ღმერთი

ღმერთი

пятница, 28 июня 2013 г.

მულტფილმი – საშიში ზონა!

ალექსანდრე ბაგატირევი.

მულტფილმი – საშიში ზონა!

ბავშვი აგრესიის, შიშის, განცხადებული ანტიესთეტიზმის სიახლოვეს ყალბ და ძალიან საშიშ ინფორმაციას იღებს „სამყაროს მოწყობის“ შესახებ.


ბოლო ათწლეულში სოციალურ-პოლიტიკური სისტემის შეცვლასთან ერთად რუსეთში ერთი ცვლილება მოხდა, რასაც უფროსებმა სათანადო ყურადღება არ მიაქციეს. ძირეულად შეიცვალა ბავშვის სამყარო. თანამედროვე ბავშვების მშობლები, ბაბუები და ბებიები იმ დროს დაიბადნენ, როცა ბავშვთა სამყარო, არსებითად, ისეთივე იყო, როგორიც ასი, ორასი და ათასი წლის წინ. ბავშვები უყვარდათ ღარიბ ოჯახებშიც და მდიდარ ოჯახებშიც, მათ საუკეთესოს სთავაზობდნენ, კეთილშობილურ ზღაპრებს უყვებოდნენ, არიდებდნენ დიდების სამყაროს სირთულეებსა და პრობლემებს.

ეს სამყარო კი ბავშვებს საუცხოო, გამოუცნობი ეჩვენებოდათ. სურდათ, რაც შეიძლება მალე მოხვედრილიყვნენ იქ.

„აი, რომ გავიზრდები...“ - ამ სიტყვებით იწყებდა ოცნებას მომავალ ცხოვრებაზე ყოველი ბიჭუნა და ყოველი გოგონა. ცხოვრებაზე, რომელიც არ შეიძლებოდა ყოფილიყო სხვაგვარი, თუ არა საუცხოო...

დიდმა ხომ ყველაფერი იცოდა და ყველაფერი შეეძლო. მილიციელი კეთილი და ძალიან მაღალი იყო. მას ყველა სახელით იცნობდა. ეს ძია სტიოპა იყო. ის გადასასვლელზეც გადაგიყვანდა, სახლამდეც მიგაცილებდა, თუ გზა აგებნეოდა. და, ღმერთმა ნუ ქნას, თუ სახლში ხანძარი გაჩნდებოდა, ცეცხლიდანაც გამოგიყვანდა...

უფროსები სამსახურში დადიოდნენ. და ყველამ იცოდა, რომ ყოველი საქმე მნიშვნელოვანი, საჭირო და საპატიო იყო. „ყველანარი მამა საჭიროა“ - სამხედროც, მლესავიც, მეხანძრეც, ინჟინერიცა და მეცნიერიც...

კვირაობით ბავშვები კინოში დაჰყავდათ. ამ სამყაროში ზღაპრების გმირები და ბავშვები ერთმანეთს ბავშვური სიკეთეების ქმნაში ეჯიბრებოდნენ: ვინ დაეხმარებოდა მარტოხელა მოხუცს, კლასის შემარცხვენელ ოროსანს, ვინ დააშოშმინებდა ჩხუბისთავს...

დადებითი გმირები გულუბრყვილონი და მოსიყვარულენი იყვნენ, მათი ნაკლი კი სრულიად უსაფრთხო. ჰულიგნობა ახირებული ანომალია იყო, რომელსაც კარგი კომპანია კურნავდა. ჰულიგნის გარდაქმნა დიდ შრომას არ მოითხოვდა. ამ საბრალოს ხომ ჰულიგნობა ეფექტური და მომგებიანი რამ ეგონა. საჭირო იყო მხოლოდ ამ აზრის სიმცდარეში დაგერწმუნებინა. ყველაზე უკეთ ამას ლამაზი ხუთოსანი ახერხებდა. ზიზღნარევი უყურადღებობის რამოდენიმე გაკვეთილი და ჰულიგანი თვალსა და ხელს შუა იქცეოდა საუკეთესო მათემატიკოსად კლასში, საუკეთესო სპორტსმენად მთელს ქალაქში.

მაგრამ სიკეთის მწვერვალს წარმოადგენდა „მულტფილმი“. ამ ხორცშესხმული სილამაზის სამყაროში გრძელყურა და ფუმფულა კუდიანი ციყვები, მხიარული ყურცხვიტები, შრომისმოყვარე ჭიანჭველები, ბრძენი ირმები, ძლიერი და კეთილი დათვები ყოველთვის მზად იყვნენ სუსტებს დახმარებოდნენ.

ამ ზღაპრულ სამყაროში ბოროტი მგლები და მელიები ყოველთვის შერცხვენილნი და დასჯილნი რჩებოდნენ. მოსიყვარულე და მხიარული საძმოს ფონზე ისინი საწყალ და ახირებულ არსებებად მოჩანდნენ.

დადებითი პერსონაჟების ხმა საყვარელი დებისა და ძმების ხმებს ჰგავდა, ნახატი მოხუცები კი კეთილი და სათაყვანო ბებიებისა და ბაბუების ტკბილი ხმით ლაპარაკობდნენ.

თავშიც არავის მოსდიოდა, რომ ყაჩაღ, რუხ მგელს მართლა შეეძლო მხდალი და ტრაბახა ბაჭიას შეჭმა. ერთადერთი პერსონაჟი, რომელიც თავდაჯერებულობისა და ურჩობისათვის დაისაჯა, კოკორი იყო. მაგრამ ისიც მელამ ეშმაკობით შეჭამა, დელიკატურად, „დანაწევრებისა“ და ძალადობის გარეშე.

წარმოუდგენელი იყო, მულტფილმი არ ყოფილიყო კეთილი. საშიში პერსონაჟების ბოროტება, მაგ., თოვლის დედოფლისა და ბოროტი დედინაცვალ-ჯადოქრისა „მძინარე მზეთუნახავის“ ზღაპრიდან, არ აღემატებოდა პროგრამა "Слабое звено"-ს წამყვანის ბოროტებას. ბაბა-იაგა და უკვდავი კაშჩეი კი უგუნურები, სასაცილოები, უსუსურები და სრულიად უსაფრთხონი იყვნენ. ისინი აუციელბლად მარცხდებოდნენ სიმამაცესთან, გულადობასთან და ნამდვილ სიყვრულთან შეხვედრისას.

