ღმერთი

ღმერთი

четверг, 13 июля 2017 г.

დიაოხი და კოლხა.

სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს ტომთა უძველესი გაერთიანებები.

დ. დიაოხი და კოლხა.

დაახლოებით ამ სამი-ოთხი ათასი წლის წინათ, ქართველი ხალხის შორეულ წინაპრებს უკვე ჰქონდათ თავისი საკუთარი სახე. ისინი ენითა და კულტურით უკვე საგრძნობლად განირჩეოდნენ კავკასიასა და მახლობელ აღმოსავლეთში მცხოვრებ სხვა მონათესავე თუ არამონათესავე ტომებისაგან. კიდევ უფრო მეტი: თვით ქართველთა ამ უშუალო წინაპარ მოსახლეობაშიც დიდხანს ურთიერთისაგან გათიშული ცხოვრების გამო ფეხი გაიდგა განსხვავებამ ენის, ზნე-ჩვეულებისა, მატერიალური და სულიერი კულტურის მხრით.  განსხვავება ისახებოდა არამარტო ქართველი ტომების ისეთ დიდი ჯგუფებს შორის, როგორც არიან ქართები, მეგრელ-ჭანები და სვანები, არამედ თვით ქართების , მეგრელ-ჭანებისა და სვანების ცალკეულ ტომებს შორის.

საქართველოს ტერიტორიაზე ძველად სხვა მოდგმის ტომებსაც უცხოვრიათ. მათ შორის იყვნენ აფხაზურ-ადიღეურ, ვეინახურ, დაღესტნურ და სხვა ენებზე მოლაპარაკე ცალკეული ტომებიც. ამ მოდგმის ტომები იმ დროს ფართოდ იყვნენ გავრცელებული უმთავრესად საქართველოს მეზობლად - ჩრდილო კავკასიაში, აგრეთვე თანამედროვე აზერბაიჯანის ტერიტორიაზე.

სამხრეთიდან ქართველ ტომებს ემეზობლებოდნენ ძველი აღმოსავლეთის დიდი სახელმწიფოების შემქმნელი ხალხები - ხურიტები (მითანის სახელმწიფოს ძირითადი მოსახლეობა), ხეთები (მცირე აზრია), ურარტუელები (ხურიტების მონათესავე ხალხი, რომელმაც ვანის ტბის რაიონში შექმნა ჩვ.წ. აღ-მდე IX საუკუნის ძლიერი სახელმწიფო  ურარტუ), ძველთაგანვე ქართველთა ტომების უშუალო მეზობლები იყვნენ სომეხი ტომებიც , რომლებიც ამ დროს მცირე აზიის აღმოსავლეთ პერიფერიაზე ცხოვრობდნენ.

ამ ხანაში, როგორც ზევით დავინახეთ, საქართველოს ტერიტორიაზე იწყება ტომთა დიდი კავშირების ჩამოყალიბება. სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს ტომთა ერთი დიდი გაერთიანება იყო   დ ი ა ო ხ ი რომლის სახელიც შემდგომ საქართველოს ერთ-ერთ ოლქს, ტაოს, შემორჩა. სამხრეთით დიაოხის ტომთა კავშირის ტერიტორია დღევანდელ ქალაქ არზრუმის რაიონამდე აღწევდა.

უკვე ჩვ. წ. აღ-მდე XII საუკუნის ბოლოს დიაოხი საკმაოდ გაძლიერდა. ამიტომ იყო, რომ , როდესაც ჩვ.წ. აღ-მდე  1112 წ. ჩრდილო მესოპოტამიაში მდებარე დიდ სახელმწიფოს - ასურეთის - ლაშქარმა ჩრდილოეთისაკენ გამოილაშქრა, დიაოხის ბელადი სიენი ჩაუდგა სათავეში ამ მხარეში მცხოვრები ტომების ბრძოლას ასურელების წინააღმდეგ. ბრძოლაში ასურელებმა გაიმარჯვეს. მაგრამ შორეულ ასურეთს ძალა არ შესწევდა ნამდვილად დაემორჩილებინა დიაოხი.

