ღმერთი

ღმერთი

суббота, 31 августа 2013 г.

„მონაზვნობა ადამიანის მიერ ღვთისადმი მადლიერებითა და სინანულით გაღებული ყველაზე დიდი მსხვერპლია“

მეუფე საბა (ერისკაცობაში - ზაზა გიგიბერია) 1966 წლის 27 სექტემბერს დაიბადა ქალაქ სენაკში. მოუნათლავთ თბილისში, დიდუბის ეკლესიაში, 4 თუ 5 წლისა. მშობლები მონათლულები კი ყოფილან, მაგრამ ეკლესიურად არ უცხოვრიათ. შვილი, ალბათ, უფრო ტრადიციის გამო მონათლეს. საშუალო სკოლა სენაკის რაიონის სოფელ ძველ სენაკში დაამთავრა (სხვათა შორის, ეს სკოლა ილია ჭავჭავაძეს დაუარსებია 1884 წელს, შემდგომში კი იმ მრავალ გამოჩენილ ადამიანს უსწავლია). 1984 წელს საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტზე ჩააბარა. სავალდებულო სამხედრო სამსახურის მოხდის შემდეგ, 1986 წლიდან, ისევ განაგრძო სწავლა. 1989 წლის 9 აპრილის ცნობილი მოვლენების შემდეგ მისი ცხოვრება ძირეულად შეიცვალა...


საფარა

- მაშინ მეც, ისევე, როგორც ჩემი თაობის ახალგაზრდების უდიდესი ნაწილი, ბევრს ვფიქრობდი, რა სიკეთის მოტანა შემეძლო ჩემი ქვეყნისთვის. და აი, მოხდა ისე, რომ ამ წელს შრომითი სემესტრები შეწყდა (მანამდე სტუდენტები რუსეთში დავყავდით ხოლმე). ზაფხულში ასეთი რამ შემოგვთავაზეს: ან მთელი თვე თბილისში მშენებლობაზე უნდა გვემუშავა, ან ახალციხეში, მონასტრის აღდგენით სამუშაოებზე წავსულიყავით. ჩვენ, რა თქმა უნდა, საფარის მონასტერი ავირჩიეთ. არა იმიტომ, რომ ეკლესია გვიზიდავდა; უბრალოდ, ერთი მხრივ, თბილისში დარჩენა არ გვინდოდა და მეორეც - მონასტრის აღდგენა ეროვნულ საქმედ მივიჩნიეთ. ასე აღმოვჩნდით ოცამდე კაცი საფარაში. მაშინ ცხოვრების წესის შეცვლაზე ნამდვილად არ მიფიქრია, მაგრამ უფალი თურმე თვითონ აწყობდა ყველაფერს ისე, როგორც საჭირო იყო.

საფარის მონასტრის წინამძღვარი მამა სერგი გახლდათ (ამჟამად - ნეკრესისა და ჰერეთის მიტროპოლიტი). პირველი ქადაგება სწორედ მისგან მოვისმინეთ. გვასწავლა, რა იყო ქრისტიანობა, როგორ უნდა გველოცა, როგორ უნდა გვევლო ტაძარში, როგორ უნდა მოვმზადებულიყავით აღსარებისთვის... ერთი სიტყვით, ის, რაც ყოველმა ქრისტიანმა უნდა იცოდეს. და აი, სწორედ მაშინ, საუბრისას, გვითხრა, რომ საქართველოს გადარჩენა მხოლოდ სულიერ, ეკლესიურ ცხოვრებას შეეძლო. საქართველოს ძლიერება ეკლესიის ძლიერებაზეა დამოკიდებული, თვითონ ეკლესიის ძლიერება კი - ბერ-მონაზონთა სიმრავლეზე, და არა მხოლოდ სიმრავლეზე, არამედ მათ ხარისხობრივ მდგომარეობაზეცო. როდესაც ვკითხეთ, ბევრი ბერ-მონაზონი გვყავდა თუ არა, დიდი გულისტივილით გვიპასუხა, რომ მათი რიცხვი ძალიან მცირე იყო. თუმცა ხალხი ნელ-ნელა მოდის ეკლესიაში, მაგრამ დამრჩენი ცოტააო. ვიფიქრე (მერე აღმოჩნდა, რომ მეუფე თეოდორესაც იგივე უფიქრია - ჩვენ ჯგუფელები ვიყავით), თუ საქართველოს წაადგება, სხვა რა შემიძლია, გარდა იმისა, რომ მე თვითონ დავრჩე მონასტერში და ბერული ცხოვრება დავიწყო-მეთქი. აი, აქედან დავიწყეთ ფიქრი მონასტრულ ცხოვრებაზე და მხოლოდ შემდგომში გავაცნობიერეთ ნამდვილი მიზეზი იმისა, თუ რატომ დგამს ადამიანი ამ ნაბიჯს, რომ ეს არის ღვთისადმი მადლიერებით და სინანულით გაღებული ყველაზე დიდი მსხვერპლი.

ასე გავატარეთ ერთი თვე მონასტერში. რამდენჯერმე აღსარება ვთქვით. მეუფე შეგვპირდა, თუ მარიამობის მარხვას შეინახავთ, მარიამობას გაზიარებთო. მე, მეუფე თეოდორემ და კიდევ ორიოდე ბიჭმა შევძელით მარხვის დაცვა და პირველი ზიარებაც მივიღეთ.

როდესაც მონასტრიდან ერში დავბრუნდი, ასე მეგონა, სამოთხიდან ჯოჯოხეთში მოვხვდი, იმდენად ძნელი აღმოჩნდა ძველ ცხოვრებასთან შეგუება. იმ დროისთვის უკვე მეოთხე კურსზე ვიყავით. ძალიან გვიჭირდა ერთდროულად მონასტერში ყოფნაც და სწვლაც, მაგრამ მეგობრები, ლექტორები ხელს გვიწყობდნენ. ასე თუ ისე, შევძელით ინსტიტუტის დამთავრება. მომდევნო წელს საფარაში სასულიერო სემინარია გაიხსნა და ჩვენი მისი პირველი კურსდამთავრებულები გავხდით.

სანამ მონასტერში წავიდოდი, სულ ვცდილობდი, საზოგადოებაში ჩემი ადგილი მეპოვნა. ვფიქრობდი, ინსტიტუტს რომ დავამთავრებ, ვიმუშავებ, ოჯახი მეყოლება, მექნება სახლი, მანქანა... თითქოს ცუდზე არაფერზე ვოცნებობდი, მაგრამ უკმარისობის გრძნობა მაინც არასოდეს მტოვებდა და მხოლოდ მაშინ, როცა პირველად მივედი მონასტერში, რაღაცნარიად დავმშვიდდი. მივხვდი, რომ იქ იყო ჩემი ადგილი და ბედნიერი ვარ, რომ ამ გზაზე დამაყენა უფალმა.



დედის სიტყვები მთელი სიცოცხლე მემახსოვრება


ადამიანი მონასტერში წასვლას რომ გადაწყვეტს, ყველაზე დიდი წინააღმეგობა, როგორც წესი, ოჯახის წევრებისგან ხვდება. მართალია, მოსაკლავად არავინ გამომკიდებია, მაგრამ ძალიან გაუჭირდათ ჩემს ამ ნაბიჯთან შეგუება. მით უმეტეს, ოჯახში ერთადერთი ვაჟი ვიყავი... წელიწადნახევარი ისე ვახერხებდი მონასტერში ყოფნას, რომ ჩემებმა არაფერი იცოდნენ, თუმცა კი გრძნობდნენ, რომ ჩემს ცხოვრებაში რაღაც ხდებოდა.

ჩემი გადაწყვეტილების გაცხადების დღეც დადგა. გამიჭირდა, მაგრამ მაინც ვთქვი. ტირილი დაიწყეს, ცდილობდნენ, როგორმე გადაეფიქრებინათ: ხომ შეიძლება, ოჯახი შექმნა, მღვდელი გახდე და ასე ემსახურო ღმერთს; გვინდა, შვილი დაგრჩესო და ასე შემდეგ. როგორც შემეძლო, ვუხსნიდი, რა შეიძლებოდა და რა - არა, რატომ მივიღე ასეთი გადაწყვეტილება...

მახსოვს, ზამთარი იყო. ეპისოკპოსმა რამდენიმე დღით მონასტრიდან შინ გამიშვა, რომ კიდევ ერთხელ დავლაპარაკებოდი მშობლებს. ჩავედი სოფელში. ორ დღეში ძალიან დიდი თოვლი მოვიდა. ასეთი თოვლი სამეგრელოში მართლაც იშვიათობაა. რატომღაც ჩავთვალე, რომ ეს განსაცდელი იყო. თოვლის დადნობას რომ დავლოდებოდი, შეიძლება, ოჯახი შემბრალებოდა და დავბრკოლებულიყავი. გადავწყვიტე, დათქმული დროისათვის არ გადამეცილებინა. დილით რომ ავდექი, განვაცხადე, მონასტერში უნდა დავბრუნდე-მეთქი. მითხრეს, ასეთ ამინდში როგორ უნდა წახვიდე, ტრანსპორტი არ მოძრაობს და არაფერიო. ფეხითაც რომ მომიწიოს წასვლა, მაინც წავალ-მეთქი. ვერა და ვერ მიხვდნენ, წასვლა ასე რატომ დავიჟინე - ჩვენ ხომ, ასე თუ ისე, შევეგუეთ შენს არჩევანს, აღარ გეწინააღმდეგებითო. ნამდვილი მიზეზი, რასაკვირველია, ვერ ვუთხარი. ავიღე ბარი და ფეხით დავადექი გზას. დედაჩემი და ჩემი და გამომყვნენ. მამაჩემმა ვერ შეძლო, პირდაპირ ვიტყვი, გული აუჩუყდა, ატირდა და ვეღარც კი დამენახა.

რამდენიმე ასეული მეტრი ვიარეთ თოვლში. სოფლის ცენტრამდე რომ მივედით, დედაჩემს ვუთხარი, დაბრუნდით, აქ დაგემშვიდობებით-მეთქი. მან ასეთი რამ მითხრა: შვილო, იმისთვის გზრდიდი, რომ ბედნიერი ყოფილიყავი და თუ ფიქრობ, რომ შენი ბედნიერება იქ არის, მაშინ დამილოცნიხარო. სიმართლე უნდა ვთქვა, მაშინ მისგან ასეთ რამეს ნამდვილად არ ველოდი. კი ვიცოდი, რომ მშობლის დალოცვას უდიდესი ძალა ჰქონდა, განსაკუთრებით იმ გზაზე, რომელსაც მე დავადექი, მაგრამ დედაჩემისთვის ამის გაკეთება არც კი მითხოვია - ვიცოდი, გაუჭირდებოდა.

აი, ასე მშობლისგან დალოცვილი წავედი მონასტერში. დედაჩემის სიტყვები მთელი სიცოცხლე მემახსოვრება. მწამს, რომ მისი დალოცვის მადლი მუდამ თან დამყვება და განსაცდელის ჟამს მეხმარება კიდეც. თვითონ დედაჩემიც დამეხმარა - ისეთი ეკლესიური ცხოვრება დაიწყო, ისე მკაცრად მარხულობს და ლოცულობს, რომ სხვებს მაგალითსაც კი აძლევს. ჩემი დებიც მოიქცნენ. მამას ჯერ ვერაფერი მოვუხერხეთ, მაგრამ ყველა ადამიანს თავისი დრო, თავისი გზა აქვს და იმედი მაქვს, ღვთის მადლით მალე ისიც ეკლესიურ ცხოვრებას დაიწყებს.


კიბე


მე მაინც ვთვლი, რომ ის იერარქიული საფეხურები, რაც მონასტერში მისულ ადამიანსა და ეპისკოპოსს შორის არსებობს, ძალიან სწრაფად გავიარე. მონასტერში ცხოვრება 1989 წელს დავიწყე. 1990-ში უკვე მორჩილის კაბით ვიყავი შემოსილი. 1991 წლის 14 ივნისს მეუფე სერგიმ ბერად აღმკვეცა. მახსოვს, წმინდა ნინოს გზაზე მიმავლებს იმ დღეებში სწორედ საფარის მონასტერში მოუწიათ ყოფნა, ამიტომ ჩემს აღკვეცას რამდენიმე მეუფე ესწრებოდა.

1992 წლის 12 იანვარს დიაკვნად მაკურთხეს. 8 თვე ბერ-დიაკვანი ვიყავი. იმავე წლის 4 ოქტომებრს მღვდელ-მონაზვნად მაკურთხეს, დაახლოებით ორი წლის შემდეგ იღუმენის ხარისხში ამიყვანეს და საფარიდან ტიმოთესუბნის მონასტრის წინამძღვრად გადამიყვანეს, მანამდე კი ორი წლის მანძილზე ახალციხის ეპარქიის იკონომოსი გახლდით. ტიმოთესუბანში დედათა მონასტერი გავხსენით. იქაც ზუსტად ორი წელი დავრჩი, რადგან 1996 წელის 3 ნოემბერს ხონისა და სამტრედიის ეპისკოპსად მაკურთხეს.

ჩვენი ეპარქია 200 წელი გაუქმებული იყო (ქუთაისის ეპარქიას გახლდათ მიერთებული). და აი, ორასი წლის შემდეგ ახალგახსნილი ეპარქიის მღვდელმთავრად მე დამნიშნეს. როგორც ისტორიიდან ჩანს, თავის დროზე ძლიერი ეპარქია ყოფილა, მაგრამ იმჟამად იქ სულ 4 თუ 5 მოძღვარი მსახურობდა. მეუფე კალისტრატე იმერეთის თერთმეტივე რაიონს მართავდა. იმ პირობებში, რომელშიც მას უწევდა მოღვაწეობა, ერთი ადამიანისთვის ეს ძალიან ძნელი იყო, მაგრამ იმისთვის, რაც დამხვდა, არ შემიძლია, მეუფეს მადლობა არ მოვახსენო.

ხონში რომ ჩავედით, ღვთის მადლით, ძველის აღდგენა და ახლის შენება დავიწყეთ. ახლა ეპარქიაში 25 ტაძარია, კიდევ 10 შენდება, რამდენიმეს რესტავრაციას ვუკეთებთ. 4 მოქმედი მონასტერი გვაქვს. სასულიერო პირთა რიცხვი 20-მდე გაიზარდა. მონასტერში 40 ადამიანი ცხოვრობს, აქედან 2 ბერია, 6 - მონაზონი, დანარჩენი კი - კაბიანი მორჩილი. მაგრამ ეს მაინც ძალიან ცოტაა. იმედი მაქვს, ღვთის შეწევნით მეტს შევძლებთ, კიდევ ბევრია აღსადგენ-ასაშენებელი. ვხუმრობ ხოლმე, მთელი ჩვენი ჯგუფიდან პროფესიით მარტო მე და მეუფე თეოდორე ვმუშაობთ-მეთქი. ჩვენ ვაშენებთ, დანარჩენები კი ზოგი რას საქმიანობს და ზოგი - რას.

ახლა კი მინდა, მადლობა გადაგიხადოთ. სხვათა შორის, თქვენი ჟურნალი პირველია, სადაც ჩემი ინტერვიუ დაიბეჭდება. საერთოდ, არ მიყვარს საკუთარ თავზე ლაპარაკი.

და კიდევ ერთ რამეს ვუსურვებდი თქვენს „კარიბჭეს“. დღეს ისეთი დროა, როცა ყველა საშუალება უნდა გამოვიყენოთ, რათა ადამიანებს ეკლესიისკენ მიმავალი გზა ვაჩვენოთ. ტელევიზია, ჟუნრალ-გაზეთები ამის ერთ-ერთი საშუალებაა და თუ შეძლებთ, ადამიანებს სწორად მიაწოდოთ მართლმადიდებლობა, ეკლესიური ცხოვრება ასწავლოთ, შეგიძლიათ ჩათვალოთ, რომ ბედნიერები ხართ. სწორედ ეს მინდა გისურვოთ: თქვენს ჟურნალს მკითხველები ეკლესიის კარიბჭემდე მიეყვანოს.

ღმერთმა სიკეთე, სიხარული მოგანიჭოთ და ბედნიერი აღდგომა გაგითენოთ თქვენც და მთელ საქართველოს.


ესაუბრა ნატო ტოროშელიძე

ჟურნალი „კარიბჭე“, № 3, 2004 წ

www.orthodoxy.ge

ღვთის ნების შესახებ

ღვთის ნების შესახებ 1



ღვთის ნების შესახებ 2

ირანელი მართლმადიდებლის აღსარება.ქრიზოსტომოს სელახვარზი.

