამშვინველში, მის ცნობიერებაში. ჰიბელის აზრით, პავლეს განსხვავება სხვა მოციქულებისა და მახარებლებისგან ის იყო, რომ ამ უკანასკნელთ უფრო აღმოსავლურად ესმოდათ ქრისტიანობა, მაშინ როდესაც პავლე მას დასავლურად განიცდიდა და შიგნით ეძებდა (დაწვრ.იხ.ჰიბელი 1953:240). მისი აზრით, ამიტომაც ახსენებს თითქმის მხოლოდ პავლე და თან ასე ხშირად სიტყვა სინდისს თავის ეპისტოლეებში. პავლეს – წარმართთა მოციქულის (იქვე,22) გაგებით, სინდისის გამოღვიძება იყო დასავლეთში ის საფუძველი, რაც ადამიანებს ქრისტიანობის მისაღებად ამწიფებდა.

რაც შეეხება საკუთრივ ძველ აღთქმას, იგი არ იცნობს სიტყვა სინდისს, თუმცა ის უხვად გვაძლევს შინაგანი ბრძოლისა და მაღალი ზნეობის მაგალითებს. აქ ადამიანის ქცევას ჯერ კიდევ გარეგანი კანონი არეგულირებს. ის მიუთითებს ადამიანს ნაკლოვანებებზე და არასწორ, ღმერთისთვის მიუღებელ საქციელზე. ასეთია, განსაკუთრებით, მოსეს კანონი, რომელიც ათი მცნების გარდა, მოიცავდა დაწვრილებით ნუსხას წესებისა, რომლებიც საზოგადოებრივი და პირადი ცხოვრების უკლებლივ ყველა სფეროს ეხებოდა.

 ნეტარი ავგუსტინე სინდისს განიხილავდა როგორც ადგილს, სადაც ადამიანი ღმერთს ხვდება და მის ხმას ისმენს. იგი ამბობდა: ვინც სინდისს ყურადღებით დააკვირდება, იქ ღმერთს იხილავს.

 ქრისტიანობის დასაწყისსი შემოდის Synderesis ან Synteresis–ის (ბერძნ. „თავისთავში შენახვა“) ცნება (იხ. ნიუ პაული 1998). მას იყენებს ორიგენე, შემდეგ კი წმინდა იერონიმე.

 კანტი, რომელსაც იმდენი აქვს ნაფიქრი და დაწერილი ზნეობასა და სინდისზე, რომ მას ძნელად თუ შეედრება ამ მხრივ სხვა რომელიმე მოაზროვნე, ფილოსოფოსისთვის დამახასიათებელი გაოცებით წერს ცნობილ სიტყვებს „ორი რამ ავსებს სულს (მით უფრო ცინცხალი და მზარდი განცვიფრებით და მოწიწებით, რაც უფრო ხშირად და ხანგრძლივად არის ფიქრი მათკენ მიპყრობილი) – ვარსკვლავიერი ცა ჩემს ზემოთ და მორალური კანონი ჩემში“(კანტი 1870: 101).

 მოგვიანებით, როცა სინდისის გაგება სუბიექტური გახდება, ზოგიერთი მოაზროვნე ვერ მიიღებს მორალური კანონების ამ სიტყვებში ნაგულისხმევ მარადიულობას და მათ ხსენებას საბუნებისმეტყველო კანონების გვერდით.  კანტისთვის და გერმანული იდეალიზმის სხვა წარმომადგენლებისთვის სინდისის ობიექტურობა და მისი ადამიანის უშინაგნეს არსებასთან ერთობა არ წარმოადგენს წინააღმდეგობას.

 ფიხტე აგრძელებს და ავითარებს კანტის მიერ აღებულ გეზს. მისთვის სინდისი არის „მისანი მარადიული სამყაროდან, რომელიც მე მაუწყებს, თუ ჩემი მხრივ როგორ უნდა დავემორჩილო სულიერი სამყაროს წესრიგს, ან უსასრულო ნებას, რომელიც თავადაა ამ სულიერი სამყაროს წესრიგი“. სინდისის ხმა მისი წინამძღოლია ცხოვრებაში: „ჩემი სინდისის ხმა მე მიბრძანებს ყოფიერების ყოველ განსაკუთრებულ ვითარებაში, თუ რა უნდა გავაკეთო სწორედ ამ ვითარებაში და რას უნდა ვერიდო. ის მე თან დამყვება, თუ კარგად მივაყურადებ, ჩემი ცხოვრების ყველა ვითარებაში, არასოდეს ავიწყდება თავისი ჯილდო, როდესაც რაიმე მაქვს გასაკეთებელი. ის უშუალოდ მარწმუნებს და უცილობლად იმკის ჩემს აღფრთოვანებას: მე არ ძალმიძს მასთან კამათი. მისი მიყურადება, მისთვის პატიოსნად და მიუკერძოებლად, შიშის და ტვინის ჭყლეტის გარეშე დაჯერება, ესაა ჩემი ერთადერთი დანიშნულება, ესაა ჩემი არსებობის მთელი მიზანი“ (ფიხტე 1976: 90).

