ღმერთი

ღმერთი

воскресенье, 29 декабря 2013 г.

ალექსანდრე ბასილაია - მერე


**



ალექსანდრე ბასილაია - გზა დაგვილოცე






ზღაპარი სიყვარულისა...




ჩემი ოცნების ცაზე დაფრინავ.

ჩამოთოვა ისევ - მამუკა ჩარკვიანი




"მე დღეს წვიმამ დამაღონა..."






სნოუდენი: ძალიან მალე ადამიანები დაივიწყებენ პირად ცხოვრებას.



2013 წ. 26 დეკემბერი

აშშ-ს ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს ყოფილი თანამშღომელი ედვარდ სნოუდენი პირველად გამოვიდა ტელევიზიით და ბრიტანელებს შობა მიულოცა. მაგრამ, ამავე დროს გააფრთხილა ტოტალური თვალთვალის საშიშროებაზეც. სნოუდენის გამოსვლა 25 დეკემბერს გაერთიანებული სამეფოს ტელეარხმა, Channel 4-მა აჩვენა.

მიმართვაში, რომელიც წინდაწინვე იყო ჩაწერილი რუსეთში (ცნობილია, რომ სნოუდენმა თავშესაფარი რუსეთში ჰპოვა - რედ.) ამერიკელი ტელეჟურნალისტის ლორა პოიტრასის მონაწილეობით, სნოუდენმა ყველას შეახსენა იმის შესახებ თუ რას წერდა ცნობილი ინგლისელი მწერალ-ფანტასტ ჯორჯ ორუელი თავის სახელგანთქმულ რომანში "1984". ჯორჯ ორუელი თავისი რომანით ყველას აფრთხილებდა, რომ დადგებოდა დრო, როდესაც მოქალაქეთა კერძო ცხოვრებაზე ტოტალური თვალთვალი დაიწყებოდა. "მიკროფონები, ვიდეოკამერები, ასევე ტელევიზორები, რომლებსაც ჩვენი თვალთვალისთვის იყენებენ, არაფერია იმასთან შედარებით, რაც დღეისთვის გაგვაჩნია", - განაცხადა გაქცეულმა აგენტმა.

სნოუდენის თქმით ჩვენ ჯიბეებში გვიდევს გადამცემები, რომელთა მიხედვითაც აკვირდებიან ჩვენს გადაადგილებებს. "დაფიქრდით იმაზე, რას ნიშნავს ეს საშუალოსტატისტიკური ადამიანის კერძო ცხოვრებისთვის", - თქვა სნოუდენმა. ცსს-ს ექს-თანამშრომელი მიიჩნევს, რომ ბავშვები, რომლებიც ჩვენს დროს იბადებიან, ისე გაიზრდებიან, რომ წარმოდგენაც კი არ ექნებათ პირადი ცხოვრების საიდუმლოებებზე. "მათ არასოდეს ეცოდინებათ, რას ნიშნავს გქონდეს უფლება პირად ცხოვრებაზე, რომელიც არსად ფიქსირება და არსად ანალიზდება", - თქვა ამერიკელმა.

წყარო: vesti.ru


http://www.apocalypse.ge/sxv_snoudenI_dzalian_male_adamianebi_daivicyeben_piradi_cxovrebis_uflebas_2013.html


სვინდისის სიმღერა.

არ ვიცი, საით წავიდე,
ვის ვუთხრა ჩემი წვალება,
ცეცხლში დამწვარი სვინდისი
ნეტავ ვის შაებრალება?!

რა დავაშავე, უფალო,
რომ კაცს ამკიდე ბარგადა
და დაჟინებით ჩურჩული
ჩემი გულს დასდევ ხარკადა.

კაცი იტანჯვის, ვერ მთავსობს,
ცდილობს, გამაგდოს ჩქარაო…
მაგრამ უჩემოდ სახელი
ბევრმა კი გაიშავაო.

არ დავეხსნები კაცის გულს,
ეს მიწყივ ჩემი ვალია,
სუყველას გამოვამჟღავნებ,
რაც კაცის გულში ბრალია.