მაშინ დრამატურგები ვერც კი გაბედავდნენ ემტკიცებინათ, რომ „ბავშვმა უნდა იცოდეს ცხოვრებისეული სინამდვილე“. ცხოვრება კი, ოჰ, რა შორს იყო კინოს იდეალური სამყაროდან. დიდმა ბიძებმა ლამის ნახევარი ქვეყანა დააობლეს, ბავშვებს კი მაინც იცავდნენ „ცხოვრებისეული სინამდვილისაგან“ და ყველაზე საშიშ წლებში...

მაშინ, როცა საბავშვო ფილმებში მრავალ იდეოლოგიურ სცენასა და მორალიზატორობას რთავდნენ, ავტორებმა მაინც იცოდნენ, ვისთვის მუშაობდნენ.

ყველაფერი ბავშვების სიყვარულითა და მზრუნველობით სუნთქავდა. ფილმები ბეჯით პიონერებზე გულუბრყვილო, სულელური, მაგრამ სიკეთით სავსე იყო. ზღაპარ-მულტფილმების სამყარო კი – შესანიშნავი რამ, სავსე იდუმალი და ჯადოსნური პერსონაჟებით. და თუ ამ სამყაროში ბავშვებს რამე შეაშინებდათ, ახლოს იყვნენ უფროსები, რომელთაც ნებისმიერი წუთს შეეძლოთ მათი დაცვა ნებისმიერი განსაცდელისა და ბოროტებისაგან.

შემთხვევითი როდი იყო, რომ „თეთრი ემიგრანტები“ (განსხვავებით კომისრების შვილებისაგან, რომლებიც ახალი სამშობლოსათვის ნოტების, თეთრეულისა და სხვა ისეთი ნივთების გამოგზავნას ითხოვდნენ, რომლებიც მომგებიანად გაიყიდებოდა) საკუთარი შვილებისა და შვილიშვილებისათვის საბჭოთა მულტფილმებს ითხოვდნენ.

და უცებ, ერთ საათში, ბიძებმა და დეიდებმა, თავდაყირა დააყენეს და შებღალეს ეს ჯადოსნური სამყარო. მასში შეიჭრნენ ვამპირები, დემონები, ყველა სახის ბოროტმოქმედნი. საყვარელი არსებებიდან ცხოველები ურჩხულებად იქცნენ, ერთმანეთის ხოცვა და ჭამა დაიწყეს. ისინი ქუჩის ჰულიგნების უხეში ხმებით ალაპარაკდნენ, წყალწაღებული ვიგინდარების ჩვევები და მანერები შეითვისეს.
 სხვადასხვა არხებზე ერთდროულად საათობით გაჰყვირიან საშინელი მონსტრები: „მოგკლავ!“  

- არა, მე თვითონ მოგკლავ! – პასუხობენ ისეთივე მონსტრები, ოღონდ რომლებიც, ავტორთა ჩანაფიქრით, დადებით გმირებად უნდა აღიქმებოდნენ.

ფანჯრის მიღმა კი, ეზოში, მსგავსი შეძახილებით ერთმანეთს დასდევენ ბიჭუნები.

და ეს მუქარები ცარიელი არ აღმოჩნდა...

ყოველთვიურად იზრდება თანატოლების მიერ მოკლული ბავშვების რიცხვი, უმიზეზოდ მოკლული ბავშვებისა, მხოლოდ სეირისათვის. ასე გრძელდება, როგორც გასაოცარი სერიალი, როგორც შეუწყვეტელი კომპიუტერული თამაში, სადაც ყველა უნდა დახოცო რიგ-რიგობით. წადი და ესროლე. რაც მეტს მოკლავ, მით მეტი ქულა დაგეწერება. აი, უკვე სამ ბავშვს უსწრებ. გმირი ხარ! სხვებს ჯობიხარ. ახლა წადი და მეზობლის ბიჭებთან გაიმეორე ის, რასაც კომპიუტერში აკეთებდი...

ბევრ მშობელს კი აზრადაც არ მოსდის, რომ შვიდ წლამდე ასაკის ბავშვებისათვის ვირტუალური და რეალური სამყაროები აბსოლუტურად ერთი და იგივეა... მათ უბრალოდ არ შეუძლიათ ერთმანეთისაგან განასხვავონ ტელევიზოში ნანახი და ეკრანს გარეთ არსებული. მაგრამ ეკრანზე ყველაფერი უფრო საინტერესო და დინამიურია, ვიდრე ცხოვრებაში. ბოროტების სამყარო საშიშია, მაგრამ მიმჯაჭველი. ბავშვები, რომელთაც სიკეთისა და ბოროტების გარჩევა არ უსწავლიათ, ეკრანული გმირების მიბაძვას იწყებენ.

ცხრა წლის გოგონას ეკითხებიან, რატომ ჩაარტყა მუცელში დანა გვერდით მჯდომს. ის კი მხრებს იჩეჩს და აბობს, რომ ფილმში უფრო საინტერესოდ აკეთებდნენ.

- მამა, მინდა, რომ ვინმე მოვკლა! – უჩურჩულებს მამას ექვსი წლის ბიჭუნა. მამა ფსიქიატრთან გარბის და უყვება, როგორ უყიდა თავის ორი წლის შვილს კომპიუტერი და როგორ ატარებდა ბავშვი ყოველ დღე მასზე თამაშში რამოდენიმე საათს. აბა, რა ექნა? ყველა დაკავებული იყო.

მეექვსე წელს კი ბიჭუნას ავტორბოლებიც კი აღარ აინტერესებდა. მხოლოდ ელექტრონულ კუბზე აჭერდა და აჭერდა ხელს.

მამას ეშინია. არც მას, არც დედას არ ძალუძთ, მოსწყვიტონ იგი კომპიუტერს. ვინც დამიშლის, იმუქრება შვილი, მოვკლავ. და ამ დროს თვალები, ოჰ, ისეთი არაბავშვური აქვს...

დედ-მამამ მოსვენება დაკარგა, ეშინიათ, რომ შვილი მუქარას აღასრულებს. მათ უკვე წაიკითხეს, რომ სამარაში გოგონამ მძინარე მამას თვალები დათხარა მხოლოდ იმისთვის, რომ „ჯიბის მონსტრების“ ყურება აუკრძალეს.

შვიდი წლის ასაკის ბავშვებზე დაკვირვებამ გვიჩვენა, რომ თუ ბავშვი შვიდ წლამდე დღეში ერთ საათს კომპიუტერზე თამაშში ატარებს, ისვრის და კლავს, მის ქვეცნობიერებაში იბეჭდება დომინანტა, რისგან განთავისუფლებაც, პრაქტიკულად, შეუძლებელია. კომპიუტერული თამაშის მსგავს სიტუაციაში მოხვედრისას ასეთი ბავშვი აუცილებლად ჩაიდენს მკვლელობას.

