ღმერთი

ღმერთი

четверг, 21 сентября 2017 г.

კლაივ ლუისი – ქრისტიანი და მატერიალისტი.

 ხშირად გვსმენია: „ნუთუ არ შეიძლება ადამიანი გაქრისტიანების გარეშე იყოს კეთილშობილი?“ აი, სწორედ ამის შესახებ მთხოვეს დამეწერა და მეც ვწერ… უწინარეს ყოვლისა, თქვენი ყურადღება მინდა შეკითხვის შინაარსს მივაპყრო. კითხვა ისე ჟღერს, თითქოს ვიღაც მიიჩნევს: „ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს, საქმე ქრისტიანულ თვალსაზრისს ეხება თუ მატერიალისტურს; მე მხოლოდ ბედნიერი მიწიერი ცხოვრება მინდა მოვიწყო და ამიტომ იმას კი არ ვირჩევ, რაც ჭეშმარიტია, არამედ იმას, რაც დღეს მესაჭიროება“.

მე მათ რიგს მივეკუთვნები, რომლებიც, ყოველივე დანარჩენთან, ერთად ადამიანებს ცხოველებისგან განასხვავებენ, რადგან ადამიანები  ცხოვრებას სარგებლის მისაღებად კი არა, სინამდვილის შესაცნობად აკვირდებიან. მე ვფიქრობ, რომ თუ სუბიექტს ასეთი მოთხოვნილება არ გააჩნია, ის, ერთგვარად, უფრო დაბლა მდგომი არსებაა, ვიდრე „ადამიანი“. გულწრფელად რომ ვთქვა, არც კი მჯერა, რომ ჩვენ შორის შეიძლება ასეთი მოიძებნებოდეს, მაგრამ საკითხის არსში უკეთ გასარკვევად  გავიხსენოთ, რომ არაერთი  მქადაგებლისგან გვსმენია, თითქოს ქრისტიანობას ადამიანის პრობლემების მოგვარება და მისი სრული უზრუნველყოფა შეუძლია. ალბათ, ისეთებიც გვინახავს, ვინც ამ სიტყვებით მოხიბლულა და ისიც კი დავიწყებია, რომ ქრისტიანობა არც დაპატენტებული სამკურნალო აბია და არც ნატვრისთვალი; თუ დავფიქრდებით, ადვილად მივხვდებით, რომ ქრისტიანობა აღმსარებლობაა და თუ პატიოსანი ადამიანი ამ აღმსარებლობის შინაარსში არ გაერკვა, ნებისმიერი შეთავაზების მიუხედავად, აღმსარებლობა რწმენად ვერ გადაიქცევა; მეორე მხრივ, ის, ვინც ქრისტიანობაში თავისი საღი გონებით, სრულიად გულწრფელად ხედავს ჭეშმარიტებას, არანაირ დახმარებას არ საჭიროებს, რადგან ასეთი ადამიანი თავისთავად ხდება მორწმუნეც და აღმსარებელიც.

ამ სიმართლის მოზიარე ადვილად დაასკვნის: თუ ჭეშმარიტება ქრისტიანობაშია, უბრალოდ, არ შეიძლება, მისი მომხრეები და მოწინააღმდეგეები ცხოვრების ერთნაირ წესში ხედავდნენ ბედნიერებას და ერთნაირად აღიქვამდნენ სინამდვილეს. წარმოვიდგინოთ, რომ ვიღაცას სურს დაეხმაროს დისტროფიით დაავადებულს, მაგრამ თუ იგი ჩვეულებრივი, მედიცინის ელემენტარულ საკითხებში გაურკვეველი ადამიანია, ეს კეთილი კაცი ავადმყოფს კარგად გამოკვებავს და ის საბრალოც ამ „სიკეთის“ მსხვერპლი გახდება. სადავო არაა, რომ მოყვასისათვის სიკეთის კეთების სურვილი შეიძლება ქრისტიანსაც ჰქონდეს და ურწმუნოსაც, მაგრამ იმაშიც დამეთანხმეთ, რომ ძნელია, ერთმა, მეორის ცხოვრების სრულიად არმცოდნემ, ამ უკანასკნელს რაიმე სასიკეთო გაუკეთოს.

