ღმერთი

ღმერთი

четверг, 29 августа 2013 г.

სიხარული.

მართალი, ჭეშმარიტი, წმიდა ბუნებითი სიხარული მხოლოდ იმ კაცს აქვს სულში, რომელიც არს ქრისტიანე. სოფლის მოყვარეობის, ცოდვის მოურიდებელის კაცის სიხარული ყოველთვის არის ყალბი, ხელოვნებითი და ძალადი. ჭეშმარიტი, წმიდა და გამოცოცხლებული სიხარული და მხიარულება არის ნაყოფი შრომისა და მოღვაწეობისა; ხოლო სიხარული ცოდვის მოყვარისა არის ყალბი და წუთიერი. პირველი წარმომდინარეობს კეთილისა სინდისისაგან, განწმედილი აზრისაგან. ენა კაცისა ვერ გამოსთქვამს იმ სიხარულსა, ნეტარებასა და ნუგეშსა, რომელსა ხშირად გრძნობდნენ წმიდანი კაცნი.

ნუ იფიქრებ, ძმაო ჩემო, რომელ ჭეშმარიტი, მოღვაწე ქრისტიანე კაცი უნდა იყოს ყოველთვის მოწყენილი და გამწარებული; ანუ უნდა იყოს უცხო ნუგეშისა, არც უნდა იცნობდეს სიხარულსა და მხიარულებასა. წმიდა პავლე მოციქული მისწერს კოლასელთა: „გიხაროდენ და კვალად გეტყი გიხაროდენ“; ესე იგი, ქრისტიანე კაცს ყოველთვის უნდა უხაროდეს.


თუ ღმერთმან მოგცა შენ რომელიმე სულიერი სიხარული, რომელიმე ბედნიერება, აქ ეკლესიაში გარდაიხადე მადლი ღვთის წინაშე. უკეთუ ნაცვლად სიხარულისა, შეგემთხვია რაიმე მწუხარება, ისიც აქ აღუარე ღმერთსა შენსა. ყოველივე ღვთისაგან არის ძმაო ჩემო.

წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი(ქიქოძე)



უფალმა თქვა: „ნეტარ იყვნენ მგლოვარენი“ (მათე 5, 4); ხოლო მოციქული ამბობს: „მარადის გიხაროდენ“ (1 თეს. 5, 17) და „პატივის-ცემასა ურთიერთსა უსწრობდით“ (რომ. 12, 10). მითხარი: რომელი საქმე ერაცხება ადამიანს გლოვაში და რომელი მუდმივ მხიარულებაში? და შესაძლებელია თუ არ ორივეს - გლოვის და მხიარულების თანაარსებობა?
გლოვა ღვთისნიერი სევდაა, რომელსაც სინანული შობს; სინანულის ნიშნები კი: მარხვა, ფსალმუნთა გალობა, ლოცვა და ღვთის სიტყვის შესწავლაა. მხიარულება ღვთისნიერი სიხარულია, რომელიც სხვებთან შეხვედრისას წესიერად მჟღავნდება სახის გამომეტყველებასა და სიტყვაში. დაე, გულმა გლოვა შეინარჩუნოს, ხოლო სახემ და სიტყვამ შესაფერისი ხალისი.

წმ. ბარსანოფი დიდი და იოანე



მოუნანიებელი ადამიანი ყველაზე უგუნურია ამ ქვეყნად, არა მხოლოდ იმიტომ, რომ მუდამ სიმძიმე ადევს გულზე, რადგან არ ინანიებს, რომ გათავისუფლდეს ამ პატარა ჯოჯოხეთიდან, კიდევ უფრო უარესისკენ რომ მიაქანებს – მარადიული ჯოჯოხეთისკენ, - არამედ იმიტომაც, რომ მიწაზე სამოთხისეულ სიხარულს იკლებს, სიხარულს, რომელიც გრძელდება და სამოთხეში ღვთის სიახლოვეში უფრო მეტად ძლიერდება.


