ღმერთი

ღმერთი

пятница, 14 июля 2017 г.

მთათა ერთობა.ვაჟა-ფშაველა.(II)


ბორბალა

დარბაისელნო, მე ვიცი
ჩვენს მთებში ერთი სვავია
ნასწავლი, მხოლოდ იმას აქვს
განათლებული თავია,
და განირჩევა სხვებისგან
მითი, რომ მხრებზე შავია.


მთები (ერთხმად)

ძალიან კარგი, თუ ჩვენში
ეგეთი ვინმე არია,
მოვძებნოთ, მოვაყვანინოთ,
ვუამბოთ დასაბარია,
იმდენს როგორ ვერ დაგვიწერს,
შევიჯერიოთ ბარია!
  იმ სვავის დასაძახებლად
მთებმა გაგზავნეს ყვავია.
უბრძანეს: ,,არას აკეთებ,
ჰნავარდობ, მარტო ჰსჩხავია.
წადი და აქ მოიყვანე
ნასწავლი ლეში-ჭამია.
სვავს გვეუბნება ბორბალა, -
თურმე გაწვრთნილი გვამია.
იცნობ კი სწორედ, გვითხარი,
ცნობა რა დასამალია?''



ყვავი

როგორ არ ვიცნობ? მუდამ-დღე
აქ ვხედავ მოფარფატესა,
სულ მთებში სცხოვრობს ბოლო დროს,
ვერ მგზავრობს ბარის მხარესა.



მთები (ერთად)

რატომ, რა მიზეზის გამო
იგი ბარს შემოსწყრომია?


ყვავი

ხმამ ერთობისამ შეაკრთო,
მოჰკლავენ, ისა ჰგონია.


მთები (ერთად)

უყურეთ თავ-კაუნასა,
იმასაც ჭკუა ჰქონია!


ყვავი

ალბათ ჭკუა აქვს და ცნება,
როს წერა-კითხვის მცოდნია.


მთები

ოღონდაც... მაგრამ ბრიყვს წიგნი
საიდან შეუსწავლია?


ყვავი

ეგ აღარ ვიცი, რო გითხრათ,
თქმა ტყუილისა მცხვენია.


მთები

ძალიან კარგი. მაშ გასწი,
ვიცით არ გინდა ცხენია,
სითაც იყოს და არ იყოს,
მოგვგვარე იგი ბრძენია.
ვიმედობთ, არ გვალოდინებ,
ვნახოთ უნარი შენია!


ყვავი

ეხლავ, ამ წუთას აღსრულდეს,
გმირნო, წადილი თქვენია.
  გასწია ყვავმა სრიალით,
სადც სვავი ეგულებოდა,
იქითკე, სადაც მრავალი
სვავთა ხმა ეყურებოდა.
მიცურავს ლაჟვარდს ცაშია,
ნისლი არ ებურებოდა.
გზა-გზა ჰკითხავდა ფრინველთა -
ქორსა, მიმინოს, ძერასა:
ხომ არსად არ შაჰხვედრიან
ბერ-სვავს მწიგნობარს, მწერალსა,
ზოგი ეტყოდა ჰოობით,
ზოგი ეტყოდა არასა,
ასდევ-ჩასდევდა ნაპრალებს,
სჩხრეკს ხევთა შასაყარასა,
და როგორც იყო დაადგა
სვავების სავალ შარასა.
წაადგა თავსა, როს ბრძენი
სწიწკნიდა ძროხის გალასა.
  სვავმა იწყინა მის მისვლა,
შორითვე გაეკამათა.


სვავი

სად მოჰფარფატებ, ეს ძვალი
მეც არ მეყოფა თავადა!


ყვავი

მიირთვი, არ გეცილები,
მე სხვა საქმე მაქვს შენთანა.


სვავი

თუ არა გასაკრავადა,
რა გესაქმება ჩემთანა?



