ღმერთი

ღმერთი

среда, 23 января 2019 г.

აქ ხილულ ოცნებას - გალაკტიონ ტაბიძე


აქ ხილულ ოცნებას
თან სდევენ ჯადონი,
თოლია ქორსა ცვლის,
არწივს - იადონი.
ორ საწყისს ინახავს
ახალი ათონი, -
აქ გული მონაა
და თანაც ბატონი.
აქ მუხა შრიალებს,
იქ ზეთისხილია,
თუ ზღვის და ზღვის პირის
მძაფრი ჭიდილია -
გზნებასთან მზის ჩასვლის
ჰყვავის იდილია, -
აქ გული მონაა
და თანაც ბატონი.
უწესო აყრუებს
უბადლო ზრდილობას.
ბუკის ხმა ზღვის პირას
თუ იწვევს ყრილობას,
მეომარს ჩონგური
უამებს ჭრილობას, -
აქ გული მონაა
და თანაც ბატონი.
ომსა ცვლის მშვიდობა
და ნგრევას - შენება,
სიტლანქეს სულისას
ცვლის სულის მშვენება,
წყალს - ღვინო, დღეს - ღამე,
სიცხადეს - ჩვენება, -
აქ გული მონაა
და თანაც ბატონი...