არაფერია იმ სიხარულზე ძლიერი ამ ქვეყნად, რასაც ღვთის სიყვარული ჰქვია, რომელიც ჯერ კიდევ ამ ცხოვრებაში საღვთო სათნოებებთან ერთად უხვად გვეძლევა ღვთის მოშურნე შვილებს, და რომლის მხოლოდ განცდაა შესაძლებელი და არა სიტყვებით გამოხატვა; მაგრამ უმეტესია ის სიყვარული, რომელსაც ღმერთი სამოთხეში გვიმზადებს და ამჟამად არ გვანიჭებს, რადგან მის დატევას ჩვენი თიხიერი გულებით ვერ შევძლებთ!


სიკეთე ღვთის ერთ-ერთი მრავალთვისებათაგანია, ამიტომ ყოველთვის სიხარულს გამოსცემს, ღრუბლებს ფანტავს, გულს ამშვიდებს – როგორც გაზაფხულის მზის სხივები, რომლებსაც მიწიდან ყვავილები ამოჰყავთ და გველებსაც კი ათბობენ ისე, რომ ისინიც მოძვრებიან თავიანთი ცივი სოროებიდან, რათა ღვთის სიკეთით მათაც გაიხარონ.



ანგელოზი, რადგან ანგელოზია, ყოველთვის განაფენს თავის ირგვლივ იმას, რაც მას გააჩნია: სიხარულსა და ზეციურ მხიარულებას, ხოლო ანგელოზის სახელით შენიღბული დემონი შფოთს აფრქვევს (იმას, რაც მას გააჩნია) ან ოდნავ აღელვებს გულს ხორციელად, რათა სული ხორციელი სიამტკბილობით მოხიბლოს და წარმოუდგენს თითქოს იგი სულიერი, ღვთაებრივი იყოს.

პაისი მთაწმინდელი



უზაკველობა, რწმენა და მორჩილება ბავშვური სულის თვისებაა, ამასთანავე უვნებლობა და სიხარული. მისთვის უცხოა ვერცხლისმოყვარეობა, ავხორცობა, მისი თვალები ავხორცობით არ არის ამღვრეული, მის სიხარულს საზრუნავი არ აშფოთებს. ვის შეუძლია ბავშვად გვაქციოს? - მხოლოდ ქრისტეს, სხვას არავის. პირადი მაგალითით, მოძღვრებით და სულიწმიდის მადლით მას ძალუძს ბავშვობაში დაგვაბრუნოს, ხელმეორედ გვშვას.


სიხარული ახალი აღთქმის ღვთაებრივი მელოდიის ძირითადი ტონალობაა. სიხარულის და მხოლოდ სიხარულის მომნიჭებელია მაცხოვრის სიტყვები და მისი სასწაულები ცათა სასუფევლის გამოცხადება და მისი აღქმა.



ჭეშმარიტებას და თავისუფლებას სიმშვიდე მოაქვს, მშვიდობის მატარებელი სული კი სიხარულს ასხივებს.


წმ. ნიკოლოზ სერბი(ველიმიროვიჩი)


თუ სიხარული შეგვემთხვევა, ვივარაუდოთ, რომ ჩვენგან შორს არაა მწუხარებაც; და თუ მწუხარება გვეწვია, ველოდოთ სიხარულის მოახლოებას. გამოიყენე ზღვაზე მოცურავეთა მაგალითი. როცა ქარიშხალი ატყდება, ისინი გადარჩენის იმედს არ კარგავენ, ტალღებს ეწინააღმდეგებიან, და მშვიდ ამინდს ელიან. ხოლო როცა სიმშვიდე დაისადგურებს, ქარიშხალს ელიან; ამიტომაც ყოველთვის ფხიზლად არიან, რათა მოულოდნელად ამტყდარმა ქარიშხალმა მათ მოუმზადებლებს არ მოუსწროთ და ზღვაში არ დანთქას.