უფრო გართულდა დიაოხის მდგომარეობა მაშინ, როდესაც მის მეზობლად, ვანის ტბის ირგვლივ მდებარე მიწა-წყალზე, ჩვ.წ. არ-მდე IX საუკუნეში ძლიერი ურარტუს სამეფო ჩამოყალიბდა. ურარტუს მეფეები ცდილობდნენ, რადაც არ უნდა დასჯდომოდათ, დაემორჩილებინათ მადნეულითა და ლითონით მდიდარი ეს ქვეყანა. შავი ზღის სამხრეთ-აღმოსავლეთ კუთხეში მცხოვრები ტომები ძველთაგანვე განთქმული იყვნენ ლითონის დამუშავების ოსტატობით.  ამ დროს კი აქ ფართოდ იწყებს განვითარებას რკინის მეტალურგია. ძველი ბერძნები ამ ადგილებში მცხოვრებ ზოგიერთ ტომს ,,რკინის გამომგონებლად'' თვლიდნენ.

ურარტუს მეფეებმა მრავალგზის ილაშქრეს დიაოხის ,, ძლევამოსილი ქვეყნის '' წინააღმდეგ, როგორც თავიანთ წარწერებში უწოდებენ მას. რამდენჯერმე დაამარცხეს მისი მეფე უტუფურში, რომლისგანაც ერთდროულად ხარკის სახით დიდძალი პირუტყვი(ცხენი, ხარი, ძროხა, ცხვარი) და აგრეთვე რამდენიმე ათეული კილოგრამი ოქრო-ვერცხლი და ტონობით სპილეძი მიიღეს; ყოველწლიური ხარკის სახით კი დიაოხს უნდა ეხადა 5 ტონაზე მეტი სპილენძი , აგრეთვე ოქრო, პირუტყვი და სხვა. ურატუელებმა შეძლეს დიაოხისათვის სამხრეთი რაიონები მოეწყვიტათ და ისინი თავიანთ სამეფოს შეუერთეს.

ჩვ. წ. აღ-მდე მე-8   საუკუნის შუახანებში დიაოხის ეს დიდი გაერთიანება გაანადგურეს, ერთი მხრივ ურარტუმ და, მეორე მხრივ სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს ტომთა მეორე დიდმა გაერთიანებამ - კ ო ლ ხ ა მ.

კოლხა შავი ზღვის სამხრეთ-აღმოსავლეთ კუთხეში მცხოვრები ტომების გაერთიანება იყო, რომელიც ძალიან ადრე ჩამოყალიბდა. მან დიდი როლი შეასრულა შავი ზღვის სამხრეთ-აღმოსავლეთ და აღმოსავლეთ სანაპიროებზე მცხოვრები ტომების ისტორიაში. მოაქცია რა ისინი თავისი გავლენის ქვეშ, ამით მან დიდად შეუწყო ხელი აქ მცხოვრები ტომების დაახლოებას, მათ კულტურულ მონაპოვართა ურთიერთგაზიარებას და გვიანი ბრინჯაოს ხანის ერთგვაროვანი მატერიალური კულტურის დიდი არის შექმნას.

ბერძნები ამ ადგილებს სწორედ კოლხური ტომების ამ გაერთიანების ძლიერების ხანაში გაეცვნენ.

კოლხას ამ ძლიერ გაერთიანებაზე ხსოვნამ გამოხატულება ჰპოვა ძველ ბერძნულ თქმულებაში არგონავტების შესახებ. თქმულება მოგვითხრობს, რომ კოლხეთში ერთ დროს მეფობდა ძლიერი მეფე აიეტი. იგი სხვა ბევრ სიმდიდრესთან ერთად, ფლობდა ოქროს საწმისს - ზღაპრულ ოქრისმატყლიან ცხვრის ტყავზე. ამ საწმისის მოსაპოვებლად კოლხეთს გაემართა ორმოცდაათიოდე ბერძენი გმირი იაზონის მეთაურობით. თქმულება მათ არგონავტებს უწოდებს, რადგან მათ იმგზავრეს ხომალდით, რომელსაც სახელად ,,არგო'' ერქვა.

კოლხეთის მეფე აიეტმა არგონავტები თავის ბრწყინვალე სასახლეში მიიღო. იაზონმა ამცნო მეფეს მოსვლის მიზანი და ოქროს საწმისის სანაცვლოდ მეზობლებთან ბრძოლაში დახმარება შესთავაზა.

