ღმერთი

ღმერთი

четверг, 13 июля 2017 г.

ზრდილობის წესები.

,,ივანე ჯავახიშვილი და ქართული ეტიკეტის ისტორიის საკითხები.''

ზრდილობის წესები.

მეფე-პოეტი არჩილი თავის «საქართველოს ზნეობანში» წერს:

 «ზნეობა-საქციელები არ ბნელობს, არის ნათელი
კამკამებს დაუფარავად, ვითა წყვდიადში სანთელი, 
ეს კაცმან უნდა იცოდეს, მის-მის დროს რაა საქნელი» 

 ე.ი. თუ კაცმა იცის «მის-მის დროს რაა საქნელი», მას სხვა ადამიანებთან ურთიერთობაში არაფერი შეეშლება და მისი საქციელი იქნება სწორედ ზნეობრივი, რომელიც «არ ბნელობს, არის ნათელი». მაგრამ შექსპირის გმირივით საკითხავი სწორედ ის არის, თუ რაა «მის-მის დროს საქნელი»?

პროფესორი ელ.ხინთიბიძე შოთა რუსთაველის ეთიკური შეხედულებების ფორმირების საფუძვლად ოთხ წყაროს ასახელებს: «XII საუკუნის საქართველოს სოციალ-პოლიტიკურ სინამდვილეს, ქართულ ეროვნულ ზნეობას, ქრისტიანულ მორალს და არისტოტელეს ეთიკურ შეხედულებებს». ამ საკითხის განხილვა ჩემს ამოცანას არ წარმოადგენს, მაგრამ რომ მოვინდომოთ დასმული პრობლემის უკეთ გაცნობა და სათანადო ლიტერატურას დავუწყოთ ძებნა, ამ ოთხიდან სამის შესახებ საკმაო რაოდენობის შრომებს ვიპოვით, რასაც მეოთხის შესახებ ვერ ვიტყვით. ეს მეოთხე გახლავთ «ქართული ეროვნული ზნეობა», რომლის შესახებ ჯერ-ჯერობით ბევრი არაფერი ვიცით. არადა ამ საკითხის შესწავლის აუცილებლობა გასული საუკუნის დასაწყისში დასვა სწორედ ივ. ჯავახიშვილმა. იგი 1906 წ. გაზეთ «ივერიაში» გამოქვეყნებულ წერილში წერდა: «კარგა ხანია, რაც საქართველოში დიადმა მოძრაობამ იჩინა თავი (მხედველობაშია XIX ს-ის 80-90-იანი წლების საზოგადოებრივი პროცესები, დ.ს.). ჯერ კიდევ ამ თხუთმეტი წლის წინათ ცხადად ეტყობოდა, რომ ჩვენი ხალხის წინანდელი აზროვნება ირყეოდა და ხალხში ახალი მიმართულება ვრცელდებოდა: ეს მოძრაობა და ძველებურ შეხედულებების შერყევა ქართველი ერის ეკონომიკურ განწყობილებასაც შეეხო, მის ზნეობრივ და გონებრივ ავლადიდებასაც. (...) სარწმუნოებრივ და ზნეობრივ შეხედულების შეცვლა და გასწორება, რომელსაც მრავალ საუკუნეების განმავლობაში თავისი მდიდარი მწერლობა, განვითარებული დოგმატური და საეკლესიო წყობილება აქვს შექმნილი, ძალიან ძნელი და რთული საქმეა. თითოეულ სარწმუნოებრივ და ზნეობრივ შეხედულობასა და დაწესებულებას თავისი წარსული და მნიშვნელობა ჰქონდა. განათლებული წრეების მოვალეობაა, შეიგნონ მნიშვნელობა თითოეული ამგვარ დაწესებულებისა და გამოარკვიონ, აკმაყოფილებს იგი თანამედროვე  მოთხოვნილებას თუ არა?».

ივანე ჯავახიშვილმა თავის ამ წერილში გაარჩია ქველმოქმედებისა და საქველმოქმედო დაწესებულებათა საკითხი, აჩვენა თუ ვის ჰქონდა საქველმოქმედო დაწესებულებებით სარგებლობის მორალური უფლება. დიდი ისტორიკოსის ამ ნაშომს აწერია «წერილი პირველი - ქველმოქმედება და საქველმოქმედო დაწესებულებანი». სამწუხაროდ, დანარჩენი წერილები არ გამოქვეყნებულა. ეს ნაშრომი შემდეგ მცირე რედაქციული ცვლილებებით შევიდა მის «ქართული სამართლის ისტორიაში.» ასე ჩაეყარა საფუძველი ქართველი ერის ზნეობრივი შეხედულებების ისტორიის შესწავლას, თუმცა ამ საქმეს გაგრძელება არ მისცემია. თავად ივანე ჯავახიშვილი ბევრს შრომობდა რომ ეს საკითხიც ჯეროვნად განეხილა, და რაც მოასწრო, შევეცდები ქვემოთ წარმოვადგინო.

წინამდებარე პარაგრაფში ვაერთიანებ ივანე ჯავახიშვილისეული ხელნაწერის პირველ და მეორე პარაგრაფებს, რომელთა სახელწოდებებია: «სახლეულნი და აღზრდის წესები. დღის გატარება» და «ზრდილობის წესები». ამის მიზეზი ისაა, რომ პირველ მათგანში მოცემული მასალა ძალზე მცირეა და მეორეც, შინაარსობლივად ისინი ახლოს არიან ერთმანეთთან, რადგანაც ზრდილობის წესები აღზრდის საკითხთან პირდაპირ კავშირშია, მეტიც მასვე ემყარება. სწორედ ზდრილობის წესებში იყრის თავს ყველა ის ელემენტი, რომელსაც აღზრდის პროცესი შეიცავს და ამავე დროს მასში ხომ იდეალიცაა მოცემული, რომელსაც აღზრდა გულისხმობს და მიესწრაფვის.

