ღმერთი

ღმერთი

понедельник, 26 августа 2013 г.

ამპარტავნება – უდიდესი დაბრკოლება ჩვენი ცხონებისათვის.

ყოველგვარ ციებათაგან უარესი და საშიში ისაა, რომელსაც "მწვავეს" უწოდებენ, ვინაიდან ფარულად მიმდინარეობს და სწორედ ამიტომ იგი ჩვენი ჯანმრთელობისთვის ყველაზე სახიფათო მტერია. ასევე ყველა ვნებათა შორის, რომლებიც თითქოსდა ჩვენი სულის ციებ-ცხელებებია, ყველაზე საშიში ამპარტავნებაა, ვინაიდან იგი იმდენად დამანგრეველია, რამდენადაც ფარულად ბუდობს დასნეულებულ კაცში. მრავალი ადამიანი მიძინებული სინდისის გამო ვერც კი ხვდება, რომ ამპარტავანია, ისინი, პირიქით, პირდაპირ თვრებიან თავიანთი ამპარტავნებით; ეს მათთვის თითქოს რაღაც სამკაული და გვირგვინია. სწორედ ამიტომ უწინასწარმეტყველებს მათ ესაია წინასწარმეტყველი მომავალ უბედურებას: "ვაი, ეფრემის მემთვრალეთა სიამაყის გვირგვინს და მისი დიდებული მშვენების დამჭკნარ ყვავილს, ღვინით დალეულთა პოხიერი მინდვრის თავზე!" (ის. 28,1).

ამპარტავნება – უგუნური ვნებაა, რომელიც თუ ადამიანს დაეუფლება, შთააგონებს აზრს, რომ თითქოს ის ბევრად უკეთესია, ვიდრე – სინამდვილეში და რომ სხვები მასზე სწორედ იმას ფიქრობენ, რაც თავად ჰგონია. ამიტომაც, ამაყი ადამიანი საკუთარი თავის გარდა არავისზე ფიქრობს. როგორც ობობაა აბლაბუდის ცენტრში, ასევე ასეთი კაცი თავის თავს ყველაფრის სათავეში წარმოიდგენს. ისევე, როგორც ობობა ქსოვს ქსელს საკუთარი თავისაგან, ასევე ამპარტავანი ადამიანი, როდესაც ფიქრობს ან აკეთებს რამეს, საკუთარი თავი ყოველთვის ყველაფრის თაოსანი და საფუძველი ჰგონია. მსახურებს – პირუტყვებად, მათ უფროსებს კი – თავის მსახურებად მიიჩნევს; ნათესავებს ისე ექცევა, თითქოს არასდროს იცნობდა, თანამოქალაქეებს კი – როგორც მაწანწალებსა და გადამთიელებს. წმიდა წერილი შესანიშნავად გამოხატავს ამპარტავანი ადამიანის განწყობილებას მეფე ნაბუქოდონოსორის უგუნური სიტყვებით: "ეს ის დიდებული ბაბილონი არ არის, რომელიც მეფის სადიდებლად ავაშენე ჩემი ხელმწიფების ძალით ჩემი სიდიადის საქებრად?!" (დან. 4,27). ის თვითკმაყოფილება, რომლითაც იგი თავის სამეფოს განიხილავს, ნებისმიერი ამპარტავანი ადამიანისთვის სახიფათოა. ასეთი კაცი განსაკუთრებით დიდ ყურადღებას აქცევს იმას, თუ რა აცვია, - როგორც "ფარშევანგი შეისწორებს თავის ბუმბულს, როცა ბაბილონში სეირნობს".

და როგორც ნაბუქოდონოსორი იყო საკუთარი თავით აღტაცებული და სურდა, რომ მისით სხვებიც მოხიბლულიყვნენ, ასევე ყოველი ამპარტავანი კაცი ვერ ისვენებს, რომ მხოლოდ თვითონ იქებს თავის თავს, არამედ სურს, რომ მისით სხვებიც აღტაცებული იყვნენ და პატივს მიაგებდნენ; და თუ ვინმე ხოტბას არ ასხამს მას, ასეთ ადამიანს მტრად მიიჩნევს. ამპარტავან კაცს თავისი ნებისმიერი ღირსება და ტალანტი იმაზე მეტი წარმოუდგენია, ვიდრე – აქვს. როგორც იმ ღატაკს, რომელსაც გროშებს მისცემენ და ჰგონია, რომ ოქროს ფული მიიღო. ნაბუქოდონოსორის ამპარტავნება ამით არ დაკმაყოფილებულა, იგი უფრო შორს წავიდა. მან თავის ქება დაიწყო არა მარტო იმით, რაც სინამდვილეში არსებობდა, არამედ იმითაც, რაც თავადაც კარგად უწყოდა, რომ სიცრუე იყო. იგი ამტკიცებდა, თითქოს სწორედ მან ააშენა ბაბილონი, მაშინ როცა სინამდვილეში მან მხოლოდ მისი გალავანი აამაღლა და მეტი არაფერი; თავად ქალაქი კი სხვა მეფის აშენებული იყო.

