ღმერთი

ღმერთი

суббота, 5 октября 2013 г.

სინდისი.

ყოველ ჩვენგანში რაც დაფარულია, იცის ღმერთმა და სინდისმა. ამიტომ, სწორედ ამათგან მივიღოთ გამოსწორება.


ადამიანი ადამიანობს მარტო პატიოსნებით და ნამუსითა, და ვინც ეს იცის, იმისათვის შებღალვა ან ერთისა ან მეორისა ყოველს დანაკლისზედ უმძიმესია, ყოველს მწუხარებაზედ უდიდესი მწუხარებაა.(ილია ჭავჭავაძე.)


ღატაკია ის მსაჯული, რომელიც ენითა და კალმით განსჯის ადამიანებს, თვითონ კი განუწყვეტლივ მხილებული და განსჯილია საკუთარი სინდისისგან.


ვინც საკუთარ სინდისს არ იკვლევს, სარგებელს ვერც სასულიერო საკითხავიდან და ვერც ბერ-მონაზვნების რჩევა-დარიგებიდან მიიღებს. მას არც საღვთო მცნებების დაცვა ძალუძს, რადგან უგრძნობელი ხდება.


ღვთისა და სინდისის წინაშე ნაკადულივით გამჭვირვალე იყავი, მაგრამ მანკიერსა და ბოროტს შენს სულში ჩახედვის საშუალებას ნუ მისცემ; უზნეოს მზერა სულს აბნელებს.


ნუ იქნები ორენოვანი, რომ სხვაგვარად წარმოჩნდებოდე სიტყვით და სხვაგვარად – სინდისით, რადგან ამგვარ ვინმეს წყევლის ქვეშ დაადგენს წერილი (ზირ. 28.18).


ვინც სინდისს თვალს ვერ უსწორებს (ე.ი. ვინც სინდისის ჭვრეტაში მტკიცე ვერ არის), ვერც სხეულებრივ სიძნელეებს დაითმენს კეთილმსახურების გამო.


ნუ ხარ მზაკვარი წინაშე სინდისისა შენისა; ნუ ამართლებ, ანუ აპატიებ თავსა შენსა ცოდვასა და უღირსებასა შენსა; არამედ გულწრფელად აღუარე ღმერთსა, რათა განანათლოს ლოცვითა გული შენი და შეგატყობინოს შენ შენი უღირსება.

სინდისი ანუ ნამუსი აღარ იყო საკმაო დაცემულისა კაცისათვის, რათა ეცნა მას ღმერთი და ჯეროვნად ემსახურა მისთვის. ამისთვის ღმერთმა გამოგვიცხადა ჩვენ ჭეშმარიტი სარწმუნოება და მოგვცა დიდი დაუფასებელი ნიჭი სახარებისა.


ყველაზე ხშირად დიდება ბედნიერებაზე იყიდება, სიამოვნება - ჯანმრთელობაზე, დიდებულთა მოწყალება - დამოუკიდებლობაზე, ფული - სინდისზე. სიმდიდრეს სიმშვიდეს ვწირავთ, პატიოსნებას - სიმდიდრეს, და ისევ სიმშვიდეს - პატიოსნებას.


ზოგჯერ ღმერთი იძულებულია, ადამიანს წაართვას ჯანმრთელობა, ქონება და სხვა სიკეთეები, როდესაც მათი მფლობელი ადამიანი არც სინდისის ყვედრებას ისმენს, არც სჯულის ქადაგებას და ამ ყოველივეს თავის საზიანოდ შეატრიალებს.


ქრისტიანობა იმისათვის არ გაცხადებულა, რომ ახალი ცივილიზაცია გაებატონებინა. მოვიდა იმისთვის, რომ კაცობრიობისთვის ახალი რელიგიური სული შთაებერა, განეწმინდა და განეცხოველებინა ადამიანური სინდისი.
სრულყოფილ ქრისტიანულ სულს ძალა შესწევს იარსებოს როგორც ყოველგვარი ცივილიზაციის გარეშე, ასევე მსოფლიო ცივილიზაციის მსხვილ ცენტრებში.


