ღმერთი

ღმერთი

пятница, 22 сентября 2017 г.

“ვირთხები სარდაფში” - კლაივ ლუისი

 ალბათ, ყველას წაგიკითხავთ ზღაპარი “ალისფერი ყვავილი”.  ამ ზღაპარში ქალიშვილი, რატომღაც, ურჩხულს უნდა გაჰყოლოდა ცოლად. იგი ასეც მოიქცა, ჯერ ურჩხულის სიყვარული ირწმუნა, გამოსცადა მისი სიკეთე და შეეცადა მისთვის სიყვარულითვე ეპასუხა. როცა ქალიშვილი ურჩხულს ეამბორა, იგი მის თვალწინ მშვენიერ ჭაბუკად გადაიქცა.

მეორე ამბავი მოგვითხრობს ადამიანზე, რომელიც იძულებული იყო ნიღაბი ეტარებინა, რადგან მასში უფრო მიმზიდველად გამოიყურებოდა. იგი ამ ნიღაბს წლების მანძილზე ატარებდა და როცა მოიხსნა აღმოაჩინა, რომ სახეს ნიღბის გამომეტყველება მიეღო, გალამაზებულიყო. ის, რაც თავდაპირველად ყალბი, მოჩვენებითი სილამაზე გახლდათ, რეალურად გადაიქცა.

ჩემი აზრით, ეს ამბები იმის ილუსტრაციას ახდენენ, რის თქმასაც ახლა ვაპირებ. აქამდე ფაქტების აღწერას ვცდილობდი, კერძოდ ვინ არის ღმერთი და რა გააკეთა მან. ახლა კი პრაქტიკულ საკითხზე მინდა გადავიდე : რა უნდა ვქნათ ჩვენ? რაში გვჭირდება მთელი ეს თეოლოგია?..

გახსოვთ რა სიტყვებით იწყება იესოს მიერ ნასწავლები ლოცვა? – “მამაო ჩვენო”. ახლა თქვენ უკვე იცით რას ნიშნავს ეს მიმართვა. ის მოწმობს, რომ თქვენ ღვთის ძის მდგომარეობაში აყენებთ საკუთარ თავს. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ქრისტეს შეიმოსავთ, ანუ ქრისტედ წარმოიდგენთ თავს.

იმ წამს, როცა ამ სიტყვებს გაიაზრებთ, ხვდებით, რომ სინამდვილეში თქვენ არა ხართ ღვთის ძე. თქვენ სრულიადაც არა ხართ ისეთი , როგორიც ის ძე, რომლის სურვილები და ნება შერწყმულია მამის სურვილებთან და ნებასთან. თქვენა ხართ საკუთარ თავში ჩაკეტილი შიშის, სიხარბის, შურისა და პატივმოყვარეობის გორგალი და ეს ყველაფერი, მთელი თქვენი არსება სასიკვდილოდაა განწირული . თქვენი სითამამე, კერძოდ ის, რომ ქრისტეს გინდათ მიემსგავსოთ, აღმაშფოთებელი თავდაჯერებულობაა. მაგრამ უცნაურია, რომ მან სწორედ ამის გაკეთება გვიბრძანა.

რატომ? რა აზრი აქვს საკუთარი თავის სხვად გასაღებას ან წარმოდგენას? თუმცა, როგორც ვიცით, ადამიანურ დონეზეც თვალთმაქცობის ორი სახეობა არსებობს – ცუდი და კარგი. პირველ შემთხვევაში ადამიანი ვიღაცის მოტყუებას ცდილობს, მაგალითად, თავს ისე გაჩვენებს ვითომ გეხმარებათ, იმის ნაცვლად, რომ მართლა დაგეხმაროთ. თვალთმაქცობის მეორე, სასარგებლო სახეობას კი სულ სხვა მიზნისკენ მივყავართ. მაგალითად, თქვენ არ გინდათ, რომ კონკრეტული ადამიანის მიმართ კეთილგანწყობა გამოავლინოთ, მაგრამ იცით, რომ ასე უნდა მოიქცეთ. ასეთ შემთხვევაში სწორი იქნება ისე მოიქცეთ, ვითომ უკეთესი ხართ, ვიდრე სინამდველეში. გარკვეული პერიოდის შემდეგ მართლაც იგრძნობთ მისადმი კეთილგანწყობას.

