ღმერთი

ღმერთი

воскресенье, 30 июня 2013 г.

ტყის საძმო.

ხიბლზე.

კაცი, რომელიც იქადის თავის სათნოებითა, ამით ამტკიცებს, რომ მას არა აქვს ჭეშმარიტი სათნოება. შინაგანი გულის კმაყოფილება არის ნიშანი მისი უგუნურებისა.
წმინდა გაბრიელ ქიქოძე 

ამპარტავნება ისეთი დახელოვნებული მხატვარია, რომ ყოველ მხრივ შენს უშვერებას სადღაც წარიპარავს, ხსოვნადაც არა გაუფლებს და ამ დროს შენს სურათს ისეთი მშვენიერებით დახატავს, რომ შენ თავ-მოწონებას ფრთებს შეასხამს. ამად ეს ვითარცა ყოველ მხრივ დაბრკოლებისა და წარუმატებლობისა გამო მე ესრედ დავდევ გულსა შინა ჩემსა: ჩემის გამოსლვის პირველ დღითგან ვიდრე აღსასრულამდე მხედველობა ჩემი ამ ფარგალში დავაყუდო, რომ მე მარადის ცთომილ ვიყავ და სიკვდილამდეც ცთომილი ვიქნები და მხოლიდ ღვთის სახიერების უფსკრულს მივეყრდენ.
წმინდა ალექსი შუშანია

ვინმეზე დიდი რომ გეგონოს თავი, საძაგელი ხარ უფლის წინაშე. ხშირად შენი თვალით ნანახსაც და შენი ყურით გაგონილსაც ნუ დაუჯერებ - შეიძლება, ერთიც გატყუებდეს და მეორეც. არქიმანდრიტი გაბრიელი (ურგებაძე) თუ ნახე შენ კაცი, რომელიც არავისთან არ თათბირობს ან არ ასრულებს რჩევებს, მაშინ ელოდე, რომ ის მცირე ხანში ხიბლში ჩავარდება.
ღირსი იოსებ ათონელი, +1959

ჯოჯოხეთი გადატენილია ამპარტავანი ქალწულებით, ღმერთს მდაბალი ადამიანი სჭირდება.
ღირსი ტიხონ ათონელი, +1968

ვინც თავის ხილვებზე დამშვიდებულად საუბრობს და ასკვნის, რომ ისინი ღვთისგანაა, უეჭველად სცდება.
ღირსი ათანასე გრიგორიატელი, +1951

სულიერი აღტაცება - ეს სრულყოფილთა ხვედრია. ჩვენ გვეძლევა ეს ღვთისაგან მხოლოდ მაშინ, როცა გვჭირდება. სხვანაირად ის ჩვენთვის იქნება როგორც დანა ან ცეცხლი ყრმის ხელში.
ღირსი ბარიელ ზირინიანოვი

ყოველივე ღვთისგან მონიჭებული ბოროტებად გვექცევა, თუ მისგან არა ღვთის, არამედ საკუთარ დიდებას ვეძებთ.
მამა ანდრონიკე

ლუკაში ადამიანები, იმის მაგივრად, რომ ღმერთს შეუერთდნენ, გაამაყდებიან, მოიხიბლებიან, სხვებს განიკითხავენ, თავის თავს წმინდანებს უტოლებენ. ზოგს სულაც წმინდანი ჰგონია თავი. ღმერთი მათზე სასჯელად და გონზე მოსაყვანად უშვებს, რომ მათ რაიმე სასისრცხვო ცოდვა ჩაიდინონ, რომლის სიმძიმის გამო ხშირად გონზე მოდიან, შეინანებენ და გამოსწორდებიან. მაგრამ ხშირად ესეც არ შველით და სამუდამოდ იღუპებიან.
სქემარქიმანდრიტი ზოსიმე (ზაქარია) მინაევი

გეშინოდეთ განსაცდელისა, რომელიც წმინდათ ცხოვრების ზომაზე გადასული სურვილით არის გამოწვეული. თქვენ შეიძლება მოგინდეთ, რომ ყველას აჯობოთ ასკეტიზმში, ძალზე მკაცრად იმარხულოთ, იცხოვროთ მჭვრეტელი ცხოვრებით, აბსოლუტური განმარტოებით. გეშინოდეთ ამ განსაცდელებისა, რომლებიც ეფარებიან მართალ ფიქრებს. არ მოხვდეთ მის ხაფანგში, ის თქვენ დაგღუპავთ.
მამა საბა ათონელი

ცოდვილს ადვილად შეუძლიან შეინანოს, მაგრამ სინანული უძნელდება მას, ვინც ეშმაკმა აცდუნა. ასე, სანამ მაცდუნებელი ეშმაკი მხილებული, გამოაშკარავებული არ იქნება. როცა მისი მზაკვრობა გამჟღავნდება, ბოროტს დამალვა აღარ შეუძლიან.
ღირსი დანიელ კატუნაკელი 

გახსოვდეთ ორი გულისთქმა და გეშინოდეთ მათი: პირველი, როცა გეუბნება, რომ წმინდანი ხარ და მეორე, რომელიც გეუბნება, რომ შენ წარწყმდები. ორივე ეს ფიქრი ბოროტისგანაა, მათში არ არის ჭეშმარიტება. შენ კი ასე იფიქრე: მე უდიდესი ცოდვილი ვარ, მაგრამ ღმერთი გულმოწყალეა, ძალზე უყვარს ადამიანები და მაპატიებს ჩემს ცოდვებს. ხიბლში ადამიანები ვარდებიან გამოუცდელობით ან სიამაყის გამო. თუ ეს გამოუცდელობისგანაა, ღმერთი ადვილად განკურნავს, თუ სიამაყის გამოა, დიდხანს დაიტანჯება სული, სანამ სიმდაბლეს არ ისწავლის. როცა სიმდაბლეს ისწავლის, აი, მაშინ განკურნავს ღმერთი. მამები ამბობენ. რომ ბოროტისგან მოვლენილი ხილვისას სული შფოთავს, მაგრამ მხოლოდ თავმდაბალი სული, ვინც თავს ხილვის ღირსად არ თვლის, ეშმაკის მოქმედებას გრძნობს და შეშინდება, შეკრთება. ხოლო მოხიბლულმა შეიძლება არ განიცადოს არც შიში და არც შეშფოთდეს. ვინაიდან მას სურს ხილვები, თავს ამის ღირსად თვლის და ამიტომაც ეშმაკი ადვილად ატყუებს მას. როცა ჩვენ ჩვენს ცოდვებზე ვტირით და სულს ვამდაბლებთ. ხილვებიც არ გვაქვს და არც გვსურს ისინი, ხოლო როცა დავუტევებთ გლოვას ცოდვებზე და სიმდაბლეს, მაშინ შეიძლება წარგვიტაცონ მათ.
წმინდა სილუან ათონელი

ეშმაკი ცდილობს, რომ ადამიანი სიკვდილის წინ ცრუხილვებით ხიბლში ჩააგდოს და წარწყმიდოს. ამიტომ ასეთი ხილვებისას შეიგრძენი შენი არარაობა და ბოროტს თამამად უთხარ: „დაბრუნდი წყეულო, ბნელსა მას გარესკნელისასა, რამეთუ მე არ მჭირდება არც ხილვები და არაფერი, გარდა ჩემი უფლის კეთილგანწყობისა და ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის შუამდგომლობისა". თუნდაც ფიქრობდე, რომ ეს ხილვები ღვთისგანაა მაშინაც შეეცადე განიშორო, როგორც შეგიძლიან. არ გეგონოს, რომ შენი უღირსებით ამ ხილვების უარყოფით ღმერთს განარისხებ. ხილვა თუ მართლაც ღვთისგანაა, მან თვითონ იცის. როგორ დაგარწმუნოს და არ მიითვალავს ამას შეურაცხყოფად, რადგან იცის, რომ შენ იფრთხილე. ვინც მდაბალს აძლევს მადლს, არ წაართმევს მას იმ საქმის გამო, რაც სიმდაბლის გრძნობით აღსრულებულა.
მამა ექვთიმე ოპტელი (ტრუნოვი)

მამა ქერუბიმი შეეკითხა კავსოკალივის სკიტის ბერს მამა ანტონს, ყოფილა თუ არა მის ცხოვრებაში რაიმე ზებუნებრივი. ღირსმა მამამ უპასუხა: „შვილო, იცოდე, ამგვარი ზებუნებრივი მოვლენები ხდება ძალზე იშვიათად, მაგრამ თუ როდესღაც მაინც მოხდება, მისი სინამდვილის ნიშანი იქნება ის, რომ ვისაც ეს განემჟღავნა, იგი მას, როგორც ძვირფას რამეს, როგორც ღვთის საჩუქარს, ისე იმარხავს, სრულიად საიდუმლოდ. არასოდეს მასზე არ განაცხადებს, გაურბის ყოველგვარ მინიშნებას თუ მცირე ჟესტს, რომელიც გამოაჩენს და გაამჟღავნებს ღვთის ამ საჩუქარს. მთაწმინდაზე თუ შეხვდები ისეთ ადამიანს, რომელიც ამგვარ ღვთის საჩუქარზე აცხადებს, ეჭვი შეიტანე მის სინამდვილეში. მას შემდეგ, რაც მე მთაწმინდაზე მოვედი, შევხვდი ბევრ ღირს მამას, ასკეტებს და უაღრესად თავმდაბლებს. ღმერთი გვიჩურჩულებდა გულში საიდუმლოდ, რომ აშკარა წმინდანობის გამო ისინი ფლობდნენ ბევრ ზეციურ ხილვას, გამოცხადებას. ამ დროს კი მათ ამაზე სიტყვაც არ დასცდენიათ. სამაგიეროდ, ხშირად იმეორებდნენ, რომ იყვნენ ცოდვილები და ღვთისგან შეწყალებას ელოდნენ. ასევე წმინდა მამათა ცხოვრებაში ვხვდებით, რომ ისინი გაურბოდნენ ამგვარი ნიჭის გამჟღავნებას. თვით წმინდა პავლე მოციქული, თუმცა თავი იყო მოციქულთა, მაგრამ არ მიიწერდა აღტაცებას მესამე ცამდე, არამედ ბრძნულად და განსჯით ამბობდა: „ვიცი კაცი". შენ ალბათ წაგიკითხავს ანდრია სალოსის ცხოვრება. მისი დიდი სიწმინდისა და სიმდაბლის გამო ზეციური საგნები არ განირჩეოდა მისთვის ყოველდღიური ცხოვრების საგანთაგან. არამედ ხშირად გადაიწვნებოდა ერთმანეთში. ის, იმყოფებოდა რა მიწაზე და ჩადიოდა თავის სისულელეებს, შეეძლო, იმავდროულად ეხილა ზეციური სამყარო. ამას იგი მუდამ საიდუმლოდ ინახავდა, ერთადერთი, ვისაც უმხელდა, ეს მისი მოძღვარი იყო. ესეც იმიტომ, რომ მის კონტროლქვეშ ყოფილიყო, რათა ეშმას ხიბლში არ ჩავარდნილიყო. მხოლოდ მცირეოდენი თავის ხილვათაგან გაუმჟღავნა ეპიფანეს, თავის ერთგულ მოწაფეს. ამიტომ, შვილო, კიდევ გეუბნები: არასოდეს დაინტერესდე ამისთანა საგნებით. ეძიე მხოლოდ ღვთის მოწყალება და გადარჩები". ხიბლი ადამიანური ბუნების სიცრუით დაზიანებაა. ყოველი ადამიანი ხიბლის მდგომარეობაშია, რაც ჩვენი პირველმშობლების დაცემით არის გამოწვეული. ჩვენ ყველანი ხიბლში ვართ. ამის ცოდნა უდიდესი დაცვაა ხიბლისაგან. უდიდესი ხიბლია - თავი ხიბლში მყოფად არ მიგაჩნდეს. ჩვენ ყველანი მოტყუებულნი ვართ, ყველანი ცთუნებულნი ვართ, ყველანი სიცრუეში ვიმყოფებით, ყველას გვესაჭიროება ჭეშმარიტების მიერ გათავისუფლება. ჭეშმარიტება - უფალი ჩვენი იესო ქრისტეა. ამ ჭეშმარიტებას მისადმი რწმენით შევეთვისოთ, ლოცვით შევღაღადოთ ამ ჭეშმარიტებას და იგი გამოგვიყვანს დემონური საცთურების უფსკრულიდან.
წმ. ეგნატე ბრიანჩანინოვი

როგორც გონებით არასწორ მოქმედებას შევყავართ ცთუნებასა და ხიბლში, ზუსტად იგივე ხდება გულით არასწორი მოქმედების დროსაც. უგუნური ამპარტავნებით არის აღვსილი სულიერი ხილვების ნახვის სურვილი და ამისკენ სწრაფვა გონებით, რომელიც არ არის განწმედილი ვნებებისაგან, არ არის განახლებული და სული წმიდის მიერ აღდგენილი. ასეთივე ამპარტავნებითა და განუსჯელობითაა აღვსილი გულის სურვილი და სწრაფვა - დატკბეს წმინდა, სულიერი, ღმრთაებრივი გრძნობებით, როცა იგი ჯერ სრულიადაც არ არის მზად ასეთი ტკბობისათვის. როგორც განუწმედელი გონება, რომელსაც ღმრთაებრივი ხილვების ნახვა სურს, მაგრამ ამის საშუალება არა აქვს, ხილვებს თვითონ იგონებს და მათით იტყუებს თავს, ასევე გულიც - როცა ღმრთაებრივი სიტკბოებისა და სხვა ღმრთაებრივი გრძნობების განცდას ცდილობს და ვერ პოულობს მათ საკუთარ თავში, მაშინ თვითონ იგონებს მათ, მათით იცთუნებს და იღუპავს თავს, რამეთუ შედის სიცრუის არეში, ეშმაკებთან ერთობაში, ემორჩილება მათ ზემოქმედებას და მათ ძალაუფლებას ემონება.
წმ. ეგნატე ბრიანჩანინოვი

ლოცვაში წარმატების მიღწევისა და ხიბლისაგან თავის დაღწევისათვის აუცილებელია თავგანწირვა, რომელიც ლოცვისას მხოლოდ ყურადღების მოკრებას გვასწავლის. მაშინ ლოცვითი ღვაწლი გაიოლდება და შემსუბუქდება, შემსუბუქდებიან განსაცდელნიც, რომელნიც ყოველთვის თან სდევენ მოღვაწეობას. თუკი ვინმე ნაადრევად ცდილობს საკუთარ თავში მადლის მოქმედების გამომჟღავნებას, ასეთებზე, - როგორც ღირსი ნილოს სორელი ამბობს სხვა წმინდა მამებთან თანხმობით, - დაშვებული იქნება მძიმე, მის ძალებს აღმატებული ეშმაკისეული განსაცდელები. ასეთ მისწრაფებას საფუძვლად გაუცნობიერებელი ქედმაღლობა და ზესთამჩენობა უდევს, რომლებიც მას გულმოდგინებად ეჩვენება.
წმ. ეგნატე ბრიანჩანინოვი

გულში სული წმიდის მოქმედების გამოცხადებამდე სისხლის ნაზი მოქმედება ან სრულიად აუხსნელი რჩება, ან ნაკლებად გასაგები, და შესაძლოა, მადლის მოქმედებადაც კი იქნეს მიჩნეული, თუკი შესაფერისი სიფრთხილე არ იქნა გამოჩენილი. ეს სიფრთხილე იმაში გამოიხატება, რომ სული წმიდის მიერ განწმედისა და განახლების დრომდე არცერთი გულისმიერი გრძნობა მართებულად არ იქნეს მიჩნეული, გარდა სინანულის გრძნობისა, ცოდვების გამო მწუხარებისა, რომელიც შეწყალების იმედითაა გაჯერებული. დაცემული ბუნებისაგან გულის მხოლოდ ერთადერთი მსხვერპლი შეიწირება ღმერთის მიერ, მხოლოდ ერთი გრძნობა, ერთი მდგომარეობა: „მსხვერპლი ღმრთისაი არს სული შემუსრვილი, გული შემუსრვილი და დამდაბლებული ღმერთმან არა შეურაცხ-ყოს" (ფსალმ. 50,19).
წმ. ეგნატე ბრიანჩანინოვი

განსაკუთრებული ყურადღება უნდა მივაქციოთ ჩვენში მზვაობრობის მოქმედებას, რომლის მოქმედება სისხლზე ძალიან ძნელად შესამჩნევი და გასაგებია. მზვაობრობა თითქმის ყოველთვის შენიღბულ სიძვის ვნებასთან ერთად მოქმედებს და ადამიანს ყველაზე დახვეწილ ცოდვისმიერ სიამოვნებას ანიჭებს. ამ სიამოვნების შხამი ისეთი ნაზია, რომ მზვაობრობითა და სიძვის ვნებით მონიჭებულ ტკბობას მრავალნი სინდისის ნუგეშისცემად, ღმრთაებრივი მადლის მოქმედებადაც კი მიიჩნევენ. ამ ტკბობით ცთუნებული მოღვაწე თანდათანობით ხიბლის მდგომარეობაში ვარდება: მიიჩნევს რა ამ ყოფას მადლისმიერ მდგომარეობად, იგი თანდათანობით მთლიანად დაცემული ანგელოზის ძალაუფლების ქვეშ ექცევა.
წმ. ეგნატე ბრიანჩანინოვი

თავმდაბალი მოღვაწე კმაყოფილია იმით, რომ ღირსი გახდა ღმერთის ხსენებისა. ამას იგი შემოქმედის დიდ მოწყალებად მიიჩნევს გლახაკი და უმწეო ქმნილებისთვის - ადამიანისთვის. ის თავს მადლის მიღების ღირსად არ თვლის, არ ეძიებს საკუთარ თავში მისი მოქმედების აღმოჩენას, რადგან იცის წმინდა მამათაგან, რომ ასეთი ძიების საწყისი მზვაობრობაშია, რომლისგანაც წარმოიშვება ხიბლი და დაცემა.
წმ. ეგნატე ბრიანჩანინოვი

გონებითი ლოცვისას ხიბლში რომ არ ჩავარდე, - არ დაუშვა შენში არავითარი წარმოდგენა, არანაირი სახე ან ჩვენება.
წმ. ნილოს სორელი

თუკი ვინმე ზესთამჩენობაზე დამყარებული თავდაჯერებით მაღალი ლოცვითი მდგომარეობების მიღწევას ცდილობს, და მოუპოვებია არა ჭეშმარიტი, არამედ სატანური მოშურნეობა, ასეთს ეშმაკი იოლად გაახვევს საკუთარ ქსელში, როგორც თავის მსახურს.
წმ. გრიგოლ სინელი

მამათა წიგნები, განსაკუთრებით ისინი, რომლებიც ასწავლიან ჭეშმარიტ მორჩილებას, გონების სიფხიზლესა და დაყუდებას, ყურადღებასა და გონებით ლოცვას, ანუ იმგვარს, რომელიც გონებით გულში აღესრულება, მხოლოდ და მხოლოდ სამონაზვნო წესისთვისაა შესაფერისი და არა საზოგადოდ ყოველი მართლმადიდებელი ქრისტიანისთვის. ღმერთშემოსილი მამები, გადმოსცემენ რა ამ ლოცვის შესახებ სწავლებას, ამტკიცებენ, რომ მისი საწყისი და შეურყეველი საფუძველი მორჩილებაა, რომლისგანაც ჭეშმარიტი სიმდაბლე იშვება, ხოლო სიმდაბლე იცავს ლოცვაში მოღვაწეს ყოველგვარი ხიბლისაგან, რომელიც თვითნებობას მოსდევს. ჭეშმარიტი მონაზვნური მორჩილება და საკუთარი ნებისა და განსჯის სრული მოკვეთა შეუძლებელია ერისკაცთათვის... ისეთი საშიშია ეს საქმე, - ლოცვა არა უბრალოდ გონებისმიერი, არამედ გონებით გულში ხელოვნებით მოქმედი, - რომ ჭეშმარიტი მორჩილებიც კი (რომელთაც არა მხოლოდ მოიკვეთეს, არამედ სრულიად მოაკვდინეს საკუთარი ნება და განსჯა თავიანთი მამების, ამ ლოცვის აღსრულების ჭეშმარიტი და უგამოცდილესი მასწავლებლების წინაშე), მუდამ შიშსა და ძრწოლაში არიან, რომ ამ ლოცვისას რაიმე ხიბლში არ ჩავარდნენ, თუმცა ღმერთი გამუდმებით მფარველობს მათ, ჭეშმარიტი სიმდაბლის გამო, რომელიც მათ ღმრთის მადლით მოიპოვეს, ჭეშმარიტი მორჩილების საშუალებით. მით უმეტეს ერისკაცებს, მორჩილების გარეშე მცხოვრებთ, თუკი ისინი მხოლოდ ამგვარი წიგნების კითხვით დაიწყებენ ასეთ ლოცვას, ელოდებათ რამენაირ ხიბლში ჩავარდნის საშიშროება, რაც ამ ლოცვის ღვაწლის თვითნებობით დამწყებთ ემუქრება. ამ ლოცვას წმინდანებმა ხელოვნებათა ხელოვნება უწოდეს; ვინ შეძლებს მის შესწავლას ხელოვანის, ანუ გამოცდილი მასწავლებლის გარეშე?
წმ. პაისი ველიჩკოვსკი

ლოცვის ის სახე, რომელიც აღწერილია „ფილოკალიაში" („დობროტოლუბიე"), უნდა აღესრულებოდეს ამ საქმის მცოდნე მოძღვართან ერთად, მის თვალწინ. თუკი ვინმე მარტო შეუდგება ამ საქმეს, მხოლოდ აღწერილობის მიხედვით, ის ხიბლს ვერ ასცდება. აქ აღწერილია საქმის მხოლოდ გარეგნული მხარე, ხოლო ის, რაც ამას ემატება მოძღვრის მიერ შინაგანი აგებულების შესავსებად, არ ჩანს. ხელმძღვანელის გარეშე ამგვარი მოღვაწეობის აღმასრულებელი ბუნებრივია, მხოლოდ გარეგნული მოღვაწეობის ამარა რჩება, მკაცრად ასრულებს იმას, რაც ეხება სხეულის მდგომარეობას, სუნთქვას და გულში ხედვას. ვინაიდან ასეთ ხერხებს ბუნებრივად შეუძლიათ მიიყვანონ კაცი გარკვეული დონით ყურადღების შემოკრებამდე და სითბომდე, რადგან არ ჰყავს სანდო განმსჯელი, რომელიც ეტყოდა თუ რა ღირსებების მქონეა მასში მიმდინარე ცვლილებები, იმ აზრამდე მიდის, რომ ეს სწორედ ისაა, რასაც ეძებს, ანუ მადლის მიერ იქნა გაცისკროვნებული, როცა ეს ასე არაა, და ფიქრობს, რომ მადლითაა მოსილი, როდესაც მადლის გარეშეა. სწორედ ესაა ხიბლი, რომელიც შემდგომ მის მომავალ ცხოვრებას გაამრუდებს. წმ. თეოფანე დაყუდებული „იესოს ლოცვისაგან" მაშინ შეიძლება შეიშალოს კაცი, თუკი ამ ლოცვის აღსრულების პერიოდში არ მიატოვებს ცოდვებსა და ცოდვილ ჩვეულებებს, რომელთაც ჰგმობს სინდისი.
წმ. თეოფანე დაყუდებული

ნუ მოიხიბლები შინაგანი სიტკბოებებით; ჯვრის გარეშე ისინი არამყარი და სახიფათოა. ყოველი ადამიანი შენზე უმჯობესად მიიჩნიე. ამ გულისსიტყვის გარეშე სასწაულიც რომ აღასრულოს ვინმემ, მაინც შორს იქნება ღმრთისაგან.
მონაზონ მაგდალინას ცხოვრება

ერთი ვინმე, სახელად მალპასი, წარმოშობით ედესიდან, ერთ დროს ევკტიტების მწვალებლობის გამომგონებელი გახდა. ის ამაღლებულ ცხოვრებას ეწეოდა, მძიმე შრაომასა და მწუხარებებს იტანდა. ამბობენ, რომ იგი ნეტარი იულიანეს (საბად წოდებულის) მოწაფე იყო, მცირე ხნით მასთან ერთად სინასა და ეგვიპტეში იმოგზაურა. მალპასმა იმ დროის დიდი მამები იხილა, ნახა ნეტარი ანტონი (დიდი), საიდუმლო სიტყვები ესმა მისგან სულის სიწმინდესა და ცხონებაზე, ზედმიწევნითი მსჯელობა მოისმინა ვნებების შესახებ. ამ საუბარში ანტონი დიდი ხსნიდა, რომ გონება, განწმედის შემდეგ, სულიერ საიდუმლოებებს ჭვრეტს და სულს ძალუძს მადლის მიერ უვნებელობას მიაღწიოს, მას შემდეგ, რაც მცნებების აღსრულებით ძველი ვნებებისაგან გათავისუფლდება და თავისი პირვანდელი ბუნების სიჯანსაღეს მოიპოვებს. და როცა მალპასმა თავისი სიჭაბუკის გაფურჩქვნის ჟამს ეს სიტყვები მოისმინა, ცეცხლივით აღეგზნა და თავის ქალაქში დაბრუნდა. და რადგან მასში დიდებისმოყვარეობის ვნება აენთო, აირჩია განდეგილის ნაგებობა და შრომას, უწყალო გაჭირვებებსა და განუწყვეტელ ლოცვას მისცა თავი. როდესაც მასში დიდებისმოყვარეობის ვნება უზომოდ აგიზგიზდა, ანუ იმ მაღალი ნიჭების მიღების იმედი მიეცა, რომელთა შესახებაც სმენოდა, ვერ გულისხმაყო ეშმაკის ხრიკები, ტყუილები და გაქნილობა, რომლითაც ის ძლიერებს იტაცებს დასაღუპად. მალპასს არ ჰქონდა შესწავლილი ჭეშმარიტების მტრების წინააღდგომის ხელოვნება, იმედი შრომაზე, გაჭირვებაზე, უპოვარებაზე, მოღვაწეობასა და მოთმინებაზე დაამყარა, როცა მოპოვებული არ ჰქონდა ბოროტთან საბრძოლველი უძველესი იარაღები - თავის დამცირება, სიმდაბლე, გულის შემუსვრილება: მან წმიდა წერილიც დაივიწყა, რომელიც ამბობს: როდესაც საქმეს აღასრულებთ, მცნებებს დაიცავთ, გაჭირვებას გადაიტანთ, თქვენი თავი უმაქნის მონებად მიიჩნიეთო. ამის საპირისპიროდ, მას თავის ღვაწლზე დაფუძნებული თავდაჯერება განახურვებდა, იმ მაღალი ნიჭის მიღების სურვილით იწვოდა, რომლის შესახებაც გაგონილი ჰქონდა. და აი, დიდი ხნის შემდეგ, როცა ეშმაკმა შენიშნა, რომ მას სიმდაბლე არ გააჩნდა და მხოლოდ ხილვები სწყუროდა იმ საიდუმლოთა განსაცდელად, რომელთა შესახებაც სმენოდა, გამოეცხადა ბრწყინვალე ნათელში და უთხრა: მე ვარ ნუგეშინისმცემელი, მამისგან შენთან გამოგზავნილი, რათა იმ ხილვების ღირსი გაგხადო, რომლებსაც შენი საქმეების საზღაურად ესწრაფვი, უვნებელობა მოგანიჭო და სამომავლოდ საქმეთაგან განგისვენო. ამის სანაცვლოდ ვერაგმა მტერმა თაყვანისცემა მოითხოვა. გასულელებულმა მალპასმა ვერ იგრძნო ბოროტის ბრძოლა, დაუყოვნებლივ, სიხარულით მიიღო იგი, თაყვანისცა და იმწამსვე მისი ძალაუფლების ქვეშ მოექცა. ხოლო მტერმა ღმრთაებრივი ხილვის ნაცვლად საეშმაკო ოცნებებით აავსო იგი, ჭეშმარიტებისთვის შრომა მიატოვებინა, აღაზვავა და უვნებელობის ამაო იმედით აცთუნა, უთხრა: ახლა შენ აღარ გჭირდება არც საქმეები, არც სხეულის ტანჯვა, არც ვნებებთან და გულისთქმებთან ბრძოლა: შემდეგ ევკტიტების ერესიარქი გახადა იგი. როცა ეს მწვერვალები გამრავლდნენ და მათი საძაგელი და მცდარი სწავლება გამოაშკარავდა, მაშინდელმა ეპისკოპოსმა გააძევა ისინი.
წმ. ისააკ ასური