მასალა, რომელსაც ქვემოთ გთავაზობთ, უაღრესად საინტერესოა. იგი აღგვიწერს ყველაზე „ისლამური“ ქვეყნის, ირანის მკვიდრის სულიერ ძიებას ჭეშმარიტების რთულ გზაზე.

„საკვირველ არიან საქმენი შენნი, უფალო...“ მართლაც საოცარია, როგორ გამოარჩევს ხოლმე ღმერთი თავის რჩეულ ჭურჭელს სრულიად არაქრისტიანულ გარემოში. ირანელი კაცის ეს გულწრფელი მონათხრობი არის კიდევ ერთი მკაფიო მაგალითი იმისა, რომ ქრისტეს შეცნობა ჭეშმარიტების მეძიებელი სულისათვის ყველგან შესაძლებელია. მეტად ნიშანდობლივია ისიც, თუ როგორ ხედავს „უცხო თვალი“ განსხვავებას პროტესტანტიზმსა და მართლმადიდებლობას შორის. ვფიქრობთ, ირანელი ნეოფიტის მგრძნობიარე სული ნათლად ჭვრეტს, თუ რა დიდი განსხვავებაა მართლმადიდებლობასა და პროტესტანტიზმს შორის, სულიერად როგორი უსიცოცხლონი არიან პროტესტანტული დენომინაციები.

და თუკი ისლამურ ირანში დაბადებული და გაზრდილი ადამიანი პოვებს მართლმადიდებლობას და იწყებს ეკლესიურ ცხოვრებას, რამდენად მეტი მოეთხოვება ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყნის შვილს, რით იმართლებს იგი თავს ღვთის წინაშე თავისი არაეკლესიურობის გამო?


ქრიზოსტომოს სელახვარზი

ირანელი მართლმადიდებლის აღსარება


„უფალო ისო, მე შენ ყოველთვის მიყვარდი! ზოგჯერ მეტად, ზოგჯერ ნაკლებად, ზოგჯერ - მთელი ჩემი შინაგანი ძალების მთელი დაძაბვით, ზოგჯერ - არა, ზოგჯერ - სიხარულით, ზოგჯერ სიმშვიდით, - მაგრამ მაინც მიყვარდი იმ ხანიდან, რაც შენს შესახებ შევიტყვე. გახსოვს, როგორ მიცემდა გული, როცა შენს სახელს სპარსულ პოეზიაში წავაწყდებოდი?.. 

გახსოვს, თეირანში ფირდოუსის მოედანზე, 1984 წელს, ისლამური რევოლუციის მეხუთე წლისთავზე, ჯერ კიდევ სიყმაწვილეში მეგობარს რომ ვხვდებოდი? დანიშნულ ადგილზე ძალიან ადრე მივედი და დროის მოსაკლავად ნებისმიერი ფილმის სანახავად კინოში შევედი. და ვნახე ფილმი „იესო - ძე მარიამისი“ - ცენზურის მიერ შეკვეცილი ფრანკო ძეფირელის ფილმი „იესო ნაზარეველი“.გახსოვს, როგორ დამავიწყა მთელი სამყარო შენით აღტაცებამ, მიუხედავად იმისა, რომ მთავრობამ ფირი საგანგებოდ დაამახინჯა?

გახსოვს, როგორ მინდოდა ირანში ეკლესიაში შესვლა და როგორი სულიერი ცეცხლით მენთებოდა გული შენი ტაძრის დანახვისას? 

მას შემდეგ მრავალმა წელმა განვლო. ახლა მე უკვე ნათელღებული ვარ შენს წმინდა ტაძარში. გევედრები, უფალო: „დაიცევ და განამრავლე სიყვარული, რომელიც ჩვენს შორისაა, განაძლიერე ეს სიყვარული, რომელიც მომივლინე საბერძნეთში ნათლობისას. განამტკიცე ჩემი გონება ამ პირად სიყვარულში, რომელიც ჩვენს შორის წმიდა ნათლობით დამყარდა. დაე, სულ მუდამ იზრდებოდეს იგი და სრულიად შთანმთქას, რადგან, მხოლოდ მაშინ შევძლებ, დავიცვა შენი მცნებები და გემსახურო ისე, როგორც ჯერ არს...“ 




დავიბადე ირანში 1966 წელს, შორეული პროვინციის პატარა ქალაქში, ღარიბ, მაგრამ დიდგვაროვან ოჯახში. დედა - მორწმუნე მუსულმანი შიიტი იყო. მახსოვს, უკვე ხანშიშესული და დაუძლურებული, როგორ აღასრულებდა იგი სჯულით დადგენილ ყველა წესს; როგორ დგებოდა ღამ-ღამობით, რათა მექას მიმართულებით ლოცვა აღევლინა. და თუმცა თავად ძალიან მორწმუნე მუსულმანი იყო, შვილებისთვის, რომლებიც მას ისე ძლიერ ვუყვარდით, თავისი რწმენა თავს არასოდეს მოუხვევია. მისი სიყვარული ყოველთვის მეწეოდა და მამხნევებდა.

მამა მუსულმანად ითვლებოდა, მაგრამ მისი დამოკიდებულება რელიგიური მოვალოებისადმი, ისევე, როგორც ზოგადად, რელიგიისადმი - ზედაპირული და არასერიოზული იყო.

ბედნიერი ჭაბუკი ვიყავი. სკოლაში კარგად ვსწავლობდი. მოსწავლეები და მასწავლებლები მაფასებდნენ. ბევრი მეგობარი მყავდა და სიცოცხლე მიხაროდა.

ერთხელ სადილის შემდეგ, ჩვეულებისამებრ, დავიძინე. უეცრად უმიზეზოდ გამეღვიძა, არაფერი დამსიზმრებია. ვიცოდი მხოლოდ ერთი რამ, რომ გამეღვიძა შიშისა და დარდის შეგრძნებით, რასაც ფიზიკურად, გულით განვიცდიდი. ალბათ, ზუსტად გადმოვცემ ჩემს მდგომარეობას, თუ ვიტყვი, რომ ამგვარი შიში ადამიანს ძლიერი მიწისძვრის დროს ეუფლება. გამოღვიძებულმა გავიაზრე, რომ ეს ბიძგები ჩემს შიგნით, სულის სიღრმეში რყევებით იყო განპირობებული. ჩემს გარშემო არაფერი შეცვლილა. ყველაფერი ჩვეულ რიტმში განაგრძობდა არსებობას; ყველაფერი - ჩემი შინაგანი ცხოვრების გარდა. იგივე დღე, იგივე სახლი, იგივე ტანისამოსი მე უკვე სულ სხვაგვარი მეჩვენებოდა. სულს ძლიერი მტანჯველი ტკივილი მშჭვალავდა. შფოთმა შემიპყრო, არ ვიცოდი, რა მემართებოდა, მიზეზი ვერ გამეგო. ჩემთვის მოულოდნელად სულ სხვა სამყაროში აღმოვჩნდი. თუმცა, სამყარო კი არა, - მე შევიცვალე. ახლა ჩემს გარშემო იყო სიკვდილისა და მიცვალებულთა სამყარო.

იმხანად მეგონა, რომ სიხარულმა და სულიერმა სიმშივდემ სამუდამოდ მიმატოვა... საკუთარ სახლში თავს უცხოდ ვგრძნობდი. თითქოს დევნილებაში აღმოვჩნდი უცხო ქვეყანაში. მხოლოდ ახლა, 15 წლის შემდეგ მესმის, თუ რა მოხდა მაშინ. ჩემს საცხოვნებლად ყოვლადსახიერმა ღმერთმა სული გამომიფხიზლა.

რელიგიისადმი ცხოველი ინტერესი გამიჩნდა. უფლის ძიებაში ვიყავი; სული თავის შემოქმედს ეძებდა. მამაჩემს ყურანის შეძენა ვთხოვე. ახლობლებს უკვირდათ, მშობლებს კი უხაროდათ, რომ პოლიტიკას ჩამოვშორდი და მორწმუნე გავხდი. მამამ ყურანის საუკეთესო სპარსული თარგმანი მიყიდა. ყურანს გულდასმით გავეცანი.

მასში არაფერი ეწერა უფლის სიყვარულის შესახებ ცალკეული პიროვნებისადმი ან ცალკეული პიროვნებისა - უფლისადმი. ყურანი უფლის შემეცნებაში ვერ დამეხმარა; იგი არაფერს ამბობდა, თუ ვინ არის ალაჰი „მოწყალე“, „მეუფე სამყაროთა“, „მეუფე განკითხვის დღის“ (საწყისი სურა), „საიდუმლო“ (2:2), „ერთი“ (112:1), „მარადიული“ (112:2). „აისის უფალი“ (113:1), - მაგრამ ვინ არის ის? ყურანის მიხედვით, დიადი შემოქმედი უფრო ძალაა, ვიდრე პიროვნება. არ ვიცოდი, ვისკენ მივისწრაფოდი, მაგრამ ვგრძნობდი, რომ ჩემი სიყვარული და ლტოლვა ძალიან პიროვნულია. ანდა როგორ შემეძლო მყვარებოდა ის, ვინც არ ექვემდებარე განსაზღვრებას? როგორ შეიძლება, გიყვარდეს უპიროვნო ღმერთი? ამგვარ სიყვარულს ფასი არ აქვს.

* * *

1990 წელს ირანიდან დევნილის სტატუსით ნორვეგიაში ჩავედი. მიმიღეს ქალაქ ვოლდას დასავლეთ სანაპიროზე. ეს არის ერთ-ერთი ულამაზესი ადგილი ატლანტიკის ოკეანის სანაპიროსთან. საკუთარ თავში გასარკვევად სიმშვიდე და განმარტოება მჭირდებოდა. სწავლა ვოლდას უნივერსიტეტში განვაგრძე.

ერთმა ნორვეგიელმა ჭაბუკმა - რეიდარმა იმხანად სახარება მაჩუქა ნორვეგიულ-ინგლისური პარალელური ტექსტებით. ასე გავეცანი პირველად სახარებას. კითხვა დავიწყე და ვერ მოვწყდი. სახარებისეული იესო სულ სხვა პიროვნება აღმოჩნდა, ვიდრე ის იესო, რომელსაც ყურანიდან და სუფისტური წიგნებიდან ვიცნობდი. ისლამური სასულიერო ლიტერატურა იესოს უფლის ერთ-ერთ წინასწარმეტყველად, ჩვეულებრივ ადამიანად წარმოსახავს (3:59, 3:84), იესო რომ ღმერთია და ძე ღვთისა - ეს ისლამის მიერ უარყოფილია და მკრეხელობადაა მიჩნეული (4:171; 5:17; 5:72). სახარებაში კი იესო არის ძე ღვთისა და უფალი. ქრისტიანული ღმერთი, ალაჰისაგან განსხვავებით, კონკრეტული პიროვნებაა. ქრისტეში ღმერთმა საკუთარი თავი კონკრეტულ პიროვნებად მოგვივლინა. ყურანში ღმერთის შესახებ, გარდა იმისა, რომ იგი სამყაროს შემოქმედია, - არაფერია ცნობილი. ისლამში ღმერთი პიროვნება არაა, ამიტომ ადამიანისთვის მასთან მიახლოება შეუძლებელია.

სახარებაში ყველაზე მეტად უფლისადმი, როგორც პიროვნებისადმი დამოკიდებულებამ შემძრა. ეს სწორედ ის იყო, რისკენაც ისწრაფოდა ჩემი სული და რასაც ის ვერ პოულობდა ისლამში. იესო ქრისტე არის ღმერთი, რომელთანაც შეიძლება დაამყარო პიროვნული კავშირი. მე პიროვნება ვარ და იმ შემთხვევაში შემიძლია უფალთან დავამყარო პიროვნული კავშირი, თუ ისიც პიროვნებაა. ეს ჩემთვის საოცარი აღმოჩენა იყო! იმედი ჩამესახა: თუკი მახარებლები მართლები არიან და უფალი ნამდვილად განხორციელდა იესოში, მაშინ ადამიანსა და უფალს შორის პიროვნული კავშირი შესაძლებელია!

მაგრამ სიხარულს ეჭვი მოჰყვა. დილემის წინაშე აღმოვჩნდი: იყო თუ არა იესო ნამდვილად ისეთი, როგორსაც მას სახარება სახავდა? მე იგი მიყვარდა, მაგრამ როგორ დავრწმუნებულიყავი, რომ იგი არაა ჩვეულებრივი ადამიანი და მარტოოდენ ისტორიული პოროვნება? ქრისტეს აღდგომა ჩემთვის ამ კითხვაზე პასუხად იქცა. თუკი ქრისტე მართლა აღდგა მკვდრეთით, მაშინ იგი არის ჭეშმარიტი ღმერთი და ძე ღვთისა მოსული სოფლად კაცთა მოდგმის გამოსახსნელად. მაგრამ თუკი ის მოკვდა და არ აღმდგარა, მაშინ მახარებელი ტყუის და ქრისტე არ უნდა ვიწამოთ.

ქრისტიანობით სერიოზულად დავინტერესდი და ნორვეგიის პროტესტანტული ეკლესიების მონახულება დავიწყე. მაგრამ პროტესტანტული სალოცავების მონახულებამ ჩემი სულიერი ძიება ვერ დააკმაყოფილა. ქრისტეს შემეცნების შესახებ პირადი სულიერი გამოცდილების მქონე ვერცერთ მოღვაწეს პროტესტანტულ სამყაროში ვერ მივაკვლიე.

ამგვარ „ქრისტიანობასთან“ შედარებით, ისლამი სულიერად უფრო ამაღლებული და ნამდვილია.

სულიერი ადამიანები ამქვეყნად იტანჯებიან. ზოგნი იდევნებიან, ზოგნი დატუსაღებული არიან, ან უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობენ. ადამიანის ცხოვრების ამქვეყნიურ დრამატიზმზე პროტესტანტიზმს პასუხი არა აქვს. სიმსუბუქე და ზედაპირულობა, რომლითაც ისინი ქრისტეს ახსენებდნენ, კი არ კურნავდა, - უფრო მეტად ამძიმებდა ჩემს დაწყლულებულ სულს.

* * *

1994 წლის ზაფხულში ნორვეგიელ სტუდენტებთან ერთად საბერძნეთში მოვხვდი. თურქეთის სანაპიროსთან მდებარე კუნძულ ლესბოსზე, ძველ ბიზანტიურ მონასტერში დავსახლდით. მონასტერი მოქმედი არ იყო; იგი ეკუთვნოდა რამდენიმე კილომეტრით დაშორებულ დიდ მოქმედ მონასტერს. ჩვენ სენაკებში ვცხოვრობდით, სადაც ძველად ბერები მოღვაწეობდნენ. მონასტერთან პატარა ეკლესია იყო. ეკლესიამ მაგნიტივით მიმიზიდა. ტაძრის კედლებს ძველი ხატები ამშვენებდა. საოცარი მყუდროება და მადლი ვიგრძენი. იმ დღემდე არ ვიცოდი, რომ ქრისტიანებს ხატები ჰქონდათ.

გასაგებია, რომ ისლამი უარყოფს ხატებს, ვინაიდან ისლამის ღმერთი პიროვნება არაა, ამიტომ მას სახეც არა აქვს. მაგრამ რატომ არა აქვთ ხატები პროტესტანტებს? აქამდე ეს კითხვა არ გამჩენია.

ეს ეკლესია ჩემთვის მშობლიური გახდა. იქიდან გამოსვლა მიჭირდა. ერთხელ ზედიზედ სამი ღამე ეკლესიაში, ხატების გარემოცვაში გავატარე. არასდროს დამავიწყდება ეს საოცარი ღამეები. ხან მუხლს ვიყრიდი და ვლოცულობდი საკურთხევლის წინ, ხან ხატებს ჩამოვივლიდი და ვემთხვეოდი. ვტიროდი მათ წინაშე სიყვარულის, ტკივილისა და დარდისაგან. ხატებს ვეხუტებოდი და გულამოსკვნილი ვტიროდი. არ ვიცოდი რატომ, მაგრამ ცრემლს ვერ ვიკავებდი. ის დიდი საიდუმლო, რაც ვერცერთმა ადამიანმა ვერ გადმომცა, ახლა ამ ხატებმა უსიტყვოდ მიამბეს. ხატების ხილვის შემდეგ სახარება უკვე ახალ ჭრილში დავინახე. მივხვდი, რომ ეს მიტოვებული პატარა ეკლესია გაცილებით უფრო მძლავრია და მადლმოსილი, ვიდრე ულამაზესი პროტესტანტული ტაძრები დასავლეთში.