საქმე კიდევ იმაშია, რომ შეიძლება კომპიუტერულ სამყაროში მოხვედრილი ბავშვი იქიდან ვეღარასოდეს გამოვიდეს. აღმკვეთი ზომები მრისხანებას და საშინელ აგრესიას იწვევს. და თუ ასეთ დროს მშობლები მას მკაცრად დასჯიან, რაზეც ბავშვი ადექვატურ რეაგირებას ვერ შეძლებს, ის შეიძლება თვითმკვლელობამდე მივიდეს.

თვითმკვლელობა ბავშვებში სრულიად ახალი მოვლენაა. ხუთი წლის წინ თავზარი დაგვცა მოზარდთა თვითმკვლელობამ. ახლა კი ცხოვრებას ტოვებენ ბავშვები. ამ მოვლენას ვერ ავხსნით ეკონომიკური ფაქტორით. ღარიბი მშობლების შვილები თავებს ყულფში არ ყოფენ. ქუჩის მოხეტიალეები სიცოცხლისთვის იბრძვიან და მალე გაზრდაზე ოცნებობენ, რომ ძლიერები გახდნენ. ბრძოლას ძალა სჭირდება.

ეს ტრაგედიები უზრუნველყოფილ და ძალიან მდიდარ ოჯახებში ხდება, სადაც ბავშვებს არა მხოლოდ დელიკატესებს სთავაზობენ, არამედ ყოვლისშემძლე თავშესაქცევებსა და ელექტრონულ სათამაშოებსაც. ეს ბავშვები სურათებზე ვერ ცნობენ ცხოველებს. სამაგიეროდ, იციან კიბორგი, შრედერი, ბიორობოტები, კუ-ნინძები. მათი პირველი სათამაშო იყო ტრანსფორმერი.

ბიჭები ჩაციკლულნი არიან „სროლაზე“; მშობლებს კი, განსაკუთრებით, თუ ეს მათი პროფესიონალური საქმიანობაცაა, აზრადაც არ მოსდით, მოარიდონ შვილები საშიშ მიდრეკილებას.

ბევრი ბავშვი, რომელიც ეკრანზე საშინელ და ძალადობრივ სცენებს უყურებს, ცდილობს მათგან თავი დაიცვას. მაგრამ მათ ეს არ ძალუძთ. დაცვა ხდება ქვეცნობიერების დონეზე. ფსიქიკას არ შეუძლია ადექვატურად უპასუხოს შიშის მეტისმეტად ძლიერ გამღიზიანებელს და ხდება ფსიქიკის ბლოკირება: ფსიქიკა აღარ რეაგირებს შიშზე. ფსიქიკა ჩლუნგდება. იწყება ე.წ. „მჭმუნვარე უგრძნობელობა“. ბავშვს არა მარტო აღარ აშინებს კოშმარები, არამედ კარგავს ტანჯულის თანაგრძნობის უნარს.

ჩვენ ვერც კი წარმოვიდგენთ, რამდენი „კაი“ შექმნეს სატელევიზიო და კომპიუტერულმა „თოვლის დედოფლის აგენტებმა“, რამდენი სული გაყინეს, რამდენი ბავშვის წყვილი თვალი მიშტერებია უაზროდ კომპიუტერის მონიტორს, რომ ვირტუალური ყინულებისაგან სიტყვა „მარადისობა“ ააწყოს.

ამ ბავშვებს არ შეუძლიათ ნორმალური ცხოვრება, სიყვარული, ოჯახის შექმნა, ქვეყნის დაცვა მტრებისაგან.

ისინი დაავადებულნი არიან. ტელე და კომპიუტერულმა მიჯაჭვულობამ მათში ცხოვრების ინტერესი ჩაკლა. ისინი სამუდამოდ „გადასახლდნენ კომპიუტერული, ვირტუალური სამყაროს სარკის მიღმა“.

ფსიქიკის დაზიანების ხარისხი პირდაპირაა დამოკიდებული იმაზე, რამდენ ხანს ატარებენ ბავშვები კომპიუტერთან თამაშში ან ძალადობის ფილმების ყურებაში. რაც უფრო ასაკში იწყებს ბავშვი კომპიუტერულ თამაშებს, მით მეტი შანსია, დავუბრუნოთ იგი ცხოვრებას.

უნდა შევიგნოთ, რომ ბავშვებმა არ შეიძლება უყურონ ძალადობას. არ შეიძლება ბავშვები საათობით უსხდნენ კომპიუტერს, ისროდნენ და ხარობდნენ, რომ მოკლეს ფიგურა ეკრანზე.

ეზოებსა და ტყეებში სათამაშო ავტომატებით სირბილი, „ომობანას“ თამაში და მკვლელობა ეკრანზე – ერთი და იგივე არაა. ცოცხალი თამაში განიფანტება. და მიშა, რომელსაც სერიოჟას „ტყვია“ მოხვდა, აგრძელებს სირბილს და მტკიცებას, რომ მას კი არა, თვითონ სერიოჟას მოხვდა მისი ტყვია. და მაშინაც კი, თუ სიტყვიერი შელაპარაკების შემდეგ ერთმანეთის წაუთაქებენ, დიდი უბედურება არაა. ეს ცოცხალი ბიჭუნების თამაშია.

და რამდენად არ ჰგავს ეს იმ ბიჭების სასტიკ შეხლა-შემოხლას, რომელთაც ღამე ინტერნეტ-კაფეში გაატარეს...

ამერიკელმა ფსიქოლოგმა დევიდ გროსმანმა ერთ-ერთმა პირველმა დაამტკიცა ამერიკაში, რომ აგრესიული ფილმები და თამაშები აგრესიას წარმოშობს. ეკრანზე სისასტიკე და ანომალური მოქმედებები იწვევენ სისასტიკესა და ანომალურ ქცევებს ცხოვრებაში. ეს განცხადება მრავალმა ექსპერიმენტმა დაამოწმა, რომლებიც ისეთმა ცნობილმა მეცნიერებმა ჩაატარეს, როგორებიც არიან: ზილმანი, დონერსტაინი, გებნერი და ყველაზე ავტორიტეტული, ევროპელი ფსიქოთერაპევტი ფრანკლი.

ამერიკის ციხეებში გამოკითხულ პატიმართა 63% ამტკიცებს, რომ კანონი სატელევიზიო პერსონაჟების მიბაძვით დაარღვიეს, ხოლო 22%-თვის ტელევიზორი ქურდობისა და ყაჩაღობის ტექნოლოგიის მასწავლებელი აღმოჩნდა...

