ღმერთი

ღმერთი

четверг, 20 июля 2017 г.

ლიბერალური შეხედულებანი თერგდალეულთა ნააზრევში.

კაპიტალისტური ურთიერთობის განვითარების კვლადაკვალ, XIX საუკუნის ევროპაში ახალი იდეოლოგია წარმოშვა, რომელიც  ლიბერალიზმის სახელწოდებითაა ცნობილი. თავდაპირველად, ვიდრე საზოგადოებრივ-პოლიტიკურ მოძრაობად ან კიდევ, სახელმწიფოებრივი მშენებლობის პრაქტიკად იქცეოდა, ლიბერალიზმი პოლიტიკური დოქტრინა იყო. იგი  უპირისპირდებოდა ფეოდალური სახელმწიფოს პოლიტიკურ და რელიგიურ ლეგიტიმაციას, უარყოფდა თეორიას მონარქის ხელისუფლების ღვთაებრივი წარმომავლობის შესახებ, ამხელდა ფეოდალიზმის მანკიერ მხარეებს და იდეალად სახავდა იმგვარ საზოგადოებას, რომელიც ინდივიდის თავისუფლებას და კეთილდღეობას უზრუნველყოფს.

ლიბერალური პოლიტიკური შეხედულებები შემდეგში ეკონომიკური (თავისუფალი ბაზარი, კერძო საკუთრების ხელშეუხებლობა), სოციალური (თავისუფლება, თანასწორობა) თუ კულტურული (პირად ცხოვრებაში სახელმწიფოს მხრიდან ჩაურევლობა) ასპექტებით შეივსო, და მიუხედავად იმისა, რომ მწყობრი თეორიული
სისტემის სახე არასოდეს მიუღია, ფართოდ გავრცელდა, მათ შორის საქართველოშიც.

რა ნიადაგი, რა საზოგადოებრივი განწყობა ხვდებოდა ამ ახალ იდეურ მიმდინარეობას ქართულ რეალობაში?

Liberty თავისუფლებაა, ხოლო ლიბერალი ყველაზე ზოგადი განმარტებით თავისუფლებისმოყვარეს ნიშნავს. საქართველოს მთელი ისტორია თავისუფლებისა და საკუთარი თვითმყოფადობის შენარჩუნებისათვის ბრძოლის, ამდენად, თავისუფლებისმოყვარეობის ისტორიაა. მიუხედავად ამისა, ქვეყანაში, სადაც იმ დროისათვის დიდი თუ პატარა საკითხი ეროვნული თვალსაზრისით განიზომებოდა, ეროვნულობისაგან ერთგვარად დისტანცირებულ ხსენებულ იდეოლოგას დამკვიდრება უნდა გაჭირვებოდა.  გაუჭირდა კიდეც. უფროსმა თაობამ, რომელიც არსებულ სინამდვილეს შეჩვეული და მორგებულიც იყო, ლიბერალიზმი მიუღებლად მიიჩნია, დაიწუნა, აითვალწუნა და მისი ქართველი მიმდევარი ახალგაზრდების აბუჩად აგდება სცადა (გრ. ორბელიანი: ,,ის ლიბერალი, ბურთივით მრგვალი” და სხვ. ...). ეს, როგორც აკაკი წერეთელი იტყოდა, ,,ნათლის მჭირველი“ ახალგაზრდები კი, არც მეტ არც ნაკლები, საუნივერსიტეტო ცოდნა-განათლებით აღჭურვილი, საქართველოსათვის გულანთებული და რუსეთიდან სამშობლოში ,,მამულის მსახურებისათვის“ დაბრუნებული თერგდალეულები იყვნენ.

ის გარემოება, რომ მამათა თაობის თვალში ილია ჭავჭავაძისა და მის თანამოაზრეთა ლიბერალობა დაცინვის საგანი იყო, სრულიადაც არ არის გასაკვირი. ამგვარი ფაქტები სხვა ქვეყნების სინამდვილეშიც დასტურდება. როგორც კემბრიჯის უნივერსიტეტის ფილოსოფიის პროფესორი რემონდ ჰოისი შენიშნავს: XIX საუკუნეში არსებობდა ადამიანთა ჯგუფი, რომელსაც მათი მოწინააღმდეგენი ,,ლიბერალებს“ უწოდებდნენ (ჰოისი 2014:).