უძლიერესი ქვეყნიერებაზე თურმე მდაბალი ყოფილა – ის თვითონაც იმარჯვებს და თავისი მსუბუქი სინდისის მეშვეობით სხვათა უამრავ სიმძიმესაც ეზიდება. მართალია, სხვების შეცოდებებისათვის – რომლებსაც იგი სიყვარულით ითავისებს – სხვათა უგულისხმოებასა და უსამართლობას განიცდის, მაგრამ შინაგანად უდიდესი სიხარულის შეგრძნება აქვს, რამეთუ შეძლო ამაო წუთისოფელი უგულებელყო.


ვინც წიგნი იცის, მას აქვს ორი ტალანტი: სინდისსა მისსა მოეხმარება განათლება და სწავლა; ხოლო უკეთუ ვისმე წიგნი არ უსწავლია, მან უნდა ისარგებლოს ერთითა მხოლოდ სინდისითა თვისითა; უკეთუ უსწავლელმა კაცმა სინდისიცა თვისი დააბნელა, აღარ დარჩება მას არც ერთი საშუალება, რომლითა შეეძლოს ცნობა და გარჩევა კეთილისა და ბოროტისა.



რა არის სინდისი?
როცა ღმერთმა ადამიანი შექმნა, ჩადო მასში წმინდა, მხურვალე, განათლებული და ნაკვერჩხლის მსგავსი გულისთქმა, რომელიც გონებას განანათლებს და ბოროტს კეთილისაგან განარჩევს. ადამიანებმა ცოდვათა ჩადენით დათრგუნეს იგი. როცა გვამხელს სინდისი და გვეტყვის – ეს გააკეთე, მაგრამ არ მოვუსმენთ, და ისევ გვეტყვის და უგულებელსვყოფთ მის რჩევას, დავთრგუნავთ მას და ვეღარ შეძლებს ჩვენს მხილებას. არ არის ადამიანი, ვისშიც არ იყოს სინდისი; წმინდაა იგი და ყოველთვის სიკეთეს გვასწავლის, მაგრამ ჩვენ ჩვენი უგრძნობელობის გამო არ გვესმის მისი და ვახშობთ მას.


ამსოფლიური სული, სამწუხაროდ, მუდმივად წვრთნის ადამიანთა გონებას მზაკვრობაში, და ისინი, როცა თანამოძმეებს შეურაცხყოფენ, თვლიან, რომ ამით წარმატებას მიაღწიეს, და ამავე დროს საკუთარ თავზე ესმით: "როგორი მოხერხებულია! ისე, როგორც ეშმაკი", - თუმცა, ამასთან, სინდისის შინაგანი ქენჯნით (ამ პატარა ჯოჯოხეთით) მაინც იტანჯებიან.


გაცილებით ადვილია, გადაიტანო უბედურება, ვიდრე მათი მიზეზი იყო. სუფთა სინდისის მქონე ადამიანი იტანჯება, მაგრამ მისი სულის სიმშვიდე დარღვეული არაა; ადამიანი, რომელიც სხვას ბოროტებას უკეთებს, საკუთარ თავში ატარებს ბოროტებას. ეს მოსვენებას არ აძლევს არც დღე და არც ღამე; ეს ის მატლია, რომელიც მას გამუდმებით ხრავს.


ცოდვა სულში უფლის მიერ მონიჭებულ მადლს – დამშვიდებულ სინდისსა და სუფთა ზრახვებს ანადგურებს. ასევე ავსებს სხეულს უწმიდური და თავდაუჭერელი ავხორცობებით, უკეთ რომ ვთქვათ, ანგრევს ღვთის ტაძარს, როგორც პავლე მოციქული წერს: "თქუენ ტაძარნი ღმრთისა ცხოველისანი ხართ" (2 კორ. 6, 16).


ადამიანის მიწიერ ცხოვრებას ცოდვა ჯოჯოხეთის სატანჯველად აქცევს. მაგრამ სულიერმა ბრძოლამ ცხოვრება შესაძლოა სამოთხედაც გარდაქმნას. თუ ადამიანს "ცოდვის წყვდიადიდან გამოსვლა" სურს, ყურადღებით უნდა გამოიკვლიოს საკუთარი სინდისი, - ეს ღვთისაგან ბოძებული "პირველი საღვთო სჯული" და საკუთარი შეცდომები და ცოდვები სიმდაბლით აღიაროს. ეს ღვაწლი "სინანულის უსასრულო ხელსაქმეს" მოაქვს და სულს საღმრთო ნუგეშს ანიჭებს.