ეკრანთან უაზრო ჯდომა, როცა ინფორმაციის 90% თვალებით აღიქმება, სხეული კი თითქმის უმოძრაო მდგომარეობაშია, იწვევს ჰიპოდინამიას, თითქმის ყველა ორგანოს დასნეულებას. პირველ რიგში, გულის, სისხლ-ძარღვთა სისტემის, ტვინის, თვალების. მონიტორების ეკრანის მკვეთრი გამოსხივებაც თავისას შვრება. მისი მავნე ზემოქმდება ყველას ეტყობა.

დააკვირდით ბავშვებს, რომლებიც დიდხანს უსხედან კომპიუტერებსა და ტელევიზორებს. როგორები არიან ისინი სპორტულ დარბაზებში ფიზკულტურის გაკვეთილებზე? მოდუნებულები, უხალისოები, დარღვეული აქვთ რეაქცია. ეს განსაკუთრებით თვალშისაცემია ფეხბურთის ან კალათბურთის თამაშის დროს. ზოგიერთი, უბრალოდ, მთვარეულივით იქცევა.

ბურთმა ახლოს ჩაუქროლა, ისინი კი ზანტად ბრუნდებიან ბურთისკენ.

და რა ხდება სკოლებში შესვენებებზე?! ზარი დარეკვას ვერ ასწრებს, რომ სკოლის მთელი სივრცე ივსება ყვირილით, წივილით, კივილით. დარბიან, ჯიკაობენ. და არა მარტო პატარები, უფროსკლასელებიც. ბევრ მასწავლებელს უკვე რეაქცია აღარ აქვს. „იყოს, განიმუხტონ... დაიღალდნენ ბავშვები...“

მაგრამ თუ ამ ბავშვებს კარგად დავაკვირდებით, ცხადი გახდება, რომ მათი ენერგია მხოლოდ ახალგაზრდა, ჯანსაღი ორგანიზმიდან ამოსროლილი არაა. ეს არანორმალური საქციელია, რაც ძალიან ბევრი ბავშვის არანორმალურობას ამტკიცებს. მათი რიცხვი მუდმივად იზრდება. ისინი თავიანთ არანორმალურ ენერგეტიკას ყოველივეს გადასცემენ ირგვლივ. მასწავლებლები ვერაფერს ხდებიან, უძლურნი არიან მშობლებიც.

ზოგი მეცნიერი ამბობს, რომ ჩვენს თვალწინ ყალიბდება თაობა, რომელსაც სრულიად განსაკუთრებული ფსიქიკა აქვს. ცხოვრობენ რა თანამედროვე მუსიკალური, არაბუნებრივად ორგანიზებული რიტმების ზემოქმედების ქვეშ, სადაც ხშირი დარტყმები თანაბარი ინტერვალებით მეორდება, ბავშვების სულები ისე მოიმართება, რომ შემდგომში ისინი გარემომცველ სამყაროზე მოცემული სიხშირის შესაბამისად რეაგირებენ. თანამედროვე ქალაქების ხმაურიანი ფონიდან ისინი მხოლოდ იმას იჭერენ, რაც ცნობილი სიხშირის დიაპაზონში ჯდება. დანარჩენი ყურადღების მიღმა რჩება, შეუმჩნევლად ჩაიქროლებს. სამყაროს მრავალფეროვნებიდან მათ მხოლოდ მცირედი ემოციური და ინტელექტუალური „ულუფის“ გამოყოფა შეუძლიათ.

ძალიან მალე უმრავლესობა გახდებიან ადამიანები, რომელთაც არ შეეძლებათ სამყაროს მრავალფეროვნების აღქმა. და ისინი გარდაქმნიან სამყაროს, გადააკეთებენ მას საკუთარი აღქმის მიხედვით: ანუ აქცევენ პრიმიტიულად და სასტიკად. ყველაფერს, რაც ხელს უშლით, გაანადგურებენ... მაგრამ გაანადგურებენ არა იმას, რაც ადამიანის გადაგვარებას იწვევს, არამედ იმას, რაც ხელს უშლის გადაგვარებას.

პირველ ყოვლისა, ესაა ტრადიციული კულტურა. ტრადიციული კულტურიდან გადახრას ფსიქიკურ გადახრამდე მივყავართ.

და ეს ჩვენს თვალწინ ხდება. თუმცა არ გვსურს ან გვეშინია ვაღიაროთ, რომ ასეა.

ჩვენს ქვეყანაში კი ეს პროცესები გაცილებით სწრაფად და დამანგრევლად მიმდინარეობს, ვიდრე ევროპაში, რადგან ჩვენ არ გაგვაჩნია ევროპული იმუნიტეტი. ჩვენი კულტურული ტრადიცია პრინციპულად განსხვავებულია. ჩვენთან არ ყოფილა შუასაუკუნეების რომანი, რომლის ერთ-ერთი მთავარი წევრი დემონი იყო.

რუსულ ლიტერატურაში არ არსებობს ანტიკური არქეტიპი, რომლის საგმირო საქმეებსაც სისხლის ნიაღვრები და გვამების გროვა ახლავს. არაწმინდა ძალასთან დამოკიდებულება სრულიად განსხვავებული იყო. ხატებზე იკრძალებოდა ეშმაკების გამოსახვა. ლიტერატურაში (თუ არ ჩავთვლით გოგოლს) არაწმინდა სულს იუმორისტულად ხატავდნენ. უწმინდური შეიძლებოდა მოგეტყუებინა, მასხრად აგეგდო.

ევროპულ და რუსულ მსოფლმხედველობებს შორის განსხვავება კარგად ჩანს ეროვნულ დღესასწაულებში. მაგალითად, შევადაროთ ყველიერი და ჰოლოუინი. ყველიერი ბლინებით, კარუსელებით, სიმღერებით, სიცილითა და მხიარულებით მთავრდება ჩალის ფიტულის დაწვით, რომელიც ოდნავადაც არ წააგავს ხორცშესხმულ ბოროტ სულს... და ჰოლოუინი ვამპირებით, სისხლიანი ღარებით სახეებზე, შემზარავი ჯადოქრებით, მოელვარე თვალებიანი ჩონჩხებით, ნაწლავებგადმოყრილი მომაკვდავებითა და სხვა საშინელებებით...

 შესაძლოა ევროპელ ბავშვებს ამ მონსტრების არ ეშინიათ, ან იქნებ ვინმეს ამხიარულებს კიდეც...