ნებისმიერი იდეოლოგია, რომელიც გარე სამყაროდან საქართველოში შემოაღწევდა, ტრანსფორმაციას განიცდიდა. ,,ევროპიდან შემოსული თეორიები ჯერ რუსეთში იცვლიდა სახეს, შემდეგ კი საქართველოში, და საბოლოოდ, დამახინჯებულ ფორმას იღებდა. მით უმეტეს რომ, იდეოლოგიების შინაარსში გაუცნობიერებელი ბევრი პიროვნება, ამ მოდური მიმდინარეობებით სპეკულიანტობდა“. ამის გამო იყო, რომ ილია ჭავჭავაძე  ლიბერალიზმის არსის დახასიათებისას იყენებდა გამოთქმას ,,ჭეშმარიტი ლიბერალობა“. ილიას სიტყვებით რომ ვთქვათ, ,,ძნელი საქმეა, როცა კაცი ლიბერალობს და არ იცის-კი ცნობა აზრისა, თუ ქვეშ არ უწერია, ეს აზრი ამა და ამ ფერისააო“ (გოგიაშვილი 2008: 113).

,,ლიბერალიზმი თავისი არსით კოსმოპოლიტური იდეოლოგიაა. ხოლო ლიბერალი - მსოფლიო მოქალაქე, კოსმოპოლიტი“ (ჟვანია 2006:). მიუხედავად ამ მართებული თვალსაზრისისა, იყო დრო, როდესაც ლიბერალობა ჯერ კიდევ არ ნიშნავდა ეროვნული ტრადიციებსა და კულტურის, პატრიოტიზმისა და ნაციონალური სახელმწიფოებრიობის იდეის უარყოფას. პირიქით, ლიბერალიზმი და ნაციონალიზმი ერთმანეთს კი არ უპირისპირდებოდნენ, არამედ  თანაარსებობდნენ, ურთიერთს ავსებდნენ და ამდიდრებდნენ.

პოლიტიკური იდეოლოგიების ცნობილი მკვლევრის, ენდრიუ ჰეივუდის სიტყვით, XIX საუკუნის შუა ხანების კონტინენტურ ევროპაში ნაციონალისტობა თავისთავად ნიშნავდა ლიბეალობას და პირიქით (ჰეივუდი, 2008: 161-162). ამერიკელი მეცნიერის ამ დასკვნას ქართული სინამდვილეც ადასტურებს. ასე იყო ჩვენშიც. თერგდალეულები ეროვნული იდეოლოგიის პარალელურად, საქართველოში თვითონ ამკვიდრებდნენ ლიბერალიზმის იმ პრინციპებს, რომლებიც, მათი აზრით, ხელს შეუწყობდა ერის წინსვლას და რომელთა განხორციელებაც შესაძლებელი იყო ლეგალური გზით.
როდესაც ამ საკითხზე ვსაუბრობთ, შეუძლებელია არ გავიხსენოთ ვაჟა-ფშაველას უკვდავი ტექსტი ,,პატრიოტიზმი და კოსმოლოლიტიზმი“, შექმნილი ჯერ კიდევ 1905 წელს, რომელიც ქართველ მწერალს მსოფლიოს დიდ მოაზროვნეთა გვერდით უმკვიდრებს ადგილს. ,,ზოგს ჰგონია, რომ ნამდვილი პატრიოტიზმი ეწინააღმდეგება კოსმოპოლიტიზმს, მაგრამ ეს შეცდომაა. ყოველი ნამდვილი პატრიოტი კოსმოპოლიტია ისე, როგორც ყოველი გონიერი კოსმოპოლიტი (და არა ჩვენებური) პატრიოტია“, წერდა ვაჟა-ფშაველა და დასძენდა: ,,ვინც უარყოფს თავის ეროვნებას, თავის ქვეყანას იმ ფიქრით, ვითომ კოსმოპოლიტი ვარო, ის არის მახინჯი გრძნობის პატრონი, იგი თავისავე შეუმჩნევლად დიდი მტერია კაცობრიობისა, რომელსაც ვითომ ერთგულებას და სიყვარულს უცხადებს. ღმერთმა დაგვიფაროს ისე გავიგოთ კოსმოპოლიტიზმი, ვითომ ყველამ თავის ეროვნებაზე ხელი აიღოსო“ (ვაჟა-ფშაველა 1905:).