პროტესტანტიზმმა თითქმის ამოძირკვა ჩემს სულში ქრისტიანობისადმი ინტერესი, მართლმადიდებლობაში კი ვპოვე უფალი იესო, რომელსაც მთელი ჩემი ცხოვრება ვეძებდი.

რამდენიმე დღის შემდეგ მიტოვებულ მონასტერში მართლმადიდებელი ბერი გავიცანი. მან ჩვენს მონასტერში 3 დღე დაჰყო და შემდეგ სინაზე დაბრუნდა. იგი არ ჰგავდა იმ „ქრისტიანებს“, რომელთაც მანამდე ვიცნობდი. მთელ მის არსებაში, სიტყვებსა და საქციელში გამოსჭვიოდა ქრისტიანობა, ძირეულად განსხვავებული პროტესტანტიზმისაგან. იგი უსიტყვოდ მიხვდა, როგორ და რისგან ვიტანჯებოდი. ხატების მსგავსად მან უსიტყვო და დიდი თანაგრძნობა გამომიცხადა. ჩემდამი მისი სიტყვები სიყვარულით იყო აღვსილი, გულში ჩამწვდომი და მშვიდობის მომგვრელი. ხოლო როცა ჩემი თხოვნით ქრისტიანობაზე ალაპარაკდა, მივხვდი, რომ იცოდა, რასაც ამბობდა. მიკვირდა მისი სიტყვები, რადგან არც ერთი ჩემი ნაცნობი ქრისტიანი ასე არ საუბრობდა. იგი მმოძღვრავდა, მაგრამ არა როგორც ფარისეველი და მწიგნობარი. ხარბად ვისმენდი მის სიტყვებს. ყოველი სიტყვა იყო კონკრეტული, პირადული და არსობრივი. მათში იგრძნობოდა სისადავე და სულიერება და არა ფილოსოფია და მორალი. რამდენიმე სიტყვით მან მასწავლა ის, რაც 4 წლის მანძილზე ვერ მასწავლეს პროტესტანტებმა. მახსოვს, ვუთხარი მას, რომ თითქმის 10 წელია ვეძიებდი უფალს და პასუხი არსად ჩანდა. მან მიპასუხა: „ე.ი. პასუხი, შესაძლოა, ათი წლის შემდეგ მოვიდეს“. ვუამბე ჩემს სიძნელეებზე ქრისტიანობის გზაზე, მან კი ათონელი ბერი პაისის სიტყვებით მომიგო: „რატომ მოელი უფლის საქმეებს კაცთაგან?“ ბერი არ ყოფილა განსწავლული, არც უნივერსიტეტი დაუმთავრებია. მაგრამ მას ჰქონდა ცოდნა, რომელიც მეცნიერებას აღემატება. მიმზიდველი იყო მისი გარეგნობაც. უდაბნოს მზეზე დამწვარი სახე, სინას მტვრით დაფარული გაცვეთილი სამოსელი. მის ცოცხალ შავ თვალებს რომ ვუცქერდი, ირანის ღამის ცაზე მბრწყინავი ვარსკვლავები მახსენდებოდა. აი, ასე დაიწყო ჩემი გზა ქრისტესკენ. მაგრამ ნათლისღებამდე ჯერ კიდევ ბევრი სიძნელის გადალახვა მომიხდა.

ინტერნეტის მასალების მიხედვით მოამზადა 
მარიამ გაგუამ
გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“, № 25 (332), 2005 წ. 

www.orthodoxy.ge

пятница, 30 августа 2013 г.

ზიარების მნიშვნელობის შესახებ.

სიძვა მრუშობის შესახებ.

განკითხვის შესახებ.

გვესაუბრება სასულიერო აკადემიისა და სემინარიის ფსიქოლოგიის პედაგოგი კლდის უბნის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის მღვდელმსახური დეკანოზი დავით ციცქიშვილი








სიცოცხლე სიკვდილის შემდეგ.

მოწყალების გაღება 21-ე საუკუნეში.

მრევლის მოვალეობების შესახებ.

უნარშეზღუდული ადამიანების შესახებ.

ღვთისმაძიებლობა.

მოძღვარი და მრევლი.

მშობლების პატივისცემის შესახებ.

ყურადღება და გულისხმიერება.

ცხოვრების აზრის შესახებ.

განსაცდელების შესახებ.

ფსიქიური აშლილობის შესახებ.

ფსიქიური აშლილობის შესახებ 1


ფსიქიური აშლილობის შესახებ 2

დეპრესიის შესახებ.

ურწმუნოებისა და გულგრილობის შესახებ.

თვით ჩაღრმავება,თვით შემეცნება.

წარმოსახვის და ფანტაზიის შესახებ.

მეხსიერების შესახებ.

გვესაუბრება სასულიერო აკადემიისა და სემინარიის ფსიქოლოგიის პედაგოგი კლდის უბნის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის მღვდელმსახური დეკანოზი დავით ციცქიშვილი

შეპყრობილები одержимые.

ანი ადუაშვილი და ანს. ანანური - მოხეური.

ანსამბლი ანანური-ალი ხარ ქალი ხარ.


ანსამბლი ანანური - სამშობლო.



ლოცვამ ფესვი უნდა გაიდგას ჩვენს ცხოვრებაში.

მიტროპოლიტი ანტონ სუროჟელი.

  ჩვენ ყველანი დამწყებნი ვართ და მე არ ვაპირებ, სალექციო კურსის წაკითხვას, უბრალოდ, მსურს გაგიზიაროთ რაიმე ნაწილობრივ საკუთარი, უფრო მეტად კი სხვისი გამოცდილებიდან.

ლოცვა თავისი არსით შეხვედრაა, შეხვედრა სულისა და ღმერთისა, მაგრამ იმისათვის, რომ ეს შეხვედა რეალური იყოს, ორივე პიროვნება, რომელიც მასში მონაწილეობს, ნამდვილად თავის თავს უნდა წარმოადგენდეს. ამასთან ერთად, ჩვენ, უმეტესწილად, არარეალურნი ვართ, და ღმერთიც ჩვენთვის არარეალურია: ვფიქრობთ, რომ უფალს მივმართავთ, სინადმვილეში კი – ღვთის სახეს, რომელიც ჩვენს წარმოდგენაშია შექმნილი; გვგონია, რომ ვდგავართ უფლის წინაშე მთელი ჩვენი სიმართლით, მაშინ, როდესაც საკუთარი თავის ნაცვლად მის წინაშე წარმოვადგენთ ვიღაცას, რომელიც არ არის ჩვენი ჭეშმარიტი ”მე” – მსახიობს, დადგმულ სახეს, თეატრალურ პერსონაჟს. თითოეული ჩვენთაგანი ერთროულად წარმოადგენს რამდენიმე სხვადასხვა პიროვნებას;

ეს, შესაძლოა, იყოს მდიდარი და ძალიან ჰარმონიული შერწყმა, მაგრამ შესაძლოა, იყოს ფრიად წარუმატებელი შეერთება ერთმანეთის საწინააღმდეგო პიროვნებებისა. ჩვენ სხვადასხვანაირნი ვართ გარემოებიდან და გარემოცვიდან გამომდიანრე: სხვადასხვა პიროვნება, რომელიც გვხვდება, ჩვენში სხვადასხვა ადამიანს იცნობს. ასე ხშირად ხდება: თითოეულ ჩვენთაგან თავის ნაცნობებს შორის შეუძლია გაიხსენოს ქალბატონი, რომელიც უცხოებთან თავაზიანობის განსახიერებაა, სახლში კი – ნამდვილი როკაპი; აგრეთვე მრისხანე უფროსი, რომელიც ოჯახურ წრეში ძალზე მოკრძალებულია.

რომელია ჩვენი ნამდვილი ”მე”

ლოცვის ჟამს ჩვენი პირველი სირთულე არის ის, რომ ვიპოვნოთ, რომელი გამოდგება ჩვენი პიროვნებებიდან ღვთის წინაშე წარსადგომად. ეს არცთუ ადვილია, რადგან იმდენად არ ვართ მიჩვეულნი იმას, რომ ვიყოთ ის, რაც ვართ, სინამდვილეში არც ვიცით, ყველა ჩვენი პიროვნებიდან რომელია ჩვენი ნამდვილი ”მე”. არც ის ვიცით, როგორ უნდა ვიპოვნოთ იგი. მაგრამ თუკი დღეში რამდენიმე წუთს მივუძღვნით იმას, რომ საკუთარ საქციელსა და ადამიანებთან ჩვენს დამოკიდებულებას დავკვირვებოდით, შესაძლოა, მივუახლოვდეთ ამის გარკვევას. შევამჩნევდით, თუ როგორი ადამიანი ვართ ამა თუ იმ პიროვნებასთან შეხვედრის დროს. მაშინ ჩვენ შევძლებდით, საკუთარი თავისათვის გვეკითხა: როდის წარმოვადგენდი სინადმვილეში მართლაც საკუთარ თავს? შესაძლოა, არასოდეს, იქნებ სულ ორიოდე წუთით გარკვეულ მდგომარეობაში, გარკვეულ ადამიანებთან. და აი, ამ ხუთი თუ ათი წუთის განმავლობაში, რომელიც შეგვიძლია, გამოვყოთ (დარწმუნებული ვარ, ამის გაკეთება ყველას შეუძლია დღის მანძილზე), აღმოაჩენთ, რომ არაფერია თქვენთვის საკუთარ თავთან მარტო დარჩენაზე უფრო მოსაწყენი. საქმე მხოლოდ იმაში როდია, რომ, გარემოებებიდან გამომდინარე, წარმოვადგენთ სხვადასხვა ადამიანთა მთელ სერიას, არამედ თვით ჩვენი ცხოვრება ხშირად სულაც არ არის ჩვენი – ეს სხვა ადამიანთა ცხოვრებაა. თუ საკუთარ თავში ჩაიხედეთ და იკითხეთ, რამდენად ხშირად ამოდიხართ საკუთარი სულის სიღრმიდან, რამდენად ხშირად გამოხატავთ საკუთარ ჭეშმარიტ ”მეს”, მაშინ დაინახავთ, რომ ეს ძალიან იშვიათად ხდება. ძალიან ხშირად ვართ დაკავებულნი სხვადასხვა უმნიშვნელო წვრილმანით, რომელიც ჩვენს გარშემოა; და აი, ამ დროის განმავლობაში, გულისყურის მოკრების ამ მცირე წუთებში, უნდა მივატოვოთ ყველაფერი, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი არ არის.

”უფალო, დამეხმარე, რათა გავთავისუფლდე ყოველგვარი სიყალბისაგან…”

ასეთ შემთხვევაში, რასაკვირველია, თქვენ დგახართ იმ საშიშროების წინაშე, რომ საკუთარ თავთან მოიწყინოთ; დაე, იყოს ასე; ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ჩვენში არაფერი რჩება, რადგან ჩვენი არსების სიღრმეში ღვთის ხატად ვართ შექმნილნი და ყოველგვარი უსარგებლობის ჩამოშორება ძალიან ჰგავს ძველი კედლის მხატვრობის ანდა დიდი მხატვრის ნახატის გაწმენდას, რომელიც საუკუნეთა განმავლობაში მხატვრის მიერ შექმნილი ჭეშმარიტი სილამაზე ზემოდან უგემოვნო ადმამიანებმა გადაღებეს. თავდაპირველად, რაც მეტად ვასუფთავებთ, მით მეტად ჩანს სიცარიელე, და გვეჩვენება, რომ მხოლოდ წავახდინეთ ის, რასაც ჯერ კიდევ შემორჩენოდა მცირეოდენი სილამაზე მაინც; თუნდაც ცოტა, მაგრამ მაინც რაღაც იყო. შემდეგ კი ჩვენ უკვე ვიწყებთ ნამდვილი სილამაზის შეცნობას, რომელიც უდიდესმა მხატვარმა თავის ქმნილებაში ჩადო; ჩვენ ვხედავთ უბადრუკობას, შემდეგ შუალედში – სრულ ქაოსს, მაგრამ, ამავე დროს, შეგვიძლია ჭეშმარიტი სიალამზის ამოცნობაც. და მაშინ აღმოვაჩენთ, რაც ვართ: უბადრუკი არსება, რომელსაც ღმერთი ესაჭიროება, მაგრამ არა იმისათვის, რომ სიცარიელე შეავსოს, არამედ იმისათვის, რომ ღმერთს შეხვდეს.

მაშ ასე, შევუდგეთ ამას და, გარდა ამისა, კვირის განმავლობაში ყოველ საღამოს ვილოცოთ ძალიან მარტივი სიტყვებით: ”უფალო, დამეხმარე, რათა გავთავისუფლდე ყოველგვარი სიყალბისაგან და ვიპოვნო ჩემი ნამდვილი ”მე”.

მწუხარება და სიხარული – ღვთის უდიდესი წყალობაა. ხშირად ამ დროს საკუთარ თავს ვხვდებით, როდესაც ვტოვებთ ყველა ჩვენს უმსგავსო ხრიკებს და ვხვდებით უვნებელნი, მიუწვდომელნი ცხოვრების ყველა სიცრუესთან.

ერთიც უნდა აღინიშნოს: როდესაც ყმაწვილს გოგო უყვარს, თავის წარმოდგენაში ამკობს მას ყოველგვარი სრულყოფილებით, რომელთაგან, შესაძლოა, არცერთი არ ჰქოდნეს. ძალიან ხშირად ეს გოგონა არარაა; მართლაც მას, უბრალოდ, არარსებულ ღირსებებს მიაწერენ. ასეთ შემთხვევაში კონტაქტი არ მყარდება, რადგან ყმაწვილი მას ისე მიმართავს, როგორც არარსებულს. ასევე ხდება ღმერთთანაც. ჩვენ გვაქვს გარკვეული აზრობრივი თუ მხედველობითი წარმოდგენები ღმერთზე, რომელიც შეკრებილია წიგნებიდან, ტაძარში მოსმენილიდან, იქიდან, რაც ბავშვობაში უფროსებისაგან გვსმენია მის შესახებ; და ძლიან ხშირად ეს სახეები არ გვაძლევენ რეალურ ღმერთთან შეხვედრის შესაძლებლობას. ისინი მთლად ცრუ არაა, რადგან მასში არის ჭეშმარიტების ნაწილი, მაგრამ, ამასთან ერთად, არ შეესაბამება რეალურ ღმერთს. თუ ღმერთთან შეხვედრა გვინდა, ერთის მხრივ, უნდა ვისარგებლოთ იმ ცოდნით, რომელიც შევიძინეთ პირადად კითხვის ანდა მოსმენის საშუალებით; მაგრამ, ამავე დროს, წინსვლა უნდა განვაგრძოთ.

დღევანდელი ჩვენი ცოდნა ღვთის შესახებ გუშინდელი გამოცდილების შედეგია, და თუ მივმართავთ ისეთ ღმერთს, როგორსაც ჩვენ ვიცნობთ, მხოლოდ საკუთარ წარსულს დავუწყებთ ყურებას და ყოველთვის ზურგშექცეულნი აღმოვჩნდებოდით აწმყოსა და მომავალთან. ასეთი მოქცევით ჩვენ ვცდილობთ, შევხვდეთ არა ღმერთს, არამედ იმას, რაც უკვე ვიცით ღვთის შესახებ. ეს ღვთისმეტყველების ფუნქციის ილუსტრირებაა, რამეთუ ღვთისმეტყველება – ეს არის მთელი ადამიანური ცოდნა ღვთის შესახებ და არა ის მცირედი, რისი შეტყობაც მის შესახებ ჩვენ უკვე მოვასწარით. თუ გვინდა შეხვდეთ ისეთ ღმერთს, როგორიც ის სინამდვილეშია, უნდა მიხვიდეთ მასთან ცნობილი გამოცდილებით, რათა მან ღმერთთან ახლოს მიგიყვანოთ, მაგრამ შემდეგ უნდა დატოვოთ ეს გამოცდილება და დადგეთ არა იმ ღვთის წინაშე, რომელსაც იცნობთ, არამედ იმ ღმერთის, რომელიც ერთროულად უკვე ცნობილიცაა და ჯერ კიდევ ამოუცნობიც.

რა იქნება შემდგომ? შესაძლოა, ღმერთი მოვიდეს შენთან, შეგეხმიანოს, უპასუხოს შენს ლოცვებს, შეუძლია, მოვიდეს და გაგრძნობინოს თავისი მყოფობა; მაგრამ მას შეუძლია, არც გააკეთოს ეს, მას შეუძლია, გაგრძნობინოს თავისი არყოფნა და ეს გამოცდილება ისევე მნიშვნელოვანია, როგორც პირველი, რადგან ორივე შემთხვევაში ეხებით ღვთაებრივ უფლებას, გამოგეხმაურებათ თუ არა იგი თქვენ.