ადამიანები, ძირითადად, ორ ჯგუფად იყოფიან. ერთნი ფიქრობენ, რომ ისინი ღმერთმა შექმნა, უკვდავნი არიან და მყარი ბედნიერების გარანტად მხოლოდ ღმერთი მიაჩნიათ, ხოლო სხვებმა გამოიკვლიეს, რომ ადამიანი მატერიის შემთხვევითი წარმონაქმნია, ცხოვრობს დაახლოებით სამოცდაათ წელს და თუ ღებულობს ამქვეყნიურ სიამეთ და კომფორტს, სრულიად ბედნიერია… რაც შეეხება ცხოვრების დანარჩენ ნიუანსებს, მათ შორის აბორტს, ვივისექციას (ექსპერიმენტები ცოცხალ ორგანიზმებზე), კანონმდებლობას, მომავალი თაობის აღზრდის ხარისხს და ყველაფერს, რაც ხვალინდელი კეთილდღეობის ხელისშემწყობი ან, პირიქით, ხელისშემშლელი შეიძლება იყოს, მათი აზრით, მხოლოდ ადამიანზეა დამოკიდებული.

ეს ორი პიროვნება ბევრ საკითხში შეიძლება ერთმანეთს ეთანხმებოდეს. ორივეს შეიძლება მიაჩნდეს, რომ ადამიანს მკურნალობა, კვება და ჩაცმა-დახურვა ესაჭიროება, მაგრამ ამ ორ პერსონაში ადრე თუ გვიან ღვთის რწმენა და ურწმუნოება უეჭველად გამოვლინდება, რადგან ქრისტიანობა ყოველი ადამიანის სიყვარულია, ხოლო მატერიალიზმი მასასთან ერთობაა. მაგალითად, რომელიმე პრინციპულ სადავო საკითხზე მსჯელობისას მატერიალისტი უეჭველად იკითხავს: „ეს უმრავლესობისათვის უკეთესია თუ არა?“, ხოლო ქრისტიანმა იმავე შემთხვევაში შეიძლება ასეთი რამ განაცხადოს: „უსამართლობაა და უმრავლესობისათვის უკეთესიც რომ იყოს, მიუღებელია“. ამრიგად, მათი პოზიციები ყოველთვის მტკიცე საზღვრით იქნება გამიჯნული და ვინაიდან ადამიანის ცხოვრების ხანგრძლივობა სამოცდაათი ან უკეთეს შემთხვევაში ოთხმოცი წლით განისაზღვრება, ხოლო ამა თუ იმ ხალხის ან საზოგადოების ცხოვრება გაცილებით უფრო ხანგრძლივია, მატერიალისტისათვის ერი, კლასი და ცივილიზაცია ცალკეულ ადამიანზე უფრო მტკიცე და მნიშვნელოვან ფასეულობას წარმოადგენს. ქრისტიანისათვის კი ყოველი პიროვნების ცხოვრება მარადიულია, ამიტომ მისთვის მთავარი მაინც ცალკეული ადამიანია და ამ პიროვნულ უსასრულობასთან შედარებით, ის, რასაც მატერიალისტი ცივილიზაციას უწოდებს, წუთიერი გაელვებაა.

ქრისტიანი და მატერიალისტი სამყაროს განსხეულების პროცესს და შესაბამისად ყოველდღიურ ცხოვრებაში პიროვნების მოქმედების კანონზომიერებებს სხვადასხვაგვარად აღიქვამენ. ცხადია, არ შეიძლება ეს ორი პოზიცია ერთდროულად მართალი იყოს, მაგრამ საქმე ის არის, რომ მატერიალისტი მასების ინტერესებს უსვამს ხაზს და ყოველთვის თავისი ყალბი მსოფლმხედველობის შესაბამისად მოქმედებს. შედეგად, „უმრავლესობის ინტერესებზე“ აგებულ, ამ მოჩვენებით „კეთილ სურვილებში“ გამოვლენილი ფასეულობებით ე.წ. დროს მორგებული „ელიტა“ სარგებლობს და ყოველი ცალკეული ინდივიდის შევიწროება ხდება. პიროვნების თავისუფლების შეზღუდვას კი, ადრე თუ გვიან, საზოგადოებისათვის დამღუპველი შედეგი მოაქვს.