ივანე ჯავახიშვილს საკუთარ მეხსიერებაში ძალზე ბევრი და მრავალფეროვანი ინფორმაცია ჰქონდა დაგროვილი, ვიდრე ეს მის ხელნაწერებშია მოცემული. მას ქართული ზრდილობის წესების ისტორიის შესახებ უკვე მომწიფებული წარმოდგენა ჰქონია, რომლის ქაღალდზე გადმოტანას დრო სჭირდებოდა. ნათქვამის დასამტკიცებლად შეიძლება მივუთითოთ მისი ხელნაწერის ერთ ქართაკზე, სადაც თეიმურაზ II-ის თხზულების მიხედვით აღნიშნულია, თუ როგორია «ზრდილობის მაშინდელი ქართული წესები»  იყო მიღებული საქორწინო წეს-ჩვეულებაში.  ვნახოთ მეორე მაგალითი: «ხელმწიფის კარის გარიგების» ტექსტი ივანე ჯავახიშვლის მიხედვით, გადამწერის მიერ ბევრგნაა დამახინჯებული. მათ შორის ერთგან გამოდის თითქოს მონადირეთ უხუცესი მეფეს საკუთარი ხელით უნდა შეემოსა და ქუდიც უნდა დაეხურა მისთვის. ივ.ჯავახიშვილი შენიშნავს: «უფროს-უმცროსობისა და დარბაზის კარზე განმტკიცებული ასევე როგორც მაშინდელი უბრალო ზრდილობის წესების მიხედვით ასეთი რამ სრულებით დაუჯერებელია» . ასეთი მაგალითების მოტანა კიდევ შეიძლებოდა, მაგრამ, ვგონებ, ნათელია, რომ ივანე ჯავახიშვილს აქვს გარკვეული წარმოდგენა საქართველოში არსებულ «ზრდილობის მაშინდელ წესებზე», ალბათ მის მიერ უამრავი წყაროს შესანიშნავად ცოდნის ნიადაგზე და ამ ცოდნის გათვალისწინებით იგი ადგენს ამა თუ იმ საკითხის არსს, იქნება ეს რომელიმე წყაროს შერყვნილი ადგილი თუ რომელიმე წესის შესრულების ნორმა.

მართალია, ფეოდალურ საზოგადოებაში სასწავლებლები არსებობდა, მაგრამ აღზრდის ძირითადი კერა ოჯახი იყო. სწორედ ამიტომაა, რომ ივანე ჯავახიშვილი აღზრდის წესებთან ერთად და მასზე უწინარეს ოჯახზე აპირებდა საუბარს, ოჯახზე, სადაც «ზრდილობის ქართულ წესებს» სწავლობდნენ. ამას მოწმობს მისი ერთ-ერთი პარგრაფის დასათაურებაც: «სახლეულნი და აღზრდის წესები. დღის გატარება”. «სახლი» ძველ ქართულში ოჯახს ნიშნავდა და შესაბამისად «სახლეულნი» ერთადმცხოვრებ ოჯახის წევრებს გულისხმობდა . ამდენად, მოცემილი სათაურის ქვეშ ალბათ განხილული იქნებოდა ოჯახის წევრთა შემადგენლობა, მათი ასაკობრივი და სქესობრივი დანაწილება, როლი და ადგილი ოჯახში და კონკრეტულად მოზარდის აღზრდის პროცესში. იგი აქვე უთითებს და ამადენად აქვე აპირებდა «დღის გატარების», ანუ დღის მანძილზე ოჯახის წვერთა დაკავებულობის, მოსაქმეობის საკითხის განხილვას. ივანე ჯავახშვილი თავის ნაშრომში «ადამიანი ძველ ქართულ მწერლობასა და ცხოვრებაში» აღნიშნავს, რომ ადამიანის სიცოცხლე ძველ საქართველოში გაბატონებულ შეხედულებით ორ ნაწილად იყოფოდა. პირველს ყრმობა ერქვა და მეორეს ჰასაკი. «ჰასაკი ქართულში სქესობრივი სიმწიფის ხანითგან იწყებოდა და «ჰასაკად მოსვლაჲ» ამ სქესობრივ სიმწიფეს ეწოდებოდა». ყრმობა ბავშვობას უდრიდა, რომელიც სქესობრვ მომწიფებამდელ პერიოდად ითვლებოდა და ამიტომ ყრმობას «უჰასაკოჲ» შეესატყვისებოდა.

 «ადამიანის სიცოცხლის ზემოაღნიშნულ ორ მთავარ ნაწილს, - წერდა ივანე ჯავახიშვილი, - ყრმობასაც და ჰასაკსაც, თავის მხრივ ცალ-ცალკე რამოდენიმე ნაწილად ჰყოფდნენ ხოლმე და თითოეულ მათგანს საკუთარი სახელი ეწოდებოდა. ჰასაკი სახელდობრ სამად იყო დანაწილებული წლოვანებისდა მიხედვით. პირველი წლოვანების ადამიანს «ჭაბუკი» ერქვა, მეორე წლოვანებისას «შუაკაცი», უკანასაკნელს ხანაში შესულობისას «ბერი» (...) ბერიკაცობის ღრმა მოხუცებლობის ხანასაც თავისი სახელი ჰქონდა და ამ წლოვანების ადამიანს «დღეთა სიმრავლითა მიმჴცოვნებული». (...) ეწოდებოდა».

ივანე ჯავახიშვილის მიხედვით, ქალის ჰასაკად მოსვლის პერიოდად 12-13 წელი ყოფილა მიჩნეული და ვაჟისთვის 16 წელი. იგი იოანე საბანისძის დამოწმებით ამბობს, რომ 17-18 წლის ყმაწვილი მამაკაცი ჭაბუკად იწოდებოდაო.