აიეტმა იაზონს უპასუხა: ოქროს საწმისს მოგცემ, ოღონდ მანამდე სამი რამ უნდა გააკეთო: სპილენძის ჩლიქიანსა და ცეცხლისმფრქვეველ ხარებს მიწა მოათხრევინო, ურჩხული მოკლა და მისი კბილები დათესო; და , ბოლოს, იმ ნათესიდან რომ დევგმირები ამოვლენ, ისინი დახოცო.

იაზონი ვერც ერთ პირობას ვერ შეასრულებდა, აიეტის ასულს, მზეთუნახავ მედეას რომ არ აღმოეჩინა მისთვის დახმარება. მედეამ ეს იაზონისადმი ტრფობის გამო ჩაიდინა. მედეას დახმარებით იაზონმა აიეტის ყველა დავალება შეასრულა. მიუხედავად ამისა, აიეტი მაინც არ აპირებდა მისთვის ოქროს საწმისის მიცემას. მაშინ იაზონმა და მისმა თანამგზავრებმა გაიტაცეს ოქროს საწმისი - ისევ მედეას დახმარებით, რომელმაც მოაჯადოვა და მიაძინა საწმისის მცველი ურჩხული. არგონავტებმა მედეაც თან წაიყვანეს და საბერძნეთისაკენ გაემართნენ. გზაში მათ წამოეწივნენ აიეტის მიერ დადევნებული მეომრები, მედეას ძმის აფსირტეს მეთაურობით, მაგრამ არგონავტებმა დაამარცხეს მდევრები და თვით აფსირტეც მოკლეს.

ზღაპრულ ამბებთან ერთად ამ თქმულებაში ისტორიული სინამდვილეც არის ასახული.
კოლხეთის სამეფოს აღწერისას აქ ნაწილობრივ აირეკლა რეალურად არსებული დიდი კოლხური გაერთიანების დიდება და ბრწყინვალება.

სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს ტომთა ეს ორი დიდი გაერთიანება - დიაოხი და კოლხა - საუკუნეთა განმავლობაშ უპირსპირდებოდა ერთმანეთს. ხშირად იყო მათ შორის შეტაკებებიც. ჩვ.წ. აღ-მდე მე-8 ს. შუა ხანებში ურარტუსთან გამუდმებული ბრძოლით დასუსტებულმა დიაოხიმ ვეღარ გაუძლო ძლიერი კოლხას შემოტევას და განადგურდა.

დიაოხის მიწა-წყლის ნაწილი კოლხას შემადგენლობაში მოექცა. ურარტუ და კოლხა უშუალო მეზობლები გახდნენ. ახლა ბრძოლა მათ შორის გაჩაღდა. ამ ბრძოლებმა დიდად დაასუსტა კოლხა. მალე მას უფრო საშიში მტერი გამოუჩნდა ჩვ.წ. აღ-მდე მე-8 საუკუნის 20-იანი წლებიდან დაიწყო კავკასიონის იქეთა მხრიდან ხალხის დიდი მასების შემოსევა. ამ შემოსევის პირველ ტალღას შეადგენდნენ კიმერიელები, რომლებიც სამხრეთისაკენ გამოიჭრნენ შავი ზღვის კოლხური სანაპიროს გამოვლით. ეს შემოსევა საბედისწერო აღმოჩნდა კოლხეთისათვის, რომლის მიწა-წყალზე გადაიარეს კიმერიელებმა. ამას კოლხის გაერთიანების განადგურება მოჰყვა შედეგად.

მალევე ისევე ჩრდილოეთიდან შემოიჭრნენ, ახლა კასპიის ზღვის დასავლეთ სანაპიროს გზით , კიდევ ახალი ტომები - სკვითები. სკვითებისა და კიმერიელების ნაწილი ამიერკავკასიისა და სამხრეთით მის მოსაზღვრე ზოგიერთ ოლქში დამკვიდრდა.
ადგილობრივ მოსახლეობასთან მათ ზოგჯერ მტრული ურთიერთობა ჰქონდათ, ზოგჯერ კი მათ მოკავშირეებად ხდებოდნენ გარეშე მტრებთან ბრძოლაში.

ამგვარად, ჩვ.წ.აღ-მდე მე-8 საუკუნის მეორე ნახევარში განადგურდა სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს ტომთა ორი დიდი გაერთიანება (ალბათ უკვე ადრეკლასობრივი სახელმწიფო) - დიაოხი და კოლხა.



საქართველოს ისტორია-დან.

Комментариев нет:

Отправить комментарий