ასე რომ, შეეცადეთ, იპოვნოთ საკუთარი ნამდვილი ”მე”, და ღვთის წინაშე დააყენოთ იგი ისეთი, როგორიც სინამდვილეშია, ყოველგვარი ცრუ სახეებისა და კერპების გარეშე. ამაში რომ დაგეხმაროთ, საყრდენი რომ მოგცეთ, გთავაზობთ, ერთი კვირის განმავლობაში ილოცოთ შემდეგი სიტყვებით: ”უფალო, დამეხმარე, გავთავისუფლდე შენი ყოველგვარი ცრუ სახისაგან, რის ფასადაც არ უნდა დამიჯდეს ეს”.

ვისაუბროთ უფალთან გულახდილად

საკუთარი ნამდვილი ”მეს” ძიებაში ჩვენ, შესაძლოა, არა მხოლოდ მოგვწყინდეს (რის შესახებაც მე გესაუბრებოდით), არამედ შეგვიპყროს საშინელების, თვით სასოწარკვეთილების გრძნობამაც კი. სულის ამგვარი სიშიშვლე გვაფხიზლებს; მაშინ ლოცვის დაწყებაც შეგვიძლია. პირველი, რასაც თავი უნდა ავარიდოთ, არის, სიცრუე ღვთის წინაშე; ვფიქრობთ, რომ ეს სრულიად ნათელია, და მაინც, ყოველთვის როდი ვიქცევით ასე. ვისაუბროთ უფალთან გულახდილად, ვუთხრათ, ვინც ვართ; არა იმიტომ, რომ მან არ იცის ამის შესახებ; მაგრამ ერთი საქმეა იმ ფაქტის მიღმა, რომ ვიღაც ჩვენმა მოყვარულმა იცის ჩვენს შესახებ, და სულ სხვაა, გამოიჩინო მამაცობა და ჭეშმარიტი სიყვარული ამ პიროვნების მიმართ, რათა სიმართლე უთხრა მას და ყველაფერი უამბო საკუთარ თავზე. გულახდილად ვაღიაროთ უფალთან, რომ თავს უხერხულად ვგრძნობთ, როდესაც ამრიგად ვდგევართ მის წინაშე, რომ არ გვაქვს ჭეშმარიტი სურვილი მასთან შეხვედრისა, რომ დავიღალეთ და ძილი გვირჩევნია. მაგრამ, ამასთან ერთად, ვუფრთხილდეთ თვითნებობას ანდა უბრალოდ კადნიერებას მის წინაშე – ის ჩვენი ღმერთია. ყოველივე ამის შემდეგ კარგი იქნებოდა, სიხარულით დავრჩენილიყავით მასთან მყოფობაში, როგორც ძლიერ მოსიყვარულე ადამიანებთან, რომლებთანაც გულწრფელი სიახლოვე გვაკავშირებთ. ჩვენ არ განვიცდით ისეთ სიხარულსა და სიახლოვეს ღმერთთან, რომ უბრალოდ, ვისხდეთ და ვუყუროთ უფალს და ამით ბედნიერნი ვიყოთ. და თუ გვიხდება საუბარი, დაე, იგი გულწრფელი იყოს. მივანდოთ ჩვენი ყოველგვარი საზრუნავი ღმერთს, ვუამბოთ მას ყველაფერი ისე, რომ მან ჩვენს შესახებ ჩვენგანვე შეიტყოს, მივანდოთ მზრუნველობა ჩვენს საზრუნავზე. ახლა, როდესაც იგი ჩვენზე ზრუნავს, სადარდებელი აღარაფერი გვაქვს: თავისუფლად შეგვიძლია ვიფიქროთ მასზე.

ნათელია, რომ ამ კვირის სავარჯიშო იმაში მდგომარეობს, რომ შეუერთო იგი მომდევნო კვირის სავარჯიშოს; ეს იმას ნიშნავს, რომ საკუთარი თავი ღვთის წინაშე დააყენო და ისწავლო, ღმერთს მიანდო ყველა შენი საზრუნავი; იმისათვის, რომ ამაში შეწევნა მიიღო, ყოველდღიურად უნდა გაიმეორო მარტივი და კონკრეტული ლოცვა: ”დამეხმარე, ღმერთო, დავივიწყო ყველა საზრუნავი და მთელი ჩემი აზრები მხოლოდ შენსკენ მოვმართო”.

სანამ უპასუხოდ დარჩენილ ლოცვებზე დავიწყებდეთ საუბარს, მინდა ვთხოვო ღმერთს, რომ განმანათლოს მეც და თქვენც, რამეთუ ეს რთული და, ამავე დროს, ცხოვრებისეულად მნიშვნელოვანი თემაა. ეს ერთ-ერთი უდიდესი განსაცდელთაგანია, რომელიც თითოეულ ადამიანს შეიძლება შეემთხვას და რომლის გამოც დამწყებთაც და თვით ისეთ ადამიანებსაც, რომლებსაც ლოცვის გამოცდილება აქვთ, ძალიან უჭირთ ლოცვა. ასე ხშირად ლოცულობენ ადამიანები და ეჩვენებათ, რომ ცარიელ ზეცას მიმართავენ.

როდესაც ჩვენთვის ზურგის ქარს ვითხოვთ, არ ვუფიქრდებით იმას, რომ ეს, შესაძლოა, სხვებისათვის ზღვაზე ატეხილი ქარიშხალი აღმოჩნდეს

ხშირად ეს იმიტომ ხდება, რომ მათი ლოცვა უაზრო ბავშვობაა. მახსოვს, ერთი ასაკოვანი ადამიანი მიამბობდა, რომ ბავშვობაში მრავალი თვის განმავლობაში სთხოვდა ღმერთს, ებოძებინა მისთვის განსაკუთრებული უნარი, რომელიც მის ბაბუას ჰქონდა – ყოველ საღამოს გამოეღო კბილები პირიდან და წყლიან ჭიქაში შეენახა ისინი, და რაოდენ ბედნიერი იყო იგი შემდგომ, რომ ღმერთმა მისი სურვილი არ შეასრულა. ხშირად ჩვენი ლოცვა ისევე ბავშვურია, როგორც ეს, და, რასაკვირველია, ისინი აღუსრულებელი რჩება. ძალიან ხშირად დარწმუნებულნი ვართ, რომ სწორად ვლოცულობთ, მაგრამ ვლოცულობთ რაღაცის შესახებ, რაც სხვა ადამიანებსაც ეხება, მათ შესახებ კი არც ვფიქრობთ. როდესაც ჩვენთვის ზურგის ქარს ვითხოვთ, არ ვუფიქრდებით იმას, რომ ეს, შესაძლოა სხვებისთვის ზღვაზე ატეხილი ქარიშხალი აღმოჩნდეს; მაშინ ღმერთი არ ასრულებს ჩვენს სათხოვარს, რომელიც სხვებს ზიანს მოუტანს.

ამ ორი თვალსაჩინო მომენტის გარდა, არსებობს კიდევ საკითხი სხვა მხრივ, უფრო არსებითი და ღრმა: ხდება, რომ ჩვენ მთელი გულით ვლოცულობთ ღვთის წინაშე რაიმეს შესახებ, რომელიც ყველა თვალსაზრისით თითქოს ღირსია, რომ შესმენილ იქნას, მაგრამ მხოლოდ დუმილი გვაქვს პასუხად, ამის გადატანა კი გაცილებით მძიმეა, ვიდრე უარი. თუ ღმერთი გვეტყვის ”არა”, ეს მისი მხრიდან მაინც იქნება დადებითი რეაქცია, დუმილი კი თითქოს ღვთის არყოფნაა, და მას ორ განსაცდელთან მივყავართ: როდესაც ჩვენი ლოცვა უპასუხოდ რჩება, ჩვენ ეჭვი გვიპყრობს ან ღვთის, ანდა საკუთარი თავის მიმართ. ღმერთთან დამოკიდებულებაში ჩვენ ეჭვი გვეპარება არა მის ყოვლისშემძლეობაში, არა მის ძალაუფლებაში გააკეთოს ის, რაც შენ გსურს, არამედ მის სიყვარულში, მის მონაწილეობაში. ჩვენ ვითხოვთ, რაღაც ძლიან მნიშვნელოვანს, უფალი კი თითქოს ყურადღებას არ გვაქცევს; სად არის მისი სიყვარული, მისი თანაგრძნობა? ეს პირველი განსაცდელია.

არის მეორე განსაცდელიც. ჩვენ ვიცით, რომ თუ მდოგვის მარცვლისოდენა რწმენა მაინც გვექნება, მთებს გადავდგამდით ადგილიდან, და როდესაც ვხედავთ, რომ ადგილიდან არაფერი იძვრის, ვფიქრობთ: ”შესაძლოა, ეს ნიშნავს, რომ ჩემი რწმენა რაღაცით ბიწიერი და არაჭეშმარიტია?” ეს კვლავ არამართებულია და მასზე სხვა პასუხი არსებობს: თუ თქვენ ყურადღებით წაიკითხავთ სახარებას, დაინახავთ, რომ მასში მხოლოდ ერთი უპასუხო ლოცვაა. ეს არის ქრისტეს ლოცვა გეთსიმანიის ბაღში. მაგრამ, ამავე დროს, ჩვენ ვიცით, რომ თუკი ოდესმე მთელი ისტორიის მანძილზე ღმერთი ვინმეს ლოცვაში მონაწილეობდა, ეს, რასაკვირველია, სწორედ თავისი ძის ლოცვაში ჯვარცმის წინ; ვიცით ისიც, რომ თუ ოდესმე ყოფილა სრულყოფილი ლოცვის მაგალითი, ეს იყო სწორედ ის შემთხვევა. მაგრამ ღმერთმა ჩათვალა, რომ ღვთაებრივი ტანჯულის რწმენა საკმაოდ ძლიერი იყო იმისათვის, რომ დუმილი აეტანა.

ღმერთი არ პასუხობს ჩვენს ლოცვებს არა მხოლოდ მაშინ, როცა ისინი უღირსია, არამედ მაშინაც, როდესაც ის ჩვენში ისეთ სიღრმეს ხედავს, – სიღრმესა და რწმენის ძალას, რომ მას შეუძლია გვენდოს იმაში, რომ ჩვენ ერთგულნი ვიქნებით მისი დუმილის შემთხვევაშიც კი.

მახსოვს ერთი უკურნებელი სენით დაავადებული ქალი; მრავალი წლის განმავლოვაში ცხოვრობდა იგი ღვთის თანამყოფობის შეგრძნებით, შემდეგ კი უეცრად მისი არყოფნა იგრძნო – მართლაც რეალური არყოფნა. მაშინ მან მომწერა: ”თუ შეიძლება, ილოცეთ ღვთის წინაშე, უმჯობესია, რომ მე არასოდეს შევიქმნა ილუზია მისი თანამყოფობისა, რომ მივიღი მისი არყოფნა”. მისი რწმენა დიდი იყო. მას შეეძლო, ამ განსაცდელისათვის გაეძლო, და უფალმა გამოაცდევინა თავისი დუმილი და არყოფნა.

”შევვედრებ სულსა ჩემსა ხელთა შენთა, უფალო; ხოლო არა ვითარ მე მნებავს, არამედ ვითარცა შენ”

დაიმახსოვრეთ ეს მაგალითები, იფიქრეთ მათზე, რადგან ოდესმე თქვენ, შესაძლოა, აღმოჩნდეთ ასეთივე მდგომარეობაში.

მე ვერავითარ სავარჯიშოს ვერ მოგცემთ; მხოლოდ გახსოვდეთ, რომ უნდა გვქონდეს ურყევი რწმენა და ღვთის სიყვარული და როდესაც ასეთი განსაცდელი მოვა ჩვენთან, ვიმეოროთ ლოცვა, რომელიც ორი ფრაზისაგან შედგება, რომელიც თვით იესო ქრისტეს მიერაა წარმოთქმული: ”შევვედრებ სულსა ჩემსა ხელთა შენთა, უფალო; ხოლო არა ვითარ მე მნებავს, არამედ ვითარცა შენ”.

მე შევეცადე, თქვენთვის წარმოდგენა შემექმნა იმ მთავარი გზების შესახებ, რომლითაც ჩვენ ლოცვასთან უნდა მივიდეთ; მაგრამ ნიშნავს თუ არა ეს, რომ იმ ყველაფრის აღსრულებით, რაც მე შემოგთავაზეთ, თქვენ ლოცვას ისწავლით? რა თქმა უნდა, არა, რადგან ლოცვა მხოლოდ ძალდატანება როდია, რომელიც ჩვენ შეგვიძლია მაშინ, როდესაც ლოცვას ვაპირებთ; ლოცვამ ფესვი უნდა გაიდგას ჩვენს ცხოვრებაში, და თუ ჩვენი ცხოვრება ეწინააღმდეგება ჩვენს ლოცვას, ანდა ჩვენს ლოცვებს არაფერი აქვს საერთო ცხოვრებასთან, მაშინ ისინი არასოდეს იქნებიან არც ცოცხალნი და არც რეალურნი. რასაკვირველია, ჩვენ შეგვიძლია, თავი ავარიდოთ ამ სირთულეს, გამოვრიცხოთ ჩვენი ლოცვიდან ყველაფერი, რაც ჩვენს ცხოვრებაში ლოცვას არ შეესაბამება – ყველაფერი ის, რისაც ჩვენ გვრცხვენია ანდა საკუთარი თავის წინაშე უხერხულობის გრძნობას იწვევს, მაგრამ ეს არაფერს ცვლის.

მეორე სიძნელე, რომელსაც ჩვენ გამუდმებით ვხვდებით, მეოცნებეობაა: როდესაც ჩვენი ლოცვა სენტიმენტალურ გრძნობებს გამოხატავს და არა იმას, რაც ჩვენი ცხოვრებაა სინამდვილეში.

ამ ორი სიძნელიდან არსებობს ერთი საერთო გამოსავალი, კერძოდ: ცხოვრება ისე შევაერთოთ ლოცვასთან, რომ ეს იყოს ერთი მთლიანობა, ჩვენი ლოცვა ცხოვრებით აღვასრულოთ. ამაში ძალიან დიდ დახმარებას გვიწევს მზა ლოცვები, რომელთა შესახებაც მე უკვე გესაუბრეთ, რამეთუ ისინი ობიექტური, მკაცრი მაგალითია იმისა, როგორ უნდა ვილოცოთ. თქვენ შეგიძლიათ თქვათ, რომ ისინი ჩვენთვის არაბუნებრივია, ეს მართალია იმ აზრით, რომ ისინი გამოხატავენ განუზომლად დიადი ადამიანების ცხოვრებას, ვიდრე ჩვენ ვართ, ჭეშმარიტი ქრისტიანების ცხოვრებას; მაგრამ სწორედ იმიტომ შეგიძლიათ ისარგებლოთ მათით, რომ ეცადოთ გახდეთ ისეთივე ადამიანები, რომელთათვის ეს ლოცვა ბუნებრივია.

გახსოვდეთ ქრისტეს სიტყვები: შეევედრებ სულსა ჩემსა ხელთა შენთა. ისინი, რასაკვირველია, ჩვენი საკუთარი გამოცდილების საზღვრებს სცილდება; მაგრამ თუ ჩვენ ყოველდღიურად ვისწავლით, გავხდეთ ასეთი ადამიანები, რომლებსაც შეუძლიათ ეს სიტყვები გულწრფელად წარმოთქვან, მთელი თავისი სიმართლით, ჩვენი ლოცვა არა მხოლოდ რეალური გახდება, არამედ ჩვენ თვითონ გავხდებით რეალურნი, ახალ, ჭეშმარიტ რეალობაში გავხდებით ღვთის ძენი.

თუ თქვენ, მაგალითად, აიღებთ იმ ხუთ ლოცვას, რომელიც მე შემოგთავაზეთ, თუ თქვენ ერთმანეთის მიმდევრობით აიღებთ თითოეულს ამ თხოვნათაგან, თუ შეეცდებით, ისინი დევიზად აქციოთ მთელი დღის განმავლობაში, დაინახავთ, რომ ლოცვა თქვენი ცხოვრების საზომი გახდება, იგი თქვენ ცხოვრების საფუძველს მოგცემთ, მაგრამ თქვენი ცხოვრებაც თქვენივე მსაჯული გახდება, გამხელთ სიცრუეში, როდესაც წარმოთქვამთ ამ სიტყვებს, ანდა პირიქით, დაადასტუებს იმას, რომ თქვენ მათი ერთგულნი ხართ. აიღეთ თითოეული ლოცვის ყოველი ფრაზა, გამოიყენეთ იგი როგორც წესი, ყოველდღიურად, კვირიდან კვირამდე, სანამ არ გახდებით ისეთი ადამიანები, რომელთათვისაც ეს სიტყვები თვითონ ცხოვრებაა.