ივანე ჯავხიშვილი მიუთითებს, რომ ადამიანის ცხოვრებაში განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა სრულწლოვნებას, რომელიც იყო მისი «ჰასაკი სისრულისაჲ» და ადამიანის ცხოვრების ეს პერიოდი სამ მთავარ ასპექტს მოიცავდა - სამოქალაქოს, პოლიტიკურს და სამხედროს. რა თქმა უნდა, მხედველობაშია საერო პირი და არა სასულიერო. სამწუხაროდ, არაა ნათქვამი, რა კავშირი არსებობდა სქესობრივი მომწიფების ასაკსა და სრულწლოვნებას შორის, ანუ უდრიდა თუ არა სქესობრივი მომწიფების ასაკი სრლწლოვნების დადგომის პერიოდს. აგრეთვე არაა დაზუსტებული სრულწლოვნების ეს სამი ასპექტი - სამოქალაქო, პოლიტიკური და სამხედრო, რომლებიც თურმე «ერთმანეთს არ უდრიდა და არ ეთანასწორებოდა», რა ასაკში დგებოდა და რა მიმართებაში იყო ერთმანეთთან. მოყვანილია მხოლოდ ვახტანგ გოგრგასლის მაგალითი, როცა მან 16 წლისამ ხელში აიღო მეფობა და ლაშქარს გაუძღვა ოსთა წინააღმდეგ. ისტორიკოსი ასკვნის: «16 წლის უფლისწულს, განსაკუთრებულ შემთხვევაში მაინც, უკვე ქვეყნის მართვა-გამგეობის ტვირთვა შეეძლო, მაგრამ სამხედრო მოქმედებისათვის ამ დროს ის ჯერ სრულასაკოვნად არ ითვლებოდა (..). საფიქრებელია, რომ 21-22 წლითგან სამხედრო სრულასაკოვნებაც იწყებოდა».

 1938 წ I ივლისს თბილისში, ხელოვნების მუშაკთთა სახლში გამართულ ლექციაზე ივანე ჯავახიშვილმა აღნიშნა, რომ < ადამიანის სიცოცხლე ორ მთავარ ნაწილად იყოფოდა:  1. უწვერული და 2. წვერულვაშიან[ნ].ი. მეორე ხანა იწყებოდა წვერის ამოსვლასთან დაკავშირებით >. . აშკარად ჩანს, მსჯელობა მამაკაცს შეეხება და ქალთა სქესის შესახებ არაფერია ნათქვამი. მაგრამ აქ უფრო ისაა საყურადღებო, რომ ივანე ჯავახიშვილის ეს აზრი, ზემოთქმულს მიესადაგება, სადაც ადამიანის სიცოცხლის მთელი ხანგრძლივობა ორ ნაწილად - ყრმობად და ჰასაკადაა დაყოფილი. აქ მხოლოდ ამ დაყოფისათვის ასაკობრივ ზრდა-განვითარებასთან დაკავშირებული ფიზიკური ნიშანია აღებული - წვერი, რომელიც მამაკაცს სწორედ «ჰასაკად მოსვლის» შემდეგ ამოსდის. სამწუხროდ, ამ დასკვნის წყარო უცნობია, ალბათ, უნდა ვივარაუდით, რომ იგი ხალხურ ზეპირსიტყვიერებაზე უნდა იყოს დაფუძნებული.

როგორ იყო დაყენებული სწავლა-აღზდის საქმე საქრთველოში? ივანე ჯავახიშვილის დასკვნით «სწავლა იწყებოდა 5 წლის ასაკიდან. 8 წლის ბავშვებს უკვე წიგნის მკითხველის თანამდებობის დაკავების უფლება ჰქონდათ» იგივე აზრია გამოთქმული «ქართული სამართლის ისტორიაში» . ს.გმსახურდია, რომელმაც საგანგებოდ გამოიკვლია სწავლა-განათლების საქმე ძველ საქართველოში,სწავლების დაწყების ასაკად 5-7 წელს უთითებს, ხოლო სწავლების დამთავრების პერიოდად 16 წ. ასახელებს.

განსაკუთრებული ყურადღება უფლისწულის აღზრდას ეთმობოდა, რადგან მომავალი მეფე შესაფერისად უნდა ყოფილიყო აღზრდილიც და განსწავლულიც. «ქართლის ცხოვრების ცნობებზე დაყრდნობით ივ.ჯავახიშვილი ადგენს, რომ საქართველოს გარდა უცხო ენებიც (სხვადასხვა დროს ბერძნული, სპარსული,არაბული) უნდა სცოდნოდათ. აგრეთვე აუცილებელი იყო ქვეყნის კეთილდღეობაზე ზრუნვისთვის «მეფე თავის ქვეყნისა და სხვა ხალხების წარსულ ცხოვრებაში ჩახედული ყოფილიყო და წარსულის გამოცდილებითაც ეხელმძღვანელა» .კერძოდ კი «უფლისწულს უნდა წინდაწინვე, გულდასმით შეესწავლა ყველა ის «მართებანი და განსაგებელნი», რომელნიც «ეთხოვებიან მეფობასა»: გაეცნო «საჴელოთა და საბჭოთა» საქმეების წარმოება, საჭურჭლეთა შემოსავალ-გასავლის წესრიგი, სალაშქრო და სამხედრო განწესებანი და მოსაზრღვრე სახელმწიფოების მოციქულთა მიღება-დარბაზობის წესი» ე.ი. სათანადო ეტიკეტიც კარგად უნდა სცოდნოდა უფლისწულს, წინააღმდეგ შემთვევაში იგი ვერ შეძლებდა თავისი მოვალეობის შერსულებას სახელმწიფოს მართვისას. განათლება და ეტიკეტის ცოდნა სძენდა უფლიწულს და შემდგომ მეფეს «მეფურ ზრდილობას».
ივანე ჯავახიშვილი აღნიშნავს, რომ «მეფეს, როგორც ჩანს, ეთხოვებოდა: კარგი მშვილდოსნობა, ცხენოსნობა, მოასპარეზობა, რაინდობა, მეფური ზრდილობა და მწიგნობრობა».

სამწუხაროდ, ივ. ჯავახიშვილის მსჯელობაში ვერ ვხვდებით მასალებს, თუ როგორი წესები იყო გვრცელებული საქართველოში აღზრდის პროცესის წარსამართავად. იგი თავის ლექციაში საუბრობს არა აღზრდაზე, არამედ სწავლებაზე. «მასწავლებლები უმთავრესად ქალები იყვნენ. არსებობდა სწავლების გარკვეული წესი. არსებობდა პედაგოგიური მოძღვრება. ისტორიულ ძეგლებში აღნიშნულია, რომ მე-11 საუკუნეში არსებობდა ნამდვილი სასწავლებელი. ასწავლიდნენ ზრდილობის წესებს, წერა-კითხვას, ჰუმანიტარულ საგნებს, სამამულო (სამხედრო), – საგნებს, მუსიკას, ლექსების თხზვას, სკოლები მოწყობილი იყო მონასტერში. მე-12 საუკუნეში შეიძლება საერო სასწავლებელიც არსებობდა». ივანე ჯავახიშვილი მიუთითებს, რომ < მოძღვარი მასწავლებელსა ჰნიშნავდა. გ.ხუცესმონაზონს აღნიშნული აქვს, რომ გ.მთაწმინლდელი «არა სხუათა მძღაურთა მიერ ასწავლიდა ესოდენსა მას სიმრავლესა, ანუ თუ სხვთა თანაშემწეთა იჴუმევდა, რაითამცა თჳთ მცირედ რაჲმ განისუენა, არამედ ყოვლითურთ თჳთ ასწავებენ და მოძღურინ»ო. . >.

