ღმერთი

ღმერთი

суббота, 24 августа 2013 г.

ადამი და ევა.

ჩვენ მეტი მოვიხვეჭეთ ქრისტეში, ვიდრე - დავკარგეთ ადამში.


ადამმა ღმერთად გახდომა მოისურვა, მაგრამ ისიც დაკარგა, რაც უფლისგან ჰქონდა ნაბოძები.


რას უწოდებენ წმ. მამები ცხოვრების ხეს?
ცხოვრების ხე არის ღვთის სიყვარული, რომლისგანაც დაეცა ადამი.


სამოთხის მცნება კაცს იმისთვის მიეცა, რომ მისი თავისუფალი ნება გამოცდილიყო. უფლის მორჩილების შემთხვევაში იგი იმაზე მეტს მიიღებდა, ვიდრე მანამდე ფლობდა, ანუ კიდევ უფრო დიდ ზნეობრივ სრულყოფას მიაღწევდა.


პირველმამის, ადამის სახით კაცმა დაკარგა მშვიდობა ღმერთთან. მშვიდობა მოყვასთან დაარღვია ადამის ძე კაენმა, თანამედროვე ადამიანი კი მოსწყდა ბუნებას; ყოველივე ამის შედეგად დავკარგეთ შინაგანი მშვიდობა, ცნობილი ქართველი მწერალი და საზოგადო მოღვაწე სულხან-საბა ორბელიანი ამბობს: "სადა არა არს ამბოხებაჲ, ბრძოლა და ტაცებაჲ, მუნ არს მშვიდობაჲ".


ადამის ძეთა ბუნება მიისწრაფის ამაღლდეს გრძნობადიდან სულიერამდე, მსგავსად იმისა, ზოგჯერ თევზი წყლიდან რომ ზეცას მიელტვის: მაგრამ როგორც ადვილად და სწრაფად ვარდება თევზი წყალში, ასევე სწრაფად ვეფლობით გრძნობადში. მხოლოდ ქრისტეს მადლმოსილი ძალით შეუძლია გადაჭრით აამაღლოს, განაახლოს, ხელახლა შობოს და მისცეს მას მარადიული სულიერი მიმართულება.


რატომ არ მიეცა ადამს სამოსელი შექმნისთანავე?
სხვა შესამოსელი იყო გამზადებული ადამისთვის, მას რომ სათნოება დაემარხა – ღვთის მადლით შექმნილი მადლის სამოსელი, როგორიც მოსიათ ანგელოზებს... რომელთა გამობრწყინება სურდა ადამიანზე ღმერთს. ამიტომ არ მისცა შექმნისთანავე ადამიანს შესამოსელი, შენახული ჰქონდა სათნოებათა საზღაური და მიიღებდა თავის დროზე.


ღმერთმან შექმნა წინაპარი ჩვენი ადამი და შეხედა რა, რამეთუ ადამისი არა იპოვებოდა მსგავსი მისი შემწე, ბრძანა: „არა კეთილ არს ყოფად კაცი მარტო, ვჰქმნეთ მისა შემწე მისებრ“ (შესაქ. 2. 19), და ამისა მერმეთ ღმერთმან შექმნა ევა მზგავსად და ხატად კაცისა და შემწედ მისა. აჰა საფუძველი ქალთა მნიშვნელობისა და მოვალეობისა. აჰა წყარო, რომლისგან მომდინარეობს ყოველი მათი თანამდებობა და ყოფაქცევა.


გარნა რით იყო შესანიშნი და კაცის გულის მიმზიდველი ედემი? ნუთუ მხოლოდ გარეგანი მოხდენილობა, მარტო საამური შეხედულება და საოცნებო განწყობილება შეადგენდნენ ედემის უმაღლეს მშვენებას? არა, ედემი ძვირფასი და სანატრელი იყო პირველი კაცისთვის იმითი, რომ იქ ეცხადებოდა მას ცისა და ქვეყნის განჩენ-დამბადებელი ღმერთი და პირისპირ, გულშემატკივარი მამის მსგავსად ასწავლიდა, სწვრთნიდა მას სიკეთეში. აი, უმაღლესი მშვენიერება სამოთხისა, აი უმთავრესი ღირსება მისი.


