ღმერთი

ღმერთი

понедельник, 31 июля 2017 г.

ფაშიზმი.

ფაშიზმი.  fascism. Fascismo. (იტალ. fascismo/fascio – კონა, შეკვრა, გაერთიანება) 

მემარჯვენე ექსტრემისტული პოლიტიკური მოძრაობა.

ტერმინი წარმოიშვა რომის იმპერიაში მაგისტრატების მიერ ხალხის ერთიანობის სიმბოლოდ გამოყენებული ტოტების კონისაგან („ფასციო“), რომელშიც ჩადებული იყო ნაჯახი (მმართველობის სიმბოლო). ფ. წარმოადგენს მემარჯვენე რადიკალი ნაციონალისტების იდეოლოგიას, რომელიც მიისწრაფვის ტოტალიტარიზმისაკენ. დასავლურ პოლიტიკურ ლიტერატურაში ფ. შეიძლება გაგებული იყოს უკიდურესი ნაციონალიზმის სამხედრო ფორმად, რომელიც სახელმწიფოს საგარეო პოლიტიკური მიზნების მისაღწევად ყოველმხრივ ახალისებდა ომის გაჩაღებას. პირველი ფაშისტური მოძრაობა, რომელიც ხელისუფლების სათავეში მოვიდა ევროპაში (1922), იყო იტალიის ფაშისტური ორგანიზაცია მუსოლინის მეთაურობით. მისი მონათესავე მოძრაობები იყო: გერმანიის ნაციონალ–სოციალისტები, ესპანელი ფალანგისტები, მოძრაობა „აქსიონ ფრანზესი“ საფრანგეთში. ფაშისტური იდეოლოგიისათვის დამახასიათებელია საკუთარი ერის განდიდება და მისი ყველა სხვა ერისაგან გამორჩეულობის, მისი კულტურის უნიკალურობის მტკიცება. ამბობენ, რომ წარსულში ეს ერი აყვავებული იყო. ამას მოსდევს თეზისი ამ ერის არსებული მძიმე ეკონომიკურ–პოლიტიკური მდგომარეობის შესახებ, რაც სხვა ერების ბოროტი განზრახვითაა გამოწვეული. ხშირად ერის დაკნინება ასოცირებულია რასობრივი სიწმინდის დარღვევასთან. ფაშისტური მოძრაობების განსაკუთრებული აღმავლობის ხანად ორ მსოფლიო ომს შორის არსებული პერიოდი ითვლება.

ანტი ჰუმანიზმის, რასიზმისა და შოვინიზმის მებრძოლი იდეოლოგია, ან ასეთი სახის იდეოლოგიაზე დაფუძნებული პოლიტიკური მიმდევრობა, აგრეთვე, ღია პოლიტიკური დიქტატურა, რომლის მიზანია დემოკრატიის განადგურება, ტოტალიტარული რეჟიმის დამყარება და დაპყრობითი ომების წარმოება.