 ივანე ჯავახიშვილი ინტერესდება სწავლების მეთოდითაც და იგივე წყაროზე დაყრდნობით აღნიშნავს: < საქართველოში სწავლების მაშინდელი მეთოდის გასათვალისწინებლად გ.ხუცესიმონაზონს ერთი ფრიად საყურადღებო ცნობა მოეპოვება. ის ამბობს, გ.მთაწმინდელი თავის მრავალრიცხოვანსა და სხვადასხვა ჰასაკისა და მომზადების მქონებელ მოწაფეებს შემდეგი წესით ასწავლიდაო: «ასწავებენ და მოძღურინ მწყობრთა და მწყობრთა, ჰასაკეულთა და ჰასაკეულთა», ხოლო იმ თანდათნობით რომ «უპირატესთა მათ შემდგომნი შეასწორა ხოლო შესწორებულთა მათ შემდგომნი მათნი წარსწივნა და ესრეთ, დაღაცათუ ჰასაკითა ვითა მეორისა უმეტეს იხლვებოდა, ხოლო სწავლულებისა მიერ, ურთიერთას მოჰასაკე იყუნეს»-ო  >.

საქართველოში სწავლებისას დასჯის მეთოდიც ფართოდ ყოფილა დანერგილი. ივანე ჯავახიშვილი ამას «ქართლის ცხოვრების» ცნობაზე დაყრდნობით ასკვნის: < სწავლა-განათლების დროს ურჩთა ცემა ანუ გუემა, როგორც მაშინ ეწოდებოდა, რომ ძველად სრულებით ბუნებრივ საშუალებად ითვლებოდა, ჯუანშერის მიერ ვახტანგ გორგასლის სეფე-სიტყვად მოყვანილს შემდეგი შედარებიდანაც ჩანს: «ვითარცა რა მამა წვრთჳნ კეთილშიბილსა კეთილითა ზედა საქმეთა უკუეთუ არა არაკეთილად აღასრულებდეს სწავლასა მამისა თჳსისასა,  გუემის მამამან გუემითა და სწავლითა, რათა ასწავოს ყოველი კეთილი, ეგრეთ გწურთნა ჩუენ ღმერთმან»-ო.>.

რაც შეეხება დღის განაწილებას, ივანე ჯავახიშვილის ხელნაწერის ინფორმაცია ამ საკითხზე მეტად მწირია. იქ მხოლოდ დილის შესახებ მოიპოვება ორიოდე ქართაკი. დღის დანარჩენ მონაკვეთების შესახებ მასალების ამოწერა ვერ მოასწრო თუ იყო და დაიკარგა, უცნობია. მეცნიერი შოთა რუსთაველის პოემაზე დაყრდნობით წერს:
 < დილა ადრიან დგებოდნენ მაშინდელ საქართველოში, ინათებდა თუ არა დილა-ადრიანვე იწყებოდა საქმიანობაც. ავთანდილზეც ნათქვამი აქვს შოთას:
 «რა გათენდა, შეეკაზმა მისთა მჭვრეტთა სალამაზოდ
და ცხენსა შეჯდა გაემართა, დარბაზს მივა სადარბაზოდ».

ამ საკითხზე მეცნიერს თავის ლექციაზეც უსაუბრია და აქ ერთ გარემოებას უნდა მიექცეს ყურადღება, რომ დღის განაწილების საკითხი აღზრდის წესებზე საუბარს მისდევს. თავის ხელნაწერშიც (№390) ხომ ცალკე პარაგრაფის აღმნიშვნელი სათაურის ქართაკია მოთავსებული, სადაც აღზრდის წესებთან ერთადაა დღის განაწილება მითითებული. მეცნიერის ეს პოზიცია რომ აღზრდის წესებთან ერთად უნდა ყოფილიყო დღის განაწილებაც განხილული, როგორც ოჯახის წევრთა («სახლეულნი») ურთიერთობისა და საქმიანობის გარკვეულ სფერო, ს.ბედუკაძის კონსპექტმა შემოგვინახა. მასში ვკითხლობთ:
 < დღის განაწილება - ინათებდა თუ არა დგებოდნენ და იწყებოდა მუშაობა. სადარბაზოდაც კი დილაადრიან მოდიდნენ და შემდეგ ადრე წვებოდნენ, როცა ემწუხრდებოდა >.

ივანე ჯავახიშვილი დღის განაწილებასთან ერთად ჭამა-სმის საკითხზეც მსჯელობს. ეს ალბათ იმიტომ, რომ დღის დანაწლების ტერმინოლოგია საკვების მიღების პერიოდებს აღნიშნავს ანუ საერთოდაც, როგორც სხვა ხალხებშიცაა მიღებული, ქართველებშიც დღის დანაწილება საკვების მიღების დროის მიხედვით აღინიშნებოდა და აღინიშნება ძირითადად. ს.ბედუკაძის კონსპექტში ვკითხულობთ:
 < დღის მთელი სიგრძე დანაწილებული იყო:
დილა, 
სამხარი , 
სერი-სერობა ,
მწუხარი - მასთან დაკავშორებული პურის ჭამა >. 

ძველ საქართველოში ვინმესთან მოულოდნელად მისვლისას, სახლში თუ ოთახში შესვლამდე კარზე დაკაკუნება ყოფილა აუცილებელი, რომელსაც «კარის დარეკვა» რქმევია. ივანე ჯავახიშვილი წერს:
< საგულისხმოა, რომ შოთა კარის დაკაკუნებას ძველებურად კარის დარეკვას უწოდებს. ზღვათა მეფის სახლითგან გამოპარულ ნესტანზე ფატმანს ნათქვამი აქვს:
 «ქალმან კარსა დამირეკა, ფატმანობა ჩემი ბრძანა,
გავე, ვიცან, მოვეხვიე, გამიკვირდა მეცა განა»-ო.