საერთოდ, ღმრთის ყველა ქმედებას მხოლოდ სიყვარული განაპირობებს.
ადამის და ევას სამოთხიდან გამოძევების მიზეზიც სიყვარულიდან მომდინარეობს. მათ ღმერთის ყოვლისმომცველ სიყვარულში შეეპარათ ეჭვი და რადგან შემოქმედის მცნება დაივიწყეს და ეშმაკს დაუჯერეს, ისინი საკუთარი ნებით მოაკლდნენ საღმრთო სიყვარულს, რაც უფალთან მათ ერთობას განაპირობებდა; ხოლო დაცემულ მდგომარეობაში მყოფნი უკვდავების ხის ნაყოფის შეჭმით მარადიულად რომ არ წარწყმედილიყვნენ, უფალმა თავისი სამყოფლისაგან განარიდა.


როგორი ურთიერთდამოკიდებულება იყო დამყარებული ღმერთსა და ადამიანს შორის? ადამიანის სულს თავისი საზრდო უნდა ეპოვა ღმერთში, და ღვთით ეცხოვრა, ხოლო ადამიანის სხეული უნდა დაქვემდებარებოდა სულს, - ასეთი იყო ადამიანის უკვდავი ბუნების თავდაპირველი სახე.
კარგავს რა ღმერთს, ადამიანის სული იწყებს საზრდოობას თავისივე ფიზიკური სხეულით, საიდანაც წარმოდგებიან ვნებები, ხოლო სხეული, რომელიც იძულებულია გარე სამყაროში - უსულო და მკვდარ მატერიაში - ეძიოს საზრდო, შედეგად მხოლოდ სიკვდილს პოულობს და ადამიანის სრულყოფა ირღვევა.


რატომ აღმოაცენა ღმერთმა ხე „ცნობადისა კეთილისა და ბოროტისა“ და რატომ უბრძანა ადამს არ ეჭამა მისგან, ხომ შეეძლო ამის გარეშც მიენიჭებინა უკვდავება მისთვის?
ადამიანისთვის სასარგებლო არ იქნებოდა, თუკი ის გამოუცდელი, საცდურისაგან გამოუწვრთნელი მიიღებდა უხრწნელებას, რადგან იგი სხვნაირად ამპარტავნებას დაემონებოდა და ეშმაკის მსგავს გმობას მიემთხვეოდა. ამიტომ აუცილებელი იყო ადამიანი ჯერ საცდურს სწეოდა. რადგან გამოუცდელი მამაკაცი არასრულყოფილია. საჭირო იყო გამოცდის გზით ადამიანს მიეღწია სრულყოფილებისათვის და ამგვარად მიეღო უკვდავება.


ნეტარი ავგუსტინე პირველი ადამიანის ზნეობაში ორ მდგომარეობას გამოყოფდა: "უცოდველობის შესაძლებლობას" და "ცოდვის შესაძლებლობას". მისი განმარტებით, სამოთხის მკვიდრთა "უცოდველობის შესაძლებლობის" მდგომარეობა გამუდმებული სიკეთის ქმნადობით უნდა გადაზრდილიყო "ცოდვის შეუძლებლობაში", მაგრამ ყოველივე ეს მოისპო ადამ და ევას მიერ ღვთის მცნების დარღვევის გამო.
თუ პირველ ადამიანს შეეძლო "უცოდველობის შესაძლებლობის" "ცოდვის შეუძლებლობამდე" ამაღლება, ჩვენ იესო ქრისტეს მეოხებით მოგვენიჭა ცოდვილი მდგომარეობიდან სულიერი განწმედით "უცოდველობის შესაძლებლობამდე", ანუ სამოთხის ადამამდე ამაღლების საშუალება.