ჩნდება კითხვა: რადგან მატერიალისტს მიაჩნია, რომ ის მხოლოდ კეთილი ადამიანური ნების გამოვლენას ცდილობდა, შეგვიძლია თუ არა ვთქვათ, რომ მას არაფერი დაუშავებია, ან შეგვიძლია გვქონდეს იმის იმედი, რომ ღმერთი მას პასუხს არაფერზე მოსთხოვს? აქ შევჩერდეთ და გავიხსენოთ, რომ საკითხები: მართალია თუ არა ადამიანი და მოსთხოვს თუ არა მას ღმერთი პასუხს, – დასაწყისში ჩვენ არ გვაღელვებდა! ეს მე არც ახლა მაღელვებს, რადგან არ მჯერა, რომ ადამიანი მთელი ცხოვრების მანძილზე შეიძლება ბნელში იყოს და თავს მშვიდად გრძნობდეს. ამასთან, ჩემთვის სრულიად გაუგებარია, კაცი მოქმედებდეს და თავისი უვიცობის გამო ურიცხვ ბოროტებას აუღელვებლად თესავდეს. მე იმედი მაქვს, რაღაც მომენტში, თავის უგუნურებას ადამიანი უეჭველად შეიგრძნობს. ჩემთვის სრულიად დაუჯერებელია, თქვენ, ჩემი მკითხველები, ისე დაეცით, რომ სხვაგვარად ფიქრობთ, მაგრამ იმასაც მოგახსენებთ: თუ ვინმე მაინც დაეცა, სარწმუნო არგუმენტები მისთვისაც მოიძებნება.

არ გეგონოთ, საკითხის არსი მართლა იმაში მდგომარეობს, ზოგადად ვინმეს შეუძლია თუ არა ქრისტიანობის გარეშე კარგი ადამიანი იყოს. უფრო მნიშვნელოვანია ყოველმა ჩვენგანმა საკუთარ თავს ასეთი მთავარი კითხვა დაუსვას: „შემიძლია თუ არა ქრისტიანობის გარეშე, პირადად მე, ვიყო სრულფასოვანი ადამიანი?“ ვიცით, რომ ამქვეყნად იყვნენ კარგი ადამიანები, რომლებსაც ქრისტეს შესახებ გაგონილიც კი არ ჰქონდათ, მაგალითად, სოკრატე, კონფუცი ან ჯონ სტუარტ მილი, რომელმაც იცოდა ღმერთის შესახებ, მაგრამ არ სწამდა მისი. ქრისტიანობა თუ ჭეშმარიტებაა, ეს ადამიანები პატიოსან უმეცრებაში ან გაუგებრობაში ყოფილან ჩაცვენილნი და თუ კეთილი ნების ადამიანები იყვნენ (რაც უნდა იყოს, ჩვენ არ ვიცით მათი გულისნადები), უფლება გვაქვს გვჯეროდეს, რომ ღმერთმა წყალობა გაიღო, მოაქცია ისინი და მათი ზეგავლენის ქვეშ მყოფ ადამიანებთან ერთად ააცილა იმ ბოროტებას, რაც უმეცრების გამო მათ საკუთარი თავისთვის შეეძლოთ აეტეხათ, მაგრამ ახლა მე იმათ მსურს მივმართო, ვინც ჩემ მიერ დასმული შეკითხვის პასუხს ელის: ჩემო მეგობრებო, თქვენ ხომ უმეცრებაში არ იმყოფებით?! თქვენ რომ ქრისტეს შესახებ არაფერი გცოდნოდათ, კითხვასაც ხომ არ დავსვამდით?! თუ ქრისტეს შესახებ იცით, მაშ, სერიოზულად იფიქრეთ, აწონ-დაწონეთ და შეგნებულად უარყავით, მაშინაც ხომ აღარ დასვამდით ასეთ შეკითხვას?! ესე იგი, თქვენ მიერ დასმული შეკითხვა სინამდვილეში სხვა შინაარსისაა. გულწრფელად რომ ვთქვათ, თქვენ მეკითხებით: „ღირს კი მღელვარებად ეს ყველაფერი? თუ, უბრალოდ, ვიცხოვრო ისე, როგორც ვცხოვრობდი? ადამიანი თუ კეთილგონიერია და მას კეთილი ნება ამოძრავებს, განა საკმარისი არ არის? ნუთუ აუცილებელია იმ საშიშ, ჩემთვის ჯერ კიდევ შეუცნობელ კარზე ვაკაკუნო?“

