ღმერთი

ღმერთი

пятница, 28 июня 2013 г.

აბრაკადაბრა შელოცვებში.

აბრაკადაბრა შელოცვებში.


აბრაკადაბრა (ლათ. აბრაცადაბრა) – უაზრო სიტყვა ან სიტყვათა ჯგუფი, რომელსაც მაგიური დანიშნულება აქვს. მორწმუნე ადამიანები აბრაკადაბრას აწერდნენ ამულეტზე და ყელზე იკიდებდნენ ავადმყოფობის, ავი თვალის ან რაიმე უბედურების თავიდან ასაცილებლად. აბრაკადაბრა უხვადაა შელოცვის ტექსტებში, გათვლებში, რეფრენების სახით გვხვდება ხალხურ ბალადებსა და სხვადასხვა სახის ლექსსიმღერებში.
აბრაკადაბრას გარეშე შელოცვის ტექსტი წარმოუდგენელია, ხოლო ის ტექსტები, რომლებიც გამჭვრივალე შინაარსის მქონეა და სადაც ყველა სიტყვა გარკვეულია, ძლიერ ანუ “გამჭრელ” შელოცვებად არ ჩაითვლება. შელოცვას აუცილებლად უნდა ახლდეს ბუნდოვანება და იდუმალება.
ქართულ ფოლკლორისტიკაში აბრაკადაბრა ნაკლებადაა შესწავლილი. მკვლევარი ჯონდო ბარდაველიძე წერს: “შელოცვებში” კოლორიტულად გამოიყურება სიტყვები და ფრაზები, ზოგჯერ კი უშუალო ბგერათა კომპლექსები, რომლებიც გარკვეულ რიტმულ წყობას ქმნიან:

ჰერე,ბერე, სერესერე
ავთელო, კავთელო,
ქრისტევ, შენ ხარ წამალ ცოფისა! გველო, ესტატო, მესტატო,
მისტი ოსტი საქორგულო,
გაჩერდი და ხმას არ გაგცემ.