ყვავი

ნუთუ სმაზე და ჭამაზე
ტრიალებს მხოლოდ ქვეყანა?
შენთან მე მთებმა მომგზავნეს,
ვით განსწავლულთან, ბრძენთანა.
  ყვავი მიუჯდა ახლოსა,
ძმური მიართო სალამი,
უამბო, მთებს როგორ უჭირს
მისი ცოდნა და კალამი.
მთებსა აქვთ კრება რაზედაც, -
დიდი თათბირი, მსჯელობა,
და თუ არ ვსცდები, საფიქრად
მათ გახდომიათ ერთობა.
წიგნი მოჰსვლიათ ამაზე,
გამოგზავნილი ბარითა,
თავის მტვრევა აქვთ მის გამო
ერთობლივ დღე და ღამითა.
ფიქრობენ, ერთობაზედა
ბარად გაგზავნონ პასუხი,
შენ უნდა მიგაწრინონ
თავის აზრი და საწუხი.



სვავი

ღმერთმა დასწყევლოს ერთობა,
თავში-კი იმის მამგონი!
ვეღარ წავსულვარ ბარადა,
ხანი გავიდა რამდონი.
აღარ გვინდობენ, თუ სადმე 
იგდეს ხელთ სვავი, ყორანი,
მაშინვე მოჰკლვენ, არ ჰზოგვენ,
რისათვის ხართო მცონარი!
უწინ რა ჭირდა: ჩავიდი 
ბარად, ვძღებოდი ლეშითა
მადლიანადა, რომ ძლივს-ღა
შინ ვბრუნდებოდი ხვნეშითა.
ეხლა კი ასეთს ხმელს ძვალებს
დავეძებ ნახრავ-ნუხრავსა...
ფუჰ, ამისთანა სიცოცხლეს
და ამისთანა სუფრასა!

ყვავი

მაშ ხომ წამოხვალ? უარი
ან კი რა საკადრისია?
ეს საქმე ჩვენი საქმეც-ა
ვინც მცხოვრებნი ვართ მთისია.


სვავი

წამოვალ, უარას ვით ვიტყვი,
თუმც ვერ დავუწერ არზებსა,
ვურჩევ, თუ დაიჯერებენ,
არ აჰყვნენ წამწყმედ აზრებსა.
ერთობით, ვიცი კარგადა,
არა გვერგება სვავებსა.


ყვავი

წავიდეთ, ნუღარ ვგვიანობთ,
დრო აღარ არი ცდისია,
მიუსწროთ ვიდრე დღე არი,
სხივები ბრწყინავს მზისია,
არ შეგეშალოს, დასწერო
რასაც გეტყვიან, - ისია.
ახ, ნეტავ მე კი მესმოდეს
ცოტა რამ ანბანისია!...
  ადგა ყვავი და გაფრინდა,
უკან გაუდგა სვავია,
მისდევდა მხრების ფლაშუნით
მცონარა, მუცელ-ავია.
ცოტა ხანს მერე მთათ შუა
მოსჩანს იმისი თავია.
ერთს დიდრონს არყზე დამჯდარა
თავ-მოწონებით, ბრძნულადა.
მთებმა მიიღეს თავაზით,
მყინვარი ჰკითხავს ძმურადა.


მყინვარი 

ჩვენ გავიგონეთ, რომ თურმე
განათლებული ჰყოფილხარ.
თავად ისწავლე, თუ მცოდნე
დედის მუცლიდან ჰშობილხარ?
კარგია, ღვთისა წინაშე,
რომ ღმერთმა მათთა შორისა
დაგბადა ეგრე ჭკვიანი -
და ჩვენაც შენის ყოლისა
მოხარულნი ვართ ფრიადა,
თან თუმც კი გვიკვირს დიდადა,
საიდან მოხდა, რომ წიგნი
შაგისწავლია წმინდადა?


სვავი

წმინდად კი არა, ცოტა რამ 
ვიცი და ისიც ხუცური.
დავჯღაბნი ვაი-ნაჩრობით,
ვიცი ლოცვების ტურტური.


