
1927 წლიდან ეწეოდა სამეცნიერო მუშაობას ინგლისში, სადაც გაეცნო ბრიტანეთის მუზეუმსა და ოქსფორდის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკებში დაცულ ეკლესიის მამათა თხზულებების უძველეს ხელნაწერებს. 1927 წლის ივლისში იგი დაინიშნა ბონის უნივერსიტეტის პრივატ-დოცენტის თანამდებობაზე, სადაც დაევალა ლექციების კითხვა ძველ ქართულ და სომხურ ლიტერატურაზე. ლექციებს კითხულობდა 1932 წლამდე. ამავე წელს იგი მიიწვიეს ოქსფორდის ქართული ეკლესიის ისტორიის საკითხებზე ლექციების წასაკითხად. 1931 წელს ბერად აღიკვეცა, მღვდელ-მონოზვნის ხარისხიც მიიღო და პარიზის ქართულ ეკლესიაში დაინიშნა მოძღვრად.
1932 წლიდან მის ცხოვრებაში ახალი პერიოდი დაიწყო - აირჩიეს მართლმადიდებლური სასულიერო სკოლის პროფესორად ვარშავაში.
მამა გრიგოლი ცხოვრების ძნელ წუთებში ხშირად იმეორებდა წმიდა იოანე ოქროპირის სიტყვებს: „გმადლობ, უფალო, ყველაფრისათვის“.
გრიგოლ ფერაძის უდიდესი ცოდნა შერწყმული იყო მის ღრმა რწმენასთან. მისი ლექციები ეკლესიის მამების შემოქმედებითი სულით იყო განმსჭვალული. მამა გრიგოლი ხშირად კითხულობდა მოხსენებებს სამეცნიერო კონფერენციებსა და ევროპის სხვადასხვა სამეცნიერო ცენტრებში. მთელ თავის სახსრებს იგი ახმარდა სირია-პალესტინაში, საბერძნეთში, ბულგარეშთი, ავსტრიაში, რუმინეთში, იტალიასა და ინგლისში ქართული საეკლესიო ხელნაწერებისა და ქართული ეკლესიის ისტორიისათვის ცნობების მოძიებას. მისი შრომითა და ღვაწლით ბევრი ქართული ხელნაწერი იქნა აღმოჩენილი. ორი თვისება - შრომისმოყვარეობა და თავმდაბლობა - ახასიათებდა მამა გრიგოლ ფერაძეს მთელი ცხოვრების მანძილზე.
ქართულმა საზოგადოებამ, იშვიათი გამონაკლისის გარდა, თითქმის არაფერი იცოდა მისი ნაშრომებისა და მოღვაწეობის შესახებ. არ იცოდა, რომ ექვთიმე თაყაიშვილის მიერ გატანილი საქართველოს ეკლესიის განძეულობა, როდესაც მას შენახვის ვადა გაუვიდა, ფაშისტების კონფისკაციას გრიგოლ ფერაძის წყალობით გადაურჩა. მან, როგორც ექსპერტმა, სიკვდილის საფრთხის მიუხედავად, დასკვნაში აღნიშნა, რომ იგი არავითარ მატერიალურ ფასეულობას არ წარმოადგენდა და მხოლოდ ეროვნული ღირებულება ჰქონდა. ქართულმა საზოგადოებამ არ იცოდა არც ის, რომ წმიდა ნინოს სახელობის ქართული ეკლესია პარიზში და სამრველო ჟურნალი, „ჯვარი ვაზისა“, მამა გრიგოლის დაარსებულია.
1942 წლის მაისში გრიგოლ ფერაძე ვარშავაში გესტაპომ დააპატიმრა. მის ბინაზე ჩატარდა ჩხრეკა, რის შედეგადაც გაქრა ის ძვირფასი ძველი ხელნაწერები, რომლებზეც იგი მუშაობდა; დაიკარგა, ასევე, ძვირფასი საეკლესიო ნივთები, რომელთაც იგი თავისი მოგზაურობის დროს საქართველოში დასაბრუნებლად იძენდა.
დაპატიმრების უშუალო მიზეზი გახდა ის, რომ მამა გრიგოლი ეხმარებოდა და იფარებდა ფაშისტებისგან დევნილ ებრაელებს თუ სხვა ეროვნების პიროვნებებს. გრიგოლ ფერაძე ჩასვეს პავიაკის ციხეში (ვარშავაში). საანკეტო ჩანაწერებიდან ირკვევა, რომ თავდაპირველად იგი მოხვდა VII განყოფილებაში, რომლის საკნები სარდაფში იყო მოთავსებული. იქ მან დაახლოებით 14 დღე დაჰყო. შემდეგ გადაიყვანეს პირველ სართულზე მოთავსებულ V, ე.წ. სატრანსპორტო განყოფილებაში, N 117 საკანში. 1942 წლის ოქტომბერში გადაიყვანეს ოსვენციმის საკონცენტრაციო ბანაკში. ოფიციალური გერმანული ცნობების თანახმად, გრიგოლ ფერაძე აღესრულა 1942 წლის 6 დეკემბერს, 16 საათსა და 45 წუთზე. ეს არის ოსვენციმის ბანაკის ადმინისტრაციის მიერ 1942 წლის 30 დეკემბერს გაცემული ცნობა, ხოლო ოსვენციმში პოლონეთის იმდროინდელი მთავრობის წარმომადგენლის ჩანაწერებში, რომელიც 1942 წლის დეკემბრის ამბებს შეეხება, აღნიშნულია: „ბანაკი ოსვენციმი. აქ გარდაიცვალა რამდენიმე კვირის წინ მოყვანილი გრიგოლ ფერაძე, პროფესორი, თეოლოგი, მართლმადიდებელი, ქართველი, გამოჩენილი მეცნიერი“.
საკონცენტრაციო ბანაკის პატიმრებმა კი, გათავისუფლების შემდეგ, 1945 წელს, ვარშავის საპატიმროში გრიგოლ ფერაძის მოწამეობრივი აღსასრულის ამბავი მიიტანეს: როგორც ირკვევა, არქიმანდრიტმა თავს იდო სხვისი დანაშაული, რის გამოც იგი გაზის კამერაში მოაკვდინეს.
Комментариев нет:
Отправить комментарий