ეს განცდა ყველასათვის ნაცნობია, ძალიან ხშირად შეუძლებელია რაღაცის განცდა, თუ ისე არ მოიქცევი, თითქოს უკვე განიცდი. აი, რატომ აქვს ბავშვისთვის დიდი მნიშვნელობა თამაშს, ბავშვები ხომ თავს დიდებად წარმოიდგენენ ხოლმე, როცა “ომობანას”, ან “მაღაზიობანას” თამაშობენ ხოლმე. ამ დროს მათი კუნთები მაგრდება და გონება მახვილდება. ასე რომ, წარმოსახვა ზრდის მათ.

და კიდევ, როცა გაცნობიერებულად ეტყვი საკუთარ თავს: “აი, მე წარმოვიდგენ, თითქოს ქრისტე ვარ ,” – იქვე იგრძნობთ, თუ როგორ ცდილობთ წარმოსახვა რეალობას მიუახლოვოთ. თქვენ ისეთ რამეებზე ფიქრობთ, რაზეც არ იფიქრებდით, მართლა რომ ღვთის ძე ყოფილიყავით, შეეცადეთ ჩამოიშოროთ ეს ფიქრები. შეიძლება, უცებ იგრძნოთ, რომ ახლა ლოცვის დრო არ არის და სჯობია წერილი მისწეროთ დედას ან სამზარეულოში გახვიდეთ და ჭურჭლის რეცხვაში მიეხმაროთ ცოლს, გააკეთეთ ის, რასაც შინაგანი ხმა გკარნახობთ.

ხედავთ რა ხდება? თავად ქრისტე , ძე ღვთისა, ადამიანი (ისეთივე როგორც ჩვენ) და ღმერთი (ისეთივე როგორც მამა), დგას ჩვენ გვერდით და ჩვენს წარმოსახვას რეალობად აქცევს. ის, რომ ამას თქვენი სინდისი გკარნახობთ, მაღალფარდოვანი სიტყვები არ არის, თუ პირდაპირ დაეკითხებით თქვენს სინდისს, გარკვეულ პასუხს მიიღებთ. თუკი თქვენ გახსოვთ, რომ ქრისტეს როლს თამაშობთ, მაშინ პასუხი სხვაგვარი იქნება. ბევრი რამ არის ისეთი , რასაც სინდისი მაშინვე ვერ განსჯის, მაგრამ თქვენ უმალვე უკუაგდებთ, თუ ნამდვილად ცდილობთ რომ ქრისტეს მიბაძოთ. მაშინ მხოლოდ იმაზე კი არ იფიქრებთ, თუ რა არის კარგი და რა – ცუდი, არამედ შეეცდებით რომ მისგან “სასიკეთო ინფექცია” შეგეყაროთ. ასე წესებს კი არ მისდევენ, არამედ პორტრეტს ხატავენ. საინტერესოა, რომ გარკვეული კუთხით ეს უფრო რთულია, ვიდრე წესების მორჩილება, მაგრამ სხვა მხრივ – ბევრად იოლი.

ჭეშმარიტი ღვთის ძე თქვენს გვერდით იქნება, ის იწყებს თქვენს გარდაქმნას თავის მსგავს არსებად. ის იწყებს თქვენში თავისი ცხოვრების წესისა და აზროვნების დანერგვას, გაზიარებთ მისთვის დამახასიათებელ სულიერ სიცოცხლეს. ის იწყებს სათამაშო ჯარისკაცის ნამდვილ ადამიანად გარდაქმნას და რა თქმა უნდა, თქვენი ის ნაწილი, რომელიც სათამაშო კაცუნად რჩება, წინააღმდეგობას გაუწევს მას.