,,ცალ-ცალკე ეროვნებათა განვითარება აუცილებელი პირობაა მთელის კაცობრიობის განვითარებისა“, ხაზს უსვამდა ვაჟა-ფშაველა (ვაჟა-ფშაველა 1905:). ამავე თვალსაზრისს გაცილებით გვიან ენდრიუ ჰეივუდი ასე გამოთქვამს: ,,ლიბერალური ნაციონალიზმი უმთავრესად იმ გარემოებას ეყრდნობა, რომ  კაცობრიობა ბუნებრივადაა დაყოფილი მრავალ ერად და ყოველ მათგანს საკუთარი მეობა გააჩნია“ (ჰეივუდი, 2008: 163).

        ლიბერალურ ღირებულებათა საქართველოში შემოტანა და დამკვიდრება მნიშვნელოვანწილად ილია ჭავჭავაძის, აკაკი წერეთლის, ნიკო ნიკოლაძის სახელებთანაა დაკავშირებული. მათი ძალისხმევა ქართული აზროვნებისა და პოლიტიკური კულტურის ევროპეიზაციისაკენ იყო მიმართული.  თერგდალეულები გზას უკაფავდნენ დასავლურ მოწინავე შეხედულებებს, ცდილობდნენ  შემზადებინათ მათთვის ქართული ნიადაგი და ქართველი ერი თვითიზოლაციიდან პროგრსის ფართო ასპარეზზე გაეყვანათ.

მკვლევრათა აზრით, ნიკო ნიკოლაძე ერთერთი პირველთაგანი იყო, რომელმაც ევროპული პრაგმატიზმისა და საქმიანობის, ევროპული პოლიტიკური რეალიზმის, ევროპული განათლების, ტექნიკისა და კულტურის საქართველოში დანერგვა ჯერ კიდევ 1870-იან წლებში დაიწყო   (შუბითიძე 201:).

ჟურნალი ,,კლდე“ ნიკო ნიკოლაძის შესახებ მიუთითებდა:  ,,ნ. ნიკოლაძე სულით და გულით ევროპელია, ევროპაში ნასწავლი, ევროპის იდეებით გამსჭვალული, ევროპის ტექნიკა-ინდუსტრიის მცოდნე, ინიციატივის კაცი, პრაქტიკული და საქმიანი. ... ნიკოლაძე... უწინარეს ყოვლისა, მუშაკია დაკაპიწებული ხელებით, ცხოვრების ტექნიკი და ლაბორანტი. იგი რეალისტია, რეალური პოლიტიკის მწარმოებელი, ცხოვრების მცოდნე, მის ქარტეხილში ჩავარდნილი” (ნიკო ნიკოლაძე 1996: 10).

,,არც ერთ მაშინდელ ჩვენს მოღვაწეს არ უგრძვნია ეპოქის სული ისე, როგორც ნ. ნიკოლაძემ იგრძნო, არავის ... მოუტანია ჩვენში იმდენი პროგრესიული და ევროპული აზრი (ამ სიტყვის კულტურული მნიშვნელობით), რამდენიც შემოიტანა ნ.ნიკოლაძემ“, წერდა სიმონ ხუნდაძე (ხუნდაძე 1927: 182).

 ლიბერალიზმს რამდენიმე ფუნდამენტალური ღირებულება აქვს, რომელთაგან უმთავრესია თავისუფლება და კერძო საკუთრება. თავისუფლება მრავალგვარი შეიძლება იყოს: ეკონომიკური, პოლიტიკური, სოციალური, ეროვნული, პიროვნული და სხვა, ხოლო კერძო საკუთრება ერთია და იგი წარმოადგენს როგორც ყოველგვარი თავისუფლების საფუძველს, ისე მათი დაცვის ეფექტურ გარანტს. ინგლისელი სწავლულის მორის კრენსტონის თანახმად, ლიბერალი ესაა ადამიანი, რომელსაც სწამს თავისუფლების (სტენფორდის 1996:).