თუმცა მარტო ის აზრიც კი, რომ ასეთმა უმსგავსო სანახაობამ შეიძლება გაგამხიარულოს, უკვე საზარელია.

საშიშზე ბუნებრივი რეაქციაა – შიში, საზიზღარზე – ზიზღი.

მაგრამ ჩვენს სკოლებში (არა მარტო ინგლისურენოვანში) რატომღაც სახალხო განათლების გამყოფილებები დაჟინებით უწევენ რეკომენდაციას ჰოლოუინის აღნიშვნას. და თანაც არაწმინდა სულის ზეიმს „ყოველთა წმინდანთა დღესასწაულს“ უწოდებენ.

ევროპულ ტრადიციაში გმირი საგმირო საქმეებს ბოროტების სამყაროში ჩადიოდა. იგი სიკეთის ერთადერთი წარმომადგენელი იყო და გარს ბოროტმოქმედთა მთელი ზღვა ეკრა.

ჩვენი ტრადიციით კი ბოროტებას საერთოდ არ აქვს ონტოლოგია. მას არსება არ გააჩნია. იგი, უბრალოდ, სიკეთის ნაკლებობაა. ეს ძალიან კარგად გამოხატა ვისოცკიმ: „Зло по-своему несчастно“ („ბოროტება თავისებურად უბედურია“).

უბედური კი იმიტომაა, რომ ის არავის უყვარს, მარტოობისთვისაა განწირული. რა შეიძლება იყოს იმაზე ცუდი, როცა მეგობრულ კომპანიაში მიღებაზე უარს გეუბნებიან?...

გავიხსენოთ საბჭოთა მულტფილმების გმირები. ყოჩაღი პიონერები და არანაკლებ ყოჩაღი ცხოველები არამარტო იმარჯვებდნენ ბოროტ და არასასიამოვნო ტიპებზე, არამედ გარდაქმნიდნენ კიდეც მათ. საზიზღარ მოხუც შაპოკლიაკს სურვილი გაუჩნდა, ჰყოლოდა მეგობრები, ბოროტ დებს არა მარტო სჯიდნენ, პატიობდნენ კიდეც, რადგან ისინი ნანობდნენ თავიანთ ბოროტ საქმეებს.

სიკეთესთან ბოროტება ყოველთვის მარცხდებოდა. და ეს კანონი იყო, რომელიც ცხოვრებას აადვილებდა. ბავშვები ითვისებდნენ ამ კანონს. ისინი საგმირო და რომანტიკულ მაგალითებზე იზრდებოდნენ.

საბავშვო კინემატოგრაფია აღზრის, განათლებისა და, ამასთანავე, ფსიქოთერაპევტის ფუნქციასაც ასრულებდა. ის ხსნიდა სტრესს. ალერსისანი ინტონაციები ამშვიდებდნენ. ეს ნამდვილი საავადმყოფო იყო...

ახლა კი საბავშვო ფილმები საერთო დაინვალიდებას იწვევს.

ამაში ადვილად დავრწმუნდებით, თუ ვნახავთ, რას და როგორ ხატავენ თანამედროვე ბავშვები.

პედაგოგ-ფსიქოლოგი ბავშვებს სთავაზობს „ტელეგადაცემობანა“ ითამაშონ: ამისათვის მათ უნდა წარმოიდგინონ, რომ სუფთა ფურცელი ტელევიზორია და ის უნდა შეივსოს სხვადასხვა ნახატებით. ბავშვების 95% ეკრანს ავსებს მორტალური გამოსახულებებით – სიკვდილის გამოსახულებებით: ჩონჩხებით, გვამებით, სკალპებით, ძვლებით, არაპროპორციულ სხეულებიანი არსებებით. საღებავებიდან იყენებენ მხოლოდ შავ, წითელ ან ჭუჭყისფერ ყავისფერ ფერებს.

როდესაც ბავშვებს 12 ფიგურით თამაშს სთავაზობენ, ყველა მონაწილე, როგორც ერთი, სროლის ინსცენირებას აწყობს, რის შედეგადაც ყველა კვდება.

თითქმის ნახევარ შემთხვევებში „უკანასკნელი გმირი“ ტყვიას იხლის შუბლში.

- დიმა, რატომ იკლავს თავს ეს ბიჭი, მან ხომ ყველა დაამარცხა? – კითხულობს პედაგოგი.

- დედამიწაზე სიცოცხლე უნდა მოისპოს, - პასუხობს შვიდი წლის ბიჭუნა.

მისი მეზობელი კი, რომელსაც ცოცხალი არსების დახატვა დაავალეს, საზარელ შავ ტანკს ხატავს.

პედაგოგი დიდხანს ცდილობს გაარკვიოს, რატომ დახატა ტანკი. ბავშვი კი პასუხობს, რომ სხვა არაფრის წარმოდგენა არ შეუძლია.

მისი თანატოლი, თხოვნაზე დახატოს საკუთარი თავი, ხატავს ოქროსთმიან ანგელოზს, შემდეგ წუთით გაუნძრევლად ზის და ამ ანგელოზის ქვეშ იწყებს შესაზარი ჯადოქრის ხატვას, თან განმარტავს: „აი, ასეთი უნდა ვიყო, ვიქნები კი ისეთი, როგორიც ეს ჯადოქარია“.

ათი წლის წინ ასეთსავე თხოვნაზე, დაეხატათ ტელევიზორი, ბავშვები, ძირითადად, ხატავდნენ მამას, დედას, ცხოველებს, პეიზაჟებს. ბევრი ბიჭუნა ხატავდა საბრძოლო სცენებს. მაგრამ ამისთვის ყველა ფერი გამოიყენებოდა. თან „ჩვენები“ ყოველთვის გამარჯვებულები იყვნენ. ბიჭები საკუთარ თავებს უძლეველ გმირებად გამოსახავდნენ, გოგონები კი თვალხატულა მზეთუნახავებად, რომელთა კაბებსაც ცისარტყელას ყველა ფერით აჭრელებდნენ.

ახლა ბავშვები საკუთარ თავებს გამოხატავენ ძალიან პატარა არსებებად, თანაც რუხ ფერებში. ეს მეტყველებს, რომ მათი არსება შიშს მოუცავს და არანაირად არ სურთ საკუთარი თავის გამოვლენა.

და რაც მთავარია: ბავშვების ნახატები გვიდასტურებს, რომ სიკვდილმა ტოტალური გამარჯვება მოიპოვა სიცოცხლეზე.