ახლა უნდა დავშორდეთ. ძალიან მოხარული ვარ, რომ ფიქრით გესაუბრეთ, ჩვენ გვაერთიანებს ლოცვა და საერთო ინტერესი სულიერი ცხოვრების მიმართ; და იყოს უფალი ღმერთი ჩვენი თითოეულ თქვენთაგანთან და ჩვენს შორის უკუნითი უკუნისამდე.

სანამ დავშორდებოდეთ, მე ვთავაზობ მკითველს, ჩემთან ერთად წარმოთქვას ერთი მოკლე ლოცვა, რომელიც შეგვაერთებს ღვთის ტახტის წინ:

”უფალო, არა ვუწყი, რაი ვითხოვო შენგან! შენ მხოლომან უწყი, რაი ვითხოვო შენგან! შენ მხოლომან უწყი, რა არს ჩემდა სახმარ, გაქუს შენ სიყვარული ჩემი უფროის, ვიდრეღა ძალმიძს მე სიყვარული თავისა თვისისა.

მამაო! მეც მონასა შენსა – რაიცა არღარა მე ვუწყი, რაი ვითხოვო, არა თავს ვიდებ კადნიერებასა თხოვად ჯვარისა, გინა ნუგეშინისცემასა. მხოლოდღა წარდგომილ ვარ წინაშე შენსა და გული ჩემი განხმულ არს. ხედავ შენ საჭიროებას ჩემსა, რომელსა მე ვერ ვხედავ.

ხედვიდე და იქმოდე ჩემთან მოწყალებისაებრ შენისა! მომწყლავდე და განმკურნებდე მე, დამცემდე და აღმადგინებდე. ვჰკრთი და უსიტყველ ვიქმნები წინაშე წმიდისა ნებისა შენისა და მიუწვდომელისა განგებულებისა შენისა.

თავსა თვისსა მსხვერპლად შენდა შემოვსწირავ, მიგენებები შენ. არარაი მაქუს სურვილი, გარნა სურვილისა, აღვასრულო ნება შენი.

მასწავლე მე ლოცვაი – თვით შენ ილოცვიდე თავსა შორის ჩემსა.

ამინ”.

(მიტროპოლიტი ფილარეტ მოსკოველი)

თარგმნა ხათუნა რაქვიაშვილმა
გაზეთი ”საპატრიარქოს უწყებანი”, № 32, 2003 წ.


orthodoxy.ge





აჭარის მიწა-წყლის შვილი - ქართული ეკლესიის წმინდანი.

  ქართული მართლმადიდებელი ეკლესია 30 აგვისტოს აღნიშნავს ტბელი აბუსერიძის ხსენების დღეს.

წმიდა ტბელი აბუსერიძე ცხოვრობდა და მოღვაწეობდა XIII საუკუნეში. წმიდანის მამა ივანე ზემო აჭარის ერისთავთ-ერისთავი თურქებთან ბრძოლაში დაიღუპა. დაქვრივების შემდეგ წმიდა ტბელის დედა მონაზვნად აღიკვეცა ეკატერინეს სახელით. წმიდა ტბელს ორი ძმა ჰყავდა აბუსერი და ვარდანი, რომელნიც მისი დროის ცნობილი მოღვაწენი იყვნენ.

წმიდა ტბელმა შესანიშნავი განათლება მიიღო. მან, როგორც ჰიმნოგრაფმა, პროზაიკოსმა, ასტრონომმა, საეკლესიო მუსიკათმცოდნემ და საერთოდ ღრმა მეცნიერული აზროვნებით გამორჩეულმა მწიგნობარმა წარუშლელი კვალი დაამჩნია ქართული კულტურის ისტორიას.

მან ზემო აჭარაში სოფელ ხიხანში ააშენა წმიდა გიორგის ეკლესია - იქ შეიქმნა მისი თხზულებების უმეტესი ნაწილი. წმიდა ტბელს ინტენსიური კულტურული ურთიერთობა ჰქონდა გელათის აკადემიასთან.

წმიდა ტბელის ჰიმნოგრაფიული კრებული „გალობანი წმიდისა იოანე ნათლისმცემლისანი, წმიდისა იოანე მახარებლისა და წმიდისა იოანე ოქროპირისანი“ ავტორს წარმოაჩენს, როგორც მსოფლიო დონის მეცნიერსა და ღვთისმეტყველს.

ცნობილია წმიდა ტბელ აბუსერიძის ჰაგიოგრაფიული ჟანრის თხზულება „ახალნი სასწაულნი წმიდისა მთავარმოწამისა გიორგისანი“, რომელიც მნიშვნელოვანია მისი ისტორიული ღირებულებითაც, იგი გვაწვდის ცნობებს ფეოდალური ეპოქის საქართველოს ერთ-ერთი უძველესი საგვარეულოს, აბუსერიძეთა მოღვაწეობის და მათი კულტურულ-აღმშენებლობითი საქმიანობის შესახებ.

ტბელი აბუსერიძე ცნობილია როგორც წმიდა და ღმერთშემოსილი მამა. საქართველოს სამოციქულო ეკლესიის მიერ წმიდა ტბელის კანონიზაციით სამუდამოდ დაკანონდა მისი, როგორც წმიდა მამის პატივისცემა და დაფასდა მისი უდიდესი ღვაწლი.

georoyal.ge

მამა თეოდორე - მარიამობა 28.08.2013წ



четверг, 29 августа 2013 г.

საუბარი ათეიზმზე

მიტროპოლიტი ანტონ სუროჟელი

ათეიზმი, როგორც „ცდისეული ცოდნა“, უვიცობაა. იდეოლოგიური ათეიზმი, ვთქვათ, ათეიზმის ფილოსოფია, შეიძლება მიღებული აღზრდის შედეგი იყოს. მაგრამ, როდესაც ადამიანი ამბობს: ღმერთის შესახებ არაფერი ვიცი და ამიტომაც არ შეიძლება არსებობდესო, ეს უკვე მეტისმეტად პრიმიტიული მიდგომაა. მე შეიძლება ბრმა ან ყრუ ვიყო, არაფერი ვიცოდე მუსიკის ან ხილული სამყაროს არსებობაზე, მაგრამ ეს არ ამტკიცებს, რომ ის არ არსებობს. ამას ართულებს ისიც, რომ ბოროტი ნების ან თავად დაბრმავებული ადამიანები (სხვა მიზეზებიც არსებობს: მე თქვენ ერთ საინტერესო მაგალითს მოგიყვანთ) სხვებსაც უღობავენ გზას რწმენისაკენ, უბრალოდ, ცდილობენ, ჩაკლან რწმენის უნარი, დაჰყავთ რა რწმენა რომელიღაც რელიგიურ მდგომარეობამდე, მაშინ როცა რწმენა გაცილებით დიდ სივრცეებს უნდა მოიცავდეს.

მაგრამ ზოგჯერ ადამიანი ურწმუნოებას არჩევს მხოლოდ იმიტომ, რომ ეს ერთადერთი საშუალებაა სინდისის ქენჯნისაგან თავდასაცავად. მაგონდება ერთი გონიერი, გამჭრიახი, განათლებული პარიზელი მღვდლის მონათხრობი. ეს ადამიანი ოდესღაც „უღმერთო“ იყო, ანუ ღმერთის გარეშე ცხოვრობდა და ფიქრობდა ჩემსავით განათლებულმა და განვითარებულმა კაცმა ღმერთზე როგორ უნდა იფიქროსო. ერთხელ ერთ მოძღვართან საუბრობდა. ეს უბრალო, სოფლის მღვდელი, ართუ დიდი განათლებით გამორჩეული, რუსეთიდან ემიგრაციაში აღმოჩენილი, დიდხანს უსმენდა და ბოლოს ორი რამ უთხრა: „ჯერ ერთი, არც ისე მნიშვნელოვანია, რომ ღმერთი არ გწამს – მას ამით არაფერი აკლდება, გასაკვირი ისაა, რომ ღმერთს სწამს შენი… და მეორე, საშა, წადი სახლში და იფიქრე, რა მომენტში და რატომ დაკარგე რწმენა, რა მომენტში დაგჭირდა, რომ ღმერთი არ არსებულიყო…“

საშა შინ დაბრუნდა; საკითხის ასე დაყენებამ საგონებელში ჩაადგო: ის ხომ ელოდა, ახლა მისიონერულ ქადაგებას დამიწყებს ან რაღაცა ტრაქტატების წაკითხვას მირჩევსო. ამის მაგიერ კი უთხრეს: წადი და შენს თავში გაერკვიეო. შემდგომში ყვებოდა: თავიდან მიზეზებს პარიზის ღვთისმეტყველების ინსტიტუტში სწავლის პერიოდში ვეძებდი, შემდეგ რევოლუციამდე რუსეთში სწავლის ხანაში, შემდეგ კიდევ სადღაც, მაგრამ ვერაფერს მივაგენი და ბოლოს იმ დრომდე მივედი, ექვსი წლისა რომ ვიყავიო. ის რუსეთის ერთ-ერთ ქალაქში ცხოვრობდა, საყვარელი ბიჭუნა იყო, ყოველ კვირას ტაძარში დადიოდა და დიდად ღვთისმოსავ ბავშვად ითვლებოდა; მივიდოდა ეკლესიაში, პირჯვარს გამოისახავდა, წინ დადგებოდა და ლოცულობდა. ყოველ კვირას მას თითო კაპიკს აძლევდნენ, რომელიც გზად უსინათლო გლახაკის ქუდში უნდა ჩაეგდო; ისიც აგდებდა ხოლმე და ტაძარში იმ შეგრძნებით შედიოდა, რომ სიკეთე გააკეთა, სიყვარული, ყურადღება გამოავლინა და ახლა შეეძლო უფალს სუფთა სინდისით მიახლებოდა… ერთხელ, შობის წინა დღეებში, დედასთან ერთად ქალაქში სეირნობდა, ამ დროს ერთ მაღაზიაში თვალი მოჰკრა საოცარ ხის ცხენს, რომელიც 6 კაპიკი ღირდა. დედას სთხოვა მიყიდეო, მაგრამ უარი მიიღო. შინ ძლიერ გულნატკენი დაბრუნდა. შემდეგ კვირას, როცა ეკლესიისაკენ მიმავალი გლახაკს გაუსწორდა, გაიფიქრა: თუ 6-ჯერ არ მივცემ თითო კაპიკს, ცხენის ყიდვას შევძლებო, – და კაპიკიანი შეინახა. ასე მოიქცა 4-ჯერ, მეხუთედ კი იფიქრა: მოდი, ერთ კაპიკს მოვპარავ და ცხენს უფრო ადრე ვიყიდიო და უსინათლოს კაპიკიანი ამოაცალა. ამის შემდეგ ტაძრისაკენ გასწია,მაგრამ იგრძნო, რომ წინ დგომა აღარ შეეძლო: ღმერთმა რომ დამინახოს? შეშინდა და ერთ მიყრუებულ კუთხეში მიიმალა. იმ დღეს შინ ძიძაც გაჰყვა, რომელმაც მის მშობლებს უამბო, როგორ მოიქცა ბავშვი ტაძარში. მშობლებმა ეს ოპტიმისტურად გაიგეს და აღფრთოვანდნენ. მათ იფიქრეს: აქამდე ჩვენი შვილი პატარა იყო, ტაძარში წინ ამიტომაც დგებოდა; ახლა დაფიქრდა, საკუთარ სულში ჩაიხედა, უფალში მისი ცხოვრება უფრო ფარული ხდება, განმარტოებულ ადგილს ეძებს, რომ უხმოდ შეძლოს ღმერთის ჭვრეტაო. საშა კი გრძნობდა, რომ საქმე ძალიან ცუდად იყო და რომ ღმერთს უნდა დამალვოდა. იმ ხანებში უფროსი ძმა დაბრუნდა უნივერსტეტიდან, სადაც უღვთო სწავლება მიეღო და დაუწყო მტკიცება – ღმერთი არ არსებობსო. საშა მეუბნებოდა: „სწორედ ამას მოვეჭიდე: თუ ღმერთი არ არსებობს, მაშინ არაფერია, რომ კაპიკიანი მოვიპარე და არც ის, რომ 5 კაპიკი არ გავეციო…“ და ასე შევიდა მასში „უღმერთობა“. სწავლება იმაზე, რომ ღმერთი არ არსებობს, მისთვის სინდისისაგან თავდაცვის ერთადერთი საშუალება გახდა.

ასე რომ, როცა ადამიანი ამბობს: „ურწმუნო ვარო“, ან „ღმერთი არ არსებობსო“, ყოველთვის ფილოსოფიური კუთხით არ უნდა მიუდგეთ, ზოგჯერ შეიძლება, უბრალოდ, ჰკითხოთ: საიდან მოდის ეს? თუმცა ყოველთვის არ შეიძლება ისე დააყენო საკითხი, როგორც მამა ვასილმა საშას შემთხვევაში.

რაღაც აზრით, უღმერთობა მეცნიერული უვიცობაა, უარის თქმაა რეალობის სრულად შემეცნებაზე. მაგრამ ასევე არამეცნიერულია ამის თქმაც: ჩემთვის მუსიკა არ არსებობს, და ამიტომ ის არც არისო… არ შეიძლება ურწმუნოს საკითხი ასე დაუყენო, რადგან მართლაც არსებობს მდიდარი მასალა, რითაც მოგიგერიებს. მაგრამ უღმერთობა, არსებითად, ნიშნავს არ გსურდეს აღიარო თუნდაც ცალკეულ ადამიანთა ისტორია, რომლებიც ამბობენ: ვიცი…

ასეთები მეცნიერთა შორისაც უამრავია.


თარგმნა ნინო ბოხუამ

orthodoxy.ge

ბავშვების ქრისტიანულად აღზრდის შესახებ.

მიტროპოლიტი ანტონ სუროჟელი


დარწმუნებული ვარ, ბავშვების აღზრდა ყოველ ადამიანს შეუძლია, რომელსაც ესმის მათი და შეუძლია გადასცეს რწმენა - არა მხოლოდ გონისმიერი ცოდნა რელიგიურ თემების შესახებ, არამედ საკუთარი გულის სიმხურვალე და პირადი ხედვა ღვთისაკენ მიმავალი გზისა. ვფიქრობ, იდეალური შემთხვევაა, როდესაც ამით მშობლები არიან დაკავებულნი ან ის ადამიანები ეკლესიაში, რომელთაც ეს ხელეწიფებათ. არსებობს ოჯახები, რომელთა ბავშვებიც კარგად არიან მართლმადიდებლურად აღზრდილნი, მაგრამ ზოგადად მშობლებისთვის გაცილებით რთულია ბავშვის განსწავლა, ვიდრე მღვდილისთვის, რადგან სასულიერო პირს ყრმა სხვაგვარად უსმენს. სამწუხაროდ, საკმაოდ რთულია სასულიერო პირისთვის ბავშვების აღზრდით დაკავდეს, რადგან მას სხვა მრავალი ვალდებულება აკისრია.

ქრისტიანად ჩამოყალიბებამდე ადამიანი უნდა იყოს უბრალოდ ადამიანი. მათეს სახარების 25-ე თავში, ცხვრებისა და თიკნების შესახებ იგავში საკითხი ნათლად არის დაყენებული: იყავი თუ არა ადამიანური, გაიზარდე თუ არა ნამდვილი ადამიანის დარად? მხოლოდ მაშინ შეძლებ აღმოცენდე უფალთან თანაზიარობაში. ამიტომ ბავშვს უნდა ვასწავლოთ სიმართლე, ერთგულება, სიმამაცე, ის თვისებები, რომლებიც მისგან ჭეშმარიტ ადამიანს გამოძერწავენ და, რა თქმა უნდა, თანაგრძნობა და სიყვარული.