ამ შემთხვევაში ფატმანი არ მოელოდა ნესტანს და ამიტომაც დასჭირდა მას კარზე დაეკაკუნებინა და თან მისი სახელიც ეხსენებინა, თორემ წესად ყოფილა სტუმრისადმი შეგეგება და წინ დახვედრა. ამის შესახებ ივ.ჯავახიშვილი მოგვითხრობს:
 < საპატიო სტუმრის დახვედრის მე-XI ს. წესის გასათვალისწინებლად შესაძლებელია ის ცნობა იყოს გამოყენებული, რომლებიც გ.ხუცესმონაზონს მოეპოვება და რომელშიც ბაგრატ IV-ისაგან გ.მთაწმინდელის მიღებაა აღწეერილი. მას ნათქვამი აქვს: ჩვენი ფოთში ჩამოსვლის ამბავი «აცნობეს მსწრაფლ მეფესა, რამეთუ ზემოთა ქუეყანათა იყო. ვითარცა ეუწყა... მეყსეულად წარგზავნა მწიგნობარი თჳსი და უბრძანა დიდთა პატივითა წარყვანებაჲ ბერისა. და ვითარცა მოიწია ჩუენდა, წარმოგუყუანეს მიერ და თანა-გზაჲ გვყუა მღვლედთ-მოძღვარცა ქუთათისისა, სახელი ილარიონ... წარმოვედით და მივიწიენით ქუეყნად ქართლისა, სადა იგი იყო მეფე მთავართა თანა. და, ვითარცა მოვეახლენით მას ჟამსა სავალ ოდენ, გამოგზავნა მეფემან მეგზურად ჩუენდა მღვდელთმოძღვარნი და დიდებულნი თჳსნი, ხოლო თვით... მეფე კართა თანა კარავისთა წინა მოეგებათ და მოწყალედ მოიკითხა და იკურთხა მისგან და ჴელპყრობით შეიყვანა კარვად და ინაჴით დასუა მახლობლელად თჳსა»-ო >. 

ივანე ჯავახიშვილის მიერ საპატიო სტუმრის მიღების წესის გასაცნობად შერჩეულ ამ ცნობაში მრავალი საინტერესო ელემენტია მოცემული:
 1. სტუმრის მოახლოების ფაქტს აუცილებლად აცნობებენ მასპინძელს;
 2. მასპინძელი საგანგებო პირს გზავნის სტუმრის წამოსაყვანად;
 3. როცა სტუმარი მასპინძლის სადგომს მიუახლოვდება, მას კვლავ საპატიო პირებს შეაგებებენ;
 4. მასპინძელი (აქ მეფე) სტუმარს თავისი სადგომის (აქ კარვის) წინ ეგებება;
 5. მასპინძელი აქ, კართან მოიკითხავს სტუმარს;
 6. მასპინძელი შინ იწვევს სტუმარს თანაც გარკვეული ჟესტით – ხელპყრობით ანუ ხელის მოკიდებით;
 7. მასპინძელი სტუმარს სვამს ინახზე ანუ მაღალ სკამზე თავისთან ახლოს. სტუმრის მოახლოების შემატყობინებელ პირს «მახარობელი» ერქვა. ეს კარგად ჩანს «ვისრამიანიდან» ამოღებული ცნობიდან:
 < წავიდა მოციქული: ვითა მახარობლისა წესია, ეგრე, ფიცხლად მივიდა».

მახარობელია სასიხარულო ამბის მომტანი მოციქული. მახარობლის წესი კი არის ჩქარა (ფიცხლად) წასვლა და ამ სასიხარულო ამბის ადრესატისათვის მალე შეტყობინება. «მახარობელი» ხშირად გვხვდება «ვეფხისტყაოსანში», ივ.ჯავახიშვილის მიხედვით.

 < უკან დაბრუნებული ავთანდილი რომ მოლაშქრეეებმა დაინახეს, მაშინვე იცნეს და «შერმადინსა ახარებდეს, ფიცხლა კაცთა თავნი არნეს:
 «მოვიდაო, აქამდისი ვისთვის ლხინი გაგვემწარნეს» .შემდეგ თვით როსტევანისთვის საცნობენლად «შერმადინ მახარობელი წავა
მოსვლისა მათისა, ფიცხლა წვიდა: სავალი სამ დღე ვლო დღისა ათისა»-ო.

აქაც ჩანს მახარობლის წესი: ფიცხლად (ჩქარა) სიარულის აუცილებლობა. ამ შემთხვევაში მახარობელს არავინ ნიშნავს. შერმადინთან თავად მისი ქვეშევრდომები მივიდნენ თავიანთი სურვილით, როსტევანთან კი თვითონ შერმადინი წავიდა ასევე თავისი ნებით. აგრეთვე ავთანდილი ისე დაბრუნდა, რომ არავინ გაუგზავნია, მაგრამ ზოგჯერ კი თავად მომსვლელი გზავნიდა მახარობელს. ივ.ჯავახიშვილს ეს შენიშნული აქვს და კიდევაც აღუნიშნავს:
 < ტარიელმა და მისმა თანამგზავრებმა მულღანზანზარში მყოფს ასმათსაც და სხვებსაც შორიდანა აცნობეს
 «მუნით კაცი ასმათს თანა მათ გაგზავვნეს მახარობლად,
კვლავ ფრიდონის თავადთასა ნაომართა მათთა მთხრობლად».

ძველ საქართველოში წესად ყოფილა მახარობლის დაჯილდოება. სათანადო ცნობა ამოწერილი აქვს ივანე ჯავახიშვილს «ვეფხისტყაოსნიდან».
 < მახარობლად წამოსულმა შერმანდინმა რომ როსტევანსა და თინათინს ავთანილის დაბრუნება მოახსენა, თინათინმა «მას საბოძვარი უბოძა, მისი ყველაი დამოსა»-ო. 