           თავისუფლების თემას მნიშვნელოვანი ადგილი უკავია თერგდალეულთა საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ნააზრევში. მათთვის, როგორც სახელმწიფოებრიობა-მოშლილი და კოლონიური ქვეყნის შვილებისათვის, წინა პლანზე ეროვნული თავისუფლების საკითხი იდგა.  კარგადაა ცნობილი, რომ ქართველმა სამოციანელებმა შეცვალეს დამპყრობელთან შეთქმულება-აჯანყებებით დაპირისპირების მეთოდი და რუსეთის კოლონიური უღლისაგან თავდაღწევის ტაქტიკად მშვიდობიანი ბრძოლის გზა აირჩიეს. ეს არჩევანი შექმნილი რეალობის გონივრულ ანალიზს ეფუძნებოდა. XIX საუკუნის პირველი მესამედის დაუსრულებელ აჯანყებებში განცდილმა მარცხმა ქართველი ერის სასიცოცხლო ენერგია შეასუსტა. გაღებული მასშტაბური მსხვერპლი ისედაც  მცირერიცხოვან ქვეყანას უმძიმეს შედეგებს უქადდა. საჭირო იყო იმგვარი საშუალების გამოძებნა, რომელიც სანუკვარ მიზანს შედარებით უსაფრთხოდ და ერისათვის ნაკლები ზიანით მიგვაღწევინებდა. ილია ჭავჭავაძეს შესანიშნავად ესმოდა, რომ თავისუფლება, როგორც ეროვნული ბედნიერების წინაპირობა, მსხვერპლის გარეშე წარმოუდგენელია (,,თავისუფლების მშოვნელი ამ ქვეყნად მხოლოდ თოფია”), მაგრამ ბრძენკაცი იმასაც ითვალისწინებდა, რომ გამუდმებული აჯანყებები ერს ღონეს აცლიდა და მის მომავალს უნუგეშოს ხდიდა. Aამიტომაც ილიამ და თერგდალეულებმა უარი თქვეს კოლონიურ რეჟიმთან ძალით დაპირისპირებაზე, გეზი მშვიდობიანი ბრძოლაზე აიღეს, რომლის იარაღად ცოდნა და განათლება დაიგულეს. ეს მკაფიოდ ჩანს აკაკი წერეთლის ლექსში ,,დედა და შვილი“. როდესაც ეროვნული თავისუფლებისათვის გულანთებული შვილი დედას მიმართავს:
 ,,დედილო, მომეც ფარ-ხმალი,
რომ ავასრულო ვალიო!“ - დედა პასუხობს:
,,ადრეა შვილო ჯერ კიდევ,
 წიგნია შენი ხმალიო!“ (სურგულაძე 1973: 277).

თერგდალეულებს ერისათვის იმაზე მეტი პრაქტიკული ამოცანა არ დაუსახავთ, რისი მიღწევაც კონკრეტულ ვითარებაში უმსხვერპლოდ და უზიანოდ იყო შესაძლებელი. დამპყრობლის მიმართ ამგვარი ფრთხილი, აუჩქარებელი და წინდახედული დამოკიდებულება სპეციალურ ლიტერატურაში ,,აქტიური ლოდინის ტაქტიკადაა” სახელდებული. სხვაგვარად, ,,შესაძლებლის მაქსიმუმი” ანუ მიღწეულით დროებითი დაკმაყოფილება და პარალელურად, მზადება უფრო მეტისთვის, საღი და რეალისტური პოლიტიკის გამოვლინებაა, რაც ნამდვილად  დამახასიათებელი იყო ქართველ სამოციანელთათვის (ჯანელიძე, 2002: 32). მაგრამ ამჯერად ჩვენ გვაინტერესებს, რა მიმართებაში იყო ეროვნული თავისუფლების მოსაპოვებლად თერგდალეულთა მიერ არჩეული ტაქტიკა ლიბერალიზმის იდეოლოგიასთან.