იაპონიაში მსგავსი ტესტები ორი წლიდან უტარდებათ. თუ ნახატების გამაში რომელიმე ფერი აკლია, ასეთ ბავშვებთან მუშაობას იწყებენ სპეციალისტები.

ჩვენთან ფსიქოლოგებს დახმარებისათვის ძალზე იშვიათად მიმართავენ. როგორც წესი, მშობლები მაშინ ხვდებიან, რომ შვილს უბედურება შეემთხვა, როცა უკვე ფსიქოლოგიც უძლურია, რამე უშველოს.

საბედნიეროდ, ჩვენ ჯერ კიდევ გვყავს ადამიანები, რომლებიც საბავშვო ბაღებსა და სკოლებში საკუთარი ინიციატივით ატარებენ ტესტირებებს. ისინი არ შემოიფარგლებიან მხოლოდ ფსიქიკური გადახრების დიაგნოზირებით, არამედ ცდილობენ, დახმარების ხელი გაუწოდონ უბედურებაში ჩაცვენილ ბავშვებს. ამისთვის გამოიყენება არტეთერაპიის მეთოდი.

ბავშვებს, რომელთაც ეს-ესაა მორტალური ენერგეტიკის მატარებელი სიმახინჯეები დახატეს, უჩვენებენ სლაიდებს ყვავილის, პეპლის, ყვავილზე მჯდარი ფუტკრის, მრავალფერად შეფერილი მუხლუხოს გამოსახულებებით... ისმის წყნარი, ლამაზი მუსიკა. ფსიქოლოგი აფიქსირებს ბავშვების რეაქციას. კოშმარების გამოსახვის შემდეგ ისინი მოდუნებულები არიან. ფაქტობრივად, ემოციური ეპილეფსიის მდგომარეობაში იმყოფებიან. გახშირებულია გულისცემა, შეფერხებულია სუნთქვა, გადატვირთულია ღვიძლი...

როგორც ერთ-ერთმა ცნობილმა მეცნიერმა თქვა, „თანამედროვე ბავშვები საბრძოლო მნიშვნელობის ინფორმაციულ-დამანგრეველი ფაქტორის ზემოქმედების ქვეშ არიან“. ამის გაძლება ძალიან ცოტას შეუძლია. და შედეგად, სახეზე გვაქვს ინფორმაციული ნევროზები, შიზოიდური ინტოქსიკაცია. ბავშვის ფსიქიკის მეტისმეტი გადატვირთვა მძიმე ანომალურ შედეგებს იწვევს...

როდესაც ვირტუალურ სამყაროში დიდხანს ნამყოფი ბავშვი რეალურ სამყაროში ხვდება, აუცილებლად წარმოიშობა კონფლიქტი. ეს სამყარო არ შეესაბამება იმ მოდელს, რომელიც მის ქვეცნობიერებაში ჩაიბეჭდა. ასეთი სამყარო ან უნდა შეიცვალოს, ან უნდა განადგურდეს. თუ არც ერთი ხერხდება, არც – მეორე, მაშინ თავი უნდა მოიკლა. ასეთი ბავშვებისათვის წარმოქმნილი კონფლიქტის მოგვარების სხვა ვარიანტები არ არსებობს. არის სათადარიგო კარიც – ამ სამყაროდან გასვლა, მაგრამ არა სრულიად. ეს კი ნარკომანიაა. „კაიფი“ ხსნის დაძაბულობას, რასაც მოვალეობისა და არჩევანის არსებობა იწვევს.

მაგრამ საკმარისია შეიცვალოს ატმოსფერო, მოიხსნას შიშის ფაქტორი, იზოლირდეს მორტალური გამოსახულებებისაგან, შევიდეს მშვიდ, ლამაზ და კეთილ სამყაროში, რომ ბავშვი თვალსა და ხელს შუა იცვლება – მშვიდდება, წყნარდება, სუნთქვა თანაბარი უხდება.

დამამშვიდებელ მუსიკასთან ერთად სილამაზის ნახევარსაათიანი ჭვრეტა საკმარისია ბავშვის შინაგანი წყობის შესაცვლელად. პედაგოგი სთავაზობს, დახატონ სლაიდებზე ნანახი. და ბავშვები იწყებენ მკვეთრი საღებავების გამოყენებას...

НИИКСИ-ის დირექტორის, ვ. სემიონოვის თქმით, ტელევიზია აღარ ასრულებს თავის ფუნქციას. ის არ აღზრდის, მაყურებელს არ აზიარებს კულტურას, არ ქმნის საგანმანათლებლო პროგრამებს. გასართობი ფუნქციაც კი ანტიკულტურული, უგემოვნებო და, არსებითად, პათოლოგიური გახდა.

ვის შეუძლია აგვიხსნას, რატომ ვასახიჩრებთ ბავშვებს? რატომ ვაშინებთ? შიშის ხარისხი, რომელიც ტელევიზორიდან ბავშვებზე იღვრება, ყოველგვარ ზღვარს სცილდება.

ჩემზე გამაოგნებელი შთაბეჭდილება მოახდინა ამასწინდელმა რეპორტაჟმა ისრაელის საბავშვო ბაღიდან. ქვეყანაში ომია, ბავშვებს კი პრინციპულად არ აძლევენ უფლებას, იარაღით ითამაშონ. ასეთი სათამაშოები, უბრალოდ, არ არსებობს. არანაირი პისტოლეტი, არანაირი ავტომატი. ბავშვები მშვიდ თამაშებს თამაშობენ ნათელ, ღია ტონებში შეღებილ ოთახებში. ყველაფერი იქითკენაა მიმართული, რომ ბავშვი დამშვიდდეს.

ჩვენთან რატომ აკეთებენ ყველაფერს უკუღმა? რატომ უჩვენებენ ბავშვებს მულტსერიალს ჯიბის მონსტრებზე? იაპონიაში ერთ-ერთი სერიის ჩვენების შემდეგ 600-ზე მეტი ადამიანი მოხვდა საავადმყოფოში ეპილეფსიური შეტევით. საკმარისია შეხედო ამ ბოროტ სიმახინჯეებს, და მაშინვე მიხვდები, რომ არ შეიძლება მათი ჩვენება ბავშვებისათვის. ეს სანახაობა, რბილად რომ ვთქვათ, არაეთიკურია. ხვრელები პირების მაგივრად, თვალების ცარიელი ბუდეები, საიდანაც დროდადრო სინათლე გამოკრთის. არანაირი შინაარსი, არანაირი დრამატურგია. მაგრამ ყველაზე საშინელი ისაა, რომ ერთი და იგივე „გმირი“ ერთ სერიაში „დადებითი“ პერსონაჟია, მეორეში კი – გამოუსწორებელი ბოროტმოქმედი.