უწინარეს ყოვლისა, ამ კითხვას მე ასე ვუპასუხებ: თქვენ გსურთ იყოთ კარგი ადამიანი, მაგრამ არ იცით, რას ნიშნავს სიტყვა „კარგი“. ამასთან, რაც გითხარით, ეს ჯერ ყველაფერი არ არის, უფრო მეტს გეტყვით. ადამიანმა საკუთარი პიროვნება ხელოვნურად არ უნდა გაამარტივოს. არ შეიძლება კაცს ისეთი მარტივი კითხვა აწუხებდეს და ისეთი საკითხებით იყოს დამძიმებული, როგორიც არის, მაგალითად: „დაგვსჯის თუ არა ღმერთი სიზარმაცისა და სულმოკლეობის გამო?“ კაცობრიობა, თავისი ასაკით, უკვე საკმაოდ ზრდასულია იმისათვის, რათა პიროვნებას ესმოდეს, რომ ეს თავისებურებანი, უკვე თავისთავად, არის სასჯელი. თქვენ კი ასეთ საკითხებს აზვიადებთ… დაუკვირდით და დაინახავთ, რომ სინამდვილეში თქვენი თვითშეგნება არ იკვლევს, მართლაც ჭეშმარიტია თუ არა ქრისტიანობა. თვითონ თქვენ შეგნებულად გაურბიხართ თქვენსავე კითხვას, რადგან მიგაჩნიათ, რომ ქრისტიანულად ცხოვრების შემთხვევაში საზრუნავი გაცილებით მეტი გექნებათ. ეს ისეთივე ბანალური ფაქტია, როგორიც ადამიანის ქმედება, რომელიც განცხადებების დაფას თვალს არიდებს, რადგან არ სურს სიაში საკუთარი გვარი ამოიკითხოს; ან კიდევ, როდესაც არ სურს საბანკო ანგარიში გადაამოწმოს, რადგან ეჭვი აქვს, რომ თანხა ამოეწურა; სწორედ ასევე გაურბის ადამიანი სამედიცინო შემოწმებას, როდესაც თავისი ავადმყოფობის შესახებ, არა აქვს სურვილი, რაიმე ცუდი შეიტყოს.

ამ ხელოვნურობის გამო შეგვიძლია ვთქვათ, რომ ურწმუნო ადამიანის გაუგებრობა გულწრფელ უცოდინრობად არ შეიძლება ჩაითვალოს. ასეთ შემთხვევაში ადამიანი არაკეთილსინდისიერ უმეცრებაშია და, რადგან მან გონების სიწრფელეზე თავად განაცხადა უარი, მისი აზრებიც და საქმეებიც არაკეთილსინდისიერებითაა შებოჭილი. გეტყვით, რომ თუ იესო ქრისტეს განიკითხავთ, თქვენი შეცოდებაც შეიძლება, პატიებაც და შენდობაც, მაგრამ თუ თქვენ ღმერთს უბრალოდ გაურბიხართ, ქუჩის მეორე მხარეს გადადიხართ, თუ არ იღებთ ყურმილს და არ ხსნით კონვერტს, ეს ხომ უკვე სხვა შემთხვევაა და ამ „სხვა შემთხვევაში“ პატიებას ხომ თქვენ თვითონ ხდით შეუძლებელს? შეიძლება თქვენ მართლაც ვერ გაგირკვევიათ, უნდა იყოთ თუ არა ქრისტიანი, მაგრამ ის ხომ ბრწყინვალედ გესმით, რომ ადამიანი უნდა იყოთ და არა სირაქლემა.