ზოგიერთმა თქვენგანმა შესაძლოა თქვას, რომ მსგავსი არაფერი განუცდია, რომ არ აქვს შეგძნება, თუ როგორ ეხმარება ქრისტე, სამაგიეროდ ხშირად უნახავს ადამიანების დახმარება. ამ დროს მახსენდება პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ანეკდოტი ქალზე , რომელმაც თქვა: “ჩემს ოჯახს არ აღელვებს პურის უკმარისობა, ჩვენ მხოლოდ ორცხობილას ვჭამთ.” თუ თქვენ პური არ გაქვთ , არც ორცხობილა გექნებათ. ქრისტე რომ არ გეხმარებოდეთ, ვერც ადამიანებისგან ეღირსებოდით დახმარებას. ის სხვადასხვა ხერხებით ახდენს ჩვენზე ზემოქმედებას და არამარტო, “რელიგიური ცხოვრების” ფარგლებში.

ის იმოქმედებს ბუნების, ჩვენი სხეულის, წიგნების და ზოგჯერ გარემოებების მეშვეობითაც, რომელიც ერთი შეხედვით ანტიქრისტიანულადაც შეიძლება მოგეჩვენოთ. როცა ახალგაზრდა კაცი, რომელიც ეკლესიაში ჩვევის გამო დადიოდა, მიხვდება, რომ მას არ სწამს ქრისტეს მოძღვრება და შეწყვეტს ეკლესიაში სიარულს, თუ ამას პატიოსნება აიძულებს და არა მშობლებთან დაპირისპირების სურვილი, ის შეიძლება უფრო ახლოს მივიდეს ქრისტეს სულთან, ვიდრე ადრე იყო.

უფრო ხშირად, ქრისტეს სული ჩვენი ერთმანეთთან ურთიერთობით ახდენს ჩვენზე ზემოქმედებას. ადამიანები სარკეები და ქრისტეს “გადამტანები” არიან. ხანდახან “სასიკეთო ინფექცია” იმასაც კი გადააქვს, ვინც თვითონ არ არის ამით დაავადებული. მე მაგალითად, ქრისტიანობასთან მიახლოებაში ის ადამიანები დამეხმარნენ, რომლებიც თვითონ ქრისტიანები არ იყვნენ. თუმცა, როგორც წესი, ქრისტესთან იმათ მიჰყავს ადამიანები, ვინც თავად იცნობს მას. აი, რატომ არის ეკლესიის, ერთობის როლი ასე მნიშვნელოვანი. არ გადავაჭარბებ, თუ ვიტყვი, რომ ორ ქრისტიანში, რომლებიც ერთად მიუყვებიან ქრისტეს გზას, ქრისტიანობა ორჯერ კი არა, თექვსმეტჯერ უფრო მტკიცდება.

არ დაგავიწყდეთ, რომ ჩვილისთვის ბუნებრივია, ისე სწოვდეს დედას რძეს, რომ არ იცნობდეს მას. დასაწყისში, შესაძლოა ჩვენც ვხედავთ ადამიანს, რომელიც გვეხმარება და ვერ ვგრძნობდეთ მის უკან მდგომ ქრისტეს, თუმცა სამუდამოდ ჩვილებად არ უნდა დავრჩეთ. უნდა გავიზარდოთ და გავაცნობიეროთ, თუ ვინ გვეხმარება. ამის არდანახვა და არგაგება უბრალოდ უგუნურებაა. წინააღმდეგ შემთხვევაში ადამიანებს უნდა დავეყრდნოთ, რაც ადრე თუ გვიან დიდ იმედგაცრუებამდე მიგვიყვანს. მათ შორის ყველაზე საუკეთესონიც კი უშვებენ შეცდომებს და ყველას სიკვდილი უწერია. მადლიერნი უნდა ვიყოთ ყველასი, ვინც დახმარება გაგვიწია, პატივს უნდა ვცემდეთ და გვიყვარდეს ისინი, მაგრამ არასოდეს არ უნდა დავეყრდნოთ მთლიანად ერთ ადამიანს, რაც არ უნდა ბრძენი და კარგი იყოს ის. ქვიშისგან ბევრი მშვენიერი რამის გაკეთება შეიძლება, მაგრამ ქვიშაზე სახლის აშენებას ნუ შეეცდებით.