ფაშიზმი I მსოფლიო ომის შემდეგ წარმოიშვა. იგი დაუპირისპირდა იმ დროისათვის გაბატონებულ ისეთ იდეოლოგიებს, როგორიცაა ლიბერალიზმი და სოციალიზმი. ფაშისტები იმის გამო გამოთქვამდნენ უკმაყოფილებას, რომ ლიბერალიზმიც და სოციალიზმიც საზოგადოების წევრებს ერთმანეთის საწინააღმდეგოდ განაწყობდა: ლიბერალები - ინდივიდუალიზმის ხაზგასმით, სოციალისტები კი - სოციალურ კლასებს შორის კონფლიქტის გამწვავებით. ამის საპირისპიროდ ფაშიზმი ინდივიდებსა და კლასებს განიხილავს, როგორც ერთი მთელის, ყოვლისმომცველი საზოგადოებისა თუ სახელმწიფოს, შემადგენელ ნაწილებს, რომელიც შესაძლოა მხოლოდ მაშინ იყოს ძლიერი, როდესაც ყველა საერთო მიზნებით ერთიანდება ერთი პარტიისა და უმაღლესი ლიდერის წინამძღოლობით. ფაშისტური იდეოლოგიის ბირთვი იტალიაში ბენიტო მუსოლინის (1883-1945), ხოლო გერმანიაში ადოლფ ჰიტლერის (1889-1945) წინამძღოლობით განვითარდა. მუსოლინი აცხადებდა, რომ ფაშიზმი იყო ძალა, რომელსაც შეეძლო იტალიის გაერთიანება. ფაშიზმს უნდა გადაექცია იტალია ახალ, რომის იმპერიის მსგავს, დიდებულ იმპერიად. ყველა და ყველაფერი უნდა მიძღვნოდა სახელმწიფოს, რაც იტალიელი ხალხის ერთიანობისა და ძალაუფლების განსახიერებას წარმოადგენდა. როგორც ხშირად იმეორებდნენ მუსოლინი და მისი მიმდევრები: „ყველაფერი სახელმწიფოში, არაფერი სახელმწიფოს გარეთ, არაფერი სახელმწიფოს წინააღმდეგ“. ჰიტლერი და მისი მომხრეები ანალოგიურ თვალსაზრისს იზიარებდნენ. ნაცისტურ პარტიას ჰიტლერის ლიდერობით ერთ სახელმწიფოდ უნდა გაეერთიანებინა გერმანულად მოლაპარაკე ყველა ხალხი, რომელიც დიდებულ ახალ იმპერიად, ანუ რაიხად, განვითარდებოდა. აქედან გამომდინარეობს ნაცისტური ლოზუნგი: „Ein Volk, ein Reich, ein Fthrer“ - ერთი ხალხი, ერთი იმპერია, ერთი ლიდერი. ძირითადი განსხვავება გერმანულ ნაციზმსა და იტალიურ ფაშიზმს შორის რასობრივი ელემენტი იყო. ნაცისტებისათვის ადამიანის განმსაზღვრელ ფუნდამენტურ ფაქტს რასა წარმოადგენდა. მათთვის არ არსებობდა ერთი, ანუ უნივერსალური, ადამიანური ბუნება. მათი აზრით, ყოველ რასას საკუთარი ბედი და მახასიათებელი გააჩნია, ამდენად, ისინი სულაც არ არიან თანასწორნი. კონკრეტულად კი ერთი რასა, არიული (რომლის წარმომადგენლები იყვნენ გერმანელები) ბუნებრივად უფრო ძლიერი, გონიერი და უფრო შემოქმედებითია, ვიდრე ყველა დანარჩენი, და ამ რასის ბედისწერაა, თავის ძალაუფლებას დაუმორჩილოს ყველა სხვა რასა. გერმანული ფაშიზმისათვის უკიდურესი ნაციონალიზმი იყო დამახასიათებელი. ნაციონალიზმი გამოხატულებაა რწმენისა, რომ მსოფლიო ბუნებრივად დაყოფილია სხვადასხვა ერებად ან ხალხად, რომელთაგან ყოველი საკუთარ პოლიტიკურ გაერთიანებაში - ეროვნულ სახელმწიფოში უნდა გაერთიანდეს. მიუხედავად იმისა, რომ ნაციონალისტური ტენდენციები მრავალი ერის წარმომადგენლებისათვისაა დამახასიათებელი, ის მაინც ძალზე გაძლიერდა იტალიასა და გერმანიაში - ქვეყნებში, რომლებიც XIX საუკუნის II ნახევრამდე ერთიან ეროვნულ სახელმწიფოდ არ ჩამოყალიბებულან. როგორც ჩანს, ამ გაერთიანების შენარჩუნებისა და გაძლიერების სურვილმა დიდი როლი ითამაშა იტალიური ფაშიზმისა და გერმანული ნაციზმის წარმოქმნაში.


nplg.gov.ge


Комментариев нет:

Отправить комментарий