 ფიხტესთან სინდისი კიდევ უფრო მაღალ რანგშია აყვანილი, ვიდრე კანტთან – ის მისთვის ჭეშმარიტების წყაროცაა: „მხოლოდ სინდისის ამ მითითებათა წყალობით იძენენ ჭეშმარიტებას და რეალობას ჩემი წარმოდგენები. მე არ ძალმიძს ყურად არ ვიღო ისინი და არ დავემორჩილო მათ ისე, რომ უარი არ ვთქვა ჩემს დანიშნულებაზე“ (იქვე,91).

 აბსოლუტური მნიშვნელობა, რომელსაც ფიხტე სინდისს ანიჭებს, კიდევ უფრო მკაფიოდ ჩანს შემდეგ გამონათქვამში: „სინდისი არასოდეს ცდება და მას არც ძალუძს შეცდეს; ვინაიდან ის არის ჩვენი პირველქმნილი წმინდა მეს უშუალო ცნობიერება, რომელსაც სხვა ცნობიერება ვერ გასცდება; რომელიც ვერ შემოწმდება და ვერ გამართლდება სხვა რომელიმე ცნობიერებით; რომელიც თავადაა ყველა მრწამსის მსაჯული, მაგრამ თავს ზემოთ არანაირ უმაღლეს მსაჯულს არ ცნობს ... ის წყვეტს ბოლო ინსტანციაში და უაპელაციოა. მოინდომო გასცდე მის ფარგლებს, ნიშნავს მოინდომო გახვიდე საკუთარი თავიდან, მოსწყდე საკუთარ თავს“ (ფიხტე 1978: 226).

 ჰეგელი სინდისს მსოფლიო–ისტორიული ასპექტით განიხილავს, როგორც თანამედროვე თვითცნობიერი სამყაროსთვის დამახასიათებელ თვალსაზრისს, რომელიც ადრეულ ეპოქებს არ გააჩნდათ. მისთვის სინდისი არის უდიდესი შინაგანი სიმარტოვე, საკუთარ თავთან ყოფნა, სადაც ქრება ყოველივე გარეგნული და ყოველგვარი შეზღუდულობა; ეს არის სრული განმარტოება საკუთარ თავში. ადამიანი სინდისით უკვე არ არის შებოჭილი განსაკუთრებული მიზნებით და ამდენად, ადამიანის სინდისი მაღალი თვალსაზრისია თანამედროვე სამყაროსი, რომელმაც პირველად მიაღწია ამ ცნობიერებას, საკუთარ თავში ამ ჩაღრმავებას. წინამორბედ გრძნობად ეპოქებს საქმე ჰქონდათ გარეგნულთან და მოცემულთან, იქნებოდა ეს რელიგია თუ სამართალი. სინდისი კი შეიცნობს საკუთარ თავს, როგორც აზროვნებას და იმას, რომ ეს ჩემი აზროვნება ერთადერთი აუცილებლობაა ჩემთვის“ (ჰეგელი 1990:178).

 ჰეგელისთვის ყოველგვარი სინდისი ვერ გამოდგება ეთიკის საფუძვლად. ის ერთმანეთისგან განასხვავებს სუბიექტურ, ე. წ. ფორმალურ სინდისს, რომელიც მოკლებულია მისთვის აუცილებელ ობიექტურ შინაარსს და რომელიც არ არის შეუცდომელი და ჭეშმარიტ სინდისს, რომელსაც ის განსაზღვრავს, როგორც განწყობილებას – ინებო ის, რაც თავისთავად და თავისთვის სიკეთეა; ამიტომ ის ეფუძნება ურყევ პრინციპებს, რასაც მისთვის წარმოადგენს ობიექტური განსაზღვრებანი და მოვალეობანი (იქვე, 137)“.

 ჭეშმარიტი სინდისის შინაარსი განსაზღვრულია ჭეშმარიტი სიკეთის კანონით. ყველაზე მეტად ჭეშმარიტი სიკეთე, ჰეგელის აზრით, სახელმწიფოს ზნეობრივ მოთხოვნებშია საძიებელი. სინდისი ჰეგელისთვის ყოველ კანონზე და მოვალეობაზე მაღლა დგას.

 ჰეგელისთვის სინდისის თავისუფლება ხელშეუხებელია: „სინდისი, როგორც... ერთობა სუბიექტური ცოდნისა და იმის, რაც თავისთავად და თავისთვის არსებობს, არის წმიდათაწმიდა, რისი ხელყოფაც მკრეხელობაა“ (იქვე,179). 

