ღმერთი

ღმერთი

воскресенье, 25 августа 2013 г.

ეკლესიაში მოცინართა და მოსაუბრეთათვის.

ჭეშმარიტი ქრისტიანისთვის ტაძარში ყოველი მისვლა დღესასწაულის ტოლფასი უნდა იყოს. ეკლესიის სწავლების მიხედვით, ღვთის ტაძარში მისვლით განსაკუთრებულად იკურთხება და წარემართება ქრისტიანის ყველა კეთილი წამოწყება, ამიტომ უნდა ვეცადოთ, რომ ამ დროს სულიერად მშვიდად ვიყოთ, რაც ხშირად, ჩვენი თუ სხვისი მიზეზით, ვერ ხერხდება. იმის ნაცვლად, რომ ვიმდაბლებდეთ საკუთარ თავს, ვაწყდებით გაუთავებელ საუბრებს. ვერ ვაცნობირებთ, რომ ჩვენ უბრალოდ ეკლესიაში კი არ მივდივართ, არამედ – ქრისტესთან, რომელიც მადლს გვანიჭებს. აი, რას გვასწავლის წმიდა იოანე ოქროპირი ეკლესიაში მოცინართა და მოსაუბრეთა შესახებ:

რა უკეთურებას ვხედავ ახალგაზრდებში? რა მცონარებას ხანდაზმულებში? არავინ ზრუნავს, როგორც ჯერ-არს საკუთარ შვილზე, არავინ იჩენს საღვთო მოშურნებას, მიბაძონ ბერს. ვისთვისაც შეიძლება მიებაძათ, თითქმის აღარ არიან, ამიტომაც აღარ შეიძლება გიკვირდეს ახალგაზრდებისა. მაგალითად: ეკლესიაში ლოცვა მიმდინარეობს, ყველანი ცივად სხედან – ახალგაზრდებიცა და ხანდაზმულნიც, უფრო ნასხლეტნი, ვიდრე ახალგაზრდები, იცინიან, ხარხარებენ, ლაპარკობენ, – რამეთუ ესეც მხსნელია, ერთიმეორეს დასცინიან, როცა მუხლებზე დგანან; შენ, ახალგაზრდა ხარ თუ მოხუცი, როცა აქ დგახარ და ხედავ, შეაჩერე, მკაცრად გაკიცხე, დიაკონს უხმე, დაემუქრე, გააკეთე შენი საქმე; და თუკი გაკადნიერდება, რაიმე მოიმოქმედოს შენს წინააღმდეგ, მაშინ, რა თქმა უნდა, მრავალი შეგეშველება. რამეთუ ვინ უგუნური იქნება, რომ ხედავს რა, როგორ კიცხავ ამისთვის, არ დაგიჭირონ მხარი? თუ ასე მოიქცევი, მაშინ ლოცვისთვის დაჯილდოებული წახვალ სახლში.

ბატონის სახლში იმ მოსამსახურეებს ვთვლით უგულმოდგინესად, რომელნიც არც ერთ ნივთს არ ტოვებენ უწესრიგოდ. მითხარ მე: ვერცხლის ჭურჭელი რომ გენახა გადაგდებული, განა შინ არ შეიტანდი, რომც არ გევალებოდეს? უწესრიგოდ დაყრილი ტანსაცმელი რომ ნახო და არ გევალებოდეს მასზე ზრუნვა, თუნდაც მტერი იყო მისი, ვისაც მოვლა აქვს დავალებული, განა ბატონისადმი კეთილგანწყობის გამო არ მოაწესრიგებდი? ასეა ამჟამადაც. ესენი – ჭურჭელი არიან; თუკი უწესრიგოდ მდგომარეთ ხედავ, მოაწესრიგე; ჩემთან მოდი და უარს არ გეტყვი; მე მითხარ, გამომიცხადე; ყველაფრისთვის თვალის მიდევნება არ ძალმიძს, მაპატიეთ. ხედავთ თქვენ, როგორი ურჯულოება გაბატონებულა ქვეყანაზე.

უმიზეზოდ როდი მითქვამს, რომ ჩვენ თივის ზვინი ვართ, უწესრიგო ზღვა. იმას არ ვამბობ, რასაც ისინი აკეთებენ, არამედ იმაზე ვსაუბრობ, რომ აქ მომავალნი ძილს ეძლევიან და ამასაც კი არ გამოასწორებენ. კვლავაც ვხედავ, რომ ერთნი ფეხზე მდგომნი ლაპარაკობენ, როცა ლოცვა აღესრულება, ხოლო სხვები, კიდევ უფრო მოურიდებელნი, არათუ ლოცვის ჟამს, არამედ მაშინაც საუბრობენ, როცა მღვდელი აკურთხევს. ჰოი, კადნიერებავ! ხსნა როდისღა იქნება? ღმერთს როდის ვჰყოფთ მოწყალეს? თამაშობების ადგილზე თუკი მიხვალ, დაინახავ, რომ ყველას კეთილწესიერად შეუდგენია გუნდი და არაფერია არეულ-დარეული. როგორც ქნარში, სხვადასხვა – გვარისაგან (სიმღერა) რომაა შედგენილი და იმავ დროს შეწყობილისაგან, თითოეული შემადგენელი ნაწილისაგან ერთი კეთილხმოვანი ტონი წარმოიქმნება, ზუსტად ასევე, აქაც ყველასაგან ერთი მწყობრი თანხმობა უნდა მიმდინარეობდეს. რამეთუ ჩვენ ერთ ეკლესიას შევადგენთ, ერთი თავის (ქრისტეს – მთ.) მწყობრად შედგენილი წევრები, ყველა ჩვენ – ერთი სხეული ვართ; თუკი ერთ რომელიმე წევრს დავტოვებთ უყურადღებოდ, მაშინ მთელი სხეული, იხრწნება. ასე, ერთის ურიგობით ირღვევა ყველას კეთილწესიერება.