ივანე ჯავახისვლს ერთ ქართაკზე ბინარულ ოპოზიციათა საინტერესო მაგალითები აქვს დაფიქსირებული:
 < შიომ ევაგრეს «განუჩინა, მას საზღუარი ჯდომისა და დგომისა, ლოცვისა და
შრომისა»-ო. 

მართალია, ივანე ჯავახშვილს ეს ცნობა უკომენტაროდ დაუტოვებია, მაგრამ იგი თავისთავად გვეუბნება თავის თავზე. აქ ორი ოპოზიციური წყვილი გვაქვს: ერთი ჯდომა და დგომა და მეორე, ლოცვა და შრომა. თანაც ნათქვამია, რომ შიომ ევაგრეს თითოეული მათგანის ზუსტი «საზღუარი განუჩინა»-ო. ე.ი. ჯდომის, დგომის, ლოცის და შრომის წესები დაუდგინაო. აქ იმდენად არაა მოსალოდნელი, რომ შიოს დაედგინოს ის წესები, თუ როგორ უნდა იჯდეს ან იდგეს ადამიანი, როგორ უნდა შეასრულოს ლოცვა ან როგორ იშრომოს, როგორ შეასრულოს ესა თუ ის საქმე, არამედ აქ უნდა იგულისხმე-ბოდეს თუ როდის და რა პირობებშია შესაძლებელი და დაშვებული ადამიანი იჯდეს ან ფეხზე იდგეს, შრომობდეს ან ლოცულობდეს. აქ საინტერესოა ისიც, რომ კარგად იგრძნო-ბა დროსთან დამოკიდებულება: ადამიანის, ამ შემთხვევაში ევარგეს, სამოღვაწეო დრო განსაზღვულ ერთეულს წარმოადგენს, რომელიც შედგება ჯდომისა და დგომის, ლოც-ვისა და შრომის მონაკვეთებისაგან. აქ ძილზე, ლხინზე, გართობაზე და დასვენებაზე არაა საუბარი. დროის ამგვარი დანაწილება ქრისტიანულ მოძღვრებიდან გამომდინარე სულაც არაა მოულოდნელი. თითოეული ადამიანის დროის ბიუჯეტი იყოფა შრომისა და ლოცვის ასპარეზად და სხვა რაიმესათვის დრო არც უნდა დაიკარგოს. ამდენად ზემოთ მოყვანილი ცნობის გაგება, თავისთავად გვიჩვენებს ზრდილობის ნორმებს, რომ ადამიანი მთელს თავის დროს შრომაში და ლოცვაში უნდა ატარებდეს, მით უმეტეს აქ საუბარია სასულიერო პირზე.

რაც შეეხება დგომას, ჩანს რომ ასეთი წესი მართალაც არსებულა. ივანე ჯავახიშვილს არჩილ მეფის თხზულებიდან ამის დამადასტურებელი სათანადო ადგილები ამოუწერია:
 «ხელს ნუ დაიბჯენ, ადგე რა» .
 «არც ვინ ჯოხს ჩამოეყუდო»-ო. ხოლო «ზეზე მდგომი ფეხს ნუ იკავ, ნუცა ბოძს ხელს ხვევ, თუ არ ცუდო,
ნურც იცინი, ნურას უბნობ...
და ვინ ასრე არა ზრდლობს, მაშინ იქნება სვიანი ყუდო»-ო. 


ხოლო ჯდომის წესი განსაკუთრებული ყურადღებით აქვს მიმოხილული სახელოვან ისტორიკოსს: < ზრდილობიანი ჯდომისთვის გარკვეული წესი არსებობდა, არჩილსაც აქვს ნათქვამი:
 «წინ ჯდომით, უკან უკუხრით ზურგს ნუ მიჰყუდებ კედელსა,
ნუცა თავ დაჰკიდებ, არ გვანდე თვალნაკლებს ოქრომჭედელსა,
ცალს თეძოზედან არ დასჯდე, რად ეჭვ ძნელს მოსადებელსა»..

ამის შემდეგაც კვლავ იმეორებს: «ბატონთან და უფროს კაცთან მჯდომი არას გარდეყუდო»-ო. ამის გარდა ყოველს ადამიანს უნდა სცოდნოდა ძველი ჩვეულება და მცნება უცილობელი ზრდილობის, რომ «ჯდომაში ფერხი გარეთი ზეით არ უნდა დაიდო».

სწორედ არჩილის ამ ცნობას გულისხმობდა ივანე ჯავახიშვილი, როცა 1938 წ.თავის ლექციაზე ამბობდა: ძველ დროში ქართველი

 < როგორ უნდა მჯდარიყო? ძველად, 15 ს-ის დადგომამდის სკამზე იჯდნენ. ზრდილობიან სტუმარს არასდროს არ უნდა ეკადრა მიყუდება, არც დაყრდნობა. არასგზით არ შეიძლებოდა ფეხის ფეხზე გადადება. ეს მასპინძლის შეურაცხყოფა იყო და, თუ ვინმე ამას გაბედავდა, დიდი ამბავი მოხდებოდა. ეს ყველა სხვა ქვეყანაში ასე იყო. ჩვენ გვაქვს ცნობა, რომ შაჰ-აბასის დროს იმერეთის მეფეს ქართლის მეფესთან ფეხი ფეხზე გადაუდვია და საუკუნო შური ჩამოვარდნილა. ჩვენ ამის შესახებ გარკვეული დადასტურება მოგვეპოვება არჩილ მეფის ნაწარმოებში >. 