ახალი აღთქმა ბევრგან ახსენებს “ხელახლა შობას”, “ქრისტეთი შემოსვას”, რაც გულისხმობს, რომ ქრისტე ჩვენში გამოსახება. თავიდანვე უკუაგდეთ ის აზრი, რომ ეს მხოლოდ რთული მეტაფორაა, რომელიც მხოლოდ იმას გამოხატავს, რომ ქრისტიანებმა მცნებები უნდა იკითხონ და შეძლებისდაგვარად გაითვალისწინონ, ისევე როგოც კითხულობდნენ პლატონს, მარქსს და მათი იდეების განხორციელებას ცდილობდნენ.

სხვადასხვა ფორმით გამოთქმული ახალი აღთქმისეული ეს აზრი გაცილებით მეტს ნიშნავს: რეალური ქრისტე, იმ ოთახში სადაც ახლა ლოცულობთ, თქვენს გვერდით და თქვენთან ერთად აკეთებს რაღაცას. თანაც აქ ლაპარაკია არა იმ ადამიანზე, ვინც 2000 წლის წინ მოკვდა, არამედ ცოცხალ კაცზე, ისეთივეზე როგორებიც ჩვენ ვართ და ამავდროულად ღმერთზეც, იმ ღმერთზე, რომელმაც სამყარო შექმნა.

ეს ცოცხალი ღმერთკაცი მოდის თქვენთან და ირჯება თქვენი შინაგანი “მეს” გარდსაქმნელად. კლავს თქვენში ძველ “კაცს” და ცვლის ახლით, იმის მსგავსით როგორიც თავად აქვს. თავდაპირველად რამდენიმე წამით, შემდეგ უფრო ხანგრძლივად და საბოლოოდ, თუ ყველაფერი კარგად წარიმართა, ის სამუდამოდ გაქცევთ ახალ არსებად – ახალ ქრისტედ, არსებად, რომელიც თავისი არსით ღვთის სიცოცხლეს იძენს. არსებად, რომელიც ღვთის ძლიერებას, სიხარულს, ცოდნასა და უკვდავებას ეზიარება. ცოტა მოგვიანებით კიდევ ორ სხვა აღმოჩენას გავაკეთებთ:
ჩვენ ვიწყებთ არამარტო ჩვენი ცოდვილი საქციელის, არამედ ჩვენი ცოდვიანობის გაცნობიერებასაც. გვაწუხებს არამარტო ის, თუ რას ვაკეთებთ , არამედ ისიც, თუ რას წარმოვადგენთ საერთოდ, როგორები ვართ.

როცა საღამოს ლოცვისთვის ვემზადები და ვცდილობ დღის განმავლობაში ჩადენილი ცოდვები გავიხსენო , ათიდან ცხრა შემთხვევაში, მოყვასისადმი სიყვარულის მცნების დარღვევაა: მე ან ვბრაზობდი, ან ვყვიროდი, ან აღშფოთებას გამოვხატავდი და უცებ, ჩემს გონებაში ჩნდება საკუთარი თავის გასამართლებელი საბუთი , მე გამომიწვიეს, მომვარდნენ და დამაბნიეს, დრო არ მქონდა და სხვ. ეს თითქოს ერთგვარი შემამსუბუქებელი გარემოებაა, რადგან ბევრად უარესი იქნებოდა, ამგვარი რამ წინასწარგანზრახულად გამეკეთებინა.

მეორე მხრივ, კი ის, რასაც ადამიანი დაუფიქრებლად, სპონტანურად აკეთებს, უფრო უკეთ არ აჩვენებს რა კაციც არის? ის, რაც წამოგცდებათ, სანამ საკუთრ თავს შეინიღბავდეთ, ყველაზე უკეთ არ გამოხატავს თქვენს შინაგან სამყაროს? თუ სარდაფში ვირთხები ბუდობენ, მათი დანახვა ყველაზე სავარაუდოა, მაშინ, როცა მოულოდნელად შევაღებთ კარს, მაგრამ ვირთხებს მოულოდნელობა კი არ აჩენს, მხოლოდ დამალვაში უშლის ხელს. ზუსტად ასევე, საბაბის მოულოდნელობა კი არ მაქცევს ფიცხ, თავშეუკავებელ ადამიანად, ის მხოლოდ ააშკარავებს ჩემს სიფიცხეს. ვირთხები სარდაფში მუდამ არიან, მაგრამ თუ იქ ხმაურითა და ყვირილით შეხვალთ ისინი მანამ დაიშლებიან, ვიდრე შუქს აანთებდეთ.