რაც შეეხება რწმენას, ბავშვმა ცოცხლად უნდა აღიქვას ღმერთი - მას უნდა მივაწოდოთ არა ფორმალური ცოდნა, არამედ შევძლოთ, დავანახოთ ის ცეცხლი, რომელიც მაცხოვარმა მიწაზე მოიტანა, რათა მთელი დედამიწა ან, ყოველ მვმთხვევაში, ყოველი მორწმუნე გამხდარიყო შეუწველი მაყვალი, რომელიც იწვის, არის სინათლე, სითბო, შთაგონება სხვა ადამიანებისთვის. ამისთვის კი საჭიროა, ყრმას თავისი ცხოვრებისეული მაგალითით შევაცნობინოთ ცოცხალი ღმერთი. სულიერი მოძღვარი მეუბნებოდა: „არავის ძალუძს განერიდოს ქვეყნიერებას და მიეახლოს მარადისობას, თუ ერთი ადამიანის თვალებში მაინც ვერ დაინახავს მარადიული ცხოვრების ნათებას..." ამ ყველაფრის მიწოდებაა საჭირო: ცოცხალი ღმერთის, ცოცხალი რწმენის, სხვა დანარჩენი თავისთავად მოვა.

ნამდვილად არ ვარ აღფრთოვანებული, როცა ბავშვებს მეთოდურად ასწავლიან, როგორ მიედინებოდა, მაგალითად იესო ქრისტეს ცხოვრება. ბავშვებს სჭირდებათ არა ცოდნა როგორც ასეთი, არამედ ის, რაც იოლად მივა მათთან. მათთვის საჭიროა ცოცხალი კონტაქტი, რომელიც სულს აათრთოლებს და შთააგონებს. საჭიროა ისტორია არა როგორც ისტორია. დაე ამბები იყოს დაშორიშორებული - თავის დროზე ისინი აუცილებლად დაიმკვიდრებენ თავის ადგილს. დასაფასებელია, რომ ხშირად ბავშვებმა მეტი იციან უფლისა და საღვთო საიდუმლოებების შესახებ, ვიდრე მათმა მშობლებმა, რომლებმაც უნდა გაითავისონ, რომ არ შეუშალონ ხელი ამ ცოდნას, არ გადააქციონ ბუნებითი ცოდნა გონებრივ კატეხიზასად. არანაირად არ მინდა ჩირქი მოვცხო კატეხიზისს, უბრალოდ ხშირად ბავშვმა იცის - მას კი აძალებენ ფორმულირება მოახდინოს. როგორც კი ამ შინაგან ცოდნას უგულებელჰყოფენ და რაიმე ფრაზის დაზუთხვას აიძულებენ, იმ მომენტიდან იწყებს კვდომას ყველაფერი.

ზემოთაც აღვნიშნე, რომ სახარებისეული ფაქტების უბრალოდ ცოდნა სარგებლის მომტანი არ არის. ცხადია, როცა ვინმე გიყვარს, ისიც გაინტერესებს, თავს რა გადახდა, მაგრამ ჯერ უნდა შეიყვარო, მერე კი ფაქტები შეაგროვო. პარიზში, რუსულ გიმნაზიაში ჩატარებული საღვთო სჯულის ლექციები მახსენდება: ბავშვებს უფალი იესო ქრისტეს ცხოვრების შესახებ უამბობდნენ, შემდეგ კი სავალდებულო იყო ტროპარისა ან სახარებიდან რაიმე ამონარიდის დასწავლა. ეს ყველაფერი „უნდა" გაკეთებულიყო, ამაში იწერებოდა ნიშნები, არითმეტიკისა და ბუნებისმეტყველების მსგავსად. ეს მეთოდი ღუპავდა ცოცხალ აღქმას. აქვს კი რაიმე მნიშვნელობა რომელი თანამიმდევრობით რა მოხდა?

მეორე მხრივ, სახარებისეული ფაქტები თუ ამბები ისეთი ინტერესითა და სილამაზითაა აღსავსე, რომ თუ მიზნად დავისახავთ არა დაზეპირებას, არამედ ბავშვების ამ სასწაულთან ზიარებას, შესაძლოა რაღაც გამოვიდეს.

პირადად მე მორწმუნე ბავშვი არ ვყოფილვარ, თხუთმეტ წლამდე ჩემთვის ღმერთი არ არსებობდა. ამიტომ არ ვიცი, რა ხერხებს მიმართავენ, რომ ბავშვი რწმენით გაიზარდოს. ამიტომაა, რომ პატარა ბავშვების აღზრდას ხელს არ ვკიდებ, ამას ვიწყებ პერიოდიდან, როდესაც მათთან მსჯელობაა უკვე შესაძლებელი. ერთი კი დანამდვილებით ვიცი, ბავშვზე უნდა ვილოცოთ. ორსული ქალი აუცილებლად უნდა ლოცულობდეს, აღსარებას ამბობდეს, ეზიარებოდეს, რადგან ის, რაც მის თავს ხდება, ვრცელდება ნაყოფზეც. როცა ბავშვი უკვე გაჩენილია, მისთვის უნდა ვილოცოთ. ხოლო რაც შეეხება ერთობლივ ლოცვას, მგონია, რომ სათანადო ლოცვის შერჩევაა საჭირო (დასაშვებია შეთხზვაც), რომელიც მიაღწევს არა ყველა, არამედ იმ კონკრეტულ ბავშვის გულამდე. რითი არსებობს, რა გზით შეუძლია ღმერთთან საუბარი - ეს მხოლოდ მშობლებმა იციან, რადგან კარგად უწყიან, როგორ საუბრობს ბავშვი მათთან. ხშირად ვახერხებთ ხოლმე დიდი სიხარულის უსიამოვნო მოვალეობად გადაქცევას. მახსოვს, ერთხელ ეკლესიისკენ მიმავალმა, გზად ლოსკებთან შევიარე (ჩვენ პარიზში ერთ ქუჩაზე ვცხოვრობდით). ემზადებიან, ჩააცვეს სამ ბავშვს, მეოთხე დგას და ელოდება, მაგრამ მას არ აცმევენ. იკითხა: „მე?" მამამ კი უპასუხა: „შენ ამ კვირაში ისე იქცეოდი, რომ ეკლესიაში არაფერი გესაქმება! ასეთი ქცევა არ შეეფერება ქრისტიანს. ახლა კი იჯექი სახლში..."

ჩვენ კი ხშირად საპირისპიროდ ვიქცევით; ვაძალებთ: „წამოდი, წამოდი, მოინანიე, უთხარი მოძღვარს..." საბოლოოდ, უფალთან შეყრა გადაიქცევა ხოლმე ვალად, აუცილებლობად და საშინელი სამსჯავროს ძალიან უსიამოვნო კარიკატურად. თავიდან ბავშვს შთააგონებენ, რა საშინელი და საშიში იქნება მისთვის ცოდვების აღიარება, შემდეგ კი იქ იძულებით აგდებენ. ვფიქრობ, ეს ცუდია. ჩვენთან შვიდი წლის ბავშვები ამბობენ აღსარებას, ხან ოდნავ პატარებიც მოდიან, ოდნავ დიდებიც, გამომდინარე იქიდან, მიაღწიეს თუ არა იმ ასაკს, როდესაც საკუთარი ქმედებების შეფასება შეუძლიათ. ხანდახან ბავშვს საკუთარი შეცოდებების გრძელი ჩამონათვალი მოაქვს. არადა ცოდვები დედიკომ ჩამოუწერა, თან ისეთები, თვითონ რომ აღიზიანებს. ბავშვი კი კითხვაზე - „შენ ნამდვილად გრძნობ, რომ ეს ცოდვაა?" - შემოგხედავს და გიპასუხებს - არას. „და რატომ ამბობ აღსარებაში?" - „დედამ მითხრა"...

სწორედ ეს, ჩემი აზრით, არ უნდა გავაკეთოთ. ისეთ მომენტს უნდა დაველოდოთ, როცა ბავშვს უკვე გააჩნია რაიმე სახის ზნეობრივი წარმოდგენები. პირველ აღსარებაზე არ ვსვამ კითხვას, რა რაოდენობით, რითი და როგორ შესცოდა. (ჩემი თავი მისაბაძ მაგალითად კი არ მომყავს, უბრალოდ გიამბობთ საკუთარ გამოცდილებას). დაახლოებით ასე მივმართავ: „აი, შენ უკვე დიდი ბიჭი გახდი (ან დიდი გოგო). ქრისტე ყოველთვის შენი ერთგული მეგობარი იყო, უბრალოდ ადრე შენ ამას აღიქვამდი, როგორც ბუნებრივსა და დამსახურებულ ამბავს. ახლა როდესაც გარკვეულ ასაკს მიაღწიე, შეგიძლია, შენი მხრივ, გახდე ერთგული მეგობარი. რა იცი ქრისტეს შესახებ, რა გიზიდავს მასში?... „ბავშვი სხვადასხვა ვარიანტებს ჩამოთვლის ხოლმე, თუ რა მოსწონს ან რა აღელვებს. მე ვპასუხობ: „ესე იგი შენ უგებ მას, გიყვარს და შეგიძლია, ისეთივე ერთგული და ლოალური იყო, როგორც შენი სკოლის მეგობრების ან მშობლების მიმართ. შეგიძლია, მოძებნო ხერხი მის გასახარებლად. რითი შეგიძლია სიხარული მიანიჭო? არსებობს ისეთი ქმედებებიც, რომლებიც მისთვის მტკივნეული იქნება..." ბავშვები ხშირად თვითონვე ამბობენ რაღაცას, თუმცა შესაძლებელია უკარნახო მაგალითად - „შენ ცრუობ? თამაშებში იტყუები?..." ამ სტადიაზე არასდროს ვეხები მშობლების დაჯერების თემას, რადგან ამ ხერხს ისინი ხშირად იყენებენ. ბავშვის დასამონებლად ღმერთს იშველიებენ, როგორც უკიდურეს ძალას, რომელიც ამ უკანასკნელზე გავლენას მოახდენს. ვცდილობ, ბავშვებმა მშობელთა მოთხოვნები და პირადი მიმართება ღვთისადმი ერთმანეთში არ აურიონ. შესაძლებელია სხვადასხვაგვარი საკითხების შეთავაზება, გამომდინარე იქიდან, როგორია ეს ბავშვი და დაახლოებით ასეთი მიმართვა: „აი, ყოჩაღ! გაახარე უფალი იმით, რომ ამა თუ იმ ცუდ საქციელს აღარ გაიმეორებ, ან ეცდები, არ გაიმეორო და თუ მაინც შეცდები, მაშინ მოინანიე და თქვი: „უფალო, მომიტევე! ვერ გამოვიჩინე სათანადო მეგობრობა, მოდი შევრიგდეთ!..." და მიდი აღსარებაზე, რომ მოძღვარმა გითხრას: „რადგან ნანობ, უფლის სახელით შემიძლია მოგმართო, რომ ის გპატიობს. მაგრამ დაფიქრდი, რა დასანანია, რომ ასეთი ლამაზი მეგობრობა გაიბზარა..."

ბავშვის მარხვა გონივრულად უნდა წარვმართოთ, რომელიც უაზრო ტანჯვად კი არ გადაიქცევა, არამედ ექნება აღმზრდელობითი დატვირთვა. უფრო მნიშვნელოვნად მიმაჩნია მარხვის რაიმე ზნეობრივი მიღწევით დაწყება. უნდა შევთავაზოთ არა საკვების, არამედ მისი სისუსტეების შეზღუდვა. ბავშვი მარხვის დროს ამა თუ იმ უარყოფითი მიდრეკილებების დამარცხებით, საკუთარ თავზე დაუფლებით, თავდადებას უნდა ამტკიცებდეს ღვთისადმი. მარხვის გართულება ეტაპობრივად უნდა მოხდეს, ბავშვის შესაძლებლობების მიხედვით. ნათელია, რომ არაა აუცილებელი ხორცის ჭამა. ვეგეტარიანელები არ ეკარებიან ხორცს, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ცხოვრობენ და იზრდებიან. მცდარია აზრი, რომ ბავშვს ხორცის გარეშე არ შეუძლია, მაგრამ აუცილებელია ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებაც.]

თარგმნა თამარ ხოსროშვილმა
გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი", № 38, 2008 წ.

 
orthodox.do.am.

არიან ისეთებიც, რომლებსაც არა სჯერათ

ზეციურ ანგელოზთა მხედრობისა და ბოროტ სულთა ლეგიონების არსებობისა. ეს ეჭვი განსაკუთრებით გავრცელებულია „განათლებულთა“ შორის. მათი წყალობით სირცხვილად ითვლება ჩვენს დროში ბოროტ სულთა რეალურად არსებობის აღიარება. ჩვენი ცხონების მტერსაც ეს უნდა. თუ არ არსებობს ბოროტ მანქანებათა გავლენა, მაშ ვისგან და რატომ უნდა დავიცვათ თავი ცხოველსმყოფელი ჯვრით, ნაკურთხი წყლითა და იესოს ლოცვით?



არქიმანდრიტი იოანე კრესტიანკინი





რა კვებავს ადამიანის თვითგანდიდებას?

კაცობრივი ლიქნი. ზოგჯერ, როცა პირში გვაქებენ, ყასიდად დავიმორცხვებთ ხოლმე, მაგრამ როგორ უნდა ჩვენს პატივმოყვარეობას, რომ ზურგს უკანაც ფიქრობდნენ ჩვენზე კარგად. ამის ნიადაგზე ამოიზრდება კიდევ ერთი ვნება – პირფერობა, ფარისევლობა, ანუ ისეთი ადამიანის როლის თამაში, როგორიც სინამდვილეში არა ხარ, მაგალითად როცა ანგარების მიზნით, სხვის დასანახად აკეთებ კეთილ საქმეს. ასეთი საქმე უსარგებლოა და უფლის რისხვასაც იმსახურებს. ვაი თქვენდა, მწიგნობარნო და ფარისეველნო. შეიძლება შეიმოსო ძაძებით, ოფლი ღვარო მეტანიებით, მთელი ქონება დაარიგო და ყოველივე ეს სხვის დასანახად, ქება–დიდების მოსახვეჭად აღასრულო, რათა მით განიცადო თვითტკბობა, მაგრამ ამით სული ვერანაირ სარგებლობას ვერ მიიღებს. თვით უმცირესი შესაწირავიც კი გაეცი დაფარულად. თქვი თუნდაც მოკლე ლოცვა, ოღონდ არა სხვის დასანახად, თუნდაც ერთი ცრემლი სინანულისა, ოღონდ არა სხვის დასანახად გადმოდენილი, აღემატება პირფერობით ჩადენილ ქველმოქმედებასა და ღვაწლს.



არქიმანდრიტი იოანე კრესტიანკინი




ნუ იფიქრებთ, რომ მხოლოდ სხვები არიან ცოდვილები,

ჩვენ კი, მადლობა ღმერთს არ ვჯადოქრობთო. ვისაც ოდესმე მკითხავისთვის მიუმართავს, შელოცვით უმკურნალია, ან თვითონ შეულოცავს ვისმესთვის, ანდა ურჩევია – მიმართე მკითხავსო, არანაკლებ შეუცოდავს, ვიდრე თვით ჯადოქარს, ვინაიდან დაუტოვებია რწმენა უფლის ძალისა და შემწედ დაუსახავს გრძენული. ზოგი იტყვის: „ის ხომ ლოცვას წარმოთქვამდა და პირჯვარსაც ისახავდა?“ ყური უგდეთ, რას ამბობს წმინდა მამა იოანე ოქროპირი: „წმინდა სამების სახელსაც წარმოთქვამენ მისნობისას, წმინდანებსაც მოიხმობენ და ჯვარსაც სახავენ. განეშორეთ მათ“. ვინც გრძნეულს მიმართავს, ეკლესია ხუთი–ექვსი წლით განაყენებს მას წმ. ზიარებისაგან. ეკლესიის მიერ სნეულებათა და უძლურებათაგან საკურნებლად დადგენილი გვაქვს ისეთი საიდუმლო, როგორიცაა ზეთისცხება; გვაქვს აგრეთვე უდიდესი სიწმინდე – ნაკურთხი წყალი, არტოსი (სააღდგომო პური), და ბოლოს – ზიარების საიდუმლოთი ვუერთდებით თვით უფალს.



არქიმანდრიტი იოანე კრესტიანკინი







ვის არ უნდა, რომ საკუთარი შვილი კარგად აღზარდოს,

მაგრამ ამას ბევრი ვერ ახერხებს, რადგან ცოტას თუ ესმის, როგორი სული შეესატყვისება თანამედროვეობას. ჩვენი ეპოქა ტექნიკის სულით არის გაჯერებული, სახელმწიფო გადატრიალებებით, მოჩვენებითი ჰუმანიზმით, ნელ-თბილი სარწმუნოებით, ბოროტებასთან ფარული კავშირით. ჩვენ კი სულ სხვა სული მოგვეთხოვება, უფლის მიერ აღძრული, სული ბოროტების წინააღმდეგ მეამბოხე. აღზრდაში ეს ახალი სული უნდა შევიტანოთ, ქვეყნიერებამ თავისუფლად რომ ამოისუნთქოს და ყოველგვარი ბოროტება განიდევნოს. ახალმა სულისკვეთებამ ყველგან უნდა შეაღწიოს და გააძევოს უწმინდური სული, რომლითაც ჩვენი ახალგაზრდობა ამ ტექნიკური პროგრესის ეპოქაში საზრდოობს.