გარდა ამისა, ამპარტავანი ადამიანები არა მხოლოდ თავიანთი საქმეებით ყოყოჩობენ, არამედ სიმართლეს აშკარა ტყუილში ურევენ, რათა უკეთ განადიდონ საკუთარი თავი და ყველას დაანახონ, რომ სხვებზე უკეთესნი არიან; ამასთან, ისინი იქამდე მიდიან, რომ საკუთარ ნაკლსაც კი ღირსებად წარმოაჩენენ. და როგორც უგუნური ნაბუქოდონოსორი ამაოდმეტყველებდა დიდებულ საქმეებზე, თითქოსდა საკუთარი ძალებით აღასრულა ისინი, ასევე ამპარტავანი ადამიანები, უგუნურების გამო, მიიჩნევენ (რაც თავადვე ამხელს მათ), რომ თავად მიაღწიეს იმ სიკეთეს, რაც მათშია, ღვთის წყალობას კი არაფრად დაგიდევენ. მათ, შესაძლოა, არა სიტყვით, არამედ საქმითაც დაივიწყეს ნაბუქოდონოსორის უაზრო სიტყვები და თვითდაჯერებულად სწამთ საკუთარი ძალების, განსაკუთრებული შრომისმოყვარეობისა და გულმოდგინების.

ენით აღუწერელია ის სულიერი სიცარიელე, რაც ადამიანში ამპარტავნების გამო ისადგურებს. აი, დაუფიქრდი: ყველაზე დიდი ბოროტება, რაც კი სამყაროშია, ცოდვაა, ყველაზე დიდი სიკეთე კი – ღვთაებრივი მადლი. სიამაყე კი – ყოველგვარი ცოდვის ფესვია, იგი ღვთის მადლს უპირისპირდება და უდიდეს ბოროტებას გვაყენებს. იგი მომაკვდინებელ ცოდვათა შორის ყველაზე უარესია, ვინაიდან ადამიანს ნებისმიერი ცოდვისაკენ ადვილად უბიძგებს. როგორც გველი, თუკი შეძლებს სოროდან თავის გამოყოფას, მაშინ მის კვალდაკვალ მთელი სხეულიც გამოძვრება, ასევე ამპარტავნებასთან ერთად – მის კვალდაკვალ ადამიანში შედის ყველა შესაძლო ბოროტება, რასაც სულიწმიდა გვამცნობს ზირაქის მეშვეობით: "უფალმა ძირფესვიანად ამოძირკვა ხალხები და მათ სანაცვლოდ მორჩილნი დააფუძნა" (ზირ. 10,15).
ქრისტიანის გულში ერთად ვერ იქნება ქრისტე და ამპარტავნება. როცა ერთია, მაშინ შეუძლებელია, იყოს მეორე, და – პირიქით. სწორედ ამიტომ ეუბნებოდა უფალი ფარისევლებს, რომ როდესაც ისინი ერთმანეთისგან ადამიანურ დიდებას ეძიებენ, ვერ გახდებიან ღირსნი იმისა, რომ ირწმუნონ უფალი: "ვითარ უკუე ხელ-გეწიფების თქუენ რწმუნებად, რამეთუ დიდებასა ურთიერთას მიიღებთ და დიდებასა მხოლოისა ღმრთისასა არა ეძიებთ" (ინ. 5, 44). ამ სიტყვებიდან ჩანს, რომ როგორც კი ადამიანის სულში შევა დიდებისმოყვარება, მაშინვე გაქრება რწმენა. რაოდენ საშინელია, რომ ადამიანი მუდამ დაიტანჯება იმის გამო, რომ მოიძულა ღვთის სჯული და მის მაგივრად დროებითი დიდება შეიყვარა.