იალბუზი

უყურეთ ამას! გვითხარი,
აბა რა იცი ლოცვები?
შენ იქნებ წმინდანიც იყო 
და არა გქონდეს ცოდვები?!


სვავი

მამაო  ჩვენო, უფალო,
მრწამსი, დავითის ფსალმუნით,
მიწყალე ღმერთოთ იწყება,
ამიერიდან და მუნით.
ალილუია სამჯერა,
ჟამნი არ ვიცი მე სრული,
ტიპიკონს ეხლა შეუდეგ,
ამისთვის დამდეთ თუნდ წუნი.
  მთებს პირზე მოსდით ღიმილი,
გაუცინართა სიყრმითა, -
ეცინებოდათ ეხლა-კი
ნახულის სვავის სიბრძნითა.


იალბუზი

ძალიან ბევრი გცოდნია,
თითქმის ივარგებ ხუცადა.
დღემდი სად იმალებოდი,
ეხლა გამოსჩნდი უცბადა!
სით მოხდა, ვისგან ისწავლე,
რომ გვითხრა, არა წახდება,
გასაკვირველი ამ სოფლად,
არ ვიცი, ბევრი რამ ხდება?


სვავი

მე რომელ კლდეშიაც ვცხოვრობ,
იქ ერთხელ მწირი სცხოვრობდა;
დაბლა ის იყო, მაღლა მე,
ჩემიდან არა შორობდა.
მესმოდა ყოველი სიტყვა
მწირისგან თქმული ეხშია,
ზევიდან უკირკიტებდი,
როს წიგნი ეპყრა ხელშია.
მოკვდა და იქვე დაეფლო
გრკალად მოხრილი წელშია.
მე დამრჩა, როგორც მემკვიდრეს,
მთელი იმისი ქონება:
წიგნები, სხვა არაფერი,
მით გავიხსენი გონება
ცოტად, განა თუ ბევრადა.
არა მჭირდება ღონება,
წერილის მისაწერადა,
თუ სადიდებლად უფლისა,
ან თუ თქმა ,,მამაო ჩვენოს'',
საკურთხებელად სუფრისა.



იალბუზი

ჩვენაც ეგ გვინდა სწორედა,
რომ მიგვიწერო წერილი,
ბარიდან გამოგზავნილი
აზრია შემოჩენილი,
ერთობის თაობაზედა
წერილი გრძნობით ნაბეჭი.
  ეს სთქვა და თან მიაწვადა
სვავსა ჯიხვისა მან ბეჭი.


სვავი

ერთობაზედა? თუნდ მომკლათ,
ამკუწოთ ნაჭერ-ნაჭრადა,
არ დავსვამ არც ერთს ასოსა
მე თავის გასამწარად.
მაგაზე ცუდი ამ ქვეყნად
სხვა არა გამოგონილა,
სხვით არც შემცდარა ქვეყანა,
როგორც ერთობით ცდომილა!
ბრიყვად ვრაცხ, ვინაც ეგ აზრი
მიიღო, გაიძმობილა.
რა თქვენი საკადრისია
ერთობის აინ-ოინი,
თქვენ შეინახეთ ნადირთ ხრო
და ფრინველების ბოინი.
  ამ დროს გაისმა კლდიდანა
წყრომა და ჯაჭვის ჩხარანი,
გმირის ხმა ისმის მედგარი,
ზანზარებს კლდისა დარანი.
შიგ ორი თვალი ლაპლაპებს,
როგორც ორთქმავლის ფარანი.


ამირანი

(ისმის ხმა გამოქვაბულიდან)

მთებო, მაკვირვებს მე თქვენი
ქცევა, სვავისთვის ფერობა,
ნუთუ სხვა სახსარს ვერ ჰპოვებთ,
თავს გაუწიოთ მცველობა?
დაკარგეთ მანდით ეგ უშნო,
წაიღოს თავის ხელობა;
ცოდვა არ არის ბრჯღალითა 
მაგანა ჯიჯგნოს ერთობა?