„მახსოვს ერთი ქალბატონი, ძალზე შეჭირვებული, რომელსაც კაცთაგან არავინ შეეწეოდა. უფალმა მისი დახმარება ისურვა და რაღაც ხილვა მოუვლინა. ამ ხილვის შემდეგ ეშმაკმა ქალს ასეთი რამ ჩააგონა: „ვინ იცის, ღმერთმა ღირსგყო ამგვარი ხილვის მხოლოდ იმიტომ, რომ უდიდესი მისია უნდა დაგაკისროს". ქალმა ირწმუნა ეშმაკისგან შთაგონგბული აზრები და ბოროტის მახეში გაება. მაგრამ ღმერთმა კვლავ შეიწყალა - ქალს მიეცა გამოცხადება, სადაც უხილავმა ხმამ ურჩია: „მისწერე წერილი მამა პაისის და მასში ყველა ხილვა აღწერე, რაც კი ოდესმე გქონიაო". ქალმაც ყოველივე აღწერა და წერილი გამომიგზავნა. ხილვები ნამდვილად ჰქონდა, მაგრამ ყველა ეშმაკისგან. მხოლოდ პირველი და უკანასკნელი იყო ღვთისმიერი. საბოლოოდ საცოდავმა ქალმა დამიჯერა და შეძლო, თავი დაეღწია ეშმაკის მიერ ხიბლით დაგებული ხაფანგისთვის". მამა პაისი ათონელი

მამა პაისი ყვებოდა, რომ ერთხელ ერთი ლაგამამოუდგბელი ცოდვილი ესტუმრა და უთხრა, ღვთისმშობელი გამომეცხადაო. „ღვთისმშობელს" უთქვამს: „შვილო ჩემო, განუცხადე ხალხს, რომ თესალონიკი ზღვაში ჩაიძირება და ყველა დაიხრჩობა". მას აღმოხდენია: „ჰოი, ყოვლადწმიდაო! თუ ადამიანებს დახრჩობა ემუქრებათ, მე მოსესავით გადავარჩენ მათ!" „ღვთისმშობელს" კი „კურთხევაც" მიუცია და ნიშანიც, დასტურად იმისა, რომ ეს „დიდი მისია" დააკისრა: „შვილო ჩემო, მთელ სამყაროს გაბარებ. წადი ვერიაში მავანსა და მავანთან. ის მოგცემს ჯვარს, რათა მონათლო და იხსნა მსოფლიო". ვერიაში კი ეშმაკი ღვთისმშობლის სახით იმ კაცსაც გამოეცხადა და უბრძანა: ამა და ამ კაცს ჯვარი მიეციო. და აი, ერთმა მოხიბლულმა მასთან მისულ მეორე მოხიბლულს, ცრუმესიას, მისცა ჯვარი კაცთა მოდგმის გადასარჩენად. საბედნიეროდ, კაცობრიობის მხსნელი კურთხევის ასაღებად მამა პაისისთან მივიდა და ყველაფერს მოუყვა. „უკვე სულიერად იყო ავად საბრალო, - იხსენებდა ღირსი მამა, - იმის მაგივრად, რომ მოძღვართან წასულიყო და შეენანა, მან ეშმაკი იპოვა და მის ხაფანგში საბოლოოდ გაება".
მამა პაისი ათონელი

„კაცმა არასოდეს უნდა ითხოვოს ღვთიური ნათელის ხილვა, გამოცხადებები, ნიჭები და სხვა ამგვარი. ღმერთს მხოლიდ იმას უნდა ევედროთ, სინანული მოგვმადლოს. მაშინ მოწყალე უფალი გვიბოძებს ყოველივეს რაც გვჭირდება. ერთხელ, როცა სინას მთაზე წმინდა ეპისტიმეს მღვიმეში ვცხოვრობდი, ეშმაკმა ისურვა... ჩემთვის სამსახური გაეწია. ჩემი სენაკის ახლოს სამი-ოთხი საფეხური იყო და ღამით მათ სანთებელით ვინათებდი ხოლმე. ერთხელაც ვცადე სანთებელის ანთება, მაგრამ ამაოდ. უეცრად ერთი კლდიდან პროჟექტორივით ძლიერი, კაშკაშა ნათლის სვეტი დამეცა. „არა, - ჩავილაპარაკე, - ასეთი პროჟექტორებისგან თავი შორს უნდა დავიჭირო", - და უკანვე გავბრუნდი. ნათელი მაშინვე გაქრა".
მამა პაისი ათონელი

ზოგიერთი მოხიბლული თავის იდეებს ეკლესიის წიაღში ავრცელებს. ამიტომ არსებობს დიდი საფრთხე, მისი მიმდევრები, როცა გაიგებენ, რომ რისაც სწამდათ, ხიბლი ყოფილა, არ შეცდნენ და ეკლესიას არ განუდგნენ. თუ კაცი წრფელად შეინანებს და ხიბლისგან გათავისუფლდება, უნდა დაიმდაბლოს თავი და თავის მიმდევრებს უთხრას, რომ ცდებიან. შეეცადოს, გამოიყვანოს ისინი სწორ გზაზე. მაგრამ თუ მოხიბლულს ამხელენ, მას კი ხიბლის დატოვება არ სურს, მაშინ მისი მიმდევრები რბილად, ტაქტიანად უნდა გავაფრთხილოთ. ერისკაცი, რომელიც თავის გულისთქმას უჯერებს, ჭკუაზე გადადის. მონაზონი კი ხიბლში ვარდება. ბერმა აბები არ უნდა მიიღოს, აბები მისთვის სინანული და სიმდაბლეა. რაც შეეხება ფსიქოტროპულ საშუალებებს, ისინი ზოგჯერ სასარგებლოა. მათი მიღების შემდეგ მოხიბლული ადამიანი დაღლილობას გრძნობს, რული ერევა, მადა ემატება და უკვე უსხეულო ანგელოზად კი არ აღიქვამს თავს, არამედ ხორციელ ადამიანად. როცა ადამიანი ხიბლში ვარდება, იგი საკუთარ გულისთქმას ჰყვება. ამიტომ მის გონს მოსაყვანად არავითარი სხვა საშუალება არ არსებობს, გარდა ერთისა: მან თავადვე უნდა იგრძნოს ის საშინელი მდგომარეობა. რომელშიცაა ჩავარდნილი, აღიაროს იგი და დაემორჩილოს თავის სულიერ მოძღვარს, არასოდეს დაუჯეროს გულისთქმას და გამუდმებით ევედროს უფალს შეწყალებას.
მამა პაისი ათონელი 


sarwmunoeba.ucoz.ru

На высоком берегу.



суббота, 29 июня 2013 г.

Золотая свадьба - Кукушечка и Р. Паулс.

"განაწყენებულის შესარიგებლად უფალს ევედრეთ"

კამათში იბადება ჭეშმარიტება – ეს ვისთვის ბრძნული ნათქვამია, ვისთვის კი ცოდვის, კონფლიქტის, გაუგებრობისა და წყენის საწყისი. ადამიანების ცხოვრება აზრთა სხვადასხვაობის გარეშე წარმოუდგენელია, ხოლო ჩვევა, არ ვუსმინოთ მოყვასს და მხოლოდ ჩვენი "ჭეშმარიტების" გვწამდეს, თითქმის ყველასთვისაა დამახასიათებელი. ჭეშმარიტება კი ერთია – ყველაფერი, რაც სულის შფოთს იწვევს, ცოდვის საწყისი ხდება, მათ შორის – კამათი. როგორ უნდა ვიკამათოთ სწორად, თუ მის არიდებას ვერ ვახერხებთ? ამის შესახებ იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ტაძრის დეკანოზი, მამა გიორგი (სხირტლაძე) გვესაუბრება.

– მამაო, უნდა გავითვალისწინოთ თუ არა გამოთქმა: "კამათში იბადება ჭეშმარიტება".

– უნდა ვიცოდეთ, რომ ჭეშმარიტება არის ერთი – უფალი ჩვენი იესო ქრისტე! ჭეშმარიტებაზე ადამიანები ხშირად კამათობენ. ისინი შეიძლება სხვადასხვა მხრიდან და სხვადასხვა კუთხით შეეხონ ამ საკითხს, კერძოდ, ჭეშმარიტ სწავლებას ან თავად ჭეშმარიტი ცხოვრების არსს, ქმედებებს, მაგრამ როდესაც საუბარი ერთიმეორის მოსმენას გულისხმობს, ეს, რა თქმა უნდა, აღარ არის კამათი, ეს არის დიალოგი ორ ადამიანს შორის.
კამათი ჰქვია იმას, როცა ერთი ცდილობს, მეორეს ისეთი რამ აუხსნას, რაც ამ უკანასკნელისთვის მიუღებელია და დაანახვოს, რომ ჭეშმარიტება სხვაგან არის. თუ კამათი მართებულად და მშვიდად წარიმართება, შინაგანი სიმშვიდით, მაშინ, რა თქმა უნდა, დადებით შედეგს მივიღებთ. უამრავი მაგალითი არსებობს, რომ ერთ ადამიანს მეორე ჭეშმარიტების გზაზე დაუყენებია. ჭეშმარიტებაში ჩვენ შეიძლება ვიგულისხმოთ როგორც ჭეშმარიტი სარწმუნოება, ასევე ცხოვრებაში გარკვეული სწორი გზის არჩევა, გადაწყვეტილების მიღება თუ საჭირო ნაბიჯის გადადგმა, რომელიც კი არ დაგვაშორებს უფალს, პირიქით, მიგვაახლოებს მასთან.
ადამიანმა რომ შეძლოს, სიმშვიდით ფლობდეს საკუთარ ენას, ამისთვის აუცილებელია, საკუთარ გულს ფლობდეს. წმიდა ნიკოლოზ სერბი გვასწავლის: "ადამიანებს, რომლებიც საკუთარ გულს ვერ ფლობენ, კიდევ უფრო ნაკლებად შეუძლიათ საკუთარი ენის ფლობა". ეს საოცარი სიტყვებია. თუ მათ კარგად დავუკვირდებით, მივხვდებით, რას გვასწავლის წმინდანი: ჩვენი ენა პირდაპირ კავშირშია ჩვენს გულთან, თუ ვერაფერს ვუხერხებთ გულის ზრახვებს, რა თქმა უნდა, ვერ ვფლობთ ენასაც და იმის ნაცვლად, რომ ადამიანი დიალოგის დროს დავამშვიდოთ, შევძლოთ მისი მოსმენა, შევძლოთ, ჩვენი აზრი გაიზიაროს, უკუშედეგს ვიღებთ, ვაღიზიანებთ, იქმნება კონფლიქტური სიტუაცია, რასაც შედეგად შეიძლება დიდი წყენაც მოჰყვეს. ამიტომ ისევ და ისევ მთავარია, ადამიანმა მუდმივად იმუშაოს საკუთარ გულზე, რათა შინაგანი სიმშვიდე მოიპოვოს და უკვე შემდეგ მისცეს თავს უფლება, სხვას ეკამათოს.
წმინდა ანტონ ჭყონდიდელი ერთ ქადაგებაში ბრძანებს: "მთაზე ასულ მოსეს ესაუბრებოდა ღმერთი, ასევე სათნოების მთაზე ასული კაცი მოისმენს უფლის სიტყვებს". ამ სიტყვებიდან ძალიან კარგად ჩანს, რომ თუ ჩვენ იმ სათნოებებს მოვიპოვებთ, რომლის ყველაზე დიდი მაგალითიც თვითონ უფალმა მოგვცა, ჩვენი გული გახდება ისეთი, რომ მას შეეძლება ღვთის სიტყვის მოსმენა და მერე უკვე სხვასაც გადასცემ მას. ამიტომ მთავარია, თავად განიწმინდო გული და გონება, თავად ეცადო, მოიპოვო სულიერი სიმშვიდე და შემდეგ უკვე იოლად შეძლებ ჭეშმარიტების გზაზე სხვა ადამიანის დაყენებასაც.

– როცა კამათის დროს ვერაფრით უგებენ ერთმანეთს და არც პოზიციებს თმობენ, როგორ უნდა მოვიქცეთ ასეთ დროს?

– ისევ გავიხსენოთ წმინდა ნიკოლოზ სერბის გამონათქვამი: "ადამიანები, რომლებიც საკუთარ თავში მშვიდობას ვერ ხედავენ, სამყაროში საკუთარ ადგილს ვერ დაინახავენ". პირველ რიგში, ჩვენ უნდა შეგვეძლოს, საკუთარ თავში შევაღწიოთ და ჩვენს თავში დავინახოთ მშვიდობა, უკვე შემდეგ ვიპოვით სამყაროში ჩვენს ადგილს. როდესაც ადამიანი გარკვეულ ქაოსშია, ის ვერ ხედავს თავის ადგილს სამყაროში და კარგად არ აქვს ჩამოყალიბებული ცხოვრების მიზანი, თუ საით უნდა იაროს, რა ნაბიჯები გადადგას, რომ მიზანს მიაღწიოს. ასეთ დროს ადამიანი შფოთავს, არ აქვს შინაგანი სიმშვიდე.
ასეთი პიროვნება სხვასთან დიალოგის დროს ერთგვარად ჯიუტდება, კამათს უფრო ამწვავებს, ვერ იღებს და ვერ ისმენს სხვის მოწოდებულ აზრს. პირველ რიგში, ის ვერ ისმენს და შემდეგ უკვე ვერ იღებს, ძალიან უჭირს სხვისი რჩევების მიღება, რომელიც მას ძალიან დაეხმარებოდა ცხოვრებაში. თითქოს იკეტება, ეს ჩაკეტვა კი მისი მშფოთვარე შინაგანი მდგომარეობის ბრალია. გარეგნულად, ერთი შეხედვით, შეიძლება არც ემჩნეოდეს მსგავსი რამ, მაგრამ, როგორც კი ასეთ ადამიანს შეეხები და მასთან დიალოგს გააბამ, მაშინვე იჩენს თავს მსგავსი პრობლემა. იგი თითქოს დიალოგისკენ წამოსულ ადამიანს ისხლეტს. ასეთთან ძალიან ძნელია დიალოგი, თითქმის შეუძლებელი, პირველ რიგში, იმიტომ, რომ ასეთი ადამიანები არ არიან თავიანთ თავში გარკვეული, ანუ საკუთარ თავში მშვიდობას ვერ ხედავენ და ძალიან უჭირთ მოყვასის მოსმენა. ამიტომაცაა პიროვნებისათვის მთავარი შინაგანი სიმშვიდის მოპოვება.

– ვთქვათ, ჩხუბის შემდეგ დავშორდით ადამიანს, მაგრამ მისდამი სიყვარულის გამო გვინდა, შევურიგდეთ, ის კი თავს გვარიდებს. როგორ მოვიქცეთ ამ შემთხვევაში?

– მსგავს სიტუაციაში ჩვენ შესარიგებლად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რაც შეგვიძლია. აუცილებელია, ყველა ძალა მოვსინჯოთ, ჩავრთოთ მეგობრები, ვილოცოთ, უფალს მივმართოთ დახმარებისთვის და ყველანაირად ვეცადოთ. თუ ის ადამიანი მაინც უარზეა, მაშინ ეს საქმე მთლიანად უფალს უნდა მივანდოთ, ის კი მუდმივად უნდა მოვიხსენიოთ როგორც პირად ლოცვებში, ასევე წირვა–ლოცვის დროსაც, რა თქმა უნდა, თუ მონათლულია. ეს საქმე უფალს მივანდოთ და ღვთის წინაშე ვთქვათ: "უფალო, მე ვაპატიე ამ ადამიანს, გულით მინდა, რომ შევურიგდე". ამის შემდეგ ისე წარიმართება საქმე, როგორც ღვთის ნება იქნება.
განაწყენებული ახლობლის შემოსარიგებლად ჩვენი მხრიდან ყველა შესაძლებლობა უნდა ამოვწუროთ, რაც ადამიანურად შეგვიძლია გავაკეთოთ. არაფერზე დავიხიოთ უკან, მაგრამ შერიგების ეს მცდელობა არავითარ შემთხვევაში არ უნდა იყოს სიამაყით სავსე. ყველაფერში შეიძლება შემოიპაროს ამპარტავნება და ეს შერიგებაშიც შეიძლება მოხდეს. შესაძლებელია, ადამიანმა ეს ნაბიჯი საკუთარი თავის განდიდების მიზნითაც კი გადადგას და ამით წარმოაჩინოს, თუ რა დიდსულოვანია და ყველაფრის მიუხედავად, მიუტევა სხვას. ასეთი აზრი ოდნავ მაინც თუ შეიპარა გულში, უმჯობესია, თავი შევიკავოთ და მაშინ გამოვხატოთ მიმტევებლური გრძნობები, როდესაც ეს მართლა ღვთის გულისთვის მოხდება.
საერთოდ, ქრისტიანული სათნოებები დაცლილი უნდა იყოს ადამიანური ემოციებისგან. მაგალითად, როდესაც ჩვენ გავიღებთ მოწყალებას და ვეხმარებით მათხოვარს, დავუკვირდეთ, მოწყალებას მხოლოდ მაშინ ვაძლევთ, როცა ის გვეცოდება, თუ, როცა გვახსენდება, რომ ეს არის ჩვენი ვალი ღვთის წინაშე. ჩვენი, როგორც ქრისტიანის, მოვალეობაა, ყოველ გლახაკში უფალს ვხედავდეთ და გავცეთ ღვთის გულისათვის. ანუ ჩვენ მხოლოდ მაშინ რომ გავცეთ მოწყალება, როცა ძალიან შეგვეცოდება ვინმე, ეს ნაკლებად იქნება ღვთის გულისთვის გაკეთებული და სულიერად ვერ წავდგამთ წინ ნაბიჯებს.
ასევე არის შერიგების დროსაც. შეიძლება ჩვენ ძალიან გვიჭირს ამ ნაბიჯის გადადგმა, მაგრამ, მიუხედავად ჩვენი ემოციური, ადამიანური დამოკიდებულებისა, არსებობს უფრო მაღალი სულიერი საფეხური და ამ საფეხურს ჰქვია ის, რასაც ჩვენ ვაკეთებთ ღვთის გულისათვის.
წმინდა ნიკოლოზ სერბის სიტყვები რომ მოვიშველიოთ: "ყოველგვარი მიღწევა სწავლასა და შრომაში, მიუხედავად უდიდესი ძალისხმევისა, თუ ღვთის გარეშეა მოპოვებული, აძლიერებს მიღწევის წყურვილს. შესაძლოა შენს მიღწევებში ყველაზე გულმოდგინე შრომა გქონდეს ჩადებული, მაგრამ ღვთის გარეშე იგი მაინც ცოდვაა; ყოველი ცოდვა ახალი ცოდვის წყურვილს აძლიერებს; იგივე, მაგრამ უკვე უფლის სახელით ქმნილი, ადამიანს ბედნიერს ხდის, რამეთუ ჭეშმარიტ წყურვილს აკმაყოფილებს".
მართლაც, ასეთი ბედნიერება, რომელიც უცილობლად მოაქვს ქრისტიანულ ცხოვრებას, მხოლოდ ამგვარი მიდგომით მოიპოვება. უნდა გვახსოვდეს, რასაც გავაკეთებთ, ვეცადოთ, ღვთის სახელით იყოს ქმნილი და ჩვენ მართლაც ბედნიერები ვიქნებით!

– როგორ უნდა მივხვდეთ, რომ ჩვენი აზრები და დამოკიდებულება ადამიანის მიმართ არასწორია?

– აზრების გარჩევის უნარი მომწიფებული სულიერი ცხოვრების მონაპოვარია. დამწყებებმა კი სულიერი სიმშვიდე რომ მოიპოვონ, გამოცდილ ადამიანებსა და ლოცვას უნდა მიმართონ. სიმშვიდის მოსაპოვებლად პიროვნებამ უნდა ისწავლოს მოძალებულ აზრებთან გამკლავება. ადამიანს ცოდვაში ვერ ჩაითრევს ვერც ერთი გარედან შემოჭრილი უკეთური აზრი, თუ მის გულში ამ აზრისადმი თანაგრძნობა არ გაჩნდა. მართალია, ჩვენს გონებაში აღმოცენებული უნებლიე აზრებისთვის პასუხს არ ვაგებთ, მაგრამ თუ ისინი ჩვენს გულისთქმასაც შეეხო, შესაძლოა, ძალზე საშიშნი აღმოჩნდნენ ჩვენთვის. როცა წმინდა ადამიანების გვერდით მოვხვდებით, ჩვენი სული მშვიდადაა, არ გვსურს მათთან განშორება და ვცდილობთ, ეს წუთები რაც შეიძლება დიდხანს გაგრძელდეს. მათი სიმშვიდე თითქოს ჩვენც გვეფინება.
ვევედროთ უფალს, რათა ჩვენი გულებიდან უხვად გადმოედინებოდეს სიკეთე, სიმშვიდე და სიხარული. როგორც წმინდა იოანე კრონშტადტელი გვასწავლის: "იმისთვის, რომ გული იყოს დაწმენდილი, კეთილი და მშვიდი, ხოლო ადამიანის თავისუფალი ნება – ღვთივსათნო, სული უნდა განვიწმინდოთ ლოცვით, წმინდა წერილისა და წმინდა მამათა ქმნილებების კითხვით, მიწიერ სიამოვნებათა ხრწნადობასა და წარმავლობაზე ფიქრით".

მანანა ნოდია.

sana.ge

"ბავშვებში ძალადობას აჩერებს სიყვარული და არა – დამსჯელი ღონისძიებები’’

როგორ ამოვიცნოთ სიკეთით შენიღბული ბოროტება ან ჭეშმარიტებად ნაქადაგები ტყუილი, რომელიც ასე გახშირდა ჩვენ ირგვლივ? სასულიერო პირები გვირჩევენ, რომ ერთადერთი სწორი ორიენტირი ეკლესიაა. როგორ გავმიჯნოთ ბოროტისა და კეთილის მარცვლები, ამის შესახებ იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ტაძრის დეკანოზი, მამა გიორგი (სხირტლაძე) გვესაუბრება.

– მამაო, რა არის ის მთავარი ღერძი, რაც ბავშვს პიროვნებად აყალიბებს?

– ბავშვი უფროსი თაობის გავლენით ყალიბდება. მშობლებს სურთ, ბავშვი ისე აღზარდონ, როგორც მათი მსოფლმხედველობისთვისაა მისაღები, თუმცა შესაძლოა, გარემომ მისი განვითარების სხვა პირობები შექმნას. სახელმწიფო პოლიტიკა კი დაინტერესებულია, თავისი გარკვეული მიზნების მისაღწევად ამა თუ იმ მიმართულებით აღზარდოს ბავშვი. იდეალური შემთხვევაა, როდესაც ღვთის დიდება არის ყველგან: ოჯახშიც, საზოგადოებაშიც, სახელმწიფოშიც. ამ დროს ბავშვი სწორად იზრდება, მის გულსა და გონებაში ღვთისგან დადგენილი ზნეობრივი კატეგორიები ინერგება. სწორედ ეს გახლავთ ბავშვის სულიერი განვითარების პირობა.

– მაგრამ დღევანდელი განათლების სფერო ეკლესიური ფასეულობებისგან შორსაა.

– დღეს გაბატონებული ამქვეყნიური მსოფლმხედველობა ჭეშმარიტების საკითხს ზერელედ უდგება. მიაჩნია, რომ ჭეშმარიტება ფარდობითობის თეორიის ფარგლებში მოქცეული ცნებაა. ასე რომ, ყველა ადამიანს თავისი "ჭეშმარიტება" გააჩნია. ასე იშლება ზღვარი სიცრუესა და ჭეშმარიტებას შორის, ასე ებნევა გზა თანამედროვე "ცივილიზებულ" ადამიანს, ტყუილ–მართალი ერთმანეთში ერევა და ყველაფრის დაჯერება შეუძლია, გარდა ჭეშმარიტი ღმერთის ერთადერთობისა. ასეთი მსოფლმხედველობის გაბატონებამ შედეგად მოიტანა ღვთის საწინააღმდეგო ქმედებები, რომლებსაც საუკუნეების განმავლობაში მიზანმიმართულად ამკვიდრებდნენ ნებსით თუ უნებლიეთ ამ პროცესში ჩართული ადამიანები.
ათეისტური იდეოლოგიის შემოჭრამ მრავალი საკითხი უკუღმა დააყენა. დღეს ეს პრობლემები მტკივნეულად აწევს ჩვენს მეცნიერებასა და განათლების სისტემას და პრაქტიკულად საზოგადოების განვითარებას ამუხრუჭებს. მსოფლმხედველობის ბიბლიური კონცეფცია საოცარი სისავსითა და სისრულით გამოირჩევა. მასში ყველაფერს თავისი ბრძნულად განკუთვნილი ადგილი უკავია. ყოველი სიტყვა და აზრი ჭეშმარიტების სულით არის ნასაზრდოები და ჭეშმარიტ განათლებას იძლევა. რატომ უნდა უარვყოთ აზროვნების ეს მყარი და ბრძნული სისტემა და თითიდან გამოწოვილ "მეცნიერულ" ჰიპოთეზებს რატომ უნდა ვენდოთ?
ღვთიური მსოფლმხედველობის უარყოფით ადამიანი საკუთარი აზროვნების იმედად დარჩა, ადამიანური აზროვნება კი შეზღუდულია. აბსოლუტური კატეგორიების უარყოფით ყველაფერი ფარდობითი გახდა, ანუ დაიკარგა ზღვარი ჭეშმარიტებასა და სიცრუეს შორის. ადამიანებს გამოეცალათ მყარი ორიენტირი. თუ ჭეშმარიტებას არ დავეფუძნეთ, ჩვენი "მეცნიერული" ძიება მხოლოდ სიბნელეში ხელების ფათური იქნება. რაღაცას წავაწყდებით, გვგონია, რაღაც აღმოვაჩინეთ, მეორე წუთში ეს ყველაფერი თავდაყირა დგება... უსათუოდ უნდა შევთანხმდეთ რაღაც სიმყარეზე, თორემ სხვა შემთხვევაში ყველაფერი შეგვიძლია ჩავთვალოთ ცოდნად და ყველაფერზე შეიძლება ვიმსჯელოთ, როგორც სწორსა და მეცნიერულზე.

– ბოლო დროს ბავშვებსა და მოზარდებში ხშირი გახდა დანაშაულის ჩადენის ფაქტები. რა არის ამის ნამდვილი მიზეზი, როგორი აღზრდა აჩერებს ძალადობას?