როგორც ჩანს, წინააღმდეგობისა და შურისძიების ვირთხები მუდმივად ცხოვრობენ ჩემი სულის სარდაფში. ჩემი ცნობიერი ნება ამ სარდაფამდე ვერ აღწევს. გარკვეულ ზღვრამდე მე ვაკონტროლებ ჩემ ქცევებს, მაგრამ ჩემი ტემპერამენტის პირდაპირი კონტროლი არ შემიძლია. თუ ის , როგორები ვართ, უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ჩვენი ქცევები ; ჩვენი საქციელი მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც ის ჩვენს შინაგან არსს გამოხატავს. აქედან გამომდინარე, გარდაქმნას, რომელსაც ვსაჭიროებ ჩემი საკუთარი ძალებით ვერ მოვახდენ. ეს კარგ ქცევებსაც ეხება. ბევრი სიკეთე ჩამიდენია კეთილი ზრახვებიდან გამომდინარე? რამდენჯერ ყოფილა, რომ ხშირად, უბრალოდ საზოგადოებრივი აზრის შემშინებია, ან საკუთარი თავის კარგად წარმოჩენა მდომებია? რამდენი მათგანი ჩამიდენია მხოლოდ სიჯიუტის გამო, რომელიც სხვა ვითარებაში ცუდ საქციელამდე მიმიყვანდა? მე არ შემიძლია, რომ ზნეობრივი ძალისხმევით გავაღვიძო ჩემში ახალი სტიმულები. გადავდგამთ თუ არა რამდენიმე ნაბიჯს ქრისტიანობის სავალ გზაზე, ვხვდებით, რომ ყველა აუცილებელი ცვლილება ჩვენში მხოლოდ ღმერთს მოაქვს. ამ მსჯელობას იმასთან მივყავართ, რაც ჩემს გადმოცემაში მთლიანად ვერ გამოხატავდა ჭეშმარიტებას.

ჩემი სიტყვებიდან შეიძლება ისეთი შთაბეჭდილება შეგქმნოდათ, რომ ყველაფერს ჩვენ თვითონ ვაკეთებთ, სინამდვილეში ყველა ცვლილებას ღმერთი ახდენს. საუკეთესო შემთხვევაში ჩვენ წინააღმდეგობას არ ვუწევთ მას. რაღაც თვალსაზრისით შეიძლება ისეც ითქვას, რომ ეს ღმერთი მართავს წარმოსახვას. მართლაც, სამპიროვანი ღმერთი ხედავს ბუზღუნა, დაუმორჩილებელ არსებას და ამბობს: “მოდით, წარმოვიდგინოთ, რომ ეს ბუზღუნა არსება ჩვენი ძეა, ის წააგავს იესოს იმ თვალსაზრისით, რომ ისიც ადამიანია. მოდით, წარმოვიდგინოთ, რომ ადამიანი სულიერადაც წააგავს ქრისტეს და ისე მოვიქცეთ, თითქოს, ეს ჭეშმარიტება იყოს, თუმცა ეს სინამდვილე არ არის…”

ღმერთი ისე გვიყურებს, როგორც პატარა ქრისტეს, ქრისტე კი გვერდით გვიდგას და გვეხმარება გარდავიქმნათ მის მსგავს არსებად. აზრი, რომ ღმერთი წარმოსახვას მიმართავს ცოტა უცნაურად ჟღერს , მაგრამ განა ეს უცნაურია? განა ასე არ ზრდის რანგით მაღლა მდგომი არსება მასზე დაბლა მდგომს? დედა საუბრის მეშვეობით ასწავლის ბავშვს ლაპარაკს, ჯერ კიდევ მაშინ, როცა მას არ ესმის, თუ რას ეუბნებიან. ჩვენ ისე ვექცევით ძაღლებს, როგორც “ადამიანებს”, აი, რატომ ხდება, რომ ბოლოს და ბოლოს ისინი ლამის არის “ადამიანებად” გადაიქცნენ…

კლაივ ლუისი – “ეს ქრისტიანობაა”


jesus.ge

Комментариев нет:

Отправить комментарий