მყინვარი

მართლაც, სასვაოდ რადა ვხდით
ჩვენს აზრს და ჩვენსა გრძნობასა?
სვავების შემაცქირალი
მთა როგორ იზამს მთობასა?
ჩვენ საკუთარი შიკრიკი
გვყავს, ის შაიძლებს თხრობასა,
მას დავაბაროთ, ერთს წამში
ბარს ის მიუტანს ცნობასა, -
ყველაფერს დაწვრილებითა
უმწიკვლო ენა-პირითა,
იმ გვარად, თითქოს მიუგოთ
აქედან წყალი მილითა.


იალბუზი

ეგ რომელ შიკრიკზე ამბობ,
მე როდი მესმის სწორედა?



მყინვარი 

ჩვენს ასულს ნიავზე ვამბობ,
რომ მოსისინებს დონედა:
მოზრდილი მხრები შეისხას
მაგრა და, არა ფონედა,-
გადიქცეს მხვივან ქარადა, -
იქროლოს ყოველ მხარესა;
უამბოს დანაბარები
მტირალს და მოხარხარესა.
ვგონებ, რომ საქმეს უკეთესს
ვერ ვიზამთ მოსაგვარებსა!
სვავი გავგზავნოთ, წავიდეს,
იფრინოს მთების არესა,
ესტუმროს წმინდა სენაკსა,
ულოცოს თავი მთავრესა.


მთები 
(ერთად)

ეგ რა კარგი სთქვი! უკეთესს
ჩვენ ვის რას დავაბარებთა!
ეხლავ მოუხმობთ, სათქმელსა 
რასაც კი დავავალებთა,
ვუამბოთ ჰაეროვანსა
ჩვენს ასულს, ტანად საროსა, 
ეს იალბუზმა თვით იცის, 
რაც უნდა  დააბაროსა.
სვავო, შენ გასწი, იფრინე, 
მიჰხედე თავი ალოსა.
სვავიც ადგა და გაფრინადა,
გამოეთხოვა კრებასა,
დახანხალებდა ცაშია
გულ-დინჯად, ნება-ნებასა.
არც წყევლას ამბობს მთებისას,
არცთუ იტყოდა ქებასა;
იგი ფიქრობდა , თუ სვავებს 
სითმე მისცემდა შვებასა.
  მთებმა კი ხმითა ტკბილითა
მოუხმეს ნიავს თვისთანა.
ათრთოლდა მთელი ჰაერი
ხმელეთითა და ციდანა.
პირველად გამოიქუხა 
სპეროზიაის კლდიდანა;
შემდეგ დაიწყო მოდენა
წყალივით ყოველმხრიდანა.
ადის და დადის მთათ მკერდი
წითლად, ყვითლად და მწვანედა,
ჰსუნთქავენ მთები... არყები
იღმიჭებიან მწარედა.
ბალახ-ბულახი, ყვავილნი,
რაც მთებს აკრია გარეთა,
ზოგი ისწორებს კაბასა,
ზოგი ივარცხნის კავებსა,
სხვანი კი იზმორებიან,
მაღლა ჰყაყვავენ თავებსა.
ისმის ნიავის ფეხის ხმა,
როგორაც ქედნის ღუღუნი.
იმასთან შენაწონები 
ყვავილ-ბალახთა დუდუნი,
გაცოცხლდა მთელი ბუნება, _
მკვდარმა დაიწყო ჩუჩუნი.


იალბუზი
(ნიავს)