წმ. ნიკოლოზ სერბი(ველიმიროვიჩი)




მშობლის წყევლა საშინელი რამ არის.

 ვაი მას, ვინც თავისი საქციელით თავს დაიტეხა მშობლის წყევლა, მაგრამ ვაი მის მშობელსაც, რომელმაც დაწყევლა თავისი შვილები. იქნებ ვინმემ მრისხანების ჟამს თავისი შვილი ბოროტ ძალას გაუგზავნა? ჩვენ ხომ უხილავად გვაკრავს გარს ავი და კეთილი სულების მთელი სამყარო. თქვენს მიერ დაუფიქრებლად წამოსროლილი სიტყვით ხომ თქვენვე აგდებთ საკუთარი შვილის სულს ბოროტის ხელში. შეინანეთ, შესთხოვეთ უფალს პატიება, რომ თქვენი წყევლა წარიშალოს ღმრთის გულმოწყალების ძალით და არა ევნოს რა შვილებს.



არქიმანდრიტი იოანე კრესტიანკინი






ქრისტიანისათვის ხსნის სამი პირობა არსებობს:

წმ. იოანე ოქროპირი ამბობს, რომ ქრისტიანისათვის ხსნის სამი პირობა არსებობს: 1. არ შესცოდოს; 2. შეცოდებისას შეინანოს; 3. ვინც ცუდად ინანიებს, მან დაითმინოს კიდეც განსაცდელი; ვინ იტყვის, რომ მთელი გულწრფელობით ინანიებს? საკუთარ ცოდვათა გამო მიღებული სასჯელისაგან განთავისუფლების გზა არის მონანიება. მონანიების სიძლიერე უნდა უთანაბრდებოდეს ჩადენილი ცოდვის ხარისხს. თუკი არა გვაქვს საკმარისი შეგნება ცოდვისა , არა გვაქვს ძალა ღრმა და ქმედითი მონანიებისა, მაშინ კეთილი ვინებოთ და დავითმინოთ ჩვენ თავზე მოვლენილი განსაცდელი, მადლობა შევწიროთ უფალს მისი მომადლებისათვის, რამეთუ ეს არის ნიშანი უფლის ზრუნვისა.



არქიმანდრიტი იოანე კრესტიანკინი





გიფიქრიათ თუ არა, რატომ გავხდით ასეთი წყენიები?

ყოველივე ეს ჩვენს გულებში სიმშვიდისა და სიმდაბლის არარსებობის გამოა; წყენა წარმოიქმნება „თვითშეფასებისაგან“. „თითოეული ჩვენგანი მეტად მაღალ შეფასებას აძლევს საკუთარ თავს და ამიტომაც, როდესაც ვინმე გაბედავს და სათანადო პატივს არ მოგვაგებს, წყენის ცრემლი გვერევა, ვჩხუბობთ და სამაგიეროს გადახდას ვცდილობთ“ (ღირსი მამა თეოფანე დაყუდებული). „თვითშეფასება“ არის სწორედ ის, რაც უნდა ამოვიძირკვოთ ჩვენი სულიდან და შორს მოვისროლოთ. ეპისკოპოსი თეოფანე ამბობს, რომ თუ ეს განვახორციელეთ, მაშინ სულში წარმოიქმნება გარკვეული საყრდენი შინაგანი სიმშვიდისათვის. ჩვენ გვგონია იმიტომ გვწყინს, რომ განსაკუთრებულად მგრძნობიარე, ფაქიზი ბუნებისა ვართ, გარშემო კი უხეში, ტლანქი ადამიანები გვახვევია.



არქიმანდრიტი იოანე კრესტიანკინი




იქნებ ვინმემ გაიფიქროს: „რა აზრი აქვს ისეთ ცხოვრებას, რომელიც ყველა სიამოვნებას კრძალავს?“

სულაც არა! არც საღი აზრი და არც ქრისტეს რწმენა არ კრძალავს უცოდველ მხიარულებას, აუცილებელიც კია შრომის შემდეგ დასასვენებლად. დიდი მოძღვარი სარწმუნოებისა და ღმრთისმოსაობისა, წმინდა მამა იოანე ოქროპირი ასე წერს ხორციელი გართობის და სიამოვნების შესახებ: „თუ გინდა სიამოვნება მიიღო, გაისეირნე ბაღში, მდინარის ან ტბის პირას, უყურე ყვავილებს, უსმინე ჩიტების გალობას და ჭრიჭინების ჭრიჭინს, ესტუმრე წმინდა ადგილებს, ასე მოიპოვებ სხეულის სიჯანსაღეს და სარგებლობას სულისას. არ ინანებ ამ გზით მიღებული სიამოვნების შედეგებით, არ გეწვევა მწუხარება, რაც ცოდვილ სანახაობებზე დასწრების შემდეგ ხდება. თუ ცოლ–შვილი გყავს, რა შეედრება ამ სიამოვნებას? ოჯახი და მეგობრები – ეს სიამოვება და სიწმინდე ერთად დიდ სარგებლობას მოგიტანს, რადგანაც არაფერი შეიძლება იყოს ცოლ–შვილზე უფრო სანატრელი იმისთვის, ვისაც სიწმინდით ცხოვრება უნდა“.




არქიმანდრიტი იოანე კრესტიანკინი





წმინდა მამებს ჰკითხეს:

როგორ ცხონდებიან ბოლო ჟამის ქრისტიანები, მათ ხომ აღარა აქვთ ასპარეზი აშკარა მოწამეობისა, როდესაც ქრისტეს რჯულის მაღიარებლებს ბორკილებს ადებდნენ, საპყრობილეში აგდებდნენ, ჯვარს აცვამდნენ, მხეცებს მიუგდებდნენ დასაგლეჯად, ბორბალზე აბრუნებდნენ, კიდურებს აჭრიდნენ, შუბით გმირავდნენ, პირში გამდნარ კალასა და მდუღარე ზეთს ასხამდნენ, გახურებულ ტაფაზე წვავდნენ. დღეს აღარავის შეუძლია იმ შრომისა და ღვაწლის ატანა, რომელსაც ეწეოდნენ პირველი ქრისტიანი მოღვაწენი. მათ შესახებ დღემდე მოღწეული ამბები ჩვენი ცნობიერებისათვის თითქმის დაუჯერებელია. პასუხი ასეთი იყო: ისინი ცხონდებიან განსაცდელთა დათმენით! ვინც მამაცურად და მოთმინებით იტვირთავს სულიერ ტკივილს, ის მეტად შეიმოსება ღმრთაებრივი გვირგვინით, ვიდრე ის, ვისაც შიშველ მიწაზე ეძინა, კვირაში ერთხელ იღებდა საზრდოს და სვეტზე ლოცვით იდგა მთელი ცხოვრების მანძილზე.




არქიმანდრიტი იოანე კრესტიანკინი




... და უფალმა შეისმინა ლოცვა.

დედის ტკივილს ალბათ ქვეყნად ვერანაირი ტკივილი შეედრება. „ისე მძიმედ განვიცდიდი, რომ ვერც ვგრძნობდი, რომ ვცოცხლობდი... " - ეს ერთი ფრაზაა წერილიდან, რომელიც ერთი იმათგანის დაწერილია, რომლებიც თავის თავს შაოსან დედებზე უბედურს უწოდებენ - ნარკომანი შვილის დედის. მან თავის მეგობარს, ასევე მის მდგომარეობაში მყოფს, მისწერა. ყურადღებით წაიკითხეთ თქვენც, ბევრს გეტყვით ეს სულისშემძვრელი ისტორია.

„ჩემი ვაჟი 15 წლის იყო, როდესაც შევიტყვე, რომ ნარკოტიკებს ხმარობდა. ძალიან შევშინდი. დავიწყე ამ დაავადების შესახებ სხვადასხვა ლიტერატურის კითხვა, რამაც კიდევ უფრო მეტად შემაშფოთა.

ხელში ჩამივარდა ამერიკელი ავტორის წიგნი „დავიდის დედა". იგი მოგვითხრობდა ერთი ამერიკული ოჯახის შესახებ, რომელსაც იგივე განსაცდელი დასტეხოდა თავს, რაც ჩემს ოჯახს. მე ხარბად დავეწაფე ამ წიგნს იმ იმედით, რომ იქ რაიმე ისეთს ვნახავდი, რაც იმ კოშმარიდან თავის დაღწევაში დამეხმარებოდა.

ვკითხულობდი წიგნს და ვხედავდი მსგავს სიტუაციებს ჩემსა და იმ ამერიკულ ოჯახს შორის - როგორ დაატარებდა უბედურ დავიდს დედამისი ექიმ-ფსიქოლოგებთან, რა ზომებს არ მიმართავდა შვილის საშველად, თუ როგორ უფუჭდებოდა ურთიერთობა ქმართან. ყველაფერი ისეთი ნაცნობი იყო! სულმოუთქმელად ვკითხულობდი. გამოსავალის ძებნაში წინასწარ ვფურცლავდი გვერდებს, რათა რაც შეიძლება ჩქარა მეპოვა ხსნის რეცეპტი, მაგრამ დამთავრდა წიგნი იმით, რომ მიუხედავად მშობელი დედის ყველა მცდელობისა, აუტანელი განცდებისა და იმედებისა, მკურნალობაზე დახარჯული თანხისა, ხანგრძლივი რემისიის შემდეგ დავიდი კვლავ „წამალზე დაჯდა".

დიდხანს ვიტირე! სულ უფრო და უფრო მიპყრობდა სასოწარკვეთა, მაგრამ უფალმა (ამას გვიან მივხვდი) არ დაუშვა, რომ საბოლოოდ წარმეკვეთა სასო.

ჩემს შვილს დღითიდღე ითრევდა ნარკომანის ცხოვრება. დაიწყო სახლიდან ფულის მოპარვა და არა მარტო სახლიდან. მთელი დღე ნარკოტიკების ძებნაში დაძრწოდა. ავი, უხეში, აუტანელი გახდა; დაიწყო ტყუილები, იტყუებოდა ოსტატურად, მარჯვედ. ხანდახან ვუჯერებდი, მაგრამ ყოველთვის არ ვტყუვდებოდი.

მე ვაგრძელებდი ძიებას. ვის აღარ მივმართე! ჩემი შვილი იწვა უბრალო ნარკოლოგიურ საავადმყოფოშიც, ნარკოლოგიის ინსტიტუტშიც, ორი წელი მკურნალობდა კერძო ექიმთანაც. მივაღწიე მოსკოვის მთავარ ნარკოლოგამდეც. ყველა ექიმთან საუბარი იწყებოდა ასე: „თქვენ იცით, რომ თქვენი შვილი სიცოცხლის ბოლომდე ნარკომანი დარჩება? ასეთი ავადმყოფების მხოლოდ 6 პროცენტი იკურნება". ამ საუბრის შემდეგ მე კვლავ სასოწარკვეთა მიპყრობდა. თუმცა შემდგომ ეს გრძნობა კვლავ უკან იხევდა და მე კვლავ იმედი მეძლეოდა. რისი? არ ვიცოდი, მაგრამ ვეძებდი, ვეძებდი, ვეძებდი. მაშინ იმედს საკუთარ თავსა და ექიმებზე ვამყარებდი. რაც კი სახლში ფული გვქონდა, ამ იმედებზე დაიხარჯა. დიდ ვალებში ჩავცვივდით.

ერთხელ, ღვთის შემწეობით, სრეტენის მამათა მონასტრის ვლადიმირის ღვთისმშობლის ხატის ტაძარში მოვხვდი. ის მოსკოვის შუაგულში, ლუბიანსკის მოედნის - ნარკოტიკების ამ ბუდის გვერდით არის.

ეს მონასტერი მცირე ტაძრით, უბრალოდ, მაგრამ გემოვნებით და სიყვარულით მორთული, ცოდვილი მოსკოვის შუაგულში ხსნის პატარა საოცარი კუნძულივით იყო. გულმა იქითკენ გამიწია. მალე აღმეძრა სურვილი ცხოვრებაში ჩადენილი იმ საქციელების აღიარებისა, რომელთა გამოც სინდისი მქეჯნიდა. მღვდელის რჩევით (რომელიც დღეს ჩემი სულიერი მამაა) აღსარების უკეთ მოსამზადებლად წავიკითხე არქიმანდრიტ იოანე კრესტიანკინის წიგნი „აღსარების აგების გამოცდილება", ანუ „როგორ უნდა ვთქვათ აღსარება ათი მცნების მიხედვით". ამ წიგნის კითხვისას მთელი ცხოვრება თავიდან განვიცადე. საოცრად მრცხვენოდა! მაგრამ ვგრძნობდი, რომ აღსარება უნდა მეთქვა. მე მინდოდა ეს! ამასთანავე უცბად მივხვდი, რომ თავად ვიყავი დამნაშავე ჩემი შვილის უბედურებაში. თუმცა ექიმები ტრაგედიის მიზეზად დროსა და საზოგადოებას ასახელებენ. მე სირცხვილითა და მძიმე დანაშაულის გრძნობით ღვთისა და შვილების წინაშე ვამბობდი აღსარებაზე, რომ დამნაშავე მხოლოდ მე ვიყავი და ვაღიარებდი, რომ მთელი ჩემი ცხოვრება ფუჭი და უაზრო იყო, რადგან ჯანმრთელობასა და მატერიალურ საზრუნავში გაიარა და არ ვფიქრობდი არც ჩემი და არც ჩემი შვილების სულიერ ცხოვრებაზე. როგორც ჩანს, სწორედ ეს არის უფროსებსა და შვილებს შორის მუდმივი პრობლემების უმთავრესი მიზეზი. თუ ოჯახი სულიერი ცხოვრებით ცხოვრობს, მშობლებსა და შვილებს აქვთ საერთო - რწმენა, ღვთის მცნებები, ამქვეყნად ცხოვრების აზრი, ამგვარ ოჯახებში ასეთი პრობლემები არ დგება.

მე ვინანიებდი. ჩემი შვილი კი ფსკერისკენ მიექნებოდა. მან ორი დანაშაულიც ჩაიდინა, მაგრამ ღმერთის განგებით სასამართლოზე პირობითი სასჯელი შეუფარდეს. თუმცა კი ეს ასე არ უნდა მომხდარიყო, რადგან დანაშაული საკმაოდ მძიმე იყო. ის კი ვერა და ვერ ანებებდა თავს ნარკოტიკებს.

ისე მძიმედ განვიცდიდი, ვერც ვგრძნობდი, რომ ვცოცხლობდი. ერთხელ სამსახურიდან სახლში უნდა დავბრუნებულიყავი, მაგრამ ტაძარში აღმოვჩნდი. მას შემდეგ სამსახურიდან ყოველდღე ტაძარში მივდიოდი. ვლოცულობდი და ვევედრებოდი ყველას, ელოცათ ჩემი შვილისათვის - მღვდლებს, ბერებს, სრეტენის მონასტრის მორჩილებს; ვევედრებოდი, ელოცათ უბრალოდ კარგ, მორწმუნე ადამიანებს, რომლების უფლებას არ მაძლევდნენ სასო წარმეკვეთა და ჩემში იმედის ნაპერწკალს აღვივებდნენ. შვილი კი, მიუხედავად ყველაფრისა, ისევ ძლიერ მიყვარდა, შეიძლება ითქვას, იმაზე უფრო ძლიერ, ვიდრე მაშინ, პატარაობისას, როცა მართლაც საყვარელი იყო. მე მას ყოველთვის ველოდი, რა დროსაც და რა მდგომარეობაშიც არ უნდა მოსულიყო სახლში. ყოველდღე ნაკურთხ ზეთს ვცხებდი, ნაკურთხ წყალს ვასმევდი, სეფისკვერს ვაჭმევდი, ბინაში ნაკურთხ წყალს ვასხურებდი. ხშირად ვეუბნებოდი შვილს, რომ მხოლოდ უფალი და ღვთისმშობელი გადაარჩენდა მას, რომ ეს აუცილებლად მოხდებოდა, რომ ეჭვიც არ მეპარებოდა ამაში. იგი ამ დროს ყოველთვის ტიროდა.