ხალხთა შორის მშვიდობიანი ურთიერთობა და მშვიდობის ომზე პრიმატი ლიბერალიზმის საგულისხმო თვალთახედვაა. ცნობილია, რომ იმანუელ კანტი, ვილჰელმ ფონ ჰუმბოლტდი, იერემია ბენტამი და რიჩარდ კობდენი განადიდებდნენ ,,მუდმივ მშვიდობას“ და საერთოდ, ლიბერალთა უმრავლესობისა იზიარებდა აზრს, რომ წარმატებული ომი გამარჯვებულისათვისაც კი ბოროტებაა და მშვიდობა ყოველთვის უმჯობესია ომზე (მიზესი, 2001).

ლიბერალებს ეჭვი არ ეპარებოდათ, რომ ნებისმიერი უთანხმოება შეიძლება  არა ძალადობითა და ომით, არამედ მშვიდობიანი გზით, დისკუსიებითა და მოლაპარაკებებით მოგვარდეს (ჰეივუდი, 2008: 22-23; 71).

ილია ჭავჭავაძეც მიიჩნევდა, რომ ,,ომი უბედურებაა, ომი დამთქმელია ადამიანის სიცოცხლისა, ადამიანის ღვაწლისა, მონაგარისა“ და რომ:  ,,მორიგებით, მშვიდობიანობით საქმის გათავება, რასაკვირველია, ყოველთვის კარგია“ (ილია 1997: 175; 43).

ამდენად, ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის თერგდალეულთა მშვიდობიანი ბრძოლის ტაქტიკა სრულად პასუხობს ლიბერალიზმის თეორიულ პოსტულატებს და თავსდება მის კონცეფციაში.

ლიბერალურ აზროვნებას შეესაბამება ასევე წოდებათა შერიგებისა და თანხმობის, ყველა საზოგადოებრივ ძალთა გაერთიანების ილია ჭავჭავაძისეული შეხედულება, რომელიც ჩვენს ისტორიოგრაფიაში ,,საერთო ნიადაგის” თეორიის სახელწოდებითაა ცნობილი.
აზრი იმის შესახებ, რომ ,,საერთო ნიადაგის” თეორია არსობრივად ,,ლიბერალ-რადიკალურია“ ჯერ კიდევ არჩილ ჯორჯაძემ გამოთქვა 1901 წელს ჟურნალ ,,მოამბეში“ გამოქვეყნებულ სტატიაში ,,პუბლიცისტი ილია ჭავჭავაძე“. განიხილავს რა ამ საკითხს, მკვლევარი ომარ გოგიაშვილი წერს: ,,ილიას ,,საერთო ნიადაგის“ თეორია და ლიბერალიზმის პრინციპები საერთო კონცეპტუალურ იდეას ეფუძნებოდა. ... ეს თეორია, ძირითადი მახასიათებლებით, ლიბერალიზმის სულისკვეთებისაა, თუმცა მისი საფუძველი და საყრდენი ქართველი ერის ისტორიული მემკვიდრეობა, მისი ტრადიციული ღირებულებებია“. ... ,,საერთო ნიადაგის“ თეორია კონსერვატიულ-ტრადიციონალისტურ საფუძველზე დგას, შენობა კი მთლიანად ლიბერალურია“ (გოგიაშვილი 2008: 113; 132).

          თერგდალეულებს ყურადღების მიღმა არ დარჩენიათ ადამიანის უფლებები, რაც ლიბერალიზმის მოძღვრების პრიმატს შეადგენს. თერგდალეულთა აზრით, ადამიანის უფლებები საზოგადოებისა და სახელმწიფოს მხრიდან მუდმივი ზრუნვისა და დაცვის საგანი უნდა იყოს. ილია ჭავჭავაძე ამ საკითხს სულაც კაცობრიობის პროგრესს უკავშირ-ებდა. მისი სიტყვით: ,,რა არის მთელი პროგრესი კაცობრიობისა, თუ არა ის, რომ ადამიანის პიროვნება, ადამიანის სინდისი, ყოფა-ცხოვრება, - უსაბუთოდ, უსაფუძვლოდ არავისაგან ხელშეხებული არ იყოს, არავისაგან შემწიკვლულ, შეგინებულ, შევიწროებულ“ (ილია 1997: 45).