რაც შეეხება ამ საუკუნო შურს და მტრობას, ლექციაზე არაფერია ნათქვამი. სამაგიეროდ არქივში დაცულ ხელნაწერში შემდეგი ამბავია მოთხრობილი;
 < ვახუშტის თავის საქართველოს ისტორიის იმ ადგილს, სადაც იმერეთში გიორგი მეფესთან გახიზნული ლუარსაბ მეფის შაჰ-აბასისაგან დაბარებისა და გამგზავრების ამბავია მოთხრობილი, ქართული ჯდომის ზრდილობიანობის წესის დამახასითებელი შემდეგი საგულისხმო ცნობა მოეპოვება. ისტორიის ძირითად ტექსტში მას ნათქვამი აქვს, რომ გიორგი მეფე, ლევან დადიანი და მამია გურიელი ლუარსაბ მეფეს შაჰ-აბასის მინდობასა და მასთან წასვლას უშლიდნენ, მაგრამ ლუარსაბმა თავისი არ დაიშალა და შაჰ-აბასს მიენდო, შენიშვნაში ლუარსაბის წასვლის მიზეზად შემდეგი გარემოებაა დასახელებული: «იტყვიან, რამეთუ ერთად ისხდნენ მეფენი. მაშინ გიორგი მეფემან მოიხადა ქუდი და შემოდვა ფეხი მუხლსა ზედა. ესე იუკადრისა მეფემან ლუარსაბ და შეირაცხა უპატიოდ და არარად შერაცხად და იტყოდაო: «რა იგი ნებავს მტერს, ჰყოს, ხოლო უმცირესისა ჩემისაგან არა დავთმინო». და არარაი უსმინა გიორგი მეფესა და წარვიდა, ვითარცა მწყრალი». თუნდაც რომ ეს ცნობა თავისთავად სწორი არ იყოს და მხოლოდ იმჟამინდელს ჭორს წარმოადგენდეს, მაინც იგი იმ მხრივ არის საყურადღებო, რომ მაშინდელი ზრდილობიანი ჯდომის წესის გამორკვევის საშუალებას გვაძლევს. ზემოთ მოთხრობილისაგან ცხადი ხდება ფეხის მუხლზე შემოდება სხვასთან ჯდომელა საუბრის დროს დიდ უზრდელობად ყოფილა მიჩნეული. ხოლო თუ ამასთანავე, მოსაუბრე უფროსი იყო, ფეხის ფეხზე შემომდები კი უმცროსი, მაშინ ასეთი საქციელი უკადრისობად და უპატიობად ითვლებოდა >.

როგორც უკვე იყო აღნიშნული, ძველ საქართველოში XV ს-მდე სკამზე ჯდებოდნენ, მხოლოდ შემდეგ იცვლება ვითარება და ნოხზე იწყებენ ფეხმორთხმით ჯდომას. ეს გარემოება აქვს მხედველობაში ივ.ჯავახიშვილს, როცა «ვეფხისყტაოსნის» ცნობაზე დაყრდნობით ნათქვამი აქვს:
 < ფრიად საგულისხმოა, რომ შოთას, უსკამოდ ჯდომა ვაჭრისაც კი იმდენად ვერ წარმოუდგენია, რომ დიდვაჭრად გადაცმულს, მობაღდადელ სოვდაგრებთან ერთად გულანშაროში გემითგან საქონლით გამოსულ ავთანდილზე მას ნათქვამი აქვს: «ავთანდილ ჯუბანი ჩაიცვა, დაჯდა სკამითა»-ო. 

საჯდომად სკამის გარდა ტახტსაც იყენებდნენ. ივ.ჯავახიშვილის დაკვირვებით, ტახტს, როგორ ავეჯის ერთ-ერეთ სახეს, «ვეფხისტყაოსანში» არა მარტო სამეფო საჯდომის მნიშვნელობა აქვს მინიჭებული, არამედ საერთოდ «ვეფხისტყაოსნის» გმირებიც ტახტზე ჯდებოდნენ და წვანან კიდევაც.

 < ტახტზე ჯდომაც და წოლაც იცოდნენ, მიწოლით ჯდომაც შეიძლებოდა, ნესტანი გამწყრალი დახვდა თავის კოშკში, ტარიელი უამბობდა ავთანდილს, იყოო «მითვე მწვანითა უებრო მიწოლით ტახტსა მჯდომელი»>.

არსებობდა აგრეთვე საგანგებო ბალიში, რომელსაც სკამზე დებდნენ და ზედ ჯდებოდნენ.
< ტარიელი ნესტანზე ამბობს, როდესაც ხვარაზმშას მოსვლით განრისხებულმა ნესტანმა დამიბარა: შევედი ვნახე, ბალიშსა ზედა წარბ-შერჭმით მჯდომარე».

ჯდომის წესის ერთ-ერთი ელემენტია აგრეთვე დისტანციის დაცვა, თუ რა მანძილზე უნდა დაჯდეს ერთი პირი მეორესთან. ახლოს დასმა სტუმრისა პატივისცემის გამომხატველი ნიშანია, რომელსაც უფროსი ან მასპინძელი ამჟღავნებს. ეს კარგად ჩანს «ვეფხისტყაოსნის» მაგალითზე, რომლის სათანადო ადგილები ამოწერილი აქვს ივანე ჯავახიშვილს:
 < მამის გლოვითგან გამოსვლისათვის რომ ზეიმი გამართა ფარსადან მეფემ, ტარიელი მოუთხრობს ავთანდილს
«შორს მამეგებნეს, მაკოცეს, პატივით, ვითა მპყრობელთა, მათ საჯდომსა ახლოს დამსვეს, პატივს მცემდეს ძისა დარად.»>

ან კიდევ
ტარიელი და ავთანდილი რომ ფრიდონთან მივიდნენ, იგი თავის სახლში
«ახლოს დაისვამს ავთანდილს, მისსა ძმად შეფიცებულსა, ტარიელ დაჯდა საჯდომსა ოქსინო გარდაგებულსა»

ივანე ჯავახიშვილის მახვილ თვალს შენიშნული აქვს «ვეფხისტყაოსანში» ერთი საინტერესო დეტალი, რომლის შესახებაც წერს:

ტარიელი ავთანდილს უამბობს, რომ რა წამს ფრიდონმა ჩემი ვინაობა შეიტყო და გაიგო, რომ ინდოეთის მფლობელი ვარ (ე.ი. მეფედ უკურთხებელი, მაგრამ რეალური პრეტენდენტი, მემკვიდრე, დ.ს.) მაშინვე.«ფრიდონ საჯდომი დამიდგა ადგილსა საბატონოსა»  >.

ე.ი. ტარიელის სამეფო წარმომავლობა რომ შეიტყო, ფრიდონმა იგი საპატიო ადგილს დასვა, უნდა ვიგულისხმოთ, რომ თავის საჯდომთან ახლოს. აქ მეორე გარემოებაცაა საინტერესო ზრდილობიანობისა და თავაზიანობის გამოხატვის თავლსაზრისით: სანამ ამ ამბებს შეიტყობდა ფრიდონი მანამდე, ფრიდონიც და ტარიელიც ხომ ისხდნენ და ფრიდონი ადგა და თავისი ხელით საჯდომი საპატიო ადგილს ანუ თავისთან ახლოს დაუდგა ტარიელს.