შელინგისთვისაც სინდისს რელიგიური განზომილება ჰქონდა. უფრო მეტიც, ის მას ღმერთთან დამაკავშირებელ უნარად მიიჩნევდა ადამიანში. ამაზე მიანიშნებს მისი სიტყვები: „სინდისი ერთადერთი ღია წერტილია ცისთვის ჩვენში“.

სინდისის ცნების განმარტებისათვის. Iთავი.


 შორენა ბარბაქაძე 
ინდისის ფენომენი ძველბერძნულ ლიტერატურაში





вторник, 20 марта 2018 г.

ფრთხილად, გინება და ბილწსიტყვაობა გენებს ცვლის!

გინება პრაქტიკულად ყველგან ისმის, ისეთ ადგილებშიც კი, სადაც ეს ყოვლად შეუფერებელია, _ საგანმანათლებლო დაწესებულებებში, ოჯახში, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში.


 ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორმა, სამედიცინო და ტექნიკურ მეცნიერებათა აკადემიკოსმა პ. გორიაევმა ცდების მეშვეობით დაადგინა, რომ ცილის ქრომოსომები ცოცხალი ორგანიზმის ფორმირებისთვის საჭირო მთელ ინფორმაციას ფლობენ.
მრავალრიცხოვანი ექსპერიმენტებით მან დაამტკიცა, რომ ნებისმიერი ცოცხალი არსების გენეტიკური აპარატი ერთნაირად რეაგირებს გარეგან სტიმულატორებზე გენების ცვლილებით. როგორ ხდება ეს? ცნობილია, რომ ადამიანი 75% წყლისგან შედგება.




ადამიანის მიერ წარმოთქმული სიტყვები წყლის სტრუქტურას ცვლის, აწყობს მისი მოლეკულების რთულ ჯაჭვს, რითაც იცვლება მისი თვისებები, და შესაბამისად იცვლება მისი მემკვიდრეობითი კოდიც. უარყოფითი სიტყვების რეგულარული ზემო- ქმედებისას ხდება გენების სახეცვლა, რაც მოქმედებს არა მხოლოდ უშუალოდ ამ ადამიანზე, არამედ მის შთამომავლობაზე. გენების სახეცვლილება აჩქარებს ორგანიზმის დაბერებას, ხელს უწყობს სხვადასხავა დაავადების განვითარებას და ამგვარად ამცირებს სიცოცხლის ხან-გრძლივობას. და პირიქით, პოზიტიური სიტყვების და აზრების ზემოქმედებით ადა-მიანის გენეტიკური კოდი უმჯობესდება, ფერხდება ორგანიზმის დაბერების პროცე-სი  და სიცოცხლის ხანგრძლივობა იმატებს.



სლავებში გინება წყევლის ტოლფასია. მაგალითად, გინების ერთ-ერთი სიტყვა იწყება ასო «е»-ზე, რაც სლავური წარმოშობისაა და ითარგმნება როგორც „წყევლა“. ამგვარად ადამიანი, რომელიც მას წარმოთქვამს, იწყევლის თავის თავსაც და გარშემომყოფთაც. ადამიანი, რომელიც წარმოთქვამს გინების სიტყვებს, ავტომატურად მოუწოდებს ყველაფერ ბინძურს და ავადმყოფურს საკუთარ თავზე, თავის შვილებზე და მთელ თავის მოდგმაზე.




ხშირად, გინების მოყვარული ადამიანი გაოცებას და მწუხარებას გამოთქვამს იმის თაობაზე, რომ აწუხებს სერიოზული პრობლემები პირველ რიგში შარდ-სასქესო სისტემაზე, სხვა დაავადებებიც და ამავდროულად კვლავ აგრძელებს ბილწსიტყვაობას.


გინება _ ეს „ფორმატია სუსტი, გაუწონასწორებელი ადამიანისა“, რომელსაც
არ ძალუძს ცხოვრებაში თავისი ადგილის პოვნა. გინება აბინძურებს ენას, ანგრევს მის
სილამაზეს და ჰარმონიას, მიყავს პიროვნება დეგრადაციამდე.



ამგვარად, კიდევ ერთხელ იქნა დამტკიცებული, რომ ბილწსიტყვაობაში იმალება უდიდესი დესტრუქციული ძალა. და ადამიანს რომ შეეძლოს დაინახოს, თუ როგორი უზარმაზარი დამანგრეველი ენერგიაა მასში, რომელიც ვრცელდება გინების სიტყვებიდან ყოველ მხარეს აფეთქებული ბომბის დამრტყველი ტალღის მსგავსად, მაშინ არასოდეს აღარ წარმოთქვამდა მათ!