მართლაც საზარელია! შენ ხომ აქ ცეკვა-თამაშისთვის, თავშექცევისათვის არ მოდიხარ, უწესოდ რომ იქცევი? განა არ იცი, რომ ანგელოსებთან ერთად დგახარ? მათთან ერთად გალობ, მათთან ერთად აღავლენ ქებას – და აქ მყოფი იცინი? გასაკვირია, როგორ არ ეცემა მეხი არამარტო მათ, არამედ ჩვენც! რამეთუ ამგვარი ქცევა ღირსია მეხის დაცემისა. დგას მეფე (ქრისტე- მთ.), იმზირება მხედრობა (ზეციური მხედრობა, ანგელოსები-მთ.), შენ კი მათ თვალწინ იცინი, ან აჩუმებ მოცინარს? მაგრამ როდემდე უნდა ვამხილებდეთ? როდემდე უნდა ვკიცხავდეთ? განა არა ჯერ-არს ასეთები, როგორც ჭირი, როგორც გამხრწნელნი, როგორც ბოროტმოქმედნი, გარყვნილნი და უამრავი ბოროტებით აღსავსენი, ეკლესიიდან გავაძევოთ? ეგოდენ საზარელ ჟამს როდისღა შეიკავებენ თავს სიცილისაგან მცონარნი? როდის დადუმდებიან ამაოდმეტყველნი კურთხევის ჟამს? ნუთუ არ რცხვენიათ აქ მყოფებისა? ნუთუ ღმერთის არ ეშინიათ? ჩვენთვის საკმარისი არაა სულიერი უყურადღებობა, არ არის საკმარისი, რომ ლოცვისას აზრით აქეთ-იქით დავეხეტებით, ვიცინით და ვხარხარებთ! განა აქ სანახაობაა?

თუმცა, ვფიქრობ, ამას სწორედაც რომ სანახაობები იქმან: მრავალი ურჩი და უწესრიგო მათი გამოზრდილია. რასაც ჩვენ აქ აღვაშენებთ, იქ ინგრევა; და არა მარტო ამით, არამედ მრავალი სხვა არაწმინდებითაც ივსებიან ისინი იქ. და ხდება იგივე, ვინმეს მინდვრის გაწმენდა რომ მოესურვებინა, ხოლო წყაროს კი ზევიდან ისევ ტალახი გადმოეღვარა; განწმენდ, ისევ თავისას სჩადის წყარო. იგივე ხდება აქაც. ჩვენც ვწმენდთ სანახაობებიდან მოსულთ და არაწმინდების მომტანთ, ისინი კი ისევ იქით მიეშურებიან რა, კიდევ უფრო მეტი არაწმინდებით ივსებიან, თითქოსდა განზრახ იმისათვის ცხოვრობენ, რათა შრომა შეგვამთხვიონ და ბრუნდებიან კვლავაც დიდად შესვარულნი ზნეობაში, მიმოხვრაში, სიტყვებში, სიცილში, უდებებაში. შემდეგ ჩვენ კვალად ვწმენდთ, თითქოსდა განზრახ იმისათვის ვასუფთავებთ, რათა გავუშვებთ რა სუფთებს, კვლავაც ტალახში ამოსვრილები ვნახოთ. ამიტომ მიგანებებთ თქვენ ღმერთს. და თქვენ კი, ჯანსაღთ, ამიერიდან აღგითქვამთ, რომ სამსჯავრო და განკითხვა არ აგცდებათ, ვინც თვალს მოჰკრავთ წესრიგის დამრღვევსა და მოლაპარაკეს, განსაკუთრებით ასეთ დროს და არ გააჩერებთ მას, არ გამოასწორებთ. ეს ლოცვაზე უმეტესია. დატოვე შენი ლოცვა და შეაგონე; მაშინ მასაც სარგებლობას მოუტან და შენც შენაძენი გექნება. ამრიგად, ჩვენ ყველა შევძლებთ ხსნას და ცათა სასუფევლის დამკვიდრებას, რომლისაცა ღირს-ვიქმნეთ მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესუ ქრისტესითა, რომლისა თანა ჰშვენის მამასა და სულიწმიდითურთ დიდება, პატივი და თაყვანისცემა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.’’

მოამზადა თეონა ნოზაძემ


http://www.ambioni.ge/eklesiasi-mocinarta-da-mosaubretatvis


Комментариев нет:

Отправить комментарий