იერარქიული ანუ «სწორ-უფროსულ-უმცროსულ» (არჩილი) დამოკიდებულება ურთერთობაში ყოველთვის გათვალისწინებული უნდა იყოს. ამის შესახებ ივანე ჯავახიშვილი თავის ლექციაში ამბობს:
 < მომსვლელს უფლება არ ჰქონდა, რომ, თუნდაც დაღლილი ყოფილიყო, თუ არ სთხოვდნენ, დამჯდარიყო. უფროსთან არ ჰქონდა დაჯდომის უფლება თუ არ სთხოვდა. თუ უფროსი იდგა, ისიც უნდა ამდგარიყო. თუნდაც მასპინძელი უმცროსი ყოფილიყო, არ შეეძლო დამჯდარიყო, თუ სტუმარი უფროსი არ ეტყოდა >.

ძველ საქართველოში ახლობელ ადამიანთა შორის მიღებული ყოფილა ერთმანეთის კოცნა. ივანე ჯავახიშვილს «ვეფხისტყაოსნიდან» 10-ზე მეტი შემთხვევა აქვს ამოწერილი, სადაც კოცნაა მოხსენებული. ეს საკითხი სწორედ «ვეფხისტყაოსნის» მიხედვით საგანგებოდ შეისწავლა ვ. ნოზაძემ: «კოცნის წესი მრავალგვარია და სხვადასხვა მნიშვნელობისა არის; კოცნა ბაგეზე - შეყვარებულთა; ან მეგობართა; ღაწვზე - თანასწორია; კისერზე - ცოტა არა თანსწორთა; მკერდზე - უფრო არა თანასწორთა; მუხლზე – მდაბლისა; ფეხზე და მიწაზე - მდაბალისა».საბოლოოდ კი ვ.ნოზაძე ასკვნის, რომ «ვეფხისტყაოსანში» მოცემული კოცნის სახეები «საზოგადოებრივ წოდებას გვიხასიათებს და საზოგადოებრივ დახარისხებასთანაა დაკავშირებული». ივანე ჯავახიშვილის მიერ ამოწერილი ცნობებიც ამ აზრის ილუსტრაცაა, მაგრამ ამ ქართაკებს რამე კომენტარი არ ახლავს და ამდენად, მათი მოტანაც საჭირო არაა. მხოლოდ 1938 წ. ჩატარებული ლექციის ერთ ადგილს მოვიყვან ს. ბედუკაძის კონსპექტიდან:
 < როცა ორი ცხენოსანი შეხვდებოდა [ერთმანეთს]., უნდა ჩამომხტარიყვნენ და ისე მისალმებოდნენ. რაინდები ერთმანეთს კოცნით ესალმებოდნენ. ამის დარღვევა პირად შეურაცხოფად იყო მიჩნეული >.

ამ წესს თურმე «პატივით ხილვა» რქმევია, რის შესახებაც ივანე ჯავახიშვილი თავის «ქართული სამართლის ისტორიაში» წერს: «საქართველოს მოწინავე წრეების წევრებს განსაკუთრებული, მტკიცედ შემუშავებული ზნე და ქცევის ჩვეულება (ე.ი. ეტიკეტი, დ.ს.) ჰქონიათ. ურთიერთობის თანასწორობის და შესაფერისად შემუშავებული ერთამანეთის დახვედრისა და მისალმების «წესი»-ც კი არსებობდა თურმე. წარჩინებულნი მოვალენი იყვნენ ერთმანეთისადმი თანასწორი პატივისცემა გამოეჩინათ, იმიტომ რომ ურთიერთის «პატივით ხილვა» ამ წესის ზრდილობიანობის საანბანო ჭეშმარიტებად ითვლებოდა. «წესისაებრ პატივით ხილვა» იმაში მდგომარეობდა, რომ როდესაც წარჩინებული ცხენზე მჯდომნი ერთი მეორეს შეხვდებოდნენ, ორივენი მოვალენი იყვნენ ჯერ ჩამოქვეითებულიყვნენ, ხოლო შემდეგ კოცნით მოსალმებოდნენ ერთმანეთს».

ჟამთააღმწერილის თხზულებიდან ცნობილია ამ წესის დარღვევის ფაქტი, რომელიც მძიმე შედეგით დამთავრდა. ავაგ ამირსპასალარი მონღოლთა ყაენისაგან საქართველოში დაბრუნდა «და ვითარ ცნეს ქართველთა მოსვლა ავაგ ამირსპასალარისა, წინა მიეგებნეს ყოველნი მთავარნი და წარჩინებულნი, თჳთ შანშე და ეგარსლან, რომელსა კნინღა-და სახელი მეფობისა ეპყრა. და ვითარ მიეხალა ავაგ, ჰგონებოდა ჰუნისაგან გარდამოჴდო-მად და ეგრეთ ხილვად ეგარსლანისაგან. ხოლო იგი განლაღებულ იყო, და არა ინება წესისაებრ პატივით ხილვა, და ამბორის-ყოფად ავაგისა. და ვითარ იხილა ავაგ, განძჳნდა და თავსა მათრაჴითა უხეთქნა, და უბრძანა მას ქვეშე დაწესებულთა, რათა ცხენისაგან უპატიოდ დაიმჴუან ქუეყანად, და ყვესცა ეგრეთ, და პატივისაგან უპატიო ყვეს, და განძრცვილი განაძეს» . ე.ი. მიღებული ეტიკეტის ასე საჯაროდ და დემონსტრაციულად დარღვევამ შეურაცხოფის მნიშვნელობა მიიღო და რეაგირებაც სათანადო მოჰყვა.

(ყრმობა* _სხვაგან ივ.ჯავახიშვილი აღნიშნავს ადამიანის ცხოვრების ამ პირველ ხანას «ჩჩჳლი» ეწოდებოდაო.)


დავით სართანია

გამომცემლობა ”ენა და კულტურა”
თბილისი
2002 

Комментариев нет:

Отправить комментарий