ღმერთი

ღმერთი

вторник, 14 апреля 2020 г.

ქრისტე აღსდგა! გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს!



დიდი პარასკევი.



პრეტორიუმის წინ, რომაელი პროკურატორის სასახლესთან შეკრებილი ხალხი იესოს ჯვარცმას ითხოვდა. სიკვდილამდე ნაწამები ქრისტე, რომელსაც თავზე ეკლის გვირგვინი დაადგეს, პილატეს შორიახლოს იდგა და განკითხვას ელოდა...

უძილო, მოუსვენარმა ღამეებმა გაამძაფრა მისი მწუხარება, შოლტით დასერილი ზურგი მძიმე ჯვარს ელოდა... იდგა მშვიდი და უმანკო. უკიდურესი დამცირება და შეურაცხყოფა ჯვარცმით უნდა აღსრულებულიყო. ჯვარიც მზად იყო, მაგრამ თითქოს რაღაც სხვას ელოდნენ.

გაუთავებელმა დაკითხვამ, ცემამ, ფურთხებამ და აბუჩად აგდებამ სასიცოცხლო ძალები თანდათან დაუშრიტა.

პილატემ არ იცოდა, რა ექნა. დანაშაულიც ვერაფერი წაუყენა, მაგრამ გამოსავალი იპოვა: ებრაული ტრადიციით, ხალხს ორი მსჯავრდადებულიდან ერთ-ერთი უნდა გაეთავისუფლებინა.

ავაზაკ ბარაბასა და ქრისტეს შორის ხალხს არჩევანი უნდა გაეკეთებინა. ხალხი ყვიროდა - ბარაბა, ბარაბაო. იესო რა ვუყოთო, - კითხულობდა პილატე. ხალხი, რომელიც სულ რაღაც ექვსი დღის წინ იერუსალიმში შემავალ უფალს პალმის რტოებითა და "ოსანას" შეძახილებით შეხვდა, გაიძახოდა, - ჯვარს აცვი, ჯვარს აცვი ეგაო...

პასექის პარასკევის მეექვსე საათი იყო. პილატემ ხელები დაიბანა და სამსჯავრო სკამზე დაჯდა - "აჯა, თქვენი მეუფე, მე ბრალი არა მაქვს მაგ მართლის სისხლში" (ლუკა 23,4), თქვენ იკითხეთო. გაბოროტებული ხალხი გაიძახოდა, - ჩვენზე და ჩვენს შვილებზე იყოს მაგისი სისხლიო (მათე 27,25).

პრეტორიუმიდან გოლგოთამდე პალესტინის თაკარა მზით გახურებულ გრძელ გზაზე აუტანელი ტკივილებით გათანგული მიაბიჯებდა სამყაროს მეუფე. მხარზე მძიმე ჯვარი ედო, უამრავი ხალხი მიჰყვებოდა...

უნდა მომკვდარიყო ტანჯვით. ნუთუ სიკვდილის ღირსი რაიმე ქმნა? რის გამო შეისხა ხორცი დიდებით შემოსილმა? ღმერთი იყო და რატომ გახდა ადამიანი? რა აიძულებდა ღმერთს, ხორცი შეესხა, სახვევებში შეხვეულიყო, ბაგაში დედის რძით გამოკვებილიყო, სიკეთის ნაცვლად ბოროტება მოემკო, სიხარულის ნაცვლად - მწუხარება, ცხოვრების ნაცვლად - სიკვდილი, ჯვარზე გაკრული საფლავში დადებულიყო? რა აუცილებლობამ აიძულა ის? ცხადია, ადამიანის სიყვარულის გამო ითმენდა ყველაფერს.

ამ ადამიანებმა კი მისი წმინდა და უმანკო სხეული ორ ავაზაკს შორის ჯვარზე გააკრეს, ლურსმნით ხელ-ფეხი გაუხვრიტეს, წყურვილით გატანჯულს ძმარი და ნაღველი შეასვეს. მისი წმინდა სამოსი ურთიერთშორის გაიყვეს და დასცინეს: - ტაძრის სამ დღეში აღმშენებელო, გამოიხსენ თავი შენი...

დღის თორმეტ საათზე სიბნელემ მოიცვა ქვეყანა. მწუხარებით აღსავსე იესო კი ზეციურ მეუფეს ევედრებოდა: "მამაო, მიუტევე ამათ, რამეთუ არა იციან, რასა იქმან!" მარჯვენით ჯვარცმულმა ავაზაკმა დაინახა ეს უსამართლობა, შეინანა და უდანაშაულოდ დასჯილს სასუფეველში მოხსენება სთხოვა. ამ დროს დედა ღვთისმშობელიც ჯვარცმულის ფერხთით იდგა, მხოლოდშობილი ძის ტანჯვით გამოწვებული უმძიმესი ტკივილი მახვილივით უსერავდა გულს.