თერგდალეულთა ნააზრევში განსაკუთრებით ხაზგასმულია ადამიანის ღირსების საკითხი, რომელიც ,,ჭეშმარიტ ლიბერალობას ... დიდი ასოებითაა აქვს დაწერილი თავის დროშაზედ“ (ილია 1955 ა: 168). ილია  ,,კაცებურის ღირსების გრძნობას“ ,,ღვთაებრივ გრძნობას“, ,,ადამიანთათვის მომადლებულ საუნჯეს“ უწოდებდა, მასვე ადამიანის ღირსება ,,ზნეობით კუთვნილებად“ მიაჩნდა და მოითხოვდა, რომ იგი ,,ღრმად პატივცემული“ ყოფილიყო (ილია 1997: 288). არანაკლებ მნიშვნელოვანია, რომ თერგდალეულები ადამიანის უფლებებს ყოველთვის მოვალეობასთან კავშირში განიხილავდნენ, რაც ასევე ლიბერალური თვალთახედვაა. ნათქვამის საილუსტრაციოდ არერთი ციტატის მოხმობა შეიძლება მათი პუბლიცისტური ნაწერებიდან, მაგრამ დავკმაყოფილდეთ ილია ჭავჭავაძის გამონათქვამებით, რომლებიც ასე ჟღერს: ,,ადამიანის შვილი ერთის მხრით უფალია, მეორეს მხრით მოვალე“ (ილია 1997: 15) და ,,მოვალეობის გარეშე უფლება არ არსებობს, ხოლო მოვალეობა ისაა, რომ პატივი სცე, დაიცვა კიდეც სხვისი უფლება და არ დაარღვიო იგი“ (ილია 1961: 81).

ცნობილია, რომ ლიბერალიზმს თავისუფლების ზოგადი კონცეფცია ეკონომიკური თავისუფლებიდან გამოჰყავს, რომელიც მხოლოდ კერძო საკუთრებას შეიძლება ეფუძნებოდეს (გოგიაშვილი 2008: 137). კერძო საკუთრება უნივერსალური ღირებულებაა. ლიბერალური თვალსაზრისით იგი არ დაიყვანება მხოლოდ მატერიალურ ფასეულო-ბებზე (მიწა, ბინა, ფული) და მოიცავს ადამიანის საკუთრების ისეთ ფორმებს, როგორ-იცაა აზროვნება, რწმენა, აღმსარებლობა, მათი გამოხატვის საშუალებები და სხვ.
თერდალეულებს მკაფიოდ ჩამოყალიბებული შეხედულება ჰქონდათ კერძო საკუთ-რების რაობისა და მისი მნიშვნელობის შესახებ საზოგადოების განვითარებაში. ,,კერძო საკუთრება ჯერ კიდევ ქვაკუთხედად უდევს ... მთელს ცხოვრებას დაწინაუ-რებულ ქვეყნებისას მთელ დედამიწის ზურგზე. ... კერძო საკუთრება, სამართლიანად თუ უსამართლოდ, ჩვენდა საუბედუროდ თუ საბედნიეროდ, ჯერ კიდევ დიდ ხანს იქნება დიდს პატივში და მის სარბილზე ძალმომრეობა, ერთმანეთზე მისევა, ვინც გინდა იყოს, იაფად არ დაუჯდება“ წერდა ილია ჭავჭავაძე (ილია 1997: 222). ილიასავე სიტყვით, ,,ხელშეუხებლობა პირადის საკუთრებისა ... მერმისის ქვაკუთხედად არის აღიარებული, და ყოველს, რაც ჰზღუდავს და ჰხუთავს ამ ხელშეუხებლობას, რჯული ძნელად იშვნევს, ძნელად იწყნარებს“ (ილია 1997: 233).

ლიბერალურ თეორიაში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება  ინდივიდუალიზმს, რომელიც პიროვნების პირად დამოუკიდებლობას, თვითდამკვიდრებას გულისხმობს და ნებისმიერი სოციალური ჯგუფის ან კოლექტივის წინაშე მის უზენაესობას აღიარებს. ინდივიდუალიზმი ადამიანთა საყოველთაო თანასწორობას ემყარება (ჰეივუდი, 2008: 22-23; 70), ხოლო პიროვნული თავისუფლება ადამიანური ღირსების გარანტიაა.