– უწმინდესი ბრძანებს: "ცუდი ბავშვები არ არსებობენ, ყოველი მათგანი გენიოსია! ზოგიერთს მოზღვავებული ენერგია აქვს და თუ მას სწორად წარვმართავთ, საოცარ შედეგებს მივიღებთ". ძალადობას აჩერებს სიყვარული. სწორედ სიყვარული და არა – დამსჯელი ღონისძიებები! ჭეშმარიტ სიყვარულზე აღზრდა და არა – კომერციულ ინტერესებზე "შემოსკუპებული" ე.წ. სქესობრივი აღზრდა. მანამდე კი პასუხი უნდა გავცეთ კითხვებს: რატომ აიკრძალა სკოლაში შემოქმედის დიდება? ვინ არის წყარო განათლებისა და სიყვარულისა? რატომ არ შეიძლება სკოლაში ლოცვა? რატომ არ შეიძლება სკოლაში იყოს ხატები მათი პირდაპირი დანიშნულებით? რატომ აღარ ტარდება საღვთო სჯულის გაკვეთილები? ჩვენი ბავშვები არ არიან დაცული იმ მავნე ზეგავლენისაგან, რომელსაც მასმედია ახდენს მათზე. სამწუხაროდ, დღევანდელი ტელევიზია ცოდვის პროპაგანდას ეწევა.
მასმედიისთვის უკვე ჩვეულებრივი გახდა და მის თავისუფლებადაც კი საღდება მკვლელობის, სისხლის, ძალადობის, ურცხვი სცენების, ბილწსიტყვაობის მოწოდება. უკვე მულტფილმსაც კი ვეღარ უყურებს არათუ ბავშვი, ზრდასრული ადამიანიც კი, იმდენი ურჩხული და მოჩვენება, მკვლელი და მოძალადე, ჯადოქარი და ეშმაკია მათში. ასეთ პროდუქციას ხალხი არ მოითხოვს. მიზანმიმართული შეტევა მიმდინარეობს საზოგადოების ცნობიერებაზე და ამ შეტევის გამო ყველაზე მეტად ჩვენი შვილები ზიანდებიან.
პროგრესის მოწინააღმდეგე არავინაა, მაგრამ ბავშვების უმრავლესობა კომპიუტერებთან ძალადობითა და მკვლელობით გაჯერებული თამაშებით ერთობა. ვირტუალურად დღეში ათასობით ადამიანს კლავენ, აფეთქებენ ან ანგრევენ შენობებს, მანქანებს... და ყოველივე ამის შემდეგ გვიკვირს, საიდან აქვთ ბავშვებს ამდენი აგრესიაო. როგორ ავტორიტეტებს ვაწვდით ბავშვებს? ნიაღვარივით მოედინება ინფორმაცია ე.წ. ვარსკვლავების შესახებ. მათზე ყველაფერი იციან – როგორ საცვლებს იცვამენ, სად გაერთნენ, რამდენი ავტოგრაფი დაარიგეს. იქმნება "ახალი ვარსკვლავები", ე.წ. რეალითი შოუების "გმირები", გამარჯვებული თუ დამარცხებული სპორტსმენები, კონკურსანტები, ტოპმოდელები. ერთმა ურცხვმა და თავხედმა მსუბუქი ყოფაქცევის ქალმა განაცხადა – გმირობა უნდა ჩავიდინო, საჯაროდ გავშიშვლდეო. ეს არის გმირობა?! სად გაქრნენ ნამდვილი გმირები, ღვთისა და სამშობლოს ერთგული ადამიანები? რატომ გვასწავლიან დღედაღამ ჭკუას ცრუ კაცნი? სად გაქრა თბილი და კეთილი ფილმები, ბავშვების უმწიკვლო სულის წარმომჩენი გადაცემები? რატომ ინერგება საბავშვო გადაცემების სახელით ძალადობითა და გარყვნილებით აღსავსე პროგრამები? ნუთუ კომერციულ ინტერესებს უნდა გადავაყოლოთ ჩვენი მომავალი?
დავსვათ კითხვა: რა შედეგი მოიტანა განათლების რეფორმამ? ბავშვებს ვერაფერს გამოაპარებ! მათ არ სჯერათ "რეფორმირებული" დილეტანტების, ცრუ იდეოლოგ–პროპაგანდისტების, არაგულწრფელი ურთიერთობების. სიძულვილზე სიძულვილით პასუხობენ, უხეშობაზე უხეშობით, ძალადობაზე ძალადობით.
საზოგადოების ასე განვითარება შეუძლებელია. ეს დეგრადაციას იწვევს. თუ ეს ბედოვლათობით ხდება, დროზე უნდა გამოვფხიზლდეთ, რეალური ბერკეტები შევიმუშაოთ, თორემ დავიღუპებით. ზნეობრივი კატასტროფა დემოგრაფიულ კატასტროფას იწვევს, რაც, სამწუხაროდ, უკვე სახეზეა. ქრისტიანული პედაგოგიკა ამბობს, რომ ყველანი ცოდვილები ვართ და ცოდვისგან თავდაცვა უნდა ვისწავლოთ. ამისთვის კი საჭიროა, ვისწავლოთ ჩვენი თავის მართვა. ადამიანი მაშინ არის თავისუფალი, როცა შეუძლია საკუთარი სურვილების და ქმედებების მართვა სინდისის ხმით. როდესაც ამ ყველაფერს სწორად გაიაზრებს და ღვთის სიყვარულიდან გამომდინარე შეეცდება, პასუხისმგებელი იყოს ოჯახის, საზოგადოების, სახელმწიფოს, მოყვასის წინაშე, იგი განმტკიცდება სულიერად. სწორედ ღვთაებრივი ჭეშმარიტებისკენ სწრაფვა არის ყველაზე დიდი დამცავი მექანიზმი მავნე ზეგავლენისგან.

– რა შედეგი შეიძლება მოიტანოს ღვთისაგან დაშორებულმა ცოდნამ?

– ცოდნა კომპიუტერსაც აქვს, მაგრამ ის, რაც არ ექნება მას, არის აღზრდა, სულიერება. თანამედროვე მსოფლიოში მიმდინარე მოვლენები ცხადყოფს, რომ კაცობრიობა უფრო და უფრო შორდება ღმერთს. დღევანდელი "ცივილიზებული" ადამიანის მსოფლმხედველობა ღვთის შემეცნებისადმი ზერელე მიდგომით, ფსევდომეცნიერული ფილოსოფიებისა და "მეცნიერული" ზღაპრებისადმი (ჰიპოთეზებისადმი) გადაჭარბებული ინტერესითა და რწმენით გამოირჩევა. ასეთებს ძლიერ აინტერესებთ ასტროლოგია, ამოუცნობი მფრინავი ობიექტები, აღმოსავლური მედიტაციები, მაგები და ექსტრასენსები, ბილწი ფილმები. არ აღელვებთ ჭეშმარიტების საკითხი, ცხონების გზა, მარადიულობისა და უსასრულობის რეალური შემეცნება.
მცოდნე კაცი შესაძლოა ბოროტის მსახურებაშიც იყოს, განათლებული ადამიანი კი მხოლოდ სიკეთეს ემსახურება. სიტყვა "განათლება" ცოდნის სასიკეთოდ გამოყენებას გულისხმობს. ინფორმაციათა ამ ნამდვილ ნიაღვარში როგორ მოვნახოთ ღმერთი, რომელი გზა მიდის მისკენ – აი, კითხვა, რომელიც ყველას უნდა აწუხებდეს, მით უფრო – ნამდვილ მეცნიერს, ფილოსოფოსს, მწერალს, ანუ მცოდნე საზოგადოებას. მათ უნდა გაიაზრონ ეს საკითხები და საზოგადოების დანარჩენ ფენებს მიაწოდონ.

– როგორ აღვზარდოთ თანამედროვე ბავშვი, რომლის წინაშეც ტექნოლოგიურ მიღწევათა ოკეანეა გადაშლილი, როგორ დავიცვათ იგი, როგორც თქვენ ბრძანეთ, ინფორმაციათა ამ ნიაღვრისგან?

– გლობალიზაცია გარდაუვალი პროცესია, რომელსაც ვერავინ და ვერაფერი შეაჩერებს, მაგრამ ეს პროცესი მონსტრად არ უნდა დავსახოთ. რაც უფრო გაიზარდა ტექნოლოგიური შესაძლებლობები, მით უფრო სწრაფი გახდა ურთიერთობები. ამას თავისი დადებითი და უარყოფითი შედეგები მოაქვს. დადებითი ის არის, რომ, ვთქვათ, მრავალი ქვეყნის კულტურის გაცნობის შესაძლებლობა გვაქვს, უარყოფითი კი ის არის, რომ გარკვეულწილად შეიძლება მოხდეს ეროვნული ნიველირება. ეკლესიური სწავლებით, დადგება დრო, როდესაც ერთიანი მსოფლიო ერთ მმართველს დაემორჩილება. მეორე მხრივ, ღმერთმა ადამიანს მისცა სამშობლო, თავისი განვითარების გარკვეული არეალი და მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, ამ სამყაროში ჩვენი თვითმყოფადობა შევინარჩუნოთ. უნდა გვქონდეს ჩვენი ეროვნული ინტერესები, რომლებიც გლობალიზაციის პრიორიტეტებთან იქნება შერწყმული.
ჩვენ მივესალმებით გლობალიზაციის ჯანსაღ გაგებას, როდესაც ამ მრავალფეროვნების ერთიანობაში თვითმყოფადობა გამოვლინდება, სადაც დაცული იქნება თითოეული ერი და პიროვნება. ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ლამაზია სამყარო, მაგრამ მისი მმართველი შეიძლება იყოს მხოლოდ უფალი. წარმტაცი და მრავალფეროვანი სამყაროს შექმნის იდეა დედამიწაზე სამოთხის შექმნის უტოპიური, ადამიანური გეგმაა. ასეთი იყო, მაგალითად, კომუნიზმი.
წმინდა წერილში მკაფიოდაა ნაწინასწარმეტყველები უღვთოდ "განვითარებული" კაცობრიობის აღსასრული. არც ერთ "იზმს" არ მოუტანია ხალხისთვის სასიკეთო შედეგი. ღვთისგან გაუცხოებული კაცობრიობა სწრაფი დეგრადაციისა და საშინელი კატაკლიზმების წინაშე სრულიად უსუსური აღმოჩნდება. რაც უნდა საზოგადოებრივი ფორმაციები შევქმნათ და ვცვალოთ, შედეგი იქნება მხოლოდ და მხოლოდ ის, რომ ილუზიებით სამოთხეს ვერ დავამყარებთ. ჭეშმარიტი გზა არის ღვთის მცნებებით ცხოვრება, პასუხისმგებლობის გაცნობიერება ღვთის, ოჯახის, სამშობლოსა და მსოფლიოს ხალხების წინაშე.
უფალმა შეგვიქმნა სამოთხე და ადამიანში ამქვეყნიური ცხოვრების საბოლოო მიზანი სამოთხეში დამკვიდრებაა, სადაც სუფევს ბედნიერება, ჭეშმარიტება და თავისუფლება. აღზრდის მთავარი მიმართულებაც სწორედ ეს უნდა იყოს – ზეციური სამოთხის შენება და არა მიწიერის. ეროვნული სულისკვეთების გაღვიძებაც ამ ჯაჭვის ერთ–ერთი რგოლია. როგორც ოჯახი სჭირდება ადამიანს თავისი ფასეულობებისა და ღირებულებების შესანარჩუნებლად, ასევე სჭირდება ეროვნული ღირებულებები, რომლის გარემოშიც ცხოვრობს გარკვეული საზოგადოება. უფალმა ადამიანს სამშობლო მისცა, რათა გაუცხოებულად არ იგრძნოს თავი და თავისი დამოკიდებულება ჰქონდეს რაღაც ერთობისადმი, რომელსაც ერი ჰქვია. ეროვნული სახელმწიფო კი ერის დამცავი მექანიზმია.

– სქესობრივ აღზრდას შეეხეთ. რა შედეგი შეიძლება მოჰყვეს ასეთ "განათლებას"?

– სქესობრივი აღზრდა პრაქტიკულად არის მავანთა იდეოლოგიური კონცეფცია, რომელთაც სურთ, ბავშვი მაქსიმალურად დააშორონ ღმერთს, უბიძგონ მას ცოდვისკენ და არა – თავისუფლებისკენ. თავისთავად, გარკვეულ ასაკში ბავშვი აქტიურდება. უჩნდება ინტერესი, რომელზეც პასუხს ითხოვს, მაგრამ ხვდება, რომ ეს საკითხი არ არის საჯაროდ განსახილველი და ყველასთან სათქმელი. აქ გავლენა უნდა იქონიოს მშობელმა, მოძღვარმა. მათ დელიკატურად უნდა მიაწოდონ ამის შესახებ ინფორმაცია. კი არ უნდა გაუხსნან ბავშვს ფიზიოლოგიური მომენტები, არამედ უნდა დაანახონ, თუ რა არის ცოდვისკენ მისწრაფება და მადლი; უნდა აუხსნან, რაოდენ მნიშვნელოვანია თავშეკავება, რომ ფიზიოლოგიურ მოთხოვნებს აყოლილი ადამიანი პირუტყვს ემსგავსება. სქესობრივი აღზრდა უნდა წარიმართოს დელიკატურად და არა – საჯაროდ, გაკვეთილების სახით.
ზოგიერთს სურს, თავისი შვილი "უკომპლექსო" აღიზარდოს, რადგან ეს კარგი ჰგონია, არადა ფაქტობრივად ეს უზნეობისთვის თავისუფლების მინიჭებაა, რასაც საბოლოოდ ადამიანის დეგრადაცია მოჰყვება.

– როგორ უნდა დააბალანსოს აღმზრდელმა სიყვარული და სიმკაცრე?

– ნათქვამია: შვილი აკვნიდან უნდა გაზარდოო. თავნება ბავშვი ოჯახის უბედურებაა. იგი ხშირად მონსტრად ყალიბდება. მშობელმა უნდა გაარჩიოს, რა არის ბავშვური გამოვლინება, არცოდნით გამოწვეული შეცდომები, რის გამოც არ ღირს ბავშვის მკაცრად დასჯა. როდესაც ბავშვი გააზრებულად ჩადის უმსგავს საქციელს, მაშინ უნდა დაისაჯოს, იგივე რომ აღარ გაიმეოროს. არ შეიძლება ბავშვისთვის თავისუფლების მინიჭება მანამ, სანამ იგი ჩამოუყალიბებელია, არ იცის, რა არის კარგი და რა – ცუდი. როცა გაიზრდება და ცხოვრების ანბანს გაიგებს, საღვთო სიბრძნესაც ეზიარება, თავად გააკეთებს არჩევანს. მხოლოდ სრულწლოვანს შეუძლია განკარგოს თავისი სულიერი ცხოვრება. მანამდე კი მშობლის სარწმუნოებას უნდა გაჰყვეს. მშობელმა უნდა აღზარდოს იგი წესიერ და ღვთისმოშიშ ადამიანად.

მანანა ნოდია.

sana.ge

"ლოცვა ანტიქრისტეს ბეჭდისაგან დასახსნელად"

უფალო იესო ქრისტე, ძეო ღმრთისაო, გვიხსენ ჩვენ მოახლოებულისა ღმრთივშერისხულისა და ბოროტისა ეშმაკისა ანტიქრისტეს ხიბლისაგან და ყოველთა მისთა მაცდურებათაგან, დაიფარე ჩვენი სულიერი მამა, მოძღვარი (სახელი) და ჩვენ ყოველნი სულიერნი შვილნი მისნი და ყოველნი მახლობელნი ქრისტიანენი ყოვლისაგან ვერაგისა ანტიქრისტეს და ყოველთა მისთა საცთურთაგან და ნუ მოგვცემ ჩუენ, უფალო, რაითა გვეშინოდეს ეშმაკისა ჩვენზედა მოწევნულისა ამაოისა შიშისაგან, უმეტეს შიშისა ღმრთისა, რაითა არა განგიდგეთ შენ და წმინდასა შენსა მართლმადიდებელსა ეკლესიასა. მოგუეც ჩუენ, უფალო, ძალაი წამებად და სიკუდილად სახელსა შენისათვის და წმინდისა შენისა მართლმადიდებელისა ეკლესიისათვის და არა მივიღოთ ბეჭედი იგი ანტიქრისტესი და არა თაყვანის–ვსცეთ მას, არამედ, მოგუეც ჩვენ, უფალო, დღე და ღამე ცრემლნი ცოდვათა ჩვენთათვის და შეგვიწყალენ ჩვენ დღესა მას საშინელისა სამსჯავროისა შენისასა.ამინ.

*

აპოკალიფსი.

http://apokalipsi21.blogspot.com/

6.სოდომური ,,ქორწინებები’’ როგორც ოჯახის დანგრევის საშუალება.

ოლგა ჩეტვერიკოვა.

გარყვნილთა "ახალი სამყარო", როგორც მსოფლიო სოდომური ანტიეკლესია.


6. სოდომური "ქორწინებები", როგორც ოჯახის დანგრევის საშუალება.


  საზოგადოებაში სოდომიტების განსაკუთრებული მდგომარეობის დამტკიცების უმთავრეს საშუალებად იქცა ოჯახის ინსტიტუტის სრული უარყოფის იდეა, რომელსაც ისინი ჩამორჩენილსა და გაცვეთილ მოვლენას უწოდებენ. მაგრამ, როდესაც მიხვდნენ, რომ ამგვარმა მოთხოვნამ შესაძლოა არ გასჭრას, მაშინ ტაქტიკა შეცვალეს და დაიწყეს აქტიური გამოსვლა ერთსქესიანი "ქორწინებების" დასამკვიდრებლად, რითაც ქორწინების ინსტიტუტის შიგნიდან რღვევას შეეცადნენ. სწორედ ეს გახდა სექსუალური რევოლუციის საკვანძო ეტაპი, რომელიც ადამიანის ბუნებისა და დასავლეთის ნაქები "უფლებების" წინააღმდეგაც არის მიმართული.

რაც შეეხება ბუნებას, ქორწინებით ცოლისა და ქმრის კანონიკურ უფლებებში შესვლა წარმოადგენს იმ კურთხევის გაგრძელებას, რომელიც ღმერთმა უწყალობა მის მიერ შექმნილ ადამსა და ევას. ამ კურთხევით უფალმა დაადასტურა ადამიანის ბუნება ისეთად, როგორც ის შექმნა. წმ. იოანე ოქროპირი ჰომილიაში "ქალწულების შესახებ" წერს, რომ "ქორწინება მოცემულია შვილთა სხმისათვის, უფრო მეტად კი ვნებათა დაოკებისათვის... შემდეგ, როდესაც დედამიწა აღივსო კაცობრიობით, დარჩა მხოლოდ მისი ერთი დანიშნულება - თავშეუკავებლობისა და ვნებების აღკვეთა" (http://www.paraklit.ru/otvety/2.Nravstvenost_Asketika/Brak.Telegoniya.htm). ასე, რომ როდესაც სოდომიტები ადამიანის ბუნების წინააღმდეგ მიდიან და ქორწინებაში სქესთა სხვაობას უარყოფენ, არ შეუძლიათ მოითხოვონ ის, რაზეც ღმერთმა მამაკაცი და დედაკაცი აკურთხა.

რაც შეეხება ევროპულ უფლებებს, ერთსქესოვანი კავშირები კანონმდებლობისგან ითხოვენ სქესის ცნების, ანუ მამაკაცისა და დედაკაცის, როგორც ადამიანური საზოგადოების ცნების ამოღებას. მათ ნაცვლად უნდა შემოიტანონ ერთგვარი უსქესო არსებები - "დასაქორწინებელი ა", "დასაქორწინებელი ბ", "მშობელი ა", "მშობელი ბ", "პარტნიორი ბ", რომელიც შეაქვთ არა მარტო სამოქალაქო კოდექსში, არამედ იურიდიულ დოკუმენტებშიც, რომელიც არეგულირებს შრომის საკითხებს, სოციალურ უზრუნველყოფას და ა. შ.

ამგვარად, "მამაკაცი" და "დედაკაცი", "ქმარი" და "ცოლი" როგორც სამართლის სუბიექტები უნდა გაქრნენ. სამართლებრივი სივრცის ჩარჩოში იცვლება ოჯახის, როგორც ასეთის სტრუქტურა, რადგან ერთსქესოვანი ქორწინება გულისხმობს ბავშვთა მიშვილების უფლებას, ეს კი ცვლის ნათესაობის ცნების ხასიათსაც და აუქმებს კავშირს ბიოლოგიურ მშობლებსა და მიშვილებულ ბავშვს შორის. ბავშვები რჩებიან ფესვების გარეშე. ანუ, კანონმდებლობითი აქტით ცდილობენ შეცვალონ ბიოლოგიური რეალობა და შექმნან კაცობრიობის ახალი მოდგმა (Европа: похищение семьи. Зачем в Евросоюзе уничтожают основы общества? // http://www.rg.ru/2012/12/10/evropa.html).

გადამწყვეტი ნაბიჯი რევოლუციისკენ გადაიდგა კაიროს 1994 წლისა და პეკინის 1995 წლის კონფერენციებზე, რომელიც მიეძღვნა დედამიწის მოსახლეობისა და დედაკაცთა მდგომარეობის საკითხებს. სწორედ აქ მიიღეს გადაწყვეტილებანი, რომლებმაც დასაბამი მისცა ჰომოსექსუალისტთა ქორწინების აღიარებას და ჰომოსექსუალური წყვილებისთვის სამედიცინო ხელშეწყობის ტექნიკის გაფართოებას. საქმე იმაშია, რომ კონფერენციის დოკუმენტებში ოჯახის განსაზღვრება იმდენად გაბუნდოვანებულია, რომ არსებული ტექსტი მათი თავისუფალი ინტერპრეტაციის საშუალებას იძლევა. ასე, მაგალითად, კაიროს კონფერენციის მოხსენებაში "ოჯახი, მისი ფუნქცია, უფლებები, შემადგენლობა და სტრუქტურა" ნათქვამია: "მართალია, სხვადასხვა სოციალური, კულტურული, სამართლებრივი და პოლიტიკური სისტემებისთვის დამახასიათებელია ოჯახის განსხვავებული ტიპები, ოჯახი საზოგადოების ძირითადი ბირთვია და როგორც ასეთს უფლება აქვს დაცულ იქნეს და მიიღოს ყოველმხრივი დახმარება". "ოჯახი სხვადასხვა ფორმებს ღებულობს კულტურულ, პოლიტიკურ და სოციალურ სისტემებში" (Доклад Международной конференции по народонаселению и развитию. Каир, 5-13 сентября 1994 г. //http://www.unfpa.org/webdav/site/global/shared/documents/publications/2004/icpd_rus.pdf).

მსგავსმა ფორმულირებებმა მაშინ სერიოზული სკანდალი გამოიწვია. მრავალი იურისტი იქვე შენიშნავდა, რომ ამგვარი ფორმულირებები გარდაუვალად მიიყვანდა საზოგადოებას ბუნების საწინააღმდეგო კავშირებამდე. მაგრამ შემაჯამებელ დოკუმენტში შეტანილ იქნა ზოგადი ცნება "წყვილი", რომელსაც დაუმტკიცეს მათთვის აუცილებელი უფლებები. კერძოდ, მითითებული იყო იმ აუცილებლობაზე, რომ "წყვილებსა და ინდივიდებს უნდა გაეწიოს დახმარება ჰყავდეთ შვილები"...

ამგვარად, ჰომოსექსუალური ქორწინებების ლეგალიზაცია და დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიების გამოყენება ჰომოსექსუალური პირების მიერ, იურიდიულად გადაწყდა გაერო-ს ჩარჩოებში, რის შემდეგაც ევროპის კავშირი ამ პოლიტიკის დამტკიცებას "ევროპის სივრცეში" შეუდგა (http://www.observatoiredumariagepourtous.com/la-loi/l-impulsion-de-l-union-europ%C3%A9enne/).

1994 წლის 8 თებერვლის რეზოლუციაში ევროპარლამენტი წევრი-ქვეყნებისგან მკაფიოდ ითხოვდა ბოლო მოეღოთ ჰომოსექსუალისტებისთვის დაწესებული აკრძალვისთვის ჰყოლოდათ ოჯახი, იძლეოდა რეკომენდაციებს გარანტირებული ჰქონოდათ მთელი რიგი უფლებები, პარტნიორთა რეგისტრაციის შესაძლებლობა და მოხსნილიყო შეზღუდვა ჰომოსექსუალისტთა მიერ ბავშვთა მიშვილებაზე. 2000 წელს, ადამიანის უფლებათა ქარტიაში ევროპის კავშირმა უარი თქვა სქესის მითითებაზე ქორწინების განსაზღვრებისა და ბავშვის უფლებების დამტკიცების სფეროში (ლაპარაკია მშობლების თანასწორუფლებიანობაზე დედისა და მამის ხსენების გარეშე). 2001 წლის 5 ივლისის რეზოლუციაში ევროპარლამენტმა წევრ-ქვეყნებს რეკომენდაცია მისცა შეეცვალათ თავიანთი კანონმდებლობა ჰომოსექსუალისტთათვის თანაბარი უფლებების მინიჭების მხრივ და ევრო კავშირის დღის წესრიგში დაეყენებინათ საკითხი ჰომოსექსუალისტთა შორის ურთიერთობის კანონიკურობის აღიარებაზე.

დაბოლოს 2003 წელს, ევროპარლამენტმა გაიმეორა თავისი მოთხოვნა მოხსნილიყო ჰომოსექსუალისტთა დისკრიმინაციის ყველა ფორმა (იურიდიული და ფაქტობრივი), კერძოდ, ქორწინებისა და ბავშვთა მიშვილების სფეროში. შემდეგტ, 2006 წლის რეზოლუციაში ქვეყნებს რეკომენდაცია მისცეს მიეღოთ ახალი ზომები ერთსქესოვანი ქორწინებების ლეგალიზაციისთვის და მოუწოდეს ყველას თავიანთი კანონმდებლობა ჰომოსექსუალისტებისადმი უფრო "ლმობიერი" კანონებით შეეცვალათ. გარდა ამისა, ამავე რეზოლუციით გათვალისწინებულია მთელი რიგი ზომები იმ ქვეყნების წინააღმდეგ, რომლებიც არაფერს იღონებენ ამ პოლიტიკის წინააღმდეგ გამოვლენილი სხვადასხვა ექსცესებისადმი.

მოცემული პოლიტიკის გატარების სხვა საკვანოძო სტრუქტურად მოგვევლინა ევროპის სასამართლო ადამიანის უფლებების განხრით ევროპის საბჭოში, რომელმაც შექმნა უფლება აკრძალულიყო დისკრიმინაცია სექსუალურ ორიენტაციაზე, რომლის მიხედვითაც საჭიროა განსაკუთრებულად სერიოზული მიზეზი, რათა გამართლებულ იქნას განსხვავება ერთსქესოვან და არაერთსქესოვან წყვილებს შორის. ამ მიმართებით სასამართლომ ამ მოვლენის შეფასების არანაირი შესაძლებლობა არ დაუტოვა სახელმწიფოს (http://www.franceonu.org/la-france-a-l-onu/dossiers-thematiques/droits-de-l-homme-etat-de-droit/orientation-sexuelle-et-identite/la-france-a-l-onu/dossiers-thematiques/droits-de-l-homme-etat-de-droit/orientation-sexuelle-et-identite/article/orientation-sexuelle-et-identite).

ამგვარად, ჩვენ ვხედავთ, რომ ერთსქესოვანი ქორწინებების დამტკიცება - ეს არის ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს მკაფიოდ განსაზღვრული კურსი, რომელსაც გააჩნია შორსმიმავალი შედეგები და შესაბამისი იურიდიული ინსტრუმენტების ფართო სპექტრი.
იმისთვის, რათა არ გამოწვიათ ევროპელთა პირველდაწყებითი მძაფრი საპროტესტო რეაქცია, გარდამავალი ნაბიჯის სახით ევროპის პოლიტიკური ელიტის მაღალმა ეშელონებმა შეიმუშავეს ქორწინების ალტერნატიული ფორმა, ერთსქესიანი პარტნიორობის დარეგისტრირების უფლება, რომლის წყალობითაც გარყვნილები ღებულობდნენ საგადასახადო შეღავათებს და მემკვიდრეობის უფლებებს.

