ღმერთი

ღმერთი

четверг, 13 июля 2017 г.

უძველესი რელიგიური და მითოლოგიური წარმოდგენები ჩვენ წელთაღრიცხვამდე.

გ. უძველესი რელიგიური და მითოლოგიური წარმოდგენები ჩვენ წელთაღრიცხვამდე.

პირველყოფილი ადამიანი უმწეო იყო ბუნების ძალებთან ბრძოლაში. ბუნება, მისი ყოველი მოვლენა და თვით უსულო საგნებიც კი მისთვის საიდუმლოებით მოცულ სამყაროს წარმოადგენდა.ბუნება ზოგჯერ მოწყალე თვალით გადმოხედავდა ადამიანს, ზოგჯერ კი დიდად გაამწარებდა. ამიტომ, ადამიანს ეგონა, რომ სამყარო სავსეა კეთილი და ბოროტი ძალებით, ანუ სულებით. ყოველ საგანში იგი ამა თუ იმ სულს ხედავდა და ცდილობდა კეთილი სულისათვის პატივი ეცა, ხოლო ბოროტის გული მოელბო. სულთა ასეთი თაყვანისცემ იყო რელიგიის ერთ-ერთი უძველესი საფეხური.

ამგვარივე თაყვანისცემის საგნად იქცეოდა  ხოლმე ზოგჯერ ესა თუ ის ცხოველიც - განსაკუთრებით ისეთი, რომელიც დიდ როლს ასრულებდა ადამიანის სამეურნეო ცხოვრებაში.

შემდგომ ადამიანის რელიგიურ წარმოდგენებში გარკვეული გარდატეხა მოხდა. თუ ძველად მთავარი ადგილი საგნებისა და ცხოველების გაღმერთებას, ახლა უკვე ბუნების ძალების გაღმერთებას წამყვანი როლი მიენიჭა. თაყვანისცემის საგანი გახდა, მაგ :მიწა , წყალი, მნათობები - მზე, მთვარე, ვარსკვლავები. დიდი გახდა ნაყოფიერების  იდეის გამომხატველი ღვთაებებისა და ამასთან დაკავშირებული რელიგიური წეს-ჩვეულებების მნიშვნელობა.

ყველა ტომს თავისი საკუთარი მფარველი ღვთაება ჰყავდა. მაგრამ, თუ, ერთი მხრივ, ყალიბდებოდა ერთგვაროვანი ნივთიერი კულტურის დიდი არეები, მეორე მხრივ, თანდათან დიდ ტომთა კავშირების ფარგლებში და მათ მეზობლადაც ხდებოდა რელიგიურ წარმოდგენათა შერწყმა. იქმნებოდა აგრეთვე ღვთაებათა საერთო პანთეონი. რა თქმა უნდა , რაც რამ საერთო იყო იმდროინდელ ტომთა სარწმუნოებაში, ყველაფერი როდი იყო ამ ტომთა დაახლოების შედეგი, ზოგი რამ მათი საერთო წარმოშობის შედეგიც იყო, მათი საერთო წინაპარი ტომისაგან მიღებულ მემკვიდრეობას წარმოადგენდა.

რთულდება სარწმუნოებრივი წეს-ჩვეულებებიც. ღმერთის პატივსაცემად, მათ გულის მოსაგებად იმდროინდელი მოსახლეობა მრავალ სხვადსხვა რელიგიურ წესს ასრულებდა. თრიალეთში აღმოჩენილ შუაბრინჯაოს ხანის ვერცხლის სასმისზე გამოსახულია ერთი ასეთი სარწმუნოებრივი ცერემონია: სასმისის ზედა ნაწილზე გამოხატულია ტახტზე მჯდომი ადამიანისებრი არსება, რომელსაც ხელშ სასმისი უწირავს. მის უკან ხე დგას, ხოლო წინ - სამსხვერპლო, რომლის აქეთ-იქეთ ორი მხეცია გამოსახული. ტახტზე მჯდომისაკენ მიემართება მისივე მსგავსი არსებების პროცესია: ამათაც ხელში სასმისი უჭირავთ. ყველა ერთნაირადაა ჩაცმული, სახეზე თითქოს ნიღბები აქვთ აფარებული, ხოლო უკან ნადირის კუდები ჰკიდიათ. სასმისის ქვედა ნაწილზე კი ირმების მსვლელობაა გამოსახული.

ძველ დროს ქართველ ტომებს ჰქონდათ მრავალი თქმულება, რომლებშიაც,ისევე როგორც თითქმის ყველა სხვა ხალხის ამგვარ თქმულებებში, დიდი ადგილი ეკავა კეთილი გმირების ბოროტ ძალებთან ბრძოლის მოტივს. კერძოდ, უკვე ამ დროს ქართველ ტომებში გავრცელებული იყო სხვადასხვა თქმულება , რომელთა საფუძველზე ჩამოყალიბდა ცნობილი ძველი ქართული ეპოსი ამირანის შესახებ. საქართველოს ტერიტორიაზე აღმოჩენილ , უკვე ბრინჯაოს ხანის ზოგიერთ ნივთზე წარმოდგენილ გამოსახულებებში მეცნიერები არჩევენ ამირანის ეპოსის ცალკეულ მოტივებს.

ამირანის ეპოსი გადმოგვცემს კეთილი გმირთა-გმირის ამირანის ბრძოლას ბოროტ არსებებთან და ამირანის მიერ ამ არსებათა დამარცხებას. გმირთა-გმირი ამირანი ნახევრად ღმერთია და ნახევრად ადამიანი. მამამისი ადამიანია , ხოლო დედა კი ღვთაება - ნადირობის ქალღმერთი დალი. ბოროტ სულებთან ამირანის ბრძოლის მოტივს გარდა, ეპოსში დიდი ადგილი უჭირავს ამირანის მიერ ,,ღრუბელთ მეფის''(ცის, ჭექა-ქუხილის ღვთაებას) ქალის , მზეთუნახავ ყამარის მოტაცების ამბავს. ყამარის მამა თავისი ღვთიური ლაშქარით დაედევნება ამირანს, მაგრამ მარცხდება ამირანთან ბრძოლაში. ამირანი ამ გამარჯვებას თვით ყამარის დახმარებით აღწევს. თქმულება თავდება ღმერთის მიერ ამირანის კლდეზე მიჯაჭვის ამბით. ღმერთმა ამირანი იმიტომ დასაჯა, რომ მან თავისი ძალითა და გამარჯვებით გაამაყებულმა , ღმერთთან შებრძოლებაც კი მოინდომა.

ამირანის ეპოსმა დროთა განმავლობაში მრავალგზისი ცვლილება განიცადა. მასში ბევრი სხვადასხვა ფენაა, მაგრამ, როგორც ვთქვით, თქმულებანი, რომლებიც ამ ეპოსის ჩამოყალიბებას დაედო საფუძვლად, უეჭველია, უკვე ძალიან ძველ დროს, ბრინჯაოს კულტურის ხანაში უნდა ყოფილიყო გავრცელებული ქართველ ტომებში.

Комментариев нет:

Отправить комментарий