იესომ ჯვრიდან დაინახა მტირალი დედა, შეებრალა და საყვარელ მოწაფეს, იოანეს, ჩააბარა: "დედაო, აჰა შენი ძე!" ხოლო იოანეს უთხრა: "აჰა დედა შენი!" (იოანე 19,26).

მეექვსე საათიდან მეცხრე საათამდე წყვდიადმა მოიცვა არემარე. მეცხრე საათზე მაცხოვარმა ხმამაღლა წარმოთქვა: "მამაო, ხელთა შენთა შევვედრებ სულსა ჩემსა" (ლუკა 23,46) და სული განუტევა. დაბნელდა მზე, მიწა შეიძრა და საფლავები გაიხსნა, იერუსალიმის ტაძრის კრეტსაბმელი შუაზე გაიპო. სამყარომ შეიცხადა კაცობრიობის უკიდურესი სისასტიკე. წინასწარმეტყველება აღსრულდა.

აღსრულდა ნება ღვთისა, მოვიდა სოფლად მხსნელი, რომელსაც სულიერ სიბნელეში მყოფი, ღმერთს დაშორებული და ჭეშმარიტ ბედნიერებას მოკლებული კაცობრიობა ეშმაკის მონობისაგან უნდა გაეთავისუფლებინა, აღედგინა შეწყვეტილი კავშირი ღმერთთან და დაებრუნებინა მისთვის დაკარგული ნეტარება.

დიდი პარასკევის ღვთისმსახურება იესო ქრისტეს ჯვარცმას, ჯვრიდან გარდამოხსნასა და დასაფლავებას იხსენებს. წირვა არ აღესრულება, რადგან ამ დღეს ცოდვებისაგან ჩვენს გამოსახსნელად უფალმა საკუთარი თავი შესწირა მსხვერპლად. სრულდება სამეუფო ჟამნი, რომლის დროსაც კვლავ იკითხება სახარება მისი ვნების შესახებ.

დიდი პარასკევის სერობა მაცხოვრის ჯვრიდან გარდამოხსნასა და დასფლავებას ეძღვნება და, ჩვეულებრივ, შუაღამისას, ორ საათზე აღევნილება, რადგან სწორედ ამ დროს მიიცვალა ჯვარზე იესო ქრისტე. მსახურების დაწყებამდე ტაძრის შუაგულში მზადდება ამაღლებული, ყვავილებით მორთული სადგამი - "საფლავი", საკურთხეველში კი, წმინდა ტრაპეზზე, დააბრძანებენ გარდამოხსნას, საგანგებოდ მოხატულ დიდ ქსოვილს, რომელზეც საფლავში მაცხოვარია ამოქარგული.

საგალობლები, რომლებიც ამ დროს იგალობება, იესო ქრისტეს ვნებასა და ჯვარცმას ასახავს. სვიმეონ ღვთისმიმრქმელის ლოცვის გალობისას შავ, სამგლოვიარო სამოსში გამოწყობილი მღვდელმსახური აკმევს გარდამოსხნას, რომელიც ჯერ კიდევ საკურთხეველშია, რომელიც ჯერ კიდევ საკურთხეველშია დასვენებული, "მამაო ჩვენოს" გალობის შემდეგ კი ტროპარის, "მშვენიერმა იოსებ ძელისაგან გარდამოხსნა უხრწნელი გვამი შენი", გალობით მღვდელმსახურები წმინდა ტრაპეზიდან, როგორც გოლგოთიდან, აიღებენ გარდამოხსნას, თავს ზემოთ ასწევენ, საკურთხევლიდან გამოასვენებენ, ტაძარში შემოატარებენ. ამის შემდეგ სამღვდელოება და მლოცველები დიდ მეტანიას ასრულებენ გარდამოხსნის წინაშე და ეამბორებიან მას.

გარდამოხსნა ტაძრის შუაგულში არასრული სამი დღის განმავლობაში რჩება - მაცხოვარი ხომ აღდგომამდე სამი დღე იყო საფლავში.

სერობის შემდეგ, საღამოს, შესაძლოა მწუხრიც, ე.წ. ღვთისმშობლის გოდებაც, აღევლინოს.

დიდი პარასკევი მთელი წლის განმავლობაში ყველაზე მძიმე მარხვის დღეა, როცა მოძღვრის კურთხევით მორწმუნეთაგან ზოგი მთელი დღის განმავლობაში არაფერს ჭამს, ზოგი კი პურისა და წყლის გარდა არაფერს იხმევს.

karibche.ambebi.ge