ერთსა მოხელეს ვესტუმრე,
მექრთამეს, ქვეყნის მცრცველსაო,
მითხრა: „სად მოხვალ, მურდალო,
არა მცალია დღესაო!… “

მე ვუპასუხე: „გაჩუმდი,
გრცხვენოდეს საწყლის ღლეტაო,
ულუკმაპუროდ გასწირე
ოთხის წვრილშვილის დედაო!“

ადგა, წამიგდო წიხლს ქვეშა,
ჩამარტყა ზედიზედაო:
„ჩემთან მაგგვარად საუბარს,
შე წუწკო, როგორ ჰბედაო?!“

რამდენს სხვას ვუთხარ, ვინ მოსთვლის:
„როგორ გაჰყიდეთ დედაო!..“
სუყველამ წიხლით გამთელა:
„მაგას როგორა ჰბედაო?!“

გთხოვ, მამაშორო ქვეყანას,
შენ უპატრონო, ზეცაო!

1886


ვაჟა-ფშაველა


გული სძგერს, გონება ტირის

(სიმღერა)

გული სძგერს, გონება ტირის,
ორივეს წყლული ერთია,
ორივე მოსთქვამს ერთხმადა:
“სადა, სად არის ღმერთია?”

სურვილო დიდის ხნისაო,
ტანჯვაში დამიბერდია,
რა ცუდ დროს გავჩნდით, საწყლები,
რა ცუდი დაგვყვა ბედია!

შენის გულისთვის ვიწვალე,
რამდენი დავიყბედია;
შენც ლაფში გხედავ ამოსვრილს,
მეც თავში მხვდება კეტია.

უსახსრო, ძალ-დალეულნი
ხატ-ღმერთზე-ღა ვყრით ღონესა,
ისინიც ყურს იყრუებენ,
ჭირი არ მოგვიფონესა.

გული სძგერს, გონება ტირის,
ცისკენვე რჩებათ თვალია.
როდი შეიგნეს საწყლებმა, –
ცას მათთვის არა სცალია.
იმასვე უნდა გადახდა,
ვინაც აიღო ვალია…

უსახსროობით ურჩობენ,
ორივეს წყლული ერთია, –
ორივე მოსთქვამს ერთხმადა:
“სადა, სად არის ღმერთია?”

1908 წ.

ვაჟა-ფშაველა




მათრია წუთისოფელმა.

(სიმღერა)

მათრია წუთისოფელმა
და მომათრია დღემდისა,
ნასვამი შხამი, ნაღველი
დღეს, ვხედავ, ტკბება ჩემთვისა.
მზედ იქცა გულში მთრთოლარე
იმედი, ოდნავ მბჟუტავი;
კვდება, სულსა ჰლევს ვეშაპი,
ქვეყნისთვის სისხლის მსუტავი.
ფრთები შეისხა ოცნებამ,
მტკივანი წელი მირჩება,
თითოს წელს ათასად ჩავთვლი,
რაც წარსულს გადამირჩება.
ამიერიდან ჭაღარაც
შავ-ფერად გარდაიქმნება.
მირჩება გულის წყლულები,
რჩება სნეული ოცნება:
ტყდება მონობის ბორკილი,
დღესასწაულობს გონება.
ღმერთმა უშველოს იმათა,
ვინც მიექიმა, მიწამლა!
ჩემ სარგოდ სისხლი დაღვარა
იმათ მხნე გულის ფიცარმა.
განა იმათი მკლავები
უნდა შაჭამოს მიწამა?!
განა მარტო მე? ბევრ სხვასა –
ტანჯულს, დაჩაგრულს, მონასა,
ვინაც შიშველი ზურგითა
ჰზიდავდა ეკლის კონასა,
დაადვეს წყლულზე მალამო, –
ეშველოს იმათ ბრძოლასა!
კარგების წესი ყოფილა,
დღესაც ისევე ესია:
აბედნიერებს ქვეყანას,
რაც იმათ დაუთესია!
ვაშა მათ მოღვაწეობას,
ვაშა მათ ამაყს დროშასა!
ნეტარხსენება ჩვენ მიერ
მათ სისხლით მორწყულს შრომასა!

1905 წ.

ვაჟა-ფშაველა




სიცოცხლემ შხამი მასმია.

