ღმერთი

ღმერთი

четверг, 2 ноября 2017 г.

უძველესი დროის დევკაცები.

   ,,იქ ვნახეთ დევკაცები, ყანაკის ძენი, დევკაცთა 
შთამომავალნი. კალია გვეგონა ჩვენი თავი 
და ასეც ვჩანდით მათ თვალში." 

თანამედროვე ადამიანს ე.წ. დევკაცები ზღაპრებსა და თქმულებებში თუ სმენია. შესაბამისად ნაკლები სერიოზულობით ეკიდება იგი ამ საკითხს. კაცობრიობის განვლილ გზას თუ გადავხედავთ და წმიდა წერილსაც თუ მოვიშველიებთ, შევნიშნავთ დევკაცების არსებობას უძველეს დროში.

  წმიდა წერილში ნახსენები გოლიათები მითიური არსებები კი არ არიან, არამედ რეალური ადამიანები. ბიბლიაში მითითებულია ქვეყნები, სადაც ამ ტიპის დევკაცები ცხოვრობდნენ; აღწერილია მათი ფიზიკური ძალა, გარეგნობა. ისინი ყანაკის ძეებად იწოდებიან. ეს არსებები დედამიწაზე ძალაუფლებას თავიანთი დევკაცური აღნაგობითა და შესაძლებლობით ცდილობდნენ. აშკარაა, ადამიანის გაღმერთების კიდევ ერთი ფორმა( რადგან ძალაუფლებას არა ჭეშმარიტ ღმერთზე, არამედ საკუთარ ძალმოსილებასა და იარაღზე ამყარებდნენ).

მოდით, მოვისმინოთ წმიდა ნიკოლოზ სერბელის (ველიმიროვიჩი) მონათხრობი ბიბლიური ისტორიების შესახებ: ,,მისირის ქვეყნიდან გამოსული ებრაელები ავარანის უდაბნოში აღმოჩნდნენ. ხალხი წუწუნებდა და ძალზე უკმაყოფილო იყო მოსეს გადაწყვეტილებით, რომელმაც მისირის ნოყიერი მიწებიდან უდაბნოში მოიყვანა ისინი. 
 ღვთის განგებით, ხალხის დასამშვიდებლად მოსემ თორმეტი ტომიდან თორმეტი რჩეული გაგზავნა ქანაანის ქვეყნის დასათვალიერებლად. მზვერავებმა ქანაანში ორმოცი დღე დაჰყვეს. დაბრუნებულებმა თვისტომელებს ქანაანის მიწების ნოყიერებასა და სიმდიდრის შესახებ უამბეს. ამავდროულად მზვერავები იმ ქვეყანაში მცხოვრები დევკაცებით ძალზე შეშინებულები იყვნენ: ,,იქ ვნახეთ დევკაცები, ყანაკის ძენი, დევკაცთა შთამომავალნი. კალია გვევონა ჩვენი თავი და ასეც ვჩანდით მათ თვალში."(რიცხვ. 13.33). დევკაცების შესახებ ბიბლიაში სხვაგანაც ვკითხულობთ. დევკაცად მოიხსენიება ბასანის მეფე ოგ და ფილისტიმელი გოლიათი. ოგ მეფეზე წერია: ,,რადგან მხოლოდ ოგ, ბასანის მეფე იყო დარჩენილი რეფაიმთა მოდგმიდან. აჰა, მისი საწოლი, რკინის საწოლი! აჰა, აქ არის ის ყამონიანთა რაბამი: მისი სიგრძე ათი წყრთაა, სიგანე ოთხი წყრთა, მამაკაცის წყრთა"(მეორე სჯული 3.11). გამოდის, რომ მეფე ოგ ყოფილა ხუთი-ექვსი მეტრი სიმაღლით და სამი მეტრი სიგანით.
  დავითის მიერ მოკლულ ფილისტიმელ გოლიათზე ვკითხულობთ: ,,გამოვიდა ფილისტიმელთა ბანაკიდან მორკინალი კაცი, სახელად გოლიათი, გათელი. ექვსი წყრთა და ერთი მტკაველი იყო მისი სიმაღლე (ე.ი. დაახლოებით ოთხი მეტრი), თავზე სპილენძის მუზარადი ეხურა, ჯაჭვის ჯავშანი ემოსა; ჯავშნის წონა ხუთი ათასი შეკელი იყო (1 მეფ.17.4)... აი, როგორები იყვნენ უძველესი დროის დევკაცები. ყანაკის ძენი ფლობდნენ უდიდეს ძალას და შესანიშნავად იყვნენ შეიარაღებულები. მაგრამ არსადააა ნათქვამი მათი სულიერი და მორალური მხარის შესახებ. ებრაელებს დევკაცთა სახელის ხსენებაც კი ზარავდათ. როდესაც ფილისტიმელმა გოლიათმა საულის ლაშქრიდან საპაექროდ მეომრები გამოიწვია, ყველა აცახცახდა! ებრაელთა მთლიანი ჯარი ამ ერთ ადამიანს შეუშინდა და ეს შიში ორმოც დღეს გაგრძელდა! სამაგიეროდ ფიზიკური ძალა, შეიარაღება და დევკაცური აღნაგობა უძლური აღმოჩნდა ღვთის ნების წინაშე. უფლის განგებით იესეს ძემ-დავითმა ეს უკანასკნელი ფილისტიმელი გოლიათი ქვითა და შურდულით დაამარცხა. უთხრა დავითმა ფილისტიმელ დევკაცს: შენ ხმლით, შუბითა და ფარით გამოდიხარ ჩემთან; მე კი უფლის, ისრაელის ღმერთის სახელით. დღეს ჩამაგდებინებს ხელში შენ თავს უფალი, დაგამარცხებ და თავს მოგკვეთ... გაიგებს ყველა, რომ არა შუბითა და მახვილით იხსნის უფალი... სტყორცნა დავითმა შურდულიდან ქვა გოლიათს და უსულოდ დასცა მიწაზე..."* 

   ასე აღიგავნენ პირისაგან მიწისა უძლიერესი, საკუთარ ძალასა და იარაღს მინდობილი დევკაცები. მათ არ გააჩნდათ სულიერი ენერგია, ჭეშმარიტი რწმენა, რომელიც მუდამ მეფობდა და მეფობს დედამიწაზე. სწორედ იმიტომ დამარცხდნენ უფლის ნების წინაშე, იმიტომ დაიღუპა და გაქრა მათი მოდგმა დედამიწაზე-ასე მოგვითხრობს წმიდა წერილი.

   ჩანს, ისტორია მეორდება. დღესაც იარაღდებიან თანამედროვე ადამიანები, დღესაც ეთაყვანებიან და განადიდებენ თავიანთ სხეულს, ფულსა და ძალაუფლებას. სწორედ იმ ზემოაღნიშნულ ,,ღმერთებზე" ამყარებენ იმედს. ამ ტიპის ადამიანთა ძირითადი ფასეულობა არა სიამრთლე, ჭეშმარიტება, ერთგულება და მადლიერებაა, არამედ - ტყუილი, შპიონაჯი, ე.წ. საიდუმლო საზოგადოებანი. ყოველივე ზემოჩამოთვლილთ ისინი ძალაუფლებისკენ სწრაფვით, დისციპლინით, ტოტალური კონტროლით ახორციელებენ.


   * - Свят. Николай (С . Велиирович)     Беседы    გვ. 238


xareba.net

Комментариев нет:

Отправить комментарий