ღმერთი

ღმერთი

понедельник, 7 января 2013 г.

იერუსალიმ, იერუსალიმ, წინასწარმეტყველთა მკვლელო....

მათეს სახარება
თავი ოცდამესამე

1. მაშინ იესომ მიმართა ხალხს და თავის მოწაფეებს:

2. მოსეს სავარძელზე მწიგნობარნი და ფარისეველნი სხედან;

3. მაშ, ყველაფერი, რის დაცვასაც გირჩევენ, დაიცავით და აღასრულეთ, მაგრამ მათ საქმეს კი ნუ მიბაძავთ, ვინაიდან ამბობენ და არ ასრულებენ.

4. რადგან მძიმე ტვირთს ჰკრავენ და ძნელად სატვირთველს, და ხალხს მხრებზე ადებენ; თვითონ კი თითის განძრევაც არ სურთ მის დასაძრავად.

5. და მთელ თავიანთ საქმეს აკეთებენ კაცთა დასანახავად; აგანიერებენ თავიანთ სალოცავ თასმებს და აგრძელებენ თავიანთი სამოსის კალთებს.

6. უყვართ წვეულებებზე სუფრის თავში წამოჭიმვა და წინა რიგები სინაგოგებში.

7. და სალმის ძღვნა მოედნებზე, რათა ხალხი მიმართავდეს მათ: რაბი! რაბი!

8. თქვენ კი ნუ იწოდებით ასე: რაბი! ვინაიდან ერთია თქვენი მოძღვარი - ქრისტე, ხოლო თქვენ ყველანი ძმები ხართ.

9. ნურც თქვენს მამას უწოდებთ ვინმეს ამ ქვეყნად, ვინაიდან ერთია მამა თქვენი ზეციერი.

10. და ნურც წინამძღვრებად იწოდებით, ვინაიდან ერთია თქვენი წინამძღვარი - ქრისტე.

11. ხოლო თქვენს შორის უდიდესი თქვენი მსახური იყოს.

12. რადგან ვინც აიმაღლებს თავის თავს, დამდაბლდება, და ვინც დაიმდაბლებს თავის თავს, ამაღლდება.

13. ვაი თქვენდა, მწიგნობარნო, და ფარისეველნო, თვალთმაქცნო, ცათა სასუფეველს რომ უხშობთ ხალხს, ვინაიდან არც თვითონ შედიხართ და არც შემსვლელთ ანებებთ შესვლას.

14. ვაი თქვენდა, მწიგნობარნო და ფარისეველნო, თვალთმაქცნო, ვინაიდან ნთქამთ ქვრივთა სახლებს და თანაც პირმოთნედ ლოცულობთ დიდხანს; მით უფრო მძიმე იქნება თქვენი სასჯელი.

15. ვაი თქვენდა, მწიგნობარნო და ფარისეველნო, თვალთმაქცნო, ვინაიდან დაძრწიხართ ზღვასა თუ ხმელზე, რათა მოაქციოთ თუნდაც ერთი კაცი: და როცა მოაქცევთ, გეენის კერძად აქცევთ მას, თვით თქვენზე ორჯერ მეტად.

16. ვაი თქვენდა, ბრმა წინამძღვარნო, რომლებიც ამბობთ: თუ ვინმე დაიფიცავს ტაძარს, არაფერია, ხოლო თუ ვინმე დაიფიცავს ტაძრის ოქროს, მოვალეა.

17. შლეგნო და ბრმანო, რა უფრო მეტია: ოქრო თუ ტაძარი, რომელიც გაწმენდს ოქროს?

18. და მერე: თუ ვინმე დაიფიცავს საკურთხევვლს, არაფერია, ხოლო თუ ვინმე დაიფიცავს შესაწირავს, რომელიც დევს საკურთხეველზე, მოვალეა.

19. შლეგნო და ბრმანო, რა უფრო მეტია: შესაწირავი თუ საკურთხეველი, რომელიც გაწმენდს შესაწირავს?

20. რადგან ვინც იფიცავს საკურთხეველს, იფიცავს მას და ყოველივე იმას, რაც საკურთხეველზეა.