(სიმღერა)

სიცოცხლემ შხამი მასმია,
მე კახურ ღვინოდ შავირგე:
შავსვი და არც მოვერიდე,
თუმც მის სიმწარე გავიგე.
ვიცოდი, ეს იქნებოდა:
ეკლის ლოგინიც დავიგე.
ვწევარ და მძინავ ტკბილადა
აი, ბიჭობაც ეს არი!
მაღლიდან შავი ღრუბელი
თავს დამწოლია მჭეხარი.
რაცა სწადიან, ისა ქმნას,
მესროლოს მეხი მედგარი.
მე ვარ და არ შავუდრკები,
გაკაჟებული მხედარი.
ჯერ ასე ყოფნა ვარჩიე,
ნუკი გგონივართ ცხედარი.
გულში ცოცხალი გრძნობა მაქვს,
მოუსვენარი, მყეფარი.
ჩემს თვალებს ვეღარ აშინებს
ცრემლი და სისხლი მჩქეფარი,
არც საკუთარი, არც სხვისა,
ჩვენი ტყე-ველის მღებარი.

1903 წ.

ვაჟა-ფშაველა





მოგენდო, ისიც მაშინებს.

(სიმღერა)

(ვუძღვნი ძმა-მეგობარს)

მოგენდო, ისიც მაშინებს,
და არ მოგენდო, ისიცა.
რაღა ვქნა, რით მოგიარო,
შენ, გამტეხელო ფიცისა?
უერთმანერთოდ არ ვვარგვართ,
ეს ქვამ და ხემაც იცისა.

ვფრთხილობ, ათასჯერ ნაწვნევი
შენის ხრიკის და ქლინძისა.
თქმულია: არ შაჰრჩენია
ცას ვალი დედამიწისა.

არც შენ შაგრჩება: გავიგე,
როგორი ძმაცა მყოლიხარ!
ნარსა ჰგლეჯ ჩემის ხელითა,
შენ კი გვერდზედა სწოლილხარ.
ვსპობ შენთან ძმობის კავშირსა,
ვითომ სულ არა მყოლიხარ.

ტანით პერანგი გამხადე
და ფეხებიდან ქალმები.
მე თუ გულს მილბობ “ძმობითა”,
ღმერთს საით დაემალები?
ვინაც ჩვენგანი ორპირობს,
ჰრისხავდეს ცათა ძალები!
ვაჰ, რომ არ მოვლენ მოწმადა
მამა-პაპათა ძვალები!
თორემ იტყოდენ, შენს ხელში
რამდნად ვარ შესაბრალები.
ვინ მისცა თათრებს ფეშქაშად
ჩემი დროშა და ალმები?
დამიბრუნებს-ღა დანაკარგს
შენი ლაქუცი, სალმები?

1909 წ.

ვაჟა-ფშაველა





ცხოვრებამ არ შამიბრალა.

(სიმღერა)

ცხოვრებამ არ შამიბრალა,
გულზე ისარი დამასო,
თან იმას მეუბნებოდა:
“უნდა დაგამხო, დაგავსო!”
ხალხიც მას ჩასჩურჩულებდა:
“ბოროტს ფიქრებსა ჰმალავსო…
დაჰკარი ნუ შეიწყალებ
ქვეყნის სიკეთის მპარავსო!”
იმას აღარვინ ფიქრობდა,
თუ მეც რამ ძალა მფარავსო:
წყლული მზედ გამომესახა,
შუქით ხმელეთი აავსო…
არ ჰქონდა რიდი და ხათრი,
ვეგულებოდი კენტადა
და მიტომ ხმალიც მიქნია
მოსაკლავ-გასაკვეთადა.
დაკრული სარგოდ მომიხდა,
თუმც სამავნებლოს ეცადა.
რამდენიც დამკრა, იმდენი
მე ავიწიე ზეცადა.
ადამიანად ვისახვი,
მგმობლები დარჩნენ მხეცადა.
და დავდეგ ცა-ქვეყნის შუა
ქედ-მოუდრეკელ სვეტადა.
მორჩა, ვეღარვინ შემმუსრავს,
რაც უნდ ეცადოს მეტადა.
და თუნდა მთელი ქვეყანა
დამატყდეს ურო-ხვედადა,
წარბ-შეუხრელად ვყუდივარ
ჩემთა წადილთა ბედადა.
კარგების სალოცავი ვარ,
მსახვენ მეორე ღმერთადა;
ოღონდ მე ვყვანდე ცოცხალი,
თავს დაიხოცენ ერთადა.
ამოვშხამდები, თუ ვინმე
მინდომებს დასაკვნეტადა!..

14 იანვარი, 1904 წ.

ვაჟა-ფშაველა