            ადამიანის თავისუფლებისა და თანასწორობის საკითხებს მნიშვნელოვანი ადგილი უკავია თერგდალეულთა პუბლიცისტიკაში. ილია ჭავჭავაძეს თანასწორობა იმ საჯარო უფლებად მიაჩნდა, რომელიც ყველას კუთვნილი და ყველასათვის ერთნაირად ძვირფასია. ,,თანასწორობა   ...სულია და გული ყოველის წყობისა“, წერდა იგი (ილია 1997: 38). ძმობას, ერთობასა და თანასწორობას შეტრფოდა აკაკი წერეთელი (გოგებაშვილი 1955: 226-228), რომლის ,,მსოფლმხედველობა რადიკალურ იდეებთან ერთად ჭარბად შეიცავს ზომიერ-ლიბერალურ ნაკადსაც“ (გაფრინდაშვილი 1988: 157), ასევე, თანასწორობის უფლებას იცავდა ნიკო ნიკოლაძე, რომელიც ბევრს წერდა და ქადაგებდა ,,ლიბერალურ პრინციპთა ფარგლებში“ (ჯორჯაძე 1989: 281)  
                              
            ლიბერალური კონცეფციით, თანასწორობაში არა სოციალური, არამედ უფლებრივი და სამართლებრივი თანასწორობა მოიაზრება. სხვაგვარად, ესაა თანაბარი შესაძლებლობები, ასევე კანონის წინაშე ყველა ადამიანის თანასწორობის და პოლიტიკური თანასწორობის პრინციპის აღიარება, რომელიც გულისხმობს, რომ თითოეული ამომრჩევლის ხმას თანაბარი წონა აქვს (,,ერთი პიროვნება - ერთი ხმა“).                                                                                                
            თერგდალეულთა სხვა ნააზრევიდან, რომელიც ასევე ,,ლიბერალიზმის საკვებით საზრდოობს“, გამოვყოფდით საკუთარი შესაძლებლობების რწმენას ანუ, როგორც ილია ჭავჭავაძე იტყოდა: ,,საკუთარი თავის მოიმედობას“. ამ უაღრესად საგულისხმო პრინ-ციპს თერგდალეულები იმდენად დიდ მნიშვნელობას ანიჭებდნენ, რომ პირად ინიცი-ტაივას, საკუთარი უნარის, ნიჭისა და თვითმოქმედების გამოვლენას ქვეყნის წინსვლა-განვითარების პირობად სახავდნენ და არა ცალკეულ პიროვნებებს, არამედ მთელ ერს მოქალაქეობრივი აქტივობისაკენ მოუწოდებდნენ. ,,ჩვენი ცხოვრების შარა-გზა ჩვენვე უნდა გავიკაფოთ, ბედი და უბედობა ხელთ უნდა ვიგდოთ“, ,,ჩვენს გარეშე ჩვენი ხსნა სიზმარია“ - მოძღვრავდა ქართველ ერს ილია ჭავჭავაძე (ილია 1955 ბ: 321, 323). ,,ხალხი უნდა გამოფხიზლდეს, წელში გამაგრდეს, გონებრივად და ქონებრივად მოღონიერდეს და თვითონ გახდეს თავის ბატონ-პატრონი“, ასეთი იყო აკაკის შეხედულებაც (გომართელი 1966: 227).

           როგორც ვნახეთ, თერგდალეულებს არ შეუქმნიათ თეორიული ტრაქტატები, მათ ცალკე კონკრეტული წერილიც კი არ მიუძღვნიათ ლიბერალიზმის იდეოლოგიისადმი, მაგრამ ყველაფრიდან ჩანს, რომ ისინი კარგად გაერკვნენ ამ იდეოლოგიის არსში, ჩაწვდნენ მის სულს და ლიბერალიზმის ძირითადი პრინციპები საქართველოს სპეციფიკას მიუსადაგეს.