21. და ვინც იფიცავს ტაძარს, იფიცავს მას და მის მკვიდრსაც.

22. და ვინც იფიცავს ცას, იფიცავს ღმრთის ტახტს და მასზე მჯდომარესაც.

23. ვაი თქვენდა, მწიგნობარნო და ფარისეველნო, თვალთმაქცნო, რომლებიც იხდით მეათედს პიტნისას, კამისას, კვლიავისას, და დაგიტევებიათ ის, რაც უმთავრესია რჯულში: სამართალი, წყალობა და რწმენა. ეს უნდა გექნათ, და არც ის მიგეტოვებინათ.

24. ბრმა წინამძღვარნო, რომელნიც გადასწურავთ ქინქლს და აქლემს კი შთანთქამთ.

25. ვაი თქვენდა, მწიგნობარნო და ფარისეველნო, თვალთმაქცნო, გარედან რომ წმენდთ სასმისსა თუ ჯამს, შიგნით კი სავსენი არიან ნაძარცვითა და ნაოხარით.

26. თვალდავსილო ფარისეველო, ჯერ შიგნიდან გაწმინდე სასმისი თუ ჯამი, რათა წმიდა იყოს გარეთაც.

27. ვაი თქვენდა, მწიგნობარნო და ფარისეველნო, თვალთმაქცნო, ასე რომ ჰგავხართ შეფეთქილ საფლავებს, რომლებიც გარედან მშვენიერნი ჩანან, ხოლო შიგნით სავსენი არიან მკვდრების ძვლებითა და ყოველგვარი უწმინდურებით.

28. ასევე თქვენც გარეგნულად მართალნი ჰგონიხართ ხალხს, შიგნით კი სავსენი ხართ თვალთმაქცობითა და ურჯულოებით.

29. ვაი თქვენდა, მწიგნობარნო და ფარისეველნო, თვალთმაქცნო, რომელნიც აგებთ წინასწარმეტყველთა სამარხებს და ამკობთ მართალთა ძეგლებს;

30. და ამბობთ: ჩვენი მამების დროს რომ გვეცხოვრა, არ ვიქნებოდით მათი თანამოზიარენი წინასწარმეტყველთა სისხლში.

31. ამრიგად, თქვენი თავის წინააღმდეგ თვითონვე მოწმობთ, რომ წინასწარმეტყველთა მკვლელების ნაშიერნი ხართ.

32. და აღავსეთ საწყაული თქვენი მამების.

33. გველნო, იქედნეს ნაშიერნო, როგორ გაექცევით გეენის სასჯელს?

34. ამიტომ, აჰა, გიგზავნით წინასწარმეტყველთ, ბრძენთა და მწიგნობართ; და ზოგს მოჰკლავთ და ჯვარს აცვამთ, ზოგს მათრახით სცემთ სინაგოგებში და ზოგსაც ქალაქიდან ქალაქად დაუწყებთ დევნას;

35. რათა მოიწიოს თქვენზე ამ ქვეყნად დათხეული ყოველი მართალი სისხლი, აბელ მართლის სისხლიდან ვიდრე სისხლამდე ბარაქიას ძისა, ზაქარიასი, რომელიც მოჰკალით ტაძარსა და საკურთხეველს შორის.

36. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, რომ ყოველივე ეს მოიწევა ამ მოდგმაზე.

37. იერუსალიმ, იერუსალიმ, წინასწარმეტყველთა მკვლელო და შენდამი მოვლინებულთა ქვებით ჩამქოლველო! რამდენჯერ ვცადე შემეკრიბა შენი შვილები, როგორც ფრინველი კრებს ბარტყებს თავის ფრთებქვეშ, და არ ისურვე.

38. და აჰა, გრჩებათ თქვენი სახლი ოხრად.

39. რადგანაც გეუბნებით თქვენ: ვეღარ მიხილავთ ამიერიდან, სანამ არ იტყვით: კურთხეულია მომავალი უფლის სახელით!


************************************************************


Комментариев нет:

Отправить комментарий