მოხვედი შვილო? იცოცხლე!
ყური დაუგდე მამასა. - 
ნიავიც შედგა, დასწია 
მაღლა აწეულ კაბასა,
ყური მიაპყრო მშობელსა,
რას უამბობდა ამბავსა.
და იალბუზიც დინჯადა
ასულს მოუყვა ამასა:
 შენ უნდა ბარად ჩახვიდე
და მოვლო ყოველ კიდესა,
უთხრა მთათ დანაბარები,
ძველ გზას არ გადავიდესა,
კაცების ერთობაზედა 
თავის რჯულს არა სცვლიდესა,
წესს, კანონს უფლის დადებულს,
ძალიან მტკიცე სცვიდესა.
ავი და კარგი იგუოს,
თუნდ ჩირად არა ღირდესა;
მოთმენა ჰქონდეს იმისა,
რაც უნდა ჭირი ჭირდესა.
ჩვენ უენ-პირო ბუნება,
სხვა ვართ, კაცთაგან ვსხვავდებით:
მეტი მადლიც გვაქვს, მოთმენაც, 
ძალიან არა ვცხარდებით,
როცა რამ უსამართლობა
ხდება შემთხვევით, ან ნებით .
და კაცთაც, ჩვენის მადლითა,
ყველაფრად გამოვადგებით.
კაცთ ვერ დაუგმობთ დრტვინვასა,
რადგან ცხოვრება კაცების
გამხდარა მხოლოდ სადავლოდ
ძალ-მომრეობის, ტაცების.
თუ თავად არა უშველეს,
კაცთა სიცოცხლე გაცვდების.
ჩვენი ბუნება სხვა არი,
მას კაცებისა ვერ სწვდების.
ჩვენში ზომა აქვს უცვლელი,
გაჩენასა და სიკვდილსა, 
ფრინვლისგან ფრინვლის მოკვლასა
მით არ ვეძახით სირცხვილსა.
უზომოდ ავის ჩადენით 
წინ ვერვინ იწყებს სირბილსა.
უხამსობამდის არ მიდის
მთის მტაცებელთა ზნეობა,
და მიტომ არავის სწყრება,
არვის აკლდება მხნეობა.
შევსება მოსდევს დანაკლისს,
არსად ატყვია მკლეობა.
სავსეა ფრინველ-ნადირით
მთები და იმათ ხეობა.
ჩვენთვის ცხოვრების სასწვრისა
უღელი მუდამ სწორია,
მით კაცთა ცხოვრებაზედა
ჩვენიდან ძლიერ შორია.
ამიტომ ამას გაბარებ:
რომ მოვლო მინდორ-გორები,
ვიდრე ბარს არ ჩააგონო
კარგად, ნუ გაეშორები.
თან ეს უთხარი, ნაყოფსა
ტყე, წყალნი, ჭალა-ველები
უხვად აძლევენ კაცთ საზრდოს
და იყვნენ მისი მცველები.
ტანი რად გვინდა მარტოკა,
თუ არ გვასხია ხელები?
ბუნებას, უფლის ნაკურთხსა,
რას უზამს ტურა-მელები?
  რას ეს სთქვა, მთებსაც შაესმათ,
რომ იყვნენ ღამის მთევლები.
დალაგებულთა ჯარადა
მყის გაისწორეს წელები, -
ვაშა დასძახეს ერთხმადა,
მაღლა აძაბეს ყელები.
ეხვევათ უბე-კალთებზე
წყვდიადის სხივის გველები,
დაჰბრუნავს ბარსა ნიავი,
მთებიდან დანატევები.


ამირანი
(ისმის ხმა კლდიდან)

კარგი ხართ, მთებო, დიაღაც
სიტყვა სთქვით დასაჯერები,
მაგრამ თქვენც ადამიანსა 
ბევრჯელ დაუზრეთ ქერები.
გეწყინოთ, ვიტყვი მართალსა,
ვერავის მოვეფერები:
რამდენჯერ ადევებული
გაჰგზავნეთ აქით ხევები,
რამდენი კაცი დაარჩო,
რიყედ აქცია ველები
და გააუქმა საწყალთა
მშრომელთა კაცთა ცელები.
ბევრს დაუქცია სახლ-კარი,
შლამით აუვსო ქვევრები.
თუ სადმე სამართალია,
თქვენცა ხართ დასარბევები.
ვაი რომ შებორკილი ვარ,
მტარვალთა ვეღარ შევები,
თავის ნებაზე მაშინა 
ვერ გატარებდნენთ დევები.