და აი, ძმაო ჩემო, სადამდე შეიძლება დახვიდე, თუკი ამპარტავნებით იხელმძღვანელებ. თავიდან შენი სული უწმიდურებით და ვნებებით აივსება, შემდეგ კი, როგორც უწმიდური ნერწყვით აღსავსე ბაგე იწვევს თავბრუსხვევას, ასევე ამპარტავნების ვნებით აღსავსე სინდისიდან მომდინარეობს რწმენაში დაეჭვება, განსაკუთრებით კი სამოთხისა და ჯოჯოხეთის სწავლებაში – შენ უკვე ამას გამოგონილად ჩათვლი. ღვთაებრივი მადლი ებრძვის ამპარტავნებას, დაუფიქრდი ამას. და იმისათვის, რომ ამ ბრძოლაში ჩვენც შევძლოთ მონაწილეობის მიღება, აუცილებელია, რომ უფალმა თავისი მადლით განგვამტკიცოს. მან თავად ასე ბრძანა: "თვინიერ ჩემსა არარაი ძალ-გიც ყოფად არცა ერთი" (ინ. 15,5). პავლე მოციქულიც ამბობს: "ღმერთი არს, რომელი შეიქმნს თქუენ თანა ნებასაცა და შეწევნასა სათნოებისათვის" (ფილ. 2,13). აქედან ჩანს, რომ სწორედ ღმერთი იწყებს და აღასრულებს ჩვენში ნებისმიერ კეთილ საქმეს. ადამიანს კი არა მარტო არ შეუძლია მისი დასრულება, არამედ რაიმენაირი კეთილი საქმის წამოწყებაც კი არ ძალუძს, თუკი გადაწყვეტს, რომ მადლის შემწეობის გარეშე იოლად გავიდეს. თუ ცხონება გვსურს, მაშინ მთელი ჩვენი სულიერი ძალებით უნდა გვიყვარდეს უფალი და სათნოებანი. ნუ დაგვავიწყდება ძმანო, რომ ამპარტავნება ხელს უშლის მადლის შემოსვლას ჩვენს გულებში და თუ იგი მაინც შემოაღწევს, მაშინვე გაძევებული აღმოჩნდება.

ისეთი ადამიანი, რომელიც თავიდან ღვთის წინაშე სათნოებებით იყო მდიდარი, თუ დაუშვებს, რომ ამპარტავნება შევიდეს მის გულში, მაშინვე გაღატაკდება იმ ფარისეველის მსგავსად, რომელიც მეზვერესა და ფარისეველის შესახებ სახარებისეულ იგავშია მოხსენიებული. ასეთი ამპარტავანი კაცი იმ მტრედს ჰგავს, რომელიც მზეზე ზის და თავისი სისუფთავითა და ჭრელი ბუმბულით ხარობს, მაგრამ, აი, მოულოდნელად მას თავს ესხმის ქორი და კლავს. ასევე ის, ვინც თავისი სათნოებებით ყოყოჩობს, მაშინვე მიიტაცება გონიერი ქორის – ეშმაკის მიერ. "ცხონება ადამიანისათვის ადვილიცაა და ძნელიც, ვინაიდან ჯერ თუ სიმდაბლის გამო სამოთხისკენ აღიყვანება, ერთი წუთის შემდეგ კი – თავს ჯოჯოხეთის სატანჯველში იგდებს თვითდაჯერებულობისა და ამპარტავნების გამო".

იყავ გონიერი, ძმაო ჩემო, და სიხარულით მიიღე რჩევა, რომელსაც სულიწმიდა გაძლევს: "გულით ნუ ამაღლდები" (ტობ. 4,13). ნუ დაუშვებ, რომ ამპარტავნება დაგეუფლოს – არც შინაგანი, შენი გულის სიღრმეში და არც გარეგნული – შენს საქმეებში, ვინაიდან იგი წარმოშობს ყოველივე იმას, რაც ბოროტია ამქვეყნად, ვინაიდან "ამპარტავნებაშია დაღუპვა და უდიდესი უწესრიგობა". ამგვარად, დაიმდაბლე თავი და შეძლებ, რომ უკვე აღარ გეშინოდეს დაცემის, რადგან უფალი ყოველთვის შენს გვერდით იქნება.


წმ. ნიკოდიმოს მთაწმინდელი


Комментариев нет:

Отправить комментарий