ოცდაათი წლის თანაცხოვრების შემდეგ ჩემს ქმართან ჯვარი დავიწერე. ორმოცდღიან მოსახსენიებლებს ვუკვეთავდი მონასტრებში. წერილებს ვწერდი სოლოვეცკში, ფსკოვო-პეჩორის მონასტერში, მოვინახულე უხუცესი ბერი კირილე და ვთხოვე, ელოცა ჩემი შვილისათვის. დავდიოდი მოსკოვის ტაძრებში, სადაც სასწაულთმოქმედი ხატები ესვენა, ვლოცულობდი, მოწყალებას გავცემდი.

ერთხელ მამა ტ-მ ჩემთან საუბრისას თქვა: „მადლობდეთ უფალს ყოველივესთვის". მე შევძრწუნდი და ვერ მივუხვდი მას, მაგრამ მჯეროდა მისი და სახლში მისვლისთანავე ცრემლებისღვრით მადლობა გადავუხადე უფალს. ასე ვშრებოდი ყოველდღე, მაგრამ მტანჯავდა კითხვა: „რისთვის ვმადლობდე?" მალე ხელში არქიეპისკოპოს ლუკას წიგნი ჩამივარდა: „ჩემი ძალა ჩემსავე უძლურებაშია". იქ ამოვიკითხე: „აიღე ჯვარი შენი და გაჰყევი ქრისტეს". მხოლოდ მაშინ მივხვდი, თუ რატომ უნდა ვმადლობდე უფალს - მე უფლის უდიდესი მოწყალების ღირსი გავმხდარვარ.

ამის შემდეგ ჩემი მადლიერება უფლისადმი უკვე სულის სიღრმიდან მოედინებოდა. ლოცვებში უკვე კონკრეტულს აღარაფერს ვითხოვდი. უბრალოდ, ვამბობდი: „უფალო, მე არ ძალმიძს საკუთარი შვილის შველა. შენთვის მომინდვია იგი. შენ უშველე იმ გზით, რომელიც შენ თავად უწყი". გამუდმებით ვკითხულობდი იესოს ლოცვას, რომელსაც ვამატებდი: „...უშველე ჩემს შვილს". მე ვყვიროდი მთელი ხმით ამას, როცა მივდიოდი სამსახურში და ირგვლივ არავინ იყო. ვყვიროდი ამას მეტროში, სადაც მატარებლების ხმაური ახშობდა ჩემს ხმას და არავის ესმოდა ღმერთის მეტს.

და აი, მოხდა სასწაული. ჩემმა შვილმა დაიწყო ტაძარში სიარული, აღსარება, ზიარება. სრეტენის მთელი მონასტერი ლოცულობდა მისთვის. ლოცულობდნენ სოლოვკაში, ლოცულობდნენ პეჩორაში, ლოცულობდნენ უხუცესი ბერები. და უფალმა შეისმინა ეს ლოცვა.

სასამართლო დაინიშნა დანაშაულის ჩადენიდან ერთი წლის შემდეგ. მე ეჭვიც კი არ მეპარებოდა, რომ ეს იყო ღვთის განგებით, რადგან მთელი ეს დრო მოგვეცა სინანულისა და ლოცვისათვის. კიდევ ერთი სასწაული - სასამართლო დაინიშნა 3 ივნისს - ვლადიმირის ღვთისმშობელი ხატის ხსენების დღეს. ჩვენი ტაძარი, როგორც ვთქვი, ღვთისმშობლის ამ ხატის სახელობის იყო.

ერთ წელზე მეტია, ჩემი შვილი ნარკოტიკებს აღარ იკეთებს. ის მუშაობს. სულიერი სიცარიელე, რომელსაც ნარკოტიკებით ივსებდა, ღმრთის რწმენით და იმ სიხარულითა და სირთულეებითაც შეევსო, რომლებიც ჩვეულებრივი ცხოვრებით მცხოვრებ ადამიანებს აქვთ. ის არაჩვეულებრივ ქალიშვილზე დაქორწინდა. ერთი სიტყვით, ნორმალური, ჯანსაღი ცხოვრებით ცხოვრობს.

ექიმები წამლებითა და სხვა საშუალებებით ნარკომანიას ვერ კურნავენ, მხოლოდ დროებით გამოჰყავთ ადამიანი ავადმყოფური მდგომარეობიდან. პერუში ექიმებმა შეიმუშავეს თავის ტვინის იმ უბნის ამოკვეთის ოპერაცია, რომელიც გავლენას ახდენს ნარკოტიკებისადმი მიდრეკილებებზე. მაგრამ ერთი წლის შემდეგ პაციენტი კვლავ უბრუნდება ძველ ცოდვას - ოპერაცია ხორცზე კეთდება, სული ხომ ისევ ცარიელი რჩება! აი, რა არის მთავარი, რაც ყველას ვერ გაუგია.

გულს ნუ გაიტეხთ! გწამდეთ, რომ თქვენი შვილი გადარჩება!

შეგეწიოთ უფალი!"



რაც შეუძლებელია კაცთათვის...


ბოლოს კიდევ ერთი შემთხვევა, რომელიც ღვთისმშობლის ცნობილ ხატთან - „ყოველთა დედოფალთან“ მოხდა.

ეს ხატი ცნობილია, როგორც კიბოს განმკურნავი. ამიტომ დროდადრო ბავშვთა ონკოლოგიურ ცენტრში პარაკლისები იმართებოდა ხოლმე. ერთი დედა ამ პარაკლისების დროს სასწაულთმოქმედ ხატს ნარკომანი შვილის განკურნებას ევედრებოდა. ერთხელაც შინ დაბრუნებულს შვილმა ნაკურთხი წყალი მოსთხოვა და აღუთქვა, რომ აღარასოდეს გაეკარებოდა ნარკოტიკს, თანაც მასთან ერთად ივლიდა ეკლესიაში.

ასეც მოხდა. ექიმებმა დაადასტურეს სასწაულებრივი ცვლილებები ყმაწვილის ჯანმრთელობაში.
ჭეშმარიტად - რაც შეუძლებელია კაცთათვის, შესაძლებელია ღმრთისათვის. შენ მხოლოდ გწამდეს და შესთხოვე!


„დედის ცრემლები", თბილისი, 2004 წ.


orthodoxy.ge

ანჩისხატი. ანტონ მარტყოფელი.

სული და სამშვინველი.

ადამიანი სამი არსებითი ნაწილისაგან შედგება: სხეული, სამშვინველი და სული. სამშვინველი ცხოველებსაც აქვთ, სული კი მხოლოდ – ადამიანებს.
სამშვინველი, ისევე როგორც სხეული, შეიძლება დაავადდეს და სხეულის სიკვდილთან ერთად ისიც წყვეტს არსებობას.

“სულმა, როგორც ღმერთისაგან გამოსულმა ძალამ, უწყის ღმერთი, იგი ეძიებს ღმერთს და მხოლოდ მასში ჰპოვებს მოსვენებას. სული რაღაც ფარული სულიერი გუმანით არის რა დარწმუნებული ღმერთისაგან თავის წარმომავლობაში, თავის სრულ დამოკიდებულებას გრძნობს ღმერთზე და მას შეგნებული აქვს, რომ მოვალეა ყველანაირად სათნო-ეყოს მას, იცხოვროს მხოლოდ მისთვის, მისით და მის მიერ”.
(თეოფანე დაყუდებული)


მამა კონსტანტინე გიორგაძე ( წმ. იოანე ღვთისმეტყველის ტაძრის მღვდელმსახური)

ყველასათვის ცნობილია, რომ ადამიანი ორი სუბსტანციისგან შედგება: სულისა და სხეულისაგან. თითქმის ყველამ იცის, რომ სული უკვდავია, სხეული კი მოკვდავი. უნდა აღინიშნოს, რომ სულისა და სხეულის ერთობა აუცილებელი პირობაა, როგორც მიწიური, ასევე ზეციური ცხოვრებისათვის. წმინდა წერილში ნათლად არის გადმოცემული, თუ როგორ შექმნა ადამიანი უფალმა მიწის მტვრისაგან და შთაბერა მას თავისი უკვდავი სული: “და გამოსახა უფალმა ღმერთმა ადამი მიწის მტვრისაგან და შთაბერა მის ნესტოებს სიცოცხლის სუნთქვა, და იქმნა კაცი ცოცხალ არსებად” (დაბ.2.7).

ცნობილია, რომ ადამიანის სხეულისა და მიწის შემადგენელი ქიმიური ელემენტების პროპორცია ერთი და იგივეა. ე.ი. ადამიანი უცხოპლანეტელი არ არის, იგი მიწაა და მიწადვე იქცევა.

ადამიანი სუნთქავს ისეთივე ჰაერით, როგორითაც ბიბლიაში მოხსენიებული ღორი, ძაღლი, ან სხვა ცხოველი და ამ მხრივ ადამიანს თითქოს არა აქვს უპირატესობა, თუმცა იგი უფალმა ყოველივე ქმნილების გვირგვინად შექმნა, შექმნა ხატად თვისად და მსგავსად.

ადამიანი მოწოდებულია იყოს არამარტო ამ ქვეყნის მკვიდრი, არამედ მისი მბრძანებელიც, რამეთუ უფალმა მის პირს შთაბერა უკვდავი სული და ეს ცოცხალი არსება, რომელიც უფლის უკვდავი სულის მატარებელია, ადამიანად იწოდება.

ამრიგად, ადამიანი შედგება ორი ძირითადი ელემენტისაგან: მატერიალურისაგან – სხეულის სახით და სულიერისაგან – უკვდავი სულის სახით.

სული, ფსიქიკა – ეს ადამიანის გონებისათვის მიუწვდომელი, აუხსნელი, მაცოცხლებელი ძალაა, რომელიც ადამიანს ღვთისგან ზემოდან მიეცა: “და შთაბერა მის ნესტოებს სიცოცხლის სუნთქვა” (დაბ.2.7).

წმინდა წერილში ეს საწყისი იწოდება ხან სამშვინველად – “ფსიქი” (ბერძ.), “ანიმა” (ლათ.), ხან სულად – “პნევმა” (ბერძ.), “სპირიტუს” (ლათ.).

ძველ აღთქმაში მოსეს გამოთქმის მიხედვით (დაბ.1,20,24), მაშინ, როცა ადამიანის სხეული და ცხოველების სამშვინველი ღმერთმა შექმნა მიწისგან, შექმნა თავისი შემოქმედებითი სიტყვით – “იყოს”, ხოლო ადამიანის ღვთიური სულის შექმნის დროს მას არაფერი აუღია მიწის სტიქიური საწყისებიდან, ამის მაგივრად მან გამოიყენა თავისი შემოქმედებითი შთაბერვა (დაბ.2,7).

წმინდა წერილში მინიშნებულია როგორც ადამიანის შექმნა, ასევე მისი დასასრულიც: “მტვერი დაუბრუნდება მიწას, როგორც იყო, სული კი დაბრუნდება ღმერთთან, რომელმაც მისცა იგი”.

სულის უკვდავება ძველი და ახალი აღთქმის მრავალ ადგილშია დამოწმებული, ასევე ესქატოლოგიური პერიოდის საყოველთაო აღდგომის გამოსახულებით, როცა სული უბრუნდება თავის სხეულს.

სულის დაყოფა სამშვინველად და სულად პირობითია. როგორც აღვნიშნეთ, ყველა სულდგმულს გააჩნია სამშვინველი, რომელიც მის ფიზიოლოგიურ ქმედებასთან არის დაკავშირებული. ადამიანის სამშვინველი კი, სხვა არსებებისაგან განსხვავებით, უფლის უკვდავი სულით ცისკროვნდება.

სამშვინველი – ეს არის სიცოცხლის სიმბოლო და არა მისი წყარო. სიცოცხლის წყარო ღმერთია, რომელიც თავისი უკვდავი სულის მეშვეობით მოქმედებს (დაბ.2,7).

სული – ეს არის სამშვინველი ღვთიური მადლით, ანუ სულიწმინდით გამდიდრებული. როგორც გრიგოლ ღვთისმეტყველი ამბობს, სამშვინველი სიცოცხლესა და მადლს ერთდროულად ღებულობს, რამეთუ მადლი, ეს არის ღვთიური სუნთქვა, ღვთიური ჭავლი, სულიწმინდის ცხოველმყოფელური თანაარსება.

ადამიანის განსხვავება სხვა ქმნილებებისგან იმაშია, რომ ის თავის თავში ორგანულად აერთიანებს ორ სამყაროს: მატერიალურსა და სულიერს. ამიტომ ამ ორი სამყაროს განშორებისას ადამიანი წყვეტს ადამიანობას. უეჭველია, რომ ადამიანის სული და ხორცი ერთმანეთისათვის უდიდეს საჭიროებას წარმოადგენს. სული არასრულყოფილია სხეულის გარეშე, ხოლო სხეული კი სულის გარეშე.

ზემოთ თქმულიდან გამომდინარე, სხეული და სამშვინველი მიწიურ საწყისებს მიეკუთვნება, ხოლო სული კი უფლის სუნთქვაა. ამიტომ შეიძლება ვთქვათ, რომ სამშვინველის დაზიანება ეს მიწიური ექიმების, ანუ ფსიქიატრების საქმეა, ხოლო თუ ზიანდება სული, ამ შემთხვევაში საქმე გვაქვს ადამიანის ცოდვებთან და მისი მკურნალობაც სულიერ ექიმებს, ანუ მღვდლებს უნდა მივანდოთ.

ქეთი ჭელიძე


ambioni.ge

შენ რომც არ გსურდეს, ეშმაკი ცოდვას მაინც ჩაგადენინებს, რამეთუ შენ მისი მორჩილი გახდი.

ერთმა ქრისტესმოყვარე კაცმა იმავე ბერს, იოანეს ჰკითხა: აზრი შიშს ჩამაგონებს და მეუბნება: "შენ რომც არ გსურდეს, ეშმაკი ცოდვას მაინც ჩაგადენინებს, რამეთუ შენ მისი მორჩილი გახდი". ძალიან ვწუხვარ ამის გამო.


ნუ ფიქრობ, რომ ეშმაკს ვინმეზე ხელმწიფება აქვს. ცოდვის მიზეზი ჩვენსავე თავისუფალ ნებაში დევს და ცოდვას ეშმაკი თავის ძალაუფლებით ვერ გვაიძულებს; ადამიანს არც ცხონებას აიძულებენ და არც ცოდვას. ხელმწიფებით აცდუნა ეშმაკმა ევა, თუ რჩევით? არსად ჩანს მისი ხელმწიფება, სხვაგვარდ ვერავინ გადაურჩეობოდა მას, ხელმწიფება რომ ჰქონოდა. მაგრამ ჩვენ იმ თავისუფალ ადამიანს ვგავართ, რომელიც თავისი ნებით ჩაბარდა სხვას მონობაში და დრო და დრო გონს ეგება და ნანობს. ამიტომ, თუ ის სხვას უფრო ძლიერს არ მიმართავს, მაშინ ვერ იხსნის საკუთარ თავს, ხოლო თუ მიმართავს, მაშინ მისი მოჩვენებითი ბატონი, რომელმაც იცის, რომ ის მისი ნამდვილი მონა არაა, უძლიერესის გამო ვერაფერს უბედავს მას. ამიტომ ცხადია, ეშმაკს არა აქვს ადამიანზე ხელმწიფება. შენც უთხარი შენს აზრს: "მე ნამდვილად მოვალე ვარ, მაგრამ საშველად ჩემზე უძლიერესს მივმართე, რომელმაც მომიწოდა მე და თქვა: "მოვედით ჩემდა ყოველნი მაშურალნი და ტვირთმძიმენი, და მე განგისუენო თქუენ" (მათე 11, 28), ამიტომ ყოველთვის უნდა ვიფხიზლო, რომ კვლავ მტრის ხელში არ აღმოვჩნდე". ხოლო, როდესაც აზრი გეტყვის: "რადგან მტერი ვერ გაიძულებს ცოდვის ჩადენას, ე.ი. შენ უცოდველი ხარ" და მტრის ეს აზრი დაგამძიმებს, უთხარი მას: "თუ შენ იმას ჩამაგონებ, რომ მე უკვე აღარ ვცოდავ, მაშინ არ დაგიჯერებ, სანამ ზეციურ ქალაქს არ მივაღწევ; ვინაიდან ვინმემ მთელი გზაც რომ გაიაროს, თუ გზის ერთ მონაკვეთს მიატოვებს და გაჩერდება, მაშინ ის ვერანაირ სარგებელს ვერ მიიღებს, იმიტომ, რომ ჯერ კიდევ ქალაქგარეთ იმყოფება". ღმერთს წინ ჩვენი უძლურება დავუგოთ და ის მისი ყველა წმინდანის ლოცვით მტრის მახეებს გააუქმებს, ამინ.


წმ. ბარსანოფი დიდი და იოანე