სინდისი ღვთის პირველ კანონს წარმოადგენს, რომელიც მან პირველქმნილ ადამიანთა გულებში ღრმად გამოსახა და რომელსაც შემდგომში ყოველი ჩვენგანი დაბადებიდანვე, როგორც ქსეროასლს, მშობლებისაგან ვიღებთ. ისინი, ვინც საკუთარ სინდისს ყოველდღიური თვითგამოკვლევით ხვეწენ, ამ სოფლისათვის თავს უკვე უცხოდ მიიჩნევენ. ამსოფლიური ამაოებით შეპყრობილ ადამიანებს კი მათი დახვეწილი, ფაქიზი ქმედებანი უცნაურად ეჩვენებათ.


ყოველი კაცი უნდა ეცადოს, რომ სინიდისი მისი იყოს მტკიცე და მახვილი, ესრე ვსთქვათ, უნდა გალესოს იგი. ნიჭსა ამას, ვითარცა სხვათა ნიჭთა კაცისათა, სჭირს გაზრდა და განმტკიცება. სინდისი სულსა შინა კაცისასა არს, ვითარცა ცეცხლი, რომელი ატფობს, ანათლებს გულსა; თუმცა შენ არ შეგიძლიან სრულიად გააქრო ცეცხლილ იგი, გარნა შეგიძლიან ესოდენ აანთო იგი, რომელ ჰქონდეს მას დიდი სინათლე და სიტფოება.


ხშირად მოხდება, რომელ ზოგიერთი კაცი, ანუ ქალი, შესწუხდება, იგრძნობს ცუდსა თვისსა მდგომარეობას; გარნა, სამწუხაროდ, ნაცვლად მისა, რომ მიაქციოს ყურადღება ამ გულის წუხილსა და მიხვდეს, რომ ღმერთი მით უწოდებს მას, შეატყობინებს თვისსა მზრუნველობასა და მოითხოვს მისგან მოქცევასა, იგი ანუ ძალით დააჩუმებს თვისსა სინიდისსა, ანუ მალე გაერთვის კვალადვე უწინდელთა ცოდვათა შინა .


ადამიანები, რომლებიც გულგრილად ეკიდებიან სულის ცხონების საქმეს, საკუთარ თავში სინდისის ხმის ჩახშობას, ჩვეულებრივ, ღმერთის მოწყალების იმედით ცდილობენ და თავს ასე ანუგეშებენ: "არა უშავს, ღმერთი მოწყალეა, ყველაფერი გაივლისო", და ცოდვილ ცხოვრებას განაგრძობენ. მაშ იცოდეთ, რომ ამგვარი ადამიანების იმედი ღმერთის მოწყალებაზე ამაოა, დაუსჯელობაზე ოცნება კი - ფუჭი. ღმერთი მიუტევებს მხოლოდ მონანიე ცოდვილებს, რომლებიც გამოსწორებას ცდილობენ; ხოლო ისეთების მიმართ, ზემოთ რომ ვახსენეთ, იგი მართლმსაჯულია და სჯის არამარტო მომავალ ცხოვრებაში, არამედ ახლანდელშიც.


სარკეში ხშირად ჩახედავს კაცი, მისთვის, რომ ძნელია მთელი დღის განმავლობასა შინა პირი კაცის არ შეისვაროს და არ დასჭირდეს პირის დაბანა და გასუფთავება. სულიერიცა პირი ჩვენი, ჰაზრი, გული, არ შეიძლება მთელი დღის განმავლობაში არ გაისვაროს რომელიმე სულიერი ჩირქისაგან, ცოდვისა და გულისთქმისაგან. ამისთვის საჭიროა, დღეში ერთხელ მაინც ჩახედოს კაცმა იმ სარკეს, რომელიც ყოველთვის მასთან არის უხილავად, და რომელსა ეწოდება სინიდისი. თუ ბეჯითად და გონიერად ჩახედავს ამ სარკეში, დაინახავს, რაოდენი ჩირქი დაედო მას დღის განმავლობაში; ამისთვის უნდა დაიბანდეს სულსა თვისსა ლოცვითა, ცრემლითა და სინანულითა ორჯელ მაინც დღეში, დილით და საღამოთი.


sibrdzne.ge






Комментариев нет:

Отправить комментарий