             დასასრულს ისევ არჩილ ჯორჯაძე მოვიშველიოთ, რომლის სიტყვით, ,,მესამოციანობა არის ახალი ერა ჩვენს კულტურაში, მან შემოიტანა ჩვენში მეცხრამეტე საუკუნეში ევროპაში მოარული სოციალ-პოლიტიკური თეორიები და ფორმულები“. ... მესამოციანებიდან იწყება გაეროპელება ქართულ აზროვნებისა. და თუ მაინც და მაინც საჭიროა დეფინიცია, ამ ეპოქის მთავარი დამახასიათებელი თვისება - ლიბერლიზმ-დემოკრატიზმშია“ (ჯორჯაძე 1989: 282).
         

                                                                                                                                    
დამოწმებანი

1. ჰოისი 2014: Рэймонд Гойс, Неуют либерализма. განთავსებულია 14        
    მარტიდან 2014. მის.: http://magazines.russ.ru/nz/2010/5/go1.html
2. გოგიაშვილი 2008: გოგიაშვილი ო. ილია დღეს, თბ., 2008.
3. ჟვანია 2006: ჟვანია ნ. საერთაშორისო პოლიტიკური ეკონომია.
    სალექციო კურსი სოციალურ მეცნიერებათა მაგისტრატურისათვის, თბ.,
    2006.
4.ჰეივუდი, 2008: ჰეივუდი ენდრიუ, პოლიტიკა = Politics, თარგმ. გია
     ჭუმბურიძე, ზაზა ჭელიძე, თბ., 2008.
5. ვაჟა-ფშაველა 1905: ვაჟა-ფშაველა, ვაჟა-ფშაველა, პატრიოტიზმი და        
     კოსმოპოლიტიზმი, გაზ. ,,ივერია“, 1905 წ., # 172.        
6.      შუბითიძე 2013. შუბითიძე  ვ. ევროინტეგრაცია და საქართველო. განთავსებულია 16 ივლისიდან 2011. მის.: http://www.for.ge/view.php?for_id=10582&cat=12
7.      ნიკო ნიკოლაძე 1996: ნიკო ნიკოლაძე - 150. საიუბილეო კრებული, თბ; 1996).
8.      სურგულაძე 1973: სურგულაძე ა. ქართული საზოგადოებრივი აზრის XIX საუკუნის მეორე ნახევარში, თბ., 1973.
9.      ხუნდაძე 1927: ხუნდაძე ს. სოციალიზმის ისტორიისათვის საქართველოში, ტომი I, თბ., 1927).
10.  სტენფორდის 1996: Stanford Encyclopedia of Philosophy. განთავსებულია 16 სექტემბერს 2010. მის.: http://plato.stanford.edu/entries/liberalism/
11.  ჯანელიძე, 2002: ჯანელიძე ო. ნარკვევები საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ისტორიიდან, თბ., 2002.
12.  მიზესი, 2001:  Мизес Л. фон. Либерализм (Пер. с англ. А. В. Куряева), М., 2001.  http://www.sotsium.ru/books/13/141/mises_lib06_ch1.html
13.  ილია 1997: ილია ჭავჭავაძე, ამას ვამბობ და ვღაღადებ, ქუთაისი, 1997.
14.  ილია 1955 ა: ილია ჭავჭავაძე, თხზულებათა სრული კრებული 10 ტომად, ტ. V, თბ., 1955.
15.  ილია 1961: ილია ჭავჭავაძე, თხზულებათა სრული კრებული 10 ტომად, ტ. X , თბ., 1961.
16.  გოგებაშვილი 1955: გოგებაშვილი ი. თხზულებანი, ტ. 4, თბ., 1955.
17.  გაფრინდაშვილი 1988: გაფრინდაშვილი მ. ქართული საზოგადოებრივი აზროვნების ისტორიის ნარკვევები, III, თბ., 1988.
18.  ჯორჯაძე 1989: ჯორჯაძე ა. წერილები, თბ., 1989.
19.  ილია 1955 ბ: ილია ჭავჭავაძე, თხზულებათა სრული კრებული 10 ტომად, ტ. IV, თბ., 1955.
20.  გომართელი 1966: გომართელი ი. ქართული ლიტერატურა. მე-19       საუკუნე, რჩეული თხზულებანი, თბ., 1966.

 ოთარ ჯანელიძე


Комментариев нет:

Отправить комментарий