უკანასკნელ ხანს ჩვენი გონებრივი ღირსება იმდენად დაეცა, რომ გასაკვირი არ იქნება, ვიღაცამ იკითხოს: „კი მაგრამ, მე რა სარგებელი მექნება? თუ გავქრისტიანდი, უფრო ბედნიერი გავხდები? თუ თქვენ ყველაფრის გარანტიას მაძლევთ, კი, ბატონო, შემიძლია ვიყო ქრისტიანი.“

ასეთნაირად დასმულ კითხვას მე არ მსურს გამოვეხმაურო. ჩვენი საუბრის თემა და მიზანი სულ სხვა რამ არის. მე მინდა ადამიანებს ხმამაღლა ვაუწყო და გასაგებად განვუმარტო, რომ ქრისტიანობა კარია, რომლის მიღმაც სამყაროს შეცნობა იწყება! და თუ ასე არ არის, მაშინ ქრისტიანობა ისეთი დიდი ტყუილი ყოფილა, რომლის მსგავსიც კაცობრიობის მთელი ისტორიის მანძილზე არასდროს არსად მოუსმენიათ. ყოველი ადამიანი (რადგან ის კურდღელი არ არის და სინამდვილეს არ გაურბის) უბრალოდ ვალდებულია, საკითხის შინაარსში გაერკვეს და თუ ეს მართლაც სიცრუეა, მთელი ძალებით გამოააშკარავოს თაღლითობა და იბრძოლოს მის წინააღმდეგ, მაგრამ თუ დარწმუნდა, რომ ჭეშმარიტებაა, მთელი სულით, გონებითა და გულით მიენდოს შემოთავაზებულ ჭეშმარიტებას.

ნუთუ ჩვენთვის, ასეთი მაღალი დონის არსებებისათვის, უბრალო, ყოველდღიური საზრუნავია საკმარისი? ნუთუ, მხოლოდ რამდენიმე ათეული წელი უნდა ვიარსებოთ და სულ ერთია ჩვენთვის ყველაფერი დანარჩენი? კეთილი, მაშინ, მე სხვაგვარად, თქვენთვის სასურველ ენაზე გეტყვით, რომ ცხოვრებაში ქრისტიანობა გაცილებით უფრო მეტად დაგეხმარებათ, ვიდრე წარმოგიდგენიათ. პირველი დახმარება ის იქნება, რომ თქვენს გონებაში ძალიან მნიშვნელოვანი, მაგრამ, არცთუ სასიამოვნო, რამ ჩაინერგება. გაირკვევა, რომ ყველაფერს, რასაც აქამდე „ღირსეულად“ ან „სწორად“ მიიჩნევდით, ანუ პატიოსნებას, დიდსულოვნებას და მრავალ სხვა სიკეთეს უწოდებდით, ისეთი უებარი მკურნალი არ ყოფილა, როგორიც გეგონათ. ქრისტიანობა განგიმარტავთ და გასწავლით, რომ თქვენ, ღმერთის თანადგომის გარეშე, ერთ დღესაც ვერ შეძლებთ, რომ „კარგი“ ადამიანი იყოთ. შემდეგ გაიგებთ, საკუთარი თავი „კარგიც“ რომ გეგონოთ, ღმერთის გარეშე სასურველ სიმაღლეს მაინც ვერ მისწვდებით. თქვენ მიაგნებთ უბრალო ჭეშმარიტებას და დარწმუნდებით, რომ არ შეიძლება ცხოვრების მიზანი მხოლოდ „ზნეობრიობის“ ნორმებით შემოფარგლულ სივრცეში არსებობა იყოს. აღმოჩნდება, რომ თქვენთვის – ღვთის ხატად ქმნილი არსებისათვის, სხვა რამ არის გამზადებული. კონფუციმ და მილმა (სოკრატეს შესახებ არაფერს ვიტყვი, ჭეშმარიტებასთან ის გაცილებით უფრო ახლოს იყო) უბრალოდ არ იცოდნენ, რისთვის ცხოვრობს ადამიანი. ეს არც იმ ხალხმა იცის, ვისი შეკითხვითაც სტატია იწყება. ეს რომ სცოდნოდათ, მიხვდებოდნენ, რომ „წესიერება“ იმასთან შედარებით, რაც ღმერთის მიერ ადამიანისათვისაა ჩაფიქრებული, სრული სისულელეა. მორალი აუცილებელია, მაგრამ თუ ღმერთში ცხოვრობ, ზნეობრიობა ამ უსაზღვრო სივრცეში უბრალოდ მიინავლება…