წმ. ეფრემ ასური



ნუ მიაჯაჭვავ შენს გულს მიწიერ ცხოვრებას, იმიტომ, რომ იგი ხანმოკლე და არარაობაა მომავალ, მარადიულ ცხოვრებასთან შედარებით; იმისთვისაც, რომ მისი ეს მოკლე დინება მხოლოდ სიხარულით არაა აღსავსე, არამედ - მწუხარებებით, ზღვის ტალღების მსგავსად, სადაც ისინი ერთმანეთს ენაცვლებიან.


იმისათვის, რომ ქრისტიანული სწავლების ჭეშმარიტებაში დავრწმუნდეთ, ქრისტიანული ცხოვრება უნდა დავიწყოთ, ვინაიდან ქრისტიანული ცხოვრების წესი სულში მშვიდობასა და სიხარულს დაავანებს და ადამიანს, რომელმაც იგემა ის, აღარ სურს, განშორდეს მათ და მაცხოვრის მიმართ მიისწრაფის (ინ. 7.17).


იქნებ ჰქონიათ, რომ სიხარული გულში გარედან მოდის, შეხედე და ნახავ, რომ ის ცხოვრებას შიგნიდან აშუქებს, ოჯახის ქალი, რომელიც თავისი ოჯახის კეთილდღეობით არის დაკავებული, დაუღალავად შრომობს დედისა და დიასახლისის მოვალეობების ჩარჩოში, გართობაზე ფიქრისთვის ვერ იცლის, სამაგიეროდ მეურნეობის მართვა და ოჯახის გაძღოლა ჰარმონიით ავსებს მის გულს.



მწუხარებისას სასოწარკვეთილებაში კი არ უნდა ჩავვარდეთ და ვდრტვინავდეთ, არამედ პირიქით, გვიხაროდეს და ვმადლობდეთ უფალს, მის უსაზღვრო გულმოწყალების გამო, რომელმაც უდიდესი ცოდვების გამო უმცირესი სასჯელი მოგვივლინა და მცირეოდენი მწუხარებით მარადიულ სიხარულს გვიმზადებს.


უმჯობესია მისი მწუხარება, ვინც უსამართლოდ ითმენს, ვიდრე მისი სიხარული, ვინც უსამართლოდ ნეტარებს.


ნურასოდეს გაიხარებ ისე, რომ ამ სიხარულს მწუხარება მოჰყვეს; ნურასოდეს იქნები მწუხარე ისე, რომ ამ ნაღველისაგან მადლი არ მიიღო.


ზედმეტად არც სიხარულია საჭირო და არც მწუხარება, არც დრტვინვა, რადგან სიხარული და მწუხარება ცხოვრებაში არამარადიულია და ერთმანეთს მოსდევს.

სხვა მოძღვარი



ნუ გგონიათ რომ იგი წმინდა მადლი სხვის სიხარულით გახარებისა, და მაშასადამე, სხვის მწუხარებით მწუხარებისაც, ცოტა რამ იყოს. იგია პირველი ნიშანი დიდ-ბუნებოვანებისა, დიდკაცობისა, და მარტო რჩეულთა ამა ქვეყნისათა, მაგ მადლს ღმერთი კურთხევით უწყალობებს ხოლმე.


წმ. ილია მართალი



ადამიანური საქმეების ბედნიერი დინებაც ნუ წარმოშობს შენს სულში განუსაზღვრელ სიხარულს; მწუხარებაც ნუ დაამცირებს მის სიმხნევეს და ამაღლებულობას - წუწუნითა და წუხილით.

წმ. ბასილი დიდი



ჭეშმარიტი სიხარული უფლისგან მოდის და მხოლოდ მას მიეცემა, ვინც საკუთარ თავს გამუდმებით აიძულებს, რომ თავისი ნება უარყოს და ღვთის ნება აღასრულოს.

წმ. ანტონი დიდი





Комментариев нет:

Отправить комментарий