___
ხმა როდი გასცეს ჯიუტსა
მთებმა შეუდრკელს ბიძასა.
იცნობენ იმის ხასიათშ,
მიჰმართეს თავის ბინასა.
იდგნენ თავ-თავის ადგილას,
რომ შაგეხედნა დილასა -
ისევ იმ წესით, იერით,
როგორაც ამას წინადა:
წარბ-შეუხრელად, შუბლ-შეკვრით,
გაუცინარად, ცივადა.
მხოლოდ იმ ღამეს, როდესაც
მთებმა გაგზავნეს შიკრიკი
ბარად... იალბუზს ეწვივნენ,
მოძებნეს ძველი ბილიკი,
საიქიოდან მრავალი
ჩვეულებრ წმინდა სულები,
ქვეყნის საშველად, სამწეოდ
უდროვოდ გარდასულები,
შემოკრბენ მთისა თხემზედა,
ძაძითა შემოსილები.
დამწკრივდნენ გულ-ხელ დაკრეფით,
დაიწყეს ტკბილი გალობა:
,,უფალო, დამბადებელო,
მთა-ბარს მოჰნიჭე წყალობა,
აცხოვრე ბედნიერადა
და ააცილე წვალება.
და მოუხდინე კეთილად
ცუდისა კარგზედ ცვალება.
ნუგეშმცემელად ეყავი
დაჩაგრულებსა ყველათა.
თავისუფლების გვირგვინი
დაადგი კარგის მცველადა.
დათრგუნე უსამართლობა,
გამეფებული ქვეყნადა''.


ამირანი 
(ხმა კლდიდან)

ყველამ თავის თავს უშველოს,
ყოფნამ სხვის შველის ამარა
მე არა მარგო, ნაღველმა
მხოლოდ გულ-მკერდი დაღარა.
ძალის შეძენა გვიშველის
მეც და სხვას, ვინაც ტანჯულა
მართლა, თუ უსამართლოდა,
სხვა არა გამონახულა
მის გარდა საშუალება,
როგორც მიცნია სოფელი.
ხომ ხედავთ, რა ყოფაში ვარ
ქვეყნის კეთილის მყოფელი, -
ხალხისთვის თავდადებული,
როგორც შვილისთვის მშობელი?!


(სულებს)

ახ, თქვე საწყლებო, საწყლებო,
თქვენ უფრო მტანჯავთ გოდებით,
მომკალით ბარემ ერთხელა,
მოდით, ჩამქოლეთ ლოდებით!
რად მინდა უქმი სიცოცხლე,
მოუხმარები ძალ-ღონე?
მიშველეთ, აბა ვინა ხართ
ჩემთვის ვედრების გამგონე?
თქვენც, ქვეყნის ბედიც, მტრებიცა, 
ყველა ჩემი ხართ დამღონე!..

  ცისკრის ხანია, ბარიდან
იწყეს ნისლებმა მოდენა.
გროვა და გროვა, შევ-ფერი,
ცა და ხმელეთის ოდენა
მოგროვდნენ, როგორაც მთები,
ერთი მეორის გვერდზედა,
თან ჟინჟილი მოსდევს და სიო,
დალაგდნენ მთების მკერდზედა,
იმასა ჰგვანდა, თითქოსა
მთები სხდებოდა მთებზედა.
თან მოაქვსთ ოხვრა და კვნესა,
ხალხისა ჟივილ-ხივილი,
თან წამოეღოთ მთებისთვის
ხალხისა გულის ტკივილი.
გადაეხურა, ვით ძაძა,
მთებს ჯანღი პირით-პირამდე:
არც ავს ამბობენ, არც კარგსა,
სულ სდუმან კვირით-კვირამდე.
ბარს უმალავენ სახესა
თხემებით  დაბლა ძირამდე.
უნდა ვუცადოთ ამირანს,
გამოუშვებენ მინამდე.
მაგრამ სადა და როდისა?
მისვლა გაჭირდა შინამდე.




მთათა ერთობა.
ვაჟა-ფშაველა.


Комментариев нет:

Отправить комментарий