ბავშვი აგრესიასთან, შიშთან, განცხადებულ არაესთეტიზმთან სიახლოვეს ყალბ და ძალიან საშიშ ინფორმაციას იღებს „სამყაროს მოწყობის“ შესახებ. ბავშვის ქვეცნობიერებაში მტკიცედ მკვიდრდება აზრი, რომ სამყაროს არ გააჩნია წესრიგი, სამყაროში არ არსებობს სიკეთე. სიკეთე – ეს მხოლოდ ფუნქციაა. დღეს ის გამოვლინდა, ხვალ კი გუშინდელი მისი მატარებელი სრულიად საპირისპიროდ მოიქცევა. ბავშვები, რომელთაც არ ასწავლიდნენ რეალურ სამყაროში ცხოვრებას, კარგავენ ყოველგვარ უნარს, შეითვისონ ეს მარტივი საქმე. დღევანდელ ბავშვებს დაჟინებით უნერგავენ კაციჭამიებისა და ფაშისტების იდეებს: „კარგია, როცა ვინმეს ვჭამ. და ცუდია, როცა მე მჭამენ“.

ბევრი უცხოელი და ჩვენი თანამემამულე მეცნიერი თვლის, რომ ისეთი აგრესიული ახალგაზრდული მიმდინარეობის წარმოშობა, როგორიცაა „სკინხედები“, პირდაპირაა დაკავშირებული არა მარტო ოჯახებში არასახარბიელო მდგომარეობაზე, არამედ ბავშვებსა და მოზარდებზე აგრესიული და პათოლოგიური ინფორმაციის მასიურ ზემოქმედებაზე, რომელიც ტელევიზიიდან და კომპიუტერიდან მოდის.

ძალიან მნიშვნელოვანია, როგორ სხივურ და ბგერით ატმოსფეროში ცხოვრობს ბავშვი. შეაღეთ ოთახის კარი, სადაც ჩართულ ტელევიზორთან თქვენი ბიჭუნა ან გოგონა ზის ჩამქრალ შუქში. იასამნისფერი სხივები დაცოცავენ კედლებზე. ხმა კვეთრია, უხეში, მექანიკური.

ფილოსოფიის მეცნიერებათა კანდიდატი ვ. სენკევიჩი ამტკიცებს, რომ მსგავსი ბგერითი ფონი უარყოფითად მოქმედებს ფსიქიკაზე.

გარდა ამისა, ციფრულ აპარატურაზე ბგერის მონტაჟის დროს, ბუნებრივი ხმაურისაგან გაწმენდის შემდეგ, იხსნება მომღერლის ზედა ფორმანტა, მცირდება ობერტონების რაოდენობა. ბგერა ხდება ბრტყელი, არაბუნებრივი, მცირდება მისი სისწრაფე. ყოველივე ხელოვნური კი, რაც მკვეთრად განსხვავდება ბუნებაში არსებულისაგან, იწვევს ფსიქიკის დისბალანსს. არასრული აკუსტიკური ზემოქმედება წარმოშობს ასიმეტრიას ადამიანის სხეულის რეზონანსული ნაწილების (გული, ძვლები, ფილტვები, კუნთები, ხერხემალი, ტვინი) აღგზნებასა და დამშვიდებაში. ამას სხვადასხვა დაავადებებამდე მივყავართ.

რომ დავრწმუნდეთ, დავესწროთ გამოკვლევას ექსპერიმენტული მედიცინის ინსტიტუტში. კარდიოგრაფი გულის კარდიოგრამას იღებს. ამ დროს პაციენტი უსმენს მუსიკას. კომპიუტერის ეკრანზე ვხედავთ, როგორ იცვლება გულის მუშაობა მელოდიის, ხმის შეცვლასთან ერთად. თუ დასარტყამი ინსტრუმენტები შემოდის, რომელთა დარტყმის სიხშირე ნახევარი წამიდან ნახევარ წუთამდე მერყეობს, დავინახავთ, რომ აკვიატებული რიტმი მომენტალურად იწვევს გულის მუშაობის დესტაბილიზებას, მაღლა სწევს წნევას. ენცეფალოგრამა აფიქსირებს დამთრგუნველ ან მკვეთრად აღმგზნებ მოქმედებას ტვინზე.

არ არის ძნელი წარმოსადგენი, რა ხდება ახალგაზრდების ტვინში, რომლებიც თანამედროვე მუსიკას საყურისებით უსმენენ. შორეული მზერა, თავის მონოტორული კატუნი არაბუნებრივ მდგომარეობაზე მეტყველებს. თვითონ მუსიკა – ესაა ხშირი დარტყმები თანაბარი შუალედებით და ურბანული, ტექნოგენური ხმაურის უხვი გამოყენებით.

ბგერის სიძლიერე არ უნდა აღემატებოდეს 80 დეციბელს. ბავშვები და მოზარდები საყურისებში ხმას, ჩვეულებრივ, 80-დან 120 დეციბელამდე უწევენ. ეს იწვევს სმენის დაკარგვას, მეხსიერების შესუსტებას, ინტელექტის დაქვეითებას, ვეგეტაციურ მოშლილობას. მუსიკალური ინსტრუმენტების კომპიუტერულ ტემბრებს აქვთ ჰარმონიკა, რაც მავნეა ორგანიზმისათვის. ის იწვევს ტვინის, გულის, ძვლების დაავადებას და ფსიქიკის მოშლას. პრაქტიკულად, არ რჩება ორგანო, რომელიც უარყოფითად არ რეაგირებდეს მსგავს „მუსიკაზე“.

როგორ არ ჰგავს „ასფალტის“ ბავშვთა სამყარო სოფლის ბავშვთა სამყაროს. მართალია, სოფელიც დიდი ხანია, ის აღარ არის... თუმცა ჯერ კიდევ არსებობს სახლები, სადაც ბავშვები მამლის ყივილზე იღვიძებენ, ფეხშიშველა დარბიან მზის სხივებით მოფენილ ხის იატაკზე, ხის კიბეებით ჩადიან ეზოში, სადაც კრუხები დასეირნობენ, ბოსელის შეღებული კარიდან ჩანს, როგორ წველის ძროხას ბებია.