ჩვენ, ქრისტეს მაძიებლები, კვლავ უნდა დავიბადოთ და ყველაფერი ის, რაც ჩვეულებრივ მცოხნელ კურდღელს გვამსგავსებს, მთლიანად უნდა ჩამოვიშოროთ. საკუთარ პიროვნებაში უნდა აღმოვფხვრათ პასუხისმგებელიც, გულახდილიც, ღირსეულიც, ნებიერიც, ყველა სხვა სახის კურდღელიც. ამ ძნელ პროცესში კურდღლის ფაფუკი ბეწვის ჩამოხევისას ტკივილმა არ უნდა შეგვაშინოს. ტყავს სისხლიც უნდა გავაყოლოთ და ის სასწაული, რომელიც მრავალჯერ მომხდარა, ჩვენთვის განხორციელდება. დადგება წუთი, როდესაც ტკივილისაგან გათანგულებს, საფარველის ქვეშ მოულოდნელად ჯერ სხვა სხეული, ხოლო შემდეგ, ჩვენი სახით, ნამდვილი ადამიანი გამოგვიჩნდება. გაირკვევა, რომ ეს ადამიანი ძლიერი, ბრძენი, ბრწყინვალე და ხალისით აღვსილი, ღმერთის შვილია.

შემდეგ კი, როგორც მოციქული პავლე ბრძანებს: „…როდესაც მოიწევა სრულქმნილება, მაშინ განქარდება ნაწილობრივი“ (1 კორინთელთა 13:10). ადამიანების ილუზია – „ქრისტეს გარეშე იყოს კეთილშობილი“ ორ შეცდომას ეფუძნება:

I – მიაჩნიათ, რომ შეუძლებელია გახდნენ სრულფასოვანი ქრისტიანები.

II – ფიქრობენ, რომ ქრისტიანულად ცხოვრება არ შეიძლება იყოს სიცოცხლის მთავარი მიზანი.

გამოცდილება საპირისპიროს გვიჩვენებს და გვასწავლის: ნებისმიერ უმაღლეს ზღვარს პიროვნება ღვთის შეწევნის გარეშე ვერც მიაღწევს და ვერც გადალახავს. ნებისმიერ შეუცნობელ სივრცეში შესვლა და მასთან შეგუება დახმარების გარეშე ადამიანისთვის შეუძლებელია… ჩვეული ყოფითობიდან გასულს, კვლავდაბადებულთა სივრცეში ფრთები და ფრენის ნიჭი დასჭირდება. ხტუნვა და ხოხვა აღარ გამოადგება… რადგან იქ მხოლოდ ფრენაა შესაძლებელი!


კლაივ სტეიპლზ ლუისი

jesus.ge

Комментариев нет:

Отправить комментарий