პირველად კანონი ამის შესახებ მიღებულ იქნა დანიაში 1989 წ., ხოლო დღეისთვის ის არსებობს ანდორაში, ავსტრალიაში, ავსტრიაში, ბრაზილიაში, დიდ ბრიტანეთში, უნგრეთში, გერმანიაში, ისრაელში, ირლანდიაში, ისლანდიაში, კოლუმბიაში, ლიხტენშტეინში, ლუქსემბურგში, სლოვენიაში, ფინეთში, ხორვატიაში, ჩეხეთში, შვეიცარიაში, ეკვადორსა და აშშ-ს ზოგიერთ შტატში. ჰომოსექსუალისტებს შეუძლიათ ოფიციალურად დარეგისტრირდნენ იტალიის ზოგიერთ ქალაქშიც. სხვადასხვა ქვეყნებში ეს "კავშირები" სხვადასხვაგვარად იწოდება, განსხვავებულია უფლებების ჩამონათვალიც, რომლებითაც ისინი სარგებლობენ, თუმცა ამით არსი არ იცვლება - ეს არის ჰომოსექსუალისტთა "ქორწინების" დაკანონების პირველი ფორმა. ბრძოლის ალგორითმი კარგად არის შემუშავებული და საკმაოდ მკაფიოდ მუშაობს.

მოამზადეს რა ნიადაგი, უმეტესად "წინწაწეული" მმართველები კიდევ უფრო შორს წავიდნენ და ჰომოსექსუალისტებს უკვე ქორწინების სრული უფლებები მიანიჭეს. პირველი სახელმწიფო, რომელმაც ეს აღიარა, გახდა ჰოლანდია (2001 წ.), შემდეგ ამ გზას დაადგნენ ბელგია (2003), ესპანეთი, კანადა, სამხრეთ აფრიკა, ნორვეგია, შვედეთი, პორტუგალია, ისლანდია, არგენტინა, დანია და აშშსა და მექსიკის ზოგიერთი შტატები. 2013 წლის აპრილს მათ შეუერთდა ურუგვაი და ახალი ზელანდია, 18 მაისს - საფრანგეთი, ხოლო 21 მაისს ბრიტანეთის პარლამენტის თემთა პალატამ მოიწონა კანონპროექტი, რომელიც ერთსქესიანი ქორწინიების უფლებას იძლევა ინგლისსა და უელსში. ამჯერად მსგავს კანონპროექტებს განიხილავენ ლუქსემბურგი, ნეპალი და პარაგვაი.

საზოგადოება ამ პოლიტიკას ღებულობს არაერთგვაროვნად. თუ ერთ რომელიმე ქვეყანაში საზგოადოება უკვე იმდენად არის ზომბირებული, რომ დაკარგული აქვს ყოველგვარი იმუნიტეტი, სხვა ქვეყნებში ის იწვევს გააფთრებულ წინააღმდეგობას. პირველის მაგალითია შვეიცარია, სადაც კანონი "დარეგისტრირებულ პარტნიორობაზე", როგორც ფედერალურ კანონთა სხვა უმეტესობა, ძალაში შევიდა ხალხის ნებით, ანუ რეფერენდუმის გზით: მოსახლეობის 58% 2005 წლის 5 ივნისს ცნო ჰომოსექსუალ წყვილთა ერთობლივად ცხოვრებისთვის დარეგისტრირების უფლება (http://www.nashagazeta.ch/node/8095). მეორეს მაგალითია საფრანგეთი, სადაც ბრძოლა მხოლოდ ახლა იწყება.

საფრანგეთი მკაფიო მაგალითია იმისა, თუ როგორი მზაკვარებით მოქმედებენ გარყვნილები. რადგან 1998 წლისთვის ერთსქესიანი ქორწინებები ჯერ კიდევ წარმოუდგენელი იყო საზოგადოებისთვის, ასამბლეისთვის და თვით მთავრობის შიგნით მსგავსი საკითხების განხილვა, ისინი მიდიოდნენ პატარა ნაბიჯებით, რითაც ამზადებდნენ შესაბამის ნიადაგს (http://www.observatoiredumariagepourtous.com/pour-ou-contre/en-faveur-du-mariage-pour-tous/). ჯერ 1999 წ. მათ დაიწყეს სოლიდარობის სამოქალაქო პაქტის გატარება (PACS), რომელიც წარმოადგენდა ერთგვარ შუალედს თანაცხოვრებასა და ქორწინებას შორის. ეს იყო შეთანხმება ორ ფიზიკურ პირს შორის, რომელიც გულისხმობდა ჰომოსექსუალებსაც, და რომლებიც სურვილს გამოთქვამდნენ ოფიციალურად გაეფორმებინათ თავიანთი ურთიერთობა, თანაც ისე, რომ ამ დროს ისინი არ შედიოდნენ ქორწინებაში ერთიმეორესთან. ეს პაქტი უზრუნველყოფდა მინიმალურ კერძო და ქონებრივ უფლებებს. თანაც პარტნიორებს არ ეკისრებოდათ სერიოზული ვალდებულებანი და ხელშეკრულება უქმდებოდა ავტომატურად ერთ-ერთი პარტნიორის თხოვნის შემთხვევაშიც. აშკარა იყო, რომ PACS-ი წარმოადგენდა გასაძრომს, რომლის დახმარებითაც სურდათ შემდეგ გაეფართოვებინათ და დაეკანონებინათ ერთსქესოვანი კავშირები, ამიტომაც, მის განხილვას არ გამოუწვევია მძაფრი და ფართო დისკუსიები, ასევე მისდამი წინააღმდეგობა იყო უფრო ნაკლები, ვიდრე ახლა.

PACS-ი დააკანონეს, თუმცა შედეგები მოულოდნელი აღმოჩნდა, რამეთუ "დაპაკსულების" 94% საპირისპირო სქესის წარმომადგენლები აღმოჩნდნენ, და მხოლოდ 6% ჰომოსექსუალი. თუმცა, მთავარი საქმე მაინც გაკეთდა - საკითხი ჰომოსექსუალურ ქორწინებაზე გავიდა საინფორმაციო ველზე, გახდა ჩვეული თემა განხილვისთვის, დაიწყო კანონმდებელთა გაძლიერებული დამუშავება, რის შემდეგაც, უკვე ძალაუფლებაში ოლანდის მოსვლისთანავე შესაძლებელი გახდა გატანილიყო კანონი ერთსქესოვან ქორწინებათა შესახებ.

არც ისე დრამატულად, მაგრამ საკმაოდ მძაფრად მიმდინარეობდა ამ საკითხის განხილვა ბრიტანეთის პარლამენტშიც. როგორც ევროპარლამენტის დეპუტატი დიდი ბრიტანეთის დამოუკიდებლობის პარტიიდან ნაიჯელ ფარაჯი უთითებდა, სინამდვილეში ყველაფერს წყვედტა არა ინგლისის პარლამენტი, არამედ ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლო. პრემიერ-მინისტრმა კამერონმა, მისი პარტიისა და ერის საწინააღმდეგოდ, ეს კანონპროექტი პარლამენტს თავს მოახვია უშუალოდ სტრასბურგის მითითებით. ასე, რომ არ არის გასაკვირი საფრანგეთსა და ბრიტანეტში ერთდროულად რომ განიხილებოდა ეს კანონპროექტი.

თუმცა, ფარაჯმა გახსნა ევროკავშირის უფრო ღრმა ზრახვები, რომლებიც ე. წ. სტოკჰოლმის პროგრამის რეალიზაციასთან არის დაკავშირებული და გულისხმობს ევროპის ქვეყნების უფლებათა უნიფიცირებას 2010-2014 წლების პერიოდში. ამ მიზნების მიღწევის მეთოდები წარდგენილ იქნა ბერლინგუერის მოხსენებაში 2010 წელს, რომელიც, როგორც ფარაჯმა ივარაუდა, ამა წლის ნოემბერში უნდა იქნეს მიღებული.

ამ კანონის თანახმად, ნებისმიერი სამოქალაქო პაქტი ან ქორწინება, რომელიც ევროკავშირის ერთ რომელიმე ქვეყანაში იქნება დადებული, კანონიერად უნდა იქნეს ცნობილი სხვა წევრი-ქვეყნების მიერაც. ანუ თუ წყვილს უფლება არა აქვს ქორწინება გააფორმოს თავის მშობლიურ ქვეყანაში, მას ამის გაკეთება შეუძლია ევროკავშირის ნებისმიერ სხვა ქვეყანაში, და როდესაც თავის ქვეყანაში დაბრუნდება, იქ უკვე ეს პაქტი კანონიკურად უნდა იქნეს აღიარებული (http://federation-pro-europa-christiana.org/wordpress/promotion-totalitaire-du-mariage-homosexuel-par-le-parlement-europeen/). გასაგებია, რომ ამგვარი "ქორწინების უფლება" ხელს შეუწყობს "ჰომოსექსუალური ქორწინების ტურიზმს", და მათ ვინც ამგვარი ქორწინების წინააღმდეგია, იძულებულს გახდის აღიაროს იგი სხვა ქვეყანაში მიღებული კანონების მიხედვით.



შინაარსი:

1. სოდომიზმის რელიგიური ფესვები.
2. ცოდვის გარდაქმნა სნეულებად.
3. სნეულების გარდაქმნა ნორმად.
4. "ქვირ"-რევოლუცია: სქესთა თანასწორობიდან მათ გაუქმებამდე.
5. სოდომური მაფიის იურიდიული აღიარება.

მოძღვრის პრობლემა თანამედროვე ეპოქაში.

მიტროპოლიტი ანტონ სუროჟელი.

- მეუფეო, როგორ შეაფასებდით რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდის 1998 წლის 29 დეკემბრის განჩინებას, რომელიც ეძღვნებოდა „სამოძღვრო პრაქტიკის ბოროტად გამოყენების მონაწილეებს, რაც ნეგატიურად აისახა საეკლესიო ცხოვრებაზე?“

მიტროპოლიტი ანტონი: ძნელია ამ დოკუმენტის მნიშვნელობის შეფასება. დიდი ხანია, მისი შექმნის დრო დადგა. და, რაც მთავარია, საკმარისი არაა, უპასუხისმგებლო ადამიანების, ანდა ცოდვილთა თუ საკუთარი „დიდებით“ მოხიბლულთა (რომელიც ხარისხთანაა დაკავშირებული) მხოლოდ მოწოდებით დაკმაყოფილება, გარკვეული ზომების მიღებაა საჭირო. ეს სავსებით სამართლიანი და საჭირო განმარტებაა, მაგრამ, ვფიქრობ, მას საქმეც უნდა ახლდეს თან. თუკი მოძღვარი თავისი საქციელით საეკლესიო ცხოვრების წესს არღვევს, ანგრევს ადამიანთა სულებს ანდა აცდუნებს თავის სულიერ შვილებს, მის მიმართ მკაცრი დისციპლინარული ზომები უნდა იქნეს მიღებული. ზოგიერთს, უბრალოდ, უნდა აეკრძალოს ქადაგება, მხოლოდ საღმრთო ლიტურგიის აღსრულების უფლება უნდა დაუტოვონ; მათ არავის არანაირი სულიერი ხელმძღვანელობა არ უნდა გაუწიონ. ამ კანონის დარღვევის შემთხვევაში კი საბოლოოდ უნდა აეკრძალოთ მსახურება, რამეთუ საუბარია არა იმის შესახებ, თუ როგორ აღასრულებს მღვდელი თავის სამუშაოს, არამედ იმას, აშენებს თუ ანგრევს სხვის სულს.

ამიტომ სინოდის განჩინება დროული და ძალიან საჭიროა, თუმცა შეიძლებოდა, იგი უფრო მკვეთრიც ყოფილიყო, მაგრამ მას დისციპლინარული ზომები უნდა მოსდევდეს ყოველი მღვდლის ანდა ეპისკოპოსის მიმართ, რომელიც ადამიანთა სულებს ანგრევს, როგორიც არ უნდა იყოს მისი დონე ანდა ხარისხი. საუბარია არა იმის შესახებ, რომ იგი ეკლესიას ანგრევს. ეკლესია შეუწველი მაყვალია, მისი ცეცხლი არასოდეს დაიშრიტება; მაგრამ ადამიანები, შესაძლოა, დაღუპოს ასეთმა მღვდელმა.

- რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდის განჩინება გარკვეულ წრეებში სახელდებული იქნა, როგორც „ახალბერობის“ („მლადოსტარეცობის“) განჩინება. ამის შესახებ თქვენი აზრი ცნობილია, როგორ განსაზღვრავთ ამ გაგებას? მხედველობაში გაქვთ თუ არა მოძღვრის ახალგაზრდა ასაკი ანდა სულიერი მოუმწიფებლობა თუნდაც უკვე ასაკოვან მღვდელმსახურში, რომელიც, შესაძლოა, მალე ხუცესად იწოდოს?

მიტროპოლიტი ანტონი: რასაკვირველია, საუბარი არ არის იმის შესახებ, რომ განსხვავება დავადგინოთ ახალგაზრდა ანდა ხანდაზმულ უგუნურთა შორის. საუბარია იმაზე, რომ, შეძლებისდაგვარად, შევაფასოდ ადამიანის სულიერი სიმწიფე, შეუძლია თუ არა, იყოს ვინმეს სულიერი ხელმძღვანელი. ხუცესი არ არის უბრალოდ ადამიანი, რომელიც დიდხანს იყო მწყემსი და რაღაც გარკვეული ჩვევა ანდა გამოცდილება შეიძინა; ხუცესის ჭეშმარიტი აზრი – რაღაც სხვაა, ეს მადლმოსილი მდგომარეობაა. ხუცესებად არ გამოირჩევენ, ასეთებად სულიწმიდის მადლით იბადებიან; და თუ ვისაუბრებთ იმის შესახებ, რა ახასიათებს ხუცესს, მაშინ ცოტაოდენს ვიტყვი იმაზეც, რა ადგილი უკავია მას ჩვეულებრივ მღვდელმსახურებაში.

ვფიქრობ, რომ სულიერებაში სამი საფეხური არსებობს. არის სამრევლო მღვდელი, რომლის დანიშნულებაა საეკლესიო საიდუმლოებათა აღსრულება. შესაძლოა, იგი არ იყოს კარგი მქადაგებელი, აღსარების დროს ვერ იძლეოდეს ვერანაირ რჩევას, შესაძლოა, თავის მწყემსურ მოღვაწეობაში ვერაფრით გამოირჩეოდეს. მაგრამ საკმარისია, რომ იგი საღვთო ლიტურგიას სწირავს, თუკი მას ახსოვს, რომ საღვთო ლიტურგიას ან სხვა საიდუმლოს ღმერთი აღასრულებს. ლიტურგიაში ნათლად მითითებულია, რომ ერთადერთი ქრისტე აღასრულებს საიდუმლოს და მხოლოდ სულიწმიდაა ის ღვთაებრივი ძალა, რომელსაც შეუძლია, ჩვეულებრივი პური და ღვინო ქრისტეს სისხლად და ხორცად აქციოს. ეს უნდა გვახსოვდეს ჩვენ, მღვდელმსახურთ. ჩვენ სიტყვებს წარმოვთქვავთ, მაგრამ საიდუმლო ქრისტესა და სულიწმიდის მიერ აღესრულება.

მახსენდება ერთი ახალგაზრდა მღვდელი, რომელმაც ლიტურგიის დაწყების წინ იგრძნო, რომ არ შეუძლია, აღასრულოს ეს საიდუმლო, რადგან იგი საშიშია. „ღმერთო, რა ვქნა?“ – გაიფიქრა მან და მეყსეულად იგრძნო, რომ მასა და ტრაპეზს შორის ვიღაც ჩადგა ისე, რომ თვითონ უკან დახევა მოუხდა. მთელი ლიტურგიის განმავლობაში იგი წარმოთქვამდა სიტყვებს, რომელიც განკუთვნილი იყო მღვდლისათვის, მაგრამ მან იცოდა, რომ ლიტურგიას თვითონ ქრისტე აღასრულებდა, რომელიც მასა და ტრაპეზს შორის იდგა. თუ ამას არ გამოსცდის (რამეთუ ეს სასწაული ყველას არ ეძლევა), უნდა ესმოდეს მაინც ყველა მღვდელს. ლიტურგიის დროს საიდუმლო ლოცვაში მღვდელი ქრისტეს მიმართავს, რომ სწორედ უფალს ძალუძს ყოველივე. ამიტომ ნებისმიერი მოძღვარი, თუ ის მოკრძალებულად, სუფთად ცხოვრობს, თუ ცდილობს, თავისი ქრისტიანული მოვალეობა და სამღვდელო მსახურება აღასრულოს, მისაღებია ეკლესიისა და ხალხისათვის.

მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ მას სხვა ადამიანების ხელმძღვანელობის უფლება აქვს. ხელდასხმა ადამიანს არც გონებას აძლევს, არც ცოდნასა და გამოცდილებას, არც სულიერ ასაკს მატებს. ეს აძლევს მას საშინელ უფლებას იდგეს იქ, სადაც მხოლოდ ქრისტე შეიძლება იდგეს. გარკვეული აზრით, იგი ხატია, მაგრამ მან არ უნდა წარმოიდგინოს, თითქოს წმიდანია. მახსენდება, რომ მოსკოვის სასულიერო აკადემიაში მღვდლობაზე საუბრის შემდეგ ერთმა სტუდენტმა მკითხა: „როგორ შევუთანხმოთ ის, რაც თქვენ მღვდლის ადამიანური სისუსტის შესახებ თქვით, იმას, როცა ჩვენ გვეუბნებიან, რომ მღვდელი ხატია?“ მე მას ვუპასუხე (შესაძლოა, ძალიან უკმეხადაც): „იცი კი, რა არის ხატი? ეს არის დახატული დაფა და სანამ იგი არ იკურთხება, მხოლოდ ხე და საღებავია. მას შემდეგაც, როცა იგი იკურთხება, იგი სიწმიდეა (მისთვის, ვინც მის წინ დგას) იმით, რომ საეკლესიო სიწმიდეთა საიდუმლოებაშია. ადამიანი მასში ხატს ხედავს ამ სიტყვის სრული გაგებით მაშინ, როცა შეუძლია, არა ხაზები და საღებავი დაინახოს, არამედ თითქოს მისი, როგორც გამჭვირვალე შუშის წინ იდგეს ქრისტე მაცხოვარი ანდა დედა ღვთისა. „ძალიან მნიშვნელოვანია, გვახსოვდეს, რომ ხატი, გარკვეული აზრით, ჩვენთვის გამჭვირვალე უნდა გახდეს; უნდა ვისწავლოთ, რომ ვიდგეთ ხატის წინ და ხატს კი არ ვხედავდეთ, არამედ მაცხოვრის ყოფნას შევიგრძნობდეთ. წმიდა იოანე ოქროპირი თავის ერთ-ერთ ეპისტოლეში ამბობს – როცა ლოცვა გინდა, დადექი ხატის წინ, დახუჭე თვალები და ღვთის წინაშე ილოცე… რატომ უნდა დავდგეთ ხატის წინ იმისათვის, რომ თვალები დავხუჭოთ? იმიტომ, რომ მხოლოდ რწმენის სულიერი თვალებით შეგვიძლია ურთიერთობა ქრისტესთან, დედა ღვთისმშობელთან და წმიდანებთან, რომლებიც მასზე არიან გამოსახულნი.

ახალგაზრდა მღვდელს უნდა ახსოვდეს, რომ ის ხატია, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში გახდება ის მართლაც ხატი და არა შეღებილი დაფა, როცა, სულიწმიდის მადლით, მისი საშუალებით მოგვეცემა ქრისტეს ნათელი; როცა ადამიანები მისი მზერის დროს მას კი არა, ქრისტეს დაინახავენ. ხუცეს სილუანის წერილებში არის ასეთი ადგილი: ერთხელ მან დაინახა, როგორ იბარებდა აღსარებას ათონის მონასტრის მოხუცი ბერი, გრძელი წვერითა და თეთრი თმებით. როდესაც იგი აღმსარებელს ლოცვას უკითხავდა, სილუანმა იგი დაინახა გაბრწყინებული ახალგაზრდის სახით, როგორც ქრისტე. ეს ადამიანი გადაიქცა ხატად (ამ სიტყვის სრული გაგებით) იმ დროის განმავლობაში, რომელიც საიდუმლოს დასჭირდა, რომელიც ქრისტესა და სულიწმიდის მადლით აღესრულებოდა.

ასეთია უბრალო, სამრევლო მღვდლის მდგომარეობა. საიდუმლოს შესრულების გარდა, მას ქადაგებაც ძალუძს. ერთი მხრივ, მას შეუძლია, ძველი და თანამედროვე მქადაგებლებისგან ისწავლოს; თუ იგი პატიოსანია და არ ცდილობს, ადამიანებს თავი იმაზე უკეთესად მოაჩვენოს, ვიდრე სინამდვილეშია, შეუძლია, სავსებით გულახდილად და გულწრფელად გაუნაწილოს მათ ის, რაც მის სულშია, არა ლირიული ყბედობა, არამედ ის, რასაც სახარების კითხვის დროს განიცდიდა.

შემიძლია მოგითხროთ ერთი სამარცხვინო შემთხვევა ჩემი ცხოვრებიდან იმის შესახებ, თუ როგორ ვკითხულობდი სახარებას და ვგრძნობდი, რომ ვკითხულობ ამ სიტყვებს, მესმის მაგრამ ჩემს სულამდე ისინი ვერ აღწევენ; ისინი ასხლტებიან, როგორც კედელზე. გავიფიქრე, როგორ უნდა ვიქადაგო?.. და როცა ქადაგების დრო დადგა, მე გამოვედი და ვთქვი დაახლოებით ასეთი რამ: „აი, რა დამემართა დღეს: ხმამაღლა ვკითხულობდი სახარებას, ქრისტე მაცხოვარი პირადად მესაუბრებოდა. იგი მომმართავდა სიტყვით, მე კი ერთადერთი, რაც შემეძლო, მეთქვა, იყო შემდეგი: შენი სიტყვები ჩემამდე არ მოდიან, ისინი ჩემთვის ცარიელი სიტყვებია… რა საშინელებაა!.. მაგრამ იფიქრეთ თვითონ (ვუთხარი იქ მოსულთ): როცა სახარება ეკლესიაში იკითხება ან თქვენ მას სახლში კითხულობთ, შეგიძლიათ თქვათ, რომ სახარების თითოეული სიტყვა, რომელსაც ქრისტე მაცხოვარი პირადად თქვენ გეუბნებათ, სულში გხვდებათ და გულის სიღრმემდე შეგძრავთ, აღანთებს მასში რაღაც ნათელს და ახალ სიცოცხლეს გაძლევთ? თუ ასე არაა, მაშინ თქვენ აღმოჩნდებით იმ მდგომარეობაში, რომელშიც მე ვიყავი, მაგრამ ჩემი მდგომარეობა გაცილებით საშინელია, რამეთუ ქრისტემ დამადგინა, რათა მისი სიმართლე გამცნოთ, მე კი დღეს ვერ შევძელი, მისი სიტყვები მომესმინა. შემინდეთ, ილოცეთ ჩემთვის და იფიქრეთ საკუთარ თავზე. ამინ!“ აი, ქადაგება, რომელიც მაშინ წარმოვთქვი, და ეს სიმართლე იყო; ვფიქრობ, რომ, ერთის მხრივ, ადამიანები ამით თავზარდაცემულნი იყვნენ, მაგრამ, მეორეს მხრივ, რაღაც ისწავლეს. მე შემეძლო, საკუთარი მცირე განსწავლულობით მათთვის განმემერტა სახარების ეს ადგილი, მაგრამ ეს სიცრუე იქნებოდა. ამიტომ ვფიქრობ, რომ ახალგაზრდა მღვდელსაც შეუძლია, თავისი გაუზიაროს მრევლს. თუ იგი ისაუბრებს იმის შესახებ, რასაც განიცდიდა სახარების კითხვის დროს, თუკი ეს გულის სიღრმემდე განიცადა, რაოდენ უბრალოც არ უნდა იყოს მისი სიტყვები, მრევლისათვის ის გასაგები იქნება.

არის მეორე სახეობა. ეს არის უფრო ასაკოვანი ანდა გამოცდილი მოძღვარი, რომელიც შედარებით განსწავლულია და შეუძლია, რჩევა მისცეს სხვა ადამიანს იმის შესახებ, თუ როგორ ამაღლდეს მიწიდან ზეცამდე. მაგრამ ეს მოძღვარიც ძალიან ფრთხილი უნდა იყოს. როცა თქვენ მთაში მიდიხართ, ისეთ გამცილებელს ირჩევთ, რომელიც ამ გზაზე დადიოდა და იქიდან ცოცხალი დაბრუნდა, გზაში არ დაღუპულა. აი, ასეთი უნდა იყოს მოძღვარი ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით. მან არ უნდა ისაუბროს იმის შესახებ, რაც თავისი გამოცდილებით არ იცის, ან რაც მთელ მის შინაგან არსებას არ აქვს გათავისებული. მოძღვართან იმისათვის მივდივართ, რათა მან ზეციურ სასუფევლამდე მოგვიყვანოს. მაგრამ თუ თვითონ იქ არ მყოფობდა, ჩვენ ვერაფერს მოგვცემს. ამაზე უნდა იფიქროს თითოეულმა მოძღვარმა,რომელთანაც ადამიანები აღსარებაზე მიდიან. შეგვიძლია ვთქვათ, რომ თითოეულ მოძღვარს შეუძლია, სწორედ ის უთხრას ადამიანს, რაც მას სჭირდება? არა. ისიც ხდება, რომ მოძღვარი, რომელთანაც ადამიანი აღსარების სათქმელად მივიდა, უსმენს მას, ესმის, რასაც ეუბნებიან, მაგრამ საპასუხო არაფერი აქვს. ასეთ შემთხვევაში მოძღვარმა პატიოსნად და გულწრფელად უნდა უთხრას თავის სულიერ შვილს: „მე მესმის ყველაფერი, რაც შენ მითხარი, მაგრამ საპასუხო არაფერი მაქვს. მე ვილოცებ შენთვის. შენც ილოცე და სთხოვე ღმერთს, შემინდოს, რომ ჩემი გამოუცდელობით არ შემიძლია, შენ და მას ამჯერად გემსახუროთ, მაგრამ მე შენთვის არაფრის თქმა არ შემიძლია“. ხშირად ვიხსენებ თხრობას წმიდა ამბროსი ოპტელის ცხოვრებიდან იმის შესახებ, რომ მან უარი თქვა ორი ადამიანისათვის მიეცა გონიერი რჩევა სულიერი შეჭირვების შესახებ იმიტომ,რომ მის ლოცვას გონების განათების შესახებ დედა ღვთისმშობელმა არაფერი უპასუხა.

ზოგჯერ სხვაგვარად ხდება: გესმის საუბარი ანდა აღსსარება, რომელსაც მორწმუნე გეუბნება, და შენ არ გაქვს მხოლოდ მისთვის განკუთვნილი პასუხი, როგორც სახარებაში ვხედავთ: ქრისტე პასუხს აძლევს ერთ ადამიანს, მას კი სხვებიც უსმენენ. ერთნი მას ღებულობენ, რადგან ისინი ამ ადამიანის დონეზე არიან; მეორენი კი – ვერა, რადგან ეს ყველაფერი მათთვის უცხოა, თავს იქნევენ და ერთმანეთს ეუბნებიან: რას ამბობს? რა გაურკვეველ პასუხებს იძლევა გარკვეულ შეკითხვებზე?.. ისეც ხდება, რომ ჩვენ გვესმის და ვიგებთ, მაგრამ გამოცდილებით პასუხი არ გვაქვს, არც სულიწმიდით ვღებულობთ ისეთს, რომელიც პირდაპირ უფლისაგან მოდის. მაშინ ჩვენ შეგვიძლია, მას ვუთხრათ: „მე არა მაქვს ისეთი პასუხი, რომელიც პირდაპირ შენთვის იქნება განკუთვნილი, მაგრამ შემიძლია გითხრა, რომ სახარებაში ანდა წმიდა მამებთან ამომიკითხავს ის, რაც ჩემის აზრით, შენს ნათქვამს ეხება“, და უნდა უთხრა ის, რასაც სახარება ანდა წმიდა მამა ამბობს.