ბავშვი პაწაწინა ხელებით ჩალიდან ქათმის კვერცხს იღებს... რამოდენიმე წუთში ბებია უზარმაზარი თიხის ჭიქით ქაფქაფა რძეს ასმევს. შემდეგ კიბეზე ჩამოჯდება, თავზე მერცხლები დაფრენენ, ხმამაღალი ჭყივილით მიფრინდებიან ბუდესთან, სახურავთან რომ გაუწყვიათ...

აი, პატარა ყანაში მიაბიჯებს, ცისფერ ყვავილებს კრეფს...

ტყე კი სავსეა თეთრი სოკოებით, მაყვალიც დამწიფებულა, წამში გაუშავა ტუჩები და კბილები. ხავსმოდებულ კუნძთან უზარმაზარი, თვალისმომჭრელი სილამაზის შხამასოკო დგას, თეთრად დაწინწკლული, წითელი, პრიალა ქუდით...

რამხელა სიხარულია შინ დაბრუნება სოკოებით სავსე კალათით, როცა იცი, რომ სანამ ბებია სოკოებს შეწვავს, შეგიძლია მდინარეზე გაიქცე და ბიჭებთან ერთად გაერთო...

მაგრამ ამაზე თითქმის ვერც იოცნებებს თანამედროვე ქალაქელი ბავშვების უდიდესი ნაწილი. ცხოვრებისეულ სიბრძნეს ისინი „უნივერსტეტებში“ უნდა ჩასწვდნენ და ტელეეკრანებიდან გაიგონ, სადაც მათი კუმირები კლავენ, აგინებენ და ავტომობილებით დასდევენ მსხვერპლს...

* * *

ნიშნავს თუ არა ეს, რომ ტელევიზორზე სავსებით ვთქვათ უარი, ავკრძალოთ კომპიუტერები, საყურისები და ყველაფერი, რაც ე.წ. ახალგაზრდულ კულტურასთანაა დაკავშირებული?

ჯერ ერთი, ეს შეუძლებელია. ჩვენ უკვე ისეთ ვითარებაში ვცხოვრობთ, როცა მოსახლეობის უდიდესი ნაწილი მიჯაჭვულია ტელევიზორსა და კომპიუტერს (ეს კი სერიოზული ფსიქიკური დაავადებაა). საზოგადოებამ უნდა იცოდეს და ესმოდეს ამ პრობლების სერიოზულობა.

დასავლური პუბლიკაციებით თუ ვიმსჯელებთ, ამერიკელი და ევროპელი ტელე-ელიტა მოზარდებს ნებას არ რთავს, მათ მიერ შექმნილ გადაცემებს უყურონ. ტელეეკრანები გარკვეულ საათებამდე ძალიან წყნარი და წესიერი გადაცემებით შემოიფარგლება.

ჩვენ უნდა მივსდიოთ მათ მაგალითს. მათ იციან, რას აკეთებენ. რაც უნდა იყოს, პროფესიონალები არიან. ტელევიზორების დამსხვრევა საჭირო არაა, უნდა შეიცვალოს გადაცემები, დიდი ხანია უკვე დროა. და პირველ რიგში უნდა შეიცვალოს ბავშვებისათვის განკუთვნილი გადაცემები.

ეს კი სრულიად რეალურია. როცა გვეუბნებიან, რომ კარგი მულტფილმების გადაღება ძვირი ჯდება, ფული კი არ არის და ამიტომ ვყიდულობთ მდარე იაფფასიან უცხოურ ნაწარმსო, უნდა ვიცოდეთ, რომ ამ მომიზეზებაში მზაკვრობა იმალება. არ შეიძლება საჩხარუნოს ნაცვლად ბავშვს ალესილი მახვილი მივცეთ იმის გამო, რომ მაღაზიაში საჩხარუნო ვერ ვიშოვეთ.

მათ, ვინც ტელევიზორში სისასტიკეს, ძალადობას და გარყვნილებას უშვებს, უნდა იცოდნენ, რომ თუ ერთ სახლში შესული ჭირი მაშინვე არ განადგურდა, მალე მთელი ქალაქი ამოწყდება. ის, რაც დღეს მეზობლის ბავშვს ემართება, ხვალ შეიძლება შენსას დაემართოს.

ჩვენი მოქმედების მთავარი პრინციპი უნდა იყოს – არ დააზიანო. თუ რომელიმე ფილმი საფრთხეს უქმნის ბავშვის ზნეობას ან ფსიქიკას, არ შეიძლება მისი მიღება და ჩვენება, თუნდაც გვაჩუქონ.

სანამ არ არის საშუალება, შეიქმნას დიდი რაოდენობის კეთილი და ბავშვებისათვის სასარგებლო ფილმები, შეიძლება „ცოცხალ“ ეთერში ვაჩვენოთ ბავშვების მიერ დადგმული სპექტაკლები ან მათი ჩანაწერები. ასეთები ხომ ძალიან ბევრია. ყველა დიდსა და პატარა ქალაქში არსებობს ბავშვთა თეატრები. მრავლადაა მოყვარულთა და სასკოლო თეატრები, რომელიც პროფესიონალურს არ ჩამოუვარდება.

და ბოლოს, არიან ბავშვები, რომლებიც თავად ქმნიან შესანიშნავ, კეთილ და ლამაზ ანიმაციებს. როცა დიდები თავს ახვევენ აგრესიულ სიმახინჯეებს, ბავშვებს თავად უნდა მიეცეთ შესაძლებლობა, გადაწყვიტონ საბავშვო კინოს პრობლემები. რა სასარგებლო მაგალითს მისცემდნენ ისინი იმ ადამიანებს, რომლებიც უგემოვნებობას, სიმახინჯეს, სისასტიკესა და გარყვნილებას ნერგავენ. მაგრამ საქმე იმაშია, რომ ბოროტი ბიძები და დეიდები ამ ბავშვებს არასოდეს მისცემენ ეთერში გასვლის უფლებას.

მაგრამ ჩვენ ბავშვებს გავახსენებთ ზღაპარს ბურატინოსა და მის პატარა მეგობრებზე. მათ ხომ მაინც შეძლეს ბოროტ ყარაბას-ბარაბასზე გამარჯვება და ოქროს გასაღებით გააღეს კარი, რომლის მიღმაც კეთილი და საუცხოო ზღაპრის ქვეყანა მდებარეობდა.

რუსულიდან თარგმნა ნინო ბოხუამ ორიგინალი იხ. მისამართზე: 
http://www.zavet.ru/a/post_1024734511.html



http://www.orthodoxy.ge/skhva/multfilmi.htm



უთვალავი პლიუსი სტატიის ავტორს.


Комментариев нет:

Отправить комментарий