რა ძალა გვიბიძგებს ცოდვის ჩადენისას თავის მართლებისაკენ?
ცოდვა ბოროტებაა; მაგრამ კიდევ უფრო დიდი ცოდვაა ამ დროს თავის მართლება. სწორედ ესაა ეშმაკის იარაღი. ასე იყო პირველქმნილ ადამიანებთან: მაშინ, როდესაც ადამს უნდა ეღიარებინა ჩადენილი ცოდვა, მან ცოლს დასდო ბრალი; ევამ კი, თავის მხრივ – ეშმაკს. სინამდვილეში კი ასე უნდა ეთქვათ: შევცოდეთ. მათ კი არა თუ აღიარეს, არამედ თავის მართლებაც კი დაიწყეს. რამეთუ სატანა, რომელმაც იცის, რომ ცოდვის აღიარება მისგან გათავისუფლებაა, სულს ურცხვი სიჯიუტისაკენ უბიძგებს. შენ კი, როდესაც შესცოდავ, თქვი: მე ვცოდე. ასეთ გამართლებაზე სამართლიანი არაფერია, მხოლოდ ასე მოიპოვებ ღვთის წყალობას.


რატომ გამოვარდა ადამი სამოთხიდან?
ოდესღაც ადამი ზეცაში იმყოფებოდა, არა ხორციელად, არამედ სულიერად, გონებით. როცა სულიერი გახდა და აიხედა ზეცაში, ნანახით გამხიარულდა, უფრო მეტად შეუყვარდა ის ქველმოქმედი, რომელმაც მიანიჭა საუკუნო ცხოვრების ფუფუნება, განუსვენა სამოთხის სიკეთეებში, მისცა ანგელოზთა დარი პატივი, მთავარანგელოზთა თანამოზიარე გახდა და საღმრთო ხმის მსმენელი. ამ ყველაფერზე დაამტკიცა რა ღმერთმა და იშვებდა, ადრე გაძღა და სიმაძღრის გამო, როგორც კი შეურაცხყო და პატივი საცნაურზე (უხილავზე) მეტად ხორციელი თვალით ხილულ მშვენიერებას მიაგო და მუცლის სიმაძღრე მტკიცე სიკეთეს ამჯობინა, მაშინვე განიდევნა სამოთხიდან და სანატრელი ცხოვრებიდან.



ძველ აღთქმაში ღვთისაგან ადამიანისთვის ბოძებული შეუფასებელი სიმდიდრე სამოთხე იყო, რომელშიც იგი ღვთის მოწყალებით ცხოვრობდა, მაგრამ ადამიანმა ვერ შეიფერა ეს საოცარი საჩუქარი და იგი თავისი ყოფის აუცილებლობად და უფლებად მიიჩნია, რის გამოც ამპარტავნებით შეპყრობილი, მწარედ დაისაჯა. გაძევებული ადამიანის ცხოვრება იმდენად დასცილდა თავის პირველ მდგომარეობას, რომ სამოთხისეულ ყოფასთან შედარებით მისი მდგომარეობა სრულიად მიუღებელი გახდა; ამიტომაც კაცთათვის გაქრა და დაიფარა ედემი და იგი ზეცაში იქნა გადატანილი. ადამიანის სამყოფელად კი იქცა მიწა, სადაც ბუნებაცა და ცხოველებიც პირველქმნილი ცოდვის ბეჭდით დაიდაღნენ.
სამოთხე დაიკარგა და ძველი სახით მისი დაბრუნება შეუძლებელი გახდა. მიწიერმა ედემმა ადამიანის სულში გადაინაცვლა და ზეციური სამშობლოს ანარეკლად იქცა. ამიტომაც უგუნურებაა საზოგადოების ნაწილის დაუსრულებელი მცდელობა, ხელოვნურად შექმნან სამოთხე დედამიწაზე. რამდენი რევოლუცია ახსოვს კაცობრიობის ისტორიას, მაგრამ ყოველი მათგანი წარუმატებელი იყო. ეს ასეც უნდა მომხდარიყო, რადგან ადამიანის ბუნების დაცემამ ისეთი მასშტაბური სახე მიიღო, მიწიერ სამოთხეზე ფიქრიც კი დაუშვებელია და თუ მსგავსი მსჯელობა მაინც სადმე თავს იჩენს, ის აუცილებლად გულისხმობს "სამოთხეს", ოღონდ უღმერთოდ.
ნამდვილი სამოთხის კარი კი, არა თვითდამკვიდრების მოსურნე ადამიანის წყალობით გაგვეღო, არამედ ამქვეყნად ჩვენი ხსნისათვის განხორციელებული ღმერთის, იესო ქრისტეს თავგანწირული სიყვარულის წყალობით.





Комментариев нет:

Отправить комментарий