ასეთი ალოგიკური სიტყვები და ფრაზები გამოიყენებოდა შელოცვის მაგიური ზემოქმედების მოსახდენად. ზოგ შემთხვევაში ისინი ჩვეულებრივი ბგერათა კომპლექსებია, მაგრამ ისიც საფიქრებელია, რომ ისინი წარმოადგენდნენ დიდი ხნის წინათ დავიწყებულ ქართულ თუ ქართველთა წინაპარ ტომთა წარმართულ კერპთა სახელებს. ასეთი ალოგიკური სიტყვაფრაზები დამახასიათებელია ხალხური ლექსსიმღერებისთვისაც, სადაც ისინი რეფრენებად მისამღერად იქცნენ და ზოგიერთი მათგანის ანალიზმა მკვლევარები სწორედ ამ დასკვნამდე მიიყვანა” (ბარდაველიძე: 3537).
ჯონდო ბარდაველიძეს მიაჩნია, რომ შელოცვის ტექსტთა ფორმულები თავიდან გასაგები იყო: “პროფესიონალი შემლოცველები ... ცდილობდნენ დაეცვათ წინანდელი სიტყვიერი ფორმულები, მაგრამ დროთა განმავლობაში ეს ფორმულები, ენის ცვალებადობის გამო, გაუგებარნი ხდებოდნენ როგორც თვით შემსრულებლებისთვის, ასევე, ცხადია, მთელი ხალხისათვის” (ბარდაველიძე: 22).
წარმოშობის მიხედვით აბრაკადაბრებს ორ ჯგუფად ყოფს ილია გაგულაშვილი. იგი წერს: “თავად აბრაკადაბრები განვითარების სხვადასხვა გზების შედეგს წარმოადგენს. პირველ რიგს უნდა მივაკუთვნოთ ის ტექსტები, რომლებიც ადრევე, უძველეს ხანაშივე ატარებდნენ აბრაკადაბრების სახეს, ხოლო მეორე რიგში შევა ის ტექსტები, რომლებიც თავდაპირველად საკმაოდ გასაგებ სიტყვათა კომპლექსს მოიცავდნენ (ამ ჯგუფში შევა უცხო ენიდან შემოსული სიტყვების, გამოთქმების, ტექსტების ერთი ნაწილი), მაგრამ დროთა განმავლობაში სხვადასხვა მიზეზის გამო ზეპირ მიმოქცევაში დაკარგეს მნიშვნელობა, ტრანსფორმაციის პროცესი განიცადეს და დღეს გაუგებარ სიტყვათა ფრაზების რიგში დგანან” (გაგულაშვილი: 140141).
აღნიშნულ თვალსაზრისს არ იზიარებს ზურაბ კიკნაძე. იგი უარყოფს აბრაკადაბრების ტრანსფორმაციას და აღნიშნავს: “ბუნდოვანება შელოცვის კონსტიტუციური ელემენტია. წარმოშობისთანავე ის ასეთი იყო. არ არის მართებული, თითქოს შელოცვების თავის დროზე გასაგები ტექსტი დროთა ვითარებაში გაბუნდოვანდა. რით შეიძლება აიხსნას შელოცვათა ბუნებითი ბუნდოვანება? მას შეიძლება მოეძებნოს ახსნა მაგიაში. რამდენადაც მაგიის ობიექტი ირაციონალური, არაადამიანური ძალებია (რომლებიც ადამიანს ვერ ცნობენ და ადამიანც ვერ ცნობს მათ), მათთან სასაუბრო ენაც ირაციონალური, გაუგებარი უნდა იყოს. რაც უფრო ბუნდოვანი და, ადამიანის თვალსაზრისით, გაუგებარია სიტყვა თუ ტექსტი, იმდენად ქმედითია იგი. ყველაზე ძლიერი შელოცვები აბრაკადაბრული შინაარსის ტექსტებია. მათი აღმნიშვნელი საგანგებო ტერმინებიც კი არსებობს: ბერძნულად ბარბარა ონომატა “ბარბაროსული (გაუგებარი) სახელები” (კიკნაძე: 219).
ქართველთა წარმართობის შესახებ მდიდარი წერილობითი ძეგლები არ შემონახულა. ამიტომ ძნელია დავადგინოთ, გაუგებარ სიტყვაში რომელი წარმართული კერპი იგულისხმება, ხოლო რაც შეეხება უცხო ენებიდან შემოსულ სიტყვებს, ისინი ცალცალკე რაღაც მნიშვნელობას ინარჩუნებენ ახლაც, მაგრამ მათი ერთად თავმოყრა მთლად უაზრობას ქმნის. ისინი ლოგიკური კავშირით არ არიან გადაბმულნი ერთმანეთზე და ამიტომ ქმნიან ბუნდოვანებას, რაც მაგიურ ზემოქმედებას ახდენს როგორც შელოცვის ობიექტზე, ასევე სხვა მსმენელზეც.
შელოცვების საიდუმლო ხასიათი გრიგოლ რობაქიძესაც შეუნიშნავს. “გველის პერანგში” გვხვდება ასეთი პასაჟი: ჰამადანში არის ქვის ლომის გამოსახულება, სადაც განსაკუთრებულად ხშირად მიდიან ავადმყოფნი. “დიდი შუადღის ჟამს, როცა საგნები თავის ლანდებს ჰკარგავენ, ქვის ლომთან მიდის სნეული: უნაყოფო თუ ათაშანგით დადაღული. უნაყოფო იღებს ფალოსს გახურებულ ქვასთან და თხოვს წითურ ლომს თესლებს. ათაშანგიანი შეახებს ფალოსს მზით გახურებულ ქვას და ელის პირგამეხილ ნადირისგან კურნებას. ცხელ ქვიშაზე თითქოს პეშვებით ესხმიან შელოცვანი: კაცმა არ იცის, რა ენაზე” (რობაქიძე: 78).
მაშასადამე, შელოცვის ენა საიდუმლო უნდა იყოს. იდუმალებას კი აბრაკადაბრა ინახავს.
შელოცვის ტექსტში აბრაკადაბრას ერთი მყარი ადგილი არა აქვს მიჩენილი. იგი მოძრაობს გარემოების შესაბამისად. ილია გაგულაშვილის დაკვირვებით აბრაკადაბრები გვხვდება: ა) შელოცვის დასაწყისში; ბ) შელოცვის შიგნით; გ) შელოცვის დასასრულს; დ) შელოცვა მხოლოდ გაუგებარ სიტყვათა კომბინაციაზეა აგებული. ოთხივე სახის მაგალითები მკვლევარს მოცემული აქვს საკუთარ მონოგრაფიაში, მაგრამ არაა გამოკვლეული, თუ რა ფუნქცია აქვს დასაწყისში, ტექსტის შუაგულში ან დასასრულს გამოყენებულ ბუნდოვან სიტყვებს. აგრეთვე, არაა გარკვეული, თუ რატომ არის მთლიანი ტექსტი მხოლოდ აბრაკადაბრა (ამას თავისებური ახსნა მოეძებნება და შევეცდებით დასასრულს შემოგთავაზოთ).
მივყვეთ შელოცვის ტექსტებს და დავაკვირდეთ, რატომ იწყება ზოგიერთი ნიმუში პირდაპირ გაუგებარი სიტყვებით.
“თვალის შელოცვა”.
ა) “ანეისა, მანეისა,
შინ და გარეთ ღამეისა,
უნცროსისა და უმფროსისა,
გლეხისა და აზნაურისა” (მოსულიშვილი: 118119).
ბ) “ალისასა, მალისასა,
შაგილოცავ თვალისასა.
პირველ ავი თვალისასა,
კოჭმაღლისას, კოჭდაბლისას” (ქხპ 1992:166).

სრულიად.


Комментариев нет:

Отправить комментарий