მახსოვს შემთხვევა, რომელმაც თავზარი დამცა. ჩვენთან, პარიზის ერთ პატარა ტაძარში დადიოდა მღვდელი, რომელიც არასოდეს აღასრულებდა მსახურებას, რადგან საშინლად ლოთობდა. იგი ტაძარში დიდი სინანულითა და შემუსვრილი გულით მოდიოდა; მას კუთხეში ვაყენებდი და თვითონ მის წინ ვდგებოდი, რათა, თუ წაიქცეოდა, მე დამცემოდა და ეს ვერავის შეემჩნია. შემდეგ, გერმანელთა ოკუპაციის დროს, ჩვენი სამრევლო მოძღვარი დააპატიმრეს და იგი იმ მოძღვარმა შეცვალა, რომელსაც, ჩვეულებრივ, მემთვრალეობის გამო წირვის აღსრულება არ შეეძლო. მაშინ ის გამოფხიზლდა და მსახურება დაიწყო; მსახურობდა ცრემლებით, სიღრმისეულად, რაც ჩვენს სულებს შეძრავდა. ერთხელ მე მასთან აღსარებაზე მივედი და სული გადავუშალე, ის კი იდგა და ტიროდა ჩემს გამო, და არა „მთვრალის ცრემლებით“, არამედ თანაგრძნობისა და თანადგომის ცრემლით. როდესაც აღსარება დავამთავრე, მან მითხრა: შენ იცი, რა ადამიანიც ვარ მე; არც შენი აღსარების მოსმენის, არც რჩევის მოცემის ღირსი არ ვარ. მაგრამ შენ ახალგაზრდა ხარ, მთელი ცხოვრება წინ გაქვს, გამოფხიზლდი, ნუ გახდები ისეთი, როგორიც მე გავხდი. ამიტომ გეტყვი იმას, რასაც ქრისტე სახარებაში გეტყოდა…“ და მან მითხრა ქრისტე მაცხოვრის რამდენიმე სიტყვა. ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე სულის შემძვრელი აღსარება, რომელიც მე ოდესმე მითქვამს. ეს ადამიანი სინანულის სიღრმემდე ჩავიდა და ამ სიღრმიდან შეძლო, ჩემში გაეღვიძებინა სინანული, მოეცა რჩევა, აღებული თავისი ტრაგიკული ცხოვრებიდან, მაგრამ ქრისტეს სწავლებით გაბრწყინებული. ეს არის მეორე მაგალითი იმისა, თუ როგორ უნდა ვთქვათ აღსარება.

არის მესამე დონეც. ეს არის ის, რასაც ხუცესი ჰქვია. იმ ადამიანების მდგომარეობა, რომლებმაც, ხატოვნად რომ ვთქვათ, ზეციური სასუფევლის კარიბჭემდე გზა სრულყოფილად გაიარეს, შესაძლოა, არ შესულან მასში, ანდა, შესაძლოა, დაშვებულნიც იყვნენ, მაგრამ ხელახლა მიწაზე იქნენ მოვლენილნი, რათა ჩვენ შევეყვანეთ სასუფეველში. ხუცესი – ეს არის ადამიანი, რომელმაც ბოლომდე შეიცნო თავისი სულის სიღრმე, მივიდა იმ ადგილამდე, სადაც მასში აღბეჭდილია ღვთის სახება, და მას შეუძლია, ამ სიღრმეებიდან გვესაუბროს.

მაგრამ ხუცესი თვითონ ვერ გახდები, ანდა, თუ შეიძლება ასე გამოვხატოთ, ხუცესებად არ იბადებიან. ესენი არიან ადამიანები, რომლებზეც სულიწმიდის მადლი გარდამოვიდა, რომლებიც გამოეხმაურნენ მას და ქრისტეს სწავლებისა და იმისი ერთგულნი დარჩნენ, რასაც სულიწმიდა მათ სულებს გადასცემდა. ხუცესი – იშვიათი მოვლენაა. როცა მოღვაწეობის ამ სახეზე, ამ სიწმიდეზეა საუბარი, უნდა გვახსოვდეს, რომ საუბარია არა სხეულის ასაკზე, არა იმაზე, ჭაღარა თმა-წვერი აქვს თუ არა მას, არამედ იმაზე, სულიწმიდის რა სიღრმეებს მიაღწია მან, რა შეიმეცნა და რისი თქმა შეუძლია. ამასთან ერთად, აუცილებელი არაა, რომ იგი ბრძანებებს იძლეოდეს. მას შეუძლია, მოგვცეს რჩევა, მითითება, მაგრამ ჩვენი თავისუფლება არ უნდა შეზღუდოს, რადგან ღმერთი მონებს როდი ეძიებს ჩვენში, არამედ შვილებს, ძმებს, დებს: „მე თქვენ მონებს აღარ გიწოდებთ, რამეთუ მონამ არ იცის თავისი ბატონის ნება, მე კი თქვენ ყოველივე გამოგიცხადეთ…“ მოძღვარს ეს უნდა ახსოვდეს.

ამიტომ თითოეული ჩვენთაგანი, რომელსაც მოძღვრობა სურს, გამუდმებით უნდა ეკითხებოდეს საკუთარ თავს: სად ვარ? ვარ უბრალოდ მოძღვარი, რომელიც პატიოსნად აღასრულებს საიდუმლოებებს, რომელსაც შეუძლია, კეთილი და სასარგებლო სიტყვა იქადაგოს, თუ ვარ ადამიანი დიდი გამოცდილებითა და იმით, რაც სხვა ადამიანების შესახებ შევიტყვე? ანდა ამ წუთას (არაა აუცილებელი, რომ გამუდმებით) სულიწმიდა ჩამძახოდეს: „ამ ადამიანს ასე უთხარი?“

მე ვიცი ისეთი შემთხვევები ჩვენი დროის მოძღვართა ცხოვრებიდან, როდესაც ადამიანმა აღსარება თქვა, მოძღვარმა ილოცა, მოუსმინა მის აღსარებას და იმის მაგივრად, რომ პასუხი გაეცა აღმსარებლის შეკითხვაზე, უპასუხა ის, რაც სულიწმიდამ შთააგონა ამ ადამიანის შესახებ, – არა კონკრეტული ცოდვების, არამედ მისი სულის საიდუმლოს შესახებ. ეს ჩემთვის ცნობილია რამდენიმე ადამიანისაგან, რომლებმაც აღსარებაზე მიიტანეს ჭეშმარიტი სინანული ყოველივე იმის შესახებ, რაც საკუთარ თავზე იცოდნენ, მოძღვარმა კი მათ უპასუხა ის, რაც მათ ჯერ კიდევ არ იცოდნენ. ამიტომ არაა საჭირო ხუცესის ძებნა, უნდა მოვძებნოთ ისეთი, რომელიც საიდუმლოთა კეთილსინდისიერი აღმსარებელი და ისეთი ადამიანი იქნება, რომელიც მზადაა, თავისი სული უწილადოს აღმსარებელს ანდა მასთან რჩევისათვის მისულ ადამიანს; თანაც ამას შელამაზებით კი არ გააკეთებს, არამედ უბრალოდ, გაუზიარებს თავის სულს ისე, როგორც მეგობარს.

ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ აღსარებაზე მოძღვარი მსაჯული როდია. მოკლე მიმართვაში, რომელსაც მოძღვარი აღსარების დასაწყისში წარმოთქვამს, ნათქვამია: „ნუ შეგრცხვება ჩემს წინაშე, რადგან მე მხოლოდ მოწმე ვარ, შენ ქრისტეს ესაუბრები…“

მაგრამ რატომაა საჭირო მოწმე? ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად უნდა გავარკვიოთ სიტყვა „მოწმის“ მნიშვნელობა. ამ სიტყვას, სულ მცირე, სამი მნიშვნელობა აქვს. წარმოიდგინეთ: ქუჩაში მიმავალი უეცრად ჩხუბს ხედავ. მოდის პოლიცია და კითხულობს: „რა ნახეთ?“ თქვენთვის სულერთია, ვინ არის დამნაშავე და ვინ – მართალი, თქვენ, უბრალოდ, უყვებით პოლიციას იმას, რაც დაინახეთ. თქვენ არ იცავთ ერთს და არ ამტყუნებთ მეორეს, უბრალოდ, აღწერთ იმას, რაც დაინახეთ და მოისმინეთ.

არის მოწმის სხვა სახეობა: სასამართლოზე იგი ან განსასჯელის მხარესაა, ან მის წინააღმდეგ, მან არჩევანი უკვე გააკეთა.

მაგრამ არის მოწმის სრულიად სხვა სახე – ეს ჩვენთვის ყველაზე ახლობელი ადამიანია, რომელსაც ვთხოვთ, იყოს მოწმე ჩვენი ქორწინების დროს, ჩვენი ცხოვრების ყველაზე საიდუმლო მოვლენის დროს. ეს არის მოწმე, რომელიც გვინდა, ჩვენს გვერდით იყოს, როდესაც ჩვენს თავს ყველაზე განსაკუთრებული და საშინელი რამ აღესრულება. აი, ასეთია მოძღვარი. იგი თითქოს სიძის მეგობარია, რომელსაც სასიძო საცოლესთან მიჰყავს, ანდა პირიქით. იგი სიძის მეგობარია იმ გაგებით, რომ მოწმეა ღვთისა და მონანული ადამიანის შეხვედრის საიდუმლოზე. ეს ყველაზე საოცარია იქიდან, რისი წარმოდგენაც ჩვენ შეგვიძლია. ღმერთი მას ამ შეხვედრაზე დასასწრებად იწვევს, ცოცხალი ადამიანის და ცოცხალი ღმერთის ამ ქორწინებაზე. და რა გრძნობით უნდა იდგეს მოძღვარი! როგორ უნდა ესმოდეს მას, რომ მხოლოდ მოწმეა, არა იმ აზრით, რომ იგი გარეშე ადამიანია, რომელსაც წილად ხვდა რაღაცის ხილვა, არამედ ის, რომ იგი მიწვეულია ქორწინების ამ საიდუმლოში მონაწილეობის მისაღებად… და რადგან ასეა, მას უნდა ესმოდეს, რომ შეხვედრა ხდება მხსნელსა და მონანულს შორის, რომ თვითონ სიძის მეგობარია, მონანული საცოლესავით მიჰყავს და გაოცებული, მოკრძალებული დგას ამ საიდუმლოს წინაშე. თუ ყველაზე გამოუცდელი მოძღვარი ასეთი მოკრძალებით მოეკიდება ამ საიდუმლოს, იგი უკვე საიდუმლოს აღმასრულებელი იქნება; ხუცესი კი მხოლოდ მაშინაა ხუცესი, როდესაც მას შეუძლია, სწორედ ასე მოექცეს ადამიანს – აღსარებაზეც და მის გარეშეც, ყოველი შეხვედრის დროს.

ვცდილობდი, პასუხი გამეცა შეკითხვაზე იმის შესახებ, რითი განსხვავდება ხუცესი ჩვეულებრივი მღვდლისაგან და ძალიან მინდოდა ხმამაღლა, მთელი რუსეთის გასაგონად დამეძახა: ფრთხილად იყავით, ძმანო ჩემნო, მოძღვრებო! ფრთხილად იყავით, ნუ აიღებთ საკუთარ თავზე იმას, რაც თქვენს სულიერ შესაძლებლობებს არ შეესაბამება, იყავით უბრალონი! იყავით უბრალოდ მღვდელმსახურნი – ეს უკვე ძალიან ბევრია! როცა ადამიანს სულიწმიდის მადლით შეუძლია, ლიტურგია აღასრულოს, ბავშვი მონათლოს, ზეთი სცხოს, ეს ცოტა არაა, ეს ძალიან ბევრს ნიშნავს!

და კიდევ, საჭიროა, ამ მდგომარეობაში ყოველთვის ვცდილობდეთ მორჩილებას. არა იმ აზრით, – „მე არარაობა და უღირსი ვარ…“ ეს მხოლოდ სიტყვებია; მორჩილება კი იმაში გამოიხატება, რომ ყურადღება მიაქცოი იმას, რაც ღმერთსა და ადამიანს შორის ხდება, და გესმოდეს, რომ შენ არაფერი ხარ, შენ ამის შექმნა არ ძალგიძს და მხოლოდ შიშითა და მოკრძალებით შეგიძლია, ამ სასწაულს დაესწრო. აი, ამით მხოლოდ იწყება მოძღვრის მორჩილება. ჩვენ არ ვიცით, რა არის მორჩილება. ის, ვისაც ეს არ აქვს, ვერ განსაზღვრავს ამას, ხოლო ვისაც იგი არა აქვს, მას სხვა გრძნობებში ურევს. მორჩილება ისეთი განსაცვიფრებელი გახსნაა ღვთის წინაშე, ისეთი ვედრება… თუ მოძღვარი მას გამოიმუშავებს არა მხოლოდ ღვთის, არამედ თითოეული ადამიანის წინაშე, რომელიც მასთან მიდის, თუ მას ასეთი მდგომარეობა აქვს, მაშინ ის შეიძლება, გახდეს მოძღვარი; რამეთუ მაშინ მას საკუთარი თავი არ ახსოვს, რამდენადაც მთლიანად აღვსილია მოკრძალებული თრთოლვით, სიყვარულით, შიშით, ლხენით და ამ ყოველივეში ადგილი არ რჩება იმისათვის, რომ საკუთარი თავი ახსოვდეს; აღარ რჩება ადგილი არც პატივმოყვარეობის, არც ამპარტავნების, არც განსწავლულობის, საერთოდ არაფრისათვის; რამეთუ ეს სიყვარულის საიდუმლოა.

- არცთუ იშვიათად ასეც ხდება: მოძღვარი თავის სულიერ შვილს უნერგავს აზრს, რომ მონაზვნობა ქორწინებაზე მეტია და, ფაქტიურად, აიძულებს აღკვეცას. ასეთ მდგომარეობაში ზოგჯერ ადამიანი არჩევანის წინაშე დგას: ან უნდა დაქორწინდეს, ან უნდა აღიკვეცოს. როდესაც საკუთარი გადაწყვეტილების მიღება არ ძალუძთ, რჩევისათვის ხუცესთან მიდიან, რომელიც მათ ასეთ რამეს ეუბნება: „მონაზვნობა შენი გზაა; გაკურთხებ აღსაკვეცად.“

მიტროპოლიტი ანტონი: ვფიქრობ, რომ ასეთი მდგომარეობა მახინჯი და აღმაშფოთებელია; საჭიროა უმკაცრესი ზომების მიღება, რათა ასეთი რამ არ მოხდეს. რამეთუ მონაზვნობაც და ქორწინებაც ნებაყოფლობითა და გონივრულად უნდა მოხდეს. თავისუფლება ის მდგომარეობაა, როდესაც ადამიანი ბოლომდე წარმოადგენს საკუთარ თავს და არა საბრალო გამოსახულებას იმისა, თუ რას ფიქრობს იგი საკუთარ თავზე, ანდა, ჰგონია, რომ ასეთი უნდა იყოს. ამიტომ, თუ ადამიანმა არ იცის, მონაზვნად აღიკვეცოს თუ დაქორწინდეს, ეს იმას ნიშნავს, რომ იგი არცერთი მათგანისათვის მზად არ არის, არცერთისათვის არ მომწიფებულა. მე მესმის, რომ პრაქტიკული მოსაზრებით აკადემიასა და სემინარიას სურს, რომ მისი კურსდამთავრებულები მალე გახდნენ მღვდლები. ამიტომ უბიძგებენ მათ ბერობის ანდა ქორწინებისაკენ. მახსოვს ერთი შემთხვევა, როდესაც მოძღვარმა ახალგაზრდა კურსდამთავრებულს მოთხოვნა წაუყენა: ერთი კვირის განმავლობაში მოეძებნა საცოლე და დაქორწინებულიყო, რადგან მისი ხელდასხმა სურდა. ეს საშინელებაა, დანაშაულია. ადამიანს უნდა მიეცეს მომწიფების დრო და საშუალება.

გარდა ამისა, ეს დანაშაულია საპატარძლოსა და თვითონ ამ ახალგაზრდა კაცის წინააღმდეგ, რომელიც მღვდელი უნდა გახდეს, რადგან ქორწინებას დიდი მომზადებით უნდა შევხვდეთ. სასიძო და საპატარძლო დიდმა სიყვარულმა უნდა დააკავშიროს, ისეთმა სიყვარულმა, როცა ადამიანი მზადაა, სიცოცხლე გაიღოს, რათა ამ ადამიანთან ერთად იცხოვროს, რომ ამაშია მისი სიხარული და ამაშია მისი აღვსება. იდეალურად მაშინ უნდა იქორწინო, როდესაც შეგიძლია თქვა ის, რაც ადამმა თქვა ევას შესახებ: „ეს არის ხორცი ჩემი ხორცთაგანი და სისხლი ჩემი სისხლთაგანი“, ეს არის ჩემი მეორე „მე“, alter ego, ასევე უნდა შეეძლოს საპატარძლოსაც საქმროსთვის შეხედვა. ერთი ძველი მამა ამბობს: თავიდან ადამი და ევა ერთნი იყვნენ: და მხოლოდ დაცემის შემდეგ, როდესაც ცოლ-ქმარი გაიყო, ერთი გახდა ego , მეორე კი alter: ერთ-ერთი გახდა „მე“, მეორე კი „ის“. საჭიროა, მომავალ მღვდლებს ვასწავლოთ, რა არის ქორწინება: რომ იგი მონაზვნობაზე ნაკლები არ არის, საიდუმლო გზაა, ქრისტესა და ეკლესიის სახეა, დაცემული სამყაროს ფარგლებში თითქოსდა სამოთხის ერთიანობის აღდგენა იმდენად, რამდენადაც ამის განხორციელება შესაძლებელია იმ სამყაროში, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ. ადამიანისათვის ამის თქმა: „დაქორწინდი, მოძებნე საცოლე, რადგან შენ მღვდელმსახურად მჭირდები,“ – ეს დანაშაულია.

იგივე შეიძლება ითქვას მონაზვნობის შესახებ. მრავალი ახალგაზრდა, რომელიც ბერად აღიკვეცება იმისათვის, რომ მღვდელი გახდეს, ბერი ვერ ხდება; ისინი მოუმწიფებელი უცოლოები ხდებიან. ისინი უცოლოები არიან იმიტომ, რომ ქორწინება არ შედგა, იმიტომ, რომ ისინი არ მიმწიფდნენ სიყვარულისათვის და არც იმისათვის, რომ თქვან: დიახ, მე ის მიყვარს, ღრმად, წმიდად, მიყვარს ისე, რომ შემიძლია, ღვთის წინაშე წარვსდგე მასთან ერთად; მაგრამ მე მხოლოდ ღმერთთან მინდა ყოფნა. ამ დაცემულ სამყაროში ჩემი სისუსტის გამო სხვისთვის სიყვარულის გაზიარება არ შემიძლია. არა, მე მხოლოდ ღმერთთან მინდა ყოფნა. მაგრამ ამისათვის მომწიფებაა საჭირო.

თავისი ცხოვრების თითოეულ მომენტში ყოველ ახალგაზრდას ამის თქმა გაუაზრებლად შეუძლია, რადგან მან ჯერ კიდევ არ იცის, რას ნიშნავს, ჭეშმარიტად გიყვარდეს ვინმე. მონაზვნობას დიდხანს მომზადება სჭირდება, არა ფორმალური, არა ვარჯიში, არამედ მომწიფება: შეუძლია თუ არა ამ ადამიანს ღმერთთან და მხოლოდ ღმერთთან ცხოვრება, შეუძლია თუ არა, ღმერთთან ამ შინაგანი ურთიერთობით მოაგვაროს თავისი საქმე?.. პრაქტიკული თვალსაზრისით ეს ნიშნავს, რომ ბევრი სტუდენტი კურსის დამთავრებამდე არ იქნება ხელდასხმული, მაგრამ თავის დროზე ისინი ადამიანურად გაიზრდებიან. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ძალიან ხშირად მღვდლები, ბერები არიან ისინი თუ დაქორწინებულნი, უმწიფარნი, სუფთანი რჩებიან, მაგრამ უმწიფარნი იმ გაგებით, რომ მათში ორი-სამი სიმი ჟღრიალებს და არა მთელი ორღანი.

ეს მაგალითი იმიტომ მომყავს, რომ მახსენდება ერთი შესანიშნავი დიაკვანი, შესანიშნავი სწორედ რომ თავისი სულიერი თვისებებით. იგი რევოლუციამდე ერთ უღატაკეს სოფელში დაიბადა. ხუთი წლის ასაკში მონასტერში მიაბარეს, რადგან სახლში ვერაფრით გამოკვებავდნენ. აქედან მოყოლებული, 85 წლის ასაკამდე იგი ყოველდღიურად მონაწილეობდა ყველა მსახურებაში. ერთხელ მასთან ერთად კლიროსში ვიყავი. იგი მოხუცებულის გატეხილი ხმით გალობდა, მე კი ღვთისმსახურების ნაწილს ვკითხულობდი. ის ისეთი ცეცხლოვანი სისწრაფით კითხულობდა, რომ წიგნში თვალის მიდევნებასაც ვერ ვასწრებდი. როდესაც დაამთავრა, ვკითხე: „მამაო, დღეს თქვენ მთელი მსახურება მომპარეთ სწრაფი კითხვითა და გალობით; და რაც უფრო უარესია, თქვენ იგი, ალბათ, საკუთარ თავსაც მოპარეთ, რადგან თვალს ვერ ადევნებდით სიტყვებს, რომლებსაც ასეთი სისწრაფით კითხულობდით“. იგი ატირდა: „შემინდე! შემინდე! შენზე არ ვიფიქრე, მაგრამ იცი რა, მე ამ გალობასა და სიტყვებს ხუთი წლის ასაკიდან ვიმეორებ. ამიტომ ახლა საკმარისია, წიგნში ჩავიხედო, მეყვსეულად ვცნობ სიტყვას, თითქოს ღვთაებრივი ხელი ეხება ჩემი სულის სიმებს და ჩემი სულიც ქნარის მსგავსად გალობს. თვალით შემიძლია სიტყვიდან სიტყვაზე გადასვლა, რამეთუ ისინი ჩემს სულში ისე აღიბეჭდა, რომ იგი ჩემს გარეშეც გალობს“. როგორ შემრცხვა!.. რაოდენ საჭიროა, რომ მღვდლის მომზადების დროს ჩვენ მას იმისთვისაც ვამზადებთ, რომ შეეძლოს, ასე მიიღოს მონაწილეობა ღვთისმსახურებაში, ასე მოეპყროს გარშემო მყოფ ადამიანებს, რომელთა პიროვნება, სიტყვა, სინანული, აღსარება და ბედნიერება მოძღვარში ამ მომღერალი ქნარის სასწაულს ბადებს. მაგრამ ამისათვის სიმწიფეა საჭირო. სწორედ აქ არის სასულიერო სკოლის პრაქტიკული პრობლემა. მე არ მინდა იმის თქმა, რომ მხოლოდ იმ ადამიანთა ხელდასხმა შეგვიძლია, რომლებმაც სრულყოფილ სიმწიფეს მიაღწიეს. მაგრამ ჩვენ არ შეგვიძლია, ვაიძულოთ ადამიანები, იმ გზას დაადგნენ, რომელზეც არანაირი წარმოდგენა არა აქვთ.

ახალგაზრდა გოგონებსა და ვაჟებს კი უნდა ვასწავლოთ, რომ მათ რჩევა იკითხონ და არა ბრძანება, ამისათვის კი წავიდნენ ადამიანებთან, რომელშიც გამოცდილებას, სიღრმეს ხედავენ, რომელთანაც საუბარი და სულის გახსნა შეუძლიათ, რათა მან ისინი თვით საკუთარ თავში გაარკვიოს. მაგრამ არა ადამიანთან, რომელიც თავისი სიამაყის ანდა სიბრმავის სიმაღლიდან უბრძანებს, რის გამოც მათ შემდეგ მთელი ცხოვრების მანძილზე მოუწევთ პასუხი აგონ. დიახ, თუ ჩავთვლით, რომ არასრულყოფილი ანდა არასწორი ქორწინება, თითქოსდა, მოწამეობაა, რომელსაც ქრისტეს გამო ზიდავ, შეიძლება საკითხის ასე შემობრუნება. მაგრამ ჩვენ გვჭირდება სიღრმისეულად ცოცხალი ადამიანები, რომლებსაც სხვაში სიცოცხლის გაღვიძება შეუძლიათ; მღვდლის დანიშნულებაც ეს არის და ბერისაც. მაგრამ მღვდელსაც და ბერსაც მაშინ შეუძლიათ ამის გაკეთება, როდესაც ისინი თვითონ არიან ცოცხალნი და არა რაღაც გაქვავებული, მკვდარი დადგენილება.

კიდევ ერთი რამის დამატება მინდა იმ საკითხთან დაკავშირებით, როდესაც მოძღვარი თავის სულიერ შვილს უნერგავს, რომ მონაზვნობა ქორწინებაზე მეტია, და, ფაქტიურად, აიძულებს აღკვეცას. საჭიროა ამ საკითხის ძალიან გულდასმით გააზრება. სწორედ რომ გააზრება, რამეთუ იდეალური მონაზვნობისა და რეალური ქორწინების შედარება, რასაკვირველია, არ შეიძლება. ადამიანი, რომელიც მონაზვნობას იმიტომ ღებულობს, რომ მთელი მისი სული, ცხოვრება, გონება, სხეული და ნება მხოლოდ ღმერთს ეკუთვნის, რა თქმა უნდა, სრულყოფილ გზას ირჩევს. მაგრამ როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ისეთ მონაზვნობაზე, როგორსაც ჩვენ სინამდვილეში ვხედავთ – მრავალი ბერი, რომელიც მონასტერში გროვდება, სათნოდ და წმიდად ცხოვრობს და სულის ცხოვნებისთვის იღწვის, – ეს ჯერ კიდევ არ ნიშნავს, რომ მათ მიაღწიეს ღმერთთან იმ ერთობას, რომელიც ყოველგვარ მიწიერ სიყვარულზე აღმატებულია, არა შეჩვევა, არამედ სწორედ სიყვარული.

ამ მიმართებით არსებობს მაკარი დიდის ცხოვრების შესანიშნავი ეპიზოდი. იგი ლოცულობდა, რათა გამოცხადებით ეუწყებინა ღმერთს, იყო თუ არა ისეთი ვინმე, რომელიც უფრო მეტ სრულყოფილებას აზიარებდა, ვიდრე უდაბნოში ისწავლა. მას ეუწყა, რომ მეზობელ ქალაქში უნდა წასულიყო, მოეძებნა ერთი ხელოსანი და გაეგო, როგორ ცხოვრობდა იგი. მაკარი წავიდა. აღმოჩნდა, რომ ხელოსანი უბრალო მუშა იყო, რომელიც ოჯახთან ერთად ცხოვრობდა და განსაკუთრებულად არაფრით გამოირჩეოდა. მაკარიმ გამოკითხვა დაუწყო, როგორი იყო მათი სულიერი ცხოვრება. „რომელი სულიერი ცხოვრება!- დილიდან დაღამებამდე ვმუშაობ, გროშებს გამოვიმუშავებ, როგორღაც თავი გამაქვს ცოლთან და შვილებთან ერთად, სულ ესაა ჩვენი ცხოვრება“, – მიიღო პასუხი. მაკარიმ გამოკითხვა განაგრძო. გამოირკვა, რომ ამ ადამიანს მთელი თავისი ცხოვრების მანძილზე ცოლისათვის არასოდეს ეთქვა უხეში სიტყვა, რომ მათ ძალიან უყვართ ერთმანეთი და სრულყოფილად წარმოადგენენ ერთ მთლიანობას. წმიდა მაკარი უდაბნოში დაბრუნდა იმ აზრით, რომ მას თვითონ ასეთი სრულყოფილების, ღმერთთან ასეთი ერთობისათვის, როგორიც ამ ადამიანს ცოლთან ურთიერთობის მეშვეობით (მე არ ვამბობ – მხოლოდ „ცოლთან ერთობით“, არამედ „ამის მეშვეობით“) ჰქონდა, ჯერ კიდევ არ მიეღწია. ამიტომ ფრთხილად უნდა ვისაუბროთ იმის შესახებ, რომ ერთი გზა მეორეზე აღმატებულია: ერთი გზით მოსიარულე სულიერად არ აღემატება მეორე გზაზე მავალს.

რაც შეეხება ადამიანის იძულებით აღკვეცას (რაც იმაში გამოიხატება, რომ ჩაუნერგო ადამიანს უმაღლესი გზის არჩევა და რომ მისთვის სხვა გზა არ არსებობს, თუკი მღვდლობა სურს), უბრალოდ დანაშაულია. როგორც უკვე ვთქვით, ადამიანი სულიერად უნდა მომწიფდეს და სულიწმიდის შთაგონებით გააკეთოს არჩევანი, და არა ფორმალურად, რადგან საბერო გზა უფრო ინტეგრალური და ერთიანია, ვიდრე ქორწინებითი. ეს ხდება, მაგრამ ყოველთვის ასე როდია. შეიძლება, ძალიან „ანთებული“ ბერი იყო. არსებობს ადამიანი, რომელიც ქორწინებისათვის არ გამოდგება და ბერობას ირჩევს; შეიძლება იყო ბერი, რომელიც აღასრულებს ყველა წესს, მაგრამ სულით არ შეუძლია, „უხილავად ზეცაში მყოფობდეს“. ამ შემთხვევაში მოძღვარი დიდი სიფრთხილით უნდა სვამდეს შეკითხვას, მიაყურადებდეს ადამიანის სულს და არაფერს აიძულებდეს, არამედ დაეხმაროს, გაერკვეს საკუთარ თავში, რათა მან შეძლოს, არა მარტო თავისუფლად, არამედ შემოქმედებითად მიიღოს გადაწყვეტილება, ანდა მოცდა ამჯობინოს.

- არის შემთხვევები, როდესაც მოძღვარი სულიერ შვილს აიძულებს ქორწინებას მის მიერ რეკომენდირებულ პიროვნებაზე. როგორ უყურებთ მსგავს პრაქტიკას? საერთოდ, რამდენად უფლებამოსილია მოძღვარი, მსგავსი საკითხების გადაჭრაში ჩაერიოს?

მიტროპოლიტი ანტონი: მოძღვარს არანაირი უფლება არა აქვს, რომ ასეთი სახითა და ასეთი ფორმით გადაწყვიტოს ორი ადამიანის მომავალი. საერთოდ, იძულებით ქორწინება, ისევე, როგორც მონაზვნობა სხვისი რჩევით, უგუნურება და ცოდვაა; ეს ცოდვა, რა თქმა უნდა, აწევს იმ მოძღვარს, რომელიც ასეთ აუტანელ ტვირთს ჰკიდებს მას, ვინც მონაზვნობას იღებს, ანდა მათ, ვინც ქორწინდება. ეს დაუშვებელია. მოძღვარმა უნდა მოამზადოს წყვილი, ასწავლოს, თუ რა არის ქორწინებითი სიყვარული, გონიერება, სიწმიდე, სულიერი და ფიზიკური ერთობა; და როდესაც მზად იქნებიან, დააქორწინოს ისინი. გარდა ამისა, ის არ უნდა არჩევდეს სასიძოს ან საცოლეს.

ჩემთვის ცნობილია შემთხვევები, როდესაც მოძღვარმა აიძულა ორი ადამიანი, დაქორწინებულიყვნენ, რაც შემდეგ კატასტროფით დამთავრდა. მოძღვრის საქმეა – ყურადღება მიაქციოს თავის სამწყსოს, ილოცოს მათთვის და დაეხმაროს, რათა გახდნენ ის, რისთვისაც ისინი ღმრთისაგან არიან მოწოდებულნი. ჩემთვის ცნობილია რამდენიმე შემთხვევა, როდესაც მოძღვარმა ანდა ვითომდა „ხუცესმა“ გადაწყვიტეს სიყვარულის ის ჯაჭვი, რომელიც ორ ახალგაზრდას შორის არსებობდა და აიძულეს, სხვაზე დაქორწინებულიყვნენ.

შემდეგ მოხდა კატასტროფა, ისინი სამოქალაქო წესით განქორწინდნენ; და ეს იგივე ვითომდა „ხუცესი“ ცდილობდა მათთვის უკვე სხვა შესაძლო საქმროსა და საცოლის გამოძებნას.

ეს უგუნურება და დანაშაულია; ეკლესია დისციპლინარული სახით უნდა რეაგირებდეს ასეთ უგუნურ დანაშაულზე. ასეთ მოძღვარს უნდა ჩამოერთვას მსგავსი გადაწყვეტილების მიღების უფლება; თუ შესაძლებელია, მას უნდა აეკრძალოს მღვდელმსახურება. ყველა იმ შემთხვევაში, რომელიც მე მინახავს რუსეთში თუ მის გარეთ, როდესაც მსგავსი რამ ხდება, ეკლესია მთელი სიმკაცრით უნდა მოიქცეს.

ერთხელ ამის შესახებ მიპასუხეს, რომ თუ ასე მოვიქცევით და რომელიმე მღვდელმსახურს დავაყენებთ მსახურებიდან, ასეთ შემთხვევაში რამდენიმე ასეული ადამიანი ეკლესიიდან წავა. ისინი ეკლესიიდან კი არა, ცრუ ეკლესიიდან წავლენ, და ეს ყურადსაღებია. საქმე რაოდენობაში კი არაა, არამედ იმაში, რასაც ეს ადამიანები წარმოადგენენ. თუ ისინი მხოლოდ ამ მოძღვრის, ამ ცრუ მოძღვრის სულიერი შვილები არიან, მაშინ ისინი, ფაქტიურად, ეკლესიას არ ეკუთვნიან, ისინი უკვე განეშორნენ მას, კერპთაყვანისმცემლობაში ჩავარდნენ და მისი პიროვნება კულტად აქციეს; და ეს კერპი უნდა დაიმსხვრეს. შენდობას ვითხოვ მკვეთრი გამოთქმებისათვის, მაგრამ მე ამ ყოველივეს ძალიან განვიცდი, რადგან ჩემამდე მხოლოდ ხმები როდი აღწევს, არამედ რუსეთიდან ჩამოსული ადამიანები მომმართავენ ასეთი კითხვებით; როდესაც მე თვითონ რუსეთში ვიმყოფები, ბევრი სწორედ ამის შესახებ მეკითხება. მე არ ძალმიძს მათი გადაწყვეტა, რადგან ჩემი უფლებების სფერო შემოსაზღვრულია, მაგრამ ზოგჯერ გარკვეულ რჩევებს ვაძლევ, როგორც ახლა თქვენ გესაუბრეთ.

- ზოგჯერ მოძღვარს „კვეთებულის“ ლოცვის წაკითხვის უფლება აქვს. ეს დემონთა განსადევნათაა განკუთვნილი. არცთუ იშვიათად ასეთ მოძღვარს აკითხავენ ადამიანები, რომლებიც ფსიქიურად არიან დაავადებულნი და იმედოვნებენ, რომ ეს ლოცვები მათ უშველის. მრავალრიცხოვანი ლიტერატურა იბეჭდება დემონების ძალაუფლების შესახებ. ერთ-ერთ მათგანში ნათქვამია, რომ თუკი ერთხელ დემონი ადამიანში შევიდა, სამუდამოდ დამკვიდრდება მასში და მხოლოდ ამ ლოცვის წაკითხვა უშველის. რა შეიძლება ითქვას ამის შესახებ?

მიტროპოლიტი ანტონი: ჯერ ერთი, მინდა გითხრათ, რომ ყველა სულიერი დაავადება შეპყრობილობით როდია გამოწვეული. ამის დამადასტურებელი ერთი ძალიან მკაფიო მაგალითი ვიცი. პარიზში იყო ერთი ხატმწერი, რომელიც უეცრად ჭკუიდან შეიშალა, სხვადასხვა რაღაც ეჩვენებოდა. ახლობლებს მისი გაღიზიანება არ სურდათ და როდესაც ის კითხულობდა: „ვერ გრძნობთ გოგირდის სუნს?“ – ყნოსავდნენ და ეთანხმებოდნენ მას. ეს კი მხოლოდ ამძაფრებდა მასში იმის შეგრძნებას, რომ ნამდვილად ასეა. შემდეგ მისი მდგომარეობა გაუარესდა. მას ზეთს აცხებდნენ, ხშირად აზიარებდნენ, მაგრამ მაინც არ გამოჯანმრთელდა. მაშინ ექიმი ვიყავი და ფსიქიატრიულ კლინიკაში ვმუშაობდი. ჩემმა მოძღვარმა, მამა ათანასემ მომმართა კითხვით: რა ვუშველოთ მას? ის ან შეპყრობილია, ანდა შეშლილი, როგორ მოვიქცეთ? მე ვუპასუხე: „მოიყვანეთ იგი ჩვენთან კლინიკაში, ელექტროშოკით ვმკურნალობთ.“ მამა ათანასემ მკითხა: „და თუ ის ეშმაკითაა შეპყრობილი?“ მაშინ მე ვუპასუხე (შესაძლოა, უკმეხადაც): „ელექტრულ დენს ეშმაკისათვის ზიანი არ მოაქვს, ადამიანი კი, შეიძლება, გამოჯანმრთელდეს“. ჩვენ იგი საავადმყოფოში დავაწვინეთ, ვუმკურნალეთ და ის გამოჯანმრთელდა. მაგრამ უფრო მნიშვნელოვანი და შესანიშნავი ის არის, რომ მას რაღაც უცნაური და გაუგებარი დაემართა. ის კარგი ხატმწერი იყო, მაგრამ მის ხატებში იყო რაღაც უცნაური და დაძაბული. ერთ-ერთი მისი ხატის წინ რამდენიმე წლის განმავლობაში ვიდექი და ყოველთვის ვგრძნობდი, რომ მასში „რაღაც ისე არ იყო“. ფსიქიატრიული საავადმყოფოდან გამოსვლის შემდეგ მისი ხატები ღრმა, ნათელი, სულ სხვაგვარი გახდა.

მოგვიანებით მე მღვდელ ალექსანდრე ელჩანინოვის „ჩანაწერებში“ წავიკითხე, რომ არსებობენ ისეთი სათუთი და მგრძნობიარე სულები, რომ სამყარო დაანგრევდა მათ; ამიტომ ღმერთი გარკვეული დროით მათსა და ამ სამყაროს შორის შეშლილობის კედელს აღმართავს, რათა ისინი შინაგანად მომწიფდნენ და განმტკიცდნენ ჯერ კიდევ მანამდე, სანამ ამ უხეშ სამყაროს შეხვდებიან. სწორედ ეს დაემართა ჩვენს მეგობარ ხატმწერს.

ამიტომ ასეთ რამეს გეტყვით: ყველაფერი გააკეთეთ ადამიანური მოსაზრებით, წამლებით, მკურნალობით, ფსიქიატრიული საშუალებებით და ილოცეთ. მაგრამ ლოცვის დროს ადამიანს თავზე ნუ დაადგებით, რათა მასში ის შინაგანი დაძაბულობა არ გამოიწვიოთ, რის ატანაც მის ძალებს აღემატება. თუ ის ფსიქიატრიული დაავადებაა, დადგება დრო, როდესაც ის გამოჯანმრთელდება; და თუ ის შეპყრობილია, მაშინ ეკლესიის ლოცვამ შეიძლება იგი გაათავისუფლოს ამისაგან. მაგრამ კვეთებულის ლოცვა აუცილებელი არაა. ზოგჯერ ამან, შეიძლება, უფრო მეტად გაზარდოს მისი შინაგანი გაღიზიანება და დაბნეულობა. თუ იგი დაიწყებს იმის დაჯერებას, რომ იგი შეპყრობილია, შეიძლება, ვერც გათავისუფლდეს ამისაგან.


- მართლმადიდებელ ქრისტიანებს ხელთ აქვთ ბროშურები, რომელიც თითქოსდა აღმსარებელთა დასახმარებლადაა და ცოდვათა ჩამონათვალს შეიცავს. მათში აღნიშნულ ცოდვათა შორის (ისინი კი, შესაძლოა, 2000-მდე იყოს) არის ყოველგვარი გარყვნილება, რომელთა შესახებაც ზოგიერთ მართლმადიდებელ ქრისტიანს არც კი სმენია. რამდენად საჭიროა ასეთი სახის დამხმარე საშუალებები?

მიტროპოლიტი ანტონი: სრულიად გარკვევითა და სრული პასუხისმგებლობით გეტყვით, რომ ასეთი საშუალებები მავნებელია. ისინი უნდა აიკრძალოს; ადამიანებს უნდა შევთავაზოთ რაღაც სხვა, რაც მათ აღსარებისათვის მომზადებაში დაეხმარება.

უპირველეს ყოვლისა, გეტყვით იმას, რომ ვერავინ შეძლებს 2000-მდე ჩამოთვლილი ცოდვის წაკითხვას და მათ შორის საკუთარი მდგომარეობის გარკვევას. რუსეთიდან ჩამოსული ზოგიერთი ადამიანი მოდის ჩემთან აღსარებაზე და ხელთ აქვს ჩამონათვალი, რომლის წაკითხვასაც იწყებს აღსარების დროს. ამ დროს მე მათ ვაჩერებ და ვეკითხები: „თქვენ იცით, რა არის ეს ცოდვა?“ მან არ იცის, მაგრამ რადგან იგი ცოდვათა ჩამონათვალში მოხსენიებულია, ამიტომ ისიც იმეორებს მას. ეს არ არის აღსარება, ეს არა მხოლოდ გაუკუღმართებაა, არამედ შეურაცხყოფაა თვითონ აღსარების მცნებისა, მისი დამცირებაა.

უპირველეს ყოვლისა, ადამიანმა თავისი ცოდვები უნდა შეინანოს; მან თანდათანობით უნდა შეიცნოს საკუთარი სულიერი მდგომარეობა, შეაფასოს თავისი საქციელი და აღიაროს ცოდვები. მაგრამ აბსოლუტურად გაუმართლებელია, ჩამოთვალო ცოდვები, რომელიც ოდესღაც რომელიღაც ბერმა ჩაიწერა და იგი სიაში მოხვდა; ეს სრულიად უაზროა. ეს ადამიანებს არაფერს ასწავლის. ადამიანმა უნდა აღიაროს საკუთარი ცოდვები, ეს კი ისაა, რაც მას გააზრებული აქვს. მოგვიანებით, როდესაც იგი სულიერად გაიზრდება, თავის თავში კიდევ სხვა ცოდვებს აღმოაჩენს და აღიარებს მათ. ამიტომ მე ასეთ რაიმეს გირჩევთ: იმისათვის, რომ ადამიანი საკუთარი სინდისისა და ღვთის, თავისი მეგობრებისა და ნაცნობების სამსჯავროს წინაშე წარსდგეს, მან საკუთარ თავს საკითხი ასე უნდა დაუყენოს: რა არის ჩემში ისეთი, რაც უღირსად მხდის საკუთარი თავის, უფლის (რომლის წინაშეც მე ცოდვებს ვაღიარებ), საზოგადოების (რომელსაც მე ვეკუთვნი), ხალხის (რომლებიც მე თავიანთ მეგობრად მთვლიან) წინაშე? ეს ყოველივე ადამიანმა უნდა გაიაზროს და იცოდეს: აი, ამით მე შევცოდე საკუთარი თავის წინაშე, იმ ადამიანების წინაშე, რომლებსაც ვუყვარვარ, ღვთის წინაშე, რომელმაც საკუთარი სიცოცხლე გაწირა ჩემთვის, ეკლესიის წინაშე, რომელსაც მე ვეკუთვნი და ჩემი ცოდვებით ვამძიმებ. ამ აზრით აღსარება პიროვნული უნდა იყოს, იგი უსათუოდ არასრული, მაგრამ რეალური იქნება. იგი არასრული იქნება იმ აზრით, რომ მეორე ადამიანი, სულიერად უფრო მომწიფებული ანდა უფრო განსწავლული და გამოცდილი, საკუთარ თავში მეტ ცოდვებს უნდა აღიარებდეს.

მეორე, რაც მინდოდა მეთქვა: ხშირად მოძღვრები ურჩევენ, წაიკითხონ სახარება ანდა სამოციქულო, ან, საერთოდ, ძველი აღთქმა და ყველა ის ცოდვით მიდრეკილება აღნიშნონ, რომლის შესახებაც იქაა საუბარი და საკუთარ თავს დაუსვან შეკითხვა: შევცოდე თუ არა ამით? ამის ჩადენის შემთხვევაშიც კი ადამიანები გვერდს უვლიან წმიდა წერილის ყველაზე ნათელ მომენტებს. ჩემი რჩევა კვლავ ასეთი იქნება: როდესაც წმიდა წერილს კითხულობ, ამოინიშნე მაცხოვრის მიერ თქმული ყველა სიტყვა, მოციქულთა მითითება, ის ადგილები ფსალმუნებიდან, რომლებსაც შენ სიხარულით თუ ტკივილთ ეხმიანები. სიხარულით ამ აზრით: ღმერთო რა მშვენიერებაა! აი, როგორი მინდა ვიყო!.. ანდა ტკივილით ამოთქვა: დიახ, მე მესმის, ეს ჩემს სულამდე აღწევს, მაგრამ ვაი, რომ მე ასეთი ვარ… და თუ ავღნიშნავთ ისეთ ადგილებს, რომლის წაკითხვითაც ჩვენი სული მშვენიერებას შეიგრძნობს და ღმერთი თვითონ მიგვითითებს ამის შესახებ, ჩვენს ცოდვილობას გვიჩვენებს, მაშინ ადამიანს შეუძლია, თავისი რეალური ცოდვები აღიაროს. რეალური ცოდვები ისაა, რომლებიც თქვენ საკუთარ თავში სახარებასთან მიმართებაში აღმოაჩინეთ. ეს იმაში გამოიხატება, რომ ეს გონებით მესმის, შევიგრძენი გულით, ამან სულის სიღრმემდე შემძრა, და ასე აღარ მოვიქცევი. ამით არა მხოლოდ ვარღვევ ღვთის მცნებას, არამედ იმის წინააღმდეგაც გამოვდივარ, რაც ჩემში უკვე მომწიფდა, რაც ჭეშმარიტი ცხოვრებითა და ღმერთთან თანამყოფობით შევიგრძენი. სწორედ ამის აღიარებაა საჭირო. ასევეა, როდესაც ჩვენ რაღაც თავზარს გვცემს: ოჰ, აზრად არ მომსვლია, რომ ეს ცოდვაა, მე კი ამაზე ვოცნებობ ან ამას უკვე ვაკეთებ, ახლა კი მესმის, რომ ეს ცოდვაა, ამიტომ ვაღიარებ მას. აი, რით იწყება აღსარება.

ამის შემდგომ უკვე შესაძლებელია, ეკლესიის მამათა ანდა მოძღვართა სწავლებებში კიდევ სხვა მითითებების მოძებნა, მაგრამ აღსარება ჩემი საკუთარი უნდა იყოს. ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ არცერთი აღსარება ამომწურავი არ შეიძლება იყოს. ფიქრი იმის შესახებ, რომ შესაძლებელია, ადამიანმა აღიაროს ყველაფერი, რაც მასშია, ილუზიაა; რამეთუ ადამიანს შეუძლია მხოლოდ ის აღიაროს, რასაც ხედავს, ამ მიმართებით კი ჩვენ ყველანი ნახევრად ბრმები ვართ.

მაშ, რა ვქნათ ამ შემთხვევაში? აღსარება და სულის თანდათანობითი განწმედა ისე უნდა ხდებოდეს, როგორც არქეოლოგიური გათხრები ტარდება. ვიცით, რომ ერთ ადგილას ქალაქი იყო. ადამიანები იწყებენ მიწის პირველი ფენის მოხსნას და ჩვენ რაიმე შენობის სახურავს ვხედავთ. ამ დროს უკვე რაღაც მოჩანს. შემდგომში, როდესაც ჩვენ კიდევ უფრო მეტს გავთხრით, უფრო მეტი გამოჩნდება და მეტს დავინახავთ. ასევეა აღსარებაც. ჩვენ იმით უნდა დავიწყოთ, რაც უკვე კარგად ჩანს, ჩვენი სულის იმ ფენებს უნდა შევეხოთ, რომელიც უკვე შევიმეცნეთ და რომლის მიტანაც ღვთის წინაშე უკვე შეგვიძლია. მას შემდეგ, რაც ეს ფენა უკვე განიწმიდება, უკვე შემდეგი იხსნება; და ასე გრძელდება სულის სიღრმის გამოთავისუფლებამდე. სრულიად უაზროა, ადამიანისაგან ელოდო იმ ცოდვების აღიარებას, რომელთა შესახებაც თავისი სულიერი გამოუცდელობით მას ჯერ კიდევ არა აქვს წარმოდგენა და მხოლოდ იმიტომ უნდა აღიაროს, რომ ისინი სიაშია ჩამოთვლილი. რასაკვირველია, თითოეულ ჩვენთაგანს შეუძლია, თქვას: ეკლესიის მამები ამბობენ, რომ ესა თუ ის საქმე ცოდვაა; მაშასადამე, მე ცოდვილი ვარ, რადგან წარმოდგენაც კი არ მქონდა იმის შესახებ, რომ ეს ცოდვაა… მაგრამ საქმე ამაში როდია. აღსარებაზე ადამიანი ღვთის წინაშე თავისი საკუთარი სიმართლით უნდა წარსდგეს და არა სხვისი. სწორედ ამიტომაა მავნებელი ასეთი სიები და ჩამონათვალი.

ხოლო როდესაც ამ სიებში არის სქესობრივი აღვირახსნილობის ჩამონათვალი და განმარტება, მათი შეთავაზება მრევლისათვის „მოძღვრის“ მხრიდან უკვე დანაშაულია; რამეთუ ჩვენ ყველამ ვიცით, როგორ იბუდებს ჩვენში მოსმენილი თუ დანახული, როგორ იპყრობს თანდათან იგი ჩვენს წარმოდგენას, როგორ ვიწყებთ თანდათან დაინტერესებას ამ აზრით და განსაცდელში ვვარდებით. ამის კეთება დაუშვებელია. ადამიანს უნდა მივცეთ იმის წარმოჩენის საშუალება, რაც საკუთარ თავზე იცის. ეკლესია კი მოძღვრის სახით მას ხორციელი შეცოდებების შესახებ კი არ უნდა ესაუბრებოდეს, არამედ უბიწოებისა და მისი სულის სილამაზის შესახებ, იმაზე, რა ფრთხილად უნდა მოეპყროს საკუთარ თუ სხვა ადამიანის სხეულს, რომ ის სხვა ადამიანი ღვთის ხატებაა და მას ამის შესაბამისად უნდა მოექცე, პატივი უნდა სცე და გაუფრთხილდე. თუ შეძლებ, ადამიანში ამის შეგნება გააღვიძო, მაშინ შესაძლებელია, აღმოცენდეს ჭეშმარიტი უბიწოება, არა შიშით, არა იმით, რომ ადამიანი განუდგება ყოველივეს, რაც მისთვის მიმზიდველია, არამედ იმის სურვილით, რომ სხვა ადამიანში ხატი დაინახო და მოექცე ისე, როგორც სიწმიდეს. საკუთარ სხეულშიც უნდა დაინახო სიწმიდე, რომლის შერყვნაც არ შეიძლება. ეს სიწმიდე განხორციელებული ღვთის – მაცხოვრის ხატებაა. როგორ შეიძლება, მას სხვანაირად მოვექცეთ? ეს ხატი თანდათანობით უნდა განიწმიდოს ყოველგვარი შესაძლო დაზიანებისაგან, მტვრისაგან, რომელიც დროთა განმავლობაში ედება მას. მაგრამ ეს თანდათანობით უნდა გაკეთდეს და მოკრძალებით უნდა მოვეპყროთ საკუთარ თუ სხვის სხეულს.

თანამედროვე მოძღვრები ძალზე ბევრს საუბრობენ ხორციელი ცოდვებისა და მასთან ბრძოლის შესახებ. ეკლესიის ერთმა მამამ შესანიშნავი რამ თქვა ამის შესახებ, როდესაც იგი წერდა, რომ ის, რასაც ჩვენ ხორციელ ცოდვებს ვეძახით, არის ცოდვა, რომელსაც ჩვენი სული ან სამშვინელი ჩვენივე სხეულის წინააღმდეგ ჩადის. სხეული თავისთავად უცოდველია, იგი ჩვენი სულის ცოდვილობის მსხვერპლია. თუ ჩვენ ასე ვიფიქრებთ საკუთარი თუ სხვისი სხეულის შესახებ, შევძლებდით სხეულის მიმართ უბიწო დამოკიდებულება გვქონოდა და განსაცდელისათვის გაგვეძლო არა მხოლოდ სასჯელის შიშით, არამედ იმ მშვენიერებისათვის, რომელსაც ღმერთი ჩვენში ხედავს. მან ხომ შეძლო, ადამიანის ხორცში მოსულიყო, მისი ნამდვილი სხეული, რომელიც თავისთავად არაა ცოდვილი, მაგრამ ჩვენი გულისთქმები და წარმოსახვები მას ცოდვილს ხდის.

- ზოგიერთი მოძღვარი ასკეტურ მოთხოვნებს უყენებს აღმსარებელს, მათ შორის, ბავშვებსაც, და დაჟინებით მოითხოვს მკაცრი მარხვის შენახვას ზიარებამდე რამდენიმე დღის განმავლობაში. მოსკოვის ერთ-ერთ მონასტერში ბავშვთა სახლის აღმზრდელმა საზიარებლად მიიყვანა ობოლი ბავშვების ჯგუფი. მონასტრის წინამძღვარმა იკითხა, იმარხულეს თუ არა მათ სამი დღის განმავლობაში. როდესაც გამოირკვა, რომ არა, მან არცერთი ბავშვი არ აზიარა. ამასთან ერთად მან მათ უთხრა: „გახსოვდეთ, ბავშვებო, ღმერთთან ისე, უბრალოდ, არაფერი ხდება“.

მიტროპოლიტი ანტონი: ვფიქრობ, რომ ის არასწორად მოიქცა. ჩემი აზრით, ღმერთი ამ ბავშვებს სიყვარულით მიიღებდა: მათ ხომ დაარღვიეს საეკლესიო წესი, რომლის შესახებაც წარმოდგენა არ ჰქონდათ. ისინი არ იყვნენ ჩვეულნი მის აღსრულებას, რადგან აღმზრდელს, როგორც ჩანს, სურდა, რომ ისინი ღმერთთან სიხარულით მისულიყვნენ და არა იმ შეგრძნებით, რომ უფალთან მისვლა შესაძლებელია მხოლოდ დაძაბულად, რომ მასთან ისე, უბრალოდ მიახლება შეუძლებელია. წარმოიდგინეთ ასეთი რამ: დედა ღია კარებში ზის თავის ოთახში. მას თეთრი კაბა აცვია, გარეთ კი გაზაფხულია. მისი პატარა ბიჭუნა ბაღში ერთობა. იგი თამაშობს ქვიშაში, ბალახში, მთლად ამოსვრილია. უეცრად მას დედა გაახსენდა, არა გონებით, არამედ გულით და ძალიან მოუნდა, მოხვეოდა, მოფერებოდა, დაეკოცნა, – და იგი მისკენ გაიქცა. როგორ უნდა მოიქცეს ამ დროს დედა? შეაჩეროს იგი და უთხრას: „რას ჩადიხარ? ნუთუ ვერ ხედავ, რომ თეთრი კაბა მაცვია და სულ დამსვრი, თუ მომეკარები? წადი და ჯერ დაიბანე!“ თუ იგი მგრძნობიარე, გონიერი დედაა, დაივიწყებს თავის კაბას და მის სისუფთავეს. იგი გამოეხმაურება ბავშვის ამ ალერსს, დაისვამს მას მუხლებზე, მოეხვევა და მოფერების, კაბისა და სახის დასვრის საშუალებასაც მისცემს, შემდეგ კი კვლავ ეზოში სათამაშოდ გაუშვებს. ვფიქრობ, ასევე გვექცევა ჩვენ ღმერთი. ასე რომ, როდესაც ბავშვი საზიარებლად მოდის, სიხარულით უნდა მოირბინოს: მე ქრისტესთან მივდივარ, რომელსაც დედასავით ვუყვარვარ, რომელსაც სურს, მომეხვიოს, მომეფეროს, რომელიც ნებას მაძლევს (მიუხედავად იმისა, რომ ის ღმერთია), ვიყო მისი შვილი… აი, როგორ უნდა მოვექცეთ ბავშვს, რომელიც საზიარებლად მოდის.

რაც შეეხება ღირსეულობას, შენდობას ვითხოვ, მაგრამ მილიონობით ადამიანი მარხულობს, მძიმე მარხვასაც ინახავს და სხვა წესებსაც იცავს, მაგრამ განა შეიძლება გულწრფელად ითქვას, რომ ისინი ამით უკეთესნი ხდებიან, ანუ ღმერთთან უფრო ახლოს მიდიან? არა, ამის თქმა არ შეიძლება. უმეტეს შემთხვევაში უნდა ითქვას: უმჯობესია, არ იყოს ასეთი ფარისეველი, ასეთი ერთგული აღმსარებელი ყველა დადგენილებისა, მაგრამ არ დაივიწყოს სიყვარული, გულმოწყალება, მიტევება და ყოველგვარი სათნოება, რომელთა შესახებაც ქრისტე საუბრობს.

მახსენდება შემთხვევა წმიდა ფილარეტ მოსკოველის ცხოვრებიდან იმის შესახებ, რომ ერთ სოფელში მემთვრალე მღვდელი იყო, მეორე სოფელში კი ყველა სვამდა და ადგილობრივ მღვდელს ძალიან უჭირდა. ფილარეტმა გადაწყვიტა, მემთვრალე მოძღვარი სასმელის მოყვარულ მრევლში გადაეყვანა, რადგან მათთვის მაინც ვერაფერი ხერხდებაო. ასეც მოიქცა. ახალი მოძღვარი სოფელში ჩავიდა, შეხვდა მრევლს და უთხრა: „მდგომარეობა ასეთია: მეუფე გულნატკენია თქვენზეც და ჩემზეც – ყველანი მემთვრალეები ვართ. მაგრამ, მიუხედავად ამისა, მე, როგორც მოძღვარი, ვალდებული ვარ, შევასრულო ღვთაებრივი ლიტურგია ყოველ კვირას, დღესასწაულებზე, და ყოველ ლიტურგიაზე ვეზიარო. აი, რას გთავაზობთ: მოდით და ყველანი ერთად ვეზიაროთ ხოლმე, თან დავიტიროთ საკუთარი თავი, შევინანოთ ღვთის წინაშე ის, რომ მასთან მიახლების ღირსნი არა ვართ, მაგრამ გვწამს მისი გულმოწყალებისა“. და რა მოხდა? მიტროპოლიტ ფილარეტის ცხოვრებიდან ვიგებთ, რომ გაოცების, მადლიერებისა და სულიწმიდის საიდუმლოს მოქმედებით მათი სულები გაიხსნა ღვთის წინაშე და მთელმა სოფელმა ცვლილება დაიწყო; გარკვეული დროის შემდეგ მემთვრალეობა შეწყდა – მოძღვარიცა და სოფელიც ფხიზელი იყო. აი, ესაა მაგალითი. ისინი არ მარხულობდნენ, არც მცნებებს იცავდნენ მკაცრად, მაგრამ ღმერთთან მივიდნენ, რადგან მხოლოდ მას ერთადერთს უყვარდა ისინი. დარწმუნებული ვარ, რომ თუ ადამიანი საჭიროების გარეშე არღვევს რაიმე წესს, ეს მის წინაშე სააშკარაოზე გამოტანილი უნდა იქნეს. მაგრამ თუ მან მათ შესახებ, უბრალოდ, არ იცის, ანდა არ ჰყოფნის ძალა და რწმენა იმის გასარკვევად, რომ ეს აუცილებელი და საჭიროა, მას ღმერთთან სიახლოვის საშუალება უნდა მისცე და არა წესების შესრულების მოთხოვნები წაუყენო.

ამიტომ ვფიქრობ, რომ მოსკოვში მომხდარ შემთხვევაში ეს მოძღვარი არასწორად მოიქცა. იგი მოვალე იყო, საერთო, ხანმოკლე, მაგრამ დამაფიქრებელი საუბრის, ინდივიდუალური აღსარების შემდეგ ეზიარებინა ყველა ბავშვი, თანაც, საუბარი იმის შესახებ კი არ უნდა ყოფილიყო, რომ ბავშვმა რაიმე წესი დაარღვია, არამედ იესო ქრისტეზე, ღვთის სიყვარულზე…

მე გიამბობთ, როგორ ვიქცევი, როდესაც ბავშვი პირველად მოდის ჩემთან აღსარებაზე. როგორც წესი, მას ხელში უკავია ქაღალდი, რომელზეც დედიკომ ჩამოუწერა მისი საქციელის ჩამონათვალი. იგი კითხვას იწყებს, მე კი ვაჩერებ:

- ვინ შეადგინა ეს სია?

- დედამ.

- ეთანხმები მას?

- დიახ, რადგან დედა ამბობს, რომ ეს ცუდია.

- მოდი, გადავდოთ ეს სია და ვისაუბროთ; იცი რაიმე ქრისტეს შესახებ?

- დიახ, დედამ მიამბო და ხმამაღლაც წამიკითხა სახარება.

- მოგწონს ქრისტე? ისურვებდი მის გაცნობას და მასთან მეგობრობას?

ბავშვი ცოტა ხანს ჩაფიქრდა და შემდეგ მპასუხობს:

- დიახ, ვისურვებდი, რომ ის ჩემი მეგობარი იყოს.

- იცი რა არის მეგობრობა? მეგობრობა ის არის, რომ მისი ერთგული იყო ყველაფერში, ყოველნაირად ეცადო, რომ კი არ გაანაწყენო იგი, არამედ გაახარო. თუ ის შენზე უფროსია, გონიერი და შენზე უკეთესი, უნდა ეცადო, რომ მას მიბაძო. როგორ გგონია, ისურვებდი ასეთი მეგობრობა გქონოდა ქრისტესთან?

- დიახ, ვისურვებდი მასთან მეგობრობას!

- მაშინ დაივიწყე ეს სია და მითხარი: ახლა რომ შენს წინაშე ხილულად იდგეს ქრისტე (უხილავად ის შენს წინაშეა) და გკითხოს: „მითხარი, არის რაიმე ისეთი, რისი თქმაც ჩემთვის გრცხვენია ანდა შეგრცხვებოდა?“

ბავშვი პასუხობს:

- მე ვიცრუე: ესა და ის ჩავიდინე. შემრცხვებოდა, ეს რომ ქრისტეს სცოდნოდა, მაგრამ მან ხომ იცის! რა ვქნა?

- თვითონ უთხარი, არა ისე, რომ ეს მან თვითონ, უშენოდაც იცოდეს, არამედ შენ თვითონ უბრალოდ უთხარი ყველაფერი: ის, რომ კანფეტებს იპარავდი, ცრუობდი, დაუმორჩილებელი იყავი, რადგან გეზარებოდა, ზოგიერთ შენს ამხანაგს დასცინოდი, მეგობრობაში არაერთგულიც იყავი. მაგალითად, როდესაც შენს მეგობარს სხვები აბრაზებდნენ, დასცინოდნენ, შესაძლოა, სცემდნენ კიდეც, შენ ექომაგებოდი მას? იდექი მის გვერდით და ამბობდი: თუკი მას სცემთ, მეც მცემეთ მასთან ერთადო?

- არა.

- აი, ეს შეინანე.

ასე შეიძლება ასწავლო ბავშვს თავისი რეალური ცოდვების სინანული.

ასევეა უფროსებთანაც. უამრავი უფროსი მოდის აღსარებაზე (ისევე, როგორც ბავშვი) ცოდვების ჩამონათვალით, მაგრამ იმიტომ კი არ აღიარებენ მათ, რომ ეს ღმერთთან მათ მეგობრობას არღვევს, ამახინჯებს და შეუძლებელს ხდის, არამედ სხვა მიზეზის გამო. ამ მიმართებაში ასეთი სიები არ შველის. ისინი ადამიანებს ისეთი ცოდვების შესახებ ცოდნას აძლევენ, რომელიც მან არ იცოდა და არც უნდა სცოდნოდა, რადგან არც მის ასაკს შეეფერებოდა, არც სქესს, არც განვითარებას. ადამიანს უნდა ასწავლო საკუთარი თავის შეცნობა, სახარებაში იმ ადგილების მოძებნა, რომლებიც მის გულს ეხმიანება, სურს იმ მითითებების აღსრულება, რომლებიც მისი გონების განათებასა და ნებისყოფის გაძლიერებას ემსახურება. თუ გოგონა ან ბიჭი, ანდა უფროსი ადამიანი ამას არღვევს, იგი ღვთისადმი თავის ერთგულებას ღალატობს იმაში, რისი საფუძველიც მასში უკვე არსებობდა. აი, როგორ უნდა დაიწყოს აღსარების სწავლება. სიები კი არ გვინდა!

რაც შეეხება სქესობრივი ცხოვრების საკითხს, მათზე უხეში შეხება არ შეიძლება. უნდა მოიძებნოს რაიმე საშუალება, რომ ბავშვს (ანდა უფროსს) ავუხსნათ გონიერების შესახებ, იმაზე, როგორ უნდა მოეპყროს საკუთარ თუ სხვის სხეულს, გააცნობიეროს, ეპყრობა თუ არა მას მოკრძალებით? მაგრამ არასოდეს არ უნდა მოხდეს იმ ცოდვების აღწერა, რომლების შესახებაც მან, შესაძლოა, არც იცის; მას არ უნდა მივცეთ იმ ცოდვების სიები, რომელთა შესახებაც მას არც სმენია. მახსოვს ერთი ადგილი (ეს მრავალი წლის წინ მოხდა), რომელსაც მოძღვარმა მისცა ცოდვების სია, ამ ცინიკოსმა, ურწმუნო ადამიანმა კი დაუბრუნა ასეთი სიტყვებით: „როგორი ინტერესით წავიკითხე ეს სია! მე ეს ყველაფერი აზრადაც არ მომსვლია. რა საინტერესო იყო! ვიფიქრებ ამაზე და წარმოსახვით ვითამაშებ ამით!“ ეს გსურთ, როდესაც ადამიანს ცოდვების სიებს აძლევთ? შეგიძლიათ, დარწმუნებით თქვათ, რომ იგი მას სწორედ სინანულის გრძნობით მიიღებს? არა, არ შეგიძლიათ. ამიტომ ფრთხილად იყავით ამასთან.

რაც შეეხება ზიარებაზე დაშვებას თუ დაუშვებლობას მარხვაზე დაყრდნობით, აქ განსხვავება უნდა მოხდეს. არიან ადამიანები, რომლებიც პირველ რიგში უნდა ეზიარონ, რადგან ეს იქნება მათი პირველი ცოცხალი ურთიერთობა ღმერთთან; მათ არ შეუძლიათ, საკვებზე თავშეკავებით მოემზადონ ამისათვის. ეს მათთვის გაუგებარი და უაზროა. რამდენიმე წლის განმავლობაში აღსარებას მაბარებდნენ ადამიანები, რომლებიც მანამდე არასოდეს ყოფილან ეკლესიაში და არც აღსარება უთქვამთ, თუმცა ოდესღაც, ბავშვობაში ისინი ჩუმად მონათლულები იყვნენ. ასეთ ადამიანებს უნდა დაეხმარო, საკუთარ თავში ჩაიხედონ, შეხედონ ღმერთს და ახალი ურთიერთობები დაამყარონ; ისინი უნდა არა იმის საფუძველზე, რომ უკლებლივ ყველა ცოდვის აღიარება შეძლეს და სული მთლიანად გაითავისუფლეს, არამედ იმიტომ, რომ ისინი მიდიან იმასთან, ვისაც შეუძლია, მარადიული სიცოცხლე, რომელიც ეძლევა მათ და ჩვენ. ეს არ ნიშნავს, რომ ადვილად შეგვიძლია, საიდუმლოებებს მივაახლოთ ვინმე, მაგრამ ეს ნიშნავს, რომ ზოგჯერ ადამიანისათვის ზიარება აუცილებელია, რათა ღმერთი შეიცნოს.

ერთ შემთხვევას გიამბობთ. თითქმის 50 წლის წინ ჩემთან მოვიდა ახალგაზრდა ქალი შეკითხვით: „მე მორწმუნე ოჯახს ვეკუთვნი. ოჯახის წევრები მაიძულებენ, რომ ყოველ წელს აღდგომას ვეზიარო. არც ღმერთის მწამს, არც ზიარების, არც ქრისტესი, არც ეკლესიის, არც არაფრის, აღარ შემიძლია ზიარება ასეთ მდგომარეობაში. რა ვქნა?“ მე ვუპასუხე: „საკითხი გადაწყვეტილია, – თუ საზიარებლად მოხვალ, ასეთ მდგომარეობაში მყოფს არ გაზიარებ, მაგრამ მე შენთან ამის შესახებ საუბარი მსურს.“ მთელი მარხვის განმავლობაში იგი ყოველ პარასკევს მოდიოდა ჩემთან, მე კი მას ვუზიარებდი ჩემს მცირეოდენ ცოდნას, რომელიც წლების განმავლობაში დამიგროვდა. როდესაც დიდი ხუთშაბათი დადგა, აღმოჩნდა, რომ მისთვის ვერაფრის მიცემა ვერ შევძელი და მან ჩემთან საუბარში დრო ტყუილად დაკარგა. მე მას ვუთხარი: „ხედავ, ვერაფერი მოგეცი, შენმა ოჯახმაც ვერაფერი დაგანახა. ვილოცოთ უფლის წინაშე იმისათვის, რომ ღმერთმა ეს თვითონ გააკეთოს“. ჩვენ ეკლესიაში წავედით, გარდამოხსნის წინაშე მუხლებზე დავდექით და ღვთის წინაშე ვიკითხე: ღმერთო რა ვუთხრა ამ ქალიშვილს, რათა მას შენსკენ გზა გავუხსნა?.. უეცრად აზრად მომივიდა მისთვის მეკითხა: „აუცილებელია თუ არა შენთვის ღვთის პოვნა?“ მან მიპასუხა: „თუ ღმერთი არ არის, მაშინ არც ცხოვრებას აქვს აზრი, მაშინ აღარც სიცოცხლე მინდა. რა ვქნა?“ მე ვუპასუხე: „არ ვიცი!“ – და უფალს კიდევ ერთხელ ვკითხე: რა ქნას მან და რა ვქნა მე? რა უნდა ვუთხრა?.. გარკვეული დროის შემდეგ პასუხი მოვიფიქრე და ვუპასუხე: „თუ შენ შეასრულებ იმას, რასაც გეტყვი, მაშინ ღვთის სახელით გპირდები, რომ შენ რწმენას იპოვნი. მან თქვა: „დიახ! რა ვქნა?“ მე კვლავ ვუპასუხე: „არ ვიცი, მოდი, ლოცვა განვაგრძოთ.“ და ლოცვა განვაგრძე; ისეთი აზრი მომივიდა, თვითონვე შემეშინდა, მაგრამ თავი ვალდებულად ჩავთვალე, გამემეორებინა, რადგან, როდესაც ღმერთს მივმართე, შეუძლებლად ჩავთვალე, „ამეკრძალა“ მისთვის ჩემი დახმარებით ესარგებლა პასუხის მისაღებად. მე მას ვუთხარი: „აი, შენი პასუხი: ხვალ, დიდ ხუთშაბათს, მე ლიტურგიას აღვასრულებ. შენ ეზიარები, მაგრამ ზიარების წინ ხმამაღლა მეტყვი: ღმერთო მშობლებმა არაფერი მომცეს; შენმა ეკლესიამ მომატყუა და არაფერი მომცა, შენმა მოძღვრებმა ჩემთვის ვერაფრის მოცემა ვერ შეძლეს; და ახლა ვდგავარ შენს წინაშე შეკითხვით; თუ ამ შეკითხვაზე თვითონ არ მიპასუხებ, მე წავალ და შენთან აღარასოდეს დავბრუნდები.“ მან წინააღმდეგობა გამიწია: „თუ ღმერთი არსებობს, მაშინ ეს მკრეხელობაა, ამის თქმა არ შემიძლია.“ მე ვუპასუხე: „არა შენ იტყვი ამას.“ მაშინ ის მოვიდა, თქვა ეს საშინელი სიტყვები და ეზიარა. მე იმავე დღეს საფრანგეთში გავემგზავრე და მისგან ასეთი წარილი მივიღე: „მე ჯერ კიდევ არ ვიცი, არსებობს თუ არა ღმერთი, მაგრამ დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ ის, რაც მე ზიარების დროს მივიღე, პური და ღვინო კი არა, სულ სხვა რამ იყო.“ სწორედ ამით დაიწყო მისი სულიერი გზა.

წესების დაცვა როდი გვაყენებს ღვთის გზაზე, არამედ როდესაც ამ გზაზე უკვე ვდგევართ, მაშინ წესები ყავარჯნის მოვალეობას შეგვისრულებს, რომელიც ღმერთთან მისვლაში, ურთიერთობასა და მასთან თანაცხოვრებაში გვეხმარება.

- რას იტყვით იმ სამრევლოების შესახებ, სადაც მოძღვრის პიროვნების კულტი იქმნება, როდესაც მისი თითოეული სიტყვა (არა მხოლოდ სულიერი ცხოვრების, არამედ პოლიტიკურ თუ სხვა საკითხებთან დაკავშირებითაც) ღვთის ნების გამოცხადებად ითვლება?

მიტროპოლიტი ანტონი: პიროვნების კულტი ერთ-ერთი მავნე მოვლენათაგანია არა მხოლოდ საეკლესიო, არამედ საერთოდ, ადამიანთა (მათ შორის პოლიტიკურ) ცხოვრებაში. პოლიტიკის სფეროში პიროვნების კულტი გამოიხატება დიქტატურასა და იმაში, რომ ვიღაც, რომელიც გარშემომყოფებზე გავლენას ახდენს, მოიპოვებს ძალაუფლებას, რომელზეც არანაირი უფლება არა აქვს თავისი საკუთარი შინაგანი ბუნებით, ანუ სიმწიფით, სიბრძნითა და ცოდნით. პიროვნების კულტი ყოველნაირად უნდა აღმოიფხვრას; და პირველი, ვინც ეს უნდა გააკეთოს, თვითონ ის ადამიანია, რომელიც ამ კულტის მსხვერპლი ხდება, ანუ ის მღვდელი ანდა საერო პირი, რომელსაც ამ არასაჭირო და დაუშვებელ პატივს მიაგებენ.

ამისათვის მღვდელი (მე ვისაუბრებ, პირველ რიგში, რასაკვირველია, მოძღვრების შესახებ) გამუდმებით უნდა აქცევდეს ყურადღებას საკუთარ თავს და ახსენებდეს, რომ იგი არაფერს წარმოადგენს, თუ ღვთის მადლი არ გადმოდის მასზე გამუდმებული წყალობის სახით, იმის შესაბამისად, როგორი მორჩილება და თავმდაბლობა აქვს ღვთის წინაშე, როგორ უარყოფს საკუთარ თავს, თავის სიცოცხლეს სხვას სწირავს და მოყვასს ემსახურება. მახსოვს, მამა სოფრონმა ერთხელ მითხრა, რომ ეკლესია აშენებულია, როგორც პირამიდა, თანაც ისეთი, რომელიც თავდაყირა, წვერით დაბლა დგას. რაც უფრო უახლოვდება ადამიანი ღმერთს, მით მეტად სურს, ემსახუროს სხვებს; სულ უფრო დაბლა და დაბლა უნდა ჩადიოდეს ამ პირამიდაზე; საბოლოო ჯამში კი ამ პირამიდის თავი თვით უფალი იესო ქრისტეა, რომელთანაც განისვენებს ყველა – სამყაროსა და ადამიანთა ცოდვების მთელი სიმძიმე. ამიტომ, თუკი მოძღვარს პიროვნების კულტიდან გათავისუფლება უნდა, იგი, პირველ რიგში, უნდა გამოფხიზლდეს, გონს მოეგოს, მიხვდეს, რომ მას პატივს მიაგებენ ან იმისათვის, რაც მას მიეცა, ანდა იმიტომ, რომ ადამიანები მასში იმას ხედავენ, რაც სინამდვილეში არ არის.

ის, რაც მიეცა, პირველ რიგში, შეიძლება იყოს მისი გარეგნობა. ეს დიდ როლს თამაშობს. ადამიანი პირველ შთაბეჭდილებას თავისი გარეგნობით ახდენს, მღვდელი კი (როგორც ყველა სხვა ადამიანი, მაგრამ მღვდელი განსაკუთრებით) უნდა დაფიქრდეს იმაზე, რომ თავისი გარეგნობით, იმით, თუ როგორ წარმოუდგენს იგი ადამიანებს თავს, არ იყოს საცდური, ანუ მისი გარეგნობა მისი პატივმოყვარეობის, სიამაყის, სულიერი უვიცობის, ბუნებრივი სისულელის გამოხატულება არ იყოს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. მაშასადამე, პირველ რიგში, მოძღვარი ყურადღებას უნდა აქცევდეს იმას, რომ თავისი გარეგნობით გარშემომყოფებს არ განაცვიფრებდეს; იყოს ის, რაც არის, მაგრამ ფრთხილად უნდა იქცეოდეს.

მეორე – გონებრივი თვისებები. გონიერება შესაძლებელია, ბრძნულადაც წარმოაჩინო და კადნიერადაც. ბრძნულად მთელი ცოდნის წარმოჩენა შესაძლებელია, რომელიც ადამიანმა თავისი ხანმოკლე (და მით უმეტეს, ხანგრძლივი) ცხოვრების მანძილზე შეიძინა, როდესაც ეს ვინმეს ესაჭიროება. მაგრამ, როგორც XVII საუკუნის ერთმა ფრანგმა მწერალმა თქვა, შენი ცოდნა და სიბრძნე ისე უნდა შეინახო, როგორც ჯიბის საათი: მას მხოლოდ მაშინ ვიღებთ, როდესაც დროის შეტყობა გვჭირდება და არა იმისათვის, რათა ყველამ იცოდეს, რომ ჯიბის საათი გვაქვს… ეს ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია, რომ ადამიანი არ ამჟღავნებდეს არავითარ განსაკუთრებულ განსწავლულობას და სიბრძნეს, როდესაც ეს არავის ესაჭიროება და როდესაც იგი მხოლოდ მისი საკუთარი, შესაძლოა, სრულებით არარსებული თვისებებისა და ღირსებების დემონსტრირებაა.

ადამიანი, შესაძლოა, თავისი ცოდნით ამაყობდეს, ანუ იმ განათლებით, რომელიც მან მიიღო. აქ უნდა ახსოვდეს, რომ მთელი ეს ცოდნა მას როდი ეკუთვნის, ეს მისთვის საჩუქარი იყო ღვთისაგან, ისევე, როგორც გონება, რომლის საშუალებითაც მან ამ ცოდნის ათვისება შეძლო. ეს საჩუქარია ეკლესიის მხრიდანაც, სამოქალაქო საზოგადოების, ოჯახის, მეგობრების, ძველი თუ თანამედროვე ლიტერატურის მხრიდან და ა.შ.; ეს ყველაფერი მას როდი ეკუთვნის. თუ ეს თვისებები მისი საკუთრებაა, თუ იგი ფლობს ამ თვისებებს, ანუ გონებას, განათლებას, ამასთან ერთად, სხვათა შორის, ისიც უნდა ისწავლოს, რომ მადლიერების გრძნობა გააჩნდეს, ოღონდ ამის დემონსტრირებას არ უნდა ახდენდეს.

გარდა ამისა, იგი უნდა მოერიდოს თავმომწონეობის საცდურს და თავისი ხარისხით არ უნდა ისარგებლოს იმისათვის, რომ რაღაც პატივისცემა მოიპოვოს და საზოგადოებაში გარკვეული ადგილი დაიკავოს: მე არქიმანდრიტი ვარ, მე ეპისკოპოსი ვარ, მღვდელი ვარ, დიაკვანი ვარ, ეს თუ ის ვარ. ეს არაფერს ნიშნავს. ღვთის წინაშე, რომელიც ადამიანთა სულებს ხედავს, ეს წოდებები, შესაძლოა, მხოლოდ ცარიელი სიტყვები კი არ იყოს, არამედ მისი სამსჯავროს საგანიც კი, რამეთუ თუკი ადამიანი ამ წოდებების ხმაურს წაიმძღვარებს წინ, შესაძლოა, უფალმა უთხრას: დიახ, შენ ხარისხი გაქვს, ღირსება კი – არა; შენ არ შეეფერები იმ წოდებებს, რომლებითაც თავმომწონეობ, და რაც მეტია შენი წოდება, მით მეტად განისჯები ღვთის წინაშე… ეს ძალიან მნიშვნელოვანი აზრებია მღვდლისათვის, დიაკვნისა და ნებისმიერი ადამიანისათვის, რომელსაც ღვთისაგან ბოძებული ამა თუ იმ თვისებისათვის აქებენ.

ჩვენ მუდამ უნდა გვახსოვდეს ის, რაც ნეტარებათა დასაწყისშია ნათქვამი: ნეტარ არიან გლახაკნი სულითა, რამეთუ მათი არს სასუფეველი ცათა… რას ნიშნავს გლახაკნი სულითა? სულით გლახაკი არის ადამიანი, რომელიც სულის სიღრმეში ან თუნდაც მისი მცირე ნაწილით გრძნობს, რომ მასში არაფერია იმის გარდა, რაც ღმერთმა მისცა, რომ ყოველივე კარგი, რაც, შესაძლოა, მასში იყოს, ღვთის წყალობაა და ამით თავმომწონეობა არ შეეფერება.

მახსენდება ერთი მშვენიერი გარეგნობის ოციოდე წლის გოგონა. იგი მოვიდა ჩემთან, დაჯდა და სახის საშინელი გამომეტყველებით მეუბნება:

- მე ვერ ვცხონდები, ვიღუპები პატივმოყვარეობისაგან!

- როგორ ცდილობ ამის გამოსწორებას?

- არ ვიცი, რა უნდა გავაკეთო ამისათვის, ვებრძვი, მაგრამ პატივმოყვარეობა იმარჯვებს.

რაში გამოიხატება შენი პატივმოყვარეობა?

- ყოველთვის, როდესაც საკუთარ თავს სარკეში ანდა შუშაში ვხედავ, ვფიქრობ: რა ლამაზი ვარ!

მე გამეღიმა და ვუთხარი:

- მაგრამ ეს ხომ მართლაც ასეა!

მან შეშინებულმა შემომხედა და წამოიძახა:

- რა ვქნა? მაშასადამე, დავიღუპე!

- არა, არ დაიღუპები. შენ უნდა შეძლო, პატივმოყვარეობის ნაცვლად მადლიერების გრძნობა გქონდეს. მორჩილებამდე არც შენ და არც მე ჯერ არ მიგვიღწევია, ჩვენ არც კი ვიცით, რა არის მორჩილება, ეს წმიდანებს ახასიათებთ. მადლიერება კი ის თვისებაა, რომელიც თითოეულ ჩვენთაგანს შეუძლია მოიპოვოს ნებისმიერ დროს.

- როგორ შეიძლება მისი მოპოვება? – მეკითხება ის.

- აი, რა უნდა ქნა: დღეში სამჯერ სარკის წინ დადექი და გადაჩხრიკე შენი სახის თითოეული ნაკვთი, რომელიც მოგწონს: შუბლი, წარბები, ტუჩები, თვალები, ცხვირი, ლოყები, და საერთოდ, ყველაფერი, რასაც საკუთარ თავში კარგს ხედავ. როდესაც ამას დაასრულებ, თქვი: გმადლობ, ღმერთო, რომ ეს ყველაფერი მიწყალობე, რამეთუ ეს ჩემში მე არ შემიქმნია. და კიდევ დაუმატე: მომიტევე, უფალო, რომ შენგან ნაწყალობევ სილამაზეზე ასეთი საძაგელი გამომეტყველება მაქვს.“

ვფიქრობ, რომ ეს სულიერ თვისებებსაც მიესადაგება. „სულით გლახაკნი“ ისინი არიან, რომლებიც აცნობიერებენ, რომ ყოველივე უფლისაგან ებოძათ, და იმის ნაცვლად, რომ ცრუ მორჩილებისათვის უარყონ და უარი თქვან ამაზე, ღებულობენ, მას და მადლობენ უფალს იმისათვის, რომ ეს ყოველივე უბოძათ.

შემდეგ? შემდეგ კი მათ შეუძლიათ, ეს წყალობა სხვების სასარგებლოდ გამოიყენონ. თუ მათ მჭევრმეტყველების უნარი, გონება, განათლება, მგრძნობიარე ბუნება აქვთ (დაუსრულებლად შეიძლება იმ თვისებების ჩამოთვლა, რომლებიც მოძღვრისათვის სასარგებლოა), ჰმადლობდნენ უფალს ამისათვის! და ამ მადლიერების ნიშნად მორჩილება მოიპოვონ, რადგან ადამიანი გრძნობს, რომ ყოველივე, რაც ღვთისაგან აქვს, მისი კუთვნილება კი არაა, არამედ ღვთის საჩუქარია; და თუ საჩუქარია, უნდა უხაროდეს, მაგრამ არ უნდა ამაყობდეს ამით. მოძღვრის პიროვნების კულტის საკითხი თვითონ მისგან იწყება. იგი ვალდებულია (ისევე როგორც თითოეული ჩვენთაგანი), მთელი ცხოვრების მანძილზე (და არა სიცოცხლის რაღაც გარკვეულ მომენტში) ჰმადლობდეს ღმერთს იმისათვის, რაც მას უბოძა და საკუთარ თავს არაფერი მიაწეროს.

წმიდა მაკარი დიდის ცხოვრება მოგვითხრობს იმის შესახებ, თუ როგორ დაინახა მისი სიკვდილის შემდეგ მისმა ერთმა მოწაფემ ზეცად ამაღლებული წმიდანის სული; ამ გზაზე საზვერეებში მას ეშმაკები სხვადასხვა ცოდვებში გამოსცდიდნენ, ის კი თითოეულ საზვერეს უცოდველად გადიოდა. როდესაც წმიდა მაკარიმ სასუფევლის კარს მიაღწია, ეშმაკებმა განიზრახეს, იგი უკანასკნელ საზვერეში მაინც ეცდუნებინათ. ამიტომ ტაში დაუკრეს მას და შესძახეს: „მაკარი შენ გვაჯობე!“ მაკარი დიდი შემობრუნდა, თითი დაუქნია მათ და უთხრა: „ჯერ კიდევ არა“, – ამ სიტყვებით იგი სასუფეველში შევიდა.

ვფიქრობ, თითოეულ სტუდენტს, ერისკაცს, მოძღვარს თუ დიაკვანს უნდა ვასწავლოთ ეს: ყველაფერი, რაც მას გააჩნია, მთელი ეს სიმდიდრე ღვთის საჩუქარია; როდესაც ადამიანები მას აქებენ, შინაგანად კი არა, ღვთის მადლობითა და გულის შემუსვრილებით მიიღოს იგი, რამეთუ ადამიანი მართლაც რომ ბოლომდე ღვთის მორჩილი იყოს, მას წვრილმანების გამო არ შეაქებდნენ.

მახსენდება წმინდა ტიხონ ზადონელის წერილი ერთი ახალგაზრდა მღვდლისადმი, რომელიც შესჩიოდა, რომ მას აქებდნენ და რამდენიც არ უნდა ემტკიცებინა, რომ ეს უადგილო იყო, ისინი კიდევ უფრო მეტად ასხამდნენ ხოტბას, მან კი არ იცოდა როგორ მოქცეულიყო. ტიხონ ზადონელმა მიუგო: პირველ რიგში, ნუ ეტყვი შენთან მომსვლელებს იმის შესახებ, რომ ცდებიან და შენ მათ ქაბას არ იმსახურებ, რადგან ისინი შენს სხვა არსებულ თვისებებს კიდევ არარსებულ თავმდაბლობასაც მიაწერენ; არამედ მოუსმინე მათ, დაიმახსოვრე, რა თვისებებს ხედავენ შენში და შეეცადე, გამოიმუშაო ისინი, რათა ისეთი გახდე, როგორადაც გხედავენ ამ სიტყვის საუკეთესო გაგებით. აქ აღზრდაა საჭირო, ეს კი ოჯახში, საზოგადოებაში, ეკლესიაში, სემინარიაში, აკადემიაში უნდა დაიწყოს; ეს მუდამ უნდა ხდებოდეს, რათა ადამიანმა ერთმანეთში არ აურიოს ის, რაც მას მიეცა, იმასთან, რაც ბუნებით მისი კუთვნილებაა ანდა ღვთის საჩუქარია. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. თუ ადამიანი ისწავლის, რომ საკუთარი თავით არ ამაყობდეს, მაშინ, შესაძლოა, პიროვნების კულტი მის გარშემო გრძელდებოდეს, ისევე, როგორც ტალღები კლდეს ეხეთქებიან, მაგრამ ის ამისაგან არ იშლება.

გარდა ამისა, მან უნდა შეძლოს, ადამიანები გააფრთხილოს იმის შესახებ, რომ იგი ყოვლისმცოდნე არაა და რომ ზოგჯერ აქვს მოსაზრება, ზოგჯერ ცოდნა, მაგრამ ისიც შეიძლება მოხდეს, რომ მან რაიმე არ იცოდეს ანდა რაიმე საკითხზე პასუხი ვერ გასცეს. სულიერ საკითხებში ისეთი მომენტებიც არსებობს, როდესაც მოძღვარი ღვთის წყალობითა და მოძღვრობის მადლით სრულიად ნათლად ხედავს, რომ ადამიანს მის გასაჭირზე ან შეკითხვაზე უნდა უპასუხო. ზოგჯერ იგი ამას ისე ნათლად ვერ ხედავს, რომ შეეძლოს წმიდანთა ცხოვრებიდან ან ბიბლიიდან მოუთხროს შესაბამისი მაგალითი; ზოგჯერ კი უნდა შეეძლოს, უთხრას: „არ ვიცი!“ ჩვენზე დიდ ადამიანებს ამის გამბედაობა ჰქონდათ. მახსენდება ორი შემთხვევა წმიდა ამბროსი ოპტელის ცხოვრებიდან: როდესაც ადამიანები მას რაიმეს ეკითხებოდნენ, იგი მათ სთხოვდა, ცოტა ხანს მონასტერში დარჩენილიყვნენ, სანამ ილოცებდა და ღვთისაგან ამის პასუხს გამოითხოვდა. ორივე შემთხვევაში ორი-სამი დღის შემდეგ ეს ადამიანები მასთან მოდიოდნენ და ეუბნებოდნენ: „მამაო, სახლში გვეჩქარება, შენ კი ჩვენს შეკითხვებზე პასუხს არ გვაძლევ…“ ორივეჯერ წმიდა ამბროსი პასუხობდა: „აი, უკვე რამდენიმე დღეა, დედა ღვთისმშობელს ვეკითხები, რა გიპასუხო, ის კი დუმს. რა შემიძლია, გითხრა მე?“ ეს სულიერი ცხოვრების გამოვლინებაცაა და მართლაც წმიდა უხუცესის სიბრძნისაც.

თუ საქმე ეხება უკვე არა სულიერ ცხოვრებას, არამედ პოლიტიკურსა და საზოგადოებრივ საკითხებს, მაშინ მოძღვარი ვალდებულია, უთხრას: მე აქ პოლიტიკური ანდა საერო საკითხების გადასაწყვეტად როდი ვარ დადგენილი, არამედ სახარების საქადაგებლად… ეს, რასაკვირველია, აყენებს საკითხს იმის შესახებ, რომ თუ მას საკუთარი მოსაზრებები აქვს, მაშინ შეიძლება, ის სხვაზე უსიტყვოდაც ახდენს გავლენას, თანაც ისე, რომ არც ცდილობდეს ამის გაკეთებას. ამას ვერაფერს მოუხერხებ. თუ ადამიანები ხედავენ, რომ ის ამა თუ იმ გზას მიჰყვება, მაშინ, რასაკვირველია, მათ შეუძლიათ თქვან: თუკი ასეთი შესანიშნავი ადამიანი ასე ფიქრობს, მეც ასე უნდა ვიფიქრო… მაგრამ ამ შემთხვევაში ადამიანს უნდა შეეძლოს თქვას: არა, მე ასე ვფიქრობ, ასე ვგრძნობ, რადგან ასე ვარ აღზრდილი, რადგან ასეთ თაობას მივეკუთვნები, – მრავალი სამართლიანი რამ შეუძლია თქვას ასეთ შემთხვევაში; თქვენ კი საკუთარ სიმართლეს ეძიებდეთ, ანუ იმ სიმართლეს, რომელიც პირადად თქვენ უფალს დაგანახვებთ.

არსებობს ისეთი სფეროები, რომლებშიც აუცილებელი არაა, ამა თუ იმ მოსაზრებას იზიარებდეთ. ბოროტებისაგან გარიდებას, რა თქმა უნდა, ყველა უნდა ცდილობდეს, მაგრამ თუ საუბარია პოლიტიკის, სამოქალაქო ცხოვრების შესახებ, ამ შემთხვევაში აქ მრავალი ნიუანსია; ამიტომ საჭიროა, რომ თითოეული ადამიანი საკუთარი სინდისის წინაშე მართალი იყოს და მის შესაბამისად იქცეოდეს, მკაცრად უნდა ადევნებდეს თვალყურს საკუთარ თავს, ისე უნდა იქცეოდეს, რომ რომ შეეძლოს ქრისტეს წინაშე წარდგომა და თქმა: მე იმ ადამიანებს ასე ვუთხარი შენი სახელით, მაგრამ მხოლოდ იმით როდი ვსარგებლობდი, რომ ჩემში ქრისტიანისა და მოძღვარს ხედავენ, არამედ იმიტომ, რომ ის, რაც ვთქვი, შენი სახარებიდან, შენი სიტყვიდან იღებს სათავეს.

მისდამი თაყვანისცემას მოძღვარი ყოველთვის უნდა გაურბოდეს, რათა ადამიანები იმას არ ხედავდნენ, რაც სინამდვილეში მასში არ არის. საჭიროა, რომ მღვდლები მეტს საუბრობენ იმის შესახებ, რომ მათი სიწმიდე საიდუმლოებების აღსრულებით „შემოიფარგლება“, (თუკი შესაძლოა, რომ ასეთი არასრულყოფილი სიტყვით გამოიხატოს იგი), და მასაც თვითონ კი არ ასრულებენ, არამედ თვით ღმერთი, ქრისტე და სულიწმიდაა საიდუმლოს აღმასრულებელი, როგორც ეს გარკვევით წერია ლიტურგიაში! ამიტომ სრულიად დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ ლიტურგიის დროს ჩემს მიერ წარმოთქმული სიტყვები ღვთაებრივი ძალის მქონეა, რამეთუ მე მხოლოდ წარმოვთქვამ მათ, ძალა კი ღვთისგან აქვს, მე ვიმეორებ სიტყვებს, რომელიც თვითონ ქრისტემ გადმოგვცა. სხვა სფეროში სრულიად გულწრფელად შემიძლია აზრის გამოთქმა, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ ეს ღვთის ნებაა ანდა ღვთაებრივი შეხედულებაა ამა თუ იმ საგნის შესახებ.

- როგორ გესმით მორჩილება, როდესაც საუბარია მოძღვრისა და სულიერი შვილის ურთიერთდამოკიდებულებაზე არა სამონასტრო და არა სამრევლო პრაქტიკაში?

მიტროპოლიტი ანტონი: ვისურვებდი, რომ ადამიანებს გამუდმებით შეახსენებდნენ იმის შესახებ, რომ მორჩილება მოძღვრის ბრძანების მონურად შესრულებაში როდი გამოიხატება, მაშინაც კი, როცა იგი რჩევის სახით გეძლევა. მორჩილების აზრი ისაა, რომ ადამიანს ასწავლოს, გამოეთიშოს საკუთარ აზრებსა და საგნების მიმართ დამოკიდებულებებს და მიიღოს ის, რასაც სხვა ადამიანი ეუბნება. ასე იწყება მორჩილება და იგი მხოლოდ საეკლესიო პრაქტიკას როდი ეხება, არამედ ადამიანთა შორის ყოველგვარ ურთიერთდამოკიდებულებას.

როდესაც ადამიანი გვესაუბრება, ჩვენ მას უმეტესწილად თითქმის არ ვუსმენთ, რადგან სანამ ის საუბრობს, ჩვენ მისი სიტყვების პასუხს ვამზადებთ. აი, სწორედ აქ იწყება საკუთარი თავის ხელახლა აღზრდა. როდესაც ადამიანი გელაპარაკება, უნდა შეწყვიტო საკუთარ აზრებზე ფიქრი და მის სიტყვებს უნდა მოუსმინო, თანაც ისე, რომ გაიგო, როგორ წარმოთქვამს იგი მათ, რათა დაიჭირო ამ სიტყვების აზრი და არა მხოლოდ ბგერები. როდესაც ამ სიტყვებს შეიმეცნებ და მიიღებ, როგორც სხვა ადამიანის გამოცდილებას ანდა ძიებას, მხოლოდ მაშინ შეიძლება საკუთარი გონების, გულისა და გამოცდილებისათვის ყურისგდება და მასზე გამოხმაურება. მაგრამ როდესაც ადამიანი გესაუბრება, მხოლოდ მას უნდა მოუსმინო, ჩვენ კი უმეტესწილად ამის გაკეთება არ შეგვიძლია. როგორც მოგახსენეთ, სანამ ადამიანი საუბრობს, ჩვენ უკვე მისთვის პასუხს ვამზადებთ, ამიტომ არ გვესმის მისი არა მხოლოდ სიტყვები, არამედ ძირითადი აზრიც; რამეთუ ძალიან ხშირად სიტყვები საკმარისი არაა, ისინი მხოლოდ ნაწილობრივ გადმოსცემს იმას, რისი თქმაც ადამიანს სურს. ამიტომ საჭიროა, მას მოვუსმინოთ.

მოგეხსენებათ, როგორ ხდება ხოლმე სიმღერის დროს, სიტყვები შესაძლოა, უბრალო იყოს, მელოდია კი – ძალიან მიმზიდველი. სწორედ ასე უნდა ვისწავლოთ ნებისმიერი სხვა ადამიანის მოსმენა და არა მხოლოდ მოძღვრისა, სწორედ ისე, როგორც სიმღერას ვუსმენთ. სიტყვები ჭეშმარიტებას გამოხატავენ, სწორედ იმას, რასაც უნდა გამოხატავდნენ, მაგრამ ისინი ტალღასავით მიაქვს მელოდიას. თუ შენ მელოდია არ გესმის და მხოლოდ სიტყვებს უსმენ, მაშინ ვერ მიიღებ იმას, რაც მასშია ჩადებული. ერთ გერმანულ ლექსში დაახლოებით ასეთი რამ არის ნათქვამი: მითხარი, რა არის ჩადებული პატარა სიმღერაში, რომ მისი ასე შეყვარება შეგიძლია? – მასში ჩადებულია მცირე ხმოვანება, მცირე ჰარმონია და მთელი სული… თარგმანი არაზუსტია, არასაკმარისი, მაგრამ სწორედ ასე უნდა ვეპყრობოდეთ თითოეულ ადამიანს, რომელიც გვესაუბრება.

ხოლო როცა მოძღვარი გვესაუბრება, მის სიტყვებს უნდა ვუსმინოთ და ან მისი ნათქვამის სიღრმეს უნდა ჩავწვდეთ, ანდა მისი სულიერი გამოცდილების სიღრმის ნაკლებობას. ისეც ხდება, რომ მოძღვარი რაიმე ძალიან მარტივს იტყვის, რომელიც შენს სულამდე მიაღწევს და აღაგზნებს მას. ისიც შესაძლებელია, რომ მოძღვარი გონივრულად საუბრობდეს, იმეორებდეს იმას, რაც მას უთხრეს.

მახსენდება ერთი შემთხვევა: როდესაც ახალგაზრდობაში ბავშვების ხელმძღვანელი ვიყავი, პროფესორმა ლ. ა. ზანდერმა მოაგროვა სკოლის მასწავლებლები და ბავშვები და ისინი პარიზის ერთი ცნობილი მოქადაგის საჩვენებელ გაკვეთილზე მიიწვია, ადამიანის, რომელიც ატყვევებდა ყველა მოზრდილს, ვინც კი მას მოუსმენდა. ამ მქადაგებელმა, რომელსაც ბავშვებთან მუშაობის გამოცდილება არ ჰქონდა, აჩვენა სამაგალითო გაკვეთილი, რომელმაც უფროსი ასაკის ყველა ადამიანი აღაფრთოვანა. ეს გონივრული იყო, დახვეწილი, ღრმა და ჭეშმარიტი. როდესაც გაკვეთილი დასრულდა, ზანდერმა დაიჭირა შვიდიოდე წლის ბიჭი და ჰკითხა: „აბა, რას ფიქრობ ამ გაკვეთილზე?“ ბიჭუნამ კი მას საშინელი სიტყვები უთხრა: „ძალიან თავშესაქცევი იყო! სამწუხარო მხოლოდ ისაა, რომ მღვდელს თვითონ არ სჯერა ის, რასაც ამბობს“. ეს სიმართლე არ იყო, მაგრამ სიტყვები ისეთი დახვეწილი იყო, თემა იმდენად გონივრულად და დამაკმაყოფილებლად იყო შერჩეული, რომ ბავშვი ამ ადამიანის სულს ვერ ჩაწვდა. მას მოეჩვენა, რომ ეს ცარიელი სიტყვები იყო, ბრჭყვიალა სპილენძი. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს გვახსოვდეს, როდესაც ადამიანს ვესაუბრებით ანდა მას ვუსმენთ.

მეორე მხრივ, ზოგჯერ ადამიანი რაიმე ძალიან უბრალოს ამბობს და ეს სიტყვები ჩვენი სულის ისეთ სიღრმეს აღწევს, რომ შესაძლოა, სწორედ ამით დაიწყოს ჩვენი ურთიერთობა ღმერთთან ანდა ჩვენი ცხოვრების შეცვლა. მახსენდება ერთი შემთხვევა: როდესაც მოზარდი ვიყავი, დიდ ხუთშაბათს ახალგაზრდების ჯგუფი გარდამოხსნის წინ შესანიშნავ, მაგრამ ერთი შეხედვით არაფრით გამორჩეულ მოძღვართან, მამა გრიგორი შუმენსკისთან ერთად ვლოცულობდით. იგი საოცარი შინაგანი უბრალოების მქონე ადამიანი იყო, თავის გამოჩენა არ უყვარდა. მოძღვარი დიდხანს იდგა გარდამოხსნასთან, შემდეგ ჩვენსკენ მობრუნდა და დავინახეთ, რომ სახე ცრემლებისაგან სველი ჰქონდა; მან გვითხრა: „დღეს ქრისტე თითოეული ჩვენთაგანისათვის ევნო; ვიტიროთ იმაზე, რომ ჩვენ ვართ მისი სიკვდილის მიზეზი…“ მან მუხლი მოიყარა, ყველანი ავტირდით. მისმა სიტყვებმა ჩვენი სულის სიღრმემდე მიაღწია. მასში არაფერი იყო დაფარული, ეს იყო ჭეშმარიტება, რომელიც სიტყვებიდან კი არ შევიცანით, არამედ იქიდან, თუ როგორ იყო ის ნათქვამი, ამ მოძღვრის სახიდან, მისი ცრემლებიდან, იქიდან, რომ მან სხვა სიტყვები ვერ მონახა გარდამოხსნასთან.

ამ ყველაფერს მორჩილების გამო ვამბობ, რადგან მორჩილება, პირველ რიგში, რწმენას ნიშნავს. უნდა ვისწავლოთ, რომ როდესაც ვინმე საუბრობს, განსაკუთრებით ჩვენი სულიერი მოძღვარი, უნდა მოვუსმინოთ და მისი სიტყვებიდან, ხმის ბგერებიდან, მთელი მისი პიროვნებიდან მივიღოთ ის სულიერი გამოცდილება, საიდანაც ეს სიტყვები იბადებიან. თუ ისინი მისი სულიერი გამოცდილებიდან არ მომდინარეობს, ჩვენს სულს ვერ შეძრავს, თუნდაც სრული ჭეშმარიტება იყოს. თუ მაინც სულისშემძვრელად იმოქმედებს ისინი ჩვენზე, ეს იმის მიუხედავად მოხდება, რომ ამ მოძღვარმა ვერ შეძლო ჩვენთვის ამის გადმოცემა.

ბევრი წმიდანის ცხოვრება და სულიერი ლიტერატურის გარკვეული რაოდენობა წამიკითხავს. ჩემთვის თავზარდამცემია, რომ ხუცესი, სულიერი მოძღვარი, იღუმენი, წინამძღვარი თუ მეუდაბნოე თავისი გამოცდილების სიღრმიდან რაიმეს ეუბნება ადამიანს, რომელმაც მას შეკითხვა დაუსვა ან სულაც არაფერი უკითხავს, მაგრამ მან შეხედა და იგრძნო – მისთვის ამის თქმა საჭიროა. ზოგჯერ ეს მხოლოდ სიტყვები როდია, რომელიც რაიმეზე მიგვანიშნებს, არამედ მითითებაც: „ასე მოიქეცი“. ეს უნდა გააკეთო, რამეთუ თუ ასე არ მოიქცევი, არამედ მხოლოდ იფიქრებ და ინერვიულებ, ადგილიდან ვერასოდეს დაიძვრები. თვით სამონასტრო მორჩილებაც კი იმაში მდგომარეობს, რომ მოძღვარი აირჩიო, ისეთი, რომელიც შენს სულს ეხმიანება, რომელსაც შეუძლია მთელი გულით უყვარდე, რომლის, როგორც ადამიანის, მიღებასაც შეძლებ და რომელიც შენ ღვთისაგან მოგეცა.

გავკადნიერდები და ჩემი ცხოვრების ერთ მაგალითს მოგითხრობთ. როდესაც 17 წლის ვიყავი, პარიზის ერთადერთ რუსულ ტაძარში წავედი, რომელიც იმ დროს მოსკოვის საპატრიარქოს ერთგული დარჩა. წირვაზე იმდენად დამაგვიანდა, რომ ღვთისმსახურება დამთავრებული დამხვდა. იგი სარდაფში ტარდებოდა; კარებში შევჩერდი და დავინახე, რომ ხის კიბეზე ბერი ამოდიოდა. შევხედე და მასში ისეთი დიდი შინაგანი გულისხმიერება და სიმშვიდე დავინახე, რომ მასთან მივედი და ვუთხარი: „არ ვიცი, ვინ ხართ, მაგრამ გთხოვთ, ჩემი სულიერი მოძღვარი გახდეთ“. მე ეს არასოდეს მინანია. მას ჩემთვის მორჩილება არ დაუვალებია; იგი ძალიან ღრმა სულიერი ცხოვრებით ცხოვრობდა, ჩემს შეკითხვებს აღსარებაზე მოკლედ, უბრალოდ, ნათლად და მარტივად პასუხობდა; მაგრამ ყოველთვის ისეთი შთაბეჭდილება მრჩებოდა, რომ იგი დიდ ხომალდს ჰგავდა, რომელიც ზღვაზე მიდის, მე კი პატარა ნავი ვარ, რომელიც გრძელი თოკითაა მასზე მიბმული. ის ძალიან ღრმად შევიდა ზღვაში, მე კი ჯერ კიდევ ვერ მიუახლოვდი იმ ადგილს, რომელიც მან უკვე გაიარა, მაგრამ ის მიმათრევს. სწორედ ეს იყო მოჩილება, რადგან ის ბრძანებებს არ მაძლევდა, უბრალოის, თავისი ცხოვრების, სულისა და ლოცვის თანაზიარს მხდიდა.

მისი გარდაცვალების წინ კი თითქოს ღმერთმა გვიჩვენა, თუ ვინ იყო იგი. ავადმყოფობის ჟამს მან ასეთი სახის მოკლე წერილი მომწერა: „მე შევიცანი ჭვრეტითი ლოცვის საიდუმლოება, ახლა შემიძლია, მოვკვდე“. მესამე დღეს იგი გარდაიცვალა. მისთვის მორჩილება მხოილოდ ბრძანებების შესრულებაში როდი გამოიხატებოდა, არამედ მის წინაშე გახსნილი სულის სიღრმისეულ წვდომაში.

როდესაც საუბარია მოძღვრის დამოკიდებულებაზე სულიერ შვილებთან, უმეტესწილად, მას შეუძლია, მათ მისცეს კონკრეტული რჩევები იმასთან დაკავშირებით, როგორ ილოცონ, როგორ მიაღწიონ სულიერ სიფხიზლეს, სულისა და ხორცის განწმედას და ა.შ. საჭიროა ამ კონკრეტული რჩევების შესრულება. მაგრამ თვითონ მოძღვარი ძალიან ფრთხილად უნდა იყოს იმაში, რასაც ურჩევს, იმიტომ, რომ ზოგჯერ მოძღვარმა არ იცის ამ ადამიანის ცხოვრება. ამიტომ, შესაძლოა, ისეთი რჩევა მისცეს, რომლის შესრულებაც შეუძლებელია. მახსენდება ერთი ადამიანი, რომელიც ჩვენამდე მოვიდა და მკითხა: „რა ვქნა? უნივერსიტეტში ლიტერატურას ვასწავლი; აღსარებაზე ვიყავი, მოძღვარმა კი მითხრა, ამიერიდან საერო ლიტერეტურა აღარ წაიკითხოო. როგორ მოვიქე?“ ამაზე მე ვუპასუხე, რომ მოძღვარს გავესაუბრებოდი, რომელმაც შემდგომში შეცვალა თავისი გადაწყვეტილება, რადგან ეს უგუნურება იყო. მრავალი ასეთი მაგალითის მოყვანა შეიძლება, როდესაც მოძღვარი თეორიულად საუბრობს და არა საკუთარი გამოცდილებიდან, სულიერი ჭეშმარიტებიდან.

მოძღვრის ურთიერთობა სულიერ შვილთან ორმხრივი მაშინაა, როდესაც მოძღვარი ღრმად იხედება მის სულში, მიაყურადებს მას, ცდილობს გაუგოს და არასოდეს არაფერს ეუბნება ისეთს, რაც გაუაზრებელი და შესაძლოა საცდურიც იყოს.

თარგმნა ხათუნა რაქვიაშვილმა

თბილისი, 2003 წ.


